რამდენად უნდა ენდო მეცნიერებას?
„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან ავსტრალიაში
მედიცინაში, ტექნიკაში, კავშირგაბმულობასა და სხვა დარგებში მიღწეული მრავალი წარმატების გამო, მეცნიერებას ნამდვილად აღტაცებაში მოჰყავს ადამიანთა უმრავლესობა. მეცნიერულმა აღმოჩენებმა დღეს მცხოვრები თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრებაზე იმოქმედა. ბევრმა მთელი სიცოცხლე მიუძღვნა მეცნიერებას. მისასალმებელია მეცნიერული მცდელობები, რომლებიც მიზნად ისახავდა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. სინამდვილეში, მწერალმა ტონი მორტონმა ისიც კი თქვა, რომ „უდავოდ, მეცნიერება თანამედროვე ცივილიზაციის ერთ-ერთი ბურჯია“.
მაგრამ ცხოვრების ყველა სფეროში ნამდვილი ღირებულებების შეფასებისას გაწონასწორებულობაა საჭირო და ეს მეცნიერებასაც ეხება. ამგვარ გაწონასწორებულობაში დაგვეხმარება სხვა მწერლის სიტყვების განხილვა, რომელიც არცთუ ისეთი სახარბიელო სახით აღწერს მეცნიერების როლს ჩვენს ცხოვრებაში. თავის წიგნში ლუის უოლპერტი წერს: „გამოკვლევები ადასტურებს, რომ ბევრი ადამიანი დაინტერესებული და მოხიბლულია მეცნიერებით, ამავე დროს, მათ გააჩნიათ არარეალური რწმენა, რომ მეცნიერებას ყველა პრობლემის გადაჭრა შეუძლია, მაგრამ ზოგში ფესვგადგმულია შიშის გრძნობა და მტრული განწყობა მეცნიერების მიმართ. . . მეცნიერებს ცივ, ამოუცნობ და გულგრილ ტექნიკოსებად მიიჩნევენ“ (The Unnatural Nature of Science).
მეცნიერებისადმი ნდობა მატულობს
გარკვეული რისკი ყოველთვის არსებობს, როცა მეცნიერული ექსპერიმენტების დროს რაიმეს აღმოჩენა ხდება. მაგრამ, როდესაც ახალი აღმოჩენები ამართლებს, საზოგადოების ნდობა მეცნიერებისადმი მატულობს. მეცნიერები ტკბებიან დიდებით, რომელიც ადრინდელმა წარმატებებმა მოუტანა და უფრო და უფრო გაბედულად მიდიან რისკზე, მრავალი ადამიანი კი, მოწიწებითა და აღფრთოვანებით, მეცნიერებას კაცობრიობის პრობლემების უებარ წამლად მიიჩნევს. ამიტომ სიტყვებს „მეცნიერება“ და „მეცნიერული“ ბევრი აბსოლუტურ ჭეშმარიტებას უკავშირებს.
ერთ-ერთი ჟურნალი შენიშნავს: «მეოცე საუკუნის 20-იანი წლებიდან, განსაკუთრებით კი 30-იან წლებში, თეთრ ლაბორატორიულ ხალათში გამოწყობილი მეცნიერები მომხმარებელს არწმუნებდნენ, რომ გარკვეული ნაწარმი „მეცნიერულად“ სხვებს სჯობდა. 1928 წელს ჟურნალ „ნეიშენის“ (Nation) რედაქციამ გულისტკივილით აღნიშნა, რომ ‘წინადადება, რომელიც იწყება სიტყვებით: „მეცნიერება ამბობს“, საზოგადოებაში ნებისმიერ დავას აგვარებს ან ხელს უწყობს ნებისმიერი საქონლის გასაღებას კბილის პასტიდან დაწყებული, მაცივრით დამთავრებული’ » (American Studies).
მაგრამ ყოველთვის აბსოლუტური ჭეშმარიტების ტოლფასია მეცნიერება? მეცნიერულ აღმოჩენებს მუდამ ჰყავდა ძლიერი მოწინააღმდეგეები. ზოგი წინააღმდეგობა უნიადაგო იყო; ზოგს კი თითქოს ნამდვილი საფუძველი ჰქონდა. მაგალითად, გალილეოს აღმოჩენებმა განარისხა კათოლიკური ეკლესია. მეცნიერულმა თეორიებმა ადამიანის წარმოშობასთან დაკავშირებით მეცნიერთა და ღვთისმეტყველთა აღშფოთება გამოიწვია. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ყოველი ახალი მეცნიერული აღმოჩენა იზიდავს მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს.
ძველი ლათინური ანდაზა ამბობს: „უმეცარი კაცი მეცნიერების [ანუ ცოდნის] ერთადერთი მტერია“. მაგრამ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან დღეს მეცნიერებას შეუპოვრად ებრძვიან, მაგრამ არა უვიცები. როგორც ჩანს, თუ ადრე ბევრს ეჭვი არ ეპარებოდა მეცნიერების ჭეშმარიტებაში, ახლა მას წინაღუდგნენ ყოფილი მომხრეები. მეცნიერების მრავალი მიმდევარი, შეიძლება ითქვას, მისი მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული და ჯალათი გახდა. ცნობილი სამეცნიერო ცენტრები ახლა კონფლიქტის არენებად იქცა. ამგვარი პრობლემების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ დღეს ნათელი მოეფინა წარსულში ზოგი მეცნიერის სიცრუესა და თაღლითობას.
ამგვარად, დღეს ყველაზე ხშირად სვამენ კითხვას: შეიძლება ვენდოთ ყველა სახის მეცნიერებას? შემდეგ სტატიაში განხილული იქნება რამდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ ებადება ეს კითხვა მრავალ ადამიანს.
[ჩანართი 4 გვერდზე]
ყოველთვის აბსოლუტური ჭეშმარიტების ტოლფასია მეცნიერება?