საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რამდენად უნდა ენდო მეცნიერებას?
    გამოიღვიძეთ! — 1998 | მარტი 8
    • რამდენად უნდა ენდო მეცნიერებას?

      „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან ავსტრალიაში

      მედიცინაში, ტექნიკაში, კავშირგაბმულობასა და სხვა დარგებში მიღწეული მრავალი წარმატების გამო, მეცნიერებას ნამდვილად აღტაცებაში მოჰყავს ადამიანთა უმრავლესობა. მეცნიერულმა აღმოჩენებმა დღეს მცხოვრები თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრებაზე იმოქმედა. ბევრმა მთელი სიცოცხლე მიუძღვნა მეცნიერებას. მისასალმებელია მეცნიერული მცდელობები, რომლებიც მიზნად ისახავდა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. სინამდვილეში, მწერალმა ტონი მორტონმა ისიც კი თქვა, რომ „უდავოდ, მეცნიერება თანამედროვე ცივილიზაციის ერთ-ერთი ბურჯია“.

      მაგრამ ცხოვრების ყველა სფეროში ნამდვილი ღირებულებების შეფასებისას გაწონასწორებულობაა საჭირო და ეს მეცნიერებასაც ეხება. ამგვარ გაწონასწორებულობაში დაგვეხმარება სხვა მწერლის სიტყვების განხილვა, რომელიც არცთუ ისეთი სახარბიელო სახით აღწერს მეცნიერების როლს ჩვენს ცხოვრებაში. თავის წიგნში ლუის უოლპერტი წერს: „გამოკვლევები ადასტურებს, რომ ბევრი ადამიანი დაინტერესებული და მოხიბლულია მეცნიერებით, ამავე დროს, მათ გააჩნიათ არარეალური რწმენა, რომ მეცნიერებას ყველა პრობლემის გადაჭრა შეუძლია, მაგრამ ზოგში ფესვგადგმულია შიშის გრძნობა და მტრული განწყობა მეცნიერების მიმართ. . . მეცნიერებს ცივ, ამოუცნობ და გულგრილ ტექნიკოსებად მიიჩნევენ“ (The Unnatural Nature of Science).

      მეცნიერებისადმი ნდობა მატულობს

      გარკვეული რისკი ყოველთვის არსებობს, როცა მეცნიერული ექსპერიმენტების დროს რაიმეს აღმოჩენა ხდება. მაგრამ, როდესაც ახალი აღმოჩენები ამართლებს, საზოგადოების ნდობა მეცნიერებისადმი მატულობს. მეცნიერები ტკბებიან დიდებით, რომელიც ადრინდელმა წარმატებებმა მოუტანა და უფრო და უფრო გაბედულად მიდიან რისკზე, მრავალი ადამიანი კი, მოწიწებითა და აღფრთოვანებით, მეცნიერებას კაცობრიობის პრობლემების უებარ წამლად მიიჩნევს. ამიტომ სიტყვებს „მეცნიერება“ და „მეცნიერული“ ბევრი აბსოლუტურ ჭეშმარიტებას უკავშირებს.

      ერთ-ერთი ჟურნალი შენიშნავს: «მეოცე საუკუნის 20-იანი წლებიდან, განსაკუთრებით კი 30-იან წლებში, თეთრ ლაბორატორიულ ხალათში გამოწყობილი მეცნიერები მომხმარებელს არწმუნებდნენ, რომ გარკვეული ნაწარმი „მეცნიერულად“ სხვებს სჯობდა. 1928 წელს ჟურნალ „ნეიშენის“ (Nation) რედაქციამ გულისტკივილით აღნიშნა, რომ ‘წინადადება, რომელიც იწყება სიტყვებით: „მეცნიერება ამბობს“, საზოგადოებაში ნებისმიერ დავას აგვარებს ან ხელს უწყობს ნებისმიერი საქონლის გასაღებას კბილის პასტიდან დაწყებული, მაცივრით დამთავრებული’ » (American Studies).

      მაგრამ ყოველთვის აბსოლუტური ჭეშმარიტების ტოლფასია მეცნიერება? მეცნიერულ აღმოჩენებს მუდამ ჰყავდა ძლიერი მოწინააღმდეგეები. ზოგი წინააღმდეგობა უნიადაგო იყო; ზოგს კი თითქოს ნამდვილი საფუძველი ჰქონდა. მაგალითად, გალილეოს აღმოჩენებმა განარისხა კათოლიკური ეკლესია. მეცნიერულმა თეორიებმა ადამიანის წარმოშობასთან დაკავშირებით მეცნიერთა და ღვთისმეტყველთა აღშფოთება გამოიწვია. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ყოველი ახალი მეცნიერული აღმოჩენა იზიდავს მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს.

      ძველი ლათინური ანდაზა ამბობს: „უმეცარი კაცი მეცნიერების [ანუ ცოდნის] ერთადერთი მტერია“. მაგრამ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან დღეს მეცნიერებას შეუპოვრად ებრძვიან, მაგრამ არა უვიცები. როგორც ჩანს, თუ ადრე ბევრს ეჭვი არ ეპარებოდა მეცნიერების ჭეშმარიტებაში, ახლა მას წინაღუდგნენ ყოფილი მომხრეები. მეცნიერების მრავალი მიმდევარი, შეიძლება ითქვას, მისი მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული და ჯალათი გახდა. ცნობილი სამეცნიერო ცენტრები ახლა კონფლიქტის არენებად იქცა. ამგვარი პრობლემების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ დღეს ნათელი მოეფინა წარსულში ზოგი მეცნიერის სიცრუესა და თაღლითობას.

      ამგვარად, დღეს ყველაზე ხშირად სვამენ კითხვას: შეიძლება ვენდოთ ყველა სახის მეცნიერებას? შემდეგ სტატიაში განხილული იქნება რამდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ ებადება ეს კითხვა მრავალ ადამიანს.

  • განხეთქილება მეცნიერებს შორის?
    გამოიღვიძეთ! — 1998 | მარტი 8
    • განხეთქილება მეცნიერებს შორის?

      „თუმცა არ უნდა უარვყოთ, რომ მეცნიერება სამყაროს შესახებ ჭეშმარიტებას იკვლევს, უნდა გავითვალისწინოთ ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები, რომლებიც ამ კვლევას ხშირად ხელს უშლის“, — აღნიშნავს ტონი მორტონი თავის ნაშრომში „უთანხმოებები მეცნიერების სხვადასხვა დარგებს შორის — მეცნიერთა მოტივები და მეთოდები“. დიახ, როგორც ჩანს, სახელის მოხვეჭა, მატერიალური გამორჩენა და პოლიტიკური შეხედულებებიც კი ზოგჯერ გავლენას ახდენდა მეცნიერულ აღმოჩენებზე.

      1873 წელს ლორდმა ჯესელმა გულისტკივილი გამოთქვა იმის გამო, რომ ამგვარი გავლენა შეინიშნებოდა სასამართლო პროცესებზე: „ექსპერტის ჩვენებას ისინი აძლევენ, რომლებიც ზოგჯერ ამ საქმიანობით ცხოვრობენ; ჩვენებისთვის მათ ყოველთვის უხდიან. . . აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, როგორი პატიოსანიც არ უნდა იყოს კაცი, მისი გონება წინასწარვე დამქირავებლის სასარგებლოდ იქნება განწყობილი და სწორედ ამიტომ გვხვდება ასეთი მიკერძოებანი“.

      მაგალითად, ავიღოთ კრიმინალისტიკა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს ექსპერტები შეიძლება მიკერძოებულები გახდნენ. ერთ-ერთი ჟურნალი შენიშნავს: „იმის გამო, რომ პოლიცია სასამართლოს ექსპერტებისგან მოელის დახმარებას, მათ შორის შეიძლება კავშირი შეიკრას. . . მთავრობის მიერ დაქირავებულმა სასამართლოს ექსპერტებმა შესაძლოა თავიანთ მოვალეობად მიიჩნიონ პოლიციის დახმარება“ (Search). ამავე ჟურნალში მოცემულია ირლანდიის რესპუბლიკის სახელგატეხილი ჯარების მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტების გამო ბრიტანეთის სასამართლოში მაგუაირის (1989 წ.) და უორდის (1974 წ.) წინააღმდეგ აღძრული საქმის მაგალითი, რაც იმის „ძლიერი მტკიცებაა, რომ ზოგმა დიდად გამოცდილმა ან კარგი რეპუტაციის მქონე ექსპერტმა მიატოვა მიუკერძოებლობა და ბრალმდებელი მხარის დახმარება თავის მოვალეობად მიიჩნია“.

      კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია ლინდი ჩემბერლენის სასამართლო საქმე ავსტრალიაში (1981—1982), რაც ერთ-ერთ ფილმს დაედო საფუძვლად (A Cry in the Dark). სასამართლოს ექსპერტების მიერ წარდგენილმა ჩვენებამ, როგორც ჩანს, ქალბატონი ჩემბერლენი შვილის, აზარაიას, მკვლელობაში დაადანაშაულა. თუმცა ქალბატონი ჩემბერლენი ამტკიცებდა, რომ ბავშვი დინგომ (ველური ძაღლი) დაგლიჯა, მას განაჩენი გამოუტანეს და დააპატიმრეს. წლების შემდეგ, როდესაც ბავშვის ჭუჭყიანი და სისხლიანი ჟაკეტი იპოვეს, საგულდაგულო გამოკვლევის შედეგად აშკარა გახდა, რომ პირველი ჩვენება უსაფუძვლო იყო. ამიტომ ლინდი გაათავისუფლეს, ბრალდება გააუქმეს და არასწორი განაჩენის გამოტანის გამო კომპენსაცია გადაუხადეს.

      მეცნიერებს შორის კამათი შეიძლება ცხარე დისკუსიაში გადაიზარდოს. რამდენიმე ათეული წლის წინ დოქტორ უილიამ მაკბრაიდის დავა თალიდომიდის მეწარმეებთან საყოველთაოდ ცნობილი გახდა. როცა დოქტორმა განაცხადა, რომ, მედიკამენტი, რომელსაც ორსულთა გულისრევის შესამსუბუქებლად ყიდულობდნენ, დიდ სიმახინჯეებს იწვევდა ჯერ არდაბადებულ ბავშვში, მან ერთ ღამეში გაითქვა სახელი. მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, სხვა გეგმაზე მუშაობის დროს, მას სხვა დოქტორმა ჟურნალისტის დახმარებით დასდო ბრალი ინფორმაციის დამახინჯებაში და დაადანაშაულა მეცნიერულ თაღლითობასა და თანამდებობით დამნაშავეობაში. მაკბრაიდი ავსტრალიის მედიკოსთა სიიდან ამოშალეს.

      პაექრობა მეცნიერებს შორის

      ამჟამად პაექრობა მიმდინარეობს იმის თაობაზე, საზიანოა თუ არა ელექტრომაგნიტური ველები ადამიანთა და ცხოველთა ჯანმრთელობისთვის. ზოგიერთი მტკიცების თანახმად, ჩვენს გარემოს ძალიან აბინძურებს ელექტრომაგნეტიზმი, რომელიც ყველგან გვხვდება, დაწყებული მაღალი ძაბვის ხაზებით და დამთავრებული პერსონალური კომპიუტერებითა და მიკროტალღური ქურებით, რომლებიც შეიძლება თქვენც გქონდეთ სახლში. ზოგი იმასაც კი ამტკიცებს, რომ წლების შემდეგ ფიჭურმა ტელეფონებმა შეიძლება ტვინი დაგვიზიანოს. სხვები კი მიუთითებენ მეცნიერულ გამოკვლევებზე, რომელთა მიხედვითაც ელექტრომაგნიტურმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კიბო და სიკვდილი. მაგალითად, ერთ-ერთი გაზეთი აღნიშნავს: „ბრიტანეთის ენერგეტიკული კორპორაციის წინააღმდეგ სასამართლოში საქმე აღიძრა იმის გამო, რომ თითქოს ერთ ბიჭს კიბო განუვითარდა მაღალი ძაბვის ელექტროკაბელურ ხაზებთან ახლოს ცხოვრებით“ (The Australian). მელბურნის შრომის ჰიგიენის კონსულტანტმა, დოქტორ ბრუს ჰოკინგმა, აღმოაჩინა, რომ „სიდნეის მთავარი სატელევიზიო კოშკებიდან 4 კილომეტრის რადიუსში ორჯერ მეტია ლევკემიით დაავადებული ბავშვების რიცხვი, ვიდრე ამ რადიუსის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ბავშვებს შორის“.

      იმ დროს, როცა გარემოს დამცველები მხარს უჭერენ ამგვარ მტკიცებებს, დიდი ბიზნესი და კაპიტალდამბანდებლები მილიარდობით დოლარს კარგავენ იმის გამო, რასაც ისინი „უნიადაგო პანიკის კამპანიებს“ უწოდებენ. ამიტომ ისინი კონტრიერიშზე გადადიან და მათ სამეცნიერო საზოგადოების სხვა ჯგუფები უჭერენ მხარს.

      გარდა ამისა, პაექრობა ქიმიურ დაბინძურებასაც ეხება. ზოგი დიოქსინს „ადამიანის მიერ შექმნილ ყველაზე შხამიან ქიმიკატად“ მიიჩნევს. ამ ქიმიკატს, რომელსაც მაიკლ ფუმენტო აღწერს, როგორც „გარკვეული ჰერბიციდების წარმოებისას, უბრალოდ, გარდაუვალ თანაპროდუქტს“ (Science Under Siege), ზოგმა „ნარინჯისფერი აგენტის“ მთავარი შემადგენელი ნაწილი უწოდაa. ვიეტნამის ომის შემდეგ „ნარინჯისფერი აგენტი“ საყოველთაოდ ცნობილი გახდა. ომის ვეტერანებსა და ქიმიურ კომპანიებს შორის სერიოზული იურიდიული ბრძოლა გაჩაღდა, თითოეულ ჯგუფს ურთიერთმოწინააღმდეგე მეცნიერები ჰყავდა.

      მსგავსად, ეკოლოგიური პრობლემები, როგორიცაა: გლობალური თბობა, სითბური ეფექტი და ოზონის შრის გათხელება, საზოგადოების დიდ ყურადღებას იპყრობს. ანტარქტიკაში მოსალოდნელ ეკოლოგიურ საშიშროებებთან დაკავშირებით ერთ-ერთი გაზეთი აღნიშნავს: „მეცნიერული გამოკვლევები, რომლებიც ჩატარდა შეერთებული შტატების სამეცნიერო ცენტრში, ანვერის კუნძულზე მდებარე პალმერის სადგურში, გვიჩვენებს, რომ მაღალი ულტრაიისფერი გამოსხივება აზიანებს სიცოცხლის უმარტივეს ფორმებს, პლანქტონებსა და მოლუსკებს. ამან კი შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს კვების ჯაჭვში შემავალ მომდევნო რგოლებზე“ (The Canberra Times). მაგრამ, როგორც ჩანს, ბევრი სხვა მეცნიერული ნაშრომი ამ შეხედულებას აბათილებს და ოზონის შრის გათხელებისა და გლობალური თბობისადმი შიშს ფანტავს.

      მაშ, ვინ არის მართალი? როგორც ჩანს, მეცნიერებს ყველა მტკიცების ან არგუმენტის დამტკიცება ან უარყოფა შეუძლიათ. ერთი წიგნი აღნიშნავს: „სულ მცირე, მეცნიერულ ჭეშმარიტებას განსაზღვრავს როგორც გაბატონებული საზოგადოებრივი აზრი, ასევე, აზრებისა და ლოგიკის კარნახი“ (Paradigms Lost). მაიკლ ფუმენტო აჯამებს დიოქსინის საკითხს და ამბობს: „ყველა ჩვენგანი, იმის გათვალისწინებით, თუ ვის ვუსმენთ, ან მოწამვლის პოტენციური მსხვერპლნი ვართ, ან აშკარა დეზინფორმაციისა“.

      მაგრამ, შეუძლებელია ზოგიერთი ცნობილი მეცნიერული კატასტროფის თავიდან აცილება. ამაზე მეცნიერებამ უნდა აგოს პასუხი.

      „უდიდესი ტრაგედია“

      1948 წლის 29 აგვისტოს გამოიცა „ცნობა ინტელექტუალებისთვის“, რომელშიც ალბერტ აინშტაინი თავის აზრს გამოთქვამდა მეცნიერების ნაკლებად მიმზიდველი მხარეების შესახებ: „მწარე გამოცდილებით მივხვდით, რომ რაციონალური აზროვნება არ კმარა საზოგადოებრივი პრობლემების გადასაჭრელად. მეცნიერულ კვლევა-ძიებასა და დიდ მეცნიერულ შრომას ხშირად კაცობრიობისთვის უბედურება მოჰქონდა. . . იქმნებოდა საშუალებები, რომლებიც ადამიანების მასობრივ განადგურებას იწვევდა. ეს ნამდვილად უდიდესი ტრაგედიაა!“

      ერთ-ერთი სააგენტოს უახლეს ცნობაში ვკითხულობთ: „ბრიტანეთი უშვებს რადიაციის შემოწმებას ადამიანებზე“ (Associated Press). ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ თითქმის 40 წელია, რაც მთავრობა ადამიანებზე რადიაციის ექსპერიმენტებს ატარებს. ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტი იყო ატომური ბომბის შემოწმება მარალინგაში (სამხრეთ ავსტრალია), 50-იანი წლების შუა პერიოდში.

      სახელი მარალინგა ადგილობრივი მოსახლეობის ენაზე „ქუხილს“ ნიშნავს; ეს იზოლირებული მხარე იდეალური ადგილი იყო ბრიტანეთის მეცნიერული ექსპერიმენტებისთვის. პირველი აფეთქების შემდეგ ეიფორია უსაზღვრო იყო. მელბურნის ერთ-ერთი გაზეთი წერდა: „როცა [რადიოაქტიური] ღრუბელი გაიფანტა, სატვირთო მანქანებისა და ჯიპების კოლონამ წამოიყვანა ბრიტანელი, კანადელი, ავსტრალიელი და ახალ ზელანდიელი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც აფეთქების წერტილიდან 8 კილომეტრის მოშორებით მდებარე თავშესაფრებიდან უყურებდნენ აფეთქებას. ყველას სახე უღიმოდა. თითქოს პიკნიკიდან ბრუნდებოდნენ“.

      ბრიტანეთში გამომავალი გაზეთის მეცნიერ-კორესპონდენტმა, ჩაპმენ პინშერმა, სიმღერაც კი დაწერა სათაურით: „ვნატრობთ სოკოსებრ ღრუბელს“. ამასთან ერთად, სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ შემოწმება გეგმის თანახმად მიმდინარეობდა და ავსტრალიის არც ერთ მოსახლეს არ შეუქმნიდა საფრთხეს. მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ გაქრა ღიმილი რადიაციით მომაკვდავი ადამიანების სახეებიდან. ამის შემდეგ მრავალმა მოითხოვა ანაზღაურება. აღარავინ ‘ნატრობდა სოკოსებრ ღრუბელს’! მარალინგა მხოლოდ ერთ-ერთია რადიაციით დაბინძურებულ ტერიტორიათაგან.

      როგორც ჩანს, ამ შემთხვევას ძალიან წააგავს ატომური ბომბის შემოწმების ექსპერიმენტი, რომელიც ნევადაში (აშშ) ჩატარდა. ზოგი თვლის, რომ ეს პოლიტიკას ეხება და მეცნიერების შეცდომა არ არის. რობერტ ოპენჰაიმერმა, რომელიც ხელმძღვანელობდა პირველი ამერიკული ატომური ბომბის შექმნას ლოს-ალამოსში (ნიუ-მექსიკო), თქვა: „მეცნიერების მოვალეობა არ არის იმის განსაზღვრა, უნდა გამოიყენონ თუ არა წყალბადის ბომბი. ეს პასუხისმგებლობა ამერიკელ ხალხსა და მათ მიერ არჩეულ წარმომადგენლებს ეკისრებათ“.

      სხვა სახის ტრაგედია

      მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მედიცინაში სისხლის უფრო მეტად გამოყენება დაიწყეს. მეცნიერება მას მხსნელად მიიჩნევდა და აცხადებდა, რომ მისი გამოყენება უსაფრთხო იყო. მაგრამ შიდს-ის გაჩენამ თვითდაჯერებულობა შეურყია მედიცინის სამყაროს. მოულოდნელად, თითქოს მხსნელი სითხე ზოგისთვის მკვლელი გახდა. სიდნეის (ავსტრალია) მთავარი საავადმყოფოს ადმინისტრატორმა „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტს უთხრა: „ათწლეულების განმავლობაში იმ სითხის გადასხმას ვაწარმოებდით, რომლის შესახებაც ცოტა ვიცოდით. არც კი იყო ცნობილი ის დაავადებები, რომლებიც მას გადაჰქონდა. არ ვიცით კიდევ რას შეიცავს სისხლი, რომელსაც ვუსხამთ, რადგან არ შეგვიძლია იმის შემოწმება, რაც არ ვიცით“.

      განსაკუთრებით საუბედურო აღმოჩნდა უშვილო ქალების მკურნალობისთვის სომატოტროპინის გამოყენება. ქალები მოელოდნენ, რომ ცხოვრებაში უდიდესი ნატვრა აუხდებოდათ — ბავშვი ეყოლებოდათ — და ამგვარ მკურნალობას წყალობად მიიჩნევდნენ. იდუმალებით იყო მოცული წლების შემდეგ ზოგი მათგანის დაღუპვა კრეიცფელდტ-იაკობის დაავადებით (კიდ-ი), რომელიც ტვინის გადაგვარებას იწვევს. ბავშვები, რომლებსაც ნელი ზრდის გამო იმავე ჰორმონით მკურნალობდნენ, დაიღუპნენ. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მეცნიერებმა ჰორმონი მკვდარი ადამიანების ლორწოვანი ჯირკვლებიდან მოიპოვეს. როგორც ჩანს, ზოგი გვამი ატარებდა კიდ-ის ვირუსს და ჰორმონების ჯგუფიც ინფიცირებული გახდა. კიდევ უფრო ტრაგიკული კი ის ფაქტია, რომ ზოგი ქალი, რომელიც ამ ჰორმონით მკურნალობდა, დონორი გახდა მანამ, სანამ კიდ-ის ვირუსის სიმპტომები აღმოაჩნდებოდათ. რადგან შემოწმება შეუძლებელია, არსებობს საშიშროება, რომ დაკონსერვებული სისხლი ამ ვირუსს შეიცავს.

      ყველა მეცნიერება გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული. ამიტომ, გასაკვირი არ არის, როდესაც ერთ-ერთი წიგნი აღნიშნავს, რომ მეცნიერებას „უყურებენ შიშნარევი აღტაცებითა და იმედნარევი სასოწარკვეთილებით; მას აგრეთვე მიიჩნევენ თანამედროვე სამრეწველო საზოგადოების სხვადასხვა უბედურების წყაროდაც და ამ უბედურებების თავიდან მოშორების საშუალებადაც“ (The Unnatural Nature of Science).

      მაგრამ როგორ შეიძლება პირადი რისკის შემცირება? როგორ შეგვიძლია გაწონასწორებული თვალსაზრისი შევინარჩუნოთ მეცნიერებასთან დაკავშირებით? შემდეგი სტატია დაგვეხმარება ამის გაგებაში.

  • როგორ რეაგირებ მეცნიერულ ცნობებზე?
    გამოიღვიძეთ! — 1998 | მარტი 8
    • როგორ რეაგირებ მეცნიერულ ცნობებზე?

      მეცნიერებას დიდი სიძნელეების წინაშე აყენებს არა მხოლოდ ახალი, არამედ აგრეთვე დიდი ხნის წინ არსებული დაავადებები, რომლებმაც კვლავ თავი იჩინა. ადამიანები, რომელთაც განკურნების იმედი აქვთ დაკარგული, დიდ ყურადღებას აქცევენ მეცნიერულ ცნობებს. სიკვდილის შიშის გამო, ბევრი ახლად აღმოჩენილი, თითქოს სასწაულებრივი პრეპარატების გასინჯვას ცდილობს; ხანგრძლივი შედეგები ხშირად საეჭვოა.

      მეცნიერება ბევრჯერ დაეხმარა დატანჯულ ადამიანებს, რათა უკეთესი ცხოვრებით დამტკბარიყვნენ. აღსანიშნავია ქირურგიული მეთოდები, რომლებიც სისხლის გადასხმის რისკს გამორიცხავს. მეცნიერებისა და ტექნიკის საშუალებით კაცობრიობა წარმოუდგენელს აღწევს. ერთ დროს სამეცნიერო ფანტასტიკა დღეს ყოველდღიურ რეალობად იქცა. თუმცა, ყველა სახის მეცნიერება კაცობრიობის უდიდესი გაჭირვებით აღძრული და სხვებზე უანგარო ზრუნვით როდია განმსჭვალული.

      ვისგან არის ეს ცნობები?

      როგორც ადრე იყო მოხსენიებული, მეცნიერთა უმრავლესობა ფულადი მოგებით არის დაინტერესებული, რაშიც მათ მხარს უჭერენ გავლენიანი პირები. ამიტომ სანამ დასკვნას გამოიტანდე ან აღფრთოვანდებოდე რაიმე ახალი მეცნიერული აღმოჩენით, ჯერ საკუთარ თავს ჰკითხე: „ვისგან არის ეს ცნობები?“ ისწავლე ფარული გეგმების ამოცნობა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ პრესა და ტელევიზია წარმატებით ავრცელებს სენსაციურ ცნობებს. ზოგი გამომცემლობა ყოველ ღონეს ხმარობს იმისათვის, რომ გაზეთები გაასაღოს. სენსაციური ცნობები დროდადრო ზოგ ავტორიტეტულ ჟურნალშიც კი ჩნდება.

      ხშირად მეცნიერებასა და საინფორმაციო საშუალებებს მტრულ-მოყვრული ურთიერთობა აქვთ. ერთი მხრივ, პრესასა და ტელევიზიას შეუძლია პოპულარული გახადოს მეცნიერება, მაგრამ, მეორე მხრივ, „მეცნიერები ხშირად ცდილობენ საინფორმაციო საშუალებების მართვას იმით, რომ, თუ თვითონ არ გადაათვალიერებენ და შეამოწმებენ მასალას გამოქვეყნებამდე, უარს ამბობენ ინტერვიუს მიცემაზე. გაზეთების კორესპონდენტებს ეშინიათ ეგოისტური ინტერესების მქონე მეცნიერთა ცენზურისა და გული არ მიუწევთ, აჩვენონ მათ თავიანთი სტატიები, თუმცა ხშირად დეტალურ სიზუსტეს მეცნიერთა დახმარებით ადგენენ“, — წერს თავის წიგნში დოროთი ნელკინი (Selling Science).

      თავისი თვალსაზრისის დასამტკიცებლად მას მაგალითები მოჰყავს: „მეცნიერული მიღწევები, რომელთა შესახებაც პრესა გვაუწყებს, იმედებს აღუძრავს სასოწარკვეთილ ხალხს. . . პაციენტები [პოპულარული ჟურნალების] უახლესი ნომრებით მიდიან თავიანთ ექიმებთან და უახლეს მკურნალობას ითხოვენ“. შემდეგ დოროთი ნელკინს მოჰყავს მაგალითი, როდესაც გაზეთის რედაქტორმა მსოფლიო ჯანდაცვისა და შრომითი რესურსების საერთაშორისო სპეციალური ჯგუფის ხელმძღვანელს ჰკითხა: „როგორ ფიქრობთ, შეუძლიათ აფრიკელ ექიმბაშებს ეფექტური მკურნალობის დანიშვნა?“ მან კი უპასუხა: „ალბათ შეუძლიათ, რადგან მოსახლეობას მათდამი დიდი ნდობა აქვს“. მაგრამ როგორ იყო დასათაურებული სტატია, რომელიც მეორე დღეს გამოქვეყნდა? „გაეროს ექსპერტი უფრო მეტ ექიმბაშებს უხმობს!“

      ნელკინის თქმით, სამწუხაროდ, დღეს უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამყარებს იმედს გაზეთებსა და ჟურნალებზე, რომლებიც ინფორმაციას აწვდის მათ ახლანდელ მეცნიერებაზე. ბევრისთვის, ვისაც არ უყვარს ან ვინც არ იცის კითხვა, ტელევიზორი წარმოადგენს ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროს.

      გაწონასწორებული თვალსაზრისი მეცნიერებასთან დაკავშირებით

      მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერების ტრიუმფებს ხალხისთვის სარგებლობა მოაქვს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეცნიერები მხოლოდ ადამიანები არიან. ისინი ვერსად წაუვლენ ცდუნებასა და კორუფციას. მათი მოტივები არ არის ყოველთვის კეთილშობილური. მართალია, მეცნიერებას სათანადო ადგილი უკავია მსოფლიოში, მაგრამ ის სიბნელისკენ მიმავალ საზოგადოებას გზას შეუცდომლად ვერ უნათებს.

      ერთი ჟურნალი შენიშნავს: „მეცნიერების ისტორია გვიჩვენებს, რომ რა დიდებულადაც არ უნდა გვეჩვენებოდნენ მოწინავე მეცნიერები. . . ისინი შეცდომებისგან არ არიან დაზღვეულნი“ (Speculations in Science and Technology). ფაქტობრივად, ზოგი ნამდვილად ცდება.

      ამ სტატიებში მოყვანილი მიზეზების გამო, არ იქნება გონივრული, თუ ქრისტიანები მხარს დაუჭერენ მეცნიერულ უთანხმოებებს ან გაავრცელებენ დაუმტკიცებელ თეორიებს. მაგალითად, ზოგი შეიძლება ელექტრომაგნეტიზმისადმი შიშმა შეიპყროს. შემდეგ, მათ შეიძლება კეთილი განზრახვით წააქეზონ სხვები, თავიდან მოიცილონ მიკროტალღური ქურები, ელექტროსაბნები და სხვა ამგვარი ნივთები. რა თქმა უნდა, ნებისმიერს შეუძლია არჩევანი გააკეთოს ისე, რომ სხვებმა არ გააკრიტიკონ. მაგრამ მსგავსი უფლებით უნდა სარგებლობდნენ ისინიც, ვისაც განსხვავებული არჩევანი ექნება. ასე რომ, გონივრულია, ვერიდოთ სენსაციების გავრცელებას. მრავალი უჩვეულო მტკიცების ჭეშმარიტება ჯერ კიდევ დასამტკიცებელია. თუ ზოგიერთი ამ მტკიცებათაგანი საბოლოოდ დაუსაბუთებელი ან არასწორიც კი აღმოჩნდება, მათი დამცველები მხოლოდ უგუნურებად კი არ გამოჩნდებიან, არამედ ძალაუნებურად ზიანს მოუტანენ სხვებს.

      საჭიროა კეთილგონიერება

      როგორ უნდა რეაგირებდეს ქრისტიანი საინფორმაციო საშუალებებით სენსაციის დონეზე გადმოცემულ მეცნიერულ ცნობებზე? უპირველეს ყოვლისა, შეამოწმეთ, რაზე მახვილდება მასში ყურადღება. რა მიზანი აქვს სტატიას ან ცნობას? მეორე, წაიკითხეთ მთელი სტატია. სენსაციური სათაური შეიძლება არც კი შეესაბამება სტატიას. მესამე, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეამოწმეთ სტატიის ავტორების ადრინდელი მიღწევები. სინამდვილეს შეეფერება, რასაც ისინი ამბობენ? ფარული გეგმები ხომ არ ამოძრავებთ? (რომაელთა 3:4).

      შეიძლება ითქვას, რომ მეცნიერები თვითონ არიან დამნაშავენი, თუ მათ სკეპტიკურად უყურებენ. რწმენა იმისა, რომ ზოგი მეცნიერი მიუკერძოებლად იკვლევს ჭეშმარიტებას, განელდა. მეცნიერება ჩვენი მსოფლიოსა და სამყაროს შეცნობის შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა. მაგრამ წინასწარმეტყველებები მეცნიერებაზე დამყარებული ახალი მსოფლიოს შესახებ შიშის მომგვრელი და შემაწუხებელი უფროა, ვიდრე იმედის მომცემი.

      ზოგი სპეციალისტი გვაფრთხილებს ავისმომასწავებელი მომავალი უბედურებების შესახებ. ნობელის პრემიის ლაურეატმა, ბრიტანელმა ფიზიკოსმა, ჯოზეფ როტბლატმა, გულისტკივილი გამოთქვა: „მადარდებს, რომ სხვა მეცნიერულმა მიღწევებმა შეიძლება შექმნას მასობრივი განადგურების სხვა სახის საშუალებები, რომლებიც შეიძლება ბირთვულ იარაღზე მეტად იყოს ხელმისაწვდომი. მასობრივი განადგურება შეიძლება გამოიწვიოს გენურმა ინჟინერიამ, რადგან იგი დიდ აღმავლობას განიცდის“. ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორმა, ბენ სელინგერმა, ისაუბრა მოსალოდნელ პრობლემებზე: „ჩემი აზრით, შემდგომი კრიზისი მოსალოდნელია გენურ ინჟინერიაში. მაგრამ ვერ გეტყვით თუ რა, როგორ და როდის“.

      ღვთის სიტყვა, ბიბლია, კი სარწმუნო და სანდო ‘სინათლეა ჩვენი ბილიკისთვის’. მას მივყავართ გაწმენდილ დედამიწაზე ღვთის სამეფოს მმართველობისას მშვიდობიანი მომავლისკენ, კარგი ჯანმრთელობისა და მსოფლიო ერთიანობისკენ (ფსალმუნი 118:105; გამოცხადება 11:18; 21:1–4).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება