-
ის „იეჰოვასთან იზრდებოდა“მიჰბაძეთ მათ რწმენას
-
-
თავი 7
ის „იეჰოვასთან იზრდებოდა“
1, 2. რა ვითარება იყო ქვეყანაში, როცა სამუელი ისრაელს ელაპარაკებოდა, და რატომ უნდა აღეძრა ისინი მონანიებისკენ?
ღვთის ერთგული სამუელი, რომელიც ათწლეულების მანძილზე წინასწარმეტყველად და მსაჯულად მსახურობდა, ქალაქ გილგალში შეკრებილ ხალხს უყურებდა. თანამედროვე კალენდრით მაის-ივნისი იქნებოდა. მშრალი სეზონი უკვე დაწყებული იყო. მკის მოლოდინში ხორბლის ყანები ოქროსფრად ლივლივებდა. ხალხი დუმდა. გააგებინებდა სამუელი ხალხს რამეს?
2 ხალხს არ ესმოდა, რამდენად სერიოზული იყო მათი მდგომარეობა. ისინი დაჟინებით ითხოვდნენ მეფეს და ვერც კი ხვდებოდნენ, რომ ამით თავიანთ ღმერთ იეჰოვასა და მის წინასწარმეტყველს შეურაცხყოფდნენ. მათ, ფაქტობრივად, იეჰოვა უარყვეს, როგორც მეფე. როგორ უნდა აღეძრა სამუელს მათში მონანიების სურვილი?
თუ თვალს გადავავლებთ სამუელის სიყმაწვილის ხანას, დავინახავთ, როგორ შეგვიძლია განვივითაროთ იეჰოვასადმი რწმენა ცუდი გავლენის მიუხედავად
3, 4. ა) რატომ გაიხსენა სამუელმა სიყმაწვილის წლები? ბ) რას ვსწავლობთ სამუელისგან?
3 სამუელმა ხალხს ასეთი სიტყვებით მიმართა: „მე მოვხუცდი, გავჭაღარავდი“. ჭაღარა მის სიტყვებს მეტ დამაჯერებლობას მატებდა. შემდეგ დასძინა: „სიყმაწვილიდან დღემდე წინ მიგიძღოდით“ (1 სამ. 11:14, 15; 12:2). ასაკის მიუხედავად, სამუელს თავისი სიყმაწვილის წლები არ დავიწყებია. ეს მოგონებები მის მეხსიერებაში ცოცხლად იყო შემონახული. სიყმაწვილეში მიღებული გადაწყვეტილებების წყალობით, მან თავისი ღვთის, იეჰოვასადმი რწმენითა და ერთგულებით განვლო ცხოვრება.
4 სამუელს რწმენის შენარჩუნება ურწმუნო და ორგული ადამიანების გარემოცვაში უწევდა. დღესაც, ამ უღვთო და გახრწნილ მსოფლიოში, რთულია რწმენის შენარჩუნება (წაიკითხეთ ლუკას 18:8). ვნახოთ, რისი სწავლა შეგვიძლია სამუელისგან. მოდით, ჯერ მის ბავშვობას გავეცნოთ.
„მსახურობდა ყმაწვილი სამუელი იეჰოვას წინაშე“
5, 6. რატომ ჰქონდა სამუელს უჩვეულო ბავშვობა, მაგრამ რატომ იყვნენ მისი მშობლები დარწმუნებული, რომ მას მზრუნველობა არ აკლდა?
5 სამუელს უჩვეულო ბავშვობა ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ძუძუს მოსწყვიტეს, დაახლოებით ოთხი წლის ასაკში, მან მსახურება იეჰოვას წმინდა კარავში, თავისი სახლიდან, რამადან 30 კილომეტრის მოშორებით მდებარე შილოში დაიწყო. მშობლებმა, ელკანამ და ხანამ, პატარა სამუელი იეჰოვას მიუძღვნეს, რათა მისთვის განსაკუთრებული მსახურება შეესრულებინა. ის მთელი ცხოვრება ნაზირიa უნდა ყოფილიყო. ნიშნავდა ეს იმას, რომ მშობლებმა სამუელზე უარი თქვეს?
6 სრულებითაც არა. მშობლებმა იცოდნენ, რომ შილოში მათ შვილზე კარგად იზრუნებდნენ. ბავშვს ყურადღებას, ალბათ, მღვდელმთავარი ელიც აქცევდა, რადგან სამუელი მას ეხმარებოდა. კარავში ქალებიც მსახურობდნენ, რომლებიც სხვადასხვა საქმეს ასრულებდნენ (გამ. 38:8; მსაჯ. 11:34—40).
7, 8. ა) როგორ ავლენდნენ ყოველ წელს სამუელის მშობლები მის მიმართ სიყვარულსა და მზრუნველობას? ბ) რის სწავლა შეუძლიათ დღეს მშობლებს სამუელის მშობლების მაგალითიდან?
7 ხანასა და ელკანას არასდროს დავიწყებიათ თავიანთი პირმშო, რომლის დაბადებაც ლოცვაზე პასუხი იყო. ხანამ ღმერთს ლოცვაში აღუთქვა, რომ თუ ვაჟი შეეძინებოდა, მას ღმერთს მიუძღვნიდა, რათა მთელი ცხოვრება მისთვის ემსახურა. ხანას ყოველ წელს მიჰქონდა სამუელისთვის მოსასხამი, რომელსაც კარავში მსახურებისთვის უმზადებდა. პატარა სამუელს მშობლების ნახვა ძალიან გაახარებდა. მშობლები სიყვარულით ასწავლიდნენ მას, რომ დაეფასებინა იეჰოვასთვის მსახურების ეს განსაკუთრებული შესაძლებლობა. სამუელიც უდავოდ გაითვალისწინებდა მათ დარიგებას.
8 ხანა და ელკანა კარგ მაგალითს აძლევენ მშობლებს. ხშირ შემთხვევაში მშობლები შვილების აღზრდისას მეტ ყურადღებას მათ ფიზიკურ მოთხოვნილებებზე ზრუნვას აქცევენ და მხედველობიდან რჩებათ მათი სულიერი მოთხოვნილებები. მაგრამ სამუელის მშობლები პირველ ადგილზე სულიერს აყენებდნენ, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა სამუელის სულიერად მოწიფულ ადამიანად ჩამოყალიბებაში (წაიკითხეთ იგავების 22:6).
9, 10. ა) აღწერეთ კარავი და ის, თუ რა გრძნობა ეუფლებოდა სამუელს ამ წმინდა ადგილის დანახვაზე (იხილეთ სქოლიო). ბ) რა შედიოდა სამუელის მოვალეობაში, და თქვენი აზრით, როგორ შეუძლიათ დღეს ბავშვებს, მიჰბაძონ მას?
9 წარმოიდგინეთ, რას გრძნობდა პატარა სამუელი, როცა შილოს გორაკებზე ადიოდა და გადასცქეროდა ქალაქსა და მის ახლოს მდებარე გაშლილ ველს. მას გული, ალბათ, სიხარულითა და სიამაყით ევსებოდა, როცა ხედავდა იეჰოვას კარავს. კარავი წმინდა ადგილი იყო.b ის 400 წლით ადრე მოსეს მითითებით იყო აგებული და მაშინდელ მსოფლიოში წმინდა თაყვანისმცემლობის ერთადერთ ცენტრად ითვლებოდა.
10 სამუელმა ბავშვობიდან შეიყვარა კარავი. მოგვიანებით, ის თავად წერდა: „მსახურობდა ყმაწვილი სამუელი იეჰოვას წინაშე; სელის ეფოდი ეცვა“ (1 სამ. 2:18). სამუელს ეფოდი ეცვა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კარავში ის მღვდლებს ეხმარებოდა. მართალია, სამუელი მღვდლების ოჯახიდან არ იყო, მაგრამ მის მოვალეობაში შედიოდა დილაობით კარვის ეზოს კარების გაღება და მოხუცებული ელის მომსახურება. ის სიხარულით ასრულებდა ამ საპასუხისმგებლო დავალებებს, მაგრამ გავიდა დრო და გულწრფელი ყმაწვილი შეაშფოთა იმან, რაც იეჰოვას სახლში ხდებოდა.
სიწმინდის შენარჩუნება გახრწნილ გარემოში
11, 12. ა) რაში მიუძღოდათ ბრალი ხოფნისა და ფინხასს? ბ) რა ბოროტებასა და სისაძაგლეს სჩადიოდნენ ხოფნი და ფინხასი კარავში? (იხილეთ სქოლიო)
11 პატარა სამუელი აშკარა ბოროტებისა და გახრწნილების მოწმე გახდა. ელის ორი ვაჟი ჰყავდა, ხოფნი და ფინხასი. მათ შესახებ სამუელი წერდა: „ელის უვარგისი ვაჟები ჰყავდა; არ ცნობდნენ იეჰოვას“ (1 სამ. 2:12). ამ მუხლში მოხსენიებული ორი აზრი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ხოფნი და ფინხასი უვარგისები იყვნენ, რადგან პატივს არ სცემდნენ იეჰოვას. ისინი არაფრად აგდებდნენ ღვთის სამართლიან კანონებსა და მოთხოვნებს. ეს იყო მათი ყველა ცოდვის თავიდათავი.
12 ღვთის კანონში კონკრეტულად ეწერა, რა შედიოდა მღვდლის მოვალეობაში და როგორ უნდა შეეწირა მას მსხვერპლი კარავში. ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმე იყო, რადგან მსხვერპლშეწირვა აუცილებელი იყო, რომ ღმერთს ხალხისთვის ცოდვები ეპატიებინა. ეს მათ საშუალებას აძლევდა, ღვთის თვალში სუფთები ყოფილიყვნენ და მისგან კურთხევები და ხელმძღვანელობა მიეღოთ. მაგრამ ხოფნისა და ფინხასის შემხედვარე სხვა მღვდლებიც შესაწირავებისადმი უპატივცემულობას ავლენდნენ.c
13, 14. ა) რა გავლენას ახდენდა გულწრფელ ადამიანებზე კარავში ნანახი ბოროტება? ბ) რატომ ვერ გამოდგა ელი ვერც კარგი მამა და ვერც კარგი მღვდელმთავარი?
13 წარმოიდგინეთ, როგორ გააოცებდა პატარა სამუელს იმის დანახვა, რომ ამ მღვდლებს პასუხს არავინ სთხოვდა. რამდენ გაჭირვებულ, ღარიბ და დაჩაგრულ ადამიანს ხედავდა, რომლებიც წმინდა კარავში გასამხნევებლად და ნუგეშის მისაღებად მიდიოდნენ, მაგრამ უკან გაწბილებულები, გულნატკენები და დამცირებულები ბრუნდებოდნენ. სამუელი იმასაც ხედავდა, როგორ არღვევდნენ ხოფნი და ფინხასი ღვთის ზნეობრივ ნორმებს და კარავში მომსახურე ქალებთან მრუშობდნენ (1 სამ. 2:22). შესაძლოა სამუელი ელის შეჰყურებდა იმ იმედით, რომ ის ამ უკანონობაზე თვალს არ დახუჭავდა.
ალბათ, სამუელს ძალიან უმძიმდა იმ ბოროტების ყურება, რასაც ელის ვაჟები სჩადიოდნენ
14 ამ სიტუაციის მოგვარება ყველაზე უკეთ ელის შეეძლო. მას, როგორც მღვდელმთავარს, უნდა გაეკონტროლებინა, რა ხდებოდა კარავში. ამასთანავე, მას, როგორც მამას, შვილების მხილებაც ევალებოდა, რადგან მისი ვაჟები მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, სხვებსაც ვნებდნენ. მაგრამ სამწუხაროდ, ელი ვერც კარგი მღვდელმთავარი გამოდგა და ვერც კარგი მამა. ის თავის ვაჟებს უბრალოდ რბილად საყვედურობდა (წაიკითხეთ 1 სამუელის 2:23—25). სინამდვილეში მას მკაცრი ზომები უნდა მიეღო, რადგან მისი შვილები სასიკვდილო ცოდვებს სჩადიოდნენ.
15. რა მკაცრი განაჩენი გამოუცხადა იეჰოვამ ელის, მაგრამ როგორ გამოეხმაურა ელი და მისი ოჯახი მას?
15 მდგომარეობა ისე გართულდა, რომ იეჰოვამ „ღვთის კაცი“, ანუ ერთ-ერთი წინასწარმეტყველი, გაგზავნა ელისთან მკაცრი განაჩენის გასაცხადებლად. აი, რა უთხრა მას იეჰოვამ: „შენ შენს ვაჟებს უფრო მეტ პატივს სცემ, ვიდრე მე“. ღვთის მიერ გამოტანილი განაჩენის თანახმად, ელის უვარგისი ვაჟები ერთ დღეს დაიღუპებოდნენ, ელის ოჯახი კი მღვდლად მსახურების პატივს დაკარგავდა. დააფიქრა ისინი ამ სიტყვებმა? როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ამ სიტყვებს მათზე არ უმოქმედია (1 სამ. 2:27—3:1).
16. ა) რას ვიგებთ პატარა სამუელის სულიერი წინსვლის შესახებ? ბ) როგორ გამხნევებთ ბიბლიის ეს მონაკვეთი? ახსენით.
16 რა გავლენას ახდენდა ეს ყველაფერი პატარა სამუელზე? როდესაც ბიბლიაში ღვთის ხალხის ისტორიის ამ შავბნელ მონაკვეთს ვკითხულობთ, ერთადერთი ნათელი სხივი მაშინ გამოკრთის, როცა სამუელზეა საუბარი. ყველაფრის მიუხედავად, ის სულიერად წინ მიიწევდა. 1 სამუელის 2:18-ში ვკითხულობთ, რომ ერთგულად „მსახურობდა ყმაწვილი სამუელი იეჰოვას წინაშე“. ღვთის მსახურება სამუელისთვის ბავშვობიდანვე მნიშვნელოვანი იყო. ამავე თავის 21-ე მუხლში უფრო მეტს ვიგებთ მის შესახებ: „სამუელი კი იეჰოვასთან იზრდებოდა“. რაც უფრო წლები ემატებოდა, მით უფრო უახლოვდებოდა თავის ზეციერ მამას. იეჰოვასთან ასეთი ახლო ურთიერთობა ყოველგვარი გამხრწნელი გავლენისგან იცავდა მას.
17, 18. ა) როგორ შეუძლიათ ქრისტიან ახალგაზრდებს მიჰბაძონ სამუელს, როცა მსგავს პრობლემებს ხვდებიან? ბ) საიდან ჩანს, რომ სამუელმა სწორი გზა აირჩია?
17 სამუელს შეიძლება ეფიქრა, რომ თუ მღვდელმთავარი და მისი ვაჟები სცოდავდნენ, მასაც შეეძლო ეკეთებინა ყველაფერი, რასაც მოისურვებდა. მაგრამ სხვების, თუნდაც პასუხისმგებელი პირების, ცუდი საქციელი არ ამართლებს ცოდვას. დღეს მრავალი ქრისტიანი ახალგაზრდა ჰბაძავს სამუელს და „იეჰოვასთან იზრდება“ მიუხედავად იმისა, რომ მათ გარშემო ბევრი არ არის სამაგალითო.
18 რას მიაღწია სამუელმა ამით? ბიბლიაში ვკითხულობთ: „იზრდებოდა სამუელი და უფრო და უფრო მოსაწონი ხდებოდა იეჰოვასთვისაც და ხალხისთვისაც“ (1 სამ. 2:26). სამუელმა თავისი ერთგულებით ხალხსაც შეაყვარა თავი და იეჰოვასაც. ის დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი ჩაერეოდა იმ უსამართლობაში, რაც შილოში ხდებოდა, მაგრამ არ იცოდა, როდის. ერთ ღამესაც სამუელის კითხვებს პასუხი გაეცა.
„მითხარი, გისმენს შენი მსახური“
19, 20. ა) აღწერეთ, რა შეემთხვა ერთხელ სამუელს კარავში. ბ) როგორ გაიგო სამუელმა, ვინ ეძახდა, და როგორ ეპყრობოდა ის ელის?
19 გამთენიისას, როცა ჯერ კიდევ ბნელოდა კარვის დიდი ლამპარი ისევ ბჟუტავდა, სიჩუმეში სამუელმა გაიგონა, როგორ უხმობდა ვიღაც სახელით. მას ელი ეგონა, რომელიც უკვე ღრმად მოხუცებული და თითქმის ბრმა იყო. სამუელი წამოდგა და ელისთან გაიქცა. წარმოიდგინეთ პატარა ბიჭი, რომელიც ფეხშიშველი გარბის ელისთან, რომ გაიგოს, რა სჭირდება მას. აღსანიშნავია, რომ სამუელი ელის თბილად და პატივისცემით ეპყრობოდა. მიუხედავად იმისა, რომ ელი სცოდავდა, ის ჯერ კიდევ იეჰოვას მღვდელმთავრად ითვლებოდა (1 სამ. 3:2—5).
20 სამუელმა მიირბინა ელისთან და უთხრა: „აქა ვარ, რომ მეძახდი“. ელიმ უთხრა, რომ მას არ დაუძახია და დასაძინებლად გააბრუნა. მაგრამ მსგავსი რამ კიდევ ორჯერ განმეორდა. ბოლოს ელი მიხვდა, რაც ხდებოდა. იმ დროს იეჰოვას სიტყვა იშვიათად ცხადდებოდა და არც ხილვები იყო ხშირი, და არცაა გასაკვირი. მაგრამ ელი მიხვდა, რომ ამჯერად იეჰოვა სამუელს ეცხადებოდა და უთხრა, კვლავ დაწოლილიყო, თან დაარიგა, როგორ უნდა მოქცეულიყო, თუ ხმას ისევ გაიგონებდა. სამუელი ასე მოიქცა და ცოტა ხანში კვლავ შემოესმა ხმა, რომელიც ეძახდა: „სამუელ, სამუელ!“. მან მიუგო: „მითხარი, გისმენს შენი მსახური“ (1 სამ. 3:1, 5—10).
21. როგორ შეგვიძლია მოვუსმინოთ დღეს იეჰოვას და რატომ არის ამის გაკეთება გონივრული?
21 როგორც იქნა შილოში იეჰოვას კვლავ ჰყავდა მსახური, რომელიც მას უსმენდა. სამუელი მთელი ცხოვრება ასე იქცეოდა. თქვენზეც შეიძლება იმავეს თქმა? ფაქტია, რომ ღამით ზებუნებრივ ხმას ვერ გავიგებთ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ღვთის ხმა ყოველთვის გვესმის. მისი სიტყვები ჩაწერილია ბიბლიაში. რაც უფრო მეტად ვუსმენთ ღვთის ხმას და ვემორჩილებით მას, მით უფრო გაგვიძლიერდება რწმენა, როგორც ეს სამუელის შემთხვევაში მოხდა.
მიუხედავად იმისა, რომ ეშინოდა, სამუელმა მაინც გადასცა ელის იეჰოვას განაჩენი
22, 23. ა) როგორ აღსრულდა განაჩენი, რომლის გაცხადებაც სამუელს თავდაპირველად ეშინოდა? ბ) როგორი სახელი დაიმკვიდრა სამუელმა?
22 ის ღამე სამუელის ცხოვრებაში გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან ამ დღიდან დაიწყო იეჰოვასთან მისი განსაკუთრებული ურთიერთობა. ის ღვთის წინასწარმეტყველი და მისი წარმომადგენელი გახდა. თავიდან სამუელს ეშინოდა ელისთვის იეჰოვას განაჩენის გაცხადება, რადგან ეს მისი ოჯახისთვის გამოტანილი ღვთის საბოლოო განაჩენი იყო, რომელსაც მალე სისრულეში მოიყვანდა. მაგრამ სამუელმა გამბედაობა მოიკრიბა და ელის სათქმელი გადასცა. ელიც უსიტყვოდ დაეთანხმა ღვთის ამ განაჩენს. მალე ყველაფერი, რაც იეჰოვამ თქვა, შესრულდა. ხოფნი და ფინხასი იმ დღეს დაიღუპნენ, როცა ისრაელი ფილისტიმელებთან საბრძოლველად გავიდა. თავად ელი კი მაშინ მოკვდა, როცა იეჰოვას წმინდა კიდობნის გატაცების ამბავი გაიგო (1 სამ. 3:10—18; 4:1—18).
23 სამუელმა ერთგული წინასწარმეტყველის სახელი დაიმკვიდრა. „იეჰოვა იყო მასთან“ და როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, სამუელის პირით წარმოთქმული არც ერთი წინასწარმეტყველება არ დარჩენილა შეუსრულებელი (წაიკითხეთ 1 სამუელის 3:19).
„მოუხმო სამუელმა იეჰოვას“
24. რა გადაწყვიტეს ისრაელებმა და რატომ იყო ეს სერიოზული ცოდვა?
24 მიჰბაძეს ისრაელებმა სამუელს და ემსახურებოდნენ ღმერთს მასსავით ერთგულად? გავიდა დრო და მათ აღარ უნდოდათ, რომ მსაჯულად მხოლოდ წინასწარმეტყველი ჰყოლოდათ. სხვა ერების მსგავსად, მათაც მეფე მოინდომეს. იეჰოვას მითითებისამებრ, სამუელმა დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა. მაგრამ ამავე დროს მას ისრაელებისთვის უნდა დაენახვებინა მათი ცოდვის სიმძიმე. მათ თავად იეჰოვა ღმერთი უარყვეს და არა უბრალოდ ადამიანი. ამიტომაც შეკრიბა სამუელმა ხალხი გილგალში.
სამუელმა რწმენით ილოცა, იეჰოვამაც არ დააყოვნა და ჭექა-ქუხილით უპასუხა
25, 26. როგორ დაანახვა სამუელმა გილგალში ხალხს, თუ რა სერიოზული ცოდვა ჩაიდინეს იეჰოვას წინაშე?
25 მოდით წარმოვიდგინოთ, როგორ მიმართავს სამუელი გილგალში შეკრებილ ისრაელს. მან შეახსენა ხალხს, რომ მთელი ცხოვრება ერთგულად მსახურობდა. შემდეგ ვკითხულობთ, რომ „მოუხმო სამუელმა იეჰოვას“ და სთხოვა, ჭექა-ქუხილი მოევლინა (1 სამ. 12:17, 18).
26 ჭექა-ქუხილი მშრალი სეზონის დროს მართლაც უჩვეულო რამ იყო. ყველა, ვისაც სამუელის სიტყვებში ეჭვი შეეპარა, მალევე დარწმუნდა, რომ ცდებოდა. უცებ ცა მოიქუფრა და ჩამობნელდა. ქარი ამოვარდა და ხორბლის თავთავები დალეწა. ელვას გამაყრუებელი გრუხუნი მოჰყვა და წვიმაც წამოვიდა. როგორ შეხვდა ხალხი ამ მოვლენას? „ხალხს ძალიან შეეშინდა იეჰოვასი და სამუელისა“. ისინი მიხვდნენ, რამდენად სერიოზული იყო მათი ცოდვა (1 სამ. 12:18, 19).
27. რას გრძნობს იეჰოვა მათ მიმართ, ვინც სამუელის მსგავს რწმენას ავლენს?
27 ჯიუტ ხალხს ქედი იეჰოვამ მოახრევინა და არა სამუელმა. სამუელი სიკვდილამდე ღვთისადმი რწმენას ავლენდა. იეჰოვამაც დააჯილდოვა ის. იეჰოვა არ შეცვლილა და დღესაც ეხმარება მათ, ვინც სამუელის მსგავსად ავლენს რწმენას.
a აღთქმის თანახმად ნაზირებს არც ალკოჰოლური სასმელი უნდა დაელიათ და არც თმა უნდა შეეჭრათ. უმეტესობა ნაზირობის აღთქმას მხოლოდ გარკვეული დროით დებდა, მაგრამ ერთეულები მთელი ცხოვრება ნაზირები იყვნენ, მაგალითად, სამსონი, სამუელი და იოანე ნათლისმცემელი.
b საწმინდარს მართკუთხედის ფორმა ჰქონდა. ფაქტობრივად, ეს იყო კარავი, რომელსაც ხის საყრდენი ჰქონდა. ის ძვირფასი მასალით იყო დამზადებული — სელაპის ტყავით, ლამაზი ნაქარგებით დამშვენებული ქსოვილებითა და ოქრო-ვერცხლით მოვარაყებული ძვირფასი ხის მასალით. საწმინდარი მდებარეობდა მართკუთხა ფორმის ეზოში, სადაც დიდებული სამსხვერპლო იდგა. დროთა განმავლობაში, როგორც ჩანს, კარავს ირგვლივ სხვა ოთახებიც მიამატეს მღვდლებისთვის. სამუელს, სავარაუდოდ, ერთ-ერთ მათგანში ეძინა.
c ბიბლიაში ამის ორი მაგალითია მოყვანილი. კანონში ეწერა, შეწირული ცხოველის რომელი ნაწილი ეკუთვნოდა მღვდელს (კან. 18:3). მაგრამ კარავში ორგული მღვდლების გამო ყველაფერი სხვაგვარად ხდებოდა. მათი დამხმარეები გრძელ ჩანგალს ყოფდნენ ქვაბში, რომელშიც ხორცი იხარშებოდა, და საუკეთესო ნაჭრები ამოჰქონდათ. გარდა ამისა, მღვდლის დამხმარეები შემწირველს მანამ ართმევდნენ უმ ხორცს, ვიდრე სამსხვერპლოზე ქონს ააბოლებდნენ იეჰოვასთვის (ლევ. 3:3—5; 1 სამ. 2:13—17).
-
-
მან გაუძლო განსაცდელებსმიჰბაძეთ მათ რწმენას
-
-
თავი 8
მან გაუძლო განსაცდელებს
1. რატომ იდგა შილოში გლოვის ზარი?
შილოში მყოფი სამუელი მწუხარებით იქნებოდა მოცული. წარმოიდგინეთ მგლოვიარე ქალაქი, ქალებისა და ბავშვების მოთქმა, რომლებიც ბრძოლაში დაღუპულ მამებს, ქმრებს, ვაჟებსა და ძმებს დასტირიან. ცნობილია, რომ ისრაელებმა ფილისტიმელებთან ბრძოლაში 30 000 მეომარი დაკარგეს, მანამდე კი — 4 000 (1 სამ. 4:1, 2, 10).
2, 3. რამ მოუტანა შილოს სირცხვილი და დააკარგვინა ძველი დიდება?
2 ეს ტრაგედიის დასაწყისი იყო. მღვდელმთავარ ელის ორი უვარგისი ვაჟი ჰყავდა — ხოფნი და ფინხასი, რომლებმაც შილოდან წმინდა შეთანხმების კიდობანი წამოიღეს. შეთანხმების კიდობანი, როგორც წესი, კარვის წმინდათაწმინდაში იდგა. ეს ძვირფასი სკივრი იმის სიმბოლო იყო, რომ ღმერთი ისრაელებთან იყო. ხალხმა კიდობანი ბრძოლის ველზე წაიღო იმ იმედით, რომ ის თილისმის როლს შეასრულებდა და ბრძოლაში გაამარჯვებინებდა. მაგრამ ეს უგუნური ნაბიჯი იყო. ფილისტიმელებმა ხელთ იგდეს კიდობანი, ხოფნი და ფინხასი კი სიცოცხლეს გამოასალმეს (1 სამ. 4:3—11).
3 კარავი, რომელშიც კიდობანი იდო, საუკუნეების მანძილზე შილოში იყო, ახლა კი გაიტაცეს. როცა ამის შესახებ 98 წლის ელიმ გაიგო, უკან გადავარდა და სული განუტევა. სწორედ იმ დღეს დაქვრივდა მისი ორსული რძალი, რომელსაც ნაადრევად დაეწყო ტკივილები და მშობიარობას გადაჰყვა. სიკვდილის წინ ქალს აღმოხდა: „წაღებულია ისრაელის დიდება“. ნათელი იყო, რომ შილო უწინდებურად განდიდებული ვეღარ იქნებოდა (1 სამ. 4:12—22).
4. რაზე ვისაუბრებთ ამ თავში?
4 როგორ აიტანდა სამუელი ასეთ საშინელ დარტყმას? ეყოფოდა მას რწმენა საიმისოდ, რომ დახმარებოდა ხალხს, რომელმაც იეჰოვას მფარველობა და კეთილგანწყობა დაკარგა? დღეს სიძნელეები და გულგატეხილობა დროდადრო ყველა ჩვენგანის რწმენას სცდის. მოდი, გავიგოთ, რისი სწავლა შეგვიძლია სამუელისგან.
ის „სიმართლეს იქმოდა“
5, 6. რას ამბობს ბიბლია ამ 20-წლიან პერიოდზე და რით იქნებოდა სამუელი დაკავებული ამ ხნის მანძილზე?
5 ბიბლია ცოტა ხნით წყვეტს სამუელზე საუბარს და თხრობას წმინდა კიდობანზე განაგრძობს, კერძოდ, როგორ დაისაჯნენ ფილისტიმელები კიდობნის გატაცებისთვის და როგორ გახდნენ იძულებულნი, უკან დაებრუნებინათ. ბიბლია სამუელზე თხრობას ამ მოვლენებიდან 20 წლის შემდეგ უბრუნდება (1 სამ. 7:2). რით იყო დაკავებული სამუელი მთელი ამ დროის მანძილზე? ბიბლიიდან ამის გაგებაც შეიძლება.
როგორ გადაატანინებდა სამუელი ხალხს მძიმე დანაკარგს და როგორ დაეხმარებოდა გულგატეხილობის დაძლევაში?
6 სანამ ეს ოცწლიანი პერიოდი დაიწყებოდა, როგორც 1 სამუელის 4:1-დან ვიგებთ, „სამუელის სიტყვები მთელმა ისრაელმა გაიგო“. ამ მუხლში გამოყენებული ზმნა „გაიგო“ დედნისეულ ტექსტში განგრძობით დროშია და გამოხატავს მრავალჯერად მოქმედებას. მომდევნო თავებიდან ვიგებთ, რომ ამ ოცწლიანი პერიოდის დასრულების შემდეგ სამუელი, ჩვეულებისამებრ, ყოველწლიურად ისრაელში სამ ქალაქს ინახულებდა და წყვეტდა სადავო საკითხებს, შემდეგ კი მშობლიურ ქალაქ რამაში ბრუნდებოდა (1 სამ. 7:15—17). აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამუელი სულ ღვთის საქმით იყო დაკავებული და ამ ოცი წლის მანძილზეც ბევრს გააკეთებდა.
მართალია, ბიბლია არაფერს ამბობს სამუელის 20-წლიანი მსახურების შესახებ, მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას
7, 8. ა) რა ცნობა გადასცა სამუელმა ხალხს 20-წლიანი მძიმე შრომის შემდეგ? ბ) როგორ გამოეხმაურა ხალხი სამუელს?
7 ელის ვაჟების უზნეობამ და მექრთამეობამ ხალხს რწმენა შეურყია. როგორც ჩანს, ამის გამო ბევრმა კერპთაყვანისმცემლობას მიჰყო ხელი. ოცი წლის შემდეგ სამუელმა ხალხს გამოუცხადა: „თუ მთელი გულით უბრუნდებით იეჰოვას, მოიშორეთ უცხო ღმერთები და აშთორეთები; ურყევად მიმართეთ გული იეჰოვასკენ, მხოლოდ მას ემსახურეთ და გიხსნით ის ფილისტიმელთა ხელიდან“ (1 სამ. 7:3).
8 დამძიმდა ისრაელზე „ფილისტიმელთა ხელი“. ისრაელს თითქმის აღარ ჰყავდა მებრძოლები, ამიტომ ფილისტიმელები უფრო თამამად დაჩაგრავდნენ ღვთის ხალხს. სამუელი არწმუნებდა ისრაელებს, რომ თუ იეჰოვას დაუბრუნდებოდნენ, მდგომარეობა შეიცვლებოდა. სურდა ხალხს იეჰოვასთან დაბრუნება? საბედნიეროდ, მათ მოიშორეს კერპები და „მხოლოდ იეჰოვას ემსახურებოდნენ“. სამუელმა მთელი ისრაელი შეკრიბა მიცფაში, იერუსალიმის ჩრდილოეთით მთიან მხარეში; მათ იმარხულეს და ცოდვები მოინანიეს (წაიკითხეთ 1 სამუელის 7:4—6).
ფილისტიმელებმა იფიქრეს, რომ რადგან იეჰოვას ხალხი შეკრებილი იყო, ადვილად შეძლებდნენ მათ ამოჟლეტას
9. რის შესაძლებლობა მიეცათ ფილისტიმელებს და რა რეაქცია ჰქონდათ ისრაელებს?
9 ფილისტიმელებმა გაიგეს ისრაელების შეკრების შესახებ და მიცფაში ჯარი გაგზავნეს იეჰოვას თაყვანისმცემლების ამოსაჟლეტად. შეშინებულმა ისრაელებმა სამუელს სთხოვეს, მათთვის ელოცა. სამუელმა ილოცა და ღმერთს შესაწირავი აღუვლინა. როცა სამუელი შესაწირავს სწირავდა, ფილისტიმელები მიცფას მიადგნენ. იეჰოვამ უპასუხა სამუელის ლოცვას და თავზარდამცემი ხმით დაიგრგვინა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „იმ დღეს დიდი ხმით დაიგრგვინა იეჰოვამ ფილისტიმელების წინააღმდეგ“ (1 სამ. 7:7—10).
10, 11. ა) რატომ დაეცათ ფილისტიმელებს თავზარი, როცა იეჰოვამ მათი ჯარის წინააღმდეგ დაიგრგვინა? ბ) როგორ დასრულდა მიცფაში გამართული ბრძოლა?
10 როგორ ფიქრობთ, შეეშინდებოდათ ფილისტიმელებს გრგვინვის, როგორც პატარა ბავშვებს ეშინიათ ჭექა-ქუხილის და დედის კალთას ეფარებიან? არა, რადგან ფილისტიმელები ძლიერი, ბრძოლაში გამოწრთობილი მეომრები იყვნენ. მაგრამ ეს უჩვეულო გრგვინვა იყო, ასეთი ხმა მათ მანამდე არასოდეს გაეგოთ. ძალიან ძლიერი იყო ეს ხმა? მოწმენდილი ციდან გაისმა თუ მთიდან წამოსული ექო იყო? რაც უნდა ყოფილიყო, ამ ხმამ ფილისტიმელებს თავზარი დასცა. დაბნეული ფილისტიმელები ახლა თავად გახდნენ ისრაელების სამიზნე. გამოცვივდნენ ისრაელები მიცფადან, დაედევნენ ფილისტიმელებს და გზადაგზა ხოცავდნენ მათ იერუსალიმის სამხრეთამდე (1 სამ. 7:11).
11 ეს გადამწყვეტი ბრძოლა აღმოჩნდა. ფილისტიმელებმა უკან დაიხიეს და აღარ შეუწუხებიათ ისრაელები სამუელის სიკვდილამდე. ღვთის ხალხი დაკარგულ ქალაქებს ერთი მეორის მიყოლებით იბრუნებდა (1 სამ. 7:13, 14).
12. რას ნიშნავს, რომ სამუელი „სიმართლეს იქმოდა“ და რომელი თვისებები დაეხმარა მას დავალების შესრულებაში?
12 საუკუნეების შემდეგ მოციქულმა პავლემ სამუელი იმ ერთგულ მსაჯულთა და წინასწარმეტყველთა შორის მოიხსენია, რომლებიც „სიმართლეს იქმოდნენ“ (ებრ. 11:32, 33). სამუელი ნამდვილად იმას აკეთებდა, რაც ნამდვილად სწორი იყო ღვთის თვალში. ის ყოველთვის კარგად ასრულებდა ღვთის დავალებას, რადგან მოთმინებით ელოდებოდა იეჰოვას და სიძნელეების მიუხედავად, ერთგულად მსახურობდა. ის ყოველთვის მადლიერი იყო იეჰოვასი. მიცფაში გამარჯვების შემდეგ სამუელმა ქვა აღმართა იმის ნიშნად, რომ იეჰოვა თავის ხალხს დაეხმარა (1 სამ. 7:12).
13. ა) რომელი თვისებები უნდა განვივითაროთ, თუ გვინდა, რომ სამუელს მივბაძოთ? ბ) თქვენი აზრით, როდის არის კარგი, განივითაროს ადამიანმა სამუელის მსგავსი თვისებები?
13 გსურთ, რომ თქვენც „იქმოდეთ სიმართლეს“? მიჰბაძეთ სამუელს მოთმინებასა და თავმდაბლობაში და იყავით მასსავით მადლიერი (წაიკითხეთ 1 პეტრეს 5:6). ვის არ სჭირდება ასეთი თვისებები? სამუელი კარგად მოიქცა, რომ ეს თვისებები სიყმაწვილეში გამოიმუშავა, რაც მას მოგვიანებით უფრო მძიმე განსაცდელების ატანაში დაეხმარა.
„შენი ვაჟები შენი გზით არ დადიან“
14, 15. ა) რამ გაუცრუა იმედი ხანდაზმულ სამუელს? ბ) იყო სამუელი ელისნაირი ცუდი მამა? ახსენით.
14 ბიბლია სამუელს კიდევ მაშინ მოიხსენიებს, როცა ის უკვე მოხუცებულია. სამუელს ორი ვაჟი ჰყავდა, იოელი და აბია, რომლებიც თავის დამხმარეებად, მსაჯულებად დააყენა. სამწუხაროდ, მისმა ვაჟებმა არ გაამართლეს მამის ნდობა. თავად სამუელი პატიოსანი და სამართლიანი მსაჯული იყო, მაგრამ მისი შვილები თავიანთ მდგომარეობას ბოროტად იყენებდნენ — სამართალს ამრუდებდნენ და ქრთამს იღებდნენ (1 სამ. 8:1—3).
15 ერთხელ მოხუც წინასწარმეტყველთან ისრაელის უხუცესები მივიდნენ და შესჩივლეს: „შენი ვაჟები შენი გზით არ დადიან“ (1 სამ. 8:4, 5). იცოდა სამუელმა ამის შესახებ? ბიბლია არაფერს ამბობს. თუმცა, აშკარაა, რომ ელისგან განსხვავებით, სამუელს გაკიცხვა არ დაუმსახურებია. იეჰოვამ ელის უსაყვედურა და დასაჯა, რადგან ის არაფერს აკეთებდა თავისი ვაჟების გამოსასწორებლად და მათ უფრო მეტ პატივს სცემდა, ვიდრე ღმერთს (1 სამ. 2:27—29). მსგავსი ბრალდება კი სამუელისთვის იეჰოვას არასოდეს წაუყენებია.
რა დაეხმარა სამუელს, რომ თავისი უვარგისი შვილების გამო გულგატეხილობა არ დაუფლებოდა?
16. რას გრძნობენ მშობლები, რომლებსაც შვილები ეურჩებიან, როგორ ანუგეშებთ სამუელის მაგალითი და რისკენ აღძრავთ?
16 ბიბლიიდან არ ჩანს, რა გრძნობა დაეუფლა სამუელს, როცა თავისი ვაჟების უმსგავსო საქციელის შესახებ შეიტყო — გული გაუტყდა, შეწუხდა თუ შერცხვა. ბევრი მშობლისთვის ადვილი წარმოსადგენია სამუელის გრძნობები. ამ ბოლო დღეებში სულ უფრო და უფრო მეტი ბავშვი არ ემორჩილება მშობლებს (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 3:1—5). სამუელის მაგალითმა შეიძლება გარკვეულწილად შვება მოჰგვაროს იმ მშობლებს, რომლებსაც ურჩი შვილები ჰყავთ. სამუელს შვილების ორგულობამ ოდნავადაც არ შეურყია იეჰოვასადმი ერთგულება. გახსოვდეთ, თუ შვილის გაქვავებულ გულს დარიგება და დასჯა ვერ შველის, შეიძლება თქვენმა კარგმა მაგალითმა უშველოს. მშობლებს ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა, გაახარონ თავიანთი მამა, იეჰოვა, როგორც სამუელი ახარებდა.
„დაგვიყენე მეფე“
17. რა მოსთხოვეს ისრაელის უხუცესებმა სამუელს და რა რეაქცია ჰქონდა მას?
17 სამუელის ვაჟები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რა მდგომარეობაში ჩაყრიდნენ ხალხს თავიანთი სიხარბისა და ეგოიზმის გამო. ისრაელის უხუცესებმა სამუელს უთხრეს: „დაგვიყენე მეფე, როგორც სხვა ერებსა ჰყავთ, სამართალი რომ გაგვიჩინოს“. სამუელის უარყოფას ნიშნავდა მათი მოთხოვნა? ბოლოს და ბოლოს სამუელი ხომ იეჰოვას დავალებით ათეულობით წელი იყო მათი მსაჯული. ახლა კი მსაჯულად წინასწარმეტყველის ნაცვლად, მეფე მოინდომეს. გარშემო ერებს მეფეები ჰყავდათ და მათაც უნდოდათ, მეფე ჰყოლოდათ. რა რეაქცია ჰქონდა სამუელს? „არ მოეწონა სამუელს მათი ნათქვამი“, — ვკითხულობთ ბიბლიაში (1 სამ. 8:5, 6).
18. როგორ ანუგეშა სამუელი იეჰოვამ და როგორ ახადა ფარდა ისრაელის ცოდვას?
18 ვნახოთ, რა უპასუხა იეჰოვამ სამუელს, როცა ამ უკანასკნელმა ლოცვაში ხალხის სურვილი გააცნო. „გაუგონე ხალხს ყველაფერი, რასაც გეუბნებიან, რადგან შენ კი არ უარგყვეს, მე უარმყვეს თავიანთ მეფედ“. როგორ დაამშვიდებდა სამუელს იეჰოვას სიტყვები. თუმცა ისრაელების მოთხოვნა ყოვლისშემძლე ღვთის შეურაცხყოფა იყო. იეჰოვამ უთხრა წინასწარმეტყველს, ეთქვა მათთვის, რის ფასად დაუჯდებოდათ მეფის ყოლა. როცა სამუელმა ხალხს ყველაფერი უთხრა, ისინი მაინც დაჟინებით ამბობდნენ: „არა, უნდა გვყავდეს მეფე“. როგორც ყოველთვის, სამუელი ახლაც დაემორჩილა ღმერთს და იეჰოვას არჩეული კაცი მეფედ სცხო (1 სამ. 8:7—19).
19, 20. ა) როგორ დაემორჩილა სამუელი იეჰოვას, როცა იეჰოვამ დაავალა, ისრაელის მეფედ საული ეცხო? ბ) როგორ განაგრძობდა სამუელი ღვთის ხალხის დახმარებას?
19 მაგრამ როგორ დაემორჩილა სამუელი ღმერთს? ფორმალურად და იძულებით ხომ არა? ხომ არ დაიბოღმა და გამწარდა? ასეთი რამ შეიძლება ბევრს დამართოდა, მაგრამ არა სამუელს. მან მეფედ სცხო საული და აღიარა, რომ ის იეჰოვას რჩეული იყო. მისალმებისა და მორჩილების ნიშნად სამუელმა აკოცა საულს. შემდეგ ხალხს უთხრა: „ხედავთ, ვინ ამოირჩია იეჰოვამ? მთელ ხალხში არავინაა მისი მსგავსი“ (1 სამ. 10:1, 24).
20 სამუელმა საულის ღირსებებზე გაამახვილა ყურადღება და არა ნაკლოვანებებზე. რაც შეეხება თავად სამუელს, მას უფრო მეტად ის აღელვებდა, რამდენად უმწიკვლო ადამიანის სახელი ჰქონდა ღვთის თვალში. მას ნაკლებად ანაღვლებდა, რას იტყოდნენ მასზე მერყევი ბუნების ადამიანები (1 სამ. 12:1—4). ამასთანავე, სამუელი ერთგულად ასრულებდა ღვთის დავალებას — რჩევებს აძლევდა ღვთის ხალხს სულიერი საფრთხისგან თავის დასაცავად და იეჰოვას ერთგულებისკენ მოუწოდებდა. მაგალითად, ერთხელ, როცა მისი რჩევა-დარიგება ხალხმა მიიღო, ისინი შეეხვეწნენ სამუელს, ელოცა მათთვის. მან შესანიშნავი პასუხი გასცა მათ: „არ შევცოდავ იეჰოვას და არ შევწყვეტ თქვენთვის ლოცვას; მე გასწავლით კარგ და სწორ გზას“ (1 სამ. 12:21—24).
სამუელისგან ვსწავლობთ, არ შეგვშურდეს არავისი და არ გავმწარდეთ
21. როგორ დაგეხმარებათ სამუელის მაგალითი, თუ გული გწყდებათ იმის გამო, რომ სხვას მიანდეს რაიმე პასუხისმგებლობა?
21 დაგწყვეტიათ გული იმის გამო, რომ ვინმესთვის რაიმე პასუხისმგებლობა მიუნდვიათ, თქვენთვის კი არა? სამუელის მაგალითი კარგი შეხსენებაა ჩვენთვის, რომ არავისი შეგვშურდეს და არ გავმწარდეთ (წაიკითხეთ იგავების 14:30). ღმერთი ყველა თავის ერთგულ მსახურს აკურთხებს და არც ერთ მათგანს არ დატოვებს სასიამოვნო საქმის გარეშე.
„როდემდე უნდა წუხდე საულზე?“
22. რატომ არ შემცდარა სამუელი საულში თავდაპირველად?
22 სამუელი საულში არ შემცდარა. მას მართლაც ჰქონდა ღირსებები. იგი მაღალი, წარმოსადეგი გარეგნობის, მამაცი და საზრიანი მამაკაცი იყო. ის თავიდან მოკრძალებასა და თავმდაბლობასაც ავლენდა (1 სამ. 10:22, 23, 27). ამ ყველაფერთან ერთად, მას ღვთისგან ნების თავისუფლებაც ჰქონდა მიცემული — შეეძლო თავად აერჩია ცხოვრების კურსი და მიეღო გადაწყვეტილებები (კან. 30:19). როგორ გამოიყენა საულმა ღვთისგან ბოძებული ნების თავისუფლება?
23. რა თვისება დაკარგა საულმა, და როგორ გახდა ქედმაღალი?
23 სამწუხაროდ, ხშირად, როცა ადამიანი ძალაუფლებას მოიპოვებს, პირველი, რასაც კარგავს, მოკრძალებაა. დროთა განმავლობაში საული ქედმაღალი გახდა. ის აღარ ემორჩილებოდა ღვთის მითითებებს, რომლებსაც იეჰოვა სამუელის მეშვეობით აძლევდა. ერთხელ საულს მოთმინება არ ეყო და ღმერთს მსხვერპლი შესწირა, რაც წესით სამუელს უნდა გაეკეთებინა. სამუელი იძულებული გახდა, მკაცრად შეეგონებინა საული. მან უწინასწარმეტყველა მეფეს, რომ სამეფო ტახტი მის შთამომავლებს არ გადაეცემოდა. ნაცვლად იმისა, რომ ყურად ეღო ეს შეგონება, საული უფრო მეტად ეურჩებოდა ღმერთს (1 სამ. 13:8, 9, 13, 14).
24. ა) როგორ ეურჩა საული იეჰოვას ამალეკელებთან ბრძოლის დროს? ბ) რა რეაქცია ჰქონდა საულს, როცა სამუელმა ამხილა, და რა გადაწყვიტა იეჰოვამ?
24 სამუელის მეშვეობით იეჰოვამ საულს უთხრა, გაელაშქრა ამალეკელების წინააღმდეგ. იეჰოვას მოთხოვნაში ამალეკის ბოროტი მეფის, აგაგის, მოკვლაც შედიოდა. მაგრამ საულმა დაინდო აგაგი და საუკეთესო ნადავლი. მეფის სამხილებლად მისულმა სამუელმა დაინახა, რომ ის ძალიან იყო შეცვლილი. ნაცვლად იმისა, რომ საულს თავმდაბლურად მიეღო შეგონება, მან თავის მართლება დაიწყო, საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა და დანაშაული ხალხს გადააბრალა. სასჯელისთვის თავი რომ აერიდებინა, მან თქვა, რომ ნადავლიდან ნაწილის შეწირვას იეჰოვასთვის აპირებდა. სწორედ ამ დროს წარმოთქვა სამუელმა კარგად ნაცნობი სიტყვები: „მოსმენა მსხვერპლზე უკეთესია“. მან გაბედულად ამხილა საული და განუცხადა, რომ იეჰოვა გამოჰგლეჯდა მეფობას და სხვას, მასზე უკეთესს მისცემდა (1 სამ. 15:1—33).a
25, 26. ა) რატომ წუხდა სამუელი საულზე, და როგორ შეუსწორა აზროვნება იეჰოვამ თავის წინასწარმეტყველს? ბ) რა ისწავლა იესეს სახლში მისულმა წინასწარმეტყველმა?
25 საულის საქციელმა ძალიან დაამწუხრა სამუელი. მან მთელი ღამე ტირილსა და ლოცვაში გაატარა. შეიძლება ითქვას, რომ ის საულს გლოვობდა. ის ხომ მასში დიდ პოტენციალს და ბევრ კარგ თვისებას ხედავდა. ახლა კი მისი იმედები დაიმსხვრა. საული ის აღარ იყო, ვისაც სამუელი იცნობდა — მას აღარ ჰქონდა კარგი თვისებები და იეჰოვას წინააღმდეგ წავიდა. სამუელს აღარ სურდა მისი ნახვა. იეჰოვამ სამუელს რბილად მისცა შენიშვნა: „როდემდე უნდა წუხდე საულზე? მე ხომ უარვყავი იგი, როგორც ისრაელის მეფე. აავსე რქა ზეთით და წადი. ბეთლემელ იესესთან გგზავნი, რადგან მისი ვაჟებიდან ამოვირჩიე მეფე“ (1 სამ. 15:34, 35; 16:1).
26 არასრულყოფილმა ადამიანებმა რომც არ უერთგულონ იეჰოვას, ის თავის განზრახვას მაინც არ შეცვლის. თუ ერთი ადამიანი ორგული აღმოჩნდება, იეჰოვა სხვას შეასრულებინებს თავის ნებას. ამიტომ, ხანდაზმულ სამუელს მეტისმეტად არ უნდა ედარდა საულზე. იეჰოვას მითითებისამებრ, სამუელი ბეთლემში, იესეს სახლში წავიდა, სადაც რამდენიმე წარმოსადეგი გარეგნობის ვაჟი ნახა. იეჰოვამ სამუელს თავიდანვე შეახსენა, რომ გარეგნობისთვის არ მიექცია ყურადღება (წაიკითხეთ 1 სამუელის 16:7). ბოლოს სამუელი იესეს უმცროს ვაჟს, დავითს, შეხვდა და სწორედ ის აღმოჩნდა იეჰოვას რჩეული.
სამუელი დარწმუნდა, რომ იეჰოვასთვის არ არსებობს მოუშუშებელი ტკივილი და მოუგვარებელი პრობლემა; საბოლოოდ ის ყველა თავის მსახურს აკურთხებს
27. ა) რა დაეხმარა სამუელს რწმენის გაძლიერებაში? ბ) რას ფიქრობთ სამუელზე?
27 სიცოცხლის ბოლო წლებში სამუელი დარწმუნდა, რომ იეჰოვა სწორად მოიქცა, როცა საული უარყო და დავითი აირჩია. შურით შეპყრობილმა საულმა დავითის მოკვლა განიზრახა და განდგომილი გახდა. დავითი კი შესანიშნავ თვისებებს — სიმამაცეს, სიმტკიცეს, რწმენასა და ერთგულებას ავლენდა. ასაკის მატებასთან ერთად სამუელს რწმენა უმტკიცდებოდა. ის დარწმუნდა, რომ იეჰოვასთვის არ არსებობს მოუშუშებელი ტკივილი და მოუგვარებელი პრობლემა; საბოლოოდ ის ყველა თავის მსახურს აკურთხებს. სამუელმა თითქმის საუკუნე იცოცხლა და საინტერესო ცხოვრების გზა განვლო. მთელი ისრაელი გლოვობდა ამ ერთგულ კაცს და ეს არც არის გასაკვირი. კარგია, თუ ღვთის მსახურები საკუთარ თავს ჰკითხავენ: ვბაძავ სამუელს?
a სამუელმა თავად დასაჯა აგაგი. არც ბოროტი მეფე და არც მისი ოჯახის წევრები არ შეიწყალეს. საუკუნეების შემდეგ, როგორც ჩანს აგაგის ერთ-ერთი შთამომავალი იყო „აგაგელი ჰამანი“, რომელსაც ღვთის ხალხის განადგურება ჰქონდა განზრახული (ესთ. 8:3). (იხილეთ ამ წიგნის მე-15 და მე-16 თავები).
-