ზედმეტს ხომ არ სთხოვთ საკუთარ თავს?
„ისევ არაფერი არ გამომივიდა!“ რამდენჯერ გითქვამთ ასეთი რამ იმის გამო, რომ ვერ გააკეთეთ ის, რის გაკეთებასაც აპირებდით? ახალგაზრდა ქრისტიან დედას, რომელიც მთელ ყურადღებას ახალშობილს უთმობს, შეიძლება ხშირად უთქვამს მსგავსი რამ, რადგან წუხს, რომ სულიერი საქმეებისთვის საკმარისი დრო აღარ რჩება. სხვა ქრისტიანი, რომელსაც ბავშვობაში მშობლები ძალიან ბევრს სთხოვდნენ, შეიძლება უკმაყოფილოა საკუთარი თავით, რადგან ფიქრობს, რომ კრებაში ვერ აკეთებს იმდენს, რამდენიც საჭიროა. ხანდაზმული მოწმე შეიძლება თავს დათრგუნულად გრძნობს, რადგან ხედავს, რომ იმდენს ვერ მსახურობს, რამდენსაც მაშინ, როცა ჯან-ღონით სავსე იყო. „საკმარისია, მოვისმინო ისეთი მოხსენება, რომელიც პიონერული მსახურებისკენ აღძრავს ქრისტიანებს, რომ ტირილს ვიწყებ“, — ამბობს კრისტიანი, რომელსაც ოჯახური მდგომარეობა საშუალებას არ აძლევს, იმსახუროს იმდენი, რამდენიც სურს.
როგორ გავუმკლავდეთ ასეთ გრძნობებს? როგორ შეძლო ზოგმა ქრისტიანმა, რომ რეალურად შეეფასებინა თავისი მდგომარეობა? რატომ არის კარგი, გაწონასწორებულები ვიყოთ ამ საკითხში?
გამოავლინეთ გონიერება
პავლე მოციქული გვეუბნება, თუ როგორ შევინარჩუნოთ სიხარული: „ყოველთვის იხარეთ უფალში. კიდევ ერთხელ გეუბნებით: იხარეთ! ყველასთვის ცნობილი გახდეს თქვენი კეთილგონიერება“ (ფილ. 4:4, 5). ღვთისმსახურებამ სიხარული და კმაყოფილება რომ მოგვიტანოს, რეალურად უნდა შევაფასოთ ჩვენი შესაძლებლობები და საკუთარ თავს იმაზე მეტი არ უნდა მოვთხოვოთ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. თუ არაგონივრულ მიზნებს დავისახავთ და არ დავუფიქრდებით იმას, თუ რის ფასად შეიძლება დაგვიჯდეს მათი მიღწევა, შეიძლება გადავიტვირთოთ. თუმცა, მეორე მხრივ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ საკუთარი თავის მიმართ მეტისმეტად ლმობიერები არ გავხდეთ და საკუთარი მდგომარეობა იმდენად არ გავაზვიადოთ, რომ თავის მართლება დავიწყოთ, თითქოსდა ქრისტიანულ მსახურებაში იმაზე მეტის გაკეთება არ შეგვეძლოს, რამდენსაც ვაკეთებთ.
რა მდგომარეობაც არ უნდა გვქონდეს, იეჰოვა ჩვენგან მოელის, რომ მისთვის საუკეთესოს გავიღებთ — ვემსახურებით მას მთელი სულითა და გულით (კოლ. 3:23, 24). ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ მიძღვნის თანახმად ვცხოვრობთ, თუ იეჰოვასთვის იმაზე ნაკლებს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია (რომ. 12:1). გარდა ამისა, თუ მაქსიმუმს არ ვაკეთებთ მსახურებაში, საკუთარ თავს არ ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ განვიცადოთ დიდი კმაყოფილება, ნამდვილი სიხარული და სხვა უხვი კურთხევები, რაც ღვთისადმი მთელი გულით მსახურებას მოაქვს! (იგავ. 10:22).
სიტყვა, რომელიც ბიბლიაში „კეთილგონიერებად“, ზოგან კი „გონიერებად“ არის ნათარგმნი, ყურადღებიანობასაც გულისხმობს. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობა არის „დათმობა“ (იაკ. 3:17). ეს სიტყვა იმ აზრსაც მოიცავს, რომ ამ თვისების მქონე ადამიანი არ არის ზედმეტად მომთხოვნი. ამრიგად, თუ ჩვენ გონიერები ვართ, საკუთარ თავს მეტისმეტს არ მოვთხოვთ. ძნელია ამის გაკეთება? ზოგისთვის ეს მართლაც რთულია მიუხედავად იმისა, რომ სხვებისგან შეიძლება საერთოდ არ ითხოვენ ზედმეტს. მაგალითად, თუ ატყობთ, რომ თქვენი მეგობარი გადაღლილია იმის გამო, რომ ძალიან ბევრ საქმეს არის შეჭიდებული, განა არ ეცდებოდით დაგენახვებინათ მისთვის, რომ ჯობდა ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებები მოეხდინა?! მსგავსადვე, საკუთარ თავშიც უნდა შეგვეძლოს იმის დანახვა, ხომ არ ვცდილობთ იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე შეგვიძლია (იგავ. 11:17).
თუ მშობლებმა ისე გაგვზარდეს, რომ ყოველთვის ზედმეტს გვთხოვდნენ, შეიძლება გაგვიჭირდეს ჩვენი შესაძლებლობების რეალურად შეფასება. ზოგს ბავშვობაში ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ მშობლების სიყვარულს ვერ დაიმსახურებდა, თუ ყოველთვის უფრო მეტს არ გააკეთებდა ან უფრო უკეთესი არ იქნებოდა. თუ ჩვენს შემთხვევაშიც ასე იყო, ამან შეიძლება არასწორი წარმოდგენა შეგვიქმნას იმაზე, თუ როგორ გვიყურებს იეჰოვა. იეჰოვას ვუყვარვართ იმის გამო, რომ მას მთელი გულით ვემსახურებით. ღვთის სიტყვა გვარწმუნებს, რომ იეჰოვამ „კარგად იცის ჩვენი აგებულება და ახსოვს, რომ მტვერი ვართ“ (ფსალმ. 103:14). მან იცის ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობები, მაგრამ მაინც ვუყვარვართ, რადგან ხედავს, რომ მთელი გულით ვემსახურებით. როდესაც გვახსოვს, რომ ჩვენი ღმერთი არ ჰგავს მკაცრ ზედამხედველს, ეს გვეხმარება იმაში, რომ საკუთარ თავს ზედმეტი არ მოვთხოვოთ და გვესმოდეს, რომ ჩვენი შესაძლებლობები უსაზღვრო არ არის (მიქ. 6:8).
მართალია, ქრისტიანებს ესმით, რომ ღმერთი ზედმეტად მომთხოვნი არ არის, მაგრამ ზოგს მაინც უჭირს ოქროს შუალედის პოვნა. თუ თქვენთვისაც რთულია, იყოთ გაწონასწორებული, ურიგო არ იქნებოდა, დახმარებისთვის მიგემართათ გამოცდილი ქრისტიანისთვის, რომელიც კარგად გიცნობთ (იგავ. 27:9). მაგალითად, შეიძლება გსურთ პიონერად მსახურება. ეს ნამდვილად შესანიშნავი მიზანია. მაგრამ, ხომ არ გიჭირთ ამ მიზნის მიღწევა? თუ ეს ასეა, შეიძლება დახმარება დაგჭირდეთ, რომ ცხოვრება გაიმარტივოთ. თუმცა, მეორე მხრივ, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება ამ ეტაპზე თქვენთვის შეუძლებელი იყოს პიონერული მსახურების დაწყება. ამიტომ ქრისტიან მეგობართან დალაპარაკება დაგანახვებდათ, გონივრულია თუ არა ასეთი ნაბიჯის გადადგმა. მაგრამ, თუ გარკვეული ცვლილებების მოხდენით თქვენთვის რეალური გახდებოდა პიონერული მსახურება, მეგობარი ამის დანახვაშიც დაგეხმარებოდათ. ქმარსაც შეუძლია დაანახვოს ცოლს მისი რეალური შესაძლებლობები. მაგალითად, თუ ცოლი გეგმავს, რომ მომდევნო თვეში უფრო მეტი იმსახუროს, ქმარს შეუძლია ურჩიოს მას, მანამდე კარგად დაისვენოს. ცოლს ეს უფრო მეტ ძალებს მისცემს და დაეხმარება, რომ მსახურებაში სიხარული შეინარჩუნოს.
იფიქრეთ იმაზე, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ
ასაკი და სუსტი ჯანმრთელობა შეიძლება გარკვეულწილად გზღუდავდეთ იეჰოვას მსახურებაში. თუ მშობელი ხართ, შეიძლება პირადი შესწავლისთვის ნაკლები დრო გრჩებათ ან გრძნობთ, რომ ქრისტიანული შეხვედრებიდან სრულ სარგებლობას ვერ იღებთ, რადგან მთელ დროსა და ენერგიას ბავშვებს უთმობთ. თუმცა, ზოგჯერ ისე ხომ არ ხდება, რომ თქვენს შეზღუდულ შესაძლებლობებზე მეტისმეტი ფიქრის გამო ვეღარ ხედავთ იმას, რისი გაკეთებაც რეალურად ჯერ კიდევ შეგიძლიათ?
ათასობით წლის წინ ერთ ლევიან კაცს ისეთი რამ უნდოდა, რისი დაკმაყოფილებაც მისთვის შეუძლებელი იყო. მას პატივი ჰქონდა, რომ ყოველ წელს ორი კვირა ემსახურა ტაძარში. თუმცა მას ისიც სურდა, რომ ყოველთვის სამსხვერპლოსთან ახლოს ყოფილიყო, რაც მართლაც საქებარია (ფსალმ. 84:1—3). რა დაეხმარა ამ კაცს, გული არ გასტეხოდა იმის გამო, რომ მისი ნატვრის შესრულება შეუძლებელი იყო? ის მიხვდა, რომ ტაძრის ეზოებში ერთი დღის გატარებაც კი დიდი პატივი იყო (ფსალმ. 84:4, 5, 10). ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ და იმაზე ფიქრის ნაცვლად, რისი გაკეთებაც არ შეგვიძლია, უნდა ვეცადოთ, დავინახოთ ის, რისი გაკეთებაც ძალგვიძს და კმაყოფილი ვიყოთ ამით.
მოვიყვანოთ ერთი კანადელი დის, ნერლანდის შემთხვევა, რომელიც ინვალიდის სავარძელსაა მიჯაჭვული. მას ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ ინვალიდობის გამო ძალიან ცოტას აკეთებდა მსახურებაში. მაგრამ, მან სხვა კუთხით შეხედა თავის მდგომარეობას და გადაწყვიტა, რომ თავის სახლთან ახლოს მდებარე სავაჭრო ცენტრი პირად სამქადაგებლო უბნად ექცია. ის გვიყვება: „სავაჭრო ცენტრში სკამების გვერდით ვჩერდები და იმ მყიდველებთან ვქადაგებ, რომლებიც ცოტა ხნით სკამზე ჩამოსხდებიან ხოლმე დასასვენებლად. ეს მე დიდ სიხარულს მანიჭებს“. ნერლანდისთვის დიდი კმაყოფილება მოაქვს იმას, რომ ასეთი სახით მონაწილეობს სასიხარულო ცნობის ქადაგებაში.
მოახდინეთ ცვლილებები საჭიროების შემთხვევაში
როდესაც აფრიან ხომალდს ზურგის ქარი უწყობს ხელს, ის მთელი სისწრაფით მიაპობს ტალღებს. მაგრამ, თუ ქარიშხალი ამოვარდა, მესაჭე აფრების დარეგულირებას იწყებს. მას არ ძალუძს ქარიშხლის გაკონტროლება, მაგრამ აფრების დარეგულირებით შეუძლია მართოს ხომალდი. მესაჭის მსგავსად ჩვენც არ შეგვიძლია იმ პრობლემების გაკონტროლება, რომლებიც ქარიშხალივით გვატყდება ხოლმე თავს. მაგრამ გარკვეულწილად მაინც შეგვიძლია „ვმართოთ“ ჩვენი ცხოვრება, თუ სწორად გამოვიყენებთ ჩვენს ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ ძალებს. თუ მხედველობაში ვიღებთ იმას, რა ვითარებებში ვიმყოფებით ამჟამად, შევძლებთ ღვთისმსახურებაში კმაყოფილებისა და სიხარულის შენარჩუნებას (იგავ. 11:2).
განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი. თუ საკმარისი ფიზიკური ძალები არა გვაქვს, შეგვეძლო დღის განმავლობაში არ გაგვეკეთებინა ისეთი რამ, რაც გადაგვღლიდა. ეს დაგვეხმარებოდა იმაში, რომ საღამოსთვის ძალები შეგვენარჩუნებინა ქრისტიანულ შეხვედრაზე დასასწრებად და იმისთვისაც, რომ თანაქრისტიანებთან სასიამოვნო ურთიერთობა გვქონოდა. ან მაგალითად, თუ ახალგაზრდა დედას ბავშვის ავადმყოფობის გამო არ შეუძლია კარდაკარ მსახურება, მას შეეძლო სახლში დაეპატიჟებინა ქრისტიანი და, რათა მასთან ერთად ტელეფონით ექადაგა მაშინ, როცა ბავშვი დაიძინებდა.
რისი გაკეთება შეგიძლიათ იმ შემთხვევაში, თუ ვითარებები ხელს არ გიწყობთ, რომ წინასწარ მოამზადოთ ყველაფერი, რაც კრების შეხვედრებზე განიხილება? თქვენ შეგიძლიათ იმის განსაზღვრა, თუ რა რაოდენობის მასალას მოამზადებთ, შემდეგ კი შეძლებისდაგვარად მიჰყევით თქვენს გეგმას. თუ სწორად განვსაზღვრავთ ჩვენს ყოველდღიურ მიზნებს, შევძლებთ დავრჩეთ სულიერად აქტიურები და არ დავკარგოთ სიხარული.
მიზნების შეცვლა გადაწყვეტილებას და ძალისხმევას მოითხოვს. საფრანგეთში მცხოვრებ ერთ წყვილს, სერჟსა და ანიესს, თავიანთ გეგმებში დიდი ცვლილების მოხდენა მოუწიათ. „როდესაც გავიგეთ, რომ ანიესი ბავშვს ელოდებოდა, მას მერე მისიონერობაზე მეტად აღარ გვიოცნებია“, — ამბობს სერჟი. დღეს ამ წყვილს ორი სიცოცხლით სავსე გოგონა ჰყავს. სერჟი გვიყვება, თუ როგორ დაისახეს მან და მისმა ცოლმა ახალი მიზანი. ის ამბობს: «გასაგებია, რომ საზღვარგარეთ ვეღარ ვიმსახურებდით. ამიტომ გადავწყვიტეთ, საკუთარ ქვეყანაში გავმხდარიყავით „მისიონერები“ და უცხოენოვან ჯგუფში გადავედით». სასარგებლო აღმოჩნდა ამ წყვილისთვის ახალი მიზნის დასახვა? სერჟი აღნიშნავს: „ვხედავთ, რომ კრებისთვის საჭირონი ვართ“.
საფრანგეთში მცხოვრები ქრისტიანი და, სახელად ოდილი, 70 წელს არის გადაცილებული. ოდილს აწუხებს ოსტეოართრიტი, რის გამოც დიდხანს დგომა არ შეუძლია. ის ძალიან განიცდიდა იმას, რომ სუსტი ჯანმრთელობის გამო არ შეეძლო კარდაკარ მსახურება, მაგრამ მან გული არ გაიტეხა. თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე ოდილმა გადაწყვიტა, რომ სხვაგვარად ემსახურა და ტელეფონით ქადაგება დაიწყო. ის ამბობს: „ასე ქადაგება გაცილებით ადვილი და სასიამოვნო აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა!“ ქადაგების ამ მეთოდმა ოდილს მსახურების ხალისი დაუბრუნა.
გონივრული მიზნების დასახვას კურთხევები მოაქვს
თუ გაწონასწორებული შეხედულება გვექნება საკუთარ შესაძლებლობებზე, მრავალ გულისტკივილს ავირიდებთ თავიდან. შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად დიდ კმაყოფილებას მოგვიტანს რეალური მიზნების დასახვა და მათი მიღწევა. ჩვენ სიხარულს განგვაცდევინებს იმდენის კეთება, რამდენსაც შევძლებთ, თუნდაც ეს მცირედი იყოს (გალ. 6:4).
თუ საკუთარ თავს ზედმეტს არ მოვთხოვთ, თანაქრისტიანების მდგომარეობაშიც უფრო მეტად შევალთ. როდესაც ვითვალისწინებთ მათ შეზღუდულ შესაძლებლობებს, ეს გვეხმარება, ყოველთვის მადლიერი ვიყოთ იმისთვის, რასაც ისინი ჩვენთვის აკეთებენ. ხოლო ნებისმიერი სახის დახმარებისთვის მადლიერების გამოხატვით ხელს შევუწყობთ თანამშრომლობის სულსა და ურთიერთგაგებას (1 პეტ. 3:8). გახსოვდეთ, იეჰოვა მოსიყვარულე მამაა და ის არასოდეს არ გვთხოვს იმაზე მეტს, რის გაკეთებაც შეგვიძლია. თუ საკუთარ თავს ზედმეტს არ მოვთხოვთ და რეალურ მიზნებს დავისახავთ, სულიერ საქმიანობაში მონაწილეობა მეტ კმაყოფილებასა და სიხარულს მოგვიტანს.
[ჩანართი 29 გვერდზე]
ღვთისმსახურებამ სიხარული და კმაყოფილება რომ მოგვიტანოს, რეალურად უნდა შევაფასოთ ჩვენი შესაძლებლობები და საკუთარ თავს იმაზე მეტი არ უნდა მოვთხოვოთ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია
[სურათი 30 გვერდზე]
ნერლანდისთვის სიხარული მოაქვს იმას, რისი კეთებაც შეუძლია მსახურებაში
[სურათი 31 გვერდზე]
ისწავლეთ „აფრების დარეგულირება“
[საავტორო უფლება]
© Wave Royalty Free/age fotostock
[სურათი 32 გვერდზე]
სერჟისა და ანიესისთვის სასარგებლო აღმოჩნდა ახალი მიზნების დასახვა