საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რამდენად უსაფრთხოა ჩვენი საკვები?
    გამოიღვიძეთ! — 2002 | მარტი 8
    • რამდენად უსაფრთხოა ჩვენი საკვები?

      თუკი დღეში სამჯერ ვიკვებებით, გამოვა, რომ 70 წლისთვის 75 000-ჯერ მოგვიწევს საჭმლის ჭამა. ტიპიური ევროპელისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, ის დაახლოებით 10 000 კვერცხს, 5 000 მთლიან პურს, 100 ტომარა კარტოფილს, 3 ძროხასა და 2 ცხვარს მიირთმევს. მიუხედავად ამისა, ჭამის პროცესი სულაც არ არის დამამძიმებელი. პირიქით! ხომ გვსიამოვნებს ასეთი ფრაზის მოსმენა: „ღმერთმა შეგარგოს!“. ერთი კულინარული სასწავლებლის დირექტორმა ისიც კი თქვა, რომ „საჭმელი სიცოცხლის დედაბოძია“!

      ჩვეულებრივ, ჩვენ ვთვლით, რომ საჭმელი, რომელსაც მივირთმევთ, უსაფრთხო და სასარგებლოა. მაგრამ ამ 75 000 ულუფიდან მხოლოდ ერთში რომ ყოფილიყო რაიმე საზიანო, შესაძლოა სერიოზულად დავავადებულიყავით. ამიტომაც გვიჩნდება კითხვა: შეგვიძლია, დარწმუნებული ვიყოთ იმაში, რომ ჩვენი საჭმელი უვნებელია? ჩანს, რომ დღესდღეობით სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს ეპარება ამაში ეჭვი. ზოგ ქვეყანაში საკვების უსაფრთხოების საკითხი მთავარ საზრუნავად არის ქცეული. რატომ?

      რა იწვევს შეშფოთებას

      არაჯანსაღი საკვების მიღების შედეგად ყოველწლიურად ევროპის მოსახლეობის დაახლოებით 15 პროცენტი ავადდება. მაგალითად, გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში საჭმელში გამოყენებული ტოქსიკური მცენარეული ზეთისგან ესპანეთში 1 000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20 000 — სერიოზულად დაავადდა. 1999 წელს ბელგიის მოსახლეობას თავზარი დაეცა, როდესაც შეიტყვეს, რომ კვერცხში, შინაური ფრინველების ხორცში, ყველსა და კარაქში, შესაძლოა, ყოფილიყო შხამიანი ნივთიერება დიოქსინი. მოგვიანებით, ბრიტანეთის მოსახლეობა შეძრა იმ ცნობამ, რომ საქონელი ენცეფალოპათიით („ძროხის ცოფით“) იყო ინფიცირებული, რამაც საქონლის ხორცის წარმოებას დიდი დარტყმა მიაყენა. შემდეგ იფეთქა თურქულის ეპიდემიამ, რის გამოც მილიონობით ძროხა, ცხვარი, ღორი და თხა დახოცეს.

      ასეთი დიდი საფრთხის გარდა ხალხს საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით სხვა ფაქტორებიც აფიქრებს. ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ იმ ახალი ტექნოლოგიების გამო, რომლებსაც ამჟამად კვების პროდუქტების მოსაყვანად და დასამუშავებლად იყენებენ. 1998 წელს ევროკომისია წერდა: „ისეთი ახალი ტექნოლოგიები, როგორებიცაა სასურსათო კულტურების დასხივება და გენური ინჟინერია, დიდ კამათს იწვევს“. გვიუმჯობესებენ თუ გვიუარესებენ ასეთი თანამედროვე სამეცნიერო ტექნოლოგიები საკვებს? და რა გავაკეთოთ, მაქსიმალურად რომ გავაუვნებელვყოთ საკვები პროდუქტები?

  • რას ვუშვრებით ჩვენს საკვებს?
    გამოიღვიძეთ! — 2002 | მარტი 8
    • რას ვუშვრებით ჩვენს საკვებს?

      საკვებში რაიმე ცვლილებების შეტანა ახალი იდეა როდია. თაობიდან თაობაში ადამიანები უფრო და უფრო იწაფებოდნენ ამ მხრივ. საგულდაგულო სელექციის შედეგად ადამიანმა მარცვლეულისა და ხილ-ბოსტნეულის, აგრეთვე მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი საქონლის ახალი ჯიშები გამოიყვანა. შეერთებული შტატების კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების მაკონტროლებელი ორგანიზაციის (U.S. Food and Drug Administration) წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „თითქმის ყოველი პროდუქტი, რომელსაც ყიდულობთ, სელექციის ნაყოფს წარმოადგენს“.

      მხოლოდ სელექციის შედეგად არ ხდება საკვებ პროდუქტებში ცვლილებების შეტანა. კვების მრეწველობა, პროდუქციის გემოსა თუ ფერის გასაუმჯობესებლად ან მისი სტანდარტიზაციისა და შენახვისთვის, დამზადებისა და გადამუშავების მრავალგვარ ხერხს მიმართავს. ხალხი უკვე შეეჩვია ისეთი საკვები პროდუქტების შეძენას, რომელშიც ამა თუ იმ სახითაა შეტანილი ცვლილებები.

      ამავე დროს იზრდება მომხმარებელთა რიცხვი, რომლებიც შეშფოთებული არიან საკვების დამზადებისას გამოყენებული მეთოდებით. რატომ? ზოგიერთი შიშობს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გამო საკვების უვნებლობა სათუო ხდება. აქვს თუ არა ასეთ შიშს საფუძველი? მოდით განვიხილოთ ის სამი მხარე, რომლებიც დიდ მითქმა-მოთქმას იწვევსa.

      ჰორმონები და ანტიბიოტიკები

      1950 წლიდან დაწყებული, ზოგან შინაური ფრინველის, ღორისა და მსხვილფეხა რქოსანი საქონლის საკვებში ანტიბიოტიკების მცირე დოზით დამატება დაიწყეს. მიზანი ის გახლდათ, რომ შემცირებულიყო იმ ცხოველთა დაავადების რისკი, რომლებსაც ერთსა და იმავე სადგომში უყრიდნენ თავს. ზოგ ქვეყანაში კი პირუტყვთა ზრდის დასაჩქარებლად მათ საკვებში ჰორმონების შერევა დაიწყეს. ამბობენ, რომ ჰორმონები და ანტიბიოტიკები პირუტყვს ინფექციებისგან იცავს და მეცხოველეობასაც უფრო რენტაბელურს ხდის — ეს კი მომხმარებელსაც აწყობს, რადგან ამ შემთხვევაში პროდუქციას ფასი აკლდება.

      კეთილი, მაგრამ ამ დანამატებით გამოკვებილი ცხოველების ხორცი მავნებელი ხომ არ იქნება მომხმარებლისთვის? ევროპის თანამეგობრობის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია იმის ალბათობაზე, რომ შესაძლოა ბაქტერია გადაურჩეს ანტიბიოტიკს და ხორციდან მომხმარებლის ორგანიზმში გადავიდეს. აქვე ნათქვამია, რომ „თუ ამ ბაქტერიებიდან ზოგი, მაგალითად: სალმონელა და Campylobacter jejuni, კვების ჯაჭვის მეშვეობით ადამიანის ორგანიზმში აღმოჩნდება, შეიძლება სერიოზული დაავადებები გამოიწვიოს“. მაგრამ რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ კვების ჯაჭვის მეშვეობით ადამიანის ორგანიზმში არა მხოლოდ ბაქტერია მოხვდება, არამედ ანტიბიოტიკების ნარჩენებიც? მაშინ, ჩნდება იმის საშიშროება, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე მიკრობებმა შეიძლება თანდათანობით ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობა შეიძინონ.

      ახლა რაც შეეხება იმ ცხოველების ხორცს, რომელთაც საკვებში ჰორმონებს უმატებენ; მიუნხენის ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორი, დ-რი ჰაინრიხ კარკი, ამბობს: „ყველა სპეციალისტი ეთანხმება იმ აზრს, რომ ჰორმონებზე გაზრდილი ცხოველების ხორცი ჯანმრთელობისთვის უვნებელია იმ შემთხვევაში, თუ ჰორმონებს ინსტრუქციის მიხედვით იყენებენ“. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით გაზეთ „ვოხე“-ში ითქვა, რომ „ბოლო 15 წლის მანძილზე მკვლევარებმა ვერ შეძლეს ერთ საერთო აზრამდე მისვლა“. საფრანგეთში კი ხორცში ჰორმონების არსებობაზე ერთხმად გამოთქვამენ პროტესტს: „არა! ჰორმონები არ უნდა იქნეს გამოყენებული!“. ნათელია, რომ ეს საკითხი ჯერჯერობით გადაუჭრელია.

      საკვები პროდუქტების დასხივება

      1916 წლიდან შვედეთში და შემდეგ, სულ მცირე, 39 სხვა ქვეყანაში დაიწყეს კარტოფილის, სიმინდისა და ხორცის მცირე დოზებით დასხივება. რატომ? ითვლება, რომ დასხივების შედეგად ბაქტერიების, მწერებისა და პარაზიტების უმრავლესობა იხოცება, რითაც კვების პროდუქტების მეშვეობით დაავადებების გადაცემის რისკი მცირდება. დასხივების შედეგად პროდუქტის შენახვის ვადაც იზრდება.

      სპეციალისტები ამბობენ, რომ იდეალურ ვარიანტში ეკოლოგიურად სუფთა და ახლად მომზადებულ კერძს უნდა მივირთმევდეთ. მაგრამ ვის აქვს იმდენი დრო, რომ საჭმელი რეგულარულად ახალი პროდუქტებისგან მოამზადოს ხოლმე? „ათი წუთი საუზმისთვის, თხუთმეტი — სადილისა და ვახშმისთვის“, — ჟურნალ „ტესტის“ თანახმად ადამიანი საშუალოდ ამდენ დროს უთმობს საჭმლის მომზადებას. ამიტომ გასაკვირიც არაა, რომ მომხმარებელთა უმეტესობა უპირატესობას მზა ნაწარმს ანიჭებს, რომელსაც შენახვის ვადაც უფრო ხანგრძლივი აქვს. მაგრამ უსაფრთხოა კი პროდუქტები, რომელთაც ასხივებენ?

      1999 წელს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სპეციალისტთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებულ გამოკვლევათა შედეგები გამოაქვეყნა. მათი აზრით, დასხივებული პროდუქტები „საზიანო არ არის, თანაც საკვებ ნივთიერებებსაც საკმარისი ოდენობით შეიცავს“. ამ მეთოდის მხარდამჭერები პროდუქტების დასხივებას ადარებენ სამედიცინო ბინტების სტერილიზაციას (რომლებსაც აგრეთვე ასხივებენ) ან აეროპორტში ელექტროსკანერის მეშვეობით ბარგის შემოწმებას. მაგრამ კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ დასხივების შედეგად პროდუქტები ნაკლებად ყუათიანი ხდება და, შესაძლოა, ეს მეთოდი ჯერჯერობით უცნობი რისკის მატარებელიც კი იყოს.

      გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვები

      საკმაოდ დიდი ხანია, რაც გენეტიკოსები ერთი და იმავე სახეობის რომელიმე ორგანიზმის დნმ-დან აღებულ გენს სხვა ორგანიზმის დნმ-ში ნერგავენ. მაგრამ დღესდღეობით ისინი უფრო შორს წავიდნენ. მაგალითად, თევზისგან აღებული გენის მეშვეობით მათ მარწყვისა და პამიდვრის შედარებით უფრო ყინვაგამძლე ჯიშები გამოიყვანეს.

      ბევრი რამ ითქვა გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვების სასიკეთოდ და საწინააღმდეგოდb. ამ მეთოდის მხარდამჭერები ამბობენ, რომ სელექციური მემცენარეობის ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით უფრო ადვილია იმის განსაზღვრა, თუ რას მოიტანს ბიოტექნოლოგიის ეს დარგი მომავალში. ისინი იმასაც ამბობენ, რომ საკვების გენეტიკური მოდიფიკაცია მოსავლიანობის ზრდასა და შიმშილის აღმოფხვრასაც შეუწყობს ხელს. მაგრამ არის კი უსაფრთხო გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვები?

      ინგლისის, შეერთებული შტატების, აგრეთვე ბრაზილიის, ჩინეთის, ინდოეთის, მექსიკისა და ზოგიერთი სხვა განვითარებადი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიების წარმომადგენელთა ჯგუფმა მოდიფიცირებული საკვების ავკარგიანობასთან დაკავშირებით თავისი დასკვნები გამოიტანა და ეს დასკვნები 2000 წლის ივლისში გამოქვეყნდა: „დღეისათვის ტრანსგენური კულტურებისთვის 30 მილიონ ჰექტარზე მეტი ფართობია გამოყოფილი და ჩანს, რომ გენეტიკურად შეცვლილი მცენარეების ან მათგან დამზადებული საკვების გამო ხალხს ჯანმრთელობა არ შერყევია“. ზოგან გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტები ისევე უსაფრთხოდ ითვლება, როგორც რომელიმე ტრადიციული კერძი.

      მაგრამ არსებობს ისეთი რეგიონებიც, სადაც ამ საკვებს ეჭვის თვალით უყურებენ. ავსტრიაში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში გენეტიკურად შეცვლილი პროდუქტები ზოგიერთებში უნდობლობას იწვევს. ერთმა ჰოლანდიელმა პოლიტიკოსმა თქვა მათ შესახებ: „არსებობს ისეთი სახის პროდუქტები, რომლებიც უბრალოდ არ მოგვწონს“. მოწინააღმდეგენი ამბობენ, რომ საკვებში ცვლილებების შეტანა არაეთიკურია და, შესაძლოა, ეკოლოგიასაც აზიანებდეს.

      ზოგი მეცნიერი თვლის, რომ საკვების გენეტიკურად მოდიფიცირების მეთოდი ახლა იკიდებს ფეხს და ჯერ კიდევ ბევრი გამოკვლევაა ჩასატარებელი იმის დასადგენად, სარისკოა თუ არა მომხმარებლისთვის ასეთი მეთოდით დამზადებული პროდუქტები. მაგალითად, ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაცია თვლის, რომ გენური ინჟინერია მოსახლეობას დიდ სარგებლობას მოუტანს. თუმცა, მისივე აზრით, ზოგიერთი კითხვიდან — მაგალითად, შეუძლია თუ არა ასეთ საკვებს ალერგიის გამოწვევა — ჩანს, რომ „ამ კუთხით უკვე შემდგომი გამოკვლევების ჩატარებაა საჭირო“.

      გაწონასწორებულობა გადაწყვეტილების მიღებისას

      ზოგ ქვეყანაში კვების პროდუქტების 80 პროცენტი დამუშავებას ექვემდებარება. პროდუქციის გემოსა და ფერის გაუმჯობესებისთვის, აგრეთვე მისი სტანდარტიზაციის მიზნითა და შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად ხშირად იყენებენ დანამატებს. ერთ ცნობარში აღინიშნება, რომ „მრავალი სახის თანამედროვე პროდუქტი — მაგალითად, დაბალკალორიული საკვები, მზა პროდუქტები და ნახევარფაბრიკატები — დანამატების გარეშე ვერ დამზადდება“. ასეთი პროდუქტების შემადგენლობაში უფროა გენეტიკურად შემცვლელი ინგრედიენტები.

      კარგა ხანია, რაც მთელ მსოფლიოში ისეთ სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებს მიმართავენ, რომლებსაც ბევრი საზიანოდ მიიჩნევს. ამის ერთ-ერთი მაგალითი ტოქსიკური პესტიციდების გამოყენებაა. გარდა ამისა, კვების მრეწველობაში უკვე დანამატებსაც იყენებენ. მათ კი, თავის მხრივ, ზოგ მომხმარებელში ალერგიული რეაქციების გამოწვევა შეუძლიათ. მაგრამ ამ მეთოდებთან შედარებით გაცილებით მეტი ხიფათი ხომ არ მოაქვს ახლად დანერგილ კვების ტექნოლოგიებს? ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალისტებსაც კი არა აქვთ საერთო აზრი. ავტორიტეტული სამეცნიერო წყაროებიდან ზოგი ერთს უჭერს მხარს, ზოგი კი — მეორეს, რითაც უფრო მეტ გაუგებრობას იწვევენ.

      ბევრი ადამიანი თვლის, რომ თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით დამზადებულ საკვებს ვერსად გაექცევა. ისინი ფიქრობენ, რომ სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ მოსაგვარებელი; ასე რომ, არ უღირთ იმაზე ფიქრი, რომელი მეთოდით დამზადებული საკვები პროდუქტები შეიძინონ. მაგრამ არის ხალხის ისეთი კატეგორიაც, რომელსაც ეს საკითხი დიდად აღელვებს. რის გაკეთება შეგვიძლია, თუკი ვშიშობთ ჩვენი ან ჩვენი ოჯახის რაციონში ისეთი პროდუქტების შეტანას, რომლებიც შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გადამეტებულად იყო დამუშავებული? არსებობს რამდენიმე პრაქტიკული ნაბიჯი, რომელთა შესახებაც მომდევნო სტატიაში გვექნება საუბარი. მთავარია, ამ საკითხთან დაკავშირებით გაწონასწორებული თვალსაზრისი ვიქონიოთ.

      ისევე როგორც დღესდღეობით შეუძლებელია სრულყოფილი ჯანმრთელობის მიღწევა, ასევე შეუძლებელია საკვების უსაფრთხოების საკითხის სრულყოფილად გადაწყვეტა. გერმანულ ჟურნალ „ბუნება და კოსმოსის“ (Natur & kosmos) თანახმად, მათაც კი, ვინც საკვები პროდუქტების არჩევისა და მომზადების საკითხს ძალზე სერიოზულად ეკიდება, მაინც უწევთ კომპრომისზე წასვლა. რაც ერთს არგებს, სხვას შეიძლება ავნოს. განა უმჯობესი არ იქნება, გაწონასწორებული თვალსაზრისი ვიქონიოთ და მოვერიდოთ რადიკალურ შეხედულებებს?

      ცხადია, ბიბლია არ იძლევა რეკომენდაციას იმასთან დაკავშირებით, მივირთვათ თუ არა თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებული საკვები. მაგრამ მასში ვპოულობთ რჩევას, თუ რა თვისება უნდა განვივითაროთ სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად. ფილიპელთა 4:5-ში ნათქვამია: «თქვენი თავმდაბლობა [„კეთილგონიერება“, აქ] ცნობილი იყოს ყველა ადამიანისათვის». კეთილგონიერება დაგვეხმარება, გაწონასწორებული გადაწყვეტილებები მივიღოთ და უკიდურესობებში არ გადავვარდეთ. ის აგრეთვე თავს შეგვაკავებინებს იმისგან, რომ სხვებს ვუკარნახოთ, როგორ მოიქცნენ, და გვიხსნის უაზრო დებატებისგან მათთან, ვისაც ჩვენგან განსხვავებული თვალსაზრისი გააჩნია.

      მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ საკვებთან დაკავშირებული ბევრი საფრთხისთვის გვერდის ავლა შეგვიძლია. რომელი სხვადასხვა საფრთხე გვაქვს მხედველობაში და რა ზომების მიღება შეგვიძლია მათ საწინააღმდეგოდ?

      [სქოლიოები]

      a ის, თუ რას შევჭამთ, ძირითადად, ჩვენივე გადასაწყვეტია. ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ არ იძლევა რეკომენდაციას იმის თაობაზე, ვჭამოთ თუ არ ვჭამოთ ამ სტატიებში მოხსენიებული საკვებიდან რომელიმე, რა ტექნოლოგიითაც უნდა იყოს ის დამზადებული. ჟურნალის მიზანია, მკითხველს დღეისათვის არსებული ინფორმაცია მიაწოდოს.

      b იხილეთ „გამოიღვიძეთ!“-ის 2000 წლის 22 აპრილის გამოცემა (რუს.).

      [სურათი 14 გვერდზე]

      ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტებზე მოცემული ინფორმაცია.

  • როგორ გავხადოთ საკვები უფრო უსაფრთხო
    გამოიღვიძეთ! — 2002 | მარტი 8
    • როგორ გავხადოთ საკვები უფრო უსაფრთხო

      სახიფათოა ჭამა? სტატისტიკურ მონაცემებს თუ გადავხედავთ, შეიძლება ასეც ვიფიქროთ. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ევროპის რეგიონში ყოველწლიურად დაახლოებით 130 მილიონი ადამიანი ავადდება საკვებით მოწამვლის შედეგად. 1998 წელს მხოლოდ დიდ ბრიტანეთში საკვებით მოწამვლის 100 000-ზე მეტი შემთხვევა იყო აღრიცხული, აქედან 200 — სიკვდილით დასრულდა. ვარაუდობენ, რომ შეერთებულ შტატებში საკვებით მოწამვლის გამო ყოველწლიურად დაახლოებით 76 მილიონი ადამიანი ავადდება; აქედან 325 000 შემთხვევაში საავადმყოფოში დაწვენაა საჭირო, 5 000 კი — ტრაგიკულად მთავრდება.

      რთულია ზუსტი მონაცემების მიღება მთელი მსოფლიოდან. თუმცა, 1998 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყობინებოდა, რომ 2 200 000 ადამიანი მოკვდა დიარეის გამომწვევი დაავადებებისგან — აქედან 1 800 000 ბავშვი იყო. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ „ამ შემთხვევათა უმეტესობა საკვებისა და წყლის დაბინძურებით იყო გამოწვეული“.

      ეს ციფრები შეიძლება უშველებლად მოგეჩვენოთ. მაგრამ ღირს კი ამ სტატისტიკური მონაცემების გამო პანიკაში ჩავარდნა და საკვების ავკარგიანობაზე ფიქრი? ალბათ, არა. ვნახოთ სხვა მაგალითი. საკვების გამო ავსტრალიაში ყოველწლიურად დაახლოებით 4 200 000 ადამიანი ავადდება — ეს იმას ნიშნავს, რომ დღეში 11 500-მდე! ერთი შეხედვით ეს უზარმაზარი რიცხვია. მაგრამ მოდით, ამას ახლა სხვა კუთხით შევხედოთ. წლის განმავლობაში ავსტრალიელები დაახლოებით 20 მილიარდ ულუფას მიირთმევენ, რომლის მხოლოდ ერთი პროცენტის ორ მეასედზე ნაკლები უქმნის ჯანმრთელობას საფრთხეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაავადების რისკი ძალზე მცირეა.

      მაგრამ რისკი მაინც არსებობს. რატომ იწვევს საკვები დაავადებებს და რა ზომების მიღება შეიძლება ამ რისკის შესამცირებლად?

      საკვებით მოწამვლის მიზეზები

      როგორც ერთ-ერთ ჟურნალშია („Emerging Infectious Diseases“) ნათქვამი, საკვების მეშვეობით 200-ზე მეტი დაავადება გადადის. მაგრამ ამ დაავადებებს არც ისე ბევრი აღმძვრელი ჰყავს. კვების პროდუქტების საერთაშორისო საინფორმაციო სამსახურის (International Food Information Service) თანამშრომლის, დ-რ იან სუადლინგის თქმით, საკვები პროდუქტებით გამოწვეულ დაავადებათა შემთხვევების დაახლოებით 90 პროცენტს, როგორც ჩანს, ოცამდე სახეობის მიკროორგანიზმი იწვევს. როგორ ხვდებიან საკვებში დაავადების გამომწვევი ვირუსები, ბაქტერიები, პარაზიტები, შხამები და ა. შ.?

      დ-რ სუადლინგი ასახელებს საკვების მოწამვლის ხუთ, ყველაზე გავრცელებულ მიზეზს: „მოწამლული უმი პროდუქტების გამოყენება; ინფიცირებული/დაავადებული ადამიანების მიერ საჭმლის მომზადება; საჭმლის მირთმევამდე რამდენიმე საათით ადრე მომზადებული კერძის არასწორად შენახვა; პროდუქტების ჯვარედინი დაბინძურება საჭმლის მომზადების დროს; არასაკმარის ტემპერატურამდე აყვანა საჭმლის მომზადებისა და ხელმეორედ გაცხელების დროს“. თუმცა ამ ჩამონათვალში სასიამოვნო ბევრი არაფერია, მიზეზი ოპტიმიზმისთვის მაინც არსებობს. უმეტეს შემთხვევაში საკვები პროდუქტებით მოწამვლის თავიდან არიდება შესაძლებელია. თუ რა ზომების მიღება შეგიძლიათ იმისათვის, რომ საკვები უფრო უსაფრთხო გახადოთ, იხილეთ მე-16 და მე-17 გვერდებზე მოთავსებული ჩარჩო.

      გაწონასწორებულობა პროდუქტების არჩევისას

      საკვები პროდუქტების უსაფრთხოებით დაინტერესებულთ ახალი პროდუქტების ყიდვა და საჭმლის თავად მომზადება ურჩევნიათ. თუკი ასეთი მეთოდი თქვენთვისაც ხელსაყრელია, ეცადეთ შეიძინოთ ისეთი ახალი პროდუქტები, რომელთაც სპეციალური დამუშავება არ გაუვლიათ. მომხმარებელთათვის გამოცემულ ერთ ცნობარში ნათქვამია: „ახალი პროდუქცია რომ შეიძინონ და იცოდნენ, სად ხდება მისი წარმოება, ბევრი მომხმარებელი კონტაქტს ამყარებს სხვადასხვა მწარმოებელთან ბაზარზე [სადაც ყველაფერს ქორფასა და ახალს ყიდიან] ან საკვები პროდუქტების უშუალო წარმოების ადგილზე“. ეს შეიძლება პრაქტიკული აღმოჩნდეს ხორცის ან მისგან დამზადებული პროდუქტების ყიდვისას.

      ამასთანავე, კარგი იქნებოდა ადგილობრივი სეზონური პროდუქტების ყიდვა, რადგან მათში ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებათა არსებობის ალბათობა მეტია. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ მხოლოდ სეზონური პროდუქტებით შემოვიფარგლებით, უარის თქმა მოგვიწევს იმ ხილსა და ბოსტნეულზე, რომლებიც წლის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.

      გადავალთ თუ არა ნატურალურ საკვებზე, ჩვენივე გადასაწყვეტია. ნატურალურ პროდუქტებს ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, რომელთაგანაც ზოგი კვების მრეწველობაში გამოყენებად ახალ ტექნოლოგიებს ეჭვის თვალით უყურებს. მაგრამ ყველა არ ეთანხმება იმას, რომ ნატურალურად მოყვანილი პროდუქტები უფრო უსაფრთხოა.

      როგორიც უნდა იყოს თქვენი არჩევანი საკვების მხრივ, ყურადღებით შეამოწმეთ ის, რასაც ყიდულობთ. გაზეთ „ცაიტში“ მოყვანილი ერთი სპეციალისტის სიტყვები გვიჩვენებს, რომ „როცა საქმე ეხება საკვებს, მომხმარებელი მხოლოდ ფასს უყურებს“. კარგია, ყურადღება მიაქციოთ ფასს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მოცემული ინგრედიენტების ჩამონათვალის შემოწმებაც. ვარაუდობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებში მყიდველების თითქმის ნახევარი არ კითხულობს ეტიკეტზე მოცემულ ინფორმაციას პროდუქტის ყუათიანობის შესახებ. მართალია, ზოგ ქვეყანაში ეტიკეტებზე არ იძლევიან ამომწურავ ინფორმაციას ამის შესახებ, მაგრამ თუკი გსურთ, რომ თქვენი საკვები უსაფრთხო იყოს, მაშინ მის შემადგენლობას ყურადღება უნდა მიაქციოთ.

      რა გადაწყვეტილებასაც უნდა იღებდეთ საკვებთან დაკავშირებით, ზოგჯერ მოქნილობა დაგჭირდებათ, რათა შეეწყოთ იმ ქვეყნის პირობებს, სადაც ცხოვრობთ. ჩვენს დროში ბევრისთვის უბრალოდ შეუძლებელია ყოველმხრივ უსაფრთხო პროდუქტების შეძენა, რადგან ეს ძალზე ძვირია, დიდ დროს მოითხოვს და პრობლემებთან არის დაკავშირებული.

      დაბოლოს, ხომ არ ფიქრობთ, რომ დღევანდელ მსოფლიოში მდგომარეობა ამ მხრივ სავალალოა? თუ ასეა, ეს სავსებით ბუნებრივია. მაგრამ ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს — მალე მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება.

      [ჩარჩო⁄სურათები 16, 17 გვერდებზე]

      რა უნდა გავითვალისწინოთ

      ◼ გარეცხეთ და ხელები დაიბანეთ. საჭმლის მომზადებამდე კარგად დაიბანეთ ხელები საპნითა და ცხელი წყლით. საპირფარეშოში ყოფნის შემდეგ, ბავშვის ჰიგიენურ საგნებზე (სახვევებზე, ცხვირსახოცებზე და ა.შ.) შეხების, საქონლის მოვლის ან შინაურ ცხოველებთან თამაშის შემდეგ ხელები აუცილებლად დაიბანეთ ხოლმე. საჭმლის მომზადების შემდეგ ჭურჭელი, სამზარეულოს დაფები და მაგიდები ყოველთვის გარეცხეთ ცხელი წყლითა და სპეციალური სარეცხი საშუალებებით, განსაკუთრებით კი უმ ხორცთან, ფრინველსა და ზღვის პროდუქტებთან მუშაობის შემდეგ. ჟურნალ „ტესტში“ გვთავაზობენ, რომ მწერებისა და პესტიციდების ნარჩენების მოსაშორებლად ხილ-ბოსტნეული ნელთბილ წყალში გავრეცხოთ. ხშირ შემთხვევაში უმჯობესია პროდუქტების გაფცქვნა ან მოხარშვა. სალათასა და კომბოსტოს ზედა ფურცლები მოაცალეთ და გადაყარეთ.

      ◼ საგულდაგულოდ შეწვით ან მოხარშეთ. თუ პროდუქტის შიგნით ტემპერატურა 70°C ცოტა ხნითაც გადააჭარბებს, თითქმის ყველა ბაქტერია, ვირუსი და პარაზიტი დაიხოცება. ფრინველის ხორცი 80°C-ზე მეტ ტემპერატურაზე უნდა მომზადდეს. საჭმლის ხელახალი გაცხელებისას ტემპერატურა 75°C-მდე უნდა ავიდეს. არ ჭამოთ: ფრინველის ხორცი, თუკი შიგნით ის ჯერ კიდევ ვარდისფერია; თოხლო კვერცხი; ან თევზი, რომელსაც ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვს გამჭვირვალება და კანიცა და ფხაც ძნელად ეცლება.

      ◼ პროდუქტები ცალ-ცალკე შეინახეთ. უმი ხორცი ან ზღვის პროდუქტები სხვა პროდუქტებისგან ყოველთვის ცალკე გქონდეთ — ყიდვისას, შენახვისას თუ მომზადებისას. თანაც ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ამ პროდუქტებიდან არც ერთის წვენი სხვა პროდუქტებზე არ მოხვდეს. არასოდეს დადოთ კერძი ჭურჭელზე, თუკი მასზე მანამდე უმი ხორცი ან თევზი იდო — ჯერ კარგად გარეცხეთ ჭურჭელი ცხელი წყლითა და სპეციალური სარეცხი საშუალებებით.

      ◼ საჭმელი სწორად შეინახეთ და გააცივეთ. მაცივარს შეუძლია ხელი შეუშალოს საშიში ბაქტერიების გამრავლებას, თუკი ტემპერატურა მასში ცელსიუსის სკალის მიხედვით 4 გრადუსზე მეტი არ იქნება, ხოლო საყინულეში — არა უმეტეს მინუს 17°C-ის. მალფუჭებადი პროდუქტები მაცივრის გარეთ ორ საათზე მეტხანს არ გააჩეროთ. თუკი მაგიდას წინასწარ აწყობთ, ბუზებისგან დასაცავად ყველა კერძს რაიმე გადააფარეთ.

      ◼ სიფრთხილით მოეკიდეთ სახლის გარეთ დამზადებულ საკვებს. ერთი შეფასების თანახმად, ზოგ განვითარებულ ქვეყანაში საკვებით მოწამვლის შემთხვევათა 60-დან 80 პროცენტამდე საზოგადოებრივი კვების ადგილებზე მომზადებული საჭმლით არის გამოწვეული. ყოველთვის დარწმუნდით ხოლმე იმაში, რომ სასადილო ან კაფე, სადაც მიდიხართ, კანონით დადგენილ სანიტარულ ნორმებს იცავს. ხორცი კარგად მომზადებული შეუკვეთეთ ხოლმე. თუ მზა პროდუქტს ყიდულობთ, ყიდვიდან ორი საათის განმავლობაში მიირთვით. თუ მეტი დრო გავიდა, საჭმელი 75 გრადუსამდე გააცხელეთ.

      ◼ გადაყარეთ საეჭვო საჭმელი. თუ რომელიმე კერძი გაეჭვებთ, თქვენივე უსაფრთხოებისთვის უკეთესი იქნება, თუ მას გადააგდებთ. თუმცა კარგი პროდუქტების გადაყრა არასწორია. მაგრამ გაფუჭებული საჭმლით თუ დაავადდებით, ეს შეიძლება უფრო ძვირი დაგიჯდეთ.

      [საავტორო უფლება]

      დაფუძნებულია შეერთებული შტატების კვების პროდუქტების უსაფრთხოების ტექნოლოგიის საბჭოს (Food Safety Technology Council in the United States) მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაზე „რჩევები საკვების უსაფრთხოებისთვის“ (Food Safety Tips).

  • უსაფრთხო საკვები ყველასთვის
    გამოიღვიძეთ! — 2002 | მარტი 8
    • უსაფრთხო საკვები ყველასთვის

      ჯანსაღი საკვები სიამოვნებას გვგვრის. მაგრამ, როგორც ვხედავთ, ასეთი საკვები ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი. და რაც უფრო უარესია, მილიონობით ადამიანს ლუკმაპური ენატრება და ცხადია, რომ საკვების უსაფრთხოებით დაინტერესების თავიც აღარ აქვს. ისინი მხოლოდ იმაზეღა ფიქრობენ, რომ როგორმე თავი გაიტანონ. სურდა თუ არა ღმერთს, რომ ხალხი ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილიყო?

      აბა დაფიქრდით: როდესაც ღმერთმა მამაკაცი და ქალი დედამიწაზე დაასახლა, ჰქონდათ თუ არა მათ საფიქრალი საკვების გამო? სრულებითაც არა! ბიბლიის ერთ-ერთ წიგნში, „დაბადებაში“, შემდეგი რამ არის მოთხრობილი: „აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი“ (დაბადება 2:9). ასე რომ, ადამსა და ევას უხვად ჰქონდათ მიცემული მრავალნაირი საკვები. შემოქმედმა ღმერთმა ზუსტად იცოდა, თუ საჭმელად რა დასჭირდებოდათ მათ და რა მიანიჭებდათ სიამოვნებას. მართალია, დღეს ჩვენ არ ვიმყოფებით ედემის ბაღში, მაგრამ განა ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა შეცვალა თავისი თავდაპირველი განზრახვა კაცობრიობისა და დედამიწის მიმართ?

      ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული იმაში, რომ მალე დედამიწის ყველა მოსახლე გაიხარებს ჯანსაღი და სრულფასოვანი საკვებით, რომელიც უხვად ექნებათ! ეს რწმენა დღეს ძალიან გვეხმარება საკვების მიმართ გაწონასწორებული დამოკიდებულების შენარჩუნებაში. მტკიცე იმედი იმაშიც გვეხმარება, რომ ფანატიკოსებად არ ვიქცეთ და მოვერიდოთ რადიკალურ შეხედულებებს.

      რატომ ვართ დარწმუნებულები იმაში, რომ ცხოვრება მალე უკეთესობისკენ შეიცვლება? ღვთის სიტყვის გულმოდგინე მკვლევარებმა იციან, რომ ამჟამად ჩვენ ამ წუთისოფლის „უკანასკნელ დღეებში“ ვცხოვრობთ. ამჟამინდელი ქვეყნიერება ეყრდნობა ადამიანთა სიბრძნეს, რომელიც მრავალჯერად ცდებსა და შეცდომებზეა დაფუძნებული და ხშირად უსუსური აღმოჩენილა ცხოვრების მრავალ სფეროში. როდესაც საქმე საკვების სხვადასხვა ტექნოლოგიით დამუშავებას ეხება, ადამიანური სიბრძნით ძნელია იმის განსაზღვრა, უსაფრთხოა თუ არა ეს მეთოდები. ეს გაურკვევლობა კი, თავის მხრივ, შიშის, უთანხმოებისა და განხეთქილების მიზეზი ხდება (2 ტიმოთე 3:1—5).

      კაცობრიობის შემოქმედი დაგვპირდა, რომ ამჟამინდელ წუთისოფელს სრულიად ახლით შეცვლის. მისი თავდაპირველი განზრახვა — რომ მთელი დედამიწა ედემის ბაღის მსგავს სამოთხედ იქცეს და ბედნიერი და ჯანმრთელი ოჯახებით აივსოს — უსათუოდ შესრულდება. მაშინ ღვთის სრულყოფილი სიბრძნით აივსება დედამიწა (ესაია 11:9). ადამიანთა საეჭვო სიბრძნე დავიწყებას მიეცემა. ღვთის მიერ შექმნილ ახალ ქვეყნიერებაში საკვები პროდუქტების უსაფრთხოებაზე ფიქრი აღარ იქნება საჭირო. განა ღმერთმა, ადამიანთა შემქმნელმა, არ იცის, თუ რა სახის საკვები გვჭირდება?

      სრულყოფილი საკვები შემოქმედისგან

      ბიბლიურ წინასწარმეტყველებებში ცოცხლად არის აღწერილი ის საცხოვრებელი პირობები, რომლებიც მომავალ ახალ ქვეყნიერებაში იარსებებს. წინასწარმეტყველმა ესაიამ დაწერა: „მოსცემს [ღმერთი] წვიმას შენს თესლს, რომელსაც დათესავ მიწაზე, და პურს — მიწის მოსავალს, რომელიც მსუყე და მაწიერი იქნება; იბალახებს იმ დღეს შენი საქონელი გაშლილ საძოვარზე. ხარები და ვირები, მიწას რომ ამუშავებენ, მარილიან საკვებს შეჭამენ, გადარჩეულს ნიჩბითა და სანიავებლით“.

      ესაიას წინასწარმეტყველებაში აგრეთვე ნათქვამია: „გაუმართავს ცაბაოთ უფალი ყველა ხალხს ამ მთაზე ნადიმს მსუყე კერძებით, ნადიმს ძველი ღვინით, ძვლის ტვინიანი მსუყე კერძებით, ძველი, დაწმენდილი ღვინით“ (ესაია 25:6; 30:23, 24).

      განა სასიამოვნო არ არის ამის გაგება? ესაიას წინასწარმეტყველება გვარწმუნებს იმაშიც, რომ ყველას, ვინც ღვთის ახალ ქვეყნიერებაში იცხოვრებს, საკვები უხვად ექნება. იქნება ის უსაფრთხო? უეჭველად. სხვა წინასწარმეტყველება კი იმაში გვარწმუნებს, რომ ღვთის ხალხი „თავისი ვაზის და ლეღვის ქვეშ იჯდება და არავინ იქნება დამაფრთხობელი“ (მიქა 4:4). ასეთი უსაფრთხოების გარანტიას იძლევა ღვთის მესიანური სამეფო, რომელიც ახლო მომავალში დედამიწაზე მმართველობას დაიწყებს (ესაია 9:6, 7).

      აღარავის შეაწუხებს ის საკითხი, არის თუ არა საკვები უსაფრთხო. უფრო მეტიც, სიამოვნებით ვეტყვით ერთმანეთს: „ღმერთმა შეგარგოს!“.

      [ჩანართი 20 გვერდზე]

      მალე დედამიწის ყველა მოსახლე გაიხარებს ჯანსაღი და სრულფასოვანი საკვებით, რომელიც უხვად ექნებათ!

      [სურათი 18 გვერდზე]

      ღმერთი გვპირდება, რომ ყველას უსაფრთხო, ჯანსაღი საკვები გვექნება.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება