შემთხვევით გაჩნდა თუ ვინმემ შექმნა?
მრავალი მეცნიერი ვერ ეგუება იმ აზრს, რომ სამყარო გონიერმა შემოქმედმა შექმნა და ვარაუდობს, რომ ის როგორღაც თავისთავად წარმოიქმნა. მაგრამ ჯერ არავის აუხსნია, როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო.
ზუსტად ამის თაობაზე წერდა ჟურნალი „საიენტიფიკ ამერიკენ“ 1999 წლის იანვრის გამოშვებაში: « „დიდი აფეთქების“ თეორია ბოლომდე ვერ ხსნის სამყაროს წარმოშობის საკითხს». შემდეგ კი დასძენდა: „სამყაროს თავდაპირველი წარმოშობის თავსატეხი რომ ამოვხსნათ, მოგვიწევს დამატებით სხვა რაიმე თეორია შევიმუშავოთ, რომელიც კიდევ უფრო ადრინდელ მოვლენებს აღწერს“ (Scientific American).
ნუთუ გონივრულად მიგაჩნიათ, რომ სამყარო როგორღაც თავისთავად შეიქმნა? ფიზიკოსი ჩარლზ ტაუნზი შენიშნავს: «ფიზიკოსები მართლაც ცდილობენ „დიდი აფეთქების“ მიღმა არსებული მოვლენების განჭვრეტას და ვარაუდობენ, რომ სამყაროს წარმოშობა შესაძლებელია რომელიღაც სახის რყევით იყოს გამოწვეული. მაშინ გვაინტერესებს, საერთოდ რის რყევაზეა ლაპარაკი და თვითონ ეს რყევა როგორღა უნდა აღმოცენებულიყო? ჩემი აზრით, დასაწყისის პრობლემა ყოველთვის გადაუჭრელი რჩება, თუ მხოლოდ მეცნიერული კუთხით ვუდგებით».
დღეს უკვე საყოველთაოდ მიღებულია, რომ სამყარო ოდესღაც არ არსებობდა და მას როგორღაც მიეცა დასაბამი. შესაძლებელია თუ არა, რომ ის, რაც სამყაროში მოქმედი კანონების შესახებ შეისწავლეს, ამ ყველაფრის გაგებაში დაგვეხმაროს?
მასისა და ენერგიის ურთიერთკავშირი
„მატერია ენერგიის ერთ-ერთი ფორმაა“, — ვკითხულობთ „საიენტიფიკ ამერიკენში“. მატერიასა და ენერგიას შორის არსებული კავშირი აინშტაინის ცნობილ ფორმულაში იქნა ნაჩვენები E=mc2 (ენერგია უდრის მასა გამრავლებული სინათლის სიჩქარის კვადრატზე). ეს განტოლება გვიჩვენებს, რომ მცირეოდენი მასა ან მატერია წარმოუდგენლად დიდძალი ენერგიის წყაროა. „ამიტომ არის, რომ ფორთოხლის ზომის ბომბს მთლიანი ქალაქის გაცამტვერება შეუძლია“, — შენიშნავს უნივერსიტეტის პროფესორი ტიმოთი ფერისი.
მაგრამ, თუ მეორე კუთხით მივუდგებით, აინშტაინის თეორიის თანახმად ენერგიის მატერიად გადაქცევაც შესაძლებელია. დასაშვებია, რომ მატერიალური სამყაროს ფორმირებაც სწორედ იმ პროცესმა გამოიწვია, რასაც ერთმა კოსმოლოგმა უწოდა „მატერიისა და ენერგიის ყველაზე შთამბეჭდავი ურთიერთგარდაქმნა, რომელიც კი ოდესმე წარმოგვიდგენია“.
საიდან წარმოიქმნა ასეთი „ურთიერთგარდაქმნისთვის“ აუცილებელი მატერია და ენერგია? მეცნიერებას დამაკმაყოფილებელი პასუხი არ გააჩნია ამ კითხვაზე. მაგრამ საინტერესოა, რას ამბობს ბიბლია ღვთის შესახებ: „[ციურ სხეულთაგან] არავინ დააკლდება ძალამოსილს და ყოვლადძლიერს“ (ესაია 40:26). როგორც უნდა შეექმნა ღმერთს სამყარო, მას ნამდვილად ექნებოდა საამისო ენერგია და ძალა.
გვაძლევს მეცნიერება საფუძველს იმაში დასარწმუნებლად, რომ სამყარო უმაღლესმა ინტელექტმა შექმნა? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად გამოვიკვლიოთ სამყაროს წარმოქმნის თავისებურებები.
მოწესრიგებული დასაწყისი
შეგვიძლია ერთ რამეს დავუფიქრდეთ: ატომური ბომბის აფეთქებისას მატერიის უკონტროლო გარდაქმნა ენერგიად ქაოსს წარმოშობს, რაც იაპონიაში 1945 წელს მსგავსი ბომბების აფეთქებით გამოწვეულმა ნაგასაკის უმეტესი ნაწილისა და ჰიროსიმას მასიურმა განადგურებამ დაგვანახვა. მაგრამ ქაოსისგან სრულიად საპირისპიროდ, სამყარო ჰარმონიული და თვალწარმტაცია! ჩვენი საკვირველი დედამიწაც სავსეა სიცოცხლის საოცარი მრავალფეროვნებით. ცხადია, გონივრული ხელმძღვანელობისა და დარეგულირების გარეშე ისინი ვერ გაჩნდებოდნენ!
„ნიუსუიკის“ 1998 წლის 9 ნოემბრის ნომერმა სამყაროს შექმნასთან დაკავშირებით გაკეთებული აღმოჩენები გააშუქა. როგორც ჟურნალი იუწყებოდა, ფაქტები «მიგვანიშნებს, რომ მატერიისა და მოძრაობის წარმოშობა უფრო მოსალოდნელია, როგორც დაბადებაში [ბიბლიის წიგნი] ვკითხულობთ, „ექს ნიჰილოდან“ ანუ არაფრისგან მოხდა, სინათლისა და ენერგიის გასაოცარი, მეყსეული „აფეთქების“ შედეგად». ვნახოთ, რა მიზეზით მოიშველია „ნიუსუიკმა“ ბიბლიური ცნობა სამყაროს წარმოშობის თაობაზე:
«ამოქმედებული ძალები იყვნენ და ახლაც არიან საოცრად (იქნებ სასწაულებრივადაც?) გაწონასწორებული: „დიდი აფეთქება“ ოდნავ ნაკლები ძალითაც რომ მომხდარიყო, მაშინ სამყაროს გაფართოების ტემპი შედარებით ნელი იქნებოდა და კოლაფსირება მალევე (რამდენიმე მილიონი წლის შემდეგ ან რამდენიმე წუთშიც კი, — ნებისმიერ შემთხვევაში მალე) დაემართებოდა. ხოლო, თუ აფეთქება ოდნავ უფრო ძლიერი იქნებოდა, სამყარო იმდენად გაიფანტებოდა, რომ ვარსკვლავების დაჯგუფება შეუძლებელი გახდებოდა. იმის ალბათობა, რომ თითქოსდა ეს ყველაფერი შემთხვევით წარმოიქმნა, უსაშველოდ მცირეა. „დიდი აფეთქების“ დროს მატერია-ენერგიასა და სივრცის მოცულობას შორის არსებული თანაფარდობა პროცენტის დაახლოებით მეკვადრილიონედი ნაწილის ზღვარს რომ გადაცდენოდა, იდეალური თანაფარდობა დაირღვეოდა».
ბოლოს „ნიუსუიკი“ აზრს გამოთქვამდა, რომ როგორც მუსიკალურ ინსტრუმენტს ესაჭიროება აწყობა, სამყაროსაც უნდა ჰყოლოდა თავისი „ამწყობი“ და შენიშნავდა: «სცადეთ „ტონალობის“ სულ უმნიშვნელოდ შეცვლა [სამყაროში] (როგორც ზემოთ მოვიხსენიეთ, ცდომილების დასაშვები ზღვარი პროცენტის მეკვადრილიონედ ნაწილს უდრიდა), . . . და ნახავთ, რომ ამას არა მარტო დისჰარმონია მოჰყვება, არამედ მარადიული ენტროპია (უწესრიგობა) და გამყინვარება. ამრიგად, საინტერესოა რა ან ვინ იყო დიდებული „ამწყობი“?».
ასტროფიზიკოსმა ალან ლაიტმენმა აღიარა, რომ მეცნიერებისთვის „საიდუმლოებას წარმოადგენს ის, რომ სამყარო ასე უმაღლესად მოწესრიგებულ მდგომარეობაში შეიქმნა“. შემდეგ დასძინა: „ნებისმიერმა წარმატებულმა კოსმოლოგიურმა თეორიამ საბოლოოდ უნდა ამოხსნას ეს ენტროპიული ამოცანა“ — რატომ არ გადავიდა სამყარო ქაოსურ მდგომარეობაში.
რატომ გაურბიან ღმერთს?
დაეთანხმებოდით იმ აზრს, რომ „უმაღლესად მოწესრიგებული მდგომარეობა“ ამ ყველაფრის ორგანიზატორზე მოწმობს? ბევრი იზიარებს მსგავს შეხედულებას. მაგრამ ათეისტებს არ სურთ ამის დაჯერება. რატომ? რატომ და რწმენის გამო! პროფესორი ფერისი შენიშნავს: „მოდი შევეგუოთ იმას, რომ ათეიზმი ისეთივე რწმენაა, როგორც ყველა სხვა“. და როგორც ის ამტკიცებდა, უმჯობესი იქნებოდა, „თუ ღმერთს კოსმოლოგიიდან საერთოდ გამოვრიცხავდით“.
თუმცა წინააღმდეგობებს აწყდებიან, ამგვარად მაინც ბევრი აზროვნებს. ასტრონომიის პროფესორმა ჯორჯ გრინსტაინმა მას შემდეგ, რაც უამრავი ფაქტი შენიშნა, რომლებიც სამყაროს შექმნის დამადასტურებლად შეიძლებოდა მიჩნეულიყო, დაწერა: «დავრწმუნდი, რომ ასეთი „დამთხვევები“ ძალზედ საეჭვოა, შემთხვევით მომხდარიყო». მიუხედავად ამისა, გრინსტაინი ამტკიცებს: „ამას ღვთის არსებობით მაინც ვერ ავხსნიდით“. ასე რომ, ზოგი მეცნიერი ყოველ ღონეს ხმარობს, ოღონდაც კი ტრადიციული მეცნიერული მრწამსი შეინარჩუნოს.
მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წლებში სახელოვან ფიზიკოსს ფრედ ჰოილს ასეთი „რწმენა“ შეერყა. 80-იან წლებში ის გამოტყდა: „ფაქტების გონივრულად გაანალიზება გვაფიქრებინებს, რომ უმაღლესი ინტელექტი ჩარეულა როგორც ფიზიკაში, ისე ქიმიასა და ბიოლოგიაში, და ბუნებაში რაღაც შემთხვევით, ბრმა ძალებზე ლაპარაკი საერთოდ არ ღირს. ციფრები, რომლებსაც ფაქტები გვთავაზობს, იმდენად ზუსტი და შთამბეჭდავია, რომ მზად ვარ ეს დასკვნა თითქმის ყოველგვარი ეჭვის გარეშე გამოვიტანო“.
საინტერესოა, რომ თანამედროვე მეცნიერული კვლევა-ძიების ეპოქის ჯერ კიდევ გარიჟრაჟზე სერ ისააკ ნიუტონმაც მსგავსი დასკვნები გამოიტანა. თავის მიერ გაკეთებული აღმოჩენების შემდეგ მან დაწერა: „მზის, პლანეტებისა და კომეტების ეს უმშვენიერესი სისტემა, მხოლოდ გონიერი და ძლევამოსილი არსების განზრახვითა და ძალაუფლებით უნდა წარმოქმნილიყო“.
ვნახოთ, რას მიაღწიეს ადამიანებმა ნიუტონისა და იოჰანეს კეპლერის მიერ მოძრაობის კანონების აღმოჩენის წყალობით.
როგორ დაიპყრო ადამიანმა კოსმოსი
პლანეტათა მოძრაობის კანონები კეპლერმა XVII საუკუნის დასაწყისში ჩამოაყალიბა და როგორც „მსოფლიო ენციკლოპედია“ შენიშნავს, ზუსტად ეს კანონები „გამოიყენება ხელოვნური თანამგზავრების ორბიტებისა და კოსმოსური ხომალდების ფრენის ტრაექტორიის განსასაზღვრავად“. 1687 წელს ნიუტონმაც გამოაქვეყნა თავისი კარგად ცნობილი მოძრაობის კანონები, რომლებიც „კეპლერის კანონებთან ერთად კოსმოსური ფრენის პროექტირების ქვაკუთხედს წარმოადგენს“, — ნათქვამია ამავე ენციკლოპედიაში. რატომ არის ეს კანონები ძალზედ მნიშვნელოვანი?
ზუსტად ამ კანონების წყალობით, მეცნიერებს შეუძლიათ მათემატიკური გამოთვლები აწარმოონ და დროის მოცემული მომენტისთვის ამა თუ იმ სხეულის მდებარეობა განსაზღვრონ სივრცეში. მსგავსი გამოთვლების წარმოებას კი ციური სხეულების, მათ შორის მთვარისა და დედამიწის, გეგმაზომიერი, ზუსტად პროგნოზირებადი მოძრაობა განაპირობებს. მაგალითად, დედამიწის გარშემო ორბიტაზე მოძრაობისას მთვარე საათში საშუალოდ 3 700 კილომეტრს ფარავს და გარშემოვლას საოცარი სიზუსტით ასრულებს თვეზე ოდნავ ნაკლებ პერიოდში. მსგავსი სიზუსტითვე ხასიათდება დედამიწის წლიური გარემოქცევა მზის გარშემო, რომლის დროსაც ჩვენი პლანეტა 107 200 კილომეტრს გადის საათში.
ასე რომ, როდესაც მთვარეზე სურთ ფრენის მოწყობა, დედამიწაზე მყოფი ადამიანები კოსმოსურ ხომალდს სივრცის იმ წერტილში „უმიზნებენ“, სადამდე მისაღწევად თავის ორბიტაზე მოძრავ მთვარეს ჯერ კიდევ ათასობით კილომეტრი აქვს გასავლელი. მრავალრიცხოვანი გამოთვლების წყალობით მათ დანამდვილებით იციან, ზუსტად რომელ წერტილში იქნება მთვარე მათთვის სასურველ დროს. თუ ხომალდსაც საჭირო მიმართულებასა და ძალას მიანიჭებენ, ისიც იმავე ადგილას აღმოჩნდება და მთვარეზე დაჯდომაც წარმატებით დაგვირგვინდება.
რატომ არის ციური სხეულების მოძრაობის ზუსტი პროგნოზირება შესაძლებელი? დედამიწის გარშემო ორბიტაზე გასულმა პირველმა ამერიკელმა კოსმონავტმა, ჯონ გლენმა, სამყაროში არსებული წესრიგით მოხიბლულმა, წამოიძახა: „განა ეს შემთხვევით მოხდებოდა? . . . ვერ დავიჯერებ!“. შემდეგ დასძინა: „რაღაც ძალამ მოათავსა ყველა თავის ორბიტაზე და დღემდე იქ უკავია“.
მეცნიერი კოსმოსის დარგში დ-რი ვერნერ ფონ ბრაუნი იმ მოწიწების მომგვრელი კანონებით აღტაცებული, რომლებიც სამყაროს განაგებს, შენიშნავს: „ადამიანის გასვლამ კოსმოსში ჯერჯერობით მოღვაწეობის მხოლოდ ვიწრო ჭიშკარი გაგვიხსნა კოსმოსის უკიდეგანო სივრცეების გამოსაკვლევად. ამ პაწაწინა საჭვრეტელიდან სამყაროს დაუსრულებელ საიდუმლოებებზე დაკვირვება კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს რწმენას მისი შემოქმედის მიმართ“.
ცნობილი ფიზიკოსი, კემბრიჯის უნივერსიტეტის მათემატიკის ყოფილი პროფესორი პოლ დირაკიც ეთანხმება ამ აზრს: „შეიძლება ყველაფერი აგვეხსნა, თუ ვიტყვით, რომ ღმერთი უმაღლესი რანგის მათემატიკოსია და მან სამყაროს შექმნისას გამოიყენა მათემატიკის ყველაზე პროგრესული ცოდნა“.
ვინ არის ეს პროფესიონალი მათემატიკოსი, უმაღლესი ინტელექტი, რომელსაც შემოქმედების სასწაულები მიეწერება?
ვინ არის შემოქმედი?
უცხო მხარეში მოგზაურობისას მოვლილი გაზონებით გარშემორტყმულ და საუცხოო ბაღებში ჩაფლულ ლამაზ აგარაკს რომ წავწყდომოდით, არასოდეს მოგვივიდოდა აზრად, რომ ის როგორღაც თავისით გაჩნდა. ეს ხომ სრული უგუნურება იქნებოდა. ცხადია, ყველაფერი გამოცდილი მშენებლისა და ხელმარჯვე მებაღის დამსახურება იქნებოდა.
ასე რომ, ჩვენს გაცილებით უფრო რთულ და გრანდიოზულ სამყაროსაც უთუოდ შემოქმედი ჰყავდა. ის ბიბლიაში გვამცნობს თავის სახელს: «მე ვარ უფალი [„იეჰოვა“, აქ], ეს არის ჩემი სახელი» (ესაია 42:8). ბიბლიიდან ვგებულობთ, რომ ისინი, ვინც მადლიერნი არიან ღვთის საქმეებით, ხოტბას ასხამენ მას: „შენ ღირსი ხარ, უფალო და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე და შენი ნებით იყვნენ და შეიქმნენ“ (გამოცხადება 4:11).
გარდა იმისა, რომ იეჰოვამ პირადი სახელი უშუალოდ გაუმხილა ადამიანებს, მან თავის სიტყვაში ისიც გაგვიმჟღავნა, თუ რა განზრახვით მოამზადა დედამიწა ადამიანთა საცხოვრებლად. ღვთის საკუთარმა ძემ, იესო ქრისტემ, დაგვარწმუნა, რომ ღვთის სიტყვა სანდოა, როდესაც თქვა: „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოანე 17:17).
არც თუ ისე დიდი ხნის წინათ ერთი სამეცნიერო ჟურნალი შენიშნავდა: „წინა თაობებისგან განსხვავებით, ჩვენ ვიცით როგორ გავჩნდით. მაგრამ ყველა წინა თაობის მსგავსად ჩვენ დღემდე არ ვიცით — რატომ“. მაგრამ პასუხი ამ კითხვაზე ღვთის სიტყვაში მოიპოვება. ამის თაობაზე მომდევნო სტატია მოგვითხრობს.
[სურათი 6 გვერდზე]
ატომური ბომბის აფეთქებისას ჰიროსიმაში მცირეოდენი მატერია დიდძალ ენერგიად გარდაიქმნა.
[საავტორო უფლება]
Hiroshima Peace and Culture Foundation from material returned by the United States Armed Forces Institute of Pathology
USAF photo
[სურათი 7 გვერდზე]
ენერგია მოწესრიგებულ, გასაოცარ გალაქტიკებად გარდაიქმნა.
[საავტორო უფლება]
Courtesy of Anglo-Australian Observatory, photograph by David Malin
[სურათი 8, 9 გვერდებზე]
რომელი კანონების მეშვეობით ხორციელდება მთვარეზე დაჯდომა?
[სურათი 9 გვერდზე]
„რაღაც ძალამ მოათავსა ყველა თავის ორბიტაზე და დღემდე იქ უკავია“ (ჯონ გლენი).
[საავტორო უფლება]
NASA photo