-
კვლავ უსაფრთხოა თვითმფრინავით მგზავრობა?გამოიღვიძეთ! — 2002 | დეკემბერი 8
-
-
კვლავ უსაფრთხოა თვითმფრინავით მგზავრობა?
იტაცებენ ოთხ ავიალაინერს. ხდება ოთხი ავიაკატასტროფა. ინგრევა ყველასთვის ცნობილი მნიშვნელოვანი ობიექტები. სატელევიზიო არხებზე არაერთხელ მეორდება შემზარავი კადრი: „ბოინგ-767“ მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთ ცათამბჯენს ეჯახება.
2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული თავდასხმებით ტერორისტული აგრესიის ახალი და შემზარავი ეპოქა დაიწყო. ტერორისტებმა ხალხის გასანადგურებლად ავიაკომპანიების გამოყენება დაიწყეს და თვითმფრინავები მათ ხელში ასაფეთქებელ იარაღად იქცა.
ამ მოვლენებმა თვითმფრინავით მგზავრობის ახლებული შიშის გაჩენა გამოიწვია — ვინც ადრე თავს უსაფრთხოდ გრძნობდა თვითმფრინავში, ახლა პანიკური შიშით არის შეპყრობილი შესაძლო ტერორისტული თავდასხმის გამო. გარდა ამისა, 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ მომხდარმა მთელმა რიგმა ავიაკატასტროფებმა, რომლებსაც ტერორიზმთან საერთო არაფერი ჰქონდათ, ბევრს კიდევ უფრო გაუძლიერა ავიატრანსპორტით მგზავრობის შიში.
უნდა ვაღიაროთ, რომ თვითმფრინავით მგზავრობა ძვირი სიამოვნებაა, რომელზეც ხელი არ მიუწვდება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ მილიონობით ადამიანს. სხვებისთვის კი საჰაერო ტრანსპორტით ფრენა აუცილებელი და ჩვეულებრივი მოვლენაა. მათთვის, ვისი სამსახურიც ხშირ საქმიან მივლინებებს მოითხოვს, თვითმფრინავით მგზავრობა, უბრალოდ, გარდაუვალია. სხვადასხვა დავალების შესასრულებლად ქრისტიან მისიონერებსა და მსახურებს ხშირად უწევთ შორ მანძილზე ფრენა. ზოგჯერ, როდესაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაა საჭირო, თვით ხელმოკლე ადამიანებისთვისაც კი გადაადგილების ერთადერთი შესაფერისი საშუალება ავიატრანსპორტია. ათასობით პილოტისა და, საერთოდ, საჰაერო ხომალდის ეკიპაჟისთვის სამოქალაქო ავიაცია საარსებო წყაროა.
ბევრი, ვინც თვითმფრინავით აპირებს გამგზავრებას, შეიძლება თავადაც ნერვიულობს და, იმავდროულად, იძულებულია, აფორიაქებული მეუღლე და შეშინებული ბავშვებიც დააწყნაროს სახლიდან გასვლამდე. აეროპორტში კონტროლის გავლა, რაც ერთ დროს შედარებით მარტივად ხდებოდა, ახლა შემაწუხებელი პროცედურაა; ამიტომ მგზავრებს ბუნებრივად ებადებათ კითხვა: კვლავ სასურველია თუ არა თვითმფრინავით მგზავრობა?
ზემოხსენებული პრობლემატური საკითხების განსახილველად „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტი გაესაუბრა საავიაციო უშიშროების სპეციალისტებს, აეროპორტის პერსონალს, ავიაკომპანიის წარმომადგენლებს და ავიატექნიკოსებს. ისინი ყველა ერთი აზრისანი არიან: თვითმფრინავით მგზავრობა კვლავ რჩება გადაადგილების ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო საშუალებად, მაგრამ გაჩნდა ახალი საშიშროებები, რომელთა გამოც მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ახლებური ზომების მიღებაა საჭირო.
ეს პრობლემატური საკითხები მომდევნო სტატიებში იქნება განხილული. აგრეთვე დაინახავთ, თუ რის გაკეთება შეგიძლიათ პირადად თქვენ ავიატრანსპორტით უფრო უსაფრთხოდ მგზავრობისა და მშვიდი ატმოსფეროს შექმნისთვის.
-
-
თვითმფრინავით მგზავრობა უსაფრთხოების ძიებაშიგამოიღვიძეთ! — 2002 | დეკემბერი 8
-
-
თვითმფრინავით მგზავრობა უსაფრთხოების ძიებაში
თერთმეტ სექტემბრამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე ალექსმა თითქმის დასძლია ავიატრანსპორტით მგზავრობის შიში. როდესაც სამგზავრო ავიალაინერი, რომელშიც ის იჯდა, მიწას მოსწყდა და ათენიდან გეზი ბოსტონისკენ აიღო, 42 წლის მენეჯერი მიხვდა, რომ შიში ეუფლებოდა — გული აუჩქარდა, ხოლო ხელისგულებსა და შუბლზე ცივმა ოფლმა დაასხა.
მაგრამ მან იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო. მკურნალმა, რომელიც მას ფრენის შიშის დაძლევაში ეხმარებოდა, ასწავლა, რომ ღრმად ჩაესუნთქა ჰაერი, წარმოედგინა სასიამოვნო სცენები და საიდაყვისთვის მაგრად ჩაეჭირა ხელები, წუთში ოთხჯერ კი კვლავ გაეშვა. როდესაც გრძნობდა, რომ ჰაერის ტურბულენტური ნაკადით გამოწვეული რყევები და შემაშინებელი ხმაური სადაცაა „მოერეოდა“, ალექსი მშვიდი ტბის სანაპიროზე წარმოიდგენდა ხოლმე თავს. „ვფიქრობდი, რომ შიშის დაძლევაში რეალურ პროგრესს ვაღწევდი“, — ამბობს ალექსი.
საავიაციო ტრანსპორტით მოსარგებლე მილიონობით ადამიანს ეშინია ფრენის. ბოლო წლებში მრავალი მათგანი ფრენის შიშის დასაძლევ კურსებზე ჩაეწერა დახმარების მისაღებად. ეს ნაბიჯი, ხშირ შემთხვევაში, მათ მას შემდეგ გადადგეს, რაც ოჯახის წევრებმა, დამსაქმებლებმა და ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა დაარწმუნეს, რომ ფრენა აუცილებელი იყო. მგზავრთა უმრავლესობისთვის ეს კურსები სასარგებლო აღმოჩნდა. მრავალი კლინიკა ამაყობდა იმით, რომ მათი „პაციენტების“ დაახლოებით 90 პროცენტი წარმატებას აღწევდა კურსების გავლის შემდეგ.
მაგრამ 11 სექტემბრის მოვლენებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ალექსმა დაუყოვნებლივ მიატოვა კურსები და თავის დამსაქმებელსაც იმედი გაუცრუა — მან უარი თქვა პროექტებზე, რომელთა განსახორციელებლადაც თვითმფრინავით უნდა ემგზავრა პრესტიჟულ კლიენტთან შესახვედრად. „ფრენის შიში ტერორისტების მიერ განხორციელებულ თავდასხმებთან ერთად უკვე გაუსაძლისი იყო ჩემთვის, — ამბობს ის, — კურსებს არ მოვუმზადებივარ ამისთვის“.
ავიაციის უშიშროების მკაცრი შემოწმება
შეშინებული მგზავრები შემდეგ ფაქტორზეც ამახვილებენ ყურადღებას: კითხვები, რომლებსაც, როგორც წესი, თვითმფრინავში ჩაჯდომამდე უსვამენ მგზავრებს, ავიალაინერების გამტაცებლებსაც დაუსვეს 11 სექტემბერს. აი, ზოგი ამ კითხვებიდან: „ხომ არ გთხოვათ ვინმე უცნობმა, რომ ამ რეისით მისი გადმოცემული ნივთი წაგეღოთ?“, „იმ ნივთებიდან, რომლებიც თან მიგაქვთ, ხომ არ დაგიტოვებიათ რომელიმე უმეთვალყურეოდ შეფუთვისა და ჩალაგების შემდეგ?“. ხალხის უმრავლესობის მსგავსად, ამ კითხვაზე ტერორისტებმაც უყოყმანოდ უპასუხეს — „არა!“. უშიშროების ზოგიერთი სპეციალისტის აზრითაც, ის ფაქტი, რომ გამტაცებლებმა მოახერხეს თვითმფრინავში ჩაჯდომა, ავიაციის უშიშროებაში არსებულ ხარვეზებზე მეტყველებს. „აქამდე არავის და არაფერს შეეძლო ცვლილებების მოხდენის დაჩქარება უშიშროების სფეროში, — ამბობს საავიაციო უშიშროების კავშირის ყოფილი დირექტორი ჯიმი მაკენა, — ახლა კი, ოთხი თვითმფრინავის გატაცება და განადგურება, და ამასთანავე, ათასობით ადამიანის სიკვდილი, ალბათ, საკმარისია იმისთვის, რომ ამ ცვლილებების მოხდენა დაჩქარდეს“.
ამ ავიაკატასტროფების შემდეგ აეროპორტისა და ავიატრანსპორტის — და ყოველივე მათთან დაკავშირებულის — უშიშროების მკაცრი შემოწმება დაიწყეს. ამერიკის კონგრესის მიერ დანიშნული სპეციალური კომისიის წინაშე გამოსვლისას, ამერიკის სატრანსპორტო სამინისტროს გენერალურმა ინსპექტორმა, კენეთ მიდმა, განაცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შემოღებულ, უკვე არსებულ, მოთხოვნებთან ერთად, სხვა ახალი მოთხოვნებიც დააწესეს, ავიაციის უშიშროებაში მაინც არსებობს საგანგაშო ხარვეზები... და სუსტი წერტილები, რომლებიც ამოვსებასა და საიმედოდ გამაგრებას მოითხოვს“. რა კეთდება ამ ხარვეზების ამოსავსებად?
მგზავრების შემოწმება უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით
როდესაც ავიაციის უშიშროების მაღალჩინოსან თანამშრომელს, რომელიც ერთ-ერთ დიდ ამერიკულ ავიაკომპანიაში მუშაობს, ეკითხებიან, ეშინია თუ არა ფრენის, იგი უყოყმანოდ უარყოფს და ამბობს, რომ ის ენდობა მგზავრთა შემოწმების კომპიუტერულ სისტემას, რომელიც რეგისტრაციაში ატარებს იმ ავიაკომპანიების მიერ გაყიდულ თითოეულ ბილეთს, რომლებიც ამ სისტემას იყენებენ. ამ სისტემის საშუალებით შესაძლებელია იმის გაგება, თუ სად და როგორ შეიძინა მგზავრმა ბილეთი — ავიაკომპანიის საბილეთო სალაროში, ტურისტულ ფირმაში თუ ინტერნეტის მეშვეობით. სისტემა სხვა მონაცემებსაც იწერს. მაგალითად, მგზავრი მარტო მიფრინავს თუ ოჯახის წევრებთან ან სხვა თანმხლებ პირებთან ერთად. აქვე ინახება სხვა დაწვრილებითი ინფორმაციაც: ხომ არ ჰქონია ბილეთის მფლობელს რაიმე კავშირი კრიმინალურ სამყაროსთან ან ხომ არ ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა ის ცუდად მოპყრობია ავიაკომპანიის პერსონალსა და ქონებას.
ყოველთვის, როდესაც მგზავრი რეგისტრაციას გადის აეროპორტში, ამ ინფორმაციას ბოლო მონაცემებთან — მათ შორის უშიშროების მიზნით დასმულ შეკითხვებზე გაცემულ პასუხთან — ადარებენ და აახლებენ. მოპოვებული მონაცემების უზუსტესი წვრილმანები, აგრეთვე ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზისთვის გამოყენებული მეთოდები ავიაკომპანიის ერთ-ერთ ყველაზე გასაიდუმლოებულ საკითხად რჩება. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გამოიყენება მგზავრთა შემოწმების კომპიუტერული სისტემის მსგავსი სხვა სისტემები, რომლებიდანაც ზოგი უშუალოდ არის დაკავშირებული სხვა სამთავრობო ან პოლიციის ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, როგორიცაა ინტერპოლი. ევროპის ბევრ აეროპორტში, საპასპორტო მონაცემების რეგისტრაციის სისტემას შეუძლია მეხსიერებაში შეინახოს და შემდეგ კვლავ მოძებნოს ინფორმაცია ამა თუ იმ პიროვნების თვითმფრინავით მგზავრობისა და ერთი ქვეყნიდან მეორეში მისი მიმოსვლის შესახებ.
რადგან ბოროტგანმზრახველებს გაცილებით დიდი საფრთხის შექმნა შეუძლიათ ავიაციის უშიშროებისთვის, ვიდრე ისეთ ნივთებს, როგორიცაა ხელბარგი და შემოწმებული ჩემოდნები, ამიტომ მიმართავენ ამა თუ იმ პიროვნების შესახებ მიღებულ მონაცემთა ასეთ ძირფესვიან ანალიზს. ამრიგად, აეროპორტის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, ამჟამად ალტერნატივის სახით სხვადასხვა ბიომეტრიული ხელსაწყოებისა და ინტელექტუალური ბარათების გამოყენებაზე ფიქრობენ, ან უკვე დაიწყეს კიდეც მათი გამოყენება.
მგზავრების შესახებ მონაცემების მოპოვებისა და ანალიზის გარდა, აეროპორტის უშიშროების თანამშრომლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმასაც, რომ არ დაუშვან თვითმფრინავში სიცოცხლისათვის საშიში საგნებისა და ნივთიერებების მოხვედრა. რენტგენის სხივებით ბარგის დათვალიერება არ არის შემოწმების სრულყოფილი მეთოდი და თავისი ხარვეზები ახლავს. აეროპორტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პერსონალს საკმაოდ უჭირს დიდი ხნის მანძილზე ყურადღების შენარჩუნება იმიტომ, რომ ბარგის რენტგენული, ბუნდოვანი გამოსახულებების ყურება ძალიან მომაბეზრებელია. გარდა ამისა, მაგნიტომეტრებიც წამდაუწუმ ტეხენ ცრუ განგაშს — მათი „აღმონაჩენი“ ხშირად სხვა არაფერია, თუ არა სახლის გასაღები, ლითონის ფული და ქამრის ბალთა.
კანონის გამკაცრება
ამ ხარვეზების შევსების მიზნით ზოგიერთი ქვეყნის მთავრობამ კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა, რაც აეროპორტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უფრო მკაცრი ზომების მიღებას ითვალისწინებს. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში 2002 წლის მიწურულისთვის ძალაში შევა შემდეგი წესები: ბარგი მხოლოდ მფლობელის ჩაჯდომის შემდეგ ჩაიტვირთება თვითმფრინავში, მთლიანად შემოწმდება თვითმფრინავის სალონში ასატანი ნივთები, ხელბარგის ჩათვლით, და უკვე შემოწმებული ბაგაჟი სპეციალურად კიდევ ერთხელ შემოწმდება ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოვლენის მიზნით. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა პილოტთა კაბინის კარის გამაგრებაზე, რათა უფრო საიმედო იყოს. ავიაკომპანიის თანამშრომლები დამატებით მომზადებას გადიან, რომლის წყალობითაც ექსტრემალური ვითარებისთვის თავის გართმევას სწავლობენ. სამგზავრო თვითმფრინავებს უკვე შეიარაღებული მცველები მიაცილებენ.
11 სექტემბრიდან მოყოლებული რამდენიმე თვის განმავლობაში მსოფლიოს მრავალ აეროპორტში მგზავრებს ჩხრეკდნენ და ბარგს ხელით უმოწმებდნენ. ზოგ შემთხვევაში, მგზავრებსა და ხელბარგს ხელმეორედაც ამოწმებდნენ ხელით. ევროპელი მგზავრებისთვის უკვე კარგად არის ცნობილი სიფრთხილის ასეთი ზომები, რომლებსაც ფართოდ მიმართეს XX საუკუნის 70-იან წლებში, როცა თვითმფრინავის გატაცების შემთხვევებმა პიკს მიაღწია. ამჟამად მგზავრებს ეკრძალებათ რაიმე ბასრი ხელსაწყო-იარაღის თვითმფრინავში ატანა. საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლის უფლება მხოლოდ ბილეთიან მგზავრს ეძლევა. ბევრი უკვე მიეჩვია კონტროლის გასავლელად გრძელ რიგებში დგომას და შეიარაღებული სამხედროების ხილვას აეროპორტში.
ტექმომსახურებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება
წარმოიდგინეთ ბევრისთვის ნაცნობი, არცთუ ისე სასიამოვნო, სურათი: მგზავრმა როგორც იქნა გადალახა აეროპორტის უამრავი საკონტროლო პუნქტი და, ბოლოს, იმ დარბაზში აღმოჩნდა, საიდანაც უშუალოდ თვითმფრინავში ჩაჯდომა ხდება. იგი ელოდება, როდის გამოაცხადებს ავიაკომპანიის წარმომადგენელი ჩაჯდომის დაწყებას. „გაიგონეთ? — ამბობს იქვე ახლოს მყოფი, კლასიკური სტილის ნაცრისფერ კოსტიუმში გამოწყობილი ბიზნესმენი, — ტექნიკური მიზეზების გამო რეისი გადაიდო“. იგი თავს აქეთ-იქით იქნევს და დასძენს: „იმედია, ძრავის გარეშე არ გაგვამგზავრებენ“.
მგზავრების უმრავლესობას წარმოდგენა არა აქვს, რომ სამოქალაქო ავიაციის ორგანოებს ავიატრანსპორტის შემოწმების მკაცრი და შრომატევადი სისტემები აქვთ შემუშავებული. ტექნიკოსები გულდასმით იკვლევენ თვითმფრინავის საბორტო ჟურნალს და ამისდა მიხედვით საზღვრავენ, თუ რის შეკეთებაა საჭირო. სინამდვილეში, ეს ორგანოები მოითხოვენ, რომ თვითმფრინავებმა და მათმა ძრავებმა მკაცრად განსაზღვრული გეგმის მიხედვით — ავტომობილებზე გაცილებით ხშირად — გაიარონ ტექდათვალიერება. ეს მოთხოვნა სავალდებულოა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავიატრანსპორტის საბორტო ჟურნალში არანაირი ხარვეზი არ არის დაფიქსირებული.
ზემოხსენებულის სისწორეში დიდ ავიაკომპანიაში მომუშავე ერთი ავიატექნიკოსი დაგვემოწმება. აი, რას ამბობს ის: „უკვე 15 წელია ამ კომპანიაში ვმუშაობ და არ მახსოვს, რომ იმ პერსონალს შორის, ვისაც ავიატრანსპორტის ტექმომსახურება ავალია, ისეთი ვინმე შემენიშნოს ან ისეთ ვინმესთან მელაპარაკოს, ვინც მთელი სერიოზულობით არ ეკიდებოდეს უსაფრთხოებას. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ავიაკომპანიის ხელმძღვანელთა მეგობრები და ოჯახებიც ხომ იმავე თვითმფრინავით დაფრინავენ, რომელსაც კომპანია მგზავრების გადასაყვანად იყენებს. ასე რომ, ისინი, უბრალოდ, არ წავლენ ასეთ სულელურ რისკზე“.
ავიატექნიკოსები უდიდეს პირად პასუხისმგებლობას გრძნობენ. ერთ-ერთი მათგანი იხსენებს: «არასოდეს დამავიწყდება ის ღამე, როცა ჩვენი კომპანიის ავიალაინერმა, „DC-10“-მა, კატასტროფა განიცადა სუ-სიტში (აიოვის შტატი, აშშ). იმ ხანად ავიატექნიკოსად ვმუშაობდი. ჩემს მოვალეობაში შედიოდა ამავე ტიპის თვითმფრინავის კუდის ტექდათვალიერება და შესაკეთებელი სამუშაოების შესრულება. იმ დროისთვის ძალიან ცოტა რამ ვიცოდით იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია თვითმფრინავის დაღუპვა. მახსოვს, როგორი განსაკუთრებული მონდომებითა და ყურადღებით ვაკეთებდი ჩემს საქმეს იმ ღამეს და თან ვფიქრობდი: „ნეტა რა დაემართა იმ თვითმფრინავს? იქნებ სხვა ვინმემ ზუსტად ის ვერ შეამჩნია, რასაც მე შევამჩნევდი და ტრაგედიასაც თავიდან ავირიდებდით? ვაკეთებ კი ყველაფერს ზუსტად ისე, როგორც მომეთხოვება?“. იმ საღამოს დიდი ხანი დავყავი თვითმფრინავის კუდში. ვამოწმებდი და თან ვფიქრობდი».
ავიატექნიკოსები მუდამ გადიან სპეციალურ მომზადებას და უფრო ხელოვნდებიან მათ მიერ შესასრულებელი სამუშაოს სხვადასხვა სფეროში — ჩვეულებრივი შემოწმებისას წვრილმანი გაუმართაობების გამოსწორებით დაწყებული და უფრო სერიოზული და საფუძვლიანი შემოწმების ჩატარებითა და ხარვეზების აღმოფხვრით დამთავრებული. ავიატექნიკოსთა დახელოვნების კურსები ყოველწლიურად იხვეწება, რათა იქ წარმოდგენილმა მოსამზადებელმა პროგრამამ მოიცვას ყველა მოსალოდნელი სიტუაცია — ჩვეულებრივი თუ ექსტრემალური.
ავიაკატასტროფის შემდეგ მოპოვებულ ინფორმაციას აანალიზებენ და სპეციალურ ავიაიმიტატორში შეაქვთ. მფრინავ-გამომცდელები და ავიაინჟინრები ამ იმიტატორის მეშვეობით ფრენის იმიტაციას ახდენენ, რათა გამოარკვიონ, თუ სხვა რა გამოსავლის პოვნა შეიძლებოდა მოცემულ ვითარებაში. ეს იმ მიზნით კეთდება, რომ ავიატექნიკოსებმა მომავალში უკეთ შეძლონ მსგავსი პრობლემებისთვის თავის გართმევა. შემდეგ სპეციალურ სასწავლო პროგრამებს ადგენენ თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებისთვის, რათა მათ განსაკუთრებული მითითებები და ინსტრუქციები მიიღონ. პრობლემის ასეთი ძირეული ანალიზის წყალობით თვითმფრინავისა და მისი დეტალების დიზაინის შეცვლაც ხდება შესაძლებელი. ასეთი ცვლილებებისას იმედოვნებენ, რომ მომხდარი მარცხი ჭკუის სასწავლებელი აღმოჩნდება და მომავალში მსგავსი წარუმატებლობები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
ერთმა ავიატექნიკოსმა ასე შეაჯამა ყველაფერი: „ყოველ ჩვენგანს გვასწავლიან, რომ უსაფრთხოება თავისით კი არ ჩნდება, არამედ მასზე წინასწარ უნდა იზრუნო“.
...და კვლავ თვითმფრინავში
თვითმფრინავით მგზავრობისგან ოთხთვიანი თავშეკავების შემდეგ ალექსმა გადაწყვიტა, რომ უკვე დრო იყო, თავის ფობიას გამკლავებოდა. ბოსტონის ლოგენის საერთაშორისო აეროპორტში პოლიციელებისა და ეროვნული გვარდიის მცველების ყოფნას უკვე აღარ აუღელვებია იგი. აღარც კონტროლის გავლისას გრძელ რიგებში დგომასა და ბარგის ხელით შემოწმებას აუფორიაქებია.
რადგან ალექსს ავიატრანსპორტით უსაფრთხო მგზავრობის სურვილი ჰქონდა, ყოველივე ეს მან კარგის მომასწავებელ ნიშნად აღიქვა და დამშვიდდა. თვითმფრინავში ასვლისას ალექსს ცოტათი კიდევ ასხამს ოფლს და გულისცემაც ცოტა უჩქარდება, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობს, როდესაც ხელით შემოწმებულ ხელბარგს სავარძლის ზემოთ არსებულ სათავსში დებს, იგი გაცილებით უკეთ გრძნობს თავს.
[ჩარჩო⁄სურათი 5 გვერდზე]
ფაქტები თვითმფრინავით მგზავრობაზე
როგორც ვარაუდობენ, საჰაერო ტრანსპორტით მოსარგებლეთა 20 პროცენტს მაინც ეშინია ფრენის. მაგრამ ყოველ მათგანს როდი მიაჩნია თვითმფრინავი გადაადგილების სახიფათო და არასაიმედო საშუალებად. მათი შეშფოთება, ხშირად, სხვადასხვა ფობიით — მაგალითად, სიმაღლისა და ხალხით გადაჭედილი ადგილების შიშით — არის განპირობებული.
[ცხრილი 8 გვერდზე]
რამდენად დიდია სასიკვდილო შემთხვევის ალბათობა?
წელიწადში 1 შემთხვევა სიცოცხლეში 1 შემთხვევა
(ადამიანზე): (ადამიანზე):
ავტოკატასტროფა 6212 81
მკვლელობა 15104 197
მექანიზმებით დაზიანება 265000 3500
ავიაკატასტროფა 390000 5100
სააბაზანოში დახრჩობა 802000 10500
შხამიანი ცხოველები და მცენარეები 4200000 55900
მეხის დაცემა 4300000 56000
[საავტორო უფლება]
წყარო: National Safety Council
[სურათი 6 გვერდზე]
აეროპორტს გაძლიერებულად იცავენ.
[საავტორო უფლება]
AP Photo/Joel Page
[სურათი 7 გვერდზე]
მგზავრების შემოწმება და რეგისტრაცია.
[სურათი 7 გვერდზე]
გაუმჯობესდა ტექმომსახურება.
[სურათი 8 გვერდზე]
პილოტები მაღალკვალიფიციური სპეციალისტები არიან.
-
-
თუ უსაფრთხოდ მგზავრობა გსურთგამოიღვიძეთ! — 2002 | დეკემბერი 8
-
-
თუ უსაფრთხოდ მგზავრობა გსურთ
ზოგს შეიძლება ძალიან აშინებდეს დედამიწის ზემოთ 11 000 კილომეტრზე ფრენა. მათი აზრით, ასეთი რამ ადამიანისთვის თითქოს არაბუნებრივია. რადგან ავიატრანსპორტით უსაფრთხოდ და საიმედოდ მგზავრობის უზრუნველსაყოფად ახალი, გაცილებით უფრო მკაცრი ზომები მიიღეს, ამ ფოლადის თხელი მილებისგან შედუღებული საფრენი აპარატის კორპუსით ჰაერში სწრაფი სიჩქარით გადაადგილების საფრთხე მინიმუმამდე იქნა დაყვანილი. მაგრამ მწარე სინამდვილე იმაზე მეტყველებს, რომ ავიაკატასტროფები დროდადრო მაინც შეიძლება მოხდეს.
შიშის დაძლევა
რეალური საფრთხის მიუხედავად, ადამიანებს ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან ჰქონდათ ფრენის სურვილი. ქრისტემდე ათი საუკუნით ადრე მეფე დავითმა დაწერა: „ვინ მომცემს ფრთას, ვითარცა მტრედს? გავფრინდებოდი და დავბინავდებოდი“ (ფსალმუნი 54:7). როგორც დავინახეთ, თანამედროვე ტექნოლოგიის წყალობით თვითმფრინავი გადაადგილების ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო საშუალება გახდა. მართალია, საჰაერო ტრანსპორტი სრულყოფილი არ არის, მაგრამ დღევანდელ მსოფლიოში არაფერია სრულიად უსაფრთხო ან პროგნოზირებადი.
მნიშვნელოვანია, ყოველთვის გვახსოვდეს ამის შესახებ, განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვას ვერ ვანდობთ საკუთარ თავს. ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ რაც უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება, თავად აკონტროლოს სიტუაცია, მით უფრო მშვიდად იგრძნობს თავს. ასეთ ადამიანებს შეიძლება ძალიან გაუჭირდეთ ისეთ სიტუაციაში ყოფნა, როდესაც მათზე ძალიან ცოტა რამ ან საერთოდ არაფერია დამოკიდებული. საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობა სწორედ რომ ასეთ შემთხვევას განეკუთვნება.
მართალია დღესდღეობით ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ მგზავრებმა უფრო უსაფრთხოდ იმგზავრონ ავიატრანსპორტით, მაგრამ ეს არ იძლევა უსაფრთხოების სრულ გარანტიას. პოტენციური საშიშროების მინიმუმამდე შემცირებას შეიძლება ხელი შეუწყოს ყველაფერმა, რაც ფრენასთან არის დაკავშირებული. მთავრობის წარმომადგენლები დღემდე იძლევიან გაფრთხილებას მოსალოდნელი საშიშროებების შესახებ. ბრძნულ ბიბლიურ იგავში ნათქვამია: „გონიერი ხედავს ბოროტებას და თავს არიდებს“ (იგავნი 22:3). გონივრულია იმის აღიარება, რომ პრაქტიკულად ნებისმიერ საქმიანობას ახლავს თან გარკვეული რისკ-ფაქტორი. კარგია, თუ ამ საკითხსაც ასეთივე სწორი თვალსაზრისით მივუდგებით და ყოველთვის გვემახსოვრება, რომ, როგორც სხვა შემთხვევებში, თვითმფრინავით ფრენის დროსაც საჭიროა წინდახედულობის გამოვლენა და საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა.
ისინი, ვინც ხშირად მგზავრობენ თვითმფრინავით, უფრო კარგად არიან მომზადებული ასეთ კრიტიკულ დროს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს იმით აიხსნება, რომ სხვა მგზავრებთან შედარებით ისინი უფრო კარგად იცნობენ აეროპორტებსა და თვითმფრინავებს. თქვენც შეგიძლიათ ასეთივე ცოდნის მიღება და სიმშვიდის შენარჩუნება, თუ ამ სტატიის თანმხლებ ჩარჩოებში ჩამოთვლილ რჩევებს გაითვალისწინებთ.
მღელვარების გარეშე მგზავრობა
თუმცა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკონტროლო-გამშვები პუნქტის მომსახურება აუცილებელია, ზოგი მგზავრი — განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ჩქარობენ — კონტროლის გავლას ზედმეტ ფორმალობად მიიჩნევენ. თუ მხედველობაში მიიღებთ იმ ფაქტს, რომ აეროპორტების უმეტესობაში უსაფრთხოებისთვის უფრო მკაცრი ზომები მიიღეს, ალბათ, კონტროლის უფრო იოლად გასავლელად, შემდეგი რჩევების გათვალისწინებას მოისურვებთ:
◼ ადრე მობრძანდით აეროპორტში. თუ ზედმეტი დრო გექნებათ, არ იჩქარებთ, მოეშვებით და თავს აარიდებთ სტრესს, რომელიც შეიძლება მოულოდნელობამ ან რთულმა სიტუაციამ გამოიწვიოს.
◼ ისეთი ავიაკომპანია აირჩიეთ, რომელიც, ძირითადად, საქმიან ხალხს ემსახურება. ასეთ ადამიანებს მგზავრობის გამოცდილება, ცოტა ბარგი და სწრაფად გადაადგილების სურვილი აქვთ.
◼ სანამ ლითონის აღმომჩენი დეტექტორის კარებში გაივლიდეთ, გათავისუფლდით ისეთი ნივთებისგან, რომელთა გამოც შეიძლება საგანგაშო სიგნალი ჩაირთოს. ასეთ ნივთებში შედის გასაღებები, მონეტები, ძვირფასეულობა და მობილური ტელეფონი. მიეცით ისინი მომსახურე პერსონალიდან ვინმეს.
◼ ჩანთები და ხელბარგი ვერტიკალურად დააწყვეთ ტრანსპორტიორზე. თუ მომსახურე პერსონალი რენტგენული დანადგარის მეშვეობით მონიტორის ეკრანზე გაურკვეველ გამოსახულებებს დაინახავს, შეიძლება გთხოვონ, რომ გახსნათ ჩანთა ან ხელახლა გაატაროთ ის ამ დანადგარში.
◼ თუ თან მიგაქვთ რაიმე განსაკუთრებული ნივთი, რომელმაც შეიძლება ყურადღება მიიქციოს, მაგალითად ბებიის ნაქონი ძველებური ვერცხლის მანდოლინა, წინასწარ აცნობეთ ამის შესახებ საავიაციო უშიშროების სამსახურის მუშაკებს. ამგვარი შეტყობინების შემთხვევაში ეკრანზე გამოსახული უჩვეულო კონტურები არ გამოიწვევს ეჭვს და უფრო მეტი ალბათობაა, რომ მომსახურე პერსონალი არ დაიჟინებს მის შემოწმებას. თუ მართლა ძალიან გეჩქარებათ, წინასწარ ამოიღეთ ასეთი ნივთი ჩანთიდან, რათა ხელით შეამოწმონ.
◼ საგანგაშო სიგნალის ჩართვის შემთხვევაში გამოავლინეთ თანამშრომლობის სული და უმალვე ახსენით ამის მიზეზი. თუ საავიაციო უშიშროების სამსახურის მუშაკმა იცის, რომ სიგნალი განსაზღვრული ნივთის გამო ჩაირთო და მას ჰყავს დამხმარე პირი, რომელსაც სპეციალური ხელის დეტექტორი აქვს, მასთან გაგაგზავნით.
◼ უეჭველად დაიგვიანებთ რეისზე, თუ თვითმფრინავის გატაცებაზე ან ბომბის დადებაზე იხუმრებთ. გარდა იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში საავიაციო უშიშროების მომსახურე პერსონალი მკაცრად შეგამოწმებთ, შეიძლება ბოროტმოქმედებაშიც დაგადანაშაულონ და სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც კი გადაგცენ.
კეთილ მგზავრობას გისურვებთ!
შესაძლებელია თვითმფრინავით უსაფრთხოდ მგზავრობა? შეიძლება ითქვას, რომ დიახ. იმის მიუხედავად, თუ რომელ ავიაკომპანიას აირჩევთ, დიდია იმის ალბათობა, რომ დანიშნულების ადგილამდე მშვიდად და უვნებლად ჩახვალთ. თუ რომელიმე ავიაკომპანიის საიმედოობაში ეჭვი გეპარებათ, შეამოწმეთ ამ კომპანიის თვითმფრინავების უსაფრთხოდ ფრენასთან დაკავშირებული მონაცემები. გახსოვდეთ, რომ ავიაკატასტროფების მიუხედავად, საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობა გადაადგილების ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო საშუალებად ითვლება.
დღესდღეობით კი თითოეული ჩვენგანი ველოდებით იმ დროს, როცა ღვთის მმართველობის პერიოდში მთელ დედამიწაზე მშვიდობა და უსაფრთხოება დაისადგურებს; მაშინ ყველაფერი სანდო იქნება. ღვთისმოშიშ და მშვიდობისმოყვარე ადამიანებისგან შემდგარ ოჯახში აღარ იარსებებენ ისეთი ადამიანები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნიან ვინმეს სიცოცხლეს. მაშინ ყველა „უსაფრთხოდ იცხოვრებს და უბედურების შიში არ ექნებათ“ (იგავნი 1:33, „თანამედროვე ინგლისური თარგმანი“)a.
[სქოლიო]
a ამავე თემაზე შეგიძლიათ იხილოთ სტატიები: „უფრო უსაფრთხოდ მგზავრობა თვითმფრინავით“ 2000 წლის 22 სექტემბრის „გამოიღვიძეთ!“-ში (რუს.); „უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ!“ 2000 წლის 8 სექტემბრის „გამოიღვიძეთ!“-ში (რუს.); „როგორ დაფრინავენ ისინი ჰაერში?“ 1999 წლის 8 სექტემბრის „გამოიღვიძეთ!“-ში (რუს.); „რამდენად უსაფრთხოა თვითმფრინავით მგზავრობა?“ 1999 წლის 8 მარტის „გამოიღვიძეთ!“-ში (რუს.); „ხომ არ მიგაჯაჭვათ მიწას ფრენის შიშმა?“ 1990 წლის 8 ივლისის „გამოიღვიძეთ!“-ში (რუს.).
[ჩარჩო⁄სურათი 10, 11 გვერდებზე]
რამდენიმე რჩევა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
არჩიეთ პირდაპირი რეისები. ავიაკატასტროფათა უმეტესობა ხდება თვითმფრინავის აფრენის, სიმაღლის აღების, დაშვებისა და დაფრენის დროს. პირდაპირი რეისით ფრენის დროს ნაკლებად ხდება ამ ყველაზე სარისკო ფაზებში მოხვედრა.
უპირატესობა მიანიჭეთ უფრო დიდ თვითმფრინავებს. თვითმფრინავს, რომელსაც 30-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი აქვს, ჩვეულებრივ, მასზე პატარა მოცულობის თვითმფრინავთან შედარებით, უფრო მაღალი მოთხოვნების გათვალისწინებით აწყობენ და გაცილებით მკაცრ კონტროლს უქვემდებარებენ. გარდა ამისა, სერიოზული ავარიის შემთხვევაში, რაც თითქმის გამორიცხულია, უფრო დიდი თვითმფრინავი უკეთესადაა აღჭურვილი მგზავრების გადასარჩენად.
ყურადღება მიაქციეთ აფრენისწინა ინსტრუქტაჟს. შესაძლოა, ფიქრობ, რომ ეს ინფორმაცია გაუთავებლად მეორდება, მაგრამ ის საყურადღებოა, რადგან უახლოესი საავარიო გასასვლელების მდებარეობა სხვადასხვა თვითმფრინავში შეიძლება განსხვავებული იყოს, თანაც თქვენი დასაჯდომი ადგილიც უნდა იქონიოთ მხედველობაში.
ზედა შესანახ სათავსში არ შეაწყოთ მძიმე საგნები. ჰაერის ტურბულენტურ ნაკადში მოხვედრისას ზედა შესანახმა სათავსმა შეიძლება ვერ გაუძლოს მძიმე საგნებს, ამიტომ თუკი ისეთი ბარგი მიგაქვთ, რომლის აწევა და სათავსში შედება გაგიჭირდებათ, წინასწარ ჩააბარეთ.
სალონში ჯდომისას უსაფრთხოების ქამარი შეკრული გქონდეთ. შეკრული ქამარი უკეთ დაგიცავთ, თუკი თვითმფრინავი მოულოდნელად ჰაერის ტურბულენტურ ნაკადში აღმოჩნდება.
მოუსმინეთ ბორტგამყოლებს. ბორტგამყოლები, უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოების დაცვის გამო აცილებენ თვითმფრინავს. ასე რომ, თუკი რომელიმე მათგანი რაიმეს გაკეთებას გთხოვთ, ჯერ გააკეთეთ ეს და კითხვები მერე დაუსვით.
არ წაიღოთ სახიფათო საგნები, მასალები და ნივთიერებები. არსებობს საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი იმ სახიფათო საგნებისა თუ ნივთიერებებისა, რომელთა გატანაც აკრძალულია, თანაც საღმა აზრმაც უნდა გიკარნახოთ, რომ დაუშვებელია თვითმფრინავით ბენზინის, კოროზიის გამომწვევი ნივთიერებების, მომწამლავი გაზებისა თუ სხვა მსგავსი რამის წაღება. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც ავიაკომპანია ამის ნებართვას იძლევა და ეს ნივთიერებები სათანადო კონტეინერით იგზავნება.
ნუ მიეძალებით ალკოჰოლს. ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი ჰაერში უფრო მალე მოგეკიდებათ, ვიდრე ხმელეთზე. ზომიერება ყველგან და ყველაფერში გამოგადგებათ.
ფხიზლად იყავით. ნაკლებად სარწმუნოა, რომ ასეთი რამ მოხდეს, მაგრამ მაინც გახსოვდეთ: ავარიული სიტუაციის შექმნისას, როდესაც საჭირო ხდება მგზავრების სასწრაფო ევაკუაცია, აუცილებლად მიჰყევით ბორტგამყოლისა და ეკიპაჟის წევრების მითითებებს და რაც შეიძლება მალე დატოვეთ თვითმფრინავი.
[საავტორო უფლება]
წყარო: AirSafe.com
[ჩარჩო⁄სურათი 12 გვერდზე]
დაამშვიდეთ ოჯახის წევრები
თუკი სამგზავროდ ემზადებით, აქ მოცემული რჩევები ოჯახის წევრების დამშვიდებაში დაგეხმარებათ. აღებულია წყაროდან: United Behavioral Health Web site
დაელაპარაკეთ ოჯახის წევრებს. გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე გამონახეთ დრო, რომ საყვარელ ადამიანებს თქვენი და მათი უსაფრთხოების შესახებ დაელაპარაკოთ. ესაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა უსაფრთხოების ახალი ზომებია მიღებული აეროპორტებში და აუხსენით, როგორ შეუწყობს ეს ხელს თქვენს უსაფრთხო მგზავრობას.
მიეცით მათ თავიანთი განცდების გამოხატვის საშუალება. არ შეუშალოთ ხელი ოჯახის წევრებს თავიანთი წუხილის გამოთქმაში. მათ უყვარხართ და თქვენი უსაფრთხოება აღელვებთ. ყურადღებით მოუსმინეთ და არ განსაჯოთ ისინი მათი განცდების გამო. სერიოზულად შეხედეთ იმას, რაც მათ ასე აშინებთ და აღელვებთ.
გულწრფელად დაამშვიდეთ. დაელაპარაკეთ იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს სხვადასხვა სააგენტო ტერორისტული აქტების თავიდან აცილებას. ისინი უსაფრთხოების უფრო მკაცრ ზომებს იღებენ არა მხოლოდ აეროპორტებში, არამედ თვითმფრინავშიც. ამიტომაც, იმის ალბათობა, რომ თვითმფრინავში რაღაც დაგემართებათ, ძალიან მცირეა.
არ დაკარგოთ კონტაქტი. შეჰპირდით, რომ ჩასვლისთანავე დაურეკავთ. სისტემატურად შეეხმიანეთ ხოლმე მათ, სანამ სახლიდან შორს იქნებით. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის წევრებმა იცოდნენ, როგორ დაგიკავშირდნენ საგანგებო სიტუაციის შექმნისას.
[საავტორო უფლება]
აღებულია წყაროდან: United Behavioral Health Web site
[სურათები 10 გვერდზე]
მზად იყავით, ითანამშრომლოთ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ მომსახურე პერსონალთან.
-