-
რა ხდის სამუშაო ადგილს სახიფათოს?გამოიღვიძეთ! — 2002 | მარტი 8
-
-
რა ხდის სამუშაო ადგილს სახიფათოს?
„სამუშაო ადგილებზე გაცილებით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე ავტოსაგზაო შემთხვევების დროს“. ასეთი თვალში საცემი სათაურით გამოირჩეოდა საინფორმაციო ფურცლები, რომლებიც, ახალი სამხრეთ უელსის (ავსტრალია) შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციამ, გაავრცელა.
სიკვდილის გამომწვევი შემთხვევები, რა თქმა უნდა, ხშირად პრობლემის მხოლოდ გარკვეული ნაწილია. მილიონები ყოველწლიურად ისეთ სერიოზულ ტრავმებსაც კი იღებენ სამუშაო ადგილებზე, რაც რადიკალურად ცვლის მათ ცხოვრებას. სხვა მრავალი უდროოდ კვდება სამუშაოზე მავნე ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლისა თუ სტრესის შედეგად.
სამუშაო ადგილის სპეციფიკით გამოწვეული სიკვდილიანობა და სერიოზული ტრავმები ინდუსტრიისა თუ კომერციის თითქმის ყველა სფეროში ხდება. ამიტომაც მართებულია, შემდეგი კითხვების დასმა: რამდენად უსაფრთხოა თქვენი სამუშაო ადგილი? რა სამუშაო გარემო შეიძლება დაემუქროს თქვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს?
უკიდურესად დამძაბველი გარემო
შრომის ნაყოფიერების ასამაღლებლად ხშირად მუშახელზე უდიდეს ზეწოლას ახდენენ. იაპონური სიტყვა „კაროში“ (გადამეტებული მუშაობით გამოწვეული სიკვდილი) პირველად ზარალის ანაზღაურების მოთხოვნაში გამოიყენეს; ამ მოთხოვნას დაქვრივებული მეუღლე ავსებდა. სამი წლის წინათ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ოფისებში მომსახურე იაპონელთა 40 პროცენტს ეშინოდა გადამეტებული მუშაობით გამოწვეული სიკვდილის. ადვოკატმა, რომელიც კონკრეტულად ასეთ მოთხოვნებზე მუშაობდა, გამოთვალა, რომ „იაპონიაში ყოველწლიურად, სულ მცირე, 30 000 ადამიანი ხდება კაროშის მსხვერპლი“.
იაპონელი პოლიციელების აზრით, 50—59 წლის ასაკში თვითმკვლელობის ზრდის ძირითადი მიზეზი სამუშაოსთან დაკავშირებული პრობლემებია. ერთ-ერთი წიგნის (The Violence-Prone Workplace) თანახმად, სასამართლომ დამსაქმებელს პასუხი აგებინა მოსამსახურის თვითმკვლელობაზე, რადგან ეს მოსამსახურე სამუშაოსთან დაკავშირებული ათასგვარი საზრუნავით იყო შეწუხებული.
ავსტრალიურ გაზეთ „კანბერა ტაიმში“ ნათქვამია: „ამერიკელებმა გაუსწრეს იაპონელებს, რომელთაც სამუშაო დღის ხანგრძლივობით მსოფლიოში პირველი ადგილი ეჭირათ“. ამგვარად, საგაზეთო სტატია „სამუშაო დღის საგრძნობლად გახანგრძლივებას ადამიანები სიკვდილამდე მიჰყავს“ გვიყვება გადაღლილი მუშაკების, მაგალითად, სასწრაფო დახმარების გადაღლილი მძღოლების, გადაქანცული პილოტების, მშენებლებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების, აგრეთვე ღამის ცვლაში მომუშავე ადამიანების შესახებ, რომლებიც სამსახურში ყოფნისას გარდაიცვალნენ.
მომგებიანობის შესანარჩუნებლად კომპანიების რეორგანიზაციისა და კადრების შემცირების დროს, დიდი ზეწოლა მუშაკებზე ხდება და უნდათ, რომ ისინი უფრო პროდუქტიულები იყვნენ. „ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალი“ იუწყება, რომ კადრების შემცირება ძალზე უარყოფითად მოქმედებს მუშაკების ჯანმრთელობაზე
ძალადობა სამუშაო ადგილებზე
გადამეტებით მომუშავე, სტრესულ მდგომარეობაში მყოფი მოსამსახურეები მხოლოდ თავიანთ თავს როდი უქმნიან საშიშროებას. ბრიტანეთში გამოკითხვამ ცხადყო, რომ ოფისში მომსახურეთაგან მრავალი მთელ სამუშაო დღეს თანამშრომლებისგან გაღიზიანებული ატარებს და ხშირად კონფლიქტები ძალადობაში გადაიზრდება ხოლმე.
„ამერიკაში სამუშაო ადგილებზე ყოველკვირეულად დაახლოებით 15 მკვლელობა ხდება“, — აღნიშნავს ჟურნალი Business Week. „მენეჯერებს არ უყვართ სამუშაო ადგილებზე ძალადობის შესახებ ლაპარაკი. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ყოველწლიურად ასობით მოსამსახურე თავდასხმის მსხვერპლი ხდება ან კოლეგები ერთმანეთს ხოცავენ კიდეც“, — აღნიშნავს Harvard Business Review.
მეორე მხრივ, სამუშაო ადგილებზე ხშირად მოსამსახურეებს კლიენტები ესხმიან თავს. კრიმინალური მდგომარეობის შესახებ ავსტრალიიდან მიღებული ცნობის თანახმად, ზოგ ექიმს იმდენად ეშინია თავდასხმის, რომ გამოძახებაზე დაცვის თანხლებით დადის. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საფრთხე ემუქრებათ პოლიციელებსაც და მასწავლებლებსაც.
სამუშაო ადგილზე ძალადობის სხვა ფორმა თანამშრომლის მიერ თანამშრომლის ემოციურად დათრგუნვაა. „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ განაცხადის თანახმად, ეს ფსიქოლოგიური ძალადობაა. ძირითადად, ასეთი ძალადობა ლანძღვითა და ყვირილით გამოიხატება.
მინესოტის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ ვენინგა გვამცნობს, რომ „მომსახურეთა შორის სტრესი და მასთან დაკავშირებული დაავადებები მსოფლიოში ყველგან გვხვდება“. მანვე აღნიშნა: „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1993 წლის ანგარიშის თანახმად, ძირითადი პრობლემა გაურკვევლობით, მუდმივი ცვალებადობითა და ხშირად სამუშაო ადგილზე მტრული განწყობილებით გამოწვეული სტრესია“.
ამიტომ, იბადება კითხვა: რის გაკეთება შეუძლიათ დამსაქმებელსა და მუშაკებს თავიანთი სამუშაო ადგილის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად? ამ კითხვაზე პასუხს მომდევნო სტატია გაგვცემს.
-
-
შეიქმენით უსაფრთხო სამუშაო გარემოგამოიღვიძეთ! — 2002 | მარტი 8
-
-
შეიქმენით უსაფრთხო სამუშაო გარემო
პროფესიულ დაავადებებსა და უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით გამოცემული კანონების მიუხედავად, საწარმოო ტრავმები და სამუშაოზე სიკვდილიანობა კვლავაც მთავარ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომაც ცხადია, რომ სამუშაოზე უსაფრთხოების მხოლოდ კანონებით უზრუნველყოფა შეუძლებელია. დამსაქმებლებმა და მუშაკებმა საკუთარი თუ სხვების უსაფრთხოების უზრუნველყოფის პასუხისმგებლობა გარკვეულწილად საკუთარ თავზე უნდა აიღონ.
ამიტომ თითოეულმა მუშაკმა დაკვირვებით უნდა შეამოწმოს თავისი სამუშაო გარემო და მუშაობის ჩვევები. მაგალითად, არის თუ არა თქვენი სამუშაო ადგილი ნამდვილად უსაფრთხო? გაქვთ თუ არა შხამიან ნივთიერებებთან შეხება? თუ დიახ, სათანადოდ იცავთ თუ არა თავს? გამუდმებით სტრესულ მდგომარეობაში ხომ არა ხართ? თქვენი სამუშაო დღის ხანგრძლივობა კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებს ხომ არ სცილდება?
ამ და სხვა მსგავს კითხვებზე პასუხებმა შეიძლება კარგად დაგანახვოთ, თუ რამდენად უსაფრთხოდ ხართ სამუშაოზე.
როდესაც გვესმის, თუ რამდენად რეალურია საშიშროება
არაგონივრული სამუშაო გრაფიკის მიყოლის მცდელობა შეიძლება საშიში აღმოჩნდეს. 37 200 სამუშაო ადგილზე 3 600 000 მუშა-მოსამსახურის გამოკითხვის შედეგების გამოკვლევის შემდეგ, ავსტრალიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორმა ლოსონ სეივორიმ, კიდევ ერთ სხვა სწავლულთან ერთად, გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „ხანგრძლივი სამუშაო დღე — რამდენად საშიშია ეს ან თანახმაა ხალხი მასზე?“. ფაქტობრივად, კითხვის ორივე ნაწილზე პასუხი დადებითია.
მართლაც, დაქანცული მუშის ან მოსამსახურის შრომის ნაყოფიერება დაბალია და დაშვებული შეცდომების რაოდენობა — მეტი. ავსტრალიის ერთ-ერთი გაზეთის (The Sun-Herald) თანახმად, პროფესორმა სეივორმა აღნიშნა: „მრავალი კომპანია მუშაკებს იმის სულს უღვივებს, რომ მუშაობის მანიით იყვნენ შეპყრობილი და ყოველ ღონეს ხმარობს ასეთი მოსამსახურეების გამოსავლენად, შემდეგ კი აჯილდოებს მათ“. აღნიშნულის შედეგები პოტენციურად გამანადგურებელია. შესაძლოა, ეს პრობლემა თვალნათლივ სატრანსპორტო ინდუსტრიაში ჩანდეს, სადაც მძღოლებს აქეზებენ ან აიძულებენ კიდეც, რომ დიდი ხნის განმავლობაში შესვენების გარეშე ატარონ მანქანა, რაც ზოგ ქვეყანაში კანონით აკრძალულია.
მუშაობის არაჯანსაღი ჩვევები, რაც სამუშაო ადგილის მოუწესრიგებლობასა და უსუფთაობასაც მოიცავს, საშიშროების შემქმნელი კიდევ ერთი ფაქტორია. სამუშაო იარაღების იატაკზე მიყრილ-მოყრილად ან შიშველი ელექტრომავთულების იზოლაციის გარეშე დატოვებას შეიძლება უბედური შემთხვევა და სიკვდილი მოჰყვეს. იმავეს თქმა შეიძლება ელექტროხელსაწყოებისა და დანადგარების გამოყენებისას უსაფრთხოების ტექნიკის უგულებელყოფაზეც. ზიანის მიყენებისა და თვით სიკვდილის გამომწვევი მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ ადამიანმა სათანადოდ არ აწმინდოს დაღვრილი სითხე (განსაკუთრებით კი მომწამვლელი). მრავალმა მუშაკმა საწარმოო ტრავმა მიიღო იმის გამო, რომ გაზეთილ ან სველ იატაკზე ფეხი აუცურდა. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ კარგად მუშაობისთვის უმთავრესია: გვიყვარდეს სისუფთავე და წესრიგი.
მაგრამ მრავალი მიდრეკილია, უგულებელყოს უსაფრთხოების ტექნიკა. ერთ-ერთ ჟურნალში (Monthly Labor Review) აღნიშნული იყო: „სამუშაოზე ზეწოლამ შეიძლება ადამიანს აფიქრებინოს, რომ მისთვის წაყენებული მოთხოვნის შესასრულებლად საჭიროა, რაღაცაზე თვალი დახუჭოს“. ამიტომ უსაფრთხოების ტექნიკის შესახებ ზოგი შეიძლება ფიქრობდეს: „ამის უგულებელყოფით არაფერი დაშავდება“. ერთი ფაბრიკის გამოცდილმა მენეჯერმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თქვა: „ყველაზე ცუდ გავლენას ის ახდენს, რომ მუშაკი უსაფრთხოების ტექნიკას უგულებელყოფს და ამ დროს წყლიდან მშრალი ამოდის“. რატომ? იმიტომ რომ, ეს ხელს უწყობს თავდაჯერებულობისა და უდარდელობის გრძნობის განვითარებას, რასაც, საბოლოო ჯამში, სერიოზული უბედური შემთხვევები მოჰყვება ხოლმე.
1986 წელს ჩერნობილში მომხდარ აფეთქებაზე ხშირად ამბობენ, რომ ის „მსოფლიოში ყველაზე საშინელი ატომური აფექთება“ იყო. რამ განაპირობა ის? ამ უბედური შემთხვევის შესახებ ცნობის თანახმად, აღნიშნულ ტრაგედიას „მთელი რიგი წინდაუხედავი ქმედებები“ და „უსაფრთხოების ტექნიკის არაერთი დარღვევა“ უძღოდა წინ.
დამსაქმებელსა თუ მუშაკებს შეუძლიათ ითანამშრომლონ და ერთი შეხედვით შეუმჩნეველი ხიფათი განჭვრიტონ. ბრძნულ ბიბლიურ იგავში ნათქვამია: «გონიერი ხედავს ბოროტებას [„უბედურებას“, აქ] და თავს არიდებს, სულელნი [„გამოუცდელნი“, აქ] კი ჯიქურ მიდიან და ისჯებიან» (იგავნი 22:3). დიახ, გონიერი ამჩნევს, თუ რა შეუქმნის საფრთხეს და ეძებს საშუალებებს, რითაც როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებსაც დაიცავს.
ამის კეთებას სარგებლობა მოაქვს, როგორც დამსაქმებლისთვის, ისე მუშაკებისთვისაც. მაგალითად, ერთმა კომპანიამ თავისი ოფისები გადააკეთა, რადგან მათში ყოფნა ჯანმრთელობისთვის საზიანო იყო და შეიმჩნა, რომ მალე შრომის ნაყოფიერება გაიზარდა და მუშაკებიც ბევრად უფრო კმაყოფილები იყვნენ. აგრეთვე ბიულეტენზე მყოფ თანამშრომელთა რიცხვმაც იკლო. როგორც ამ შემთხვევიდან ჩანს, მუშაკთა ჯანმრთელობაზე ამგვარად ზრუნვა არა მარტო სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის, არამედ მომგებიანიცაა.
როგორც წინა სტატიაში აღვნიშნეთ, ძალადობამ სამუშაო ადგილებზეც მოიკიდა ფეხი. ასეთ შემთხვევაში, რის გაკეთება შეგიძლიათ საკუთარი თავის დასაცავად?
რა ზომებს შეგვიძლია მივმართოთ
ზოგჯერ სამუშაო ადგილზე შედარებით უმნიშვნელო ინციდენტიც კი, სერიოზულ უთანხმოებაში გადაიზრდება ხოლმე. ერთ-ერთი ჟურნალი (Harvard Business Review) შემდეგ საყურადღებო რჩევას გვაძლევს: „თუ სამუშაო ადგილზე ძალადობის არიდებას ცდილობთ, იცოდეთ, რომ ადამიანები, რომლებიც ჩხუბობენ ხოლმე, ხშირად აგრესიის უფრო სერიოზულად გამოვლინებასაც არ ერიდებიან“.
ქალი შეიძლება სულაც არ ცდილობდეს თანამშრომლების ყურადღების მიპყრობას, მაგრამ თუ მისი ჩაცმულობა, ლაპარაკის მანერა და საქციელი მოკრძალებული არ არის, სხვებმა შესაძლებელია იფიქრონ, რომ ის ქარაფშუტაა. ახლა ისეთი დროა, რომ სხვების ყურადღების მიპყრობის გარეშეც, შესაძლოა, ზოგჯერ ისეთ სერიოზულ პრობლემებში გავეხვიოთ, როგორიცაა: უეცარი თავდასხმა, გაუპატიურება ან მკვლელობაც კი. ასე რომ, დაფიქრდით, როგორ გავლენას ახდენს სხვებზე თქვენი ჩაცმულობა და საქციელი. ყურად იღეთ ბიბლიური რჩევა: ‘ღირსეულად შეიმოსეთ, კდემითა და უმანკოებით [„საღი აზროვნებით“, აქ]’ (1 ტიმოთე 2:9, სსგ).
ერთ პუბლიკაციაში (Monthly Labor Review) ყურადღება კიდევ ერთ პოტენციურად საშიშ სიტუაციაზე იყო გამახვილებული: „გვაწუხებს იმ მუშაკთა მდგომარეობა, რომლებიც ღამის საათებში უკაცრიელ ადგილებში მარტო მუშაობენ“. ამიტომ დაფიქრდით: ნამდვილად გონივრულია თუ არა მარტო მუშაობა, განსაკუთრებით კი გვიან ღამით, და ამგვარად ძალადობის მსხვერპლად გახდომის რისკზე წასვლა? ღირს ის ფული, რომელსაც გასამრჯელოდ მივიღებთ, იმად, რომ თავი ასეთ განსაცდელში ჩავიგდოთ?
ძალიან მნიშვნელოვანია იმაზე დაფიქრებაც, თუ როგორ ვრეაგირებთ სტრესულ მდგომარეობაში მყოფი გაღიზიანებული და მტრულად განწყობილი თანამშრომლის საქციელზე. რის გაკეთება შეიძლება პოტენციური საშიშროების შესამცირებლად? ბიბლიური იგავი გვირჩევს: „მშვიდი პასუხი გულისწყრომას აცხრობს, საწყენი სიტყვა კი რისხვას იწვევს“ (იგავნი 15:1). დიახ, თუ სხვების მიმართ სიკეთესა და პატივისცემას ვავლენთ, ამით ხელს შევუწყობთ დაძაბული სიტუაციის განმუხტვასა და კონფლიქტის არიდებას.
დღეს სამუშაო ადგილებზე დაძაბული მდგომარეობაა და თანამშრომლების გაღიზიანება და მათ შორის მტრული დამოკიდებულება ჩვეულებრივი მოვლენაა. შეიძლება გვეჩვენებოდეს, რომ თანამშრომელი პირადად ჩვენ წინააღმდეგ არის ასე განწყობილი, მაგრამ სრულიად დასაშვებია, რომ ის, უბრალოდ, ჩვენთან აფრქვევდეს დაგროვილ სტრესსა და უკმაყოფილებას. შესაძლოა, უბრალოდ, შემთხვევითობის მსხვერპლი გავხდით. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ ვრეაგირებთ ჩვენ თვითონ. ჩვენმა რეაქციამ შეიძლება განმუხტოს ან კიდევ უფრო დაძაბოს სიტუაცია.
მაგრამ უთანხმოებებთან დაკავშირებით მრავალი რადიკალურად განსხვავებული შეხედულება არსებობს. წიგნში „კონფლიქტების მოგვარება სამუშაოზე“, კარგი აზრია გამოთქმული: „როდესაც ვინმესთან კონფლიქტი მოგვდის. . . იშვიათად თუ ვაანალიზებთ სინამდვილეში გულწრფელად, რას ვგრძნობთ“. რა შეიძლება იყოს პრობლემის მიზეზი? აღნიშნული წიგნი დასძენს: „კონფლიქტური სიტუაციები ჩვენზე ისე მოქმედებს, რომ გვთრგუნავს და ნათლად აზროვნების უნარს გვართმევს; ამიტომ გვგონია, რომ ერთადერთი გამოსავალი ჩხუბია“.
როგორ ვუშველოთ ამ პრობლემას? მოისმინე! ზემოთ მოხსენიებული წიგნი აღნიშნავს: „იმ ადამიანის გულისყურით მოსმენა, ვისთანაც უთანხმოება მოგვივიდა. . . საშუალებას მოგვცემს, დავწყნარდეთ და კონფლიქტის მოგვარების გზები გამოვნახოთ“. ეს შესანიშნავი რჩევაა იმისათვის, რომ უთანხმოებები ან გაუგებრობები უფრო სერიოზულ კონფლიქტში არ გადაიზარდოს.
ამიტომ ჩვენი მხრიდან სიბრძნის გამოვლენა იქნებოდა, თუ უსაფრთხოების საკითხს გონივრულად მივუდგებოდით. ამაში უსაფრთხოების ადგილობრივი წესების გულმოდგინედ დაცვაც შედის. ყოველივე ჩამოთვლილის გათვალისწინება ძალზე ეფექტური იქნება, რათა თქვენი სამუშაო ადგილი უსაფრთხო იყოს.
შეიძლება ითქვას, რომ სიცოცხლისადმი, სამუშაოსა და დასვენებისადმი ჩვენმა დამოკიდებულებამაც იქონიოს გავლენა იმაზე, რა სამუშაოს ვირჩევთ და როგორ ვეკიდებით უსაფრთხოების საკითხებს. მომდევნო სტატია დაგვეხმარება, რომ ამ საკითხში კარგი არჩევანი გავაკეთოთ.
[სურათი 5 გვერდზე]
საგულდაგულოდ მოწმინდეთ დაღვრილი ზეთი.
[სურათი 7 გვერდზე]
მშვიდ პასუხს დაძაბული ატმოსფეროს განმუხტვა შეუძლია.
-