-
სასიხარულო ცნობა, რომელიც ყველას სჭირდებასაგუშაგო კოშკი — 2011 | 15 ივნისი
-
-
5. რის საჭიროებაზე გაამახვილა პავლემ ყურადღება რომაელებისთვის მიწერილ წერილში?
5 ყველას სჭირდება იესოს შესახებ ცოდნის მიღება და მისდამი რწმენის გამოვლენა. პავლემ რომაელი ქრისტიანების ყურადღება ამ საჭიროებაზე გაამახვილა, როცა დაწერა: „ღმერთს . . . სულით ვუსრულებ წმინდა მსახურებას იმით, რასაც მისი ძის შესახებ სასიხარულო ცნობისთვის ვაკეთებ“. შემდეგ დასძინა: „არა მრცხვენია სასიხარულო ცნობის გამო, რადგან ის ღვთის ძალაა ყველა მორწმუნის სახსნელად“. მოგვიანებით მან ისაუბრა დროზე, „როცა ღმერთი ქრისტე იესოს მეშვეობით ადამიანთა ფარულ საქმეებს გაასამართლებს . . . სასიხარულო ცნობის მიხედვით“. მან აგრეთვე აღნიშნა: „იერუსალიმიდან ილირიკონამდე ყველგან გულდასმით ვიქადაგე სასიხარულო ცნობა ქრისტეს შესახებ“ a (რომ. 1:9, 16; 2:16; 15:19). როგორ ფიქრობთ, რატომ გაუმახვილა ყურადღება პავლემ რომაელებს იესო ქრისტეზე?
6, 7. რის თქმა შეიძლება რომის კრების ჩამოყალიბებაზე და მის პირველ წევრებზე?
6 ჩვენ არ ვიცით, როგორ ჩამოყალიბდა კრება რომში. შესაძლოა, პირველი რომაელი ქრისტიანები ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან დაბრუნებული იუდეველები ან პროზელიტები იყვნენ (საქ. 2:10). ან შეიძლება ჭეშმარიტება ქრისტიანმა ვაჭრებმა და მოგზაურებმა ჩაიტანეს რომში. ნებისმიერ შემთხვევაში, დაახლოებით ახ. წ. 56 წელს, როცა პავლემ რომაელებს წერილი მისწერა, იქ კრება უკვე დიდი ხნის დაფუძნებული იყო (რომ. 1:8). ვინ იყვნენ რომის კრების წევრები?
7 ზოგი მათგანი იუდეველი იყო. პავლემ მოიკითხა ანდრონიკე და იუნია, თავისი ნათესავები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი იუდეველები იყვნენ. კარვების მკერავი აკვილა და მისი ცოლი პრისკაც იუდეველები იყვნენ (რომ. 4:1; 9:3, 4; 16:3, 7; საქ. 18:2). მაგრამ მრავალი და-ძმა, რომლებსაც პავლემ მოკითხვა შეუთვალა, როგორც ჩანს, არაიუდეველები იყვნენ. ზოგიერთი მათგანი „კეისრის სახლეულობას მიეკუთვნებოდნენ“; შეიძლება ისინი კეისრის მონები ან მსახურები ყოფილიყვნენ (ფილ. 4:22; რომ. 1:6; 11:13).
8. რა მდგომარეობაში იყვნენ რომში მცხოვრები ქრისტიანები?
8 რომში მცხოვრები ყველა ქრისტიანი, ისეთივე მდგომარეობაში იყო, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი. პავლემ ეს მდგომარეობა შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომ. 3:23). აშკარაა, რომ მათ, ვისაც პავლემ მისწერა უნდა ეღიარებინათ, რომ ცოდვილები იყვნენ და რწმენა გამოევლინათ იმ საშუალებისადმი, რომელიც ღმერთმა ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად გაითვალისწინა.
ადამიანებმა უნდა აღიარონ, რომ ცოდვილები არიან
9. სასიხარულო ცნობის რომელ შესაძლო შედეგზე გაამახვილა პავლემ ყურადღება?
9 რომაელებისადმი მიწერილი წერილის დასაწყისში პავლემ აღნიშნა, თუ რა შესანიშნავი შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა მის მიერ არაერთხელ მოხსენიებულ სასიხარულო ცნობას: „არა მრცხვენია სასიხარულო ცნობის გამო, რადგან ის ღვთის ძალაა ყველა მორწმუნის სახსნელად, ჯერ იუდეველის, მერე კი ბერძნისა“. დიახ, ხსნა შესაძლებელი იყო. მაგრამ ამისთვის რწმენის გამოვლენა იყო აუცილებელი. ეს უდავო ჭეშმარიტება პავლემ ასე გამოხატა: „მართალი თავისი ერთგულებით იცოცხლებს“ (აბაკ. 2:4; რომ. 1:16, 17; გალ. 3:11; ებრ. 10:38). მაგრამ, რა კავშირი აქვს სასიხარულო ცნობას, რომელსაც ხსნა შეუძლია, იმ ფაქტთან, რომ ყველანი ცოდვილები ვართ?
10, 11. რატომ არის ზოგიერთებისთვის უცხო რომაელების 3:23-ში ჩაწერილი აზრი?
10 სანამ ადამიანი განივითარებს რწმენას, რომელსაც ხსნა შეუძლია, მას უნდა ესმოდეს, რომ ცოდვილია. ის, რომ ადამიანი ცოდვილია, უცხო არ არის მათთვის, ვისაც სწამს ღმერთი და გარკვეული ბიბლიური ცოდნა აქვს (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 7:20 ). ეთანხმებიან ისინი ამ აზრს თუ ეჭვი ეპარებათ მასში, სულ მცირე, წარმოდგენა მაინც აქვთ იმაზე, რას გულისხმობდა პავლე სიტყვებში: „ყველამ შესცოდა“ (რომ. 3:23). მაგრამ, ქადაგებისას შეიძლება შევხვდეთ მრავალ ადამიანს, რომელთათვისაც ეს აზრი სრულიად უცხოა.
11 ზოგ ქვეყანაში ხალხი ისეთ გარემოში გაიზარდა, არც კი იციან, რომ ცოდვა მემკვიდრეობით მიიღეს და დაბადებიდანვე ცოდვილები არიან. მათ, შესაძლოა, გათვიცნობიერებული აქვთ, რომ უშვებენ შეცდომებს, აქვთ უარყოფითი თვისებები და შეიძლება რაღაც ცუდიც ჩაიდინონ. ისინი ხედავენ, რომ სხვებიც მსგავს მდგომარეობაში არიან. მიუხედავად ამისა, აღზრდის გამო, მათ არ ესმით, რატომ არიან ადამიანები ასეთები. ზოგ ენაში, კი სიტყვა ცოდვილი ასოცირდება ბოროტმოქმედთან ან, სულ მცირე, ადამიანთან, რომელიც რაიმე კანონს არღვევს. ერთი რამ უდავოა, ასეთ გარემოში გაზრდილი ადამიანი საერთოდ არ ფიქრობს, რომ ცოდვილია, ამ სიტყვის იმ მნიშვნელობით, რაც პავლეს ჰქონდა მხედველობაში.
12. რატომ არ სჯერა მრავალს, რომ ყველა ცოდვილია?
12 ეგრეთ წოდებულ ქრისტიანულ ქვეყნებშიც კი ბევრს არ სჯერა, რომ ცოდვილები არიან. რატომ? თუმცა ისინი დროდადრო დადიან კიდეც ეკლესიებში, ადამსა და ევაზე ბიბლიურ ისტორიას მხოლოდ ზღაპრად ან მითად მიიჩნევენ. სხვები ისეთ საზოგადოებაში იზრდებიან, სადაც საერთოდ არ სწამთ ღმერთი ან ეჭვი ეპარებათ მის არსებობაში. სწორედ ამიტომ არ ესმით მათ, რომ უზენაესმა შემოქმედმა ადამიანებს დაუდგინა ზნეობრივი ნორმები, რომელთა დარღვევაც ცოდვაა. გარკვეულწილად, ისინი ჰგვანან პირველ საუკუნეში მცხოვრებ იმ ადამიანებს, რომლებსაც პავლემ უიმედოები და უღმერთოები უწოდა (ეფეს. 2:12).
13, 14. ა) რატომ არა აქვთ გამართლება მათ, ვისაც არ სწამთ ღმერთი და არ სჯერათ, რომ ცოდვილები არიან? ბ) სანამდე მიიყვანა მრავალი რწმენის უქონლობამ?
13 რომაელებისთვის მიწერილ წერილში პავლემ მოიყვანა ორი მიზეზი, რის საფუძველზეც ადამიანი ვერც მაშინ გაიმართლებდა თავს და ვერც დღეს გაიმართლებს იმით, რომ ასე აღიზარდა. პირველი მიზეზი ის არის, რომ თავად ქმნილება მოწმობს შემოქმედის არსებობაზე (წაიკითხეთ რომაელების 1:19, 20 ). მსგავსი აზრი მისწერა პავლემ რომიდან ებრაელ ქრისტიანებს: „ყოველი სახლი ვიღაცის აშენებულია, ყოველივეს ამშენებელი კი ღმერთია“ (ებრ. 3:4). პავლეს მსჯელობიდან აშკარად ჩანს, რომ არსებობს შემოქმედი, რომელმაც „ააშენა“, ანუ შექმნა მთელი სამყარო.
14 ასე რომ, პავლეს მტკიცე საფუძველი ჰქონდა, მიეწერა რომაელებისთვის, რომ არავის, მათ შორის ისრაელებსაც, რომლებიც უსიცოცხლო გამოსახულებებს სცემენ თაყვანს, „გამართლება არა აქვს“. იმავეს თქმა შეიძლება მათზეც, ვინც ადამიანის სხეულს, იქნება ეს ქალის თუ კაცის, არაბუნებრივად იყენებს და უზნეო ცხოვრებას ეწევა (რომ. 1:22—27). პავლე ამ მსჯელობას ასეთი სიტყვებით ამთავრებს: „იუდეველებიც და ბერძნებიც ცოდვის ქვეშ არიან“ (რომ. 3:9).
შინაგანი მოწმე
15. რა აქვს ყველა ადამიანს და რა გავლენას ახდენს ეს მათზე?
15 რომაელებისადმი მიწერილ წერილში მოცემულია მეორე მიზეზიც, თუ რატომ უნდა აღიარონ ადამიანებმა, რომ ცოდვილები არიან და სჭირდებათ ხსნა. ღვთის მიერ ისრაელი ერისთვის მიცემულ კანონთა კრებულის შესახებ პავლემ დაწერა: „ყველა, ვინც კანონს ექვემდებარებოდა და სცოდავდა, კანონით გასამართლდება“ (რომ. 2:12). პავლემ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ერებსა თუ ეთნიკურ ჯგუფებზე, რომლებმაც არაფერი იცოდნენ ამ ღვთიური კანონების შესახებ, მაგრამ ისინი „თავიანთი ბუნებით ასრულებდნენ იმას, რაც კანონშია“. რატომ იყო მათი საზოგადოებისთვის მიუღებელი სისხლის აღრევა, მკვლელობა და ქურდობა? პავლეს მოჰყავს მიზეზი — მათ ჰქონდათ სინდისი (წაიკითხეთ რომაელების 2:14, 15 ).
16. რატომ სცოდავენ ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ სინდისი აქვთ?
16 მიუხედავად იმისა, რომ სინდისი ყველას აქვს, ყველა არ უსმენს ამ შინაგან ხმას, და არ ხელმძღვანელობს მისით. ეს ჩანს ძველი ისრაელის მაგალითიდან. თუმცა მათ ჰქონდათ როგორც ღვთისგან ბოძებული სინდისი, ასევე კანონები, რომლებიც კრძალავდა ქურდობასა და მრუშობას, ისინი ხშირად უგულებელყოფდნენ, როგორც საკუთარი სინდისის ხმას ისე იეჰოვას კანონებს (რომ. 2:21—23). ეჭვგარეშეა, ისინი დამნაშავეები და, აქედან გამომდინარე, ცოდვილები იყვნენ, რადგან არღვევდნენ ღვთის ნორმებს და არ ასრულებდნენ მის ნებას. ამან უარყოფითი გავლენა იქონია თავიანთ შემოქმედთან მათ ურთიერთობაზე (ლევ. 19:11; 20:10; რომ. 3:20).
17. რა გამამხნევებელი აზრია მოცემული წიგნში „რომაელები“?
17 ის, რაც წიგნში „რომაელები“ განვიხილეთ, ისეთ შთაბეჭდილებას გვიქმნის, თითქოს ადამიანების, და მათ შორის ჩვენი, მდგომარეობა ღვთის წინაშე ძალიან სავალალოა. მაგრამ პავლე ფსალმუნის 32:1, 2-დან დავითის სიტყვებს ციტირებს და მსჯელობას ასე განაგრძობს: „ბედნიერნი არიან ისინი, ვისაც უკანონო საქმეები ეპატიათ და ვისი ცოდვებიც დაიფარა. ბედნიერია კაცი, რომელსაც იეჰოვა ცოდვას არ ჩაუთვლის“ (რომ. 4:7, 8). დიახ, ღმერთმა შესაძლებელი გახადა ადამიანებისთვის ცოდვების პატიება ისე, რომ თავისი სამართლიანი ნორმები არ დაერღვია.
სასიხარულო ცნობა იესოს შესახებ
18, 19. ა) რომაელებისთვის მიწერილ წერილში სასიხარულო ცნობის რომელ მხარეზე გაამახვილა პავლემ ყურადღება? ბ) რა უნდა გვესმოდეს იმისათვის, რომ მივიღოთ ღვთის სამეფოს კურთხევები?
18 როდესაც დაფიქრდებით, თუ რა გააკეთა იეჰოვამ ადამიანებისთვის, იტყვით, რომ ეს ნამდვილად სასიხარულო ცნობაა. და ეს მართლაც ასეა. ამას მივყავართ სასიხარულო ცნობის იმ მხარემდე, რომელიც პავლემ ხაზგასმით აღნიშნა რომაელებისთვის მიწერილ წერილში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პავლემ დაწერა: „არა მრცხვენია სასიხარულო ცნობის გამო, რადგან ის ღვთის ძალაა ყველა მორწმუნის სახსნელად“ (რომ. 1:15, 16).
19 ეს სასიხარულო ცნობა ღვთის განზრახვის შესრულებაში იესოს როლზე ამახვილებს ყურადღებას. პავლე მოელოდა „დღეს, როცა ღმერთი ქრისტე იესოს მეშვეობით ადამიანთა ფარულ საქმეებს გაასამართლებდა . . . სასიხარულო ცნობის მიხედვით“ (რომ. 2:16). ასეთი სახით ის სულაც არ ამცირებდა „ღვთისა და ქრისტეს სამეფოს“ მნიშვნელოვნებას, ანუ იმას, რასაც ღმერთი ამ სამეფოს მეშვეობით გააკეთებდა (ეფეს. 5:5). მაგრამ, როგორც დავინახეთ, იმისათვის რომ ვიცოცხლოთ და იმ კურთხევებით დავტკბეთ, რომელსაც სამეფო მოგვიტანს, უნდა ვაღიაროთ, რომ 1) ღვთის თვალში ცოდვილები ვართ და 2) ჩვენი ცოდვების პატიებისთვის აუცილებელია იესო ქრისტესადმი რწმენის გამოვლენა. როდესაც ადამიანს ეს ესმის, ღვთის ნების შესაბამისად მოქმედებს და ხედავს, რა კურთხევებს მოუტანს ღვთის სამეფო, მას შეუძლია თქვას: „ეს მართლაც სასიხარულო ცნობაა!“
20, 21. მსახურებისას რატომ უნდა გვახსოვდეს ყოველთვის რომაელებისთვის მიწერილ წერილში არაერთხელ მოხსენიებული სასიხარულო ცნობა და რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ამან?
20 ქრისტიანული მსახურებისას ყოველთვის უნდა გვახსოვდეს სასიხარულო ცნობის ეს მხარე. იესოს შესახებ საუბრისას, პავლეს ესაიას სიტყვები მოჰყავს: „არავის გაუცრუვდება იმედი, ვისაც სწამს იგი“ (რომ. 10:11; ეს. 28:16). ეს ინფორმაცია უცხო არ არის იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც იციან, რას ამბობს ბიბლია ცოდვაზე. მაგრამ სხვებისთვის ეს ინფორმაცია სრულიად ახალია. მათ არაფერი იციან იესოზე ან არ სწამთ მისი. იმისათვის, რომ ასეთმა ადამიანებმა ირწმუნონ ღმერთი და ენდონ ბიბლიას, საჭიროა მათ იესოს როლი ავუხსნათ. მომდევნო სტატიაში შევისწავლით, როგორ არის განხილული სასიხარულო ცნობის ეს მხარე რომაელების მე-5 თავში. ამ სტატიაში ნასწავლი მსახურებაში გამოგვადგება.
21 მართლაც კურთხევების მომტანია, დავეხმაროთ გულწრფელ ადამიანებს რომაელებისთვის მიწერილ წერილში არაერთხელ მოხსენიებული სასიხარულო ცნობის გაგებაში, რადგან ის „ღვთის ძალაა ყველა მორწმუნის სახსნელად“ (რომ. 1:16). გარდა ამისა, დავინახავთ, რომ სხვებიც იზიარებენ პავლეს გრძნობას, რომელიც რომაელების 10:15-შია ჩაწერილი: „რა მშვენიერია კარგის მახარობელთა ფეხები!“ (ეს. 52:7).
-
-
ღმერთი თავის სიყვარულს გვიჩვენებსსაგუშაგო კოშკი — 2011 | 15 ივნისი
-
-
ღმერთი თავის სიყვარულს გვიჩვენებს
„წყალობა [იმეფებს] სიმართლის საშუალებით მარადიული სიცოცხლისთვის“ (რომ. 5:21).
1, 2. რა ძღვენს აფასებენ ადამიანები, მაგრამ რომელი ძღვენია ბევრად უფრო ღირებული?
„რომის იმპერიამ კაცობრიობას უდიდესი მემკვიდრეობა, თავისი კანონები, დაუტოვა“ (დ-რ. დეივიდ უილიამზი, ბიბლიის მთარგმნელი და მელბურნის უნივერსიტეტის პროფესორი, ავსტრალია). მაგრამ, რაც არ უნდა დიდი იყოს ეს მემკვიდრეობა, არსებობს ბევრად უფრო ღირებული მემკვიდრეობა, ანუ ძღვენი. ეს არის ღვთიური ძღვენი, რომელიც ადამიანებს ღვთის წინაშე მართლებად აღიარების, ხსნისა და მარადიული სიცოცხლის საშუალებას აძლევს.
2 გარკვეული გაგებით ის, თუ როგორ გვიბოძა ღმერთმა ეს ძღვენი, დაკავშირებულია მის კანონებთან, ანუ მის სამართლიანობასთან. რომაელების მე-5 თავში მოციქული პავლე ამ საკითხს არ განიხილავს, როგორც მშრალ, იურიდიულ საკითხს. პირიქით, ის ამ თავს აღმაფრთოვანებელი სიტყვებით იწყებს: „რწმენის გამო მართლებად ვართ აღიარებულნი, მშვიდობა შევინარჩუნოთ ღმერთთან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით“. ისინი, ვინც ღვთის ამ ძღვენს იღებენ, აღძრულნი არიან სიყვარულით უპასუხონ მას. პავლე ერთ-ერთი მათგანი იყო. მან თქვა: „ჩვენს გულებში ღვთის სიყვარული ჩაიღვარა ჩვენთვის ბოძებული წმინდა სულის მეშვეობით“ (რომ. 5:1, 5).
3. რა კითხვებს განვიხილავთ?
3 რატომ იყო აუცილებელი ეს ძღვენი, რომელიც ღმერთმა სიყვარულით გაიღო? როგორ გაიღებდა ღმერთი ამ ძღვენს ისე რომ, არც მისი სამართლიანობა დარღვეულიყო, და ყველა ადამიანისთვისაც სარგებლობის მომტანი ყოფილიყო? და რა მოითხოვება ადამიანებისგან ამ ძღვნის მისაღებად? მოდი, მივიღოთ ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხები და ვნახოთ, როგორ ჩანს ამ ყოველივეში ღვთის სიყვარული.
ღვთის სიყვარული ცოდვის წინააღმდეგ
4, 5. ა) რა დიდებული სახით გამოავლინა იეჰოვამ სიყვარული? ბ) რის ცოდნა დაგვეხმარება რომაელების 5:12-ის გაგებაში?
4 უდიდესი სიყვარულით აღძრულმა იეჰოვამ თავისი მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა ადამიანების დასახმარებლად. პავლემ ეს ასეთი სიტყვებით გამოხატა: „ღმერთი კი თავის სიყვარულს იმით გვიჩვენებს, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“ (რომ. 5:8). დაფიქრდით აქ მოცემულ ერთ ფაქტზე — „როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, როგორ გახდა ყველა ცოდვილი.
5 პავლემ ამის ახსნა შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „როგორც ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომ. 5:12). ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გავიგოთ ეს, რადგან ღმერთმა ბიბლიის მეშვეობით გაგვიმხილა, როგორ მიეცა ადამიანებს დასაბამი. იეჰოვამ შექმნა ორი ადამიანი, ადამი და ევა. რამდენადაც შემოქმედი სრულყოფილია, სრულყოფილები იყვნენ მისი ქმნილებებიც, პირველი ადამიანები — ჩვენი წინაპრები. ღმერთმა მათ მხოლოდ ერთი რამ აუკრძალა და თან გააფრთხილა, რომ თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ მის მითითებას, სიკვდილს დაიმსახურებდნენ (დაბ. 2:17). მაგრამ მათ არასწორი არჩევანი გააკეთეს — ღვთის გონივრული მითითება დაარღვიეს და ამგვარად უარყვეს იეჰოვა, როგორც კანონმდებელი და უზენაესი მმართველი (კან. 32:4, 5).
6. ა) რატომ კვდებოდნენ ადამიანები, როგორც მოსეს კანონის მიცემამდე, ისე მის შემდეგაც? ბ) რის დანახვა შეიძლება ჰემოფილიის მაგალითზე?
6 ადამს შვილები მხოლოდ შეცოდების შემდეგ გაუჩნდა. ამიტომ ცოდვა და მისი შედეგები მთელ თავის შთამომავლობას გადასცა. რა თქმა უნდა, ადამის შთამომავლებს ისე არ დაურღვევიათ ღვთის მითითება, როგორც ეს ადამმა გააკეთა და, შესაბამისად, იმავე ცოდვაში არ ედებათ ბრალი. იმ დროს მათ ღვთისგან ჯერ არანაირი კანონთა კრებული არ ჰქონდათ მიღებული (დაბ. 2:17). მაგრამ ადამის შთამომავლებმა ცოდვა მემკვიდრეობით მიიღეს. ამგვარად, ცოდვა და სიკვდილი მეფობდა მანამ, სანამ ღმერთმა ისრაელებს არ მისცა კანონები, რომლებიც აშკარად ცხადყოფდა, რომ ისინი ცოდვილები იყვნენ (წაიკითხეთ რომაელების 5:13, 14 ). ცოდვის გავლენა შეიძლება შევადაროთ ზოგიერთ დაავადებას, რომლებიც მემკვიდრეობით გადაეცემა, მაგალითად, ხმელთაშუა ზღვის ანემიას ან ჰემოფილიას. შესაძლოა, წაგიკითხავთ, რომ რუსეთის მეფე ნიკოლოზ II-ისა და დედოფალ ალექსანდრას შვილ ალექსეის მემკვიდრეობითი დაავადება ჰემოფილია ჰქონდა. საბედნიეროდ, ასეთ ოჯახებშიც კი, ზოგი ბავშვი არ ავადდება ამ ავადმყოფობით, მაგრამ ისინი შეიძლება მათი მატარებლები იყვნენ. იმავეს ვერ ვიტყვით ცოდვაზე. ადამის ცოდვის შედეგები ყველაზე ვრცელდება, აბსოლუტურად ყველაზე და ყოველთვის სასიკვდილოა. შესაძლებელია ოდესმე მისგან თავის დაღწევა?
რის საფუძველი შექმნა ღმერთმა იესო ქრისტეს მეშვეობით
7, 8. ერთმანეთისგან განსხვავებული რა შედეგები გამოიღო ორი სრულყოფილი ადამიანის მოქმედებამ?
7 იეჰოვამ სიყვარულით იზრუნა იმაზე, რომ კაცობრიობა მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისგან ეხსნა. პავლემ განმარტა, რომ ეს შესაძლებელი გახდა სხვა ადამიანის, სრულყოფილი კაცის — მეორე ადამის მეშვეობით (1 კორ. 15:45). ამ ორი ადამიანის მოქმედების შედეგები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული იყო. რაში მდგომარეობდა ეს განსხვავება? (წაიკითხეთ რომაელების 5:15, 16 ).
8 პავლე წერდა: „ძღვნის შემთხვევაში ისე არ არის, როგორც შეცოდების შემთხვევაში იყო“. ადამი დამნაშავე იყო ამ შეცოდებაში და ღმერთმა სასიკვდილო განაჩენი სამართლიანად გამოუტანა. მაგრამ მხოლოდ ის არ მომკვდარა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ერთი ადამიანის შეცოდებით მრავალი მოკვდა“. ღვთის სამართლიანი ნორმების შესაბამისად, ადამის ყველა არასრულყოფილი შთამომავალი, მათ შორის ჩვენც, იმავე განაჩენს ვიმსახურებთ, რასაც ადამი. მაგრამ მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ სრულყოფილი ადამიანის, იესოს, ცხოვრებამ სრულიად საპირისპირო შედეგი გამოიღო. რა შედეგი? პავლე ამბობს, რომ მას „ყველასთვის მართლებად აღიარება მოაქვს სასიცოცხლოდ“ (რომ. 5:18).
9. რას ნიშნავს ადამიანების მართლებად აღიარება, როგორც ეს რომაელების 5:16, 18-შია მოხსენიებული?
9 რა მნიშვნელობა დევს ბერძნულიდან ნათარგმნ გამოთქმაში „მართლებად აღიარება“? ზემოხსენებულმა ბიბლიის მთარგმნელმა განმარტა: „აქ გამოყენებულია მეტაფორა, რომელსაც იურისპრუდენციაში იყენებენ, მაგრამ ის მაინც არ არის წმინდა წყლის იურიდიული ტერმინი. აქ საუბარია ღვთის თვალში ადამიანის მდგომარეობის ცვლილებაზე და არა ადამიანის შინაგანი პიროვნების ცვლილებაზე . . . ამ მეტაფორაში ღმერთი წარმოდგენილია მოსამართლედ, რომელმაც, ასე ვთქვათ, ღვთის სასამართლოზე განაჩენი უმართლობაში ბრალდებულების სასარგებლოდ გამოიტანა. დიახ, ღმერთმა ბრალდებულები გაამართლა“.
10. რა გააკეთა იესომ, რამაც ადამიანების მართლებად აღიარების საფუძველი შექმნა?
10 რის საფუძველზე ამართლებს „მთელი დედამიწის მოსამართლე“ უმართლოებს? (დაბ. 18:25). გამართლებას ღმერთმა საძირკველი თავისი მხოლოდშობილი ძის დედამიწაზე გამოგზავნით ჩაუყარა. იესომ განსაცდელების, დაცინვისა და შეურაცხყოფის მიუხედავად, სრულყოფილად შეასრულა მამის ნება. მან უმწიკვლობა ბოლომდე, წამების ძელზე სიკვდილამდე, შეინარჩუნა (ებრ. 2:10). თავისი სრულყოფილი სიცოცხლის მსხვერპლად გაღებით, იესომ ღმერთს წარუდგინა გამოსასყიდი, რომელსაც ადამის შთამომავლობის ცოდვისა და სიკვდილისგან გათავისუფლება შეეძლო (მათ. 20:28; რომ. 5:6—8).
11. რა შესაბამისობა უდევს საფუძვლად გამოსასყიდს?
11 სხვა წერილში პავლემ ამას „შესაბამისი გამოსასყიდი უწოდა“ (1 ტიმ. 2:6). რის შესაბამისი იყო გამოსასყიდი? ადამმა არასრულყოფილება და სიკვდილი მოუტანა მილიარდებს, თავის ყველა შთამომავალს. იესოს კი, როგორც სრულყოფილ ადამიანს, შეეძლო მილიარდობით სრულყოფილი შთამომავალი ჰყოლოდა.a აქედან გამომდინარე, როგორც ადრე იხსნებოდა, იესოს სიცოცხლეს პლუს ყველა მისი პოტენციური სრულყოფილი შთამომავლის სიცოცხლე, ტოლი იქნებოდა სრულყოფილი ადამისა და ყველა მისი შთამომავლის სიცოცხლისა, რომლებსაც მან სრულყოფილება დააკარგვინა. მაგრამ ბიბლიაში ნათქვამი არ არის, რომ იესოს პოტენციური შთამომავლები გამოსასყიდის გაღებაში მიიღებდნენ მონაწილეობას. რომაელების 5:15—19-ში აღნიშნულია, რომ მხოლოდ „ერთი ადამიანის“ სიკვდილმა მოიტანა ხსნა. დიახ, იესოს სრულყოფილი სიცოცხლე შეესაბამებოდა ადამის სრულყოფილ სიცოცხლეს. აქ ყურადღება მხოლოდ იესო ქრისტეზე მახვილდება და ეს ასეც უნდა იყოს. იესოს „ერთი მოქმედების, რომელიც გამართლებას ემსახურებოდა“, მისი მორჩილებისა და სიკვდილამდე უმწიკვლობის შენარჩუნების შედეგად, ყველა ადამიანისთვის შესაძლებელი გახდა მიეღო ეს უსასყიდლო ძღვენი და, შედეგად, სიცოცხლე (2 კორ. 5:14, 15; 1 პეტ. 3:18). როგორ გაამართლა ღმერთმა კაცობრიობა გამოსასყიდის საფუძველზე?
გამართლება გამოსასყიდის საფუძველზე
12, 13. რატომ საჭიროებენ მართლებად აღიარებულნი ღვთის წყალობასა და სიყვარულს?
12 იეჰოვა ღმერთმა მიიღო თავისი ძის მიერ გაღებული მსხვერპლი (ებრ. 9:24; 10:10, 12). მაგრამ დედამიწაზე იესოს მოწაფეები, მისი ერთგული მოციქულების ჩათვლით, კვლავ არასრულყოფილები იყვნენ. ისინი ცდილობდნენ, ცუდი არაფერი გაეკეთებინათ, მაგრამ ყოველთვის არ გამოსდიოდათ. რატომ? იმიტომ რომ მათ ცოდვა მემკვიდრეობით ჰქონდათ მიღებული (რომ. 7:18—20). ღმერთს კი შეეძლო ამ მდგომარეობის გამოსწორება და გამოასწორა კიდეც. მან მიიღო „შესაბამისი გამოსასყიდი“ და მზად იყო, გამოეყენებინა ეს თავისი მიწიერი მსახურების სასარგებლოდ.
13 მოციქულები და სხვები ღვთისმოსაწონ საქმეებს აკეთებდნენ, მაგრამ ამ მიზეზის გამო ღმერთი არ იყო ვალდებული მიეღო გამოსასყიდი. ნაცვლად ამისა, იეჰოვამ გამოსასყიდი თავისი გულმოწყალებისა და უდიდესი სიყვარულის გამო მიიღო. მან გაამართლა მოციქულები და სხვები, რომლებიც ბრალდებულნი იყვნენ, და მემკვიდრეობით მიღებული დანაშაულისგან გათავისუფლებულად მიიჩნია. პავლემ ეს ასე განმარტა: „ამ წყალობით ხართ გადარჩენილნი რწმენის მეშვეობით და ეს თქვენი დამსახურება კი არ არის, არამედ ღვთის ძღვენია“ (ეფეს. 2:8).
14, 15. რას მიიღებენ ისინი, ვისაც ღმერთი მართლებად აღიარებს, მაგრამ ჯერ კიდევ რა უნდა გააკეთონ მათ?
14 დაფიქრდით, ყოვლისშემძლე ღვთისგან რა დიდებული ძღვენია, ადამიანებს მიუტევოს როგორც მემკვიდრეობით მიღებული ცოდვა, ისე ყველა ჩადენილი დანაშაული! ვინ მოთვლის, რამდენ ცოდვას იდენს ადამიანი სანამ ქრისტიანი გახდება, მაგრამ გამოსასყიდის საფუძველზე ღმერთს შეუძლია ყველა ამ ცოდვის პატიება. პავლემ დაწერა: „მრავალმა შეცოდებამ . . . [მოიტანა] ძღვენი — მართლად აღიარება“ (რომ. 5:16). მოციქულებსა და სხვებს, რომლებმაც მიიღეს იეჰოვას მიერ გაღებული ეს ძღვენი და მართლებად იქნენ აღიარებულნი, ჭეშმარიტი ღვთისადმი რწმენით თაყვანისცემა უნდა განეგრძოთ. შედეგად, რას მიიღებენ მომავალში? „იმეფებენ სიცოცხლეში ერთი ადამიანის, იესო ქრისტეს მეშვეობით ისინი, ვინც უხვად მიიღებს წყალობასა და სიმართლის უსასყიდლო ძღვენს“. დიახ, სიმართლის ძღვენს ცოდვის საპირისპირო შედეგი, სიცოცხლე მოაქვს (რომ. 5:17; წაიკითხეთ ლუკას 22:28—30 ).
15 ისინი, ვინც ამ ძღვენს იღებენ, მართლებად ცხადდებიან, და ღვთის სულიერი შვილები, იესოს თანამემკვიდრეები ხდებიან. მათ ზეცაში მკვდრეთით აღდგომის პერსპექტივა აქვთ, სადაც პირდაპირი გაგებით, სულიერი შვილები იქნებიან და იესო ქრისტესთან ერთად იმეფებენ (წაიკითხეთ რომაელების 8:15—17, 23 ).
ღმერთი სიყვარულს სხვებისადმიც ავლენს
16. რა ძღვნის მიღება შეუძლიათ დღესვე მათ, ვისაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ?
16 ყველა, ვინც ღვთისადმი რწმენას ავლენს და მას ერთგულად ემსახურება, არ მოელის ზეცაში ქრისტესთან ერთად მეფობას. ბიბლიის საფუძველზე მრავალს ისეთივე იმედი აქვს, როგორიც ქრისტემდე მცხოვრებ ღვთის მსახურებს ჰქონდათ — დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების იმედი. შეიძლება მათ დღესვე მიიღონ ღვთისგან სიყვარულით გაღებული ეს ძღვენი, მართლებად ჩაითვალონ და დედამიწაზე ცხოვრების იმედი ჰქონდეთ? რომაელებისთვის პავლეს მიერ მიწერილი წერილის საფუძველზე, ამ კითხვაზე პასუხი დადებითია.
17, 18. ა) როგორ დააჯილდოვა ღმერთმა აბრაამის რწმენა? ბ) რა გაგებით მიიჩნია იეჰოვამ აბრაამი მართლად?
17 პავლე განიხილავს აბრაამის მაგალითს. ის იყო რწმენის კაცი, რომელიც ცხოვრობდა ისრაელებისთვის იეჰოვას მიერ კანონის მიცემამდე და ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ქრისტეს თანამემკვიდრეებს ზეციერი ცხოვრების შესაძლებლობა მიეცემოდათ (ებრ. 10:19, 20). ბიბლიაში ვკითხულობთ: „აბრაამს ან მის შთამომავლობას კანონის მეშვეობით კი არ მიეცა დაპირება, რომ ქვეყნიერების მემკვიდრე გახდებოდა, არამედ იმის გამო, რომ რწმენით მართლად იქნა აღიარებული“ (რომ. 4:13; იაკ. 2:23, 24). ასე რომ, ღმერთმა ერთგული აბრაამი მართალ კაცად ჩათვალა (წაიკითხეთ რომაელების 4:20—22 ).
18 ეს იმას არ ნიშნავს, რომ აბრაამი მრავალი წელი უცოდველად ემსახურებოდა იეჰოვას. მართლად აღიარება სულაც არ ნიშნავდა უცოდველობას (რომ. 3:10, 23). თავისი უსაზღვრო სიბრძნით, იეჰოვამ მხედველობაში მიიღო აბრაამის გამორჩეული რწმენა და ის საქმეები, რომლებიც მან ამ რწმენით გააკეთა. კერძოდ, აბრაამმა ირწმუნა, რომ აღთქმული „შთამომავალი“ მისი საგვარეულო ხაზიდან მოვიდოდა. ეს შთამომავალი მესია, ანუ ქრისტე, აღმოჩნდა (დაბ. 15:6; 22:15—18). ამგვარად, „ქრისტე იესოს მიერ გადახდილი გამოსასყიდის“ საფუძველზე ზეციერ მოსამართლეს შეუძლია ამ გამოსასყიდის გაღებამდე ჩადენილი ცოდვების პატიება. ასე რომ, აბრაამი და ქრისტემდე მცხოვრები ღვთის სხვა მსახურები მკვდრეთით აღდგებიან (წაიკითხეთ რომაელების 3:24, 25; ფსალმ. 32:1, 2).
თქვენც შეგიძლიათ ჩაითვალოთ მართლებად
19. რატომ არის გამამხნევებელი ის, რომ ღმერთმა აბრაამი მართლად მიიჩნია?
19 ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ სიყვარულის ღმერთმა აბრაამი მართლად მიიჩნია. იეჰოვას აბრაამი მართლად იმ გაგებით არ ჩაუთვლია, რა გაგებითაც „ქრისტეს თანამემკვიდრე“ სულით ცხებულები. მხოლოდ ღვთის ერთგულ მსახურთა პატარა ჯგუფი არის „წმინდებად მოწოდებული“ და „ღვთის ძეებად“ აღიარებული (რომ. 1:7; 8:14, 17, 33). მათგან განსხვავებით, აბრაამს „იეჰოვას მეგობარი“ ეწოდა და ეს გამოსასყიდის გაღებამდე მოხდა (იაკ. 2:23; ეს. 41:8). რა შეიძლება ითქვას ჭეშმარიტ ქრისტიანებზე, რომლებსაც დედამიწაზე აღდგენილ სამოთხეში ცხოვრების იმედი აქვთ?
20. რას მოელის ღმერთი მათგან, ვისაც აბრაამივით მართლებად მიიჩნევს?
20 მათ არ მიუღიათ „სიმართლის [ის] უსასყიდლო ძღვენი“, რომელიც ზეციერი ცხოვრებისთვის გათავისუფლებულებმა მიიღეს „ქრისტე იესოს მიერ გადახდილი გამოსასყიდით“ (რომ. 3:24; 5:15, 17). მიუხედავად ამისა, ისინი დიდ რწმენას ავლენენ ღვთისა და გამოსასყიდისადმი, და ამ რწმენას საქმეებით ამტკიცებენ. ამ საქმეებიდან ერთ-ერთი ის არის, რომ „ღვთის სამეფოზე“ ქადაგებენ და „უფალ იესო ქრისტეზე“ ასწავლიან (საქ. 28:31). ამგვარად, იეჰოვა მათაც იმ გაგებით მიიჩნევს მართლებად, რა გაგებითაც აბრაამი მიიჩნია. მათ მიერ მიღებული ძღვენი, იეჰოვასთან მეგობრობა, განსხვავდება „უსასყიდლო ძღვნისგან“, რომელსაც ცხებულები იღებენ. მიუხედავად ამისა, ეს ნამდვილად არის ძღვენი, რომლისთვისაც ისინი დიდად მადლიერები არიან.
21. რა სარგებლობა მოაქვს ჩვენთვის ღვთის სიყვარულსა და სამართლიანობას?
21 დღევანდელი მმართველები ბევრ დაპირებას იძლევიან, მაგრამ ისინი მარადიულ სიცოცხლეს არ გვპირდებიან. ჩვენი იმედი მათზე არ არის დამოკიდებული. ეს იმედი დაფუძნებულია უზენაესი მმართველის გონივრულ განზრახვაზე. იეჰოვამ უკვე ბევრი რამ მოიმოქმედა თავისი განზრახვის შესასრულებლად და ყველაფერი სამართლიანად გააკეთა. უფრო მეტიც, ყოველივე ამაში მისი დიდი სიყვარული გამოჩნდა. პავლემ თქვა: „ღმერთი . . . თავის სიყვარულს იმით გვიჩვენებს, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“ (რომ. 5:8).
[სქოლიო]
a იხილეთ, „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“ ტომი 2, გვ. 736, აბზ. 4, 5 (ინგლ.) და 2000 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 4, აბზ. 4.
-