-
რუსეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
-
-
პიონერების მომზადება
რუსეთში რამდენიმე წელია, რაც პიონერული მსახურების სკოლა ტარდება. თითოეულ კლასში 20-30 პიონერია და მათ შორს წასვლა არ უწევთ. მაგრამ ასე არ იყო, როცა რუსეთში პირველი სკოლა ჩატარდა. რომან სკიბა იხსენებს: „ყველაზე კარგად 1996 წელს ეკატერინბურგში ჩატარებული პიონერული მსახურების სკოლა დამამახსოვრდა. მას 40-ზე მეტი და-ძმა ესწრებოდა. სკოლას რომ დასწრებოდნენ, ბევრს ასობით კილომეტრი, ზოგს კი ათასი კილომეტრი უნდა გაევლო“.
სვეტლანა 1997 წლიდან სრული დროით პიონერად მსახურობს ჟესტების ენაზე. 2000 წლის იანვარში ის დაესწრო ჟესტების ენაზე ჩატარებულ პიონერული მსახურების სკოლას. სვეტლანა გვიზიარებს, რომ სკოლა დაეხმარა, დახელოვნებულიყო მსახურებაში და მიმხვდარიყო, რას ნიშნავს ქრისტიანობა ოჯახსა და კრებაში. ის ამბობს: „უფრო მეტად შემიყვარდა სხვები. ასევე მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია და-ძმებთან თანამშრომლობა და დღეს უფრო ადვილად ვიღებ რჩევებს. მას შემდეგ, რაც სწავლებისას თვალსაჩინო მაგალითების გამოყენება დავიწყე, ჩემი ბიბლიის შესწავლების ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა“.
ალიონა პიონერად მსახურობს ხაბაროვსკში და ყრუ-მუნჯებს ჭეშმარიტების გაგებაში ეხმარება. ამ საქმეში დახელოვნების მიზნით, ალიონას სურდა ჟესტების ენაზე გაევლო პიონერული მსახურების სკოლა. რა სირთულეების გადალახვა მოუწია მას? ის ამბობს: „ჟესტების ენაზე პიონერული სკოლა ყველაზე ახლოს მოსკოვში ტარდებოდა, რომელიც ხაბაროვსკიდან 9 000 კილომეტრითაა დაშორებული. მოსკოვამდე რვა დღე ვიმგზავრე მატარებლით და იმდენივე უკან დასაბრუნებლად“. მაგრამ ალიონას ერთი წუთითაც არ უნანია!
ჟესტების ენაზე ჩატარებული სკოლების გარდა 1996—2006 წლებში რუსეთში პიონერული მსახურების ასობით სკოლა ჩატარდა. პიონერების მომზადებამ დიდი გავლენა მოახდინა სამქადაგებლო საქმიანობის წინსვლასა და კრებების სულიერ კეთილდღეობაზე. მარჩინი, რომელიც ამჟამად სარაიონო ზედამხედველად მსახურობს, იხსენებს: «1995 წელს სპეციალურ პიონერად დავინიშნე კუნცევოს კრებაში (მოსკოვი). პირველად საჯარო მოხსენებასა და „საგუშაგო კოშკის“ შესწავლაზე რომ მივედი, მეგონა, კონგრესი ტარდებოდა. დარბაზში დაახლოებით 400 ადამიანი იყო. იმ პერიოდში კრებაში 300 მაუწყებელი იყო. ათ წელზე ნაკლები გავიდა და ამ კრებისგან ათი ახალი კრება ჩამოყალიბდა.
1996—1997 წლებში სარაიონო მსახურების დროს ჩემს რაიონში არაჩვეულებრივი ზრდის თვითმხილველი გავხდი. ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ ვოლჟსკში მოვინახულე ერთი კრება და, როცა ექვსი თვის შემდეგ კვლავ ჩავედი იქ, კრებაში 75 ახალი მაუწყებელი იყო. თითქოს ახალ კრებაში მოვხვდი! ენით ვერ აღვწერ იმ ენთუზიაზმსა და გულმოდგინებას, რასაც ეს ახალი მაუწყებლები ავლენდნენ. მსახურების შეხვედრებს, რომლებიც მაღალსართულიან კორპუსში ტარდებოდა, რეგულარულად ესწრებოდა 80-მდე ადამიანი. ბევრი სადარბაზოში იდგა, რადგან ბინაში ადგილი აღარ იყო».
-
-
რუსეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
-
-
[სურათი 243 გვერდზე]
პიონერული მსახურების პირველი სკოლა, 1996 წლის ივნისი, სანკტ-პეტერბურგი
-