საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რა გავლენას ახდენს მეცნიერება თქვენს ცხოვრებაზე
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 ივნისი
    • მეცნიერული წინსვლების შედეგებია: ავტომანქანა, GPS, სატელიტი, თვითმფრინავი და კომპიუტერული ტომოგრაფია

      მთავარი თემა | ჩაანაცვლა მეცნიერებამ ბიბლია?

      რა გავლენას ახდენს მეცნიერება თქვენს ცხოვრებაზე

      ერთი ლექსიკონის თანახმად, მეცნიერება არის „ადამიანის საქმიანობის სფერო, რომლის მიზანია გარემომცველი სამყაროს შესახებ ობიექტური ცოდნის მიღება და სისტემატიზაცია. მეცნიერული ცოდნის დაგროვება ხდება ბუნების, საზოგადოების ან სხვა ობიექტის სამეცნიერო მეთოდით შესწავლის შედეგად“. მეცნიერული ცდებისა და კვლევების ჩატარება, რომელსაც კვირები, თვეები და წლებიც კი სჭირდება, დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მეცნიერების მთელი შრომა წყალში იყრება, უმეტეს შემთხვევაში ისინი წარმატებას აღწევენ, რასაც კაცობრიობისთვის დიდი სიკეთე მოაქვს. განვიხილოთ ამის რამდენიმე მაგალითი:

      ერთმა ევროპულმა კომპანიამ პლასტმასისა და ფილტრის გამოყენებით შექმნა სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ფილტრავს დაბინძურებულ წყალს და ხალხს მრავალი დაავადებისგან იცავს. მსგავს მოწყობილობებს სტიქიური უბედურებების დროს იყენებენ. მაგალითად, ასეთი დანადგარი 2010 წელს ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის დროს გამოიყენეს.

      დედამიწის ორბიტის გარშემო მოძრავი სატელიტური თანამგზავრები ქმნიან გლობალური ადგილმდებარეობის განმსაზღვრელ სისტემას, რაც GPS-ის სახელით არის ცნობილი. ეს სისტემა, რომელიც თავდაპირველად სამხედრო მიზნებისთვის შეიქმნა, დღეს დიდ დახმარებას უწევს მძღოლებს, მფრინავებს, ზღვაოსნებს, მონადირეებსა და მოლაშქრეებსაც კი. მეცნიერების მიერ შექმნილი GPS მოწყობილობის წყალობით გვიადვილდება დანიშნულების ადგილამდე მისვლა.

      იყენებთ მობილურ ტელეფონს, კომპიუტერსა და ინტერნეტს? გიმგზავრიათ თვითმფრინავით? გამოგიცდიათ საკუთარ თავზე მედიცინაში მიღწეული წარმატებები, რის შედეგადაც გაგიუმჯობესდათ ჯანმრთელობა ან სრულიად გამოჯანმრთელდით? თუ დიახ, ესე იგი, თქვენ სარგებლობთ მეცნიერული მიღწევებით. მართლაც, მეცნიერება ჩვენზე მრავალმხრივ მოქმედებს დადებითად.

      შეზღუდვები თანამედროვე მეცნიერებაში

      თანამედროვე მეცნიერები თავიანთი კვლევის სფეროს გასაფართოებლად, კიდევ უფრო ღრმად სწავლობენ ბუნებას. მაგალითად, ფიზიკოსები უფრო სიღრმისეულად იკვლევენ ატომს, ხოლო ასტროფიზიკოსები სამყაროს წარმოშობის დასადგენად მილიარდობით წლით უკან ბრუნდებიან. რაც უფრო ღრმად და შორს მიდიან მეცნიერები თავიანთი კვლევებით და ცდილობენ, ჩასწვდნენ თვალისთვის უხილავ და მიუწვდომელ სამყაროს, მით უფრო უძლიერდებათ იმის რწმენა, რომ შეძლებენ ბიბლიის ღმერთის პოვნას, თუ ის ნამდვილად არსებობს.

      როგორც მეცნიერი ამირ აკზელი ამბობს, ზოგი გამოჩენილი მეცნიერი და ფილოსოფოსი „ღვთის არარსებობის დამადასტურებელ მეცნიერულ ფაქტებს“ ეძებენ. მაგალითად, მსოფლიოში აღიარებული ფიზიკოსი ასეთ რამეს ამბობს: „რადგან არ გვაქვს არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ არსებობს სამყაროს მმართველი რომელიმე ღმერთი, უფრო მეტად გვიმყარდება ღვთის არსებობასთან დაკავშირებული საფუძვლიანი ეჭვები“. სხვები კი ბიბლიაში ჩაწერილ ღვთის საქმეებს „ჯადოქრობასა“ და „ამოუხსნელ ხრიკებს“ უწოდებენ.a

      მაგრამ იბადება კითხვა: საკმარისად შეისწავლეს მეცნიერებმა სამყარო, საიმისოდ, რომ ცალსახა დასკვნების გაკეთება შეძლონ? რა თქმა უნდა, არა. მართალია, მეცნიერებმა საოცრად დიდ წარმატებებს მიაღწიეს, მაგრამ მრავალი მათგანი აღიარებს, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იციან და შესაძლოა, ვერც ვერასოდეს გაიგონ. სამყაროს შეცნობასთან დაკავშირებით ფიზიკოსმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა, სტივენ ვაინბერგმა, თქვა: „სამყაროს ბოლომდე ვერასოდეს შევისწავლით“. ხოლო ბრიტანეთის სამეფო ასტრონომმა, მარტინ რისმა, დაწერა: „შესაძლოა, არსებობდეს ისეთი საკითხები, რასაც ადამიანები ვერასოდეს ჩასწვდებიან“. ფაქტია, რომ მეცნიერებს არ შესწევთ ყველაფრის შესწავლის ძალა — ბუნებაში არსებული პაწაწინა უჯრედიდან დაწყებული უკიდეგანო სამყაროთი დამთავრებული. მოვიყვანოთ ამის რამდენიმე მაგალითი:

      • დნმ

        ბიოლოგები ბოლომდე ვერ სწვდებიან უჯრედში მიმდინარე ბუნებრივ პროცესებს. მაგალითად იმას, თუ როგორ გადააქვს უჯრედს ენერგია, როგორ წარმოქმნის ცილებს და როგორ იყოფა.

      • ბიჭი აგდებს ბურთს

        მიზიდულობის ძალა ჩვენზე ყოველ წამს მოქმედებს. თუმცა ეს ძალა მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ საიდუმლოებითაა მოცული. მათ ბოლომდე არ ესმით, როგორ გვიზიდავს ახტომის შემდეგ გრავიტაცია მიწისკენ ან როგორ აჩერებს მთვარეს თავის ორბიტაზე დედამიწის გარშემო.

      • სამყარო

        კოსმოლოგების ვარაუდით, სამყაროს დაახლოებით 95 პროცენტი სამეცნიერო ხელსაწყოებისთვის უხილავი და ამოუცნობია. ისინი ამ შეუსწავლელ ნაწილს ორ კატეგორიად, ბნელ მატერიად და ბნელ ენერგიად, ყოფენ.

      არსებობს სამყაროს სხვა შეუსწავლელი მხარეებიც, რაც საგონებელში აგდებს მეცნიერებს. რატომ არის ეს ყურადსაღები? ერთი ცნობილი სამეცნიერო ნაშრომების ავტორი წერს: „ჩვენი ცოდნა ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ჯერ კიდევ შესასწავლია. ჩემი აზრით, მეცნიერება ჩარჩოებში კი არ უნდა გაქცევდეს, არამედ უნდა გაოცებდეს და მეტის გაგების სურვილს გიჩენდეს“.

      თუ ფიქრობთ, რომ მეცნიერება ძალიან მალე ჩაანაცვლებს ბიბლიას და ხალხს ღვთისადმი რწმენას დაუკარგავს, დაფიქრდით შემდეგ საკითხზე: თუ საუკეთესო მეცნიერებმა თანამედროვე და ძლიერი ხელსაწყოებით სამყაროს მხოლოდ მცირე ნაწილის შესწავლა შეძლეს, განა სწორი იქნება, ერთი ხელის მოსმით უარვყოთ იმ ყველაფრის არსებობა, რისი შესწავლაც მათ უბრალოდ არ ძალუძთ? ასტრონომიის ისტორიისა და განვითარებისადმი მიძღვნილი გრძელი სტატიის ბოლოს, დასკვნის სახით „ენციკლოპედია ბრიტანიკა“ წერს: „მართალია, ასტრონომია თითქმის 4 000 წელია, რაც არსებობს, მაგრამ სამყარო ისეთივე შეუცნობელია ჩვენთვის, როგორიც ის ბაბილონელებისთვის იყო“.

      იეჰოვას მოწმეები პატივს სცემენ ადამიანის უფლებას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვცდილობთ, მივყვეთ შემდეგ ბიბლიურ მითითებას: „ყველასთვის ცნობილი გახდეს თქვენი კეთილგონიერება“ (ფილიპელები 4:5). ამიტომ მოგიწოდებთ, გამოიკვლიოთ, რამდენად ეთანხმება ბიბლია და მეცნიერება ერთმანეთს.

      a ეკლესიის ადრეულმა თუ დღევანდელმა სწავლებებმა ზოგს ბიბლიისადმი რწმენა დაუკარგა. მაგალითად, ასეთ სწავლებებს მიეკუთვნება ის, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრია, და რომ ის ექვს 24-საათიან დღეში შეიქმნა. იხილეთ ჩარჩო „ბიბლია და დამტკიცებული მეცნიერული ფაქტები“.

      ბიბლია და დამტკიცებული მეცნიერული ფაქტები

      ბიბლია მეცნიერული სახელმძღვანელო არ არის, თუმცა ამ წიგნის დამწერებმა მასში ჩაწერეს ზუსტი ინფორმაცია რიგ საკითხებზე, რომელიც მეცნიერებისთვის საგულისხმოა. ქვემოთ მოყვანილია ამის რამდენიმე მაგალითი:

      • სამყარო

        დედამიწისა და სამყაროს ასაკი

        მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედამიწა დაახლოებით 4 მილიარდი წლისაა, სამყარო კი 13—14 მილიარდი წლის წინ გაჩნდა. ბიბლია არც სამყაროს შექმნის კონკრეტულ თარიღზე საუბრობს და არც იმას ამტკიცებს, რომ დედამიწის არსებობა მხოლოდ რამდენიმე ათას წელს ითვლის. ბიბლიის პირველივე მუხლში ვკითხულობთ: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“ (დაბადება 1:1). ეს ზოგადი ინფორმაცია მეცნიერებს საშუალებას აძლევს, რომ სამყაროს ასაკი მეცნიერული პრინციპების საფუძველზე განსაზღვრონ.

      • მთები, მცენარეულობა და წყალი

        დედამიწის მომზადება ადამიანების დასასახლებლად

        დაბადების პირველ თავში მოხსენიებულ სიტყვა „დღეში“ იგულისხმება დედამიწაზე საცხოვრებელი პირობებისა და მრავალფეროვანი ცოცხალი ორგანიზმების შექმნის ეტაპები. ბიბლიაში შემოქმედების პროცესის აღწერა ადამიანის შექმნით მთავრდება. ბიბლია არ აკონკრეტებს ამ ექვსი შემოქმედებითი „დღის“ ხანგრძლივობას, რაც საშუალებას აძლევს თანამედროვე მეცნიერებს, თავად განსაზღვრონ მათი ზუსტი ხანგრძლივობა. ჩვენ ვიცით, რომ შემოქმედებითი „დღე“ 24 საათზე გაცილებით დიდ პერიოდს მოიცავდა.

      • დედამიწა

        რას უჭირავს დედამიწა

        ბიბლია ამბობს, რომ დედამიწა არაფერზე ჰკიდია (იობი 26:7). მასში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ ჩვენი პლანეტა ზღვის დიდ კუზე მდგარ სპილოებზე დგას ან ის გოლიათს უჭირავს მხრებით, როგორც ამას უძველესი მითები გადმოგვცემენ. რადგანაც ბიბლია ბევრს არაფერს ამბობს, მეცნიერებს საშუალება ეძლევათ, თავად გამოიკვლიონ ეს საკითხი. ნიკოლოზ კოპერნიკმა და იოჰანეს კეპლერმა აღწერეს, როგორ მოძრაობს დედამიწა უხილავი ძალის დახმარებით მზის გარშემო. მოგვიანებით კი ისააკ ნიუტონმა ახსნა მიზიდულობის ძალის ზემოქმედებით კოსმოსში ციური სხეულების მოძრაობა.

      • ჩხირისმაგვარი ბაქტერია

        მითითებები დაავადების კონტროლსა და ჰიგიენასთან დაკავშირებით

        წიგნ ლევიანებში ვკითხულობთ ისრაელებისთვის მიცემულ მითითებებს კარანტინთან და გადამდები დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებასთან დაკავშირებით. მათ აგრეთვე მიცემული ჰქონდათ კანონი სანიტარული ნორმების დაცვასთან დაკავშირებით. მაგალითად, კანონის 23:12, 13-ში ვკითხულობთ, რომ ისრაელები მოსასაქმებლად ბანაკის გარეთ უნდა გასულიყვნენ და ექსკრემენტები მიწაში ჩაეფლოთ. ასეთი სანიტარული ნორმების დაცვის აუცილებლობა მეცნიერებმა სულ რაღაც 200 წლის წინ დაინახეს.

      ბიბლიაში ეს კანონი საუკუნეების წინ ჩაიწერა. საიდან იცოდნენ ბიბლიის დამწერებმა ეს ყველაფერი, მაშინ, როცა იმ დროს მცხოვრებ ხალხს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ სანიტარიაზე? პასუხს თავად ბიბლიის ავტორი გვცემს: „როგორც ზეცაა დედამიწაზე მაღალი, ჩემი გზებიც ასევე მაღალია თქვენს გზებზე და ჩემი აზრები — თქვენს აზრებზე“ (ესაია 55:9).

  • მეცნიერება შეზღუდულია
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 ივნისი
    • მეცნიერი ლაბორატორიაში

      მთავარი თემა | ჩაანაცვლა მეცნიერებამ ბიბლია?

      მეცნიერება შეზღუდულია

      არც ისე დიდი ხნის წინ გამოიცა არაერთი წიგნი, რომელიც ეგრეთ წოდებული ახალი ათეისტების მოსაზრებებს გვაცნობს. ამ ლიტერატურამ მრავალი ადამიანის ყურადღება მიიპყრო და დიდი განხილვისა თუ დებატების საგნად იქცა. ამასთან დაკავშირებით ნევროლოგმა, დეივიდ იგელმენმა, ასეთი რამ დაწერა: „ზოგ მკითხველს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა . . . რომ მეცნიერებს ყველაფერზე აქვთ პასუხი“. შემდეგ დასძინა: „სინამდვილეში მეცნიერება ჩარჩოებში არ ზის და სავსეა ახალი და მოულოდნელი აღმოჩენებით“.

      ასტრონომი იყენებს ტელესკოპს

      საუკუნეების მანძილზე ბუნების შესწავლის საკითხში მიღწეულმა მეცნიერულმა წინსვლამ უამრავ ბუნდოვან საკითხს მოჰფინა ნათელი. თუმცა ამ პროცესში ზოგმა მეცნიერმა სერიოზული შეცდომები დაუშვა. ისააკ ნიუტონმა, რომელიც ყველა დროის უდიდეს მეცნიერთა რიცხვს განეკუთვნება, ახსნა სამყაროში არსებული პლანეტების, ვარსკვლავებისა და გალაქტიკების გრავიტაციული ურთიერთქმედება. მან აგრეთვე გამოიგონა მათემატიკის ერთ-ერთი დარგი — „მათემატიკური ანალიზი“, რომელსაც ბირთვულ ფიზიკაში, კოსმოსში მოგზაურობისა და კომპიუტერის შექმნისას იყენებენ. ნიუტონი ალქიმიითაც იყო გატაცებული — ფსევდომეცნიერებით, რომელიც მიზნად ისახავდა ასტრონომიისა და მაგიური ფორმულების გამოყენებით ტყვიისა თუ სხვა ლითონების ოქროდ გარდაქმნას.

      ნიუტონამდე 1 500-ზე მეტი წლით ადრე, ბერძენი ასტრონომი პტოლემე შეუიარაღებელი თვალით აკვირდებოდა ცას. ის ღამის ცაზე განლაგებულ პლანეტებს სწავლობდა, რის შედეგადაც დახელოვნებული კარტოგრაფი გახდა. თუმცა მას სჯეროდა, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრი იყო. ასტროფიზიკოსი კარლ საგანი პტოლემეს შესახებ წერდა: „ის ფაქტი, რომ მისი მცდარი შეხედულების 1 500 წლის მანძილზე სჯეროდათ, კიდევ ერთი მტკიცებაა იმისა, რომ ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები არ არის იმის გარანტია, რომ ის ყოველთვის მართალი იქნება“.

      მეცნიერი კითხულობს ბიბლიას

      მეცნიერები კვლევებისას დღესაც მსგავს პრობლემებს აწყდებიან. შეძლებენ ოდესმე ისინი, ყველაფერს დამაკმაყოფილებელი ახსნა მოუძებნონ? ფაქტია, რომ მეცნიერება ძალიან განვითარდა და მას კაცობრიობისთვის დიდი სიკეთე მოაქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მეცნიერება შეზღუდულია. ფიზიკოსი პოლ დეივისი აღნიშნავს: „ყოველივე არსებულის შესახებ სრულყოფილი და ლოგიკური ახსნა-განმარტების მოპოვება უბრალოდ შეუძლებელია“. ამ სიტყვებიდან გამოსჭვივის უდავო ჭეშმარიტება: ადამიანები ბოლომდე ვერასოდეს ჩასწვდებიან ბუნების ყველა საიდუმლოს. ამგვარად, როდესაც გვესმის განცხადებები, რომ მეცნიერება შეძლებს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას, გონივრული იქნება, სიფრთხილე გამოვიჩინოთ და ყველაფერი ბრმად არ ვირწმუნოთ.

      აშკარაა, რომ ბიბლია ჩვენს ისეთ საჭიროებებს აკმაყოფილებს, რაშიც მეცნიერება უძლურია

      ბიბლია საოცარ ბუნებას შემდეგი სიტყვებით აღწერს: „აი, მისი [ღვთის] გზების კიდეები, მასზე ჩურჩულით გვესმის! მაგრამ ვინ ჩასწვდება მისი ძლიერების გრგვინვას?“ (იობი 26:14). ბუნებაში ჯერ კიდევ უამრავი რამ არის, რისი შესწავლა და გაგებაც ადამიანს არ ძალუძს. მართლაც, კვლავაც უცილობელ ჭეშმარიტებად რჩება დაახლოებით 2 000 წლის წინ წარმოთქმული პავლე მოციქულის სიტყვები: „ო, ღვთის სიმდიდრის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელია მისი სამართალი და მიუკვლეველია მისი გზები!“ (რომაელები 11:33).

      ხელმძღვანელობა, რომელსაც მეცნიერება ვერ გაგვიწევს

      მაშინ, როცა მეცნიერება სამყაროს გვაცნობს, ბიბლიაში ჩაწერილი პრინციპები გვეხმარება, გვქონდეს ადამიანებთან მშვიდობიანი ურთიერთობა და კმაყოფილების მომტანი, აზრიანი ცხოვრება. განვიხილოთ ამის რამდენიმე მაგალითი:

      • სდექ ნიშანი

        დანაშაულის თავიდან აცილება

        დააფასეთ სიცოცხლე

        „არ მოკლა“ (გამოსვლა 20:13).

        „ვისაც თავისი ძმა სძულს, მკვლელია“ (1 იოანე 3:15).

        იყავით მშვიდობისმყოფელი

        „ზურგი აქციე ბოროტებას და სიკეთე აკეთე; მშვიდობა ეძიე და მისკენ ისწრაფე“ (ფსალმუნი 34:14).

        „სიმართლის ნაყოფი კი მშვიდობიან პირობებში ითესება მშვიდობისმყოფელთათვის“ (იაკობი 3:18).

        გაექეცით ძალადობას

        „იეჰოვა ამოწმებს მართალსაც და ბოროტსაც; ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს“ (ფსალმუნი 11:5).

        „მოძალადე კაცის ნუ შეგშურდება, ნურც ერთ მის გზას ნუ აირჩევ, ვინაიდან სისაძაგლეა იეჰოვასთვის მზაკვარი ადამიანი“ (იგავები 3:31, 32).

      • ოჯახი

        ოჯახური ბედნიერება

        დაემორჩილეთ მშობლებს

        «ბავშვებო, დაუჯერეთ თქვენს მშობლებს უფალში, რადგან ასეა სწორი: „პატივი ეცი მამას და დედას“, ეს არის პირველი მცნება დანაპირებით, „რომ ხელი მოგემართოს და დღეგრძელი იყო დედამიწაზე“» (ეფესოელები 6:1—3).

        სწორად აღზარდეთ შვილები

        „თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ იზრუნეთ მათზე — იეჰოვას მოსაწონად აღზარდეთ და დაარიგეთ“ (ეფესოელები 6:4).

        „მამებო, ნუ გააღიზიანებთ შვილებს, რათა არ დანაღვლიანდნენ“ (კოლოსელები 3:21).

        გამოავლინეთ სიყვარული და პატივისცემა მეუღლის მიმართ

        „ამიტომ თითოეულ თქვენგანს ისე უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი, ცოლი კი დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს“ (ეფესოელები 5:33).

      • ხე

        ბუნების დაცვა და გაფრთხილება

        ღმერთმა იმ ისრაელებზე, რომლებიც აბინძურებდნენ გარემოს, ასეთი რამ თქვა: „წაიბილწა ქვეყანა მის მკვიდრთა გამო . . . მისი მკვიდრნი დამნაშავედ ითვლებიან“ (ესაია 24:5, 6). ღმერთი პასუხს მოსთხოვს მათ, ვინც ზიანს აყენებს ჩვენს პლანეტას. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მოსპო დედამიწის მომსპობნი“ (გამოცხადება 11:18). ისინი თავს ვერ დააღწევენ თავიანთი არასწორი საქციელის შედეგებს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება