საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • შეიძლება გვქონდეს გადარჩენის იმედი?
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 ნოემბერი
    • შეიძლება გვქონდეს გადარჩენის იმედი?

      კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიან საუკუნედ XX საუკუნეა მიჩნეული. ბოლო ათწლეულების განმავლობაში დამნაშავეობა, ომები, ეთნიკური კონფლიქტები, ნარკომანია, უპატიოსნობა და ძალადობა განსაკუთრებით მომრავლდა. გარდა ამისა, გამრავლდა ტკივილი და ტანჯვა-წამება, რაც თან სდევს დაავადებებს, სიბერესა და სიკვდილს. ვის არ სურს ამ საშინელი პრობლემებისგან გათავისუფლება? მომავალში მაინც თუ არსებობს გადარჩენის იმედი?

      განვიხილოთ ხილვა, რომელიც თითქმის 2000 წლის წინათ მიეცა იოანე მოციქულს. მან დაწერა: „აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის! და ის დამკვიდრდება მათ შორის, ისინი იქნებიან მისი ერი და თვით ღმერთი იქნება მათთან. მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“ (გამოცხადება 21:3, 4). წინასწარმეტყველმა ესაიამაც მსგავსი რამ იწინასწარმეტყველა: „შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ და მოსწმედს ცრემლს უფალი ღმერთი ყოველ პირისახეს, წარხოცავს თავისი ერის სირცხვილს მთელი ქვეყნიდან, რადგან უფალმა ბრძანა“ (ესაია 25:8).

      წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ღვთის დანაპირების შესრულება! კაცობრიობა გათავისუფლდება ჩაგვრისა და ძალადობისგან, ტანჯვისა და მწუხარების გამომწვევი მიზეზებისგან. ავადმყოფობა, სიბერე და სიკვდილიც კი აღარ გაგვიმწარებს სიცოცხლეს! ღვთის სიტყვა, ბიბლია, დედამიწაზე სრულყოფილ პირობებში მარადიულ სიცოცხლეს გვპირდება (ლუკა 23:43; იოანე 17:3). ეს თითოეული მსურველისთვის არის ხელმისაწვდომი. „[ღმერთს] ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (1 ტიმოთე 2:3, 4).

      ღვთის დანაპირები ჩვენთვისაც რომ სარგებლობის მომტანი იყოს, უნდა გავიგოთ, თუ რა როლს ასრულებს იესო ჩვენს გადარჩენაში და მისადმი რწმენა უნდა გამოვავლინოთ. იესომ თქვა: „ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16). ადამიანების გადარჩენაში რომ იესო ქრისტე მნიშვნელოვან როლს ასრულებს, პეტრე მოციქულმაც მიუთითა: „სხვაში არავისში არ არსებობს ხსნა, არც არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით“ (საქმეები 4:12). მოციქულმა პავლემ და მისმა თანამსახურმა სილამ გულწრფელად დაინტერესებულ ადამიანს მოუწოდეს: „იწამე უფალი იესო და გადარჩები შენც და მთელი შენი სახლობა“ (საქმეები 16:30, 31).

      დიახ, იესო არის „სიცოცხლის მეთაური“ და გადარჩენაც მხოლოდ მისი მეშვეობით შეიძლება (საქმეები 3:15, აქ). მაგრამ როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა გადაგვარჩინოს? თუ კარგად გავიგებთ, რა როლს ასრულებს იესო ამ ღონისძიებაში, ეს განგვიმტკიცებს გადარჩენის იმედს.

  • როგორ გვიხსნის იესო?
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 ნოემბერი
    • როგორ გვიხსნის იესო?

      „იესო გადაგვარჩენს“! „იესოა ჩვენი მხსნელი!“ მთელ დედამიწაზე მრავალ ქვეყანაში შეგიძლიათ ამ სიტყვების წაკითხვა შენობებზე და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში. მილიონობით ადამიანს გულწრფელად სჯერა, რომ იესოა მათი მხსნელი. რომ ჰკითხო, „როგორ გადაგვარჩენს იესო?“ ისინი, ალბათ, გიპასუხებენ, „იესო ჩვენთვის მოკვდა“ ან „იესო ჩვენი ცოდვებისთვის მოკვდა“. დიახ, იესოს სიკვდილი გადარჩენის საშუალებას გვაძლევს. მაგრამ როგორ შეიძლება ერთი ადამიანის სიკვდილმა უამრავი ადამიანის ცოდვა გამოისყიდოს? რას უპასუხებდით, თქვენთვის რომ ეკითხათ: „როგორ შეუძლია იესოს სიკვდილს თქვენი გადარჩენა?“.

      პასუხი, რომელსაც ბიბლია სცემს ამ კითხვაზე, ძალზე უბრალო, მაგრამ ნათელი და დიდმნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ დავინახოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი, უპირველესად, უნდა გავეცნოთ იესოს ცხოვრებასა და სიკვდილს, როგორც ძალიან რთული პრობლემების გადაჭრის ერთადერთ საშუალებას. მხოლოდ მაშინ გავიგებთ ბოლომდე, თუ რა ფასდაუდებელია იესო ქრისტეს სიკვდილი.

      იესოს მიერ სიცოცხლის გაღებით, ღმერთი იმ ვითარებას აგვარებდა, რომელიც ადამის შეცოდებამ განაპირობა. რა ტრაგიკული იყო ადამის ცოდვა! პირველი მამაკაცი და მისი ცოლი, ევა, სრულყოფილები იყვნენ. მათი სახლი ედემის მშვენიერი ბაღი იყო. ღმერთმა მათ ბაღის მოვლა-პატრონობა დაავალა, რაც მნიშვნელოვანი სამუშაო იყო. მათ სიყვარულით უნდა გაეწიათ სხვა ცოცხალ ქმნილებებზე ზედამხედველობა. სამოთხე დედამიწის კიდით კიდემდე გავრცელდებოდა, რადგან ადამიანები გამრავლდებოდნენ და დედამიწაზე მათი შთამომავლები იცხოვრებდნენ (დაბადება 1:28). მართლაც რა შესანიშნავი და აღმაფრთოვანებელი დავალება მიეცათ! გარდა ამისა ადამსა და ევას ერთმანეთში თბილი და სიყვარულით აღსავსე ურთიერთობა ჰქონდათ (დაბადება 2:18). არაფერი აკლდათ და ბედნიერი მარადიული ცხოვრების იმედით ტკბებოდნენ.

      ძნელია იმის წარმოდგენა, თუ როგორ უნდა შეეცოდა ადამსა და ევას. მაგრამ ისინი სწორედ თავიანთი შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის, წინააღმდეგ აჯანყდნენ. სულიერმა ქმნილებამ, სატანა ეშმაკმა გველი გამოიყენა, ევა შეცდომაში შეიყვანა და იეჰოვას წინააღმდეგ აამხედრა. ადამმაც ცოლს აუბა მხარი (დაბადება 3:1—6).

      ნათელი იყო, როგორ მოექცეოდა შემოქმედი ადამსა და ევას. იეჰოვას მათთვის უკვე გასაგებად ჰქონდა ნათქვამი, რა მოჰყვებოდა დაუმორჩილებლობას: „ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებიო“ (დაბადება 2:16, 17). ახლა კი უფრო მნიშვნელოვანი კითხვა მოითხოვს პასუხს.

      კაცობრიობას რთული პრობლემები აქვს

      პირველმა ცოდვამ კაცობრიობას ძალიან სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ადამი თავისი არსებობის დასაწყისში სრულყოფილი იყო. ამიტომ მის შთამომავლებსაც სრულყოფილი სიცოცხლით უნდა ეხარათ მარადიულად. მაგრამ ადამმა მანამდე შესცოდა, სანამ შვილები შეეძინებოდა. ის ჯერ კიდევ არ იყო მთელი კაცობრიობის მამა, როდესაც განაჩენი განუცხადეს: „პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი“ (დაბადება 3:19). ასე რომ, როდესაც ადამმა შესცოდა, როგორც ღმერთმა უთხრა, მოკვდებოდა; მასთან ერთად კი მთელ კაცობრიობას მიესაჯა სიკვდილი.

      შესაბამისად, მოციქული პავლე მოგვიანებით წერდა: „ერთი ადამიანის [ადამის] მიერ ცოდვა შემოვიდა წუთისოფელში, ხოლო ცოდვის მიერ — სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელთა 5:12). დიახ, ამ პირველი ცოდვის გამო, მათი შვილები, რომლებიც სრულყოფილები უნდა დაბადებულიყვნენ და მარადიული, სრულყოფილი ცხოვრების იმედი უნდა ჰქონოდათ, ავადმყოფობისთვის, სიბერისა და სიკვდილისთვის იყვნენ განწირულები.

      „ეს უსამართლობაა“, — შეიძლება თქვას ვინმემ. „ჩვენ კი არა, ადამმა აირჩია ღვთის ურჩობა. ჩვენ რატომ უნდა დავკარგოთ მარადიული, ბედნიერი ცხოვრების იმედი?“ რა თქმა უნდა, თუ შვილს იმის გამო აპატიმრებენ, რომ მამამისმა ავტომობილი მოიპარა, შვილს უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს და თქვას: „ეს უსამართლობაა! მე არაფერი დამიშავებია“ (მეორე რჯული 24:16).

      სატანა შეიძლება ფიქრობდა, რომ, თუ პირველ მამაკაცსა და ქალს შეაცდენდა, ღმერთს გამოუვალ მდგომარეობას შეუქმნიდა. მან პირველი ადამიანები მანამდე დასცა, სანამ შვილები ეყოლებოდათ. ადამის შეცოდების შემდეგ წამოიჭრა კითხვა: რას უზამს იეჰოვა ადამის შვილებს?

      იეჰოვა სამართლიანად მოიქცა. „შორს იყოს ღმერთი ბოროტებისგან და ყოვლადძლიერი უსამართლობისგან!“ — განაცხადა მართალმა კაცმა ელიჰუმ (იობი 34:10). იეჰოვას შესახებ მოსემ თქვა: „კლდეა იგი, სრულყოფილია მისი ქმნილება, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ჭეშმარიტებაა ღმერთი, არა სიცრუე; მართალი და წრფელია იგი“ (მეორე რჯული 32:4). ჭეშმარიტმა ღმერთმა, ადამის ცოდვით გამოწვეული პრობლემის მოგვარებით, დედამიწაზე სამოთხეში მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა შეგვინარჩუნა.

      ღმერთი სრულყოფილ გამოსავალს პოულობს

      განვიხილოთ, თუ როგორ გადაჭრა ღმერთმა ეს პრობლემა, როდესაც სატანა ეშმაკს განაჩენი გამოუცხადა. იეჰოვამ სატანას უთხრა: „მტრობას ჩამოვაგდებ შენსა [სატანასა] და დედაკაცს [ღვთის ზეციერ ორგანიზაციას] შორის, შენს თესლსა [სატანის გავლენის ქვეშ მყოფ წუთისოფელსა] და დედაკაცის თესლს [იესო ქრისტეს] შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს [სატანავ], შენ კი ქუსლს უგესლავდე [იესოს, მოკვლით]!“ (დაბადება 3:15). ბიბლიის ამ პირველ წინასწარმეტყველებაში იეჰოვამ მოიხსენია თავის სულიერ ძესთან, იესოსთან, დაკავშირებლი განზრახვა. ეს სულიერი ძე მოვიდოდა დედამიწაზე, როგორც სრულყოფილი ადამიანი და უცოდველი მოკვდებოდა — ანუ ქუსლს დაუგესლავდნენ.

      რატომ იყო ღვთისთვის აუცილებელი სრულყოფილი ადამიანის სიკვდილი? როგორ დასჯიდა იეჰოვა ადამს, თუ ის შესცოდავდა, განა სიკვდილით არა? (დაბადება 2:16, 17). „ცოდვის საზღაური სიკვდილია“, — დაწერა მოციქულმა პავლემ (რომაელთა 6:23). ადამმა საკუთარი სიცოცხლის დაკარგვით პასუხი აგო თავის ცოდვაზე. მას სიცოცხლე უბოძეს, მან კი ცოდვა ირჩია და სასჯელად სიკვდილი მიიღო (დაბადება 3:19). მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმ სასჯელზე, რომლითაც მთელი კაცობრიობა დაისაჯა? ცოდვების გამოსასყიდად სიკვდილი იყო საჭირო. მაგრამ ვისი სიკვდილი დაფარავდა კაცობრიობის ცოდვებს?

      იეჰოვას მიერ ძველი ისრაელისთვის მიცემული კანონი მოითხოდვა: „სიცოცხლე სიცოცხლის წილ უნდა ზღონ“ (გამოსვლა 21:23). ამ კანონის თანახმად, კაცობრიობის ცოდვების გამოსყიდვა მხოლოდ ადამის მსგავს ადამიანს შეეძლო. მხოლოდ სრულყოფილი ადამიანის სიკვდილით იქნებოდა გადახდილი ცოდვის საფასური. ასეთი ადამიანი კი იესო იყო, სწორედ ის იყო ადამის შთამომავლების „გამომსყიდველი“ მათსავე სახსნელად (1 ტიმოთე 2:6; რომაელთა 5:16, 17).

      იესოს სიკვდილს უდიდესი ფასი აქვს

      ადამის სიკვდილს ფასი არ ჰქონდა; მან ცოდვის ჩადენის გამო დაიმსახურა სიკვდილი. იესოს სიკვდილი კი ფასდაუდებელია, რადგან უცოდველი მოკვდა. იეჰოვა ღმერთს იესოს სრულყოფილი სიცოცხლე ადამის ცოდვილი, მაგრამ მორჩილი შთამომავლების გამომსყიდველ მსხვერპლად უნდა მიეღო. იესოს მსხვერპლის ფასი განა მხოლოდ წარსულში ჩადენილ ცოდვებს ფარავს. ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ შეუძლებელი იქნებოდა მომავალზე დაიმედება. რადგან ჩასახვისთანავე ცოდვილები ვართ, არასწორი მოქმედების მიდრეკილება გვაქვს (ფსალმუნი 50:7). რამდენად მადლიერნი უნდა ვიყოთ, რომ იესოს სიკვდილი გასრულყოფილების საშუალებას გვაძლევს, რაც იეჰოვას თავიდანვე ჰქონდა განზრახული ადამისა და ევას შვილებისთვის.

      ადამი ჰგავს ისეთ მამას, რომელმაც სიკვდილის შემდეგ ისეთი დიდძალი ვალი (ცოდვა) დაგვიტოვა, რომლის გადახდაც არ შეგვიძლია. იესო კი ჰგავს კარგ მამას, რომელმაც სიკვდილის შემდეგ ისეთი სიმდიდრე დაგვიტოვა, რომელიც არათუ გვათავისუფლებს ადამის დიდძალი ვალისგან, არამედ მარადიულად ცხოვრების იმედსაც გვაძლევს. იესოს სიკვდილით არა მარტო წარსულის ცოდვები უქმდება, არამედ ეს ჩვენს მომავალზეც დიდ გავლენას ახდენს.

      იესო მხსნელია, რადგან ჩვენი გულისთვის მოკვდა. მისი სიკვდილი, მართლაც რომ, ფასდაუდებელია! იეჰოვასადმი და მისი საქმეებისადმი რწმენა გვიძლიერდება, როდესაც ვიცნობიერებთ, რომ იესოს სიკვდილი ადამის ცოდვის შედეგად წამოჭრილი რთული პრობლემებიდან იეჰოვას მიერ მოძებნილი გამოსავალია. დიახ, იესოს სიკვდილი „ყოველი მისი მორწმუნისთვის“ ცოდვისგან, ავადმყოფობისგან, სიბერისა და სიკვდილისგან ხსნას ნიშნავს (იოანე 3:16). ყოველივე ამის გამო განა მადლიერნი არა ხართ ღვთისა, რომელმაც ამგვარად გამოავლინა ჩვენდამი სიყვარული?

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება