-
უფრთხილდით ეშმაკის მახეებს!საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 აგვისტო
-
-
უფრთხილდით ეშმაკის მახეებს!
„თავი დააღწიეთ ეშმაკის მახეს“ (2 ტიმ. 2:26).
როგორ უპასუხებთ?
რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს, თუ გვახასიათებს სხვების კრიტიკა?
რის სწავლა შეგვიძლია პილატესა და პეტრეს მაგალითებიდან, რომ არ გავებათ შიშისა და ზეგავლენის მახეში?
როგორ ავირიდოთ დანაშაულის აუტანელი გრძნობა?
1, 2. ეშმაკის რა მახეებს განვიხილავთ ამ სტატიაში?
ეშმაკი ჩასაფრებულია, რათა მახეში გააბას იეჰოვას მსახურები. გამოცდილი მონადირისგან განსხვავებით, რომელიც მსხვერპლს ყოველთვის კლავს, სატანის მიზანი არ არის ღვთის მსახურების განადგურება. სატანის მთავარი მიზანი მათი ცოცხლად დაჭერაა, რათა თავის ნებაზე ატაროს (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 2:24—26).
2 მსხვერპლის ცოცხლად დასაჭერად მონადირე სხვადასხვა მახეს იყენებს. ის ცდილობს, ცხოველი სამალავიდან გამოიყვანოს და მარყუჟით დაიჭიროს. ან შეიძლება დამალოს ხაფანგი, რომელსაც აქვს სასხლეტი და მოულოდნელად დაიჭიროს მსხვერპლი. ეშმაკიც მსგავს მახეებს იყენებს ღვთის მსახურების ცოცხლად დასაჭერად. თუ გვინდა, თავი არ დავაჭერინოთ, ფრთხილად უნდა ვიყოთ და ყურადღება მივაქციოთ გამაფრთხილებელ ნიშნებს, რომლებიც სატანის მახეებზე მიუთითებს. ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ ავარიდოთ თავი ეშმაკის სამ მახეს, რომლებსაც ის წარმატებით იყენებს. ეს მახეებია: 1) გაუკონტროლებელი საუბრები, 2) შიში და თანატოლების გავლენა და 3) დანაშაულის აუტანელი გრძნობა. მომდევნო სტატიაში კი განვიხილავთ სატანის ორ სხვა მახეს.
ჩააქრეთ გაუკონტროლებელი საუბრის ცეცხლი
3, 4. რა შეიძლება მოჰყვეს ჩვენს გაუკონტროლებელ საუბრებს? მოიყვანეთ მაგალითი.
3 ცხოველები სამალავიდან რომ გამოიყვანონ, ზოგი მონადირე ბალახს ცეცხლს უკიდებს და ასე იჭერს მათ. სატანაც ცდილობს, ასე ვთქვათ, კრებაში ცეცხლის დანთებას. თუ ეს გამოუვიდა, კრების ზოგიერთმა წევრმა შეიძლება დატოვოს კრება ანუ უსაფრთხო გარემო და სატანის „ლუკმა“ გახდეს. როგორ შეიძლება ამაში სატანას ჩვენდა უნებურად შევუწყოთ ხელი?
4 მოწაფე იაკობმა თავის წერილში ენა ცეცხლს შეადარა (წაიკითხეთ იაკობის 3:6—8). თუ საუბრებს ვერ ვაკონტროლებთ, შეიძლება ჩვენი მიზეზით „ხანძარიც კი გაჩნდეს“ კრებაში. რა იწვევს გაუკონტროლებელ საუბრებს? წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: კრებაზე გამოცხადდა, რომ ერთი და პიონერად დაინიშნა. შეხვედრის შემდეგ ორი და საუბრობს ამ განცხადების შესახებ. ერთს გულწრფელად უხარია და უნდა, რომ ეს ახალი პიონერი წარმატებული იყოს. მეორე ეჭვქვეშ აყენებს მის მოტივებს და ამბობს, რომ ამ დას ყურადღების ცენტრში უყვარს ყოფნა. ამ ორი დიდან, რომელი გინდათ, რომ თქვენი მეგობარი იყოს? არ არის რთული დასანახი, რომელი მათგანი „გააჩაღებს ცეცხლს“ თავისი ენით კრებაში.
5. რა უნდა გავაკეთოთ, რომ მოვერიდოთ „ცეცხლის დანთებას“ ანუ გაუკონტროლებელ საუბრებს?
5 როგორ ჩავაქროთ გაუკონტროლებელი საუბრის ცეცხლი? იესომ თქვა: „პირი გულში მოჭარბებულს ლაპარაკობს“ (მათ. 12:34). პირველი ნაბიჯი საკუთარი გულის გამოკვლევაა. ვაძლევთ უარყოფით გრძნობებს ჩვენს გულში დამკვიდრების საშუალებას, რის გამოც შეიძლება სხვებზე უარყოფითად ვილაპარაკოთ? მაგალითად: როდესაც ვიგებთ, რომ ძმა მსახურებაში გარკვეულ წარმატებებს აღწევს, ეჭვი ხომ არ შეგვაქვს მის მოტივებში და ხომ არ ვფიქრობთ, რომ მას პირადი ინტერესები ამოძრავებს? თუ სხვების მოქმედებას ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებთ, კარგია, თუ გაგვახსენდება, რომ სატანამაც ეჭვქვეშ დააყენა ღვთის მსახური იობის მოტივები (იობ. 1:9—11). ჩვენი ძმისთვის არასწორი მოტივების მიწერის ნაცვლად, კარგია, თუ დავფიქრდებით, რატომ ვართ მისადმი კრიტიკულად განწყობილი. ნამდვილად გვაქვს მიზეზი, რომ ამ ძმაზე ცუდი ვიფიქროთ? ხომ არ არის ჩვენი გული მოწამლული ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელი სულით, რომელშიც სიყვარულის ნატამალიც კი არ არის? (2 ტიმ. 3:1—4).
6, 7. ა) რატომ შეიძლება კრიტიკულად განვეწყოთ სხვებისადმი? ბ) როგორ უნდა ვრეაგირებდეთ, თუ ვინმე ჩვენზე ცუდს ლაპარაკობს?
6 განვიხილოთ, რატომ შეიძლება ვიყოთ სხვებისადმი კრიტიკულად განწყობილი. ერთი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ გვინდა, ჩვენი წარმატებები უფრო შესამჩნევი გახდეს და ამიტომ სხვებს უარყოფით შუქში წარმოვაჩენთ; ან სხვების კრიტიკით თავის გამართლებას ვცდილობთ. მნიშვნელობა არა აქვს, ამისკენ სიამაყე, შური თუ უღირსობის გრძნობა გვიბიძგებს, შედეგი ნებისმიერ შემთხვევაში ცუდი იქნება.
7 შეიძლება ვფიქრობთ, რომ სხვებზე კრიტიკულად ლაპარაკის მიზეზი გვაქვს. შესაძლოა, რომელიმე დამ ან ძმამ ჩვენზე ცუდი ილაპარაკა. თუ ეს ასეა, სამაგიეროს გადახდა კარგი ნამდვილად არ იქნება. ამით მხოლოდ ცეცხლზე ნავთს დავასხამთ, რითაც სატანის და არა ღვთის ნებას შევასრულებთ (2 ტიმ. 2:26). კარგი იქნება, თუ იესოს მივბაძავთ. „როცა ლანძღავდნენ, ლანძღვით არ პასუხობდა . . . არამედ იმას ჩააბარა თავი, ვინც სიმართლით ასამართლებს“ — ნათქვამია მასზე (1 პეტ. 2:21—23). იესო დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა ყველაფერს, როგორც სურდა და როცა სურდა, მაშინ გააკეთებდა. ჩვენც ასე უნდა ვენდობოდეთ ღმერთს. როცა ენას განსაკურნავად ვიყენებთ, კრებაში ხელს ვუწყობთ „მშვიდობის გამაერთიანებელ კავშირს“ (წაიკითხეთ ეფესოელების 4:1—3).
მოერიდეთ ეშმაკის მახეს — შიშსა და თანატოლების ზეგავლენას
8, 9. რატომ გამოუტანა პილატემ იესოს სასიკვდილო განაჩენი?
8 მახეში გაბმული ცხოველი თავისუფლებას კარგავს. მსგავსადვე, ის, ვინც შიშისა და თანატოლების გავლენის მახეში ექცევა, სხვებს საკუთარ ცხოვრებაში ჩარევის უფლებას აძლევს (წაიკითხეთ იგავების 29:25 ). განვიხილოთ ორი სრულიად განსხვავებული მამაკაცის შემთხვევა, რომლებიც შიშისა და სხვების გავლენის ქვეშ მოექცნენ. ვნახოთ, რა შეგვიძლია ვისწავლოთ მათგან.
9 რომაელმა მმართველმა პონტიუს პილატემ იცოდა, რომ იესო უდანაშაულო იყო და არ უნდოდა მისი დასჯა. მან თქვა, რომ იესოს არაფერი ჩაუდენია ისეთი, სიკვდილი რომ დაემსახურებინა. მიუხედავად ამისა, პილატემ მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, რადგან რომაელი მმართველი ბრბოს გავლენის ქვეშ მოექცა (ლუკ. 23:15, 21—25). „შენ თუ ამას გაათავისუფლებ, კეისრის მეგობარი არ ყოფილხარ“, — გაიძახოდნენ მოწინააღმდეგეები, რათა პილატეზე ზეწოლა მოეხდინათ (იოან. 19:12). პილატეს თავისი მდგომარეობის ან შესაძლოა, სიცოცხლის დაკარგვისაც კი ეშინოდა, თუ იესოს გამოესარჩლებოდა. ასეთი სახით, მან ეშმაკს ნება დართო, რომ მის ჭკუაზე ეტარებინა.
10. რატომ უარყო პეტრემ ქრისტე?
10 მოციქულმა პეტრემ, იესოს ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა, ის საჯაროდ აღიარა მესიად (მათ. 16:16). პეტრე იესოს ერთგული დარჩა მაშინ, როცა სხვა მოწაფეებმა ვერ გაიგეს იესოს ნათქვამი და მიატოვეს ის (იოან. 6:66—69). როდესაც იესოს შესაპყრობად მოვიდნენ, პეტრემ თავისი უფლის დასაცავად მახვილი იშიშვლა (იოან. 18:10, 11). თუმცა მოგვიანებით ის შიშმა შეიპყრო და ისიც კი იუარა, რომ იცნობდა იესო ქრისტეს. მოციქული წუთიერად გაება კაცთმოშიშების მახეში და გამბედაობა დაკარგა (მათ. 26:74, 75).
11. რა უარყოფით ზეგავლენას უნდა ვერიდოთ?
11 როგორც ქრისტიანებმა წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ზეგავლენას, რაც ღვთისთვის მიუღებელ საქციელს ჩაგვადენინებდა. დამსაქმებლები თუ სხვები შეიძლება უპატიოსნო საქციელისკენ ან უზნეობის ჩადენისკენ გვიბიძგებენ. მოსწავლეებზე თანატოლები ზეგავლენას ახდენენ, რომ ითაღლითონ გამოცდების დროს, უყურონ პორნოგრაფიას, მოწიონ, მიიღონ ნარკოტიკები, მიეძალონ ალკოჰოლს ან ჩაიდინონ უზნეობა. რა დაგვეხმარება, თავი ავარიდოთ შიშისა და ზეწოლის მახეს და არ ჩავიდინოთ ისეთი რამ, რაც იეჰოვას არ მოეწონებოდა?
12. რას ვსწავლობთ პილატესა და პეტრეს შემთხვევებიდან?
12 ვნახოთ, რა შეგვიძლია ვისწავლოთ პილატესა და პეტრეს შემთხვევებიდან. ქრისტეს შესახებ პილატემ ბევრი არაფერი იცოდა, მაგრამ ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ იესო უდანაშაულო და განსაკუთრებული ადამიანი იყო. სამწუხაროდ, მას აკლდა თავმდაბლობა და ჭეშმარიტი ღვთისადმი სიყვარული. ეშმაკმა ადვილად გააბა ის თავის მახეში. პეტრეს ზუსტი შემეცნებაც ჰქონდა და ღვთისადმი სიყვარულიც. მაგრამ დროდადრო ისიც ვერ ავლენდა თავმდაბლობას და შიშისა და სხვების ზეგავლენის ხაფანგში ექცეოდა. იესოს დაპატიმრებამდე პეტრემ დაიტრაბახა: „ყველა რომ დაბრკოლდეს, მე მაინც არ დავბრკოლდები“ (მარ. 14:29). მოციქული უკეთ იქნებოდა მომზადებული მომავალ განსაცდელებთან შესახვედრად, თუ ისევე იქნებოდა ღმერთზე მინდობილი, როგორც ფსალმუნმომღერალი, რომელმაც თქვა: „იეჰოვაა ჩემ გვერდით, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი?“ (ფსალმ. 118:6). თავისი მიწიერი ცხოვრების ბოლო ღამეს იესომ წაიყვანა პეტრე და სხვა ორი მოციქული გეთსემანეს ბაღში. მაგრამ სიფხიზლის შენარჩუნების ნაცვლად, პეტრესა და მის ორ მეგობარს ჩაეძინათ. იესომ გააღვიძა ისინი და უთხრა: „იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ცდუნდეთ“ (მარ. 14:38). მაგრამ პეტრეს კვლავ ჩაეძინა. მოგვიანებით კი შიშისა და ზეგავლენის მახეში გაება.
13. როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა, როდესაც არასწორად მოქცევისკენ გვიბიძგებენ?
13 პილატესა და პეტრეს მაგალითიდან კიდევ ერთ მნიშვნელოვან გაკვეთილს ვსწავლობთ. ზეწოლას წინააღმდეგობა რომ გავუწიოთ, აუცილებელია ზუსტი შემეცნება, თავმდაბლობა და ღვთისადმი სიყვარული. ასევე მნიშვნელოვანია იეჰოვასადმი შიში და არა — ადამიანებისადმი. თუ ჩვენი რწმენა ზუსტ შემეცნებაზეა დაფუძნებული, გაბედულად ვილაპარაკებთ ჩვენი მრწამსის შესახებ. ეს დაგვეხმარება, არ ვიყოთ კაცთმოშიშები და სხვების ჭკუაზე არ ვიაროთ. ჩვენ არასდროს არ უნდა ვიყოთ ზედმეტად დარწმუნებული საკუთარ ძალებში. ნაცვლად ამისა, თავმდაბლურად უნდა ვაღიაროთ, რომ ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ღვთის დახმარება გვჭირდება. ჩვენ იეჰოვას ლოცვაში წმინდა სული უნდა ვთხოვოთ. მისადმი სიყვარულმა უნდა აღგვძრას, დავიცვათ მისი ნორმები და არაფერი გავაკეთოთ ისეთი, რაც შეურაცხყოფდა მის სახელს. უფრო მეტიც, განსაცდელებთან შესახვედრად წინასწარ უნდა მოვემზადოთ. მაგალითად, წინასწარ მომზადება და ლოცვა დაეხმარება ჩვენს შვილებს, უშიშრად შეხვდნენ თანატოლების ზეწოლას, რომლებიც მათ ცუდი საქციელისკენ უბიძგებენ (2 კორ. 13:7).a
ერიდეთ მახეს, რომელიც ანადგურებს ანუ დანაშაულის აუტანელ გრძნობას
14. რაში უნდა ეშმაკს, დაგვარწმუნოს წარსულში ჩადენილ შეცდომებთან დაკავშირებით?
14 ერთ-ერთი მახე ასეთია: მძიმე მორი ან ქვა დაკიდებულია ბილიკზე, სადაც მსხვერპლი გაივლის ხოლმე. როცა ცხოველი სასხლეტზე გამობმულ მავთულს წამოედება, მორი ან ქვა ზედ ეცემა და შეიძლება მოკლას კიდეც. დანაშაულის აუტანელი გრძნობა შეიძლება სწორედ ასეთ მძიმე, გამანადგურებელ ტვირთს შევადაროთ. წარსულში დაშვებულ შეცდომაზე ფიქრმა შეიძლება „მთლიანად გაგვანადგუროს“ (წაიკითხეთ ფსალმუნის 38:3—5, 8). სატანას უნდა, გაფიქრებინოთ, რომ იეჰოვა არ გაპატიებთ და რომ მისი მოთხოვნების დაცვა თქვენს ძალებს აღემატება.
15, 16. როგორ ავერიდოთ მახეს, რომელიც ანადგურებს, ანუ დანაშაულის აუტანელ გრძნობას?
15 როგორ უნდა აერიდოთ მახეს, რომელიც ანადგურებს? თუ მძიმე ცოდვა ჩაიდინეთ, დაუყოვნებლივ იმოქმედეთ, რომ აღადგინოთ იეჰოვასთან ურთიერთობა. სთხოვეთ უხუცესებს დახმარება (იაკ. 5:14—16). გააკეთეთ ყველაფერი, რაც სიტუაციის გამოსასწორებლად შეგიძლიათ (2 კორ. 7:11). თუ შეგონება მიიღეთ, გული არ გაიტეხოთ. შეგონება ხომ იეჰოვას სიყვარულის მაჩვენებელია (ებრ. 12:6). მტკიცედ გადაწყვიტეთ, რომ თავს აარიდებთ იმას, რამაც ცოდვამდე მიგიყვანათ და, მოიქეცით შესაბამისად. თუ მოინანიეთ და შეწყვიტეთ ცუდის კეთება, დარწმუნებული იყავით, რომ იესო ქრისტეს მსხვერპლს ნამდვილად შეუძლია დაფაროს თქვენი ცოდვები (1 იოან. 4:9, 14).
16 ზოგიერთი თავიდან ვერ იშორებს დანაშაულის გრძნობას იმ ცოდვის გამო, რომელიც უკვე ეპატია. თუ თქვენს შემთხვევაშიც ასეა, გახსოვდეთ, რომ იეჰოვამ აპატია პეტრეს და სხვა მოციქულებს, როცა მათ მიატოვეს მისი საყვარელი ძე იესო მაშინ, როდესაც განსაკუთრებით სჭირდებოდა მხარდაჭერა. ღმერთმა ასევე აპატია კორინთის კრებაში აღმაშფოთებელი უზნეობის ჩადენისთვის გარიცხულ მამაკაცს, რომელმაც მოგვიანებით მოინანია (1 კორ. 5:1—5; 2 კორ. 2:6—8). ღვთის სიტყვა მოგვითხრობს ადამიანებზე, რომლებმაც სერიოზული ცოდვები ჩაიდინეს და მონანიების შემდეგ ღვთისგან პატიება მიიღეს (2 მატ. 33:2, 10—13; 1 კორ. 6:9—11).
17. რა მნიშვნელობა აქვს ქრისტეს მსხვერპლს ჩვენთვის?
17 იეჰოვა გაპატიებთ და აღარ გაგიხსენებთ წარსულში ჩადენილ შეცდომებს, თუ გულწრფელად ინანიებთ და იღებთ მის გულმოწყალებას. არასოდეს იფიქროთ, რომ იესოს მსხვერპლი ვერ შეძლებს თქვენი ცოდვების დაფარვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სატანის ერთ-ერთ მახეში აღმოჩნდებით. იმისდა მიუხედავად, თუ რაში სურს ეშმაკს, დაგარწმუნოთ, იესოს მსხვერპლს შეუძლია დაფაროს ყველას ცოდვა, ვინც ინანიებს (იგავ. 24:16). ქრისტეს მსხვერპლისადმი რწმენა მოგიხსნით დანაშაულის აუტანელ გრძნობას და გაგაძლიერებთ, რომ ემსახუროთ ღმერთს მთელი გულით, სულითა და გონებით (მათ. 22:37).
ჩვენთვის უცნობი არ არის სატანის ზრახვები
18. როგორ ავარიდოთ თავი ეშმაკის მახეებს?
18 სატანისთვის სულერთია, რომელი მახით დაგვიჭერს, მთავარია, დაგვიჭიროს. ეშმაკი ვერ გვაჯობებს, ვინაიდან ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები (2 კორ. 2:10, 11). თუ განსაცდელების დროს ღმერთს ვთხოვთ სიბრძნეს, სატანა ვერ შეძლებს, გაგვაბას მახეში. იაკობი წერდა: „თუ რომელიმე თქვენგანს სიბრძნე აკლია, გამუდმებით სთხოვოს ღმერთს, რომელიც ყველას უხვად და დაუყვედრებლად აძლევს, და მიეცემა“ (იაკ. 1:5). მნიშვნელოვანია, ვიმოქმედოთ ჩვენი ლოცვების თანახმად. ეს ნიშნავს, გვქონდეს რეგულარული პირადი შესწავლა და ცხოვრებაში ვიყენებდეთ ღვთის სიტყვას. ერთგული და გონიერი მონის მიერ მოწოდებული ბიბლიის შესწავლაში დამხმარე საშუალებები ააშკარავებს სატანის მახეებს და გვეხმარება, თავი ავარიდოთ მათ.
19, 20. რატომ უნდა გვძულდეს ის, რაც ცუდია?
19 ლოცვა და ბიბლიის შესწავლა გვეხმარება, შევიყვაროთ ის, რაც კარგია. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, შევიძულოთ ის, რაც ცუდია (ფსალმ. 97:10). იმაზე ფიქრი, თუ რა მოჰყვება შედეგად ეგოისტურ სურვილებს, დაგვეხმარება, თავი ავარიდოთ მათ (იაკ. 1:14, 15). თუ შევიძულებთ იმას, რაც ცუდია და შევიყვარებთ იმას, რაც კარგია, სატანის სატყუარას არ წამოვეგებით; ის არც კი მიგვიზიდავს.
20 ჩვენ მადლიერნი ვართ, რომ ღმერთი გვეხმარება, სატანამ არ გვაჯობოს. იეჰოვა გვიცავს ბოროტისგან თავისი სულის, სიტყვისა და ორგანიზაციის მეშვეობით (მათ. 6:13). მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ, თუ როგორ ავარიდოთ თავი სატანის კიდევ ორ მახეს, რომლებსაც ის წარმატებით იყენებს ღვთის მსახურების ცოცხლად დასაჭერად.
-
-
მტკიცედ იდექით და თავი აარიდეთ სატანის მახეებს!საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 აგვისტო
-
-
მტკიცედ იდექით და თავი აარიდეთ სატანის მახეებს!
მტკიცედ დაუდექით ეშმაკის ხრიკებს (ეფეს. 6:11).
როგორ უპასუხებთ?
როგორ შეუძლიათ იეჰოვას მსახურებს თავი აარიდონ მატერიალიზმის მახეს?
რა დაეხმარება დაქორწინებულ ქრისტიანს, არ ჩავარდეს უზნეობის „ორმოში“?
რა გარწმუნებთ, რომ თუ არ გაებმებით მატერიალიზმისა და სექსუალური უზნეობის მახეში, უამრავ კურთხევას მიიღებთ?
1, 2. ა) რატომ სძულს სატანას ცხებულები და „სხვა ცხვარი“? ბ) სატანის რა მახეებზე ვისაუბრებთ ამ სტატიაში?
სატანა ეშმაკს სძულს ადამიანები, განსაკუთრებით იეჰოვას მსახურები. ფაქტობრივად, ის ებრძვის ცხებულთა დარჩენილ ნაწილს (გამოცხ. 12:17). ეს გაბედული ქრისტიანები შეუპოვრად ქადაგებენ სამეფოს შესახებ ცნობას და ყველას აგებინებენ, რომ ამ ქვეყნიერების მმართველი სატანაა. ეშმაკს სძულს „სხვა ცხვრებიც“, რომლებიც მხარს უჭერენ ცხებულებს და სატანისგან განსხვავებით აქვთ მარადიულად ცხოვრების იმედი (იოან. 10:16). ამიტომ გასაკვირი არაა, რატომ არის სატანა განრისხებული. დედამიწაზე ცხოვრების იმედი გვაქვს, თუ — ზეცაში, სატანა არ არის დაინტერესებული ჩვენი კეთილდღეობით. მისი მიზანი ჩვენი ხელში ჩაგდებაა (1 პეტ. 5:8).
2 ამ მიზნის მისაღწევად სატანა სხვადასხვა მახეს გვიგებს. ვინაიდან მან ურწმუნოებს „დაუბრმავა გონება“, ისინი ვერც სასიხარულო ცნობას იღებენ და ვერც მის მახეებს ამჩნევენ. მაგრამ ეშმაკი მახეებს იმათაც უგებს, ვინც მიიღო სამეფოს შესახებ ცნობა (2 კორ. 4:3, 4). წინა სტატიაში განვიხილეთ, როგორ ავერიდოთ სატანის სამ მახეს, კერძოდ: 1) გაუკონტროლებელ საუბარს, 2) შიშსა და ზეწოლას და 3) დანაშაულის აუტანელ გრძნობას. ახლა კი ვნახოთ, როგორ ვიდგეთ მტკიცედ და როგორ ავარიდოთ თავი სატანის კიდევ ორ მახეს — მატერიალიზმსა და მრუშობის ჩადენის ცდუნებას.
მატერიალიზმი — მახე, რომელიც აშთობს
3, 4. როგორ შეუძლია ქვეყნიერების საზრუნავს გაგვაბას მატერიალიზმის მახეში?
3 ერთ თვალსაჩინო მაგალითში იესომ მოიხსენია ეკლებში დათესილი თესლი. მან თქვა, რომ ასეთი ადამიანი ისმენს სიტყვას, „მაგრამ ნაყოფი ვერ გამოაქვს, რადგან ქვეყნიერების საზრუნავი და სიმდიდრის მაცდუნებელი ძალა აშთობს სიტყვას“ (მათ. 13:22). მართლაც, მატერიალიზმი სატანის ერთ-ერთი მახეა.
4 სიტყვას ორივე ფაქტორი ერთად აშთობს. ერთი ფაქტორი „ქვეყნიერების საზრუნავია“. ამ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ საზრუნავის მიზეზი ბევრი რამ ხდება (2 ტიმ. 3:1). მაღალი ფასებისა და უმუშევრობის ზრდის გამო, ალბათ, გიჭირთ თავის გატანა. შესაძლოა, მომავალზეც წუხართ და ფიქრობთ: „შევძლებ კი პენსიაში გასვლის შემდეგ თავის გატანას?“. ამ ყოველივეს გამო ზოგმა მიზნად დაისახა გამდიდრება, ვინაიდან ფიქრობენ, რომ ფული უსაფრთხოების გარანტიაა.
5. რა მხრივ არის სიმდიდრის ძალა მაცდუნებელი?
5 იესოს მიერ მოხსენიებული მეორე ფაქტორი „სიმდიდრის მაცდუნებელი ძალაა“. ქვეყნიერების საზრუნავთან ერთად ის აშთობს სიტყვას. ბიბლიის თანახმად, ფული იცავს ადამიანს (ეკლ. 7:12). მაგრამ სიმდიდრისკენ სწრაფვა გონივრული ნამდვილად არ არის. ბევრი დარწმუნდა, რომ რაც უფრო ისწრაფოდნენ გამდიდრებისკენ, მით უფრო ებმებოდნენ მატერიალიზმის მახეში. ზოგი სიმდიდრის მონაც კი გახდა (მათ. 6:24).
6, 7. ა) როგორ შეიძლება სამსახური გექცეთ მატერიალიზმის მახედ? ბ) რაზე უნდა დაფიქრდეს ქრისტიანი, როცა სთავაზობენ, რომ სამუშაოს მეტი დრო დაუთმოს?
6 გამდიდრების სურვილმა შეიძლება თავისდა უნებურად იჩინოს თავი. მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ სამსახურში უფროსი გეუბნებათ: „კარგი ამბავი მაქვს! ჩვენმა კომპანიამ სერიოზული კონტრაქტი გააფორმა. ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში საღამოობით და შაბათ-კვირასაც მოგიწევს მუშაობა. მაგრამ გპირდები, იმდენს გადაგიხდი, რომ ღირს მუშაობა“. რას გააკეთებდით, თქვენთვის რომ შემოეთავაზებინათ ასეთი რამ? რა თქმა უნდა, ოჯახზე მატერიალურად ზრუნვა დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ არა — ერთადერთი (1 ტიმ. 5:8). არის სხვა საკითხებიც, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ. მაგალითად: რამდენ დროს წაიღებს დამატებითი სამუშაო? შეგიშლით ეს ხელს სულიერი საქმეების კეთებაში, იქნება ეს კრების შეხვედრებზე დასწრება თუ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს ჩატარება?
7 გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა დაფიქრდეთ, რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი — საბანკო ანგარიში თუ თქვენი სულიერობა? ფულის შოვნის სურვილი ხომ არ შეგიშლიდათ ხელს, რომ სამეფოს ინტერესები პირველ ადგილზე დაგეყენებინათ? გესმით, როგორ შეიძლება მატერიალიზმმა იმოქმედოს თქვენზე, თუ ყურადღებას არ მიაქცევთ როგორც საკუთარ, ისე ოჯახის წევრების სულიერობას? როგორ შეგიძლიათ მტკიცედ დადგეთ და თავი აარიდოთ ამ მახეს, თუ ატყობთ, რომ მატერიალიზმის გამო თქვენს სულიერობას საფრთხე ემუქრება? (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 6:9, 10).
8. რომელი ბიბლიური მაგალითები დაგვეხმარება, გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას?
8 მატერიალიზმმა რომ არ ჩაგითრიოთ, დროდადრო უნდა გადახედოთ თქვენს ცხოვრებას. არასდროს დაემსგავსოთ ესავს, რომელმაც არ დააფასა თავისი სულიერი მემკვიდრეობა (დაბ. 25:34; ებრ. 12:16). მით უმეტეს არ უნდა დაემსგავსოთ იმ მდიდარ მამაკაცს, რომელსაც იესომ მოუწოდა, გაეყიდა მთელი თავისი ქონება, დაერიგებინა ღარიბებისთვის და მას გაჰყოლოდა. ასე მოქცევის ნაცვლად, ეს მამაკაცი „დანაღვლიანებული წავიდა, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდა“ (მათ. 19:21, 22). სიმდიდრის მახეში გაბმულმა ამ მამაკაცმა დაკარგა უდიდესი პატივი — ყოფილიყო დედამიწაზე მცხოვრები ყველაზე დიდებული ადამიანის მიმდევარი. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ დავკარგოთ იესო ქრისტეს მოწაფედ ყოფნის პატივი.
9, 10. როგორი შეხედულება უნდა გვქონდეს მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებით?
9 ზედმეტად რომ არ ვიზრუნოთ მატერიალურ საკითხებზე, უნდა მივყვეთ იესოს რჩევას: «ნურასოდეს დაიწყებთ წუხილს და ნუ იტყვით: „რა ვჭამოთ?“ ან: „რა ვსვათ?“ ან: „რა ჩავიცვათ?“ რადგან ყოველივე ამას უცხოტომელები ეძებენ მთელი მონდომებით და თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ყოველივე ეს» (მათ. 6:31, 32; ლუკ. 21:34, 35).
10 თუ არ გსურთ, გახდეთ სიმდიდრის მაცდუნებელი ძალის მსხვერპლი, უნდა ეცადოთ ისეთივე თვალსაზრისი განივითაროთ, როგორიც ბიბლიის დამწერ აგურს ჰქონდა. ის წერდა: „ნურც სიღატაკეში მამყოფებ და ნურც სიმდიდრეს მომცემ. მომეცი ჩემი სამყოფი“ (იგავ. 30:8). აგურს ესმოდა, რომ ფულს დაცვაც შეეძლო და, ამავდროულად, მაცდუნებელი ძალაც ჰქონოდა. თქვენც უნდა გესმოდეთ, რომ ქვეყნიერების საზრუნავსა და სიმდიდრის მაცდუნებელ ძალას თქვენი სულიერად განადგურება შეუძლია. მატერიალურ საკითხებზე ზედმეტი წუხილი წაგართმევთ დროს და გამოგაცლით ძალებს; ამან შეიძლება შეგისუსტოთ ან საერთოდ დაგიკარგოთ სამეფოს ინტერესების მხარდაჭერის სურვილი. ამიტომ მტკიცედ გადაწყვიტეთ, არ გაებათ სატანის მიერ დაგებულ მატერიალიზმის მახეში (წაიკითხეთ ებრაელების 13:5 ).
უზნეობა — კარგად შენიღბული ორმო
11, 12. როგორ შეიძლება ქრისტიანი გაებას უზნეობის მახეში სამსახურში?
11 როდესაც მონადირეებს დიდი ცხოველის დაჭერა უნდათ, თხრიან ორმოს იმ გზაზე, რომელზეც ეს ცხოველი დადის, და ორმოს ზემოდან ფარავენ წვრილი ჯოხებითა და მიწით. სატანის ყველაზე წარმატებული მახე, სწორედ ასეთ მახეს ჰგავს. ეს არის უზნეობა (იგავ. 22:14; 23:27). უზნეობის „ორმოში“ არაერთი ქრისტიანი ჩავარდნილა, ვინაიდან დაუშვეს, ისეთ სიტუაციებში აღმოჩენილიყვნენ, სადაც რთული იყო სიწმინდის შენარჩუნება. ზოგმა დაოჯახებულმა ქრისტიანმაც იმრუშა, ვინაიდან სხვების მიმართ განივითარა რომანტიკული ურთიერთობა.
12 ასეთი რომანტიკული ურთიერთობა შეიძლება განვითარდეს სამსახურში. ერთმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ქალების ნახევარზე მეტმა და დაახლოებით ოთხიდან სამმა მამაკაცმა, რომლებმაც მეუღლეებს უღალატეს, მრუშობა თავიანთ თანამშრომლებთან ჩაიდინეს. გიწევთ სამსახურში საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა? თუ დიახ, რა სახის ურთიერთობაა ეს? შემოიფარგლებით მხოლოდ საქმიანი ურთიერთობებით, თუ უფრო მეტის უფლებას აძლევთ საკუთარ თავს? მაგალითად, ქრისტიანმა დამ, რომელსაც ხშირად უწევს ურთიერთობა თანამშრომელ მამაკაცთან, შეიძლება გული გადაუშალოს და ოჯახური პრობლემების შესახებ მოუყვეს მას. ან ქრისტიანმა ძმამ, რომელსაც მეგობრული ურთიერთობა აქვს თანამშრომელ ქალთან, შეიძლება იფიქროს: „ის ანგარიშს უწევს ჩემს აზრს და ყურადღებით მისმენს ხოლმე, როცა ველაპარაკები. მაფასებს კიდეც. ნეტავ ჩემი ცოლიც ასე მექცეოდეს!“. ხედავთ, როგორ შეიძლება ქრისტიანი მსგავს სიტუაციებში ადვილად გაებას უზნეობის მახეში?
13. როგორ შეიძლება დაოჯახებულ ქრისტიანს გაუჩნდეს სხვის მიმართ რომანტიკული გრძნობა კრებაში?
13 დაოჯახებულ ქრისტიანს შეიძლება სხვის მიმართ რომანტიკული გრძნობა გაუჩნდეს კრებაში. განვიხილოთ ერთი ნამდვილი შემთხვევა. დანიელი და მისი მეუღლე სარაa პიონერები იყვნენ. დანიელი უხუცესად მსახურობდა. ის ნებისმიერ დავალებას მზადყოფნით ეკიდებოდა და უარს არაფერზე ამბობდა. დანიელი ხუთ ახალგაზრდა მამაკაცს ასწავლიდა ბიბლიას, რომელთაგან სამი მოინათლა. ეს ახლად მონათლული ძმები დიდ ყურადღებას საჭიროებდნენ. როცა დანიელი სხვადასხვა თეოკრატიული საქმიანობით იყო დაკავებული, სარა ხშირად ეხმარებოდა ამ ძმებს. შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა: დანიელის ყოფილ შემსწავლელებს ემოციური მხარდაჭერა სჭირდებოდათ და ამ მხარდაჭერას სარასგან იღებდნენ. თავის მხრივ, სარასაც სჭირდებოდა ყურადღება, რომელსაც მათგან იღებდა. ასე დაიგო მახე. დანიელი ამბობს: „თვეების განმავლობაში სარა სულიერად და ემოციურად გამოიფიტა. ამას ისიც დაემატა, რომ სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევდი, რასაც სავალალო შედეგები მოყვა. ჩემმა ცოლმა ერთ-ერთ ჩემს ყოფილ ბიბლიის შემსწავლელთან იმრუშა. ის სულიერად ჩემს თვალსა და ხელს შუა მოსუსტდა და მე იმდენად ვიყავი დაკავებული ჩემი პასუხისმგებლობებით, რომ ვერც კი შევნიშნე ეს“. როგორ ავირიდოთ თავიდან მსგავსი ტრაგედია?
14, 15. რა დაეხმარება ქრისტიან წყვილებს, თავი აარიდონ უზნეობის მახეს?
14 უზნეობის „ორმოში“ რომ არ აღმოვჩნდეთ, უნდა ვიფიქროთ, რას ნიშნავს მეუღლისადმი ერთგულება. იესომ თქვა: „ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათ. 19:6). არასდროს იფიქროთ, რომ თეოკრატიული პასუხისმგებლობები მეუღლეზე მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც, გახსოვდეთ, რომ თუ ხშირად მეუღლის გარეშე დროს ნაკლებად მნიშვნელოვან საქმეებს უთმობთ, ეს თქვენი ოჯახის სისუსტეზე მეტყველებს და ამან ცდუნებამდე და შეიძლება სერიოზულ ცოდვამდეც კი მიგიყვანოთ.
15 თუ თქვენ უხუცესი ხართ, კრების წევრებზე უნდა იზრუნოთ. მოციქული პავლე წერდა: „მწყემსეთ თქვენთვის მობარებული ღვთის სამწყსო, ოღონდ არა იძულებით, არამედ ხალისით, არა უპატიოსნო შემოსავლის სიყვარულით, არამედ გულმოდგინებით“ (1 პეტ. 5:2). კრების წევრები ყურადღების გარეშე არ უნდა დატოვოთ. მაგრამ მწყემსის მოვალეობა არ უნდა შეასრულოთ ქმრის მოვალეობის ხარჯზე. ეს არ იქნებოდა გონივრული. თუ მთელ ყურადღებას კრების წევრების გამოკვებას დაუთმობდით, მაშინ როცა მეუღლე „მშიერი“ გყავთ სახლში, ეს სახიფათოც კი იქნებოდა. დანიელი ამბობს: „არ უნდა ისწრაფო იმდენი პასუხისმგებლობებისკენ, რომ საბოლოო ჯამში შენი ოჯახი დაზარალდეს“.
16, 17. ა) რა უნდა გააკეთონ დაქორწინებულმა ქრისტიანებმა, რათა დაანახვონ სამსახურში სხვებს, რომ მეუღლის გარდა სხვა არავინ აინტერესებთ? ბ) პუბლიკაციებში დაბეჭდილი რომელი სტატიები დაეხმარება ქრისტიანებს თავი აარიდონ უზნეობას?
16 ჟურნალ „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთში!“ დაოჯახებულ ქრისტიანებს შეუძლიათ ნახონ არაერთი კარგი რჩევა, რომლებიც დაეხმარება მათ, არ გაებან უზნეობის მახეში. მაგალითად, 2006 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“ ასეთი რჩევა იყო მოცემული: „სამსახურში მოერიდეთ ისეთ სიტუაციებს, რომლებიც საპირისპირო სქესის ადამიანთან ძალიან დაგაახლოებდათ. მაგალითად, სამუშაო ადგილზე საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან დამატებითი საათების გატარებამ და ახლო თანამშრომლობამ შეიძლება ცდუნების წინაშე დაგაყენოთ. როგორც დაქორწინებულმა ადამიანმა სიტყვითა თუ საქციელით სხვებს აშკარად უნდა დაანახვოთ, რომ თქვენთვის მეუღლის გარდა სხვა პიროვნება არ არსებობს. ცხადია, თქვენ, ღვთის ერთგული მსახური, ნამდვილად არ ისურვებდით კეკლუცობით, გამომწვევი ჩაცმულობითა და ზედმეტი მაკიაჟით უმართებულო ყურადღების მიპყრობას . . . თუ სამუშაო ადგილას მეუღლისა და ბავშვების სურათები გექნებათ, ეს ერთგვარი შეხსენება იქნება თქვენთვის და სხვებისთვის, რომ ოჯახი თქვენთვის უმნიშვნელოვანესია. არაფრით შეუწყოთ ხელი და არ დაუშვათ, რომ ვინმემ რომანტიკული გრძნობების მახეში გაგაბათ“.
17 ჟურნალ „გამოიღვიძეთის!“ 2009 წლის აპრილის გამოცემაში დაიბეჭდა სტატია სათაურით: „რას ნიშნავს სინამდვილეში მეუღლის ერთგულება?“. ეს სტატია დაქორწინებულებს აფრთხილებდა, რომ არ ჰქონოდათ სხვების მიმართ სექსუალური ფანტაზიები. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ სექსუალური ფანტაზიები ზრდის მრუშობის ჩადენის ალბათობას (იაკ. 1:14, 15). თუ დაქორწინებული ხართ, კარგია მეუღლესთან ერთად დროდადრო გადახედოთ ასეთ ინფორმაციას. ქორწინება იეჰოვამ დააფუძნა და ეს კავშირი წმინდაა. თუ დროს გამონახავთ და მეუღლესთან ილაპარაკებთ თქვენი ოჯახის შესახებ, ამით საუკეთესოდ ცხადყოფთ, რომ აფასებთ იმას, რაც წმინდაა (დაბ. 2:21—24).
18, 19. ა) რა შედეგები მოყვება მრუშობას? ბ) რა კურთხევები მოყვება ცოლქმრულ ერთგულებას?
18 თუ ცდუნების წინაშე დგახართ, რომ მეუღლის გარდა ვინმეს მიმართ რომანტიკული გრძნობები განივითაროთ, დაფიქრდით სიძვისა და მრუშობის დამღუპველ შედეგებზე (იგავ. 7:22, 23; გალ. 6:7). ისინი, ვინც უზნეობას სჩადიან, იეჰოვას გულისწყრომას იწვევენ და ტკივილს აყენებენ როგორც მეუღლეს, ისე საკუთარ თავს (წაიკითხეთ მალაქიას 2:13, 14 ). იფიქრეთ კურთხევებზეც, რომლებიც სიწმინდის შენარჩუნებას მოაქვს. მათ, ვინც ზნეობრივად სუფთად ცხოვრობს, მარადიულად ცხოვრების იმედი აქვთ; ისინი დღესაც ბედნიერები არიან და სუფთა სინდისს ინარჩუნებენ (წაიკითხეთ იგავების 3:1, 2).
19 ფსალმუნმომღერალი ღმერთს უმღეროდა „დიდი მშვიდობა აქვთ შენი კანონის მოყვარულებს, არ არსებობს მათთვის დაბრკოლება“ (ფსალმ. 119:165). ასე რომ, გიყვარდეთ ჭეშმარიტება და „კარგად დაუკვირდით, რომ ისე კი არ იაროთ, როგორც უგუნურებმა, არამედ როგორც ბრძენებმა“, რადგან „დღეები ბოროტია“ (ეფეს. 5:15, 16). გზა, რომელსაც ვადგავართ, სავსეა სატანის მიერ დაგებული მახეებით, რათა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები დაიჭიროს. მაგრამ საკუთარი თავის დასაცავად კარგად ვართ აღჭურვილი. იეჰოვა გვაძლევს ყველაფერს, რაც „მტკიცედ დგომისთვის“ და „ბოროტის ცეცხლმოკიდებული ისრების“ ჩასაქრობად არის საჭირო (ეფეს. 6:11, 16).
-