-
კაცის ძე გამოცხადდებაიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
თავი 93
კაცის ძე გამოცხადდება
იესო მსმენელს ეუბნება, რომ ღვთის სამეფო მათ შორისაა
რისი მსგავსი იქნება იესოს გამოცხადება?
იესო ახლა, სავარაუდოდ, ან სამარიაში, ან გალილეაში უნდა იყოს. ფარისევლები მას ღვთის სამეფოს მოსვლის თაობაზე ეკითხებიან. მათი აზრით, ეს პომპეზურად და დიდი ზარ-ზეიმით მოხდება. მაგრამ იესო ეუბნება მათ: „ღვთის სამეფო შეუმჩნევლად მოვა, არ იტყვის ხალხი, აი აქ არის ან იქ არისო, რადგან ღვთის სამეფო თქვენ შორისაა“ (ლუკა 17:20, 21).
შესაძლოა ზოგმა იფიქროს, რომ იესოს სიტყვების თანახმად, სამეფო ღვთის მსახურთა გულშია. თუმცა შეუძლებელია იესო ამას გულისხმობდეს, რადგან სამეფო არ არის იმ ფარისეველთა გულში, რომელთაც ის ამ მომენტში ელაპარაკება. სამეფო იმ გაგებით არის მათ შორის, რომ ღვთის მიერ არჩეული სამეფოს მეფე, იესო, მათთანაა (მათე 21:5).
როგორც ჩანს, იესო თავისი მოწაფეებისთვის სამეფოს მოსვლასთან დაკავშირებულ საკითხს მეტ ნათელს ჰფენს მას შემდეგ, რაც ფარისევლები ტოვებენ იქაურობას. იგი საუბრობს იმ დროზე, როცა ის სამეფო ძალაუფლებით იქნება მოსული. თავდაპირველად იგი ასეთ გაფრთხილებას აძლევს მოწაფეებს: „მოვა დრო, როცა მოისურვებთ, კაცის ძის ერთი დღე მაინც იხილოთ, მაგრამ ვერ იხილავთ“ (ლუკა 17:22). იესო ამ სიტყვებით მიანიშნებს მოწაფეებს, რომ კაცის ძე მომავალში გახდება სამეფოს მმართველი. ვიდრე ეს დრო დადგება, ზოგ მოწაფეს, ალბათ, ერთი სული ექნება, მისი მოსვლა იხილოს, მაგრამ ისინი მოთმინებით უნდა დაელოდონ, სანამ კაცის ძე ღვთის მიერ დანიშნულ დროს არ გამოცხადდება.
იესო განაგრძობს: „გეტყვით ხალხი: აი იქ არისო, ან აქ არისო. ნუ წახვალთ და ნუ გაედევნებით, ვინაიდან როგორც ელვა ანათებს ცის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე, ასევე იქნება კაცის ძეც“ (ლუკა 17:23, 24). რა დაეხმარებათ მოწაფეებს, ამოიცნონ ცრუმესიები და არ გაჰყვნენ მათ? იესო ამბობს, რომ ნაწინასწარმეტყველები მესიის გამოჩენა ელვასავით იქნება, რომელიც შორიდანაც კი ჩანს. ასე რომ, სამეფო ძალაუფლებით იესოს მოსვლა ყველა დაკვირვებული თვალისთვის შესამჩნევი იქნება.
შემდეგ იესოს შედარების მიზნით წარსულში მომხდარი მოვლენები მოჰყავს და მსმენელს უჩვენებს, თუ რა ფასეულობები ექნება ხალხს მომავალში, როცა „კაცის ძე“ მოსული იქნება: „როგორც ნოეს დროს იყო, ისევე იქნება კაცის ძის დროსაც . . . ლოტის დროსაც ასე იყო: ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდულობდნენ, ყიდდნენ, რგავდნენ და აშენებდნენ. მაგრამ იმ დღეს, როცა ლოტი სოდომიდან გამოვიდა, ცეცხლისა და გოგირდის წვიმა წამოვიდა ციდან და ყველა მოსპო. ასევე იქნება იმ დღეს, როცა კაცის ძე გამოცხადდება“ (ლუკა 17:26—30).
ნოესა და ლოტის დროს მცხოვრები ხალხი იმიტომ არ განადგურებულა, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს მიჰყვებოდნენ — ჭამდნენ და სვამდნენ, ყიდდნენ და ყიდულობდნენ, რგავდნენ და აშენებდნენ. არც ნოე, ლოტი და მათი ოჯახის წევრები იყვნენ ამ მხრივ გამონაკლისი; ისინიც იყვნენ ჩაბმულნი ასეთ საქმეებში. აშკარაა, რომ იესოს სულ სხვა რამის თქმა სურს. ნოეს, ლოტისა და მათი ოჯახისგან განსხვავებით, მათი თანამედროვეებისთვის, რომლებიც ასეთი საქმეებით იყვნენ დაკავებული, სულერთი იყო, რას ითხოვდა მათგან ღმერთი და საერთოდ არ ანაღვლებდათ, რა დროში ცხოვრობდნენ. ასე რომ, იესო მოუწოდებს თავის მიმდევრებს, მთელი ყურადღება იმაზე გადაიტანონ, თუ რას ითხოვს ღმერთი მათგან და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ მისი ნება შეასრულონ. ამგვარად ის მათ უჩვენებს გზას, რომელსაც შეუძლია ადამიანი გადაარჩინოს მომავალში, როცა ღმერთი ბოროტ ქვეყნიერებას გაანადგურებს.
იესოს მიმდევრებმა არ უნდა გადაიტანონ ყურადღება „დარჩენილ ნივთებზე“ ანუ იმაზე, რაც ქვეყნიერებაშია. იესო ამბობს: „იმ დღეს თუ ვინმე ბანზე იქნება, ხოლო მისი ნივთები — სახლში, ნუ ჩამოვა მათ ასაღებად, და თუ ვინმე მინდორში იქნება, უკან ნუ დაბრუნდება დარჩენილი ნივთებისთვის. გახსოვდეთ ლოტის ცოლი“ (ლუკა 17:31, 32). ბიბლიური მონათხრობიდან ჩანს, რომ ეს ქალი მარილის სვეტად იქცა.
იესო კვლავ აგრძელებს იმ მოვლენებზე საუბარს, რომელიც მაშინ განვითარდება, როცა კაცის ძე გამეფდება. იგი ეუბნება მოწაფეებს: „იმ ღამეს ორნი იქნებიან ერთ საწოლში. ერთს წაიყვანენ, მეორეს დატოვებენ“ (ლუკა 17:34). ასე რომ, ზოგი გადარჩება, ზოგს კი დატოვებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი დაკარგავენ თავიანთ სიცოცხლეს.
მოწაფეები ეკითხებიან იესოს: „სად, უფალო?“. იგი პასუხობს: „სადაც ლეშია, იქ არწივებიც მოგროვდებიან“ (ლუკა 17:37). დიახ, ზოგი მოწაფე არწივივით იქნება, რომელსაც მახვილი მზერა აქვს და შორსმხედველია. ისინი, ასე ვთქვათ, მოგროვდებიან ქრისტესთან, კაცის ძესთან, რომელიც ნამდვილად აღთქმული მესიაა. იმ დროს იესო თავის მოწაფეებს ანუ მათ, ვინც რწმენას გამოავლენს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სულიერი საზრდოთი მოამარაგებს.
-
-
ლოცვისა და თავმდაბლობის აუცილებლობაიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
თავი 94
ლოცვისა და თავმდაბლობის აუცილებლობა
იესოს მაგალითი მოჰყავს ქვრივზე, რომელიც დაჟინებით ითხოვს სამართალს
იესოს ფარისეველსა და გადასახადების ამკრეფზე მოჰყავს მაგალითი
იესომ უკვე მოუყვანა მოწაფეებს მაგალითი იმის თაობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დაჟინებით ლოცვა (ლუკა 11:5—13). ახლა ის, კვლავ სამარიაში, ან გალილეაში უნდა იყოს; იგი ისევ იმაზე ამახვილებს ყურადღებას, თუ რამდენად აუცილებელია, განუწყვეტლივ ვილოცოთ. იესოს ასეთი მაგალითი მოჰყავს:
«ერთ ქალაქში იყო ერთი მოსამართლე, რომელსაც ღვთისა არ ეშინოდა და პატივს არავის სცემდა. იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ქვრივი, რომელიც განუწყვეტლივ დადიოდა მასთან და სთხოვდა, მე და ჩემი მომჩივანი სამართლიანად განგვსაჯეო. მოსამართლე დიდხანს უარობდა, მაგრამ მერე გულში თქვა: „ღვთისა არ მეშინია და პატივს არავის ვცემ, მაგრამ, რადგან ამ ქვრივმა ასე შემაწუხა, გავუჩენ სამართალს, რომ აღარ მოვიდეს და ბოლო არ მომიღოს“» (ლუკა 18:2—5).
ამ მაგალითის პრაქტიკული ღირებულების დასანახვებლად იესო ამბობს: „გაიგეთ, რა თქვა უმართლო მოსამართლემ? განა ღმერთი არ გაუჩენს სამართალს თავის რჩეულებს, რომლებიც დღედაღამ შეღაღადებენ, თუმცა სულგრძელია მათ მიმართ?“ (ლუკა 18:6, 7). რას გვეუბნება ამით იესო მამაზე?
იესო, რა თქმა უნდა, იმას არ გულისხმობს, რომ იეჰოვა რაღაცით მაინც ჰგავს ამ უმართლო მოსამართლეს. აზრის გამოსაკვეთად ის დაპირისპირების ხერხს მიმართავს: თუ უმართლო მოსამართლეც კი უპასუხოდ არ ტოვებს დაჟინებულ თხოვნას, მით უმეტეს ღმერთი. იგი სამართლიანი და კეთილია და ყოველთვის პასუხობს თავის ხალხს, თუ ისინი განუწყვეტლივ ლოცულობენ. ეს კარგად ჩანს მისი შემდეგი სიტყვებიდან: „გეუბნებით: [ღმერთი] მალე გაუჩენს მათ სამართალს“ (ლუკა 18:8).
ღარიბი და საწყალი ხალხი ხშირად ვერ პოულობს სამართალს, მაშინ როცა გავლენიანები და მდიდრები მეტწილად პატივდებულნი არიან. მაგრამ ღმერთი ასე არ უყურებს ადამიანებს. როცა დრო მოვა, ის სამართლიანად იმოქმედებს — დასჯის ბოროტებს და თავის მსახურებს მარადიული სიცოცხლით დააჯილდოებს.
ვის აქვს ქვრივის მსგავსი რწმენა? ბევრს სჯერა, რომ ღმერთი „მალე გაუჩენს მათ სამართალს“? იესომ სულ ცოტა ხნის წინ მოიყვანა მაგალითი იმის ხაზგასასმელად, რომ აუცილებელია დაჟინებით ლოცვა. ახლა იესო იმაზე საუბრობს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ადამიანს რწმენა ჰქონდეს და სჯეროდეს, რომ ლოცვას დიდი ძალა აქვს: „პოვებს კაცის ძე რწმენას დედამიწაზე, როცა მოვა?“ (ლუკა 18:8). იესო იმას გულისხმობს, რომ მისი მოსვლისას ასეთი რწმენა ცოტას ექნება.
იესოს ზოგ მსმენელს საკუთარი რწმენით მოაქვს თავი. მათ ჰგონიათ, რომ სამართლიანები არიან, არადა ზემოდან უყურებენ სხვებს. ასეთების გასაგონად მას მაგალითი მოჰყავს:
«ორი კაცი ავიდა ტაძარში, რომ ელოცათ: ერთი ფარისეველი, ხოლო მეორე გადასახადების ამკრეფი. ფარისეველი იდგა და გულში ლოცულობდა: „ღმერთო, გმადლობ, რომ ისეთი არა ვარ, როგორებიც სხვები — გამომძალველები, უმართლოები, მრუშები, თუნდაც ეს გადასახადების ამკრეფი. კვირაში ორჯერ ვმარხულობ და ყოველი ჩემი შენაძენიდან მეათედს ვიხდი“» (ლუკა 18:10—12).
ფარისევლები ცნობილნი არიან იმით, რომ სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით მართლებად წარმოაჩენენ თავს და ამას საჯაროდ აკეთებენ. ამ მიზნით მათ თვითნებურად დაადგინეს მარხვის დღეები ორშაბათს და ხუთშაბათს, როცა, ჩვეულებისამებრ, ხალხი სავაჭროდ იყრის თავს. ისინი ზედმიწევნითი სიზუსტით იხდიან მწვანილეულის მეათედსაც კი (ლუკა 11:42). რამდენიმე თვის წინ ფარისევლებმა აშკარად გამოხატეს უბრალო ადამიანებისადმი თავიანთი ზიზღი; მათ შესახებ, ვინც კანონის მათეული ახსნა-განმარტება არ იცოდა, ისინი ამბობდნენ: „დაწყევლილია ეს კანონის უცოდინარი ხალხი“ (იოანე 7:49).
იესო განაგრძობს: «გადასახადების ამკრეფი კი მოშორებით იდგა და ვერც კი ბედავდა, თვალები ცისკენ აეპყრო, მკერდში იცემდა და ამბობდა: „ღმერთო, შემიწყალე მე ცოდვილი“». დიახ, გადასახადების ამკრეფი თავმდაბლად აღიარებს თავის შეცდომებს. იესო ასეთ დასკვნას აკეთებს: „გეუბნებით: ეს კაცი უფრო მართალი წავიდა სახლში, ვიდრე ის, ვინაიდან ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება“ (ლუკა 18:13, 14).
ამ მაგალითიდან აშკარად გამოჩნდა, თუ რაოდენ ღირებული თვისებაა თავმდაბლობა. ის, რაზეც იესომ ისაუბრა, ნამდვილად პრაქტიკული იყო მისი მოწაფეებისთვის, რომლებიც ისეთ გარემოში აღიზარდნენ, სადაც თავდაჯერებულ ფარისევლებს თავიანთი მდგომარეობისა და სტატუსის გარდა არაფერი აღელვებდათ. ეს რჩევა დღემდე ფასეულია იესოს მიმდევრებისთვის.
-