-
ღვთისმოსაწონი მსხვერპლშესაწირავებისაგუშაგო კოშკი — 2000 | 15 აგვისტო
-
-
ღვთისმოსაწონი მსხვერპლშესაწირავები
„ვინაიდან ყოველი მღვდელმთავარი დაყენებულია ძღვენისა და მსხვერპლის შესაწირავად“ (ებრაელთა 8:3).
1. რატომ გრძნობენ ადამიანები იმის აუცილებლობას, რომ ღმერთს მიმართონ?
„მსხვერპლის შეწირვა ადამიანისთვის ისევე ბუნებრივია, როგორც ლოცვა; ერთი მიუთითებს, იმაზე, თუ რას გრძნობს ადამიანი საკუთარი თავის მიმართ, ხოლო მეორე — რას გრძნობს ღვთის მიმართ“, — წერს ბიბლეისტ-ისტორიკოსი ალფრედ ედერშაიმი. მას შემდეგ, რაც წუთისოფელში ცოდვამ ფეხი მოიკიდა, თან მოიტანა დანაშაულის გრძნობით გამოწვეული ტკივილი, ღვთისგან გაუცხოება და უმწეობა. აუცილებელი გახდა შვების მოგვრა. გასაგებია, რომ ასეთ სავალალო მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანები იმის აუცილებლობას გრძნობენ, რომ ღმერთს მიმართონ (რომაელთა 5:12).
2. რა ცნობებს ვპოულობთ ბიბლიაში ადრეულ პერიოდში სამსხვერპლოზე მიტანილ შესაწირავებთან დაკაშვირებით?
2 ღვთისთვის შეწირული პირველი მსხვერპლი, რომლის შესახებაც ბიბლია გვამცნობს, კაენთან და აბელთან არის დაკავშირებული. საღვთო წერილში ვკითხულობთ: „გამოხდა ხანი და მიართვა კაენმა უფალს ძღვენი, მიწის ნაყოფი. აბელმაც მიართვა თავისი ფარის ნათავარი და რჩეული პირუტყვი“ (დაბადება 4:3, 4). შემდეგ ვკითხულობთ ნოეს შესახებ, რომელმაც, მას შემდეგ, რაც ღმერთმა დიდი წარღვნისგან გადაარჩინა, ისეთი წარღვნისგან, რომელმაც იმ დღეებში მცხოვრები ბოროტი მოდგმა მოსპო, „აღსავლენად მიიტანა [შესაწირავი] სამსხვერპლოზე“ (დაბადება 8:20). ღვთის ერთგული მსახური და მეგობარი, აბრაამი, ღვთის აღთქმებმა და კურთხევებმა რამდენჯერმე აღძრა, მისთვის ‘სამსხვერპლო აეგო და მისი სახელი ეხსენებინა’ (დაბადება 12:8; 13:3, 4, 18). მოგვიანებით, აბრაამმა რწმენის უდიდესი გამოცდა გადაიტანა — იეჰოვამ მას ძის, ისაკის აღსავლენ ანუ ყოვლადდასაწველ მსხვერპლად შეწირვა მოსთხოვა (დაბადება 22:1—14). როგორც დავინახავთ, ეს ცნობები, მიუხედავად იმისა, რომ მოკლეა, მნიშვნელოვნად ჰფენს შუქს მსხვერპლშეწირვის საკითხს.
3. რა როლს ასრულებს მსხვერპლშესაწირავი თაყვანისმცემლობაში?
3 ამ და სხვა ბიბლიური ცნობებიდან ნათლად ჩანს, რომ გარკვეული სახის მსხვერპლის შეწირვა იეჰოვასადმი თაყვანისცემის ძირითადი ნაწილი იყო დიდი ხნით ადრე მანამდეც კი, ვიდრე ამის შესახებ ღმერთი თავის ხალხს განსაკუთრებულ კანონს მისცემდა. ამის შესაბამისად, ერთ ნაშრომში მსხვერპლშეწირვა განმარტებულია როგორც „რელიგიური რიტუალი, რომლის დროსაც მსხვერპლი ღვთისთვის შესაწირავად მიაქვთ იმ მიზნით, რომ დაამყარონ, შეინარჩუნონ ან აღადგინონ ადამიანსა და წმინდას შორის სათანადო დამოკიდებულება“. მაგრამ ეს წამოჭრის რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას, რომლებიც ჩვენს დიდ ყურადღებას იმსახურებს. მაგალითად: რატომ არის თაყვანისმცემლობისთვის მსხვერპლი საჭირო? რა სახის მსხვერპლია ღვთისთვის მისაღები? და რა მნიშვნელობა აქვს ძველი დროის მსხვერპლშესაწირავებს ჩვენთვის?
რატომ არის მსხვერპლი საჭირო
4. რა მოუტანა შედეგად ცოდვამ ადამსა და ევას?
4 ადამმა შეგნებულად შესცოდა. მის მიერ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფის მოწყვეტა და ჭამა წინასწარგანზრახული დაუმორჩილებლობა იყო. დაუმორჩილებლობისთვის სასჯელი კი, როგორც ღმერთმა ადრე განაცხადა, სიკვდილი იყო. ღმერთმა თქვა: „როგორც კი შეჭამ მოკვდებიო“ (დაბადება 2:17). ადამმა და ევამ საბოლოოდ ცოდვის საზღაური მოიმკეს — ისინი მოკვდნენ (დაბადება 3:19; 5:3—5).
5. რატომ გამოავლინა ინიციატივა იეჰოვამ ადამის შთამომავლების სასარგებლოდ და რა გააკეთა მან მათთვის?
5 რა შეიძლება ითქვას ადამის შთამომავლობაზე? ვინაიდან ადამისგან მემკვიდრეობით ცოდვა და არასრულყოფილება მიიღეს, ისინიც ისევე არიან ღვთისგან გაუცხოებას, უმწეობასა და სიკვდილს დაქვემდებარებული, როგორც ადამიანთა პირველი წყვილი (რომაელთა 5:12). მაგრამ იეჰოვა ღმერთი არა მარტო სამართლიანი და ძლიერია, არამედ, პირველ რიგში, მოსიყვარულე ღმერთია (1 იოანე 4:8, 16). ასე რომ, ის ავლენს მდგომარეობის გამოსასწორებლად ინიციატივას. მას შემდეგ, რაც აღნიშნავს, რომ „ცოდვის საზღაური სიკვდილია“, ბიბლია განაგრძობს: „ხოლო ღვთის მადლი — მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში“ (რომაელთა 6:23).
6. რა არის იეჰოვას ნება ადამის ცოდვით გამოწვეულ დანაკლისთან დაკავშირებით?
6 ამ საბოძვარის გარანტირებისთვის იეჰოვამ მიმართა გარკვეულ ღონისძიებას, რომლის საშუალებითაც ანაზღაურდებოდა ადამის შეცოდების შედეგად გამოწვეული დანაკლისი. ებრაული სიტყვა „კაფარი“ თავიდან, როგორც ჩანს, „დაფარვას“ ან, შესაძლოა, „მოწმენდას“ ნიშნავდა; ის აგრეთვე ითარგმნება როგორც „გამოსყიდვა“a. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იეჰოვამ იზრუნა ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის დასაფარავ, ადამიანებისთვის იმ ხარვეზის მოსაწმენდ საშუალებაზე, რომელიც ცოდვას მოჰყვა, რათა, ამ საბოძვარის მიმღებნი ცოდვისა და სიკვდილის მსჯავრისგან გათავისუფლებულიყვნენ (რომაელთა 8:21).
7. ა) რა იმედი მოგვცა ღმერთმა სატანისთვის განაჩენის გამოტანისას? ბ) რა საფასურის გადახდა იყო საჭირო ცოდვისა და სიკვდილისგან კაცობრიობის გამოსახსნელად?
7 ცოდვისა და სიკვდილის მონობისაგან გათავისუფლების იმედზე პირველი წყვილის შეცოდებისთანავე იქნა მოხსენიებული. სატანისთვის, რომელიც გველის სახით იყო წარმოდგენილი, განაჩენის გამოცხადებისას იეჰოვამ თქვა: „მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!“ (დაბადება 3:15). ამ წინასწარმეტყველური განაცხადით იმედის სხივი აკიაფდა ყველასთვის, ვინც ამ აღთქმისადმი რწმენას გამოავლენდა. მაგრამ ხსნისთვის საფასურის გადახდა იყო საჭირო. აღთქმული თესლი არა მარტო მოვიდოდა და გაანადგურებდა სატანას, არამედ მისთვის ქუსლი უნდა დაეგესლათ ანუ უნდა მომკვდარიყო, მაგრამ არა სამუდამოდ.
8. ა) როგორ გახდა კაენი იმედგაცრუებულობის მიზეზი? ბ) რატომ აღმოჩნდა აბელის მსხვერპლი ღვთისთვის მისაღები?
8 ეჭვგარეშეა, ადამი და ევა ბევრს ფიქრობდნენ იმაზე, თუ ვინ იქნებოდა აღთქმული თესლი. როდესაც ევამ პირველი ძე, კაენი, შვა, წამოიძახა: „კაცი შემეძინა უფლისაგან“ (დაბადება 4:1). ხომ არ ფიქრობდა ის, რომ ეს ძე შეიძლებოდა თესლი ყოფილიყო? ევა ასე ფიქრობდა თუ არა, კაენისა და მისი შესაწირავისგან იმედგაცრუება მოელოდა. მეორე მხრივ, კაენის ძმამ, აბელმა, ღვთის აღთქმისადმი რწმენა გამოავლინა, რამაც ის თავისი ფარის ნათავარის იეჰოვასთვის მსხვერპლად შეწირვისკენ აღძრა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი, რომლითაც მიიღო მოწმობა, რომ მართალია იგი“ (ებრაელთა 11:4).
9. ა) რა სწამდა აბელს და როგორ გამოხატა მან ეს რწმენა? ბ) რა მიზანს მიაღწია აბელის მიერ აღვლენილმა მსხვერპლმა?
9 აბელის რწმენა მხოლოდ იმით არ იფარგლებოდა, რომ ღმერთი არსებობს, რაც, ალბათ, კაენსაც სწამდა. აბელს სწამდა ღვთის აღთქმა თესლის შესახებ, რომლის მეშვეობითაც ერთგული ადამიანები დახსნილ იქნებოდნენ. მისთვის უცნობი იყო, თუ როგორ მოხდებოდა ეს, მაგრამ ღვთის აღთქმის საფუძველზე აბელისთვის ნათელი გახდა, რომ ვიღაცა ქუსლში უნდა დაგესლილიყო. დიახ, მან, როგორც ჩანს, დაასკვნა, რომ სისხლის დაღვრა იქნებოდა აუცილებელი — სწორედ ეს იყო მსხვერპლშეწირვის მიზანი. აბელმა სიცოცხლისა და სისხლის შემცველი ძღვენი აღუვლინა სიცოცხლის წყაროს ნიშნად იმისა, რომ ძალიან სწყუროდა იეჰოვას აღთქმის შესრულების ხილვა და ძალიან სურდა მასში მონაწილეობის მიღება. რწმენის ასეთნაირად გამოვლენამ გახადა აბელის მიერ შეწირული მსხვერპლი იეჰოვასთვის სასიამოვნო და გარკვეულწილად ამით გამოიხატა იმის არსი, თუ რა იყო მსხვერპლი — საშუალება, რომლითაც ცოდვილ ადამიანებს ღმერთთან მიახლოება და მის მოსაწონად ცხოვრება შეეძლოთ (დაბადება 4:4; ებრაელთა 11:1, 6).
10. როგორ გახდა მსხვერპლშესაწირავის მნიშვნელობა ნათელი იმით, რომ იეჰოვამ აბრაამს ისაკის შეწირვა მოსთხოვა?
10 მსხვერპლშეწირვის ღრმა არსი სავსებით ცხადი მაშინ გახდა, როდესაც იეჰოვამ აბრაამს საკუთარი ძის, ისაკის, ყოვლადდასაწველ მსხვერპლად აღვლენა მოსთხოვა. მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლი პირდაპირი გაგებით არ შეწირულა, ეს იმის მაჩვენებელი იყო, რასაც საბოლოოდ თავად იეჰოვა გააკეთებდა — მსხვერპლად გაიღებდა თავის მხოლოდშობილ ძეს; გაიღებდა უდიდეს შესაწირავს, რათა კაცობრიობის მიმართ მისი განზრახვა შესრულებულიყო (იოანე 3:16). მოსეს რჯულის თანახმად აღვლენილი მსხვერპლშესაწირავებით იეჰოვამ თავის რჩეულ ხალხს იმის წინასწრამეტყველური ნიმუში მისცა, თუ რა უნდა ეკეთებინათ თავიანთი ცოდვების გამო მიტევების მოსაპოვებლად და ხსნის იმედის განსამტკიცებლად. რის სწავლა შეგვიძლია ყოველივე აქედან?
მსხვერპლშესაწირავები, რომლებიც იეჰოვასთვის მისაღებია
11. რომელი ორი სახის შესაწირავი მიჰქონდა ისრაელ მღვდელმთავარს სამსხვერპლოზე და რა მიზნით?
11 „ყოველი მღვდელმთავარი დაყენებულია ძღვენისა და მსხვერპლის შესაწირავად“, — ამბობს მოციქული პავლე (ებრაელთა 8:3). შენიშნეთ, ძველი ისრაელის მღვდელმთავრის მიერ აღვლენილ შესაწირავს პავლე ორ ჯგუფად ყოფს, კერძოდ კი, „ძღვნად“ და „მსხვერპლად“, ანუ „მსხვერპლად ცოდვებისთვის“ (ებრაელთა 5:1). ადამიანები, ჩვეულებრივ, ძღვნით ანუ საჩუქრით სიყვარულსა და მადლიერებას გამოხატავენ; აგრეთვე ანვითარებენ მეგობრობას, მოიპოვებენ კეთილგანწყობილებას და იმსახურებენ მოწონებას (დაბადება 32:20; იგავნი 18:16). მსგავსად ამისა, რჯულის თანახმად საჭირო მრავალი აღსავლენი ღვთისთვის მირთმეულ „ძღვნად“ ითვლებოდა, რათა მის თვალში მოწონება და კეთილგანწყობილება დაემსახურებინათb. რჯულის დარღვევისთვის მოითხოვებოდა საზღაურის გადახდა და გამოსასყიდად „მსხვერპლი ცოდვებისთვის“ იწირებოდა. ხუთწიგნეული, განსაკუთრებით კი გამოსვლა, ლევიანნი და რიცხვნი უხვად გვთავაზობს ინფორმაციას სხვადასხვა სახის მსხვერპლსა თუ შესაწირავთან დაკავშირებით. მართალია, ამის შესახებ ყოველი წვრილმანის დამახსოვრება ძალიან რთულია, მაგრამ რამდენიმე სახის მსხვერპლთან დაკავშირებული გარკვეული ძირითადი საკითხები იმსახურებს ჩვენს ყურადღებას.
12. ბიბლიის რომელი ადგილების წაკითხვით შეგვიძლია მსხვერპლებზე ანუ შესაწირავებზე ზოგადი წარმოდგენა შევიქმნათ?
12 თქვენ შეიძლება შენიშნეთ, რომ ლევიანნის პირველი თავიდან მეშვიდეს ჩათვლით ხუთი სახის ძირითადი შესაწირავი იკვეთება: ყოვლადდასაწველი, პურის, საზიარო (სამადლობელი), ცოდვისგან განსაწმენდელი და დანაშაულის გამოსასყიდი; თითოეული მათგანი სათითაოდ არის აღწერილი, თუმცა ზოგ მათგანს, ფაქტობრივად, ერთად აღავლენდნენ. შენიშნეთ ისიც, რომ ეს მსხვერპლშესაწირავები ამ თავებში ორჯერ არის მოხსენიებული სხვადასხვა მიზნით: ერთი, ლევიანნის 1:2-დან 6:7-ის ჩათვლით, სადაც დაწვრილებით არის აღწერილი, რა უნდა შეწირულიყო სამსხვერპლოზე და მეორე, ლევიანნის 6:8-დან 7:36-ის ჩათვლით, რომლებშიც ლაპარაკია იმაზე, თუ რა წილი ეძლეოდათ მღვდლებსა და შესაწირავის შემწირველებს. რიცხვნის 28-ე, 29-ე თავებში კი დაწვრილებით არის აღწერილი, რა მსხვერპლი უნდა აღევლინათ ყოველდღიურად, ყოველკვირეულად, ყოველთვიურად თუ ყოველწლიურად დღესასწაულებზე.
13. აღწერეთ შესაწირავები, რომლებსაც საკუთარი სურვილისამებრ, ძღვნად სწირავდნენ ღმერთს.
13 იმ მსხვერპლშესაწირავთა შორის, რომლებსაც საკუთარი სურვილისამებრ, ძღვნად ან ღმერთთან მისაახლოებლად და მისი კეთილგანწყობილების მოსაპოვებლად სწირავდნენ, იყო ყოვლადდასაწველი, პურის და საზიარო შესაწირავები. ზოგი სწავლულის აზრით, ებრაული გამოთქმა, რომელიც „ყოვლადდასაწველად“ ითარგმნა „აღსავლენ შესაწირავს“ ანუ „აღსავლენ მსხვერპლს“ ნიშნავს. ეს მნიშვნელობა მართებულია, რადგან ყოვლადდასაწველი მსხვერპლის შეწირვისას დაკლული ცხოველი სამსხვერპლოზე იწვებოდა და კეთილსურნელებად ანუ საამო სურნელებად ადიოდა ღმერთთან ზეცაში. ყოვლადდასაწველი შესაწირავის განსაკუთრებული თავისებურება ის იყო, რომ სამსხვერპლოს ირგვლივ სისხლის სხურების შემდეგ ცხოველს მთლიანად სწირავდნენ ღმერთს. მღვდლები სწირავდნენ „ყოვლად დასაწველ, ცეცხლზე დასაწველ მსხვერპლს, სასიამოვნო სუნად უფლისათვის“ (ვაიკრა 1:3, 4, 9, „თორა“, [ლევიანნი 1:3, 4, 9]; დაბადება 8:21).
14. როგორ სწირავდნენ პურის შესაწირავს?
14 პურის შესაწირავი ლევიანნის მე-2 თავშია აღწერილი. ეს იყო ნებაყოფლობითი შესაწირავი, რომელსაც საუკეთესო ხარისხის ფქვილი შეადგენდა; ამ ფქვილზე კი, ჩვეულებრივ, ზეთი იყო მოსხმული და ზედ გუნდრუკი ჰქონდა დადებული. „აიღოს იქიდან სავსე პეშვი წმინდა პურის ფქვილი და ზეთი მთელ მის გუნდრუკთან ერთად, და აკმიოს მოძღვარმა [მღვდელმა] მისი მოსახსენიებელი ნაწილი სამსხვერპლოს, — ცეცხლზე დასაწველი მსხვერპლი, სასიამოვნო სუნი უფლისათვის“ (ვაიკრა 2:2, „თორა“, [ლევიანნი 2:2]). გუნდრუკი წმინდა საკმევლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც კარვისა და ტაძრის სამსხვერპლოზე იწვებოდა (გამოსვლა 30:34—36). მეფე დავითს ეს ჰქონდა, ალბათ, მხედველობაში, როდესაც თქვა: „წარიმართოს ჩემი ლოცვა საკმევლად შენს წინაშე, ხელთა აღპყრობა — შესაწირავად მწუხრის ჟამისა“ (ფსალმუნი 140:2).
15. რა დანიშნულება ჰქონდა საზიარო შესაწირავს?
15 საზიარო შესაწირავი იყო კიდევ ერთი ნებაყოფლობით გაღებული შესაწირავი, რომელიც ლევიანნის მე-3 თავშია აღწერილი. მისი სახელი „სამშვიდობო შესაწირავადაც“ ითარგმნება. ებრაული სიტყვა „მშვიდობა“ ომის ან არეულობის არარსებობაზე უფრო მეტის მომცველია. „ბიბლიაში ის მიუთითებს, როგორც ამაზე [ომის ან არეულობის არარსებობაზე], ისე ღმერთთან მშვიდობიან ურთიერთობაზე, კეთილდღეობაზე, სიხარულსა და ბედნიერებაზე“, — აღნიშნავს ერთ-ერთი წიგნი (Studies in the Mosaic Institutions). ამგვარად, საზიარო შესაწირავები იწირებოდა არა ღმერთთან მშვიდობის უზრუნველსაყოფად, თითქოს მისი გულის მოგება ყოფილიყო საჭირო, არამედ ამით გამოიხატებოდა მადლიერება ან სიხარული, რომელიც ღმერთთან მშვიდობიანი ურთიერთობით კურთხევის გამო ჰქონდათ მათ, ვინც ღვთის თვალში მოწონებით სარგებლობდა. მღვდლები და შემწირველები სისხლისა და ქონის იეჰოვასათვის შეწირვის შემდეგ თვითონაც იზიარებდნენ შესაწირავს (ლევიანნი 3:17; 7:16—21; 19:5—8). შემწირველი, მღვდლები და იეჰოვა ღმერთი შესანიშნავი და სიმბოლური სახით იზიარებდნენ საჭმელს, რაც მათ შორის არსებული მშვიდობიანი ურთიერთობის გამომხატველი იყო.
16. ა) რა დანიშნულება ჰქონდა ცოდვისგან განსაწმენდელ და დანაშაულის გამოსასყიდ მსხვერპლებს? ბ) რით განსხვავდებოდნენ ისინი ყოვლადდასაწველი მსხვერპლისგან?
16 მსხვერპლები, რომლებიც ცოდვების ან რჯულის დარღვევის გამო პატიების სათხოვნელად იწირებოდა, ცოდვისგან განსაწმენდელი და დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლები იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაწირავებიც სამსხვერპლოზე იწვებოდა, ისინი განსხვავდებოდა ყოვლადდასაწველი მსხვერპლისგან, რადგან ამ შემთხვევაში მთლიანი ცხოველი არ იწირებოდა ღვთისთვის, არამედ მხოლოდ ქონი და სხეულის გარკვეული ნაწილები. დანარჩენი ბანაკის გარეთ გაჰქონდათ ან ზოგჯერ მასში მღვდლებსაც ედოთ წილი. ეს სხვაობა მნიშვნელოვანია. ყოვლადდასაწველი მსხვერპლი აღევლინებოდა როგორც ძღვენი, ღმერთთან მისასვლელად. ამიტომაც მთლიანად მხოლოდ ღვთისთვის იწირებოდა. საინტერესოა, რომ, ჩვეულებრივ, ყოვლადდასაწველი მსხვერპლი ცოდვისა და დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლების შემდეგ იწირებოდა, რაც იმის მაჩვენებელი იყო, რომ შემცოდველისგან ღვთის მიერ ძღვნის მისაღებად ცოდვის მიტევება იყო საჭირო (ლევიანნი 8:14, 18; 9:2, 3; 16:3, 5).
17, 18. რისთვის იწირებოდა ცოდვისგან განსაწმენდელი მსხვერპლი და რა დანიშნულება ჰქონდა დანაშაულის გამოსასყიდად შეწირულ მსხვერპლს?
17 ცოდვისგან განსაწმენდელი მსხვერპლი მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო მისაღები, როდესაც რჯულის წინააღმდეგ ცოდვა შემთხვევით, ხორცის უძლურების გამო, იყო ჩადენილი. ‘თუ ვინმე უნებურად შესცოდავდა და დაარღვევდა უფლის მცნებებს’, შემცოდველს ცოდვისგან განსაწმენდელი მსხვერპლი უნდა აღევლინა, მსხვერპლი კი საზოგადოებაში მისი მდგომარეობის შესაბამისი უნდა ყოფილიყო (ლევიანნი 4:2, 3, 22, 27). მეორე მხრივ, მოუნანიებელი შემცოდველი უნდა მოეკვეთათ; არავითარი მსხვერპლი მას არ უნდა შეეწირა (გამოსვლა 21:12—15; ლევიანნი 17:10; 20:2, 6, 10; რიცხვნი 15:30; ებრაელთა 2:2).
18 დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლის მნიშვნელობა და დანიშნულება ნათლად ჩანს ლევიანნის მე-5 და მე-6 თავებში. ადამიანს შეიძლებოდა უნებლიედ შეეცოდა. მიუხედავად ამისა, მისი დანაშაული მიმართული იქნებოდა თანამოძმის ან იეჰოვა ღმერთის წინააღმდეგ. ამიტომაც საჭირო იყო ამ ცუდი საქმის გამოსწორება. მოხსენიებულია რამდენიმე სახის ცოდვა. ზოგი პირადი ხასიათის ცოდვა იყო (5:2—6), ზოგი — „უფლის სიწმინდეთა მიმართ“ (5:14—16) და ზოგიც, თუმცა მთლად უნებლიედ არ იყო ჩადენილი, მაგრამ ცუდი სურვილებისა თუ ხორცის უძლურებით იყო გამოწვეული (6:1—3). ასეთი ცოდვების აღიარების შემდეგ შემცოდველს უნდა აენაზღაურებინა მიყენებული ზარალი და მხოლოდ მაშინ შეეძლო იეჰოვასთვის დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლის შეწირვა (ლევიანნი 6:4—7).
რაღაც უკეთესი
19. რატომ ვერ მოიპოვეს ისრაელებმა ღვთის კეთილგანწყობილება, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ რჯული და მის თანახმად მრავალრიცხოვან მსხვერპლსაც სწირავდნენ?
19 მოსეს რჯული მრავალი მსხვერპლითა და შესაწირავით ისრაელებისთვის იმ მიზნით იყო მიცემული, რომ აღთქმული თესლის მოსვლამდე ამ ხალხს ღმერთთან მიახლოება და მისი კეთილგანწყობილებისა და კურთხევის შენარჩუნება შეძლებოდა. მოციქული პავლე, წარმოშობით იუდაელი, ამას შემდეგნაირად გადმოსცემს: „რჯული იყო ჩვენი წარმმართველი ქრისტესაკენ, რათა გავმართლებულიყავით რწმენით“ (გალატელთა 3:24). სამწუხაროდ, ისრაელი, როგორც ერი, არ მიჰყვა ამ წარმმართველს და ბოროტად გამოიყენა თავისი უპირატესობა. შედეგად, მათი მრავალრიცხოვანი მსხვერპლი იეჰოვას თვალში საძაგელი გახდა. ღმერთმა თქვა: „გამძღარი ვარ თქვენი აღსავლენი ვერძებით და კურატების ქონით. აღარ მსურს მოზვრების, კრავებისა და ვაცების სისხლი!“ (ესაია 1:11).
20. რა მოხდა ახ. წ. 70 წელს და რამდენად შეეხო ეს რჯულსა და მსხვერპლშესაწირავებს?
20 ახ. წ. 70 წელს იუდეველთა სისტემას, თავისი ტაძრითა და სამღვდელოებით, აღსასრული დაუდგა. მას შემდეგ რჯულის თანახმად მსხვერპლის შეწირვა შეუძლებელი გახდა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მსხვერპლშესაწირავებმა, როგორც რჯულის განუყოფელმა ნაწილმა, ღვთის დღევანდელი მსახურებისთვის ყოველგვარი მნიშვნელობა დაკარგა? ამ საკითხს მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.
[სქოლიოები]
a ბიბლიის ერთ-ერთ ცნობარში, რომელიც გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ, ახსნილია: «ბიბლიაში სიტყვა „გამოსყიდვა“ ძირითადად „დაფარვის“ ან „გაცვლის“ მნიშვნელობით გამოიყენება და ის, რაც გაცვლილ ან დაფარულ უნდა იქნეს, აუცილებლად გასაცვლელის ან დასაფარავის ტოლფასი უნდა იყოს. . . ადამის მიერ დაკარგულის ასანაზღაურებლად საჭირო იყო სათანადო გამოსასყიდის, ცოდვის საზღაურის გადახდა, რომელსაც ზუსტად სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლის ფასი ექნებოდა» (Insight on the Scriptures).
b ებრაული სიტყვა, რომელიც ხშირად „შესაწირავად“ ითარგმნება, არის „კორბან“. იესოს მიერ უპატიოსნო მწიგნობრებისა და ფარისევლების განსჯის შემთხვევის ჩაწერისას მარკოზმა განმარტა, რომ „კორბან“ ნიშნავს „ძღვენი (ღმერთს)“ (მარკოზი 7:11).
-
-
იეჰოვასთვის სასურველი ქების მსხვერპლისაგუშაგო კოშკი — 2000 | 15 აგვისტო
-
-
იეჰოვასთვის სასურველი ქების მსხვერპლი
‘შესწირეთ თქვენი სხეული ცოცხალ, წმიდა, ღვთის სასურველ მსხვერპლად’ (რომაელთა 12:1).
1. რას ამბობს ბიბლია მოსეს რჯულის თანახმად შეწირულ მსხვერპლთა ფასის შესახებ?
„რჯული, რომელსაც აქვს მომავალ სიკეთეთა აჩრდილი და არა თვით საგანთა ხატება, ყოველ წელს მუდმივად შეწირული ერთი და იმავე მსხვერპლით ვერასოდეს ვერ შეძლებს სრულყოს მასთან მისულები“ (ებრაელთა 10:1). ამ ციტატაში არის ერთი განსაკუთრებული განაცხადი — მოციქული პავლეს მტკიცებით, მოსეს რჯულის თანახმად შეწირულ მსხვერპლთ კაცობრიობის ხსნისთვის ისეთი ფასი არ ჰქონდა, რომელიც ჟამთა სვლას გაუძლებდა (კოლასელთა 2:16, 17).
2. რატომ არ არის ამაო, ვეცადოთ რჯულით გათვალისწინებული შესაწირავებისა და მსხვერპლების შესახებ ბიბლიაში მოცემული დაწვრილებითი ინფორმაციის გაგებას?
2 ნიშნავს თუ არა ეს, რომ ხუთწიგნეულში შესაწირავებსა და მსხვერპლებთან დაკავშირებით მოცემულ ინფორმაციას დღეს ქრისტიანებისთვის არავითარი ღირებულება არა აქვს? ფაქტობრივად, მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეთა კრებებში თეოკრატიული სამსახურის სკოლაში ჩაწერილები დაახლოებით ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში კითხულობდნენ და არც ისე დიდი ხანია, რაც დაამთავრეს ბიბლიის პირველი ხუთი წიგნის კითხვა. ზოგი მთელ ძალ-ღონეს ახმარდა ყოველი წვრილმანის გულმოდგინედ წაკითხვასა და გაგებას. იყო მთელი ეს ძალისხმევა ამაო? ცხადია — არა, რადგან „ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომაელთა 15:4). იბადება კითხვა: რა ‘სწავლებასა’ და ‘ნუგეშს’ ვხაპავთ რჯულში შესაწირავებსა და მსხვერპლებთან დაკავშირებით მოცემული მთელი ინფორმაციიდან?
ჩვენს სასწავლებლად და სანუგეშოდ
3. ძირითადად რას ვსაჭიროებთ ჩვენ?
3 მიუხედავად იმისა, რომ არ მოგვეთხოვება რჯულის თანახმად საჭირო სხვადასხვა მსხვერპლის შეწირვა, ჩვენთვისაც აუცილებელია ის, რაც ისრაელებისთვის მსხვერპლშესაწირავებით გარკვეულწილად იყო მიღწეული, კერძოდ კი, ჩვენი ცოდვების მიტევება და ღვთის კეთილგანწყობილებით სარგებლობა. მაშინ, როდესაც ჩვენ პირდაპირი გაგებით არ ვწირავთ მსხვერპლთ, როგორ შეგვიძლია ასეთი სიკეთით სარგებლობა? ცხოველური შესაწირავების შეზღუდული შესაძლებლობების მოხსენიების შემდეგ პავლე აცხადებს: «ქრისტე წუთისოფელში მოსვლისას ამბობს: „მსხვერპლი და შესაწირავი არ გსურს, მაგრამ სხეული განმიმზადე მე. ყოვლადდასაწველები და ცოდვის გამოსასყიდი არ იყო შენთვის მოსაწონი. მაშინ მე ვთქვი: ‘აჰა, მოვდივარ, როგორც წიგნის დასაწყისში წერია ჩემზე, შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო’ “ » (ებრაელთა 10:5—7).
4. როგორ გამოიყენა პავლემ ფსალმუნის 39:7—9 იესო ქრისტესთან მიმართებაში?
4 ფსალმუნის 39:7—9-იდან ციტირებისას პავლე აღნიშნავს, რომ იესო იმისათვის არ მოსულა, რომ სამარადისოდ დაემკვიდრებინა „მსხვერპლი და შესაწირავი“, „ყოვლადდასაწველები და ცოდვის გამოსასყიდი“. ყოველივე ეს იმ დროს, როდესაც პავლე ამ წერილს წერდა, ღმერთს აღარ მოსწონდა. პირიქით, იესო მოვიდა თავისი ზეციერი მამის მიერ გამზადებული სხეულით, რომელიც ყოველმხრივ შეესაბამებოდა ღვთის მიერ ადამისთვის შექმნილ სხეულს (დაბადება 2:7; ლუკა 1:35; 1 კორინთელთა 15:22, 45). როგორც ღვთის სრულყოფილი ძე, იესო იყო დაბადების 3:15-ში ნაწინასწარმეტყველები „თესლი“. მას უნდა გადაედგა ნაბიჯი ‘სატანისთვის თავის გასაჭეჭყად’, თუმცა თავად ‘ქუსლში დაიგესლებოდა’. ამგვარად გახდა იესო იეჰოვას მიერ კაცობრიობის ხსნისთვის გამოსაყენებელი საშუალება, რომელსაც რწმენის კაცები აბელის დღეებიდან მოყოლებული მოელოდნენ.
5, 6. ღმერთთან მისასვლელი რომელი აღმატებული გზა აქვთ ქრისტიანებს?
5 იესოს ამ განსაკუთრებული როლის შესახებ ლაპარაკისას პავლემ აღნიშნა: „ვინც ცოდვა არ იცოდა, ის გახადა ცოდვად ჩვენს გამო, რათა მასში გავხდეთ ღვთის სამართლიანობა“ (2 კორინთელთა 5:21). გამოთქმა „გახდა ცოდვად“ შეიძლება ითარგმნოს ‘გახდა, როგორც ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი’. მოციქული იოანე ამბობს: „ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი წუთისოფლის ცოდვების მიმტევებელი“ (1 იოანე 2:2). ამგვარად, მაშინ როდესაც ისრაელებს მსხვერპლთა საშუალებით მხოლოდ დროებით შეეძლოთ ღმერთთან მიახლოება, ქრისტიანებს ამ მიზნისთვის უფრო აღმატებული საფუძველი — იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლი — აქვთ (იოანე 14:6; 1 პეტრე 3:18). თუ ღვთის მიერ უზრუნველყოფილი გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენასა და უზენაესი უფლისადმი მორჩილებას ვავლენთ, ჩვენც მოგვეტევება ცოდვები და ღვთის კეთილგანწყობითა და კურთხევებით დავტკბებით (იოანე 3:17, 18). განა ეს მანუგეშებელი არ არის? მაგრამ როგორღა შეგვიძლია გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენის გამოვლენა?
6 ქრისტიანებისთვის ღმერთთან მიახლოების აღმატებული საფუძვლის მოხსენიების შემდეგ, როგორც ებრაელთა 10:22—25-ში ვკითხულობთ, პავლე აღნიშნავს სამ გზას, რომლის მეშვეობითაც ღვთის სიყვარულით ნაკარნახები ღონისძიების მიმართ რწმენისა და მადლიერების გამოვლენა შეგვიძლია. მიუხედავად იმისა, რომ პავლეს გაფრთხილება ძირითადად ‘წმიდაში შემსვლელთ’ ანუ ზეციერი მოწოდების მქონე ცხებულ ქრისტიანთ ეხებოდა, ყველასთვის, ვისაც იესოს გამომსყიდველური მსხვერპლიდან სარგებლობა სურს, აუცილებელია ღვთის შთაგონებით პავლეს მიერ ჩაწერილი სიტყვებისთვის ყურადღების მიქცევა (ებრაელთა 10:19).
წმინდა და შეუბღალავი მსხვერპლის შეწირვა
7. ა) როგორ ცხადყოფს ებრაელთა 10:22 იმას, თუ რა კეთდებოდა მსხვერპლის შეწირვისას? ბ) რის გაკეთება იყო აუცილებელი იმისათვის, რომ მსხვერპლი ღვთისთვის ნამდვილად მისაღები ყოფილიყო?
7 პავლე თანაქრისტიანებს მოუწოდებს: „მივუახლოვდეთ მას გულმართლად და სრული რწმენით, ბოროტი სინდისისაგან სხურებით გულგაწმენდილნი და სუფთა წყლით სხეულგაბანილნი“ (ებრაელთა 10:22). ამ სიტყვებიდან აშკარად ჩანს, თუ რა კეთდებოდა რჯულის თანახმად მსხვერპლის შეწირვისას, მსხვერპლისა, რომელსაც სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. დიახ, ეს მართებულია, რადგან მსხვერპლი რომ მისაღები ყოფილიყო, შემწირველს სწორი აღძვრები უნდა ჰქონოდა, ხოლო მსხვერპლი წმინდა და შეუბღალავი უნდა ყოფილიყო. იწირებოდა ჯოგიდან ან ფარიდან აყვანილი ცხოველი, კერძოდ კი წმინდა ცხოველები, რომლებიც „საღი“, უნაკლო, იყო. თუ მსხვერპლად ფრინველს სწირავდნენ, გვრიტი ან მტრედის ბარტყი უნდა ყოფილიყო. თუ ყველაფერი სათანადოდ კეთდებოდა, ‘მიეცემოდა წყალობა და შეენდობოდა ცოდვა’ მსხვერპლის შემწირველს (ლევიანნი 1:2—4, 10, 14; 22:19—25). პურის შესაწირავში არავითარი საფუარი არ უნდა ყოფილიყო, რადგან საფუარი გახრწნილების სიმბოლო იყო. მასში არც თაფლი უნდა ყოფილიყო, რაშიც შეიძლება ხილის სიროფი იგულისხმებოდა, ეს უკანასკნელი კი იმიტომ არ უნდა ყოფილიყო, რომ მასში ადვილად ვითარდება დუღილის პროცესი. როდესაც სამსხვერპლოზე მსხვერპლი იწირებოდა — იქნებოდა ეს ცხოველური თუ პურის — ემატებოდა მარილი, რომელიც გაფუჭებისგან დამცავი თვისებით გამოირჩევა (ლევიანნი 2:11—13).
8. ა) რა მოითხოვებოდა მსხვერპლის შემწირველი ადამიანისგან? ბ) როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენი თაყვანისმცემლობა იეჰოვასთვის მისაღები იყოს?
8 რა შეიძლება ითქვას ადამიანზე, რომელიც მსხვერპლს სწირავს? რჯულის თანახმად, ის, ვინც იეჰოვას წინაშე წარდგებოდა, წმინდა და შეუბღალავი უნდა ყოფილიყო. თუ ვინმე რამე მიზეზით შეიბღალებოდა, იეჰოვას წინაშე ისევ წმინდად წარსადგენად ცოდვის ან დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლი უნდა შეეწირა, რათა მის მიერ შეწირული ყოვლადდასაწველი ან საზიარო შესაწირავი ღვთისთვის მისაღები ყოფილიყო (ლევიანნი 5:1—6, 15, 17). ამიტომ განა არ უნდა გვესმოდეს იეჰოვას წინაშე ყოველთვის სიწმინდის შენარჩუნების მნიშვნელოვნება? თუ გვსურს, ისე ვცეთ ღმერთს თაყვანი, რომ ეს მისთვის მისაღები იყოს, საჭიროა, სასწრაფოდ გამოვასწოროთ შეცდომა, რომელიც ღვთის რჯულის ამა თუ იმ სახის დარღვევით დავუშვით. დახმარებისათვის მაშინვე უნდა გამოვიყენოთ ღვთის მიერ მოცემული საშუალებები — „ეკლესიის ხუცესნი“ და „შესარიგებელი მსხვერპლი ჩვენი ცოდვებისთვის“, იესო ქრისტე (იაკობი 5:14; 1 იოანე 2:1, 2, აფ).
9. რა ძირითადი განსხვავებაა იეჰოვასა და ცრუ ღმერთებისადმი მსხვერპლის შეწირვას შორის?
9 ძირითადად, ყოველგვარი ბიწიერებისგან განრიდებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან იეჰოვასათვის და იმ ცრუ ღვთაებებისათვის შეწირული მსხვერპლი, რომლებსაც ისრაელის ირგვლივ მცხოვრები ერები აღავლენდნენ. ერთ ცნობარში მოსეს რჯულის თანახმად შეწირული მსხვერპლშესაწირავების ამ განმასხვავებელ თავისებურებაზე ლაპარაკისას აღნიშნულია: „ვხედავთ, რომ არ არსებობს არავითარი კავშირი მკითხაობასთან; არავითარი რელიგიური აგრესია; თვითდასახიჩრება ან საკრალური პროსტიტუცია, ავხორცული და აღვირახსნილი ნაყოფიერების რიტუალები სრულიად აკრძალულია; არავითარი ადამიანური შესაწირავები; არავითარი შესაწირავები მკვდართათვის“. ყოველივე ეს ყურადღებას ამახვილებს ერთ ფაქტზე: იეჰოვა წმინდაა და არ იწყნარებს ანუ არ იწონებს არანაირ ცოდვასა თუ გახრწნილებას (აბაკუმი 1:13). ღვთის თაყვანისმცემელი და მისთვის მსხვერპლის შემწირველი ფიზიკურად, ზნეობრივად და სულიერად წმინდა და შეუბღალავი უნდა იყოს (ლევიანნი 19:2; 1 პეტრე 1:14—16).
10. პავლეს მიერ რომაელთა 12:1, 2-ში ჩაწერილი შეგონების თანახმად, რაში უნდა შევამოწმოთ საკუთარი თავი?
10 მხედველობაში უნდა გვქონდეს ყოველივე ეს და საგულდაგულოდ გადავამოწმოთ ჩვენი ცხოვრების ნებისმიერი მხარე, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენი მსახურება იეჰოვასთვის მისაღებია. არასოდეს უნდა ვიფიქროთ, რომ სანამ ზოგიერთ ქრისტიანულ შეხვედრას ვესწრებით და მსახურებაში ვმონაწილეობთ, პირად ცხოვრებაში თუ რას ვაკეთებთ, ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. არც ის უნდა ვიფიქროთ, რომ ქრისტიანული მოღვაწეობა ასე თუ ისე გვათავისუფლებს ცხოვრების სხვა სფეროებში ღვთის რჯულის მოთხოვნების შესრულებისგან (რომაელთა 2:21, 22). თუ ჩვენი აზროვნება და მოქმედება ღვთის თვალში რამე უწმინდურითა და სიბილწით არის შებღალული, მისგან კურთხევების მიღებისა და მისი კეთილგანწყობის იმედი არ უნდა გვქონდეს. გვახსოვდეს პავლეს სიტყვები: „შეგაგონებთ, ძმებო, ღვთის წყალობებით, რომ შესწიროთ თქვენი სხეული ცოცხალ, წმიდა, ღვთის სასურველ მსხვერპლად — თქვენი სულიერი მსახურება. და ნუ დაემსგავსებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება — კეთილი, სასურველი და სრულყოფილი“ (რომაელთა 12:1, 2).
მთელი გულით შესწირეთ ქების მსხვერპლი
11. რას ნიშნავს „სახალხოდ გაცხადება“, რომლის შესახებაც ებრაელთა 10:23-შია ლაპარაკი?
11 ებრაელებისთვის მიწერილ წერილში პავლე ჭეშმარიტი თაყვანისცემის მნიშვნელოვან ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას: «მტკიცედ მივყვეთ იმედის აღსარებას [„სახალხოდ გაცხადებას“ აქ], ვინაიდან აღმთქმელი სარწმუნოა» (ებრაელთა 10:23). გამოთქმა „სახალხოდ გაცხადება“ სიტყვასიტყვით „აღსარებას“ ნიშნავს; პავლე სხვაგან კი ‘ქების მსხვერპლზეც’ ლაპარაკობს (ებრაელთა 13:15). ეს შეგვახსენებს ისეთ მსხვერპლს, რომელთაც ისეთი ადამიანები სწირავდნენ, როგორებიც იყვნენ აბელი, ნოე და აბრაამი.
12, 13. რას აღიარებდნენ ისრაელები ყოვლადდასაწველი მსხვერპლის აღვლენისას და რის გაკეთება შეგვიძლია ჩვენ იმავე სულისკვეთების გამოსავლენად?
12 როდესაც ისრაელი ყოვლადდასაწველ მსხვერპლს სწირავდა, ამას „თავისი სურვილით“ აკეთებდა „უფლის წინაშე“ (ვაიკრა 1:3, „თორა“; [ლევიანნი 1:3]). ასეთი მსხვერპლის შეწირვით ის ყველას წინაშე ნებაყოფლობით აცხადებდა ანუ აღიარებდა იეჰოვას გულუხვ კურთხევებსა და სიყვარულიდან გამომდინარე მოწყალებას, რომელსაც ის თავისი ხალხის მიმართ ავლენდა. გაიხსენეთ ის თავისებურება, რომლითაც ყოვლადდასაწველი მსხვერპლი განსხვავდებოდა დანარჩენებისგან — ყოვლადდასაწველი მსხვერპლი სამსხვერპლოზე მთლიანად იწირებოდა, რაც ბოლომდე ერთგულებისა და ღვთისადმი მთლიანად მიძღვნის სათანადო სიმბოლო იყო. შესაბამისად, ჩვენ გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენასა და მადლიერებას ვავლენთ, როდესაც ნებაყოფლობით და მთელი გულით ვწირავთ იეჰოვას „ქების მსხვერპლს, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს“.
13 ქრისტიანები პირდაპირი გაგებით არ სწირავენ მსხვერპლს, ცხოველურსა თუ მცენარეულს, მაგრამ მათ აქვთ კეთილი ცნობის ქადაგებისა და ხალხის იესო ქრისტეს მოწაფეებად გახდომის ვალდებულება (მათე 24:14; 28:19, 20). სარგებლობთ თუ არა თქვენ ღვთის სამეფოს შესახებ ყველას წინაშე ქადაგების შესაძლებლობებით, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს იმ შესანიშნავი მომავლის შესახებ გაგება, რომელსაც ღმერთი მორჩილ კაცობრიობას ჰპირდება? ნებაყოფლობით ახმართ თუ არა დროსა და ენერგიას დაინტერესებულებთან შესწავლის ჩატარებას და ეხმარებით თუ არა მათ იესო ქრისტეს მოწაფეებად გახდომაში? მსახურებაში ენთუზიაზმით ჩვენი მონაწილეობა ღვთისთვის ისევე საამურია, როგორც ყოვლადდასაწველი მსხვერპლი (1 კორინთელთა 15:58).
იხარეთ ღმერთთან და ადამიანებთან მეგობრობით
14. როგორი პარალელი არსებობს ებრაელთა 10:24, 25-სა და საზიარო შესაწირავის მიზანს შორის?
14 ბოლოს კი პავლე ყურადღებას ღვთის თაყვანისმცემლობის დროს თანაქრისტიანებთან ჩვენს ურთიერთობაზე ამახვილებს. „ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ შევაგონოთ ერთმანეთს. და, მით უმეტეს, რაც უფრო მეტად ატყობთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრაელთა 10:24, 25). გამოთქმები „წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის“, „ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს“ და „შევაგონოთ ერთმანეთს“ შეგვახსენებს, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ღვთის ხალხისთვის ისრაელში საზიარო შესაწირავი.
15. რა პარალელს ვხედავთ საზიარო შესაწირავსა და ქრისტიანულ კრებებს შორის?
15 გამოთქმა „საზიარო შესაწირავი“ ზოგჯერ „სამშვიდობო შესაწირავადაც“ ითარგმნება. „სამშვიდობოდ“ თარგმნილი ებრაული სიტყვა აქ მრავლობით რიცხვშია გამოყენებული, რაც, ალბათ, იმაზე მიუთითებს, რომ ასეთ მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობის მიღებას ღმერთთან და თანათაყვანისმცემლებთან მშვიდობა მოაქვს. საზიარო შესაწირავთან დაკავშირებით ერთი სწავლული აღნიშნავს: „ეს კავშირების დამდებ ღმერთთან ურთიერთობის მართლაც შესანიშნავი დრო იყო, როცა ღმერთი ინებებდა და ისრაელებს მსხვერპლშესაწირავის სადილზე ესტუმრებოდა ხოლმე, თუმცა თვითონ იყო ყოველთვის მათი მასპინძელი“. ყოველივე ეს გვახსენებს იესოს დანაპირებს: „სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქა ვარ მათ შორის“ (მათე 18:20). ყოველთვის, როდესაც ქრისტიანულ შეხვედრებს ვესწრებით, აღმშენებლობით ურთიერთობებს, გამამხნევებელ დარიგებებსა და იმ აზრს, რომ ჩვენი უფალი, იესო ქრისტე, ჩვენთან არის, ჩვენთვის სარგებლობა მოაქვს. ყოველივე ეს ქრისტიანულ კრებებს ნამდვილად სასიამოვნოსა და რწმენის განმამტკიცებელს ხდის.
16. მხედველობაში გვქონდეს საზიარო შესაწირავი და პასუხი გავცეთ კითხვას: რა ხდის ქრისტიანულ კრებებს განსაკუთრებით სასიამოვნოს?
16 საზიარო შესაწირავის შეწირვისას მთელი ქონი, რომელიც ნაწლავების, თირკმელებისა და ღვიძლის გარშემო, ასევე ფერდებზე იყო, აგრეთვე მთელი დუმა იეჰოვას შესაწირავად იწვებოდა, რაც სამხვერპლოზე კვამლის ღრუბელს ქმნიდა (ლევიანნი 3:3—16). ქონი ცხოველის ყველაზე ყუათიან და საუკეთესო ნაწილად ითვლებოდა. სამსხვერპლოზე მისი აღვლენა იეჰოვასთვის საუკეთესო ნაწილის მიცემას ნიშნავდა. ქრისტიანულ შეხვედრებს განსაკუთრებით სასიხარულოს ხდის არა მარტო დარიგებების მიღება, არამედ იეჰოვას განდიდებაში მონაწილეობაც. ამის კეთება კი მოკრძალებულად, მაგრამ მთელი ძალისხმევით, სიმღერების გულიანად შესრულებით, ყურადღებით მოსმენითა და, შესაძლებლობის შემთხვევაში, კომენტარების თქმით შეგვიძლია. «ადიდეთ უფალი, — ამბობდა ფსალმუნმომღერალი. — უგალობეთ უფალს გალობა ახალი, მისი დიდება წმიდათა კრებულში [„ერთგულთა კრებაში“, აქ]» (ფსალმუნი 149:1).
იეჰოვასგან უხვი კურთხევები გველის
17, 18. ა) რამდენი მსხვერპლი შესწირა ღმერთს სოლომონმა ღვთისადმი იერუსალიმის ტაძრის მიძღვნისას? ბ) ხალხის რა კურთხევები მოჰყვა იეჰოვასთვის ტაძრის მიძღვნის ცერემონიალს?
17 იერუსალიმში იეჰოვასთვის ტაძრის მიძღვნისას, ძვ. წ. 1026 წლის მეშვიდე თვეს, მეფე სოლომონმა შესწირა „მსხვერპლი უფალს“, რომელშიც შედიოდა «აღსავლენი [„ყოვლადდასაწველი“, აქ], . . ძღვენი [„პურის შესაწირავი“ აქ] და სამადლობელი მსხვერპლის [„საზიარო მსხვერპლის“, აქ] ცხიმები». იმ დროს პურის შესაწირავის გარდა ღმერთს შესწირეს 22 000 ხარი და 120 000 ცხვარი (მესამე მეფეთა 8:62—65).
18 შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ასეთი გრანდიოზული ცერემონიალის ღირებულება და გაწეული სამუშაოს მასშტაბურობა? მაგრამ კურთხევები, რომლებიც ისრაელმა მიიღო, აშკარად აჭარბებდა გაღებულ მსხვერპლს. ამ დღესასწაულის ბოლოს სოლომონმა „გაისტუმრა ხალხი; დალოცეს მეფე და წავიდ-წამოვიდნენ თავ-თავის კარვებში მხიარულნი და გულსავსენი იმ სიკეთის გამო, რაც გაუკეთა უფალმა დავითს, თავის მორჩილს, და ისრაელს, თავის ერს“ (მესამე მეფეთა 8:66). მართლაც, როგორც სოლომონმა აღნიშნა, „უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და მწუხარება არ ეწევა მას“ (იგავნი 10:22).
19. რის გაკეთება შეგვიძლია იეჰოვასგან უხვი კურთხევების მისაღებად ახლაც და მომავალშიც?
19 ჩვენ იმ დროში ვცხოვრობთ, როდესაც ‘მომავალ სიკეთეთა აჩრდილს’ „თვით საგანთა ხატება“ ცვლის (ებრაელთა 10:1). იესო ქრისტე, რომლის სიმბოლოც მღვდელმთავარი იყო, უკვე თვით ზეცაშია შესული და წარდგენილი აქვს საკუთარი სისხლის ფასი, რომელიც მათ გამოსასყიდად გაიღო, ვინც რწმენას ავლენს მის მიერ გაღებული მსხვერპლისადმი (ებრაელთა 9:10, 11, 24—26). ამ დიდებული მსხვერპლის საფუძველზე და ღვთისათვის წმინდა და შეუბღალავი ქების მსხვერპლის მთელი გულით შეწირვით ჩვენც შეგვიძლია „მხიარული და გულსავსენი“ ვიყოთ და მომავალში იეჰოვასგან უხვ კურთხევებს მოველოდეთ (მალაქია 3:10).
-