-
რამდენად უსაფრთხოა თქვენი საკვები?გამოიღვიძეთ! — 2012 | ივნისი
-
-
რამდენად უსაფრთხოა თქვენი საკვები?
„გერმანიის ერთ სკოლაში სწავლა შეწყდა. რამდენიმე მოსწავლეს ნაწლავის ჩხირი აღმოაჩნდა“ (საინფორმაციო სააგენტო „რეიტერი“, გერმანია).
„სალმონელას ბაქტერია იქნა აღმოჩენილი იონჯას, სამყურასა და ბოლოკის ჰიბრიდში ხუთ შტატში“ („USA TODAY“).
„რადიაციული ჩალით გამოკვებილი 6 ძროხის ხორცი 9 პრეფექტურაში გავრცელდა“ („THE MAINICHI DAILY NEWS“, იაპონია).
ასეთი სათაურები გამოჩნდა პრესის ფურცლებზე გასულ წელს სულ რაღაც ორი კვირის შუალედში. სპეციალისტთა მონაცემებით, ყოველ წელს განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის 30 % კვებითი ინტოქსიკაციის მსხვერპლი ხდება.
რას ფიქრობთ, როცა ასეთი ამბები გესმით? ჰონკონგელი ჰოი ამბობს: „ისე ვნერვიულობ, რომ ზოგჯერ ვბრაზდები კიდეც. ორი შვილის მამა ვარ და არ ვიცი, რას ჭამენ ჩემი შვილები“.
ღარიბ ქვეყნებში წყლისა და საკვების დაბინძურებას ყოველ წელს მილიონები ეწირებიან. ამათგან უმეტესობა ბავშვია. ნიგერიაში მცხოვრები ბოლა ამბობს: „ჩვენთან, ბაზარში პროდუქტები ღია ცის ქვეშ არის გამოფენილი. ქარი, წვიმა, მტვერი, ბუზი — ყველაფერი ზედ ხვდება. მეშინია ხოლმე, როცა ვიგებ, რომ ვიღაცა საკვებით მოიწამლა. მინდა, ჩემი ოჯახი როგორღაც დავიცვა“.
რამდენად რეალურია ის, რომ დღეს ადამიანმა უსაფრთხო საკვებით იკვებოს? კანადის საკვები პროდუქტების ინსპექციის სააგენტოში შემდეგი განცხადება გაკეთდა: „როდესაც ჩვენს მაღაზიებში უვარგისი პროდუქტი ჩნდება, მაშინვე მთელი პრესა ამაზე იწყებს ლაპარაკს. პრინციპში, ეს ასეც უნდა იყოს. მაგრამ საჭმელი, რომელმაც შეიძლება კვებითი ინტოქსიკაცია გამოიწვიოს, შეიძლება ჩვენივე სამზარეულოში მომზადდეს ჩვენივე ხელით“.
რის გაკეთება შეგიძლიათ ამ საფრთხის თავიდან ასარიდებლად? შემოგთავაზებთ ოთხ მნიშვნელოვან რჩევას.
[ჩარჩო 3 გვერდზე]
ვის ემუქრება საფრთხე?
ყველაზე მეტად ვის ემუქრება საფრთხე?
● ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს
● ფეხმძიმე ქალებს
● 70 წელს გადაცილებულებს
● სუსტი იმუნიტეტის მქონეთ
თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები ჩამოთვლილი კატეგორიებიდან რომელიმეს მიეკუთვნებით, სიფრთხილე გმართებთ საკვები პროდუქტების შერჩევისას, მომზადებისას და შენახვისას.
[საავტორო უფლება]
მასალა აღებულია ახალი სამხრეთ უელსის კვების სააგენტოს მონაცემებიდან, ავსტრალია.
-
-
1. როგორ შევარჩიოთ საკვები პროდუქტებიგამოიღვიძეთ! — 2012 | ივნისი
-
-
1. როგორ შევარჩიოთ საკვები პროდუქტები
თუ სახლის პირობებში არ მოგყავთ საკვები პროდუქტები, მაშინ, ალბათ, ხშირად სტუმრობთ ბაზრებსა და სუპერმარკეტებს. როგორ შეგიძლიათ ამ დროს პროდუქტების სწორად შერჩევა?
● დაგეგმეთ, როდის რას იყიდით
ავსტრალიის უსაფრთხო კვების საინფორმაციო სამსახური იუწყება: „როცა პროდუქტების საყიდლად მიდიხართ, პირველ რიგში ის პროდუქტი იყიდეთ, რომელიც მალე არ ფუჭდება. ბოლოს შეიძინეთ გაყინული პროდუქტი, რომელიც მაცივრის გარეშე დიდხანს არ ინახება“. აგრეთვე თუ ცხელი რამის ყიდვას აპირებთ, მისი ყიდვაც ბოლოსთვის შემოიტოვეთ.
● შეარჩიეთ ახალი პროდუქტი
შეარჩიეთ ახალი პროდუქტი, თუ არის ამის საშუალება.a ორი შვილის დედა, ნიგერიელი რუთი, ამბობს: „ბაზარში უთენია მივდივარ ხოლმე, სანამ პროდუქტები ჯერ კიდევ ახალი შემოტანილია“. მექსიკაში მცხოვრები ელისაბედიც ბაზარში დადის პროდუქტების საყიდლად. „ბაზარში ახალ-ახალი ხილი და ბოსტნეული აქვთ გამოტანილი და შეგიძლია შენი ხელით აარჩიო. ხორცს ყოველთვის იმ დღის დაკლულს ვყიდულობ, მორჩენილს კი საყინულეში ვინახავ“.
● კარგად შეამოწმეთ, რას ყიდულობთ
პირველ რიგში კანს დააკვირდით, ძველი და დამჭკნარი ხომ არ არის. ხორცს უჩვეულო სუნი ხომ არა აქვს? თუ პროდუქტი შეფუთულია, დაათვალიერეთ, რამდენად კარგად არის შეხვეული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიკრობებმა შეიძლება ადვილად შეაღწიონ შიგნით.
მოდი, ახლა ჩანგ ფაის მოვუსმინოთ. ის ოჯახისთვის პროდუქტებს სუპერმარკეტში ყიდულობს: „აუცილებლად უნდა შეამოწმო შეფუთვაზე ვადები“. ექსპერტების თქმით, შეიძლება ვადაგასული პროდუქტიც ჰგავდეს ახალს, ჰქონდეს სასიამოვნო სუნი და გემო; თუმცა შეიძლება მისი ჭამა და მოწამვლა ერთი იყოს.
● შეინახეთ უსაფრთხოდ
თუ საყიდლებზე ერთი და იმავე ჩანთით ან კალათით დადიხართ, ხშირად გარეცხეთ ცხელი წყლითა და საპნით. ხორცი და თევზი ცალ-ცალკე ჩანთაში ჩადეთ; შეფუთეთ, რომ სხვა პროდუქტებს არ ეხებოდეს.
ერთი იტალიელი ცოლ-ქმარი, ენრიკო და ლორედანა, თავიანთ სახლთან ახლოს სუპერმარკეტში დადიან პროდუქტების საყიდლად. „მაღაზიიდან სახლამდე მალე მივდივართ, ტრანსპორტი არ გვჭირდება, ამიტომ პროდუქტების გაფუჭების რისკიც თითქმის არ არსებობს“. თუ გზაში 30 წუთზე მეტი გჭირდებათ, ჩანთა-მაცივრით იარეთ საყიდლებზე.
შემდეგ გვერდზე ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა შეინახოთ უსაფრთხოდ უკვე შინ მიტანილი პროდუქტი.
[სქოლიო]
a შეგიძლიათ წაიკითხოთ 2011 წლის მარტის „გამოიღვიძეთში“ დაბეჭდილი სტატია: „რჩევა 1 — იკვებეთ სწორად“.
[ჩარჩო 4 გვერდზე]
ასწავლეთ შვილებს: „ბავშვებს სულ იმას ვეუბნები, რომ სანამ რამეს იყიდიან, შეამოწმონ შენახვის ვადა“ (რუთი, ნიგერია).
-
-
2. დაიცავით სისუფთავეგამოიღვიძეთ! — 2012 | ივნისი
-
-
2. დაიცავით სისუფთავე
ქირურგი იცავს თავის პაციენტს იმით, რომ საგულდაგულოდ იბანს ხელებს, სტერილიზაციას უკეთებს ინსტრუმენტებს და ახდენს საოპერაციო ოთახის დეზინფექციას. თქვენც დაიცავთ თქვენს ოჯახს, თუ საჭმლის მომზადებამდე საგულდაგულოდ დაიბანთ ხელებს, კარგად გარეცხავთ პროდუქტებს და სამზარეულოშიც ყველაფერი დაწკრიალებული გექნებათ.
● დაიბანეთ ხელები
კანადის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო გვაფრთხილებს, რომ „ისეთი ჩვეულებრივი ინფექციური დაავადებების 80%, როგორიც არის გრიპი და გაციება, ხელიდან გადადის“. ასე რომ, საჭმლის მომზადებამდე და საპირფარეშოს გამოყენების შემდეგ აუცილებლად საპნით დაიბანეთ ხელები.
● დაიცავით სამზარეულოში სისუფთავე
ერთი გამოკვლევის თანახმად, ყველაზე სუფთა ადგილად სააბაზანო დასახელდა, ხოლო ყველაზე მეტი ფეკალური ბაქტერია სამზარეულოს სარეცხ ღრუბლებსა და ჭურჭლის ტილოებში აღმოჩნდა.
ამიტომ ხშირად ცვალეთ ჭურჭლის ტილო და სამზარეულოში ყველაფრის ზედაპირი დაწმინდეთ ცხელი წყლითა და საპნით ან სადეზინფექციო საშუალებებით. ბოლას სახლში არა აქვს ონკანი. „ეს ცოტა არ იყოს ძნელია, — ამბობს ქალბატონი ბოლა, — მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვაქვს სახლში საკმარისი წყალი და საპონი და ჩვენი სამზარეულოც და სახლიც ყოველთვის სუფთაა“.
● კარგად გარეცხეთ პროდუქტები
მაშინაც კი, თუ ხილის ან ბოსტნეულის გაფცქვნას აპირებთ, კარგად გარეცხეთ, რადგან მას შეიძლება ზემოდან რაღაცამ გადაურბინა, შესაძლოა მწერების ექსკრემენტები ან სხვა პროდუქტების ჭუჭყია ზედ დარჩენილი ან უბრალოდ ჭუჭყიან წყალში იყო გავლებული. რა თქმა უნდა, ამას დრო სჭირდება. აი, რას ამბობს ბრაზილიელი დაიანა: „როცა სალათას ვამზადებ, უბრალოდ კი არ ვავლებ მწვანილსა და ბოსტნეულს წყალს, სათითაოდ ვრეცხავ საგულდაგულოდ“.
● ხორცი ცალკე შეინახეთ
ხორცი და თევზი სხვა საჭმელებისგან ცალკე, დახურულ ჭურჭელში ან კარგად შეხვეული შეინახეთ. ხორციც და თევზიც ცალ-ცალკე დაფებზე დაჭერით. თუ არ არის ამის საშუალება, გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ დაფა ჭურჭლის სარეცხი საშუალებითა და ცხელი წყლით გარეცხეთ. მერე გნებავთ ხორცი დაჭერით მასზე და გნებავთ თევზი.
ახლა უკვე თქვენც და თქვენი სამზარეულოც მზადა ხართ საჭმლის მოსამზადებლად. ამიტომ მოდი, ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ მოვამზადოთ საჭმელი სუფთად.
[ჩარჩო 5 გვერდზე]
ასწავლეთ შვილებს: „ბავშვებს ხშირად ვახსენებ, რომ სანამ საჭმელს ხელს მოკიდებენ, ხელები დაიბანონ“ (ჰოი, ჰონკონგი).
-
-
3. საჭმელი უსაფრთხოდ მოამზადეთ და უსაფრთხოდვე შეინახეთგამოიღვიძეთ! — 2012 | ივნისი
-
-
3. საჭმელი უსაფრთხოდ მოამზადეთ და უსაფრთხოდვე შეინახეთ
დიდი ხნის წინათ ისრაელში ერთმა დაუდევარმა მზარეულმა საჭმლის მოსამზადებლად ტყეში ველური გოგრა დაკრიფა ისე, რომ ამ მცენარის მავნებლობის შესახებ არაფერი იცოდა. გააკეთა საჭმელი და სუფრაზე მიიტანა. შუა ჭამაში ზოგი მიხვდა, რომ საჭმელი მოწამლული იყო და ყვირილი მორთო: „სიკვდილია ქვაბში!“ (2 მეფეები 4:38—41).
ამ შემთხვევიდან იმას ვსწავლობთ, რომ დაუდევრად მომზადებულმა საჭმელმა შეიძლება მოწამლოს ადამიანი და არ არის გამორიცხული, ყველაფერი ფატალური შედეგებითაც კი დამთავრდეს. ამიტომ თუ გნებავთ, თავიდან აიცილოთ კვებითი ინტოქსიკაცია, უნდა ისწავლოთ საკვების უსაფრთხოდ მომზადება და შენახვა. ოთხი რჩევა:
● არ გაალღოთ ხორცი ოთახის ტემპერატურაზე
«საყინულიდან გამოღებული და მაგიდაზე დადებული [ხორცი] შეიძლება გალღობილი ჩანდეს, მაგრამ შიგნით ჯერ ისევ გაყინული იყოს. ამიტომ ოთახის ტემპერატურაზე ხორცის კიდეები შეიძლება „საშიშ ზონად“ გადაიქცეს, რადგან სითბოში (4—60°C) სწრაფად მრავლდება ბაქტერიები» (შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობარი). საყინულიდან გამოღებული ხორცი ან მაცივრის თაროზე დადეთ, ან ცელოფანში გაახვიეთ და ცივ წყალში მოათავსეთ ისე, რომ პარკში წყალი არ შევიდეს, ან მიკროტალღოვან ღუმელში გაალღვეთ.
● მოამზადეთ სათანადო წესების დაცვით
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, „როცა კერძი სათანადო წესების დაცვით მზადდება, მაშინ თითქმის ყველა მავნე ბაქტერია კვდება“. საჭმელი უნდა მომზადდეს 70°C-ზე (ფარენჰაიტის სკალით 158 გრადუსი), განსაკუთრებით მაშინ, როცა წვნიანს აკეთებთ ან ხორცს შუშავთ.a ძნელია, ზუსტად განსაზღვრო ზოგიერთი კერძის შიდა ტემპერატურა, ამიტომ ბევრი მზარეული ხორცის თერმომეტრს იყენებს.
● მალევე მიირთვით
მომზადებული კერძი დიდხანს არ დატოვოთ ოთახის ტემპერატურაზე; მალევე მიირთვით, რომ არ გაფუჭდეს. სანამ მიირთმევთ, ცივი კერძი ცივად შეინახეთ, ცხელი კი, რომ არ გაცივდეს, ღუმელში შედგით. ხორციანი ცხელი საჭმელები ღუმელში დაახლოებით 93°C-ზე გააჩერეთ.
● მორჩენილი საჭმელი კარგად შეინახეთ
პოლონეთში მცხოვრები ანიტა ამბობს, რომ ზოგი კერძი გამზადებისთანავე მიაქვს სუფრასთან; რაც რჩება, საყინულეში ინახავს პატარ-პატარა პორციებად, შემდეგში მალე რომ გალღვეს. თუ მორჩენილ საკვებს მაცივარში შეინახავთ, სამ-ოთხ დღეზე მეტხანს ნუ გააჩერებთ.
თუ გარეთ სადილობთ, ძალაუნებურად უცხო მზარეულების ნდობა გიწევთ. აქაც დიდი სიფრთხილე გმართებთ. ამ საკითხზე ვისაუბრებთ შემდეგ თემაში.
[სქოლიო]
a ზოგ კერძს, მაგალითად, შინაური ფრინველისგან მომზადებულს, მაღალი ტემპერატურა სჭირდება.
[ჩარჩო 6 გვერდზე]
ასწავლეთ შვილებს: „როცა ჩემი შვილები საჭმელს ამზადებენ, შევახსენებ ხოლმე, რომ წაიკითხონ და მიჰყვნენ შეფუთვაზე მოცემულ ინსტრუქციას“ (იუკ ლინგი, ჰონკონგი).
-
-
4. იყავით დაკვირვებული, როცა გარეთ სადილობთგამოიღვიძეთ! — 2012 | ივნისი
-
-
4. იყავით დაკვირვებული, როცა გარეთ სადილობთ
38 წლის პიტსბურგელი (პენსილვანია) ჯეფი ჯანმრთელი და ენერგიული კაცი იყო. ერთხელ ოჯახთან ერთად რესტორანში წავიდა სავახშმოდ. ერთი თვის შემდეგ ჯეფი ღვიძლის მწვავე დაავადებით გარდაიცვალა. რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი? მის კერძში აღმოჩენილი A ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი მწვანე ხახვი.
დასავლეთის ერთ ქვეყანაში მოსახლეობის თითქმის ნახევარი რესტორანში დადის საჭმელად. როგორც გამოვლინდა, ამ ქვეყანაში საკვებით მოწამვლის 50% მათზე მოდის, ვინც რესტორანში სადილობს.
რადგანაც თქვენ ვერ ხედავთ რესტორანში ან კაფეში რისგან და როგორ მზადდება საჭმელი და რამდენად არის დაცული სისუფთავის ნორმები, დიდი სიფრთხილით შეარჩიეთ, სად რას შეჭამთ.
● კარგად დააკვირდით ყველაფერს
„როდესაც პირველად მივდივართ რომელიმე რესტორანში, ჯერ ყველაფერს კარგად ვათვალიერებთ; რამდენად სუფთაა მაგიდები, გადასაფარებლები და ჭურჭელი. სუფთად და მოწესრიგებულად აცვია თუ არა მომსახურე პერსონალს. თუ რაღაც არ მოგვეწონება, გამოვდივართ და სხვაგან მივდივართ“, — ამბობს ბრაზილიელი დაიანა. ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური სამსახური, რომელიც სისტემატურად ამოწმებს კვების ობიექტებს და სისუფთავისა და მოწესრიგებულობის მიხედვით გარკვეულ კატეგორიებად ყოფს. შემდეგ ამ მონაცემებს აქვეყნებს და ხალხსაც შეუძლია მისი ნახვა.
● ფრთხილად იყავით, როცა რესტორნიდან მორჩენილი საჭმელი სახლში მოგაქვთ
აშშ-ს კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების სამეთვალყურეო ადმინისტრაციის რეკომენდაცია: „თუ სახლში ორი საათის განმავლობაში არ აპირებთ დაბრუნებას, ნუ წამოიღებთ საკვებს რესტორნიდან [განსაკუთრებით, როცა ჰაერის ტემპერატურა 32°C-ზე მეტია]“. თუ აპირებთ რესტორნიდან საჭმლის წამოღებას, მალევე მიდით შინ და დაუყოვნებლივ შეინახეთ მაცივარში.
მიჰყევით ამ და წინამდებარე სტატიებში მოცემულ რჩევებს და უფრო მეტად იქნებით დაცულნი.
[ჩარჩო⁄სურათი 7 გვერდზე]
ასწავლეთ შვილებს: „შვილებს ვასწავლით, რომ ძირს დავარდნილი არაფერი ჭამონ“ (ნოემი, ფილიპინები).
-
-
მალე ყველას ექნება ჯანსაღი საკვები!გამოიღვიძეთ! — 2012 | ივნისი
-
-
მალე ყველას ექნება ჯანსაღი საკვები!
ჯანსაღი საკვები რომ მიირთვათ, ბევრი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ, თუმცა ზოგი რამ შეიძლება თქვენზე არ იყოს დამოკიდებული. მაგალითად, შეიძლება ბოლომდე ვერ შეამოწმოთ ყველა ის პროდუქტი, რომელსაც ყიდულობთ და ამზადებთ. შესაძლოა სხვა ქვეყნიდან შემოტანილი პროდუქტების ყიდვა გიწევთ. არც ის არის გამორიცხული, რომ საკვები, რომელსაც ყიდულობთ, მავნე ქიმიკატებს შეიცავდეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი ანგარიშის თანახმად, საკვების უსაფრთხოების პრობლემას „მხოლოდ ერთი ქვეყანა ვერ მოაგვარებს. ეს ყველა სახელმწიფოს ურთიერთთანამშრომლობით უნდა მიიღწეს“. კვებითი ინტოქსიკაცია მართლაც რომ გლობალური პრობლემაა!
თავისთავად ცხადია, ბევრს გაუჩნდება შეკითხვა, თუ რატომ შეიძლება გადაჭრით იმის თქმა, რომ მალე ყველას ექნება ჯანსაღი საკვები. „იეჰოვა, მთელი დედამიწის უფალი“ გვპირდება, რომ გადაჭრის საკვების პრობლემას (იესო ნავეს ძე 3:13). დღევანდელი არასახარბიელო მდგომარეობის შემხედვარე, ზოგს შეიძლება გაუჭირდეს ღვთის ნდობა. მაგრამ აბა, დაფიქრდით: მიმტანმა თავისი დაუდევრობით გემრიელი კერძი რომ გააფუჭოს, მზარეულისა რა ბრალია?!
საკვების დაბინძურებაში ადამიანის ხელი ურევია და პასუხისმგებლობაც მას ეკისრება და არა ღმერთს. ადამიანია დამნაშავე იმაში, რომ დღეს უფრო და უფრო მეტი საკვები ფუჭდება და უვარგისი ხდება. ღმერთი ამბობს, რომ „მოსპობს დედამიწის მომსპობთ“ (გამოცხადება 11:18).
ღმერთმა ერთხელ უკვე დაამტკიცა, რომ მისთვის სულ ერთი არ არის, როგორ საკვებს მივიღებთ. სწორედ მან შექმნა დედამიწა და მასზე არსებული ყველანაირი სახეობის მცენარე, რომელთა ნაყოფიც არა მარტო თვალწარმტაცი იყო, არამედ „საჭმელად ვარგისიც“ (დაბადება 2:9). მას შემდეგ, რაც ადამიანთა მოდგმაში სხვადასხვა დაავადებამ იჩინა თავი, იეჰოვა ღმერთმა თავის ხალხს კონკრეტული მითითებები მისცა უსაფრთხო და ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით (იხილეთ ჩარჩო: ჯანმრთელობის კოდექსი).
როგორი საკვებით სურს ღმერთს, რომ ვიკვებოთ? ფსალმუნში წერია: „მწვანე ბალახს აღმოაცენებ ცხოველებისთვის, მცენარეებს — ადამიანებისთვის, რათა საკვები აღმოაცენოს დედამიწამ, გვაძლევ ღვინოს, მოკვდავი ადამიანის გულის გამახალისებელს, ზეთს, რომელიც სახეს აპრიალებს, და პურს, მოკვდავი ადამიანის გულის გამამაგრებელს“ (ფსალმუნი 104:14, 15). ღმერთმა ისიც თქვა, რომ საჭმელად გვქონოდა „ყველა ცოცხალი ცხოველი“ (დაბადება 9:3).
ღვთის სიტყვა საუბრობს იმაზე, თუ რას ჰპირდება ღმერთი კაცთა მოდგმას: „[ღმერთი] მისცემს წვიმას შენს თესლს, რომელსაც თესავ, და მიწის ნაყოფად მოგცემს ნოყიერ და მსუყე პურს. იმ დღეს შენი ცხვარ-ძროხა ვრცელ საძოვარზე მოძოვს“ (ესაია 30:23). სულ მალე დავიწყებას მიეცემა შემაძრწუნებელი განცხადებები და საგაზეთო სტატიები. მათ ნაცვლად მთელ დედამიწაზე ერთი საერთო დევიზი გაიჟღერებს: „ჯანსაღი საკვები ყველას!“
[ჩანართი 9 გვერდზე]
ჩვენი შემოქმედი გვპირდება, რომ მალე უხვად გვექნება ჯანსაღი საკვები
[ჩარჩო 8 გვერდზე]
ჯანმრთელობის კოდექსი
დაახლოებით 3 500 წლის წინათ ისრაელმა ღვთისგან მიიღო კანონი, რომელიც „მოსეს კანონის“ სახელით გახდა ცნობილი. ამ კანონის დაცვით ისრაელები მრავალ დაავადებას აიცილებდნენ თავიდან. მიმოვიხილოთ რამდენიმე მათგანი.
● არ უნდა გაჰკარებოდნენ უწმინდურ ჭურჭელს, რომელსაც მკვდარი ცხოველი შეეხებოდა: „ჭურჭელი, რომელსაც ხმარობენ, წყალში ჩაიდოს და უწმინდური იქნება საღამომდე, შემდეგ კი განიწმინდება“ (ლევიანები 11:31—34).
● არ უნდა ეჭამათ ცხოველი, რომელიც თავისით მოკვდებოდა: „არ ჭამოთ არანაირი მკვდარი ცხოველი“ (კანონი 14:21).
● მორჩენილი საჭმელი მალევე უნდა ეჭამათ: „დარჩენილის ჭამა მეორე დღესაც შეიძლება. მესამე დღეს მსხვერპლის დარჩენილი ხორცი ცეცხლში დაიწვას“ (ლევიანები 7:16—18).
მკვლევარმა რენდელ შორტმა თავის ნაშრომში გაკვირვება გამოხატა იმის გამო, რომ „მოსეს კანონი“ შეიცავდა „ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ ასეთ ბრძნულ და გონივრულ კანონებს“, რაც დიდად განსხვავდებოდა მეზობელი ერების კანონებისგან.
-