საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გადარჩენა უბედურებების დროს
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 აგვისტო
    • გადარჩენა უბედურებების დროს

      სეულში (კორეა) ხუთსართულიანი უნივერსალური მაღაზია უეცრად დაინგრა და ნანგრევებში ასობით ადამიანი მოყვა. მაშველი რაზმები დღე და ღამე მუშაობდნენ, რათა, რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლე ეხსნათ. რაც დღეები გადიოდა, ბეტონისა და რკინის ნანგრევებში ჩამარხულ გადარჩენილთა პოვნის შანსი თანდათანობით მცირდებოდა.

      როცა ყოველგვარი იმედი ამოიწურა, მოხდა რაღაც საოცარი რამ. ნანგრევებიდან სუსტი, ნაღველით აღსავსე ხმა მოესმათ. მაშველებმა ცარიელი ხელებით გამალებით დაიწყეს თხრა, რათა ეხსნათ 19 წლის ქალიშვილი, რომელიც 16 დღის განმავლობაში ცოცხლად იყო დამარხული. ლიფტის შახტა ისე ჩამოინგრა, რომ შექმნა ღრუ, რომელიც ამ გოგონასთვის ტონობით ნანგრევებისგან დამცავი აღმოჩნდა. თუმცა მისი ორგანიზმი გაუწყლოებული და დაჭრილი იყო, ის სიკვდილს გადარჩა.

      ჩვენს დროში ძნელად თუ გავა თვე ისე, რომ არ გავიგოთ უბედურებების შესახებ, იქნება ეს მიწისძვრა, ძლიერი ქარიშხალი, ვულკანური ამოფრქვევა, ტრაგიკული შემთხვევა თუ შიმშილობა. ხსნისა და გადარჩენის შესახებ შთამბეჭდავი ისტორიები ახალი ამბების მოყვარული მილიონების ინტერესს იწვევს. მაგრამ მოსალოდნელი, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე უდიდესი, უბედურების შესახებ გაფრთხილებას, ზოგადად რომ ვთქვათ, უგულებელყოფენ (მათე 24:21). ბიბლია ამ მოახლოებად მოვლენებს შემდეგი სიტყვებით აღწერს: „აჰა, უბედურება მოივლის ხალხებს და დიდი ქარიშხალი ამოვარდება ქვეყნის კიდიდან. ქვეყნის კიდიდან კიდემდე ეყრებიან იმ დღეს უფლის დახოცილნი. არავინ დაიტირებს, არავინ აკრეფს, არავინ დამარხავს. ნეხვივით ეყრებიან მიწის პირზე“ (იერემია 25:32, 33).

      შემაძრწუნებელი სიტყვებია! მაგრამ სტიქიური უბედურებებისა და უბედური შემთხვევებისგან განსხვავებით, ეს არ იქნება განურჩეველი ხოცვა-ჟლეტა. ფაქტიურად გადარჩენა — შენი გადარჩენა — შესაძლებელია!

      დაუყოვნებელი მოქმედების დრო

      იმის სრულად გასაგებად, თუ როგორაა ხსნა შესაძლებელი, პიროვნებას უნდა ესმოდეს, რატომ მოხდება ეს გლობალური უბედურება. ფაქტიურად, ის არის კაცობრიობის პრობლემების გადაჭრის ერთადერთი რეალური საშუალება. დღეს ცოტა თუ გრძნობს თავს მშვიდად და უსაფრთხოდ. მეცნიერების დიდი ძალისხმევის მიუხედავად ინფექციური დაავადებები განაგრძობენ დედამიწის მოსახლეობის განადგურებას. სარწმუნოებრივი, ტომობრივი და პოლიტიკური სხვაობების შედეგად წამოწყებულმა ომებმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. უდანაშაულო მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების ტანჯვა-წამებას ემატება შიმშილობა. მორალური გახრწნილობა საზოგადოებას საფუძველს უთხრის, ბავშვებიც კი მორალურად გახრწნილები არიან.

      ბიბლიის წინასწარმეტყველება, რომელიც 1900-ზე მეტი წლის წინ იყო ჩაწერილი, საოცარი სიზუსტით აღწერს ჩვენს მდგომარეობას. ის ამბობს: „ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში საზარელი ჟამი დადგება“ (2 ტიმოთე 3:1; შეადარე მათე 24:3–22).

      როგორ გგონია, განა გონივრულია ვიფიქროთ, რომ მოსიყვარულე ღმერთი გულგრილად მოეკიდებოდა ჩვენს გასაჭირს? ბიბლია ამბობს: „ის არის ღმერთი, რომელმაც მიწა გამოსახა და შექმნა. . . საუკაცრიელოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა“ (ესაია 45, 18). დიახ, ამ შესანიშნავი პლანეტის დაღუპვისა და მთელი მისი მობინადრეების მოსპობაზე ნების დართვის ნაცვლად, ღმერთი ჩაერევა ამ საქმეებში. მაგრამ საინტერესოა, როგორ გააკეთებს ის ამას?

      აირჩიე სიცოცხლე!

      ფსალმუნის 91:8-ში ბიბლია იძლევა ამ კითხვაზე პასუხს: „როცა ბოროტნი აყვავდებიან ბალახივით და აღორძინდება ყველა — მოქმედი სიმრუდისა, რომ დაიღუპონ საუკუნოდ“. ღმერთი დედამიწის პრობლემებს ბოროტების მოსპობით გადაჭრის. საბედნიეროდ, ეს არ ნიშნავს, რომ საჭიროა მთელი კაცობრიობის განადგურება. ფსალმუნის 36:34 გვარწმუნებს: „მიენდე უფალს და დაიცავი მისი გზა, და ის აგამაღლებს, რომ დაიმკვიდრო ქვეყანა, და დაინახავ უკეთურთა განადგურებას“.

      ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ შესაძლებელია იმ უდიდეს უბედურებაში გადარჩენა, რომლის მსგავსიც არასდროს დასტყდომია თავს კაცობრიობას. ღმერთი არჩევანს გვაძლევს. სიტყვები, რომლებიც მოსემ აღთქმულ ქვეყანაში შესასვლელად გამზადებულ ისრაელებს დარიგების მიზნით უთხრა, დღეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია: „სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ“ (მეორე რჯული 30:19). მაგრამ როგორ ‘ირჩევს სიცოცხლეს’ ადამიანი და როგორ გადარჩება? სინამდვილეში რას ნიშნავს ჭეშმარიტი ხსნა?

  • ხსნა — სინამდვილეში რას ნიშნავს ის
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 აგვისტო
    • ხსნა — სინამდვილეში რას ნიშნავს ის

      „გადარჩენილი ხარ?“ ხშირად ამ კითხვას სვამენ ისინი, რომლებიც ფიქრობენ, რომ უკვე გადარჩენილები არიან, ვინაიდან „იესოს თავიანთ პირად მხსნელად ღებულობენ“. მაგრამ სხვები ფიქრობენ, რომ არსებობს ხსნამდე მიმყვანი სხვადასხვა ბილიკები და ვიდრე „იესო არის შენს გულში“, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა გწამს და რომელ ეკლესიას მიეკუთვნები.

      ბიბლია ამბობს, რომ ღვთის ნებაა „ყველა ადამიანი გადარჩეს“ (1 ტიმოთე 2:3, 4). ამგვარად, ხსნა შესაძლებელია ყველასთვის, ვისაც მისი მიღების სურვილი აქვს. მაგრამ კონკრეტულად რას ნიშნავს, გადარჩე? სინამდვილეში არის თუ არა ის ისეთი რამ, რაც შენი მხრიდან მხოლოდ მცირე ან ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მიიღწევა?

      სიტყვა „ხსნა“ ნიშნავს „საშიშროების ან განადგურებისგან გათავისუფლებას“. ამგვარად, ჭეშმარიტი ხსნა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ უშფოთველი გონებრივი მდგომარეობა. ეს ნიშნავს, გადაურჩე თანამედროვე ბოროტი სისტემის განადგურებასა და საბოლოოდ თვით სიკვდილს! მაგრამ კონკრეტულად ვის იხსნის ღმერთი? პასუხის მისაღებად გამოვიკვლიოთ, თუ რას ასწავლიდა იესო ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი კვლევის შედეგებმა შეიძლება გაგაოცოს.

      ხსნა — ყველა რელიგიაშია?

      ერთხელ იესო სამარიელ ქალს ესაუბრებოდა. თუმცა ეს ქალი იუდეველი არ იყო, მას სავსებით სწორად ესმოდა, რომ უნდა მოსულიყო მესია, „რომელსაც ჰქვია ქრისტე“ (იოანე 4:25). საკმარისი იყო თუ არა მსგავსი რწმენა მის გადასარჩენად? არა, რადგან იესომ პირდაპირ უთხრა ქალს: „თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს“. იესომ იცოდა, რომ ხსნის მისაღებად ამ ქალს თაყვანისმცემლობის შეცვლა დასჭირდებოდა. ამიტომ იესომ განუმარტა: „მაგრამ დგება ჟამი და უკვე აქ არის, როდესაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის“ (იოანე 4:22, 23).

      სხვა შემთხვევა, როდესაც იესომ ხსნის შესახებ თავისი თვალსაზრისი გამოთქვა, ეხებოდა იუდაიზმის ცნობილ რელიგიურ სექტას, ფარისევლებს. ფარისევლებმა შექმნეს თაყვანისმცემლობის სისტემა და სწამდათ, რომ ღმერთს მოსწონდა ეს. მაგრამ მოუსმინეთ ფარისევლების მიმართ იესოს სიტყვებს: „თვალთმაქცნო, კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია თქვენზე, როცა ამბობდა: ‘ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორს არის ჩემგან.’ ამაოდ მცემენ თაყვანს, რაკი ადამიანთა განკარგულებებს მოძღვრების მსგავსად ასწავლიან“ (მათე 15:7–9).

      რა შეიძლება ითქვას დღეს არსებულ იმ მრავალ რელიგიურ ჯგუფზე, რომლებიც აცხადებენ, რომ სწამთ ქრისტე? კანონიერად სცნობდა და მოიწონებდა თუ არა იესო ყველა რელიგიური ჯგუფის გადარჩენას? არაფერია ამ საკითხში სავარაუდო, ვინაიდან იესომ ნათლად თქვა: „ვინც მეუბნება: ‘უფალო, უფალო!’ ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც შეასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნება-სურვილს. ბევრი მეტყვის იმ დღეს: ‘უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდითო მრავალ სასწაულს?’ მაშინ მე განვუცხადებ მათ: ‘მე არასოდეს არ გიცნობდით თქვენ, გამშორდით, მოქმედნო ურჯულოებისა’“ (მათე 7:21–23).

      იესოს შესახებ ზუსტი შემეცნება ხსნისთვის მნიშვნელოვანია

      იესოს ეს სიტყვები გამომაფხიზლებელი მნიშვნელობისაა. ისინი მიუთითებენ, რომ მრავალი ღვთისმოსავი არ ასრულებს ‘მისი მამის ნებას’. მაშ, როგორ შეუძლია პიროვნებას ნამდვილი გადარჩენის მიღება? 1-ლი ტიმოთეს 2:3, 4 პასუხობს: „კეთილი და სათნოა ჩვენი მაცხოვარი ღვთისათვის, რომელსაც ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (შეადარე კოლასელთა 1:9, 10).

      ასეთი შემეცნება გადამწყვეტია ხსნისთვის. როცა ციხის რომაელმა ზედამხედველმა პავლესა და მის ამხანაგ სილას, ჰკითხა „რა ვქნა, რომ გადავრჩე?“ მათ უპასუხეს: „იწამე უფალი იესო და გადარჩები შენც და მთელი შენი სახლობა“ (საქმეები 16:30, 31). ნიშნავდა თუ არა ეს, რომ ციხის ზედამხედველსა და მის ოჯახს მხოლოდ რაღაც გარკვეული გრძნობები ჰქონოდათ გულში? არა, ვინაიდან ისინი ვერ შეძლებდნენ ‘ეწამათ უფალი იესო ქრისტე’, თუ არ ექნებოდათ გარკვეული გაგება იმის შესახებ, ვინ იყო იესო, რას აკეთებდა და რას ასწავლიდა.

      მაგალითად, იესო ასწავლიდა მომავალი ზეციერი მთავრობის, ‘ღვთის სასუფევლის’, შესახებ (ლუკა 4:43). აგრეთვე მან დატოვა ქრისტიანული ზნეობისა და ქცევის პრინციპები (მათე, 5–7 თავები). მან თავის მოწაფეებს აუხსნა, თუ რა დამოკიდებულება უნდა ჰქონოდათ პოლიტიკური საკითხებისადმი (იოანე 15:19). მან დააფუძნა გლობალური სწავლების პროგრამა და თავის მოწაფეებს მასში მონაწილეობის დავალება მისცა (მათე 24:14; საქმეები 1:8). დიახ, ‘უფალ იესოსადმი რწმენა’ მრავალი რამის გაგებას ნიშნავდა! მაშინ გასაკვირი არ არის, რომ პავლემ და სილამ ამ ახალ მორწმუნეებს მონათვლამდე „უქადაგეს ღვთის სიტყვა მას [ციხის ზედამხედველს] და ყველას, მის სახლში მყოფს“ (საქმეები 16:32, 33).

      ღვთის შესახებ ზუსტი შემეცნებაც მნიშვნელოვანია

      იესოსადმი ჭეშმარიტი რწმენის აუცილებელი ნაწილია იმ ღვთისადმი თაყვანისცემა, რომელსაც თვითონ იესო სცემდა თაყვანს. იესო ლოცულობდა: „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას ვინც მოავლინე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).

      დედამიწაზე მსახურების განმავლობაში ღვთის ძე ყურადღებას ყოველთვის თავისი მამისკენ მიმართავდა და არა თავისკენ. მას არასდროს არ განუცხადებია, რომ ყოვლისშემძლე ღმერთია (იოანე 12:49, 50). იესომ თავისი განაცხადით არაერთხელ აჩვენა ნათლად, რომ ღვთის ორგანიზაციაში ის მამას ექვემდებარება (ლუკა 22:41, 42; იოანე 5:19). ამიტომაც იესო აცხადებდა: „მამა ჩემზე დიდია“ (იოანე 14:28). გასწავლა თუ არა შენმა ეკლესიამ ღმერთსა და ქრისტეს შორის ჭეშმარიტად არსებული ურთიერთობის შესახებ? თუ შენ გასწავლიდნენ, რომ იესო თვითონ არის ყოვლისშემძლე ღმერთი? შენი ხსნა შენს სწორ გაგებაზეა დამოკიდებული.

      უფლის ლოცვაში იესო თავის მოწაფეებს მოუწოდებდა ასე ელოცათ: „წმიდა იყოს სახელი შენი“ (მათე 6:9). ბიბლიის თარგმანების უმეტესობამ გააბუნდოვანა ღვთის სახელი და მას თარგმნიან როგორც „უფალი“. მაგრამ „ძველი აღთქმის“ ძველ ხელნაწერებში ღვთის სახელი 6 000-ზე მეტჯერაა მოხსენიებული! ფსალმუნის 82:19-ში ნათქვამია: «შენი სახელია უფალი [„იეჰოვა“, აქ], მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ ქვეყნიერებაზე». გასწავლეს თუ არა ღვთის სახელის, იეჰოვას, გამოყენება? თუ არა, შენი ხსნა საფრთხეშია, რადგან «ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის [„იეჰოვას“, აქ] სახელს, გადარჩება» (საქმეები 2:21; შეადარე იოველი 3:5).

      სულითა და ჭეშმარიტებით

      იესო ქრისტეც ყურადღებას ღვთის სიტყვისკენ, ბიბლიისკენ, წარმართავდა. როცა გარკვეული საკითხების შესახებ ღვთის თვალსაზრისი მოჰყავდა, მას ხშირად უთქვამს: „დაწერილია“ (მათე 4:4, 7, 10; 11:10; 21:13). სიკვდილის წინა ღამეს იესო თავისი მოწაფეებისთვის ლოცულობდა: „განწმიდე ისინი ჭეშმარიტებით. შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოანე 17:17).

      გქონდეს ღვთის სიტყვის, ბიბლიის, მოძღვრების გაგება, ხსნისთვის საჭირო კიდევ ერთი მოთხოვნაა (2 ტიმოთე 3:16). მხოლოდ ბიბლია პასუხობს ისეთ კითხვებზე, როგორიცაა: რა არის სიცოცხლის აზრი? რატომ უშვებს ღმერთი ასე ხანგრძლივად ბოროტებას? რა მოსდის ადამიანს სიკვდილის დროს? ნამდვილად აწამებს თუ არა ღმერთი ადამიანებს ჯოჯოხეთის ცეცხლში? რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწასთან დაკავშირებით?a პიროვნებას არ შეუძლია ამ საკითხებთან დაკავშირებით სწორი გაგების გარეშე სათანადოდ სცეს თაყვანი ღმერთს, რადგან იესომ თქვა: „ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 4:23).

      რწმენა აღძრავს მოქმედებისკენ

      ხსნაში უფრო მეტი შედის, ვიდრე მხოლოდ ინფორმაციის დაგროვება. გულისხმიერება და ღვთის შესახებ ზუსტი შემეცნება წარმოქმნის რწმენას (რომაელთა 10:10, 17; ებრაელთა 11:6). ასეთი რწმენა ადამიანს მოქმედებისკენ აღძრავს. მაგალითად, ბიბლია გვირჩევს: „მოინანიეთ და მოიქეცით, რომ აღიხოცოს თქვენი ცოდვები, რათა დადგეს განახლების დღეები უფლის პირისაგან“ (საქმეები 3:19, 20).

      დიახ, ხსნაში შედის ქცევებსა და ზნეობის საკითხებში ღვთის ნორმებისადმი დაქვემდებარება. ღვთის სიტყვის გარდამქმნელი ზემოქმედების შედეგად, მთელი ცხოვრების განმავლობაში სიცრუისა და თაღლითობის ჩვევას ცვლის პატიოსნება და სიმართლისმოყვარეობა (ტიტე 2:10). უზნეო მოქმედებებს, ისეთებს როგორიცაა: ჰომოსექსუალიზმი, მრუშობა, მეძავობა, ტოვებენ და მათ ადგილს უბიწო ზნეობრივი ნორმები იკავებს (1 კორინთელთა 6:9–11). ეს არ არის დროებითი თავშეკავება, რომელიც ემოციებზეა დაფუძნებული, არამედ სამუდამო ცვლილება, რომელიც ღვთის სიტყვის გულმოდგინე შესწავლისა და დაცვისგან მომდინარეობს (ეფესელთა 4:22–24).

      დროთა განმავლობაში ღვთისადმი სიყვარული და მადლიერება გულწრფელ პიროვნებებს აღძრავს, სრულად მიუძღვნან თავი ღმერთს და ეს წყალში ნათლობით გამოხატონ (მათე 28:19, 20; რომაელთა 12:1). მონათლული ქრისტიანები ღვთის თვალში გადარჩენილები არიან (1 პეტრე 3:21). ამ ბოროტი სისტემის მომავალი განადგურებისას, დიდი გასაჭირის დროს, ღმერთი სრულად დაიცავს მათ (გამოცხადება 7:9, 14).

      რას ნიშნავს ხსნა შენთვის

      ამ მოკლე განხილვიდან ნათელია, რომ ხსნის მიღებაში უფრო მეტი შედის, ვიდრე ის, რომ „გულში გყავდეს უფალი იესო“. ეს ნიშნავს იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს შესახებ ზუსტი შემეცნების მიღებასა და ცხოვრებაში აუცილებელი ცვლილებების შეტანას. ამის გაკეთება შესაძლოა ადვილი არ იყოს, მაგრამ იეჰოვას მოწმეები მზად არიან, დაგეხმარონ. ბიბლიის უსასყიდლო საშინაო შესწავლის საშუალებით მათ შეუძლიათ, დაგეხმარონ ჭეშმარიტი ხსნის ბილიკით სიარულში.b

      თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ღვთის სამსჯავროს დღე ახლოსაა, ასე მოქმედება დღეს უფრო სასწრაფოა, ვიდრე ოდესმე! ახლა დროა, ყურადღება მივაპყროთ წინასწარმეტყველის სიტყვებს: „ვიდრე არ დაგტეხიათ უფლის რისხვის დღე. ეძიეთ უფალი, ქვეყნის თვინიერნო, ვინც მისდევთ უფლის რჯულს; ეძიეთ სიმართლე, ეძიეთ თვინიერება, ვინძლო დაიმალოთ უფლის რისხვის დღეს“ (სოფონია 2:2, 3).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება