უსისხლო ქირურგიასთან დაკავშირებული სიმპოზიუმი მოსკოვში
„სისხლის გადასხმის ალტერნატივები ქირურგიაში“ — ასე ეწოდებოდა 1998 წლის 6 ოქტომბერს მოსკოვში ჩატარებულ საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციას. ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტში ამ სიმპოზიუმს 800-ზე მეტი ექიმი ესწრებოდა. სიმპოზიუმი სრულიად რუსეთის ანესთეზიოლოგებისა და რეანიმატოლოგების მეექვსე ყრილობაზე ჩატარდა.
აკადემიკოსი ანდრეი ვორობიოვი, რუსეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის მთავარი ჰემატოლოგი, მიესალმა ყველა ექიმს „სიმპოზიუმზე, რომელიც სისხლის გადასხმის ალტერნატივების პოვნას მიეძღვნა“.
ამ კონფერენციის მნიშვნელოვნების მიზეზის აღნიშვნისას ვორობიოვმა ჩამოთვალა „სისხლის გადასხმით გამოწვეული მძიმე დაავადებები“. მან აღნიშნა, რომ სისხლის გადასხმის შედეგად ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა უმეტესობა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: შეერთებული შტატები, იაპონია და გერმანია, შიდს-ით დაავადდა. სისხლის გადასხმის შედეგად ჰეპატიტის გავრცელების შესახებ სტატისტიკური მონაცემების მოყვანის შემდეგ კი მან გულისტკივილით აღნიშნა: „სტატისტიკური მონაცემები ჩვენს გაოცებას იწვევს. ჰემოფილიით დაავადებული თითქმის ყველა პაციენტი ჰეპატიტით არის დაინფიცირებული“.
ვორობიოვმა თქვა, რომ სამედიცინო წრეებში გავრცელებული თვალსაზრისი — თუ ადამიანი „კარგავს ლიტრ სისხლს, საჭიროა ლიტრი სისხლის გადასხმა“ — „არასწორია!“ შესავალი სიტყვების დასასრულს კი აღნიშნა: „ჩვენ ადრე მხარს ვუჭერდით სისხლის გადსხმას, მაგრამ ახლა ყველამ ერთად უნდა ამოვძირკვოთ ეს მოძველებული შეხედულებები“.
პროგრამაში რუსეთის ბევრი მედიცინის მუშაკი მონაწილეობდა, მაგრამ სიტყვით უცხოელი სპეციალისტებიც გამოვიდნენ: საფრანგეთიდან, შვედეთიდან, ბელგიიდან და შეერთებული შტატებიდან. ორგანიზმის მიერ სისხლის დანაკარგის ამნაზღაურებელი ალტერნატიული საშუალებების დახვეწის გარდა, ექიმებმა ილაპარაკეს სისხლის გადასხმასთან დაკავშირებულ საშიშროებებზე, რომელთა შორის იმუნური რეაქციების შესუსტების რისკიც მოიხსენიეს.
სატელევიზიო რეპორტაჟი
რუსეთის ცენტრალურმა ტელევიზიამ, რომელსაც 235 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს, ამ კონფერნციის შესახებ შესანიშნავი გადაცემა მოამზადა. გადაცემის წამყვანმა ელენა მალიშევამ აღნიშნა: „მოსკოვში თავი მოიყარეს საერთაშორისო მასშტაბით ცნობილმა ქირურგებმა, ანესთეზიოლოგებმა და ჰემატოლოგებმა, რათა პასუხი გაეცათ კითხვაზე: შეიძლება თუ არა ქირურგიული ოპერაციის უსისხლოდ გაკეთება? “.
ქალბატონი ელენა ტელემაყურებლებს იმ დაავადებების შესახებ ელაპარაკა, რომლებიც შეიძლება სისხლის გადასხმით გადაეცეს და აღნიშნა, რომ „ექიმები ამის არიდების საშუალებას ეძებენ და იპოვეს კიდეც ის. საშუალებას, რომელსაც ისინი იყენებენ უსისხლო ქირურგია ეწოდა. ნებისმიერ პიროვნებას, ვინც ქირურგიული ოპერაციის გაკეთებას აპირებს, შეუძლია თავის ექიმს უსისხლო ქირურგიის მეთოდებზე ესაუბროს“.
ტელევიზიით გამოსვლისას ანდრეი ვორობიოვმა აღნიშნა: „დონორის სისხლი შეიცავს პროტეინებს, რომლებიც უცხოა პაციენტის სხეულისთვის და შეიძლება ისეთი რეაქცია გამოიწვიოს, რომლის წინასწარ განჭვრეტა და არიდება შეუძლებელია. გარდა ამისა, ჩვენი გულმოდგინედ მცდელობის მიუხედავად, დონორმა შეიძლება პაციენტი დააინფიციროს ვირუსით, რომელიც მას აქვს, მაგრამ რომლის აღმოჩენაც ჩვენ არ შეგვიძლია“. ბოლოს კი შემდეგი დასკვნა გააკეთა: „საჭიროა შევამციროთ პაციენტისთვის დონორის სისხლის გადასხმა“.
სატელევიზიო პროგრამაში გამოვიდა ჟან-ფრანსუა ბარონი, ბრიუსის (საფრანგეთი, პარიზი) ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის კლინიკის ხელმძღვანელი. მან აღნიშნა: „ჩემს ინსტიტუტში მივიღეთ სპეციალური სითხეები, რომლებსაც ჟანგბადის ტრანსპორტირების უნარი აქვს. ამ სითხეებს სისხლისთვის დამახასიათებელი თვისებები აქვს, მაგრამ არ შეიცავს სისხლის პროტეინებს [რომელთა საშუალებითაც ხდება დაავადებების გადადება]. ახლო მომავალში — იწინასწარმეტყველა მან — ამ სითხეებს ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოიყენებენ“.
ამან პროგრამის წამყვანი აღძრა ელაპარაკა რუს პროფესორ ფელიქს ფ. ბელოიარცევზე, რომელმაც დაახლოებით 20 წლის წინათ სისხლის შემცვლელად მიიღო სითხე, რომელსაც ჟანგბადის ტრანსპორტირების უნარი ჰქონდა. მან აღნიშნა, რომ თავის დროზე სამედიცინო საზოგადოებამ არ მიიღო ბელოიარცევის აღმოჩენა, ხოლო პროფესორმა „თავი მოიკლა, ვინაიდან თავისი აღმოჩენის გამო გამუდმებით დევნიდნენ“.
რეპორტაჟი სამედიცინო გაზეთიდან
ეს სიმპოზიუმი გაშუქებული იყო აგრეთვე სამედიცინო გაზეთ „მედიცინსკაია გაზეტაში“. „სიმპოზიუმის მთავარი აზრის ფორმულირება — აღნიშნავდა გაზეთი — შემდეგნაირად შეიძლება: ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ამის საშუალება არსებობს, აუცილებელია სისხლის გადასხმის ალტერნატივების გამოყენება, ხოლო ტრანსფუზია მხოლოდ თითოეული ავადმყოფისთვის რისკისა და სასიცოცხლო ჩვენების გულმოდგინედ აწონ-დაწონის შემდეგ უნდა დაინიშნოს“.
გაზეთი იმასაც აღნიშნავდა, რომ ზოგი ექიმი არ იყო თანახმა, დაჰყოლოდა პაციენტის მოთხოვნას, არ გადაესხათ მისთვის სისხლი. მაგალითად იეჰოვას მოწმეები ბიბლიური მითითების: „თავი შეიკავეთ სისხლისგან“ თანახმად, სისხლის გადასხმაზე უარს ამბობენ (საქმეები 15:28, 29). ამ საკითხთან დაკავშირებით საფრანგეთის სამთავრობო საბჭოს საპატიო წევრმა, პროფესორმა მიშელ დე გილენშმიდტმა აღნიშნა:
„ჩვენ მადლიერება უნდა გამოვთქვათ იეჰოვას მოწმეთა ეკლესიის მიმართ, რადგან ამ საკითხის წამოჭრით მან არა მარტო თავის უფლებებზე გაამახვილა ყურადღება, არამედ ყველა სამედიცინო გაერთიანებას შეუწყო ხელი სისხლის გადასხმის საშიშროების გაგებაში. ეს კი თავის მხრივ, მეცნიერულ კვლევა-ძიებას აღვივებს, რათა უსისხლო ქირურგიის მეთოდები უფრო და უფრო დაიხვეწოს“.
„მედიცინსკაია გაზეტას“ ერთ-ერთი სტატია შემდეგი სიტყვებით იწყებოდა: „ამბობენ, რომ სისხლის გადასხმა დაქორწინებას ჰგავს: ვერავინ იტყვის, რა მოჰყვება მას“. იმის აღნიშვნის შემდეგ, რომ „ადამიანის სისხლი თითების ანაბეჭდის მსგავსია, რომ არ არსებობს სისხლის ორი ისეთი ტიპი, რომლებიც აბსოლუტურად ერთნაირია“, გაზეთი სვამს კითხვას: „არსებობს იმის სრული გარანტია, რომ ტრანსფუზიის შედეგად პაციენტის დაინფიცირება არ მოხდება?“ პასუხი იქვეა მოცემული: „იმ ქვეყნებშიც კი, სადაც მედიცინაში საოცარ წარმატებებს მიაღწიეს, არ არსებობს სისხლის პროდუქტებზე კონტროლის ეფექტური სისტემა“.
„ამგვარად, გადაჭედილი აუდიტორიისა და წამოჭრილი პრობლემისადმი დელეგატების აშკარა ინტერესის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ — ნათქვამი იყო სტატიის დასასრულს — ექიმთა აზროვნებაში ცვლილებები იწყება“.
მომსახურების შეთავაზება
საკონფერენციო დარბაზის გარეთ იეჰოვას მოწმეებმა მოაწყვეს სტენდი და ექიმებს სამედიცინო ჟურნალებიდან ამოკრეფილი ისეთი სტატიების შეკვრებს სთავაზობდნენ, რომლებშიც სისხლის დაკარგვის შემთხვევაში მკურნალობის ალტერნატიული მეთოდები იყო მოცემული. ასობით ექიმი სიამოვნებით იღებდა ამ შეკვრებს.
ნათელია, რომ საქმეში ჩახედული პროფესიონალი მედიკოსები ცდილობენ, რაც შეიძლება შეზღუდონ მედიცინაში სისხლის გამოყენება.
[სურათები 18 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეებმა ასობით ექიმს სისხლთან დაკავშირებით უახლესი კვლევა-ძიების შედეგების შემცველი სტატიები შესთავაზეს.