მთელი გულით მიუტევეთ
„ასევე მოგექცევათ თქვენ ჩემი ზეციერი მამა, თუ ყოველი თქვენგანი გულით არ მიუტევებს თავის ძმას მის შეცოდებებს“ (მათე 18:35).
1, 2. ა) როგორ დააფასა ყველასთვის კარგად ცნობილმა ცოდვილმა ქალმა იესო? ბ) რა აღნიშნა იესომ საპასუხოდ?
ის მეძავ ქალს ჰგავდა და არა ისეთ ადამიანს, რომლის ნახვასაც მორწმუნის სახლში მოელოდით. ამ ქალის იქ დანახვაზე მეტად მნახველს მისი მოქმედება გააოცებდა. ქალი მიუახლოვდა კაცს, რომელიც უმაღლესი ზნეობით გამოირჩეოდა, ფეხები ცრემლებით დაბანა და თმებით შეუმშრალა, რითაც მისი საქმეებისთვის მადლიერება გამოავლინა.
2 იმ კაცს, იესოს, ქალაქში ‘ცოდვილ დედაკაცად’ ცნობილი ქალი არ გაუგდია. მაგრამ ფარისეველი სიმონი, რომელმაც იესო მიიწვია, გულგრილი ვერ დატოვა ამ ცოდვილის მოსვლამ. იესომ ამის საპასუხოდ სიმონს ამბავი მოუყვა იმ ორი კაცის შესახებ, რომლებსაც ვალი ემართათ. ერთს ბევრი — მუშის დაახლოებით ორი წლის გასამრჯელო. მეორეს პირველის მეათედი — სამ თვეზე ნაკლების გასამრჯელო. ვინაიდან ვალის გადახდა არც ერთ მათგანს შეეძლო, მევახშემ „ორივეს მიუტევა“. ცხადია, მას, რომელსაც მეტი ეპატია, მეტი სიყვარულის გამოვლენის საფუძველი ჰქონდა. იესომ ეს ამბავი ქალის გულითად მოქმედებას დაუკავშირა და დაგვანახა პრინციპი: „ვისაც ცოტა მიეტევა, ცოტათი უყვარს“. შემდეგ კი ქალს უთხრა: „მიგეტევა შენი ცოდვანი“ (ლუკა 7:36—48).
3. რას უნდა დავუკვირდეთ საკუთარ თავში?
3 შეეკითხეთ საკუთარ თავს: „იმ ქალის ადგილზე ან მსგავს მდგომარეობაში რომ ვყოფილიყავი და ჩემ მიმართ გულმოწყალება გამოევლინათ, თავად მე თუ ვიქნებოდი სხვების მიმართ მკაცრი და უმოწყალო?“ თქვენ, ალბათ, იტყოდით, — არა. და მაინც, დარწმუნებული ხართ, რომ ნამდვილად გაქვთ მიტევების უნარი? არის მიმტევებლობა თქვენი ხასიათის განუყოფელი ნაწილი? ხშირად და ადვილად პატიობთ და შეუძლიათ სხვებს იმის თქმა, რომ გულმოწყალე ადამიანი ხართ? მოდი ვნახოთ, რატომ უნდა მიაქციოს თითოეულმა ჩვენგანმა ამ თვისებას განსაკუთრებული ყურადღება და პატიოსნად გამოიკვლიოს საკუთარი თავი.
ჩვენ გვჭირდება მიტევება და ვღებულობთ კიდეც
4. რა უნდა აღიაროს თითოეულმა ჩვენგანმა?
4 თქვენთვის ცნობილია, რომ არასრულყოფილი ხართ. თუ გკითხავენ, აღიარებთ კიდეც ამას და შეიძლება 1 იოანეს 1:8-ც კი გაიხსენოთ: „თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, საკუთარ თავს ვატყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში“ (რომაელთა 3:23; 5:12). ზოგში ეს არასრულყოფილება შეიძლება უხეში, საშინელი ცოდვების ჩადენით გამოვლინდეს. მაგრამ, მაშინაც კი, თუ თქვენ რაღაც საშინელებას არ ჩადიხართ, არის შემთხვევები, როდესაც არაერთხელ და სხვადასხვა სახით არღვევთ ღვთის ნორმებს და სცოდავთ. განა ასე არ არის?
5. რისთვის უნდა ვუმადლოდეთ ღმერთს?
5 ამიტომ თქვენი მდგომარეობა შეესაბამება მოციქულ პავლეს მიერ აღწერილს: „თქვენც, მკვდრები შეცოდებებში და თქვენი ხორცის წინადაუცვეთლობაში გაგაცოცხლათ მასთან [იესოსთან] ერთად და მოგვიტევა ყველა შეცოდება“ (კოლასელთა 2:13; ეფესელთა 2:1—3). ყურადღება მიაქციეთ ფრაზას „მოგვიტევა ყველა შეცოდება“. ამაში ბევრი რამ იგულისხმება. თითოეულ ჩვენგანს აქვს საფუძვლიანი მიზეზი, დავითივით ითხოვოს: „შენი სახელისათვის, უფალო, შემინდე ჩემი შეცოდება, რადგან დიდია იგი“ (ფსალმუნი 24:11).
6. რაში შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ იეჰოვასა და მის მიმტევებლობასთან დაკავშირებით?
6 როგორ შეიძლება პირადად თქვენ — ან ნებისმიერმა ჩვენგანმა — დავიმსახუროთ მიტევება? ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ იეჰოვა მიმტევებელი ღმერთია. მიტევება მისი პიროვნების დამახასიათებელი თვისებაა (გამოსვლა 34:6, 7; ფსალმუნი 85:5). სავსებით გასაგებია, რომ ღმერთი ჩვენგან ლოცვით მიმართვასა და შენდობის, მიტევების თხოვნას მოელის (მეორე ნეშტთა 6:21; ფსალმუნი 102:3, 10, 14). ღმერთმა იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საშუალებით მიტევებისთვის კანონიერი საფუძველი შექმნა (რომაელთა 3:24; 1 პეტრე 1:18, 19; 1 იოანე 4:9, 14).
7. რაში უნდა მიბაძოთ იეჰოვას?
7 პატიებისთვის ღვთის მზადყოფნა იმის მაგალითი უნდა იყოს თქვენთვის, თუ როგორ მოეპყრათ სხვებს. პავლემ ამაზე გაამახვილა ყურადღება: „იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა“ (ეფესელთა 4:32). ეჭვგარეშეა, პავლეს მიზანი იყო, მიგვებაძა ღვთის მაგალითისთვის, რადგან მომდევნო მუხლში განაგრძობს: „მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა“ (ეფესელთა 5:1). ხედავთ ამ მუხლებს შორის კავშირს? იეჰოვა ღმერთმა მოგიტევათ თქვენ, ამიტომ — პავლეს მტკიცე არგუმენტის თანახმად — საჭიროა მიბაძოთ მას და ‘თანაუგრძნოთ და მიუტევოთ’ სხვებს. მაგრამ შეეკითხეთ საკუთარ თავს: „ვიქცევი მე ასე? თუ ეს თვისება ხასიათში არა მაქვს, ვმუშაობ მის განვითარებაზე და ნამდვილად ვცდილობ ამ საკითხში ღმერთს მივბაძო?“
საჭიროა, განვივითაროთ მიტევების უნარი
8. რა უნდა გვესმოდეს ჩვენი კრების წევრებთან დაკავშირებით?
8 სასიამოვნოა იმაზე ფიქრი, რომ ქრისტიანულ კრებაში მხოლოდ იშვიათად იქმნება სიტუაციები, როდესაც ღვთიური მიტევების გამოვლენაა საჭირო. მაგრამ რეალური სურათი სრულიად სხვაგვარია. მართალია, ჩვენი ქრისტიანი და-ძმები ცდილობენ, მიჰყვნენ იესოს სიყვარულის მაგალითს (იოანე 13:35; 15:12, 13; გალატელთა 6:2). ისინი დიდი ხანია, მუშაობენ იმაზე, რომ მოიშორონ ამ ბოროტი წუთისოფლისთვის დამახასიათებელი აზროვნება, მეტყველება და მოქმედება. მათ ნამდვილად სურთ ახალ კაცად გარდაქმნა (კოლასელთა 3:9, 10). მაგრამ შეუძლებელია იმ ფაქტის უგულებელყოფა, რომ როგორც მსოფლიო, ისე თითოეული კრება არასრულყოფილი ადამიანებისგან შედგება. მთლიანობაში ისინი წარსულთან შედარებით, დღეს უკეთესები არიან, თუმცა კვლავაც არასრულყოფილებად რჩებიან.
9, 10. რატომ არ უნდა გაგვაკვირვოს თუ ძმებს შორის რაიმე პრობლემა წამოიჭრება?
9 ბიბლიაში ღმერთი ტყუილად კი არ გვეუბნება, რომ კრებაში არასრულყოფილების დანახვა არ უნდა გაგვიკვირდეს. მაგალითად, განვიხილოთ პავლეს სიტყვები, რომლებიც კოლასელთა 3:13-შია ჩაწერილი: «შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს. როგორც ქრისტემ [„იეჰოვამ“, აქ] მოგიტევათ, ასევე თქვენც».
10 აღსანიშავია, რომ ბიბლია აქ შეგვახსენებს ღვთის მიერ ჩვენს შეწყნარებასა და ჩვენი მხრიდან სხვებისადმი შემწყნარებლობის გამოვლენის ვალდებულებას შორის არსებულ კავშირს. რატომ არის მიტევება რთული? პავლე აღიარებდა, რომ ზოგს შეიძლებოდა ‘ერთმანეთთან სადავო ჰქონოდათ’. მას ესმოდა, რომ კრებაში არსებობდა ამის მიზეზები. ეს მიზეზები არსებობდა პირველი საუკუნის ‘წმიდა’ ქრისტიანებს შორისაც, რომლებსაც ‘ზეცაში გამზადებული იმედი’ ჰქონდათ (კოლასელთა 1:2, 5). ამიტომ, შეგვიძლია იმის წარმოდგენა, რომ დღეს სხვაგვარი მდგომარეობა იქნება, დღეს, როდესაც ჭეშმარიტი ქრისტიანების უმეტესობას სულის მიერ იმის დამოწმება არა აქვთ, რომ ‘ღვთის რჩეულები, წმიდები და საყვარლები’ არიან? (კოლასელთა 3:12). ამიტომ, თუ კრებაში ვინმეს მიმართ რაიმე სადავო გაგვიჩნდება — გავნაწყენდებით ვინმეზე იმის გამო, რომ ნამდვილად რაღაც ცუდი გაგვიკეთა ან მოგვეჩვენა, რომ გაგვიკეთა — არ უნდა დავასკვნათ, რომ საქმე განსაკუთრებით ცუდად არის.
11. როგორ გვაფრთხილებს მოწაფე იაკობი?
11 იესოს ნახევარძმის, იაკობის, სიტყვებიც ცხადყოფს, რომ ჩვენთვის მოულოდნელი არ უნდა იყოს, სულ მცირე, დროდადრო მაინც გადავაწყდეთ სიტუაციებს, რომლებშიც ძმებისთვის პატიება მოგვიწევს. „ვინაა თქვენს შორის ბრძენი და გონიერი? კარგი საქციელით აჩვენოს თავისი საქმენი ბრძნულ მოთმინებაში. მაგრამ თუ გულში მწარე შური და შუღლი გაქვთ, ნუ ტრაბახობთ და ნუ ცრუობთ ჭეშმარიტების წინააღმდეგ“ (იაკობი 3:13, 14). „მწარე შური და შუღლი“ ჭეშმარიტი ქრისტიანის გულში? დიახ, იაკობის სიტყვები აშკარად გვიჩვენებს, რომ ყოველივე ეს არსებობდა პირველი საუკუნის კრებაში და დღესაც იარსებებს.
12. რა პრობლემა წამოიჭრა ძველი ფილიპეს კრებაში?
12 ამას ცხადყოფს პავლეს გვერდიგვერდ მომსახურე, შესანიშნავი რეპუტაციის მქონე ორი ცხებული ქრისტიანის მაგალითი. ალბათ, გაგახსენდათ ევოდია და სვინტიქე, ფილიპეს კრების წევრები. თუმცა ფილიპელთა 4:2, 3-ში ყველაფერი დაწვრილებით არ არის ახსნილი, ნაჩვენებია, რომ მათ შორის რაღაც პრობლემა არსებობდა. ამ პრობლემის წამოჭრის მიზეზი დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვა ან რომელიმეს ნათესავისთვის შეგნებულად შეურაცხყოფის მიყენება, ან მეტოქეობით გამოწვეული შურის გამოვლენა ხომ არ იყო? ჩვენ არ ვიცით, რამ გამოიწვია ეს უთანხმოება, მაგრამ პრობლემამ იმდენად სერიოზული ხასიათი მიიღო, რომ პავლემდე, საკმაოდ შორ მანძილზე, რომში ჩააღწია. შეიძლება ამ ორ სულიერ დას შორის დაძაბულობამ დაიმკვიდრა — დები ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ. ამან კი იქამდე მიიყვანა, რომ შეიძლება კრებაში ერთმანეთთან ურთიერთობას გაურბოდნენ ან მეგობრებთან ერთიმეორის შესახებ გესლიანად ლაპარაკობდნენ.
13. როგორც ჩანს, რამ იმოქმედა ევოდიასა და სვინტიქეს ურთიერთობაზე და რა შეგვიძლია ვისწავლოთ აქედან?
13 ხომ არ გეცნოთ ამ სიტუაციებიდან რომელიმე? ხომ არ მომხდარა მსგავსი რამ თქვენს კრებაში ან პირადად თქვენ ხომ არ განგიცდიათ იგივე? მსგავსი პრობლემები, გარკვეულწილად, დღესაც არსებობს. რის გაკეთება შეგვიძლია მათ მოსაგვარებლად? პირველ საუკუნეში პავლე იმ ორ ღვთისადმი მიძღვნილ დას მოუწოდებდა, ‘თანამოაზრენი ყოფილიყვნენ უფალში’. ისინი შესაძლებელია დაეთანხმნენ მოციქულს, ელაპარაკათ უთანხმოების მიზეზებზე, განემუხტათ მათ შორის არსებული დაძაბულობა, ორივეს გამოევლინა მიტევებისთვის მზადყოფნა და ამგვარად, ფაქტობრივად, მიმტევებლობაში იეჰოვასთვის მიებაძათ. ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ევოდია და სვინტიქე წარმატებით გაუმკლავდნენ პრობლემას. ჩვენც შეგვიძლია წარმატებით გავუმკლავდეთ მსგავს სირთულეს. დღესაც შეიძლება წარმატებით გამოვავლინოთ შემწყნარებლობის ასეთი სული.
ეძიეთ მშვიდობა — მიუტევეთ ერთმანეთს
14. რატომ არის ხშირად შესაძლებელი და საუკეთესოც კი, რომ პირადი უთანხმოებები დავივიწყოთ?
14 სინამდვილეში რა არის საჭირო იმისათვის, რომ თანაქრისტიანს მივუტევოთ? გულახდილად რომ ვთქვათ, ამისათვის რაიმე კონკრეტული მარტივი მეთოდი არ არსებობს, მაგრამ ბიბლია დახმარების მიზნით მრავალ მაგალითსა და პრაქტიკულ რჩევას გვთავაზობს. ძირითადი რჩევა — თუმცა მისი შესრულება ადვილი არ არის — ის არის, რომ, უბრალოდ, დავივიწყოთ სხვების შეცდომები და ყურადღება არ გავამახვილოთ მათზე. ხშირად, როდესაც პრობლემა წამოიჭრება, როგორც ეს ევოდიასა და სვინტიქეს შემთხვევაში იყო, თითოეული ფიქრობს, რომ სხვა შეცდა ან სხვამ გააკეთა რაღაც ცუდი. ასე რომ, მსგავს სიტუაციაში შეიძლება თქვენც ფიქრობდეთ, რომ ძირითადად თანაქრისტიანია დამნაშავე ან მან უფრო დიდი ზიანი მოგაყენათ. რაც უნდა იყოს მიზეზი, არ შეგიძლიათ, უბრალოდ, აპატიოთ და წერტილი დაუსვათ ყველაფერს? უნდა გესმოდეთ, რომ, თუ ძირითადად ან მთლიანად თანაქრისტიანია თქვენთან დამნაშავე (რაც შეიძლება ასე სულაც არ იყოს), მაინც თავად უნდა გადადგათ პირველი ნაბიჯი, მიუტევოთ და ყოველივე ამით დაასრულოთ.
15, 16. ა) როგორ აღწერა მიქამ იეჰოვა? ბ) რას ნიშნავს ღვთის მიერ ‘ცოდვების პატიება’?
15 მოდი მიტევებასთან დაკავშირებით ყოველთვის თვალწინ გვედგას იეჰოვას მაგალითი (ეფესელთა 4:32—5:1). იეჰოვას მიერ დანაშაულის მიტევების შესახებ წინასწარმეტყველი მიქა წერდა: «რომელ ღმერთს მოუთმენია შენს გარდა უკეთურება და [„თავისი სამკვიდროს ნატამალის ცოდვისთვის გვერდი აუვლია“ აქ] უპატიებია ცოდვა თავისი სამკვიდროს ნატამალისთვის? ის არ მრისხანებს სამუდამოდ, რადგან წყალობის მოყვარულია» (მიქა 7:18).
16 როდესაც ბიბლია იეჰოვას ‘ცოდვებისთვის გვერდის ამვლელ ღმერთად აღწერს, იმის თქმა სულაც არ სურს, რომ ღმერთს არ შეუძლია მის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვების გახსენება, რომ მას რაღაცა ავიწყდება და რაღაცა ახსოვს. განვიხილოთ სამსონისა და დავითის შემთხვევები. ამ ორივე მამაკაცმა სერიოზული ცოდვა ჩაიდინა. ღმერთს დიდი ხნის შემდეგაც ადვილად შეეძლო მათი ცოდვების გახსენება, რადგან ვიცით, რომ ზოგი ამ ცოდვათაგანი მისი ხელმძღვანელობით ჩაიწერა ბიბლიაში. მიუხედავად ამისა, ჩვენმა მიმტევებელმა ღმერთმა გულმოწყალება გამოავლინა მათ მიმართ და ეს ორი ადამიანი მისაბაძი რწმენის მამაკაცებად წარმოგვიდგინა (ებრაელთა 11:32; 12:1).
17. ა) რა დაგვეხმარებოდა, სხვების შეცდომებზე ან მათ მიერ ჩვენს შეურაცხყოფაზე ყურადღება არ გაგვემახვილებინა? ბ) რაში მივბაძავდით იეჰოვას, თუ ამის გაკეთებას ვეცდებოდით?
17 დიახ, იეჰოვას შეეძლო ცოდვებისთვის ‘გვერდის ავლა’a, რაც დავითს მისთვის არაერთხელ უთხოვია (მეორე მეფეთა 12:13; 24:10). შეგვიძლია ამაში ღმერთს მივბაძოთ და მზად ვიყოთ, გვერდი ავუაროთ არასრულყოფილი თანაქრისტიანებისგან წყენასა და შეურაცხყოფას? წარმოიდგინეთ, რომ ზიხართ რეაქტიულ თვითმფრინავში, რომელიც ასაფრენ ბილიკზე სიჩქარეს ანვითარებს. ფანჯრიდან ყურებისას შენიშნეთ, რომ სარბენი ბილიკის მახლობლად დგას თქვენი ნაცნობი და პატარა ბავშვივით ენა აქვს გამოყოფილი. იცით, რომ ის თქვენზე განაწყენებულია და შეიძლება ჩათვალოთ, რომ თქვენ გიყოფთ ენას. მაგრამ ისიც სავსებით დასაშვებია, რომ ამ დროს ის თქვენზე სრულიადაც არ ფიქრობდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, თვითმფრინავი თანდათანობით მაღლა-მაღლა ადის, ის ადამიანი კი დაბლა რჩება და მხოლოდ წერტილივითღა ჩანს. ერთი საათის შემდეგ უკვე იმ თქვენი ნაცნობისა და მისი შეურაცხმყოფელი ჟესტისგან ასობით კილომეტრი გაშორებთ. მსგავსად ამისა, თუ ვცდილობთ, იეჰოვასავით მოვიქცეთ და ყურადღება საწყენზე არ გავამახვილოთ, ეს ბევრჯერ დაგვეხმარება მივუტევოთ სხვებს (იგავნი 19:11). განა იმას, რაც დღეს გულს გვტკენს, რაიმე ყურაღდებას მივაქცევდით ათი წლის ან ათასწლიანი მმართველობის დაწყებიდან — 200 წლის შემდეგ? ამიტომ, რატომ უნდა გაგვემახვილებინა ყურადღება საწყენზე?
18. რა რჩევას უნდა მივყვეთ, თუ ვხედავთ, რომ ძმას ან დას წყენას ვერ ვპატიობთ?
18 მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ლოცულობთ და ცდილობთ, მიუტევოთ მწყენინებელს, მაგრამ გრძნობთ, რომ ეს თქვენს ძალას აღემატება. რა უნდა გააკეთოთ ამ შემთხვევაში? იესო მოგვიწოდებს, რომ მივიდეთ მწყენინებელთან და პირადად, სხვების თანდასწრების გარეშე, დაველაპარაკოთ, მოვაგვაროთ პრობლემა და აღვადგინოთ მშვიდობა. „ამიტომ, თუ მიიტან შენს ძღვენს სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენს წინააღმდეგ, მიატოვე იქ შენი ძღვენი სამსხვერპლოსთან და წადი, შენს ძმას შეურიგდი; შემდეგ მოდი და შესწირე შენი ძღვენი“ (მათე 5:23, 24).
19. რა თვალსაზრისი უნდა გვქონდეს და რას უნდა ვერიდოთ ძმასთან მშვიდობის აღდგენის მცდელობისას?
19 აღსანიშნავია, რომ იესოს არ უთქვამს, წადი და ძმას დაუმტკიცე, რომ შენ მართალი იყავი და ის მტყუანიო. თუმცა შეიძლება ის მტყუანი ყოფილიყო. მაგრამ უფრო დასაშვებია, რომ, მეტწილად, ორივე მხარეს დაეშვა რაღაც შეცდომა. ნებისმიერ შემთხვევაში, მიზანი თანაქრისტიანის მიერ შეცდომის აღიარება, ასე ვთქვათ, მისი ფეხქვეშ გაგება, არ არის. თუ ამ მიზნით იწყებთ საუბარს, მარცხი თითქმის გარდაუვალია. მიზანი არც ის არის, რომ აუცილებლად გაიმეოროთ სინამდვილეში, ან თქვენი აზრით, თქვენს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დეტალები. ქრისტიანული სიყვარულის სულით სავსე, მშვიდი საუბრისას გაირკვევა გაუგებრობის მიზეზი და პრობლემის მოგვარების შესაძლებლობა მოგეცემათ. მაგრამ, თუ საუბრისას ყველაფერში ვერ თანხმდებით, არის კი ამ შეთანხმების მიღწევა ყოველთვის აუცილებელი? განა წინ გადადგმული ნაბიჯი არ იქნებოდა, სულ მცირე, იმაში შეთანხმება მაინც, რომ თითოეულს მიმტევებელი ღმერთისადმი მსახურება გსურთ? თუ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, უფრო ადვილი იქნებოდა, თითოეულს გულწრფელად გეთქვათ: „სამწუხაროა, რომ ჩვენი არასრულყოფილების გამო ვერ ვუგებთ ერთმანეთს. მოდი ამაზე ყურადღებას ნუ გავამახვილებთ“.
20. რის სწავლა შეგვიძლია მოციქულების მაგალითიდან?
20 გახსოვდეთ, რომ მოციქულებს შორისაც არსებობდა უთანხმოება, რადგან ზოგი მათგანი მეტი პატივისკენ ილტვოდა (მარკოზი 10:35—39; ლუკა 9:46; 22:24—26). ამან დაძაბულობა, შესაძლოა გულისტკენა და დიდად განაწყენებაც კი გამოიწვია. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მათთვის, შეცდომებისთვის გვერდი აევლოთ და ერთმანეთთან ეთანამშრომლათ. ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით წერდა: „ვისაც სიცოცხლე უყვარს და კეთილი დღეების ხილვა, შეიკავოს ენა ბოროტისაგან და მისი ბაგეები ნუ იტყვიან ზაკვას. ერიდოს ბოროტს, სიკეთე აკეთოს, ეძიებდეს მშვიდობას და მისკენ ისწრაფვოდეს“ (1 პეტრე 3:10 11).
21. რა მნიშვნელოვანი რჩევა მოგვცა იესომ მიტევებასთან დაკავშირებით?
21 ჩვენ ადრე მოვიხსენიეთ შემდეგი ურთიერთდაკავშირებული ფაქტორი: ღმერთი გვპატიობს წარსულში ჩადენილ მრავალ დანაშაულს, ამიტომ უნდა მივბაძოთ მას და მივუტევოთ ჩვენს ძმებს (ფსალმუნი 102:12; ესაია 43:25). მაგრამ არსებობს ამ ფაქტორის კიდევ სხვა მხარე. სანიმუშო ლოცვის წარმოთქმის შემდეგ იესომ მოწაფეებს უთხრა: „თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა“. ერთ წელიწადზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ იესომ იგივე აზრი გაუმეორა მოწაფეებს, როდესაც ლოცვის ნიმუში მისცა: „მოგვიტევე ჩვენ ცოდვანი ჩვენნი, რადგან ჩვენც მივუტევებთ ყველა ჩვენს თანამდებს“ (მათე 6:12, 14; ლუკა 11:4). შემდეგ კი სიკვდილის წინა დღეებში დაამატა: „როცა დგახართ და ლოცულობთ, მიუტევეთ, თუ რაიმე გაქვთ ვინმეს წინააღმდეგ, რათა თქვენმა მამამაც ზეცაში მოგიტევოთ თქვენი შეცოდებანი“ (მარკოზი 11:25).
22, 23. როგორ შეიძლება მიტევებაზე მზადყოფნამ ჩვენს მომავალზე იმოქმედოს?
22 დიახ, ღვთისგან შეწყალება დამოკიდებულია იმაზე, ვართ თუ არა ჩვენ თვითონ მზად, მივუტევოთ ძმებს. როდესაც და-ძმებში რაღაც პრობლემა წამოგეჭრებათ, საკუთარ თავს დაუსვით კითხვა: „განა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი არ არის ღვთისგან შეწყალება, ვიდრე იმის დამტკიცება, რომ ძმა ან და რაღაც უმნიშვნელო საკითხში არასწორად მოიქცა! ან რაღაც უმნიშვნელო რამით გაგვანაწყენა; ან რაღაცაში ადამიანური არასრულყოფილება გამოავლინა?“ თქვენ იცით პასუხი ამ კითხვაზე.
23 მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც საქმე არა პატარა განაწყენებას ან პრობლემას, არამედ უფრო სერიოზულ რამეს ეხება? და როდის უნდა გამოვიყენოთ იესოს რჩევა, რომელიც მათეს 18:15—18-შია მოცემული? მოდი ეს საკითხი მომდევნო სტატიაში განვიხილოთ.
[სქოლიოები]
a ერთი სწავლული აღნიშნავს, რომ მიქას 7:18-ში გამოყენებულია მეტაფორა, რომელიც აღწერს „მგზავრს, რომელიც გზაზე არ ამჩნევს საგნებს, რომლებზეც ყურადღების მიქცევა არ სურს. ამით ის კი არ არის ნათქვამი, რომ ღმერთი თვალს ხუჭავს ცოდვებზე, ნაკლებ მნიშვნელოვნად ან უმნიშვნელოდ მიიჩნევს მათ, არამედ, გარკვეულ შემთხვევებში, ის საჭიროდ არ თვლის შემცოდველის დასჯას და პატიობს“ (მსაჯულნი 3:26; პირველი მეფეთა 16:8).
გახსოვთ თუ არა?
◻ მიტევების რა მისაბაძ მაგალითს გვაძლევს იეჰოვა?
◻ რა უნდა გვახსოვდეს კრების წევრების შესახებ?
◻ უმეტეს შემთხვევაში, რა უნდა შეგვეძლოს, თუ წყენას ან შეურაცხყოფას აქვს ადგილი?
◻ საჭიროების შემთხვევაში, რის გაკეთება შეგვიძლია ძმასთან მშვიდობის აღსადგენად?
[სურათი 15 გვერდზე]
როდესაც თანაქრისტიანებთან რაღაც უთანხმოება წამოგეჭრებათ, ეცადეთ წყენას გვერდი აუაროთ; დროთა განმავლობაში წყენა გაგიქარწყლდებათ.