დაიცავით შვილი უბედური შემთხვევებისგან
ჩვენი კორესპონდენტისგან შვედეთში
სამიოდე წლის ჰანა თავის მშობლებთან, კარლ-ერიკთან და ბირგიტასთან, ერთად იყო, როდესაც ისინი გარდაცვლილი მეზობლის სახლს ალაგებდნენ. ცოტა ხანში ბავშვი ოთახიდან წამლის ბოთლით ხელში გამოვიდა; მას რამდენიმე აბი უკვე გადაეყლაპა. როდესაც ბირგიტამ წამლის ბოთლი შეამოწმა, თავზარი დაეცა — მასში გარდაცვლილი მეზობლის გულის წამალი იყო.
ჰანა საავადმყოფოში გააქანეს, სადაც მთელი ღამე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ჰყავდათ. მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული წამლის მიღებულ დოზას ბავშვის ჯანმრთელობაზე სამუდამო დაღის დასმა შეეძლო, მას არაფერი დაშავებია. რატომ? იმიტომ რომ აბების გადაყლაპვამდე მარცვლეულის ფაფა ჰქონდა ნაჭამი. ფაფა, რომელმაც საწამლავის გარკვეული ნაწილი შეიწოვა, ბავშვმა აღებინა.
ჰანას შემთხვევა ერთადერთი არ არის. ყოველდღიურად მსოფლიოში ათასობით ბავშვი ისეთი უბედური შემთხვევების მსხვერპლი ხდება, რომლებიც ექიმთან ან საავადმყოფოში წაყვანის აუცილებლობას ქმნის. შვედეთში ყოველწლიურად რვიდან ერთ ბავშვს ეწევა სამედიცინო დახმარება უბედური შემთხვევის გამო. აქედან გამომდინარე, თუ მშობელი ხართ, სავსებით შესაძლებელია, რომ მსგავსი რამ თქვენს შვილსაც შეემთხვას.
გასაკვირი არ არის, რომ ხშირად ბავშვები ნაცნობ გარემოში — მაგალითად სახლში ან მის ახლომახლო — ღებულობენ ტრავმას. ასაკის მომატებასთან ერთად ტრავმის სახეობაც იცვლება. ჩვილი ბავშვი შეიძლება ადვილად გადმოვარდეს საწოლიდან; აგრეთვე შეიძლება ყელში ლუკმა ან პატარა რამ გაეჩხიროს. ცოტა უფრო მოზრდილი ბავშვები ხშირად ცვივიან, როდესაც რაღაცაზე აძვრებიან ხოლმე, აგრეთვე დამწვრობას ღებულობენ ან იწამლებიან, როდესაც ეხებიან ან სინჯავენ რაღაცას, რაზეც ხელი მიუწვდებათ. სკოლის ასაკის ბავშვები ხშირად ავტომობილს უვარდებიან ქვეშ ან გარეთ თამაშისას ღებულობენ ტრავმას.
ამ უბედური შემთხვევებიდან ბევრის თავიდან აცილება შესაძლებელია. ცოტაოდენი წინდახედულობა და შვილის განვითარების დონის ცოდნა საშუალებას მოგცემთ, ტრავმის ან თვით საბედისწერო შემთხვევის თავიდან აცილებაშიც კი დაეხმაროთ მას. ამას ადასტურებს ბავშვთა დაცვის პროგრამა, რომელიც შვედეთში 1954 წლიდან ხორციელდება. მანამდე უბედური შემთხვევებისას ყოველწლიურად 450-ზე მეტი ბავშვი იღუპებოდა. დღეისათვის ეს რიცხვი დაახლოებით 70-მდე შემცირდა.
სახლში
„შეუძლებელია ორი-სამი წლის ბავშვს ასწავლო, მოერიდოს საფრთხეს, და დაიმედდე, რომ ის ამას დაიმახსოვრებს“, — ამბობს ბავშვთა ფსიქოლოგი კეშტინ ბაკსტრომი. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა — დაეხმაროთ შვილს უბედური შემთხვევების თავიდან არიდებაში — დაკისრებულია თქვენზე, როგორც მშობელზე, ან სხვა უფროსებზე, რომლებთანაც ის დროდადრო რჩება.
პირველ რიგში, მოათვალიერეთ საკუთარი სახლი. გამოიყენეთ შემდეგ გვერდზე ჩარჩოში მოცემული მითითებები. ზოგ ქვეყანაში შეიძლება არ იშოვებოდეს გარკვეული დამცავი მოწყობილობა, ან იშოვებოდეს, მაგრამ მიუწვდომელ ფასებში. როგორც უნდა იყოს, მცირეოდენი მოსაზრებულობისა და ფანტაზიის წყალობით, ალბათ, შეძლებთ ისეთი რამ მოიგონოთ, რის გაკეთების საშუალებასაც თქვენი პირობები გაძლევთ.
მაგალითად, თუ სამზარეულოში უჯრებს მარყუჟისებრი სახელურები აქვს, მათ ჩასაკეტად შეგიძლიათ სახელურებში ჯოხი გაუყაროთ. იმავეს გაკეთება შეგიძლიათ ჰაერღუმლის კარის ჩასაკეტად. ცელოფნის პარკები ბევრად უფრო უსაფრთხოა, თუ ერთად შეკრულს ინახავთ.
შეიძლება თვითონ მოიგონოთ სხვა მარტივი საშუალებები სახლში თუ გარეთ უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად და იმ მეგობრებსა და ნაცნობებსაც გაუზიაროთ, რომლებსაც პატარა ბავშვები ჰყავთ.
გარეთ
დაათვალიერეთ ის ადგილები, სადაც თქვენი ბავშვი თამაშობს. ოთხ წელზე მეტი ხნის ბავშვები ტრავმების უმეტესობას გარეთ თამაშისას ღებულობენ. ისინი ეცემიან და რამეს იტკენენ ხოლმე; შეიძლება ველოსიპედით სეირნობის დროსაც დაეცნენ. სამიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებს შორის სახლის გარეთ სიკვდილით დამთავრებული უბედური შემთხვევებიდან ყველაზე გავრცელებულია ავტომობილის ქვეშ ჩავარდნა ან წყალში დახრჩობა.
როდესაც სათამაშო მოედანს ათვალიერებთ, შეამოწმეთ, ყველაფერი მწყობრშია თუ არა, რომ ბავშვი თამაშის დროს არ დაზიანდეს. არის თუ არა საქანელას ან მსგავსი სახის სხვა მოწყობილობის ქვეშ რბილი ზედაპირი, მაგალითად ნაყარი სილა, რომ ჩამოვარდნის შემთხვევაში ბავშვმა არაფერი იტკინოს?
ხომ არ არის თქვენი სახლის მახლობლად წყლის გუბეები ან ნაკადულები? ერთი-ორი წლის ბავშვი სულ რამდენიმე სანტიმეტრიან წყალშიც კი შეიძლება დაიხრჩოს. „როდესაც პატარა ბავშვი გუბეში პირქვე ვარდება, ორიენტაციას კარგავს, — ამბობს ბავშვთა ფსიქოლოგი ბაკსტრომი. — ბავშვი, უბრალოდ, ვეღარ დგება“.
ამიტომ დაიმახსოვრეთ შემდეგი უმთავრესი წესი: 1—3 წლის ბავშვი უფროსების მეთვალყურეობის გარეშე გარეთ სათამაშოდ მარტოკა არასოდეს გაუშვათ. თუ ახლომახლო რამე წყალია, მეთვალყურეობის გარეშე ნუ გაუშვებთ ბავშვს გარეთ სათამაშოდ, სანამ საკმაოდ არ წამოიზრდება.
სადაც ტრანსპორტი მოძრაობს
იგივენაირად უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს სახლთან ტრანსპორტი მოძრაობს. „სკოლამდელი ასაკის ბავშვი მხოლოდ გარკვეულ სიგნალებს აღიქვამს და ერთდროულად სხვადასხვა რამეზე ვერ ახდენს კონცენტრირებას, — აღნიშნავს ბაკსტრომი. — ტრანსპორტის მოძრაობა კი სავსეა გაურკვევლობებით“. არ დართოთ ბავშვს დამოუკიდებლად ქუჩის გადაკვეთის ნება, სანამ სკოლის ასაკი არ შეუსრულდება. სპეციალისტების თქმით, ტრანსპორტით გადატვირთულ ქუჩაში ბავშვის ველოსიპედით მარტო გაშვება მანამ არ შეიძლება, სანამ სულ მცირე 12 წლის არ გახდება.
ასწავლეთ შვილებს, რომ უსაფრთხოების მიზნით ჩაფხუტი დაიხურონ, როდესაც ჯირითობენ, ციგაობენ ან ველოსიპედით თუ „როლიკებით“ სეირნობენ. თავის არეში მიღებული ტრავმის მკურნალობა ძალიან ძნელია და შეიძლება სამუდამო კვალი დატოვოს ან საბედისწეროც კი აღმოჩნდეს! ბავშვთა ერთ კლინიკაში ველოსიპედით დამტვრეული ბავშვების 60 პროცენტს თავისა და სახის არეში ჰქონდა მიღებული ტრავმა, მათ კი, ვინც ჩაფხუტს ხმარობდა, თავის არეში არანაირი მძიმე ტრავმა არ მიუღიათ.
ავტომობილით მგზავრობის დროსაც იზრუნეთ შვილის უსაფრთხოებაზე. ბევრ ქვეყანაში კანონით მოითხოვება, რომ პატარა ბავშვები სპეციალურ უსაფრთხოების საჯდომებში ისხდნენ. ეს დიდად ამცირებს ავარიის დროს ბავშვების მიერ ტრავმის მიღებისა და მათი სიკვდილიანობის რაოდენობას. თუ იქ, სადაც თქვენ ცხოვრობთ, იშოვება უსაფრთხოების საჯდომები, კარგი იქნებოდა გამოგეყენებინათ. მაგრამ შეამოწმეთ, ლიცენზირებულია თუ არა ეს მოდელი. აღსანიშნავია, რომ ჩვილებისთვის განკუთვნილი საჯდომები განსხვავდება დაახლოებით სამ წელს გადაცილებული ბავშვების საჯდომებისგან.
შვილები ძვირფასი საჩუქარია იეჰოვასგან და გვინდა, რომ ყველანაირად ვიზრუნოთ მათზე (ფსალმუნი 126:3, 4). როგორც კარგი მშობლები, კარლ-ერიკი და ბირგიტა ყოველთვის ფიქრობდნენ შვილების დაცვაზე — როგორც ჰანას ზემოხსენებულ შემთხვევამდე, ისე მას შემდეგ. „მაგრამ, რასაკვირველია, იმ შემთხვევის შემდეგ უფრო ვფრთხილობთ“, — ამბობს კარლ-ერიკი. „ახლა უკვე შვილიშვილები გვყავს და ყოველთვის ყურადღებას ვაქცევთ, რომ წამლები დაკეტილში გვქონდეს“, — ამატებს ბირგიტა.
[ჩარჩო 24 გვერდზე]
უსაფრთხოება თქვენს სახლში
• წამლები: შეინახეთ ისინი საკეტიან კარადაში, რომ ბავშვებმა ვერ აიღონ. ეს ეხება როგორც ურეცეპტო, ისე ბალახებით დამზადებულ წამლებსა და ვიტამინებს. ღამის გასათევად დარჩენილ სტუმრებსაც სთხოვეთ, უსაფრთხო ადგილას შეინახონ თავიანთი წამლები.
• საყოფაცხოვრებო ქიმიკატები: შეინახეთ ისინი ბავშვებისთვის მიუწვდომელ საკეტიან კარადაში. არ გადაასხათ ან არ გადაიღოთ სხვა რამეში, რომ ადვილად გასარჩევი იყოს, რა არის. როცა იყენებთ, თვალი არ მოაცილოთ და აუცილებლად ყოველთვის შეინახეთ, თუნდაც ოთახიდან ერთი წუთით გადიოდეთ. არასდროს ჩატოვოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში სარეცხი საშუალების ნალექი.
• ქურა: ყურადღება მიაქციეთ, რომ ქურაზე დადგმულ ჭურჭელს სახელურები ქურის შიდა ნაწილისკენ ჰქონდეს მიქცეული. თუ შესაძლებელია, იზრუნეთ, რომ ქვაბი რამეთი იყოს დაცული. ქურა გამაგრებული გქონდეთ, რომ, თუ ბავშვი ჰაერღუმლის ღია კარზე აცოცდება, არ გადმოყირავდეს. თვითონ ჰაერღუმლის კარსაც საკეტი უნდა ჰქონდეს. შესაძლებელია, რომ ჰაერღუმლის კარზე შეხებით ბავშვმა რამე დაიწვას? თუ დიახ, იზრუნეთ გისოსებზე ან სხვა რამეზე, რომ ბავშვი გახურებულ კარს ვერ შეეხოს.
• სახიფათო საყოფაცხოვრებო ნივთები: დანები, მაკრატლები და სახიფათო ხელსაწყოები უნდა შეინახოთ საკეტებიან ან რაზებიან კარადებსა თუ უჯრებში ან ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას. გამოყენებისას არ დადოთ ასეთი ნივთები მაგიდის ან სხვა რამის კიდეზე, სადაც ბავშვი მისწვდება. პატარებისთვის ასანთი და ცელოფნის პარკებიც სახიფათოა.
• კიბეები: კიბეებს ორივე მხრიდან სულ მცირე 70-75 სანტიმეტრი სიმაღლის მოაჯირი გაუკეთეთ.
• ფანჯრები და აივნის კარები: ისეთი რაზები, ჯაჭვები ან სხვა დამცავი რამ დაუყენეთ მათ, რომ ბავშვებმა ვერ გააღონ ან ვერ გაძვრნენ, როცა ოთახის გასანიავებლად გაქვთ გაღებული.
• წიგნების თაროები: თუ ბავშვს რამეზე აძრომა და ჩამოკიდება უყვარს, კედელზე საიმედოდ მიამაგრეთ წიგნის თაროები და სხვა მაღალი ავეჯი, რომ ზედ არ დაეცეს.
• შტეფსელის როზეტები და ელექტროზონრები: როცა შტეფსელის როზეტებს არ იყენებთ, უსაფრთხოების მიზნით რამე უნდა მოუხერხოთ მათ. სამაგიდო ელექტროლამპის ან სხვა მსგავსი რამის ზონრები კედელზე ან ავეჯზე უნდა მიამაგროთ, რომ ბავშვმა არ გადმოაგდოს და დენმა არ დაარტყას; ან საერთოდ მოაცილეთ ასეთი ლამპები. არასოდეს დატოვოთ უთო საუთოებელ მაგიდაზე და არც ზონარი გქონდეთ ჩამოკონწიალებული.
• ცხელი წყალი: თუ შეგიძლიათ ცხელი წყლის ტემპერატურის რეგულირება, დაიყვანეთ დაახლოებით 50 გრადუსამდე, რომ, თუ ბავშვი ონკანს მოუშვებს, არ დაიმდუღროს.
• სათამაშოები: თავიდან მოიცილეთ მჭრელკიდეებიანი ან კუთხეებიანი სათამაშოები. გადაყარეთ აგრეთვე პატარა ან ისეთი სათამაშოები, რომლებიც შეიძლება პატარა ნაწილებად დაიშალოს, რადგან, თუ ბავშვი პირში ჩაიდებს მათ, შეიძლება დაიხრჩოს. დათუნიებზე თვალები და ცხვირი საიმედოდ უნდა იყოს მიმაგრებული. ასწავლე უფროს შვილებს, რომ, როცა ბავშვი იატაკზე ზის, ააცალონ თავიანთი პატარა სათამაშოები.
• კამფეტი და სხვა სასუსნავი: არ დატოვოთ ხელმისაწვდომ ადგილზე კამფეტი ან სხვა სასუსნავი, მაგალითად მიწის თხილი ან კარამელი. ისინი შეიძლება ხახაზე მიეკრას ბავშვს.
[საავტორო უფლება]
მომზადდა ბავშვთა ომბუდსმენის ოფისში.
[ჩარჩო 24 გვერდზე]
უბედური შემთხვევის დროს
• მოწამვლა: თუ ბავშვმა რამე შხამიანი სითხე დალია, პირი კარგად გამოურეცხეთ და ერთი-ორი ჭიქა წყალი ან რძე დაალევინეთ. შემდეგ რჩევისთვის ექიმს ან ტოქსიკოლოგიურ საინფორმაციო ცენტრს დაუკავშირდით. თუ მას თვალში რამე მწველი ნივთიერება მოხვდა, ნუ დააყოვნებთ და სულ მცირე ათი წუთი მაინც ჰბანეთ ბევრი წყლით.
• დამწვრობა: უმნიშვნელო დამწვრობის შემთხვევაში საჭიროა ცივი (ოღონდ არა ძალიან ცივი) წყლის გამოყენება სულ მცირე ოცი წუთის განმავლობაში. თუ დამწვრობა ბავშვის ხელისგულზე დიდია ან სახის, სახსრის, მუცლის ქვედა ნაწილისა თუ სასქესო ორგანოების არეშია, ბავშვი გადაუდებელი დახმარების კაბინეტში უნდა წაიყვანოთ. კანის ღრმა დამწვრობას ყოველთვის ექიმთან მკურნალობა სჭირდება.
• ყელში რაიმეს გაჩხერა: თუ ბავშვს სასულეში რაიმე გაეჩხირა, სასწრაფოდ უნდა ამოაცალოთ. ამის ერთი ეფექტური საშუალებაა ჰაიმლიკის ხერხი (მუცლის ზედა არეში ხელის ამოკვრა). თუ არ იცით, როგორ კეთდება ეს, მეტი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან დაესწარით ბავშვთა უბედურ შემთხვევებთან თუ პირველი დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებით გამართულ კურსებს, სადაც ამ მეთოდს ასწავლიან.
[საავტორო უფლება]
მოამზადა შვედეთის წითელმა ჯვარმა.
[სურათი 25 გვერდზე]
ველოსიპედით სეირნობისას უსაფრთხოების მიზნით ჩაფხუტის გამოყენება.
[სურათი 25 გვერდზე]
უსაფრთხოება ავტომობილში.