თაღლითობით მოპოვებული მაღალი ქულები
თუ სკოლის მოსწავლე ან სტუდენტი ხარ, ალბათ იცნობ ისეთებს, რომლებიც მაღალი ქულების მისაღებად შპარგალკებს იყენებენ. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს პრობლემა თითქმის ყველა სკოლასა თუ სასწავლებელშია. 2008 წელს ჯოუზეფსონის სახელობის ეთიკის ინსტიტუტმა გამოკითხა შეერთებული შტატების საშუალო სკოლების 30 000 მოსწავლე. აღმოჩნდა, რომ იმ წელს გამოცდაზე 64 % შპარგალკებს იყენებდა. სხვების ვარაუდით, რეალურად ეს ციფრი უფრო მაღალია — 75%.
თაღლითობა ევროპაშიც სერიოზულ პრობლემად იქცა. განსაკუთრებით მომრავლდნენ პლაგიატორები (პლაგიატორი არის პირი, რომელიც ითვისებს სხვის ნაწარმოებს ან ნაშრომს). „მზარდ შემაშფოთებელ პრობლემად იქცა ის ფაქტი, რომ ვებ-გვერდები თავისუფლად ყიდიან სტუდენტების ესეებს, ნარკვევებს, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებს“, — აღნიშნული იყო Digithum-ის ელექტრონულ გამოცემაში.
რატომ იქცა თაღლითობა საყოველთაო პრობლემად? მოაქვს მას რაიმე ხეირი? არის პატიოსნების შენარჩუნება, თუნდაც დაბალი ქულების ფასად, საუკეთესო გზა?
ყველგან და ყველაფერში
ეთიკური ნორმების რღვევა. „ბევრი პედაგოგის აზრით, თაღლითობის მასშტაბების ზრდა ეგოცენტრულ საზოგადოებაში ეთიკური ნორმების რღვევით არის განპირობებული“, — აღნიშნულია ერთ ჟურნალში (American School Board Journal). ერთმა სტუდენტმა, რომელიც გაძლიერებულ კლასში სწავლობდა, აღიარა: „ყველანი ვიყენებდით შპარგალკებს; მაღალი ქულების გარეშე პრესტიჟულ სასწავლებლებში ვერ გავაგრძელებდით სწავლას. სხვათაშორის, კარგი და პატიოსანი მოსწავლეები ვიყავით; არც ეთიკურ ნორმებს ვარღვევდით . . . უბრალოდ გვინდოდა, კარგ უნივერსიტეტებში მოვხვედრილიყავით“. ახალგაზრდების ასეთ აზროვნებას ზოგი მშობელიც კი ემხრობა. მათ იმდენად სურთ თავიანთი შვილების წარმატება, რომ თვალს ხუჭავენ ასეთ საქციელზე. რეალურად, ამით მშობელი შვილში ეთიკური ნორმების დაკნინებას უწყობს ხელს.
წარმატების ძლიერი წადილი. „ეთიკის საერთაშორისო აკადემიური ცენტრის“ დამფუძნებლის დონალდ მაკაბის თქმით, მოსწავლეები, რომლებიც გამოცდებზე თაღლითობენ, ფიქრობენ, რომ პატიოსნება არაფერში არგიათ, რადგან სხვები მაინც გადაიწერენ, თანაც ისე, რომ მათ ვერავინ დაიჭერს და უკეთეს ქულებსაც მიიღებენ.
ტექნოლოგიების როლი. თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, უფრო იოლად და მოხერხებულად ითაღლითონ. მათ შეუძლიათ სემესტრული ნაშრომები და საშინაო დავალებების პასუხები გადმოტვირთონ ინტერნეტიდან და სხვებსაც გაუგზავნონ. საქმე იმაშია, რომ ხშირად არ ხდება ასეთი თაღლითური ქმედებების გამოაშკარავება, რაც ბევრს ათამამებს.
ცუდი მაგალითების გავლენა. თაღლითობას დღეს ყველგან და ყველაფერში შეხვდებით — დიდ ბიზნესში, პოლიტიკაში, სპორტში და, თქვენ წარმოიდგინეთ, ოჯახშიც კი, სადაც ზოგჯერ მშობლები არაკეთილსინდისიერად იხდიან გადასახადებს ან აზვიადებენ სადაზღვეო ხარჯებს. წიგნ „თაღლითობის კულტურის“ ავტორი დევიდ კალაჰანი წერს: „თანამდებობის პირებისა და ავტორიტეტული პიროვნებების მიერ ჩადენილი თაღლითობა ერთგვარი მესიჯია ახალგაზრდებისთვის იმის საუწყებლად, რომ თაღლითობა ყველანაირად გამართლებულია“. მაგრამ ასეა ეს? ამართლებს თაღლითობას მაღალი ქულების მიღების ძლიერი სურვილი?
რატომ არ ღირს
რატომ იღებ განათლებას? რა თქმა უნდა იმიტომ, რომ მოემზადო ცხოვრებაში მრავალი პასუხისმგებლობისთვის და შეძლო პრობლემების გადაჭრა სამსახურში თუ სხვაგან. როგორც წესი, მოსწავლეებს, რომლებიც მიჩვეულნი არიან თაღლითობას, უჭირთ მომავალში წამოჭრილი პრობლემების მოგვარება. ზოგადად, თაღლითი ადამიანი ნიღბავს თავის სუსტ მხარეებს და საკუთარ მომავალ წარმატებებს თავადვე უშლის ხელს.
უფრო უარესი: «ადამიანი, რომელიც ადრეული ასაკიდანვე სწავლობს პრობლემიდან იოლად დაძრომას, მაგალითად, სულ მუდამ თაღლითობით იღებს ნიშნებს, გაიზრდება და ეს „პროფესია“ ჩვევაში გადაუვა, სადაც წავა, ყველგან თან გაჰყვება, სამსახურში იქნება ეს თუ სხვაგან», — ამბობს კალაჰანი. ასეთი ადამიანები რაღაცით ჰგვანან საათს, რომელსაც ცნობილი ბრენდის მარკა აქვს მიკრული, მაგრამ სინამდვილეში პატენტია.
ამასთანავე, დიდია იმის ალბათობა, რომ თაღლითს წაასწრონ საქმეზე და ყველაფერი ცუდად დამთავრდეს. სხვა თუ არაფერი, უხერხულობასა და სირცხვილს მაინც ვერსად გაექცევა. შეიძლება მის ასეთ საქციელს სკოლიდან გარიცხვა ან კიდევ უფრო უარესი სადამსჯელო ღონისძიებებიც მოჰყვეს. ბიბლიაში პირდაპირ წერია: „კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“ (გალატელები 6:7). თუმცა მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანი თავს უნდა იკავებდეს თაღლითობისგან, დასჯის შიში არ უნდა იყოს. არსებობს გაცილებით მნიშვნელოვანი მიზეზები.
წარმატების ჭეშმარიტი საწინდარი პატიოსნებაა
გონიერი ახალგაზრდები ცდილობენ, განივითარონ ისეთი თვისებები, რომლებიც უბრალოდ გამოცდებზე კი არა, მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგებათ. ამიტომ ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, კარგად ისწავლონ სკოლაში და ჩამოიყალიბონ ისეთი ფასეულობები, რომლებიც პირადი ღირსების გრძნობის განვითარებაში დაეხმარებათ. ეს თავის მხრივ, მომავალში სამსახურში დამსაქმებლებთან მათ ურთიერთობებზე დადებითად აისახება და საბოლოოდ მარადიულ ბედნიერებამდე მიიყვანს.
ამ თვისებებსა და ფასეულობებზე საკმაოდ ვრცლად საუბრობს ბიბლია და ის ახალგაზრდები, რომლებიც ამ პრინციპებით ცხოვრობენ, სულაც არ არიან წაგებულნი; პირიქით, 2 ტიმოთეს 3:16, 17 ასეთებზე ამბობს, რომ ისინი „ყოველმხრივ მომზადებულნი [არიან] ნებისმიერი კარგი საქმისთვის“. მე-9 კლასელი ჯორჯი ყვება: «ჩემს კლასელებს ეზარებათ სწავლა და სულ შპარგალკებიდან იწერენ ყველაფერს. მაგრამ მე ყველაზე მეტად ის მინდა, რომ ღმერთს ვასიამოვნო. ბიბლიაში, იგავების 14:2-ში წერია, რომ „სიმართლით მავალი იეჰოვას მოშიშია, გზაგამრუდებული კი არაფრად აგდებს მას“. ვიცი, რომ ღმერთს ვერავინ ვერაფერს გამოაპარებს. ამიტომ არც მე ვიწერ შპარგალკებიდან და არც სხვებს ვაწერინებ».
შესაძლოა ყველა მოსწავლე, რომელიც ბიბლიური პრინციპებით ცხოვრობს, არ ბრწყინავს სწავლაში, მაგრამ ისინი ბრძენები და ჭკვიანები არიან, რადგან მყარ საფუძველზე აშენებენ თავიანთ მომავალს (ფსალმუნი 1:1—3; მათე 7:24, 25). ყველაზე კარგი კი ის არის, რომ ღმერთს სიამოვნებს მათი პატიოსნება და მხარში უდგას ასეთ ახალგაზრდებს.
[ჩარჩო⁄სურათი 28 გვერდზე]
პრინციპები, რომლებზეც ღირს დაფიქრება
● „ჭეშმარიტების მოლაპარაკე ბაგე სამუდამოდ განმტკიცდება, სიცრუის მოლაპარაკე ენა კი თვალის დახამხამებაში გაქრება“ (იგავები 12:19).
● „ერთგული ბევრ კურთხევას მიიღებს“ (იგავები 28:20).
● „ყოველ საქმეს ჭეშმარიტი ღმერთი გაასამართლებს, ყველაფერს, რაც დაფარულია, და გაარჩევს, კარგია თუ ცუდი“ (ეკლესიასტე 12:14).
● „გვსურს, ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ“ (ებრაელები 13:18).
[სურათი 26, 27 გვერდებზე]
თანამედროვე ტექნოლოგიები შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, უფრო იოლად და მოხერხებულად ითაღლითონ
[სურათი 28 გვერდზე]
თაღლითი მოსწავლე ჰგავს ერთი შეხედვით ძვირფას საათს, რომელიც სინამდვილეში პატენტია