საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • შეუდარებელი ძღვენი
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2017 | No. 2
    • ხანდაზმული მამაკაცი პატარა ბიჭუნას გემის ფორმის სათლელს ჩუქნის

      მთავარი თემა | შეუდარებელი ძღვენი ღვთისგან

      შეუდარებელი ძღვენი

      გემის ფორმის სათლელი არაფრით გამორჩეული, ერთი ჩვეულებრივი ნივთია, თუმცა ჯორდანისთვის ის ძალიან ძვირფასია. „ეს სათლელი ბავშვობაში ჩვენი ოჯახის ერთმა ხანდაზმულმა მეგობარმა რასელმა მაჩუქა“, — იხსენებს ჯორდანი. რასელის დაღუპვის შემდეგ მან გაიგო, რომ ის მთელი ცხოვრების მანძილზე მხარში ედგა პაპამისს და ყველაზე რთულ პერიოდშიც კი გვერდიდან არ მოშორებია მის მშობლებს. „როცა ამის შესახებ გავიგე, — ამბობს ჯორდანი. — ეს პატარა საჩუქარი გაცილებით ძვირფასი გახდა ჩემთვის“.

      ამ შემთხვევიდან გამოჩნდა, რომ საჩუქარი შეიძლება ზოგისთვის დიდს არაფერს წარმოადგენდეს, თუმცა მადლიერი ადამიანისთვის შესაძლოა განსაკუთრებული და ფასდაუდებელიც კი იყოს. ბიბლია საუბრობს ღვთის შეუფასებელ ძღვენზე: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16).

      ის, ვინც ამ ძღვენს დააფასებს, ჯილდოდ მარადიულ სიცოცხლეს მიიღებს! განა შეიძლება არსებობდეს რაიმე ამაზე უკეთესი?! მართალია, ზოგი სათანადოდ ვერ აფასებს ამ საჩუქარს, მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის ის ძალიან ძვირფასია (ფსალმუნი 49:8; 1 პეტრე 1:18, 19). რატომ გაიღო ღმერთმა საკუთარი ძის სიცოცხლე კაცობრიობისთვის?

      ამ კითხვაზე პავლე მოციქული გვპასუხობს: „ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე“ (რომაელები 5:12). პირველი მამაკაცი ადამი განზრახ ეურჩა ღმერთს და სიკვდილი დაიმსახურა. სწორედ ამიტომ კვდება ადამის ყველა შთამომავალი.

      „ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ძღვენი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს — მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით“ (რომაელები 6:23). ამ სასჯელისგან ადამიანთა მოდგმა რომ გაეთავისუფლებინა, ღმერთმა თავისი ძე იესო ქრისტე გამოგზავნა დედამიწაზე, რათა მას სრულყოფილი სიცოცხლე მსხვერპლად გაეღო ჩვენთვის. ამ მსხვერპლის, იგივე „გამოსასყიდის“, საფუძველზე ყველა, ვინც რწმენას ავლენს იესოსადმი, ჯილდოდ მარადიულ სიცოცხლეს მიიღებს (რომაელები 3:24).

      არაერთი კურთხევისთვის, რასაც ღმერთი თავის თაყვანისმცემლებს იესო ქრისტეს მეშვეობით აძლევს, პავლე მოციქული მადლიერებას ასე გამოხატავს: „მადლობა ღმერთს ენით აუწერელი უსასყიდლო ძღვნისთვის“ (2 კორინთელები 9:15). შეუძლებელია სიტყვებით გადმოიცეს, რაოდენ შეუდარებელია ეს გამოსასყიდი. რატომ არის ის ასეთი განსაკუთრებული იმ უამრავ ძღვენს შორის, რომლებიც ღმერთმა ადამიანებს უბოძა?a როგორ შეგვიძლია მადლიერება გამოვავლინოთ ამ ძღვნისთვის? მომდევნო ორი სტატია სწორედ ამ კითხვებზე გასცემს პასუხს.

      a იესომ საკუთარი ნებით გაწირა „თავისი სული . . . ჩვენთვის“ (1 იოანე 3:16). ვინაიდან გამოსასყიდი ღვთის განზრახვის ნაწილი იყო, ამ და მომდევნო სტატიებში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ იზრუნა ღმერთმა ჩვენს ხსნაზე.

  • რატომ არის ღვთის ძღვენი ფასდაუდებელი?
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2017 | No. 2
    • მთავარი თემა | შეუდარებელი ძღვენი ღვთისგან

      რატომ არის ღვთის ძღვენი ფასდაუდებელი?

      რა ხდის საჩუქარს ნამდვილად ღირებულს? ალბათ, ოთხი რამ: 1) ვისგან მივიღეთ, 2) რა მოტივით გვაჩუქეს, 3) რა ფასად დაუჯდა და 4) იყო თუ არა ზუსტად ის, რაც გვჭირდებოდა. მოდი, დავფიქრდეთ ამ ოთხ მხარეზე, რაც დაგვეხმარება, მადლიერება გავიღრმაოთ ღვთისგან ბოძებული ძღვნისთვის — გამოსასყიდისთვის.

      ვისგან მივიღეთ

      იეჰოვას ტახტი

      ზოგი საჩუქარი ჩვენთვის ძვირფასი იმიტომაა, რომ უფლებამოსილმა პირმა ან ისეთმა ადამიანმა გვაჩუქა, ვისაც დიდ პატივს ვცემთ; ზოგი კი იმიტომ, რომ ოჯახის წევრმა ან ახლო მეგობარმა გვაჩუქა, თუმცა ის შეიძლება სულაც არ იყოს ძვირადღირებული. ასე იყო ჯორდანის შემთხვევაშიც, რომელიც წინა სტატიაში მოვიხსენიეთ. რის თქმა შეიძლება გამოსასყიდზე?

      ბიბლიაში ნათქვამია: „ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა ქვეყნიერებაში, რათა მისი მეშვეობით მიგვეღო სიცოცხლე“ (1 იოანე 4:9). ამ სიტყვებიდან კარგად ჩანს, რატომაა გამოსასყიდი ასეთი ძვირფასი. არავის აქვს ისეთი ძალაუფლება, როგორიც ღმერთს. ერთმა ფსალმუნმომღერალმა მასზე თქვა: „შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!“ (ფსალმუნი 83:18). ჩვენ საჩუქარი თვით სამყაროს უზენაესი მმართველისგან მივიღეთ!

      გარდა ამისა, ბიბლია ღმერთს ჩვენს მამას უწოდებს, რადგან სიცოცხლე გვიბოძა (ესაია 63:16). მოსიყვარულე მამის მსგავსად, ის ერთგულია და სათუთად ზრუნავს ჩვენზე, თავის შვილებზე. ღმერთმა ისრაელის ერთ-ერთ ტომს, ეფრემს, ასეთი სიტყვებით მიმართა: „განა ჩემი ძვირფასი ძე და ნალოლიავები შვილი არ არის ეფრემი? ! . შიგნეული შემეძრა მის გამო. უეჭველად შევიბრალებ მას“ (იერემია 31:20). ღმერთი დღესაც იმავეს გრძნობს თავისი თაყვანისმცემლების მიმართ. ის მხოლოდ ყოვლისშემძლე შემოქმედი კი არა, ჩვენი მამა და მეგობარიცაა. აქედან გამომდინარე, მისგან ნაბოძებ ნებისმიერ ძღვენს განსაკუთრებული ფასი უნდა ჰქონდეს ჩვენთვის!

      რა მოტივით გვაჩუქეს

      იესო ქრისტე

      ზოგი საჩუქარი განსაკუთრებული იმიტომ არის, რომ სიყვარულითაა გაღებული და არა მოვალეობის გამო. დიახ, ის, ვინც უანგაროდ გასცემს, სანაცვლოს არ ელის.

      ღმერთი სწორედ სიყვარულმა აღძრა, ჩვენთვის თავისი ძის სიცოცხლე გაეღო მსხვერპლად. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ღვთის სიყვარული ჩვენდამი იმით გახდა ცხადი, რომ ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა“. იქვე ნათქვამია, თუ რატომ გააკეთა ეს ღმერთმა: „რათა მისი მეშვეობით მიგვეღო სიცოცხლე“ (1 იოანე 4:9). ვალდებული იყო ღმერთი, ასე მოქცეულიყო? სრულებითაც არა! „ქრისტე იესოს მიერ გადახდილი გამოსასყიდი“ ღვთის წყალობაზე მეტყველებს (რომაელები 3:24).

      რატომ არის ეს ძღვენი ღვთის წყალობა? ბიბლია ამბობს: „ღმერთი კი თავის სიყვარულს იმით გვიჩვენებს, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“ (რომაელები 5:8). სწორედ უანგარო სიყვარულმა აღძრა ღმერთი, რომ ცოდვილთა და უიმედო მდგომარეობაში მყოფთა სასიკეთოდ ემოქმედა. ჩვენ არ დაგვიმსახურებია ასეთი სიყვარული, ამიტომ ვერასდროს გადავუხდით ღმერთს სანაცვლოს. გამოსასყიდი უდიდესი სიყვარულის მაჩვენებელია, სიყვარულისა, რომლის მსგავსიც კაცობრიობის ისტორიის მანძილზე არავის გამოუვლენია!

      რა ფასად დაუჯდა

      იესო ქრისტე წამების ბოძზე

      ზოგი საჩუქარი იმიტომაა ძვირფასი, რომ ამისთვის დიდი მსხვერპლი იქნა გაღებული. როცა ვინმე იმას გვიზიარებს, რაც მისთვის ძალიან ძვირფასია, ეს საჩუქარი ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

      ღმერთმა ადამიანებისთვის ყველაზე ძვირფასი, „თავისი მხოლოდშობილი ძე“, გაიღო მსხვერპლად (იოანე 3:16). როცა ღმერთი სამყაროს ქმნიდა, იესო, რომელიც „ყოველთვის განსაკუთრებით“ უყვარდა, მის გვერდით იყო (იგავები 8:30). ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ იესო ღვთის „საყვარელი ძე“ და „უხილავი ღვთის ანარეკლია“ (კოლოსელები 1:13—15). ჩვენთვის ძნელი წარმოსადგენია, რაოდენ ახლო ურთიერთობა აქვთ მამას და ძეს.

      დიახ, ღმერთმა „საკუთარი ძე გაიმეტა“ (რომაელები 8:32). იეჰოვამ მსხვერპლად ყველაზე ძვირფასი გაიღო ჩვენთვის. ეს საჩუქარი მას ძალიან დიდ ფასად დაუჯდა!

      იყო თუ არა ზუსტად ის, რაც გვჭირდებოდა

      ზოგი საჩუქარი იმიტომაა განსაკუთრებული, რომ ის ძალიან გვჭირდებოდა. ალბათ, უსაზღვროდ მადლიერი იქნებოდით იმ ადამიანის, ვინც საკუთარი ნებით დაფარავდა თქვენი გადარჩენისთვის აუცილებელი მკურნალობის ხარჯებს, რასაც თავად ვერასდროს გასწვდებოდით. ნუთუ ფასდაუდებელი არ იქნებოდა ასეთი საჩუქარი?!

      „როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდება ყველა ქრისტეში“ (1 კორინთელები 15:22). როგორც ადამის შთამომავლები, ყველანი ვკვდებით და არ ძალგვიძს, თავი დავაღწიოთ ავადმყოფობისა და სიკვდილის მარწუხებს; ჩვენ არც იმის ძალა შეგვწევს, რომ ღმერთთან კარგი ურთიერთობა აღვადგინოთ და მართლები გავხდეთ მის თვალში. ჩვენ, უსუსური და უმწეო ადამიანები, ვერასდროს დავიხსნიდით სიკვდილისგან ვერც საკუთარ თავს და ვერც სხვას. ბიბლია ხაზგასმით ამბობს: „ვერც ერთი ვერ გამოისყიდის თავის ძმას, ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს, (მათი სულის გამოსასყიდი იმდენად დიდია, რომ სამუდამოდ გადაუხდელი რჩება)“ (ფსალმუნი 49:7, 8). აქედან გამომდინარე, უსათუოდ გვჭირდებოდა ღვთის დახმარება. ღმერთს ალალბედად რომ დავეტოვებინეთ, ნამდვილად უიმედო მდგომარეობაში ვიქნებოდით.

      სხვადასხვა ასაკისა და წარმომავლობის ადამიანები

      იეჰოვა ღმერთმა უდიდესი სიყვარულიდან გამომდინარე სწორედ ის ფასი გადაიხადა, რაც ჩვენი გადარჩენისთვის იყო საჭირო. ასე რომ, იესოს მეშვეობით „გაცოცხლდება ყველა“. როგორ მოემსახურება გამოსასყიდი ადამიანთა ხსნას? „მისი ძის, იესოს სისხლი გვწმენდს ყოველგვარი ცოდვისგან“. თუ იესოს მსხვერპლისადმი რწმენას გამოვავლენთ, ცოდვები გვეპატიება და გზა გაგვეხსნება მარადიული სიცოცხლისკენ (1 იოანე 1:7; 5:13). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ გამოსასყიდის საფუძველზე გარდაცვლილებისთვისაც არსებობს იმედი: „როგორც ადამიანის მეშვეობით არის სიკვდილი, ასევე ადამიანის [იესოს] მეშვეობით მკვდრეთით აღდგომაც“ (1 კორინთელები 15:21).a

      გამოსასყიდი მართლაც შეუდარებელი ძღვენია, რადგან ის თვით სამყაროს უზენაესმა მმართველმა გვიბოძა! არავის არასდროს გამოუვლენია ისეთი სიყვარული, როგორიც იეჰოვა ღმერთმა გამოავლინა, რადგან მან მსხვერპლად საკუთარი ძის სიცოცხლე გაიღო! არავის არასდროს გადაუხდია იმხელა ფასი, რამხელაც ღმერთმა გადაიხადა ჩვენ სახსნელად! არავის არასდროს გაუღია ისეთი მსხვერპლი, რომელიც ასე ესაჭიროებოდა ცოდვისა და სიკვდილის მარწუხებში მოქცეულ ადამიანებს! დიახ, ვერც ერთი საჩუქარი ვერ გაუტოლდება ღვთის მიერ გაღებულ ძღვენს — გამოსასყიდს!

  • გამოავლენთ მადლიერებას?
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2017 | No. 2
    • გოგონა ბიბლიას იკვლევს

      მთავარი თემა | შეუდარებელი ძღვენი ღვთისგან

      გამოავლენთ მადლიერებას?

      „იმ სიყვარულით ვართ აღძრულნი, რომელიც ქრისტეს აქვს . . . ის ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა“ (2 კორინთელები 5:14, 15).

      შეუდარებელმა ძღვენმა, რომელიც ღვთისგან მივიღეთ, მადლიერებისკენ უნდა აღგვძრას. ეს რომ ძალზე მნიშვნელოვანია, იესომაც დაგვანახვა. ერთხელ მან უკურნებელი სენით დაავადებული ათი მამაკაცი განკურნა. ამ ათიდან მხოლოდ ერთი „დაბრუნდა და ხმამაღლა ადიდებდა ღმერთს“. იესომ იკითხა: „ათნი არ განიწმინდნენ? დანარჩენი ცხრა სადღაა?“ (ლუკა 17:12—17). ამ შემთხვევიდან ვხედავთ, რა ადვილად შეიძლება დაგვავიწყდეს სიკეთე, რომელიც ჩვენ მიმართ გამოავლინეს!

      გამოსასყიდს ვერანაირი საჩუქარი ვერ გაუტოლდება. ის მართლაც შეუდარებელია! მაშ, როგორ შეგიძლიათ მადლიერება გამოავლინოთ ძღვნისთვის, რომელიც ღმერთმა თქვენ სასიკეთოდ გაიღო?

      • ახლოს გაიცანით ღმერთი. ეს ძღვენი თავისთავად არ მოუტანს ადამიანებს მარადიულ სიცოცხლეს. იესომ ღვთისადმი აღვლენილ ლოცვაში ასეთი რამ თქვა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). თუ გაიგებთ, რომ ვიღაცამ ბავშვობაში სიკვდილს გადაგარჩინათ, ალბათ, გაგიჩნდებათ სურვილი, ახლოს გაიცნოთ ის და პირადად ჰკითხოთ, რამ უბიძგა ამისკენ. იეჰოვა ღმერთს, რომელმაც ჩვენთვის გამოსასყიდი გაიღო, სურს, რომ არა მხოლოდ გავიცნოთ ის, არამედ დავუახლოვდეთ კიდეც. ბიბლია მოგვიწოდებს: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8).

      • გოგონა ლოცულობს

        გამოავლინეთ რწმენა გამოსასყიდისადმი. „ვისაც ძე სწამს, მარადიული სიცოცხლე აქვს“ (იოანე 3:36). რას ნიშნავს რწმენის გამოვლენა? ეს ნიშნავს, საქმით დაამტკიცოთ, რომ გწამთ გამოსასყიდის (იაკობი 2:17). რის გაკეთება გმართებთ? თქვენ უნდა მიიღოთ ეს საჩუქარი. ამისთვის საჭიროა, გაიგოთ, რას ითხოვს ღმერთი თქვენგან და შემდეგ შესაბამისად იმოქმედოთ.a ღმერთს ლოცვაში სთხოვეთ პატიება და სუფთა სინდისი. გჯეროდეთ, რომ ყველა, ვინც რწმენას ავლენს გამოსასყიდისადმი, უეჭველად იცხოვრებს ისეთ მსოფლიოში, სადაც მშვიდობა, უსაფრთხოება და უზრუნველყოფილი ცხოვრება იქნება (ებრაელები 11:1).

      • ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე ძმა მოხსენებას კითხულობს

        დაესწარით იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს. იესომ დააწესა თავისი სიკვდილის გახსენების საღამო, რათა გვხსომებოდა, რა გამოსასყიდი იქნა გაღებული ჩვენ სახსნელად. ეს საღამო ყოველწლიურად უნდა აღინიშნოს. მან თქვა: „ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“ (ლუკა 22:19). იეჰოვას მოწმეები წელს იესოს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს 2017 წლის 11 აპრილს, სამშაბათს, მზის ჩასვლის შემდეგ აღნიშნავენ. დაახლოებით ერთსაათიანი პროგრამის დროს წარმოთქმული იქნება მოხსენება, რომელიც ხაზს გაუსვამს იესოს სიკვდილის მნიშვნელობას. აგრეთვე გავიგებთ, რა სიკეთე მოაქვს მის მსხვერპლს ჩვენთვის დღეს და რას მოგვიტანს მომავალში. გასულ წელს გახსენების საღამოს მთელ მსოფლიოში დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი დაესწრო. გულთბილად გიწვევთ, შემოგვიერთდეთ ამ საღამოზე, რათა მადლიერება გამოხატოთ ღვთისგან ბოძებული შეუდარებელი ძღვნისთვის.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება