საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ჰქონდა თუ არა სამყაროს დასაწყისი?
    გამოიღვიძეთ! — 1999 | ივლისი 8
    • ჰქონდა თუ არა სამყაროს დასაწყისი?

      მოციმციმე ვარსკვლავებით მოჭედილი ცის კაბადონი უკვე საუკუნეებია, რაც ადამიანთა მზერას ატყვევებს და საგონებელში აგდებს მათ. განუმეორებელი სამყაროს უსასრულობა და მოწიწების მომგვრელი სიდიადე ყოველგვარი აღქმის უნარს აღემატება. ვინ ან რამ შექმნა ეს ყველაფერი? რატომ არსებობს? ყოველთვის არსებობდა თუ დასაწყისი ჰქონდა?

      ასტრონომიის პროფესორი დეივიდ ბლოკი შენიშნავს: „ის აზრი, რომ სამყარო მუდამ კი არ არსებობდა, არამედ დასაწყისი ჰქონდა, ყოველთვის არ სარგებლობდა დიდი მოწონებით“. მაგრამ ბოლო ათწლეულებში სამყაროს შემსწავლელ მეცნიერთა უმეტესობა დაგროვილმა ფაქტებმა იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ მას მართლა უნდა ჰქონოდა დასაწყისი. «დღეს თითქმის ყველა ასტროფიზიკოსი მიიჩნევს, [რომ] სამყაროს საწყისი მისცა „დიდმა აფეთქებამ“, რომელმაც მატერია ყველა მიმართულებით გატყორცნა», — იუწყებოდა „იუ. ეს. ნიუზ ენდ უორლდ რიპორტი“ 1997 წელს.

      ამ საყოველთაოდ მიღებული შეხედულების შესახებ კოლუმბიის უნივერსიტეტის ასტრონომიისა და გეოლოგიის პროფესორი რობერტ იასტროვი ამბობს: „მხოლოდ რამდენიმე ასტრონომს თუ ექნებოდა იმის მოლოდინი, რომ ეს მოვლენა — სამყაროს უეცარი გაჩენა — დამტკიცებული მეცნიერული ფაქტი გახდებოდა, მაგრამ ტელესკოპებით ცაზე დაკვირვებამ მრავალი მიიყვანა ამ დასკვნამდე“.

      მართლა „დამტკიცებული მეცნიერული ფაქტია სამყაროს უეცარი გაჩენა“? ამაში დასარწმუნებლად შეგვიძლია ისტორიულ ცნობებს გადავავლოთ თვალი.

      ფაქტები, რომლებიც დასაწყისზე მეტყველებს

      1916 წელს ალბერტ აინშტაინის მიერ გამოქვეყნებული ფარდობითობის ზოგადი თეორიის მიხედვით ძალაუნებურად გამოდიოდა, რომ სამყარო ან ფართოვდებოდა, ან იკუმშებოდა. მაგრამ ეს აზრი სავსებით ეწინააღმდეგებოდა იმხანად გაბატონებულ შეხედულებას, რომ სამყარო სტატიკური (უმოძრაო) იყო, რაც მაშინ აინშტაინსაც სჯეროდა. ამგვარად, ის იძულებული გახდა, თავის გამოთვლებში ახალი სიდიდე შემოეტანა, რასაც „კოსმოლოგიური კონსტანტა“ უწოდა. ამგვარი ცვლილებების შეტანით ის ცდილობდა, თავისი თეორია მოერგო იმ გაბატონებული მრწამსისთვის, რომ სამყარო სტატიკური და უცვლელი იყო.

      მაგრამ 20-იანი წლებისთვის დაგროვილმა უტყუარმა ფაქტებმა აინშტაინი გამოტეხა, რომ ფარდობითობის თეორიაში შეტანილი ცვლილება მისი „ყველაზე უხეში შეცდომა“ იყო. ამ უტყუარი მონაცემების მოპოვება კი მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც კალიფორნიაში, მაუნტ-უილსონის ობსერვატორიაში 254 სმ დიამეტრის სარკის მქონე გიგანტური ტელესკოპი დაამონტაჟეს. 20-იან წლებში ამ ტელესკოპით მოხდენილმა დაკვირვებებმა ცხადყო, რომ სამყარო ფართოვდებოდა!

      მანამდე კი, თვით უდიდესი ტელესკოპებითაც, მხოლოდ ცალკეული ვარსკვლავების გარჩევა შეეძლოთ ჩვენსავე გალაქტიკაში — ირმის ნახტომში. თუმცა მეცნიერები ნისლეულებად წოდებულ მკრთალად მნათ ლაქებსაც ამჩნევდნენ, მათ, უმეტესწილად, ჩვენსავე გალაქტიკაში არსებულ გაზოვან ღრუბლებად მიიჩნევდნენ. მაგრამ ზემოხსენებული გაცილებით მძლავრი ტელესკოპის მეშვეობით ედუინ ჰაბლმა ამ ნისლეულებში ცალკეული ვარსკვლავები გაარჩია. ამგვარად, გამოირკვა, რომ მკრთალად მნათი ლაქები სხვა არაფერი იყო, თუ არა ირმის ნახტომის მსგავსი სხვა გალაქტიკები. დღევანდელი მონაცემებით, სამყაროში 50-დან 125 მილიარდამდე გალაქტიკაა, თითოეული თავისი ასეულ მილიარდობით ვარსკვლავითურთ.

      20-იანი წლების მიწურულს ჰაბლმა ისიც აღმოაჩინა, რომ გალაქტიკები გვცილდებიან; და რაც უფრო შორს არიან ჩვენგან, მით უფრო სწრაფად გვცილდებიან. დაცილების სიჩქარეს ასტრონომები სპექტროგრაფის მეშვეობით ადგენენ, რომელიც ციური სხეულების სინათლიდან მიღებული სპექტრის ანალიზს ახდენს. შორეული ვარსკვლავებიდან მოღწეულ სინათლეს პრიზმაში ატარებენ, რის შედეგადაც ის სპექტრის სხვადასხვა ფერის კომპონენტად იშლება.

      დაშორებადი სხეულიდან მიღებული სპექტრის ხაზები სპექტრის წითელი ბოლოსკენ არის წანაცვლებული. ამ მოვლენას წითელი წანაცვლება ეწოდება. ხოლო მოახლოებადი სხეულის სპექტრის ხაზები ლურჯი ბოლოსკენ წაინაცვლებს, რასაც ლურჯი წანაცვლება ეწოდება. საყურადღებოა, რომ რამდენიმე მახლობელი გალაქტიკის გარდა, ყველა სხვა ჩვენთვის ცნობილი გალაქტიკა სპექტროგრაფში წითელ წანაცვლებას ამჟღავნებს. მეცნიერები ამდაგვარად ადგენენ, რომ სამყარო მოწესრიგებულად ფართოვდება. შესაძლებელია გაფართოების ტემპის განსაზღვრაც, იმისდა მიხედვით, რამდენად არის სპექტრის ხაზები სპექტრის წითელი ბოლოსკენ წანაცვლებული.

      და მაინც, რაზე უნდა მეტყველებდეს ის ფაქტი, რომ სამყარო ფართოვდება? მოდი, როგორც ერთი მეცნიერი გვირჩევს, წარმოვიდგინოთ გაფართოების უკუპროცესი, ანუ ის კადრი, რომელზეც გაფართოებადი სამყაროა აღბეჭდილი, გონებაში უკან დავატრიალოთ. ჩვენს წინაშე სამყაროს განვითარების ადრეული ეტაპი გადაიშლება. გაფართოების ნაცვლად სამყარო შემჭიდროვდება, შეიკუმშება. ბოლოს კი ერთ საწყის წერტილს დაუბრუნდება.

      გამოჩენილი ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი თავის წიგნში, რომელიც 1993 წელს გამოაქვეყნა, წერდა: „მეცნიერებას გაბედულად შეეძლო ეწინასწარმეტყველა, რომ სამყაროს დასაწყისი ჰქონდა“ (Black Holes and baby Universes and Other Essays).

      მაგრამ რამდენიმე წლის წინათ ბევრი არ იზიარებდა შეხედულებას, რომ სამყაროს დასაწყისი ჰქონდა. მაგალითად, სახელოვანი მეცნიერი ფრედ ჰოილი არ ეთანხმებოდა წარმოდგენას იმის თაობაზე, რომ სამყარო წარმოიქმნა ისეთი მოვლენის წყალობით, რასაც ის ირონიულად უწოდებდა „დიდ აფეთქებას“. სხვა ყველაფერთან ერთად ჰოილი იმასაც ამტკიცებდა, რომ, თუ სამყაროს ასეთი დინამიკური დასაწყისი ექნებოდა, მაშინ ამ მოვლენის კვალი სადღაც მაინც უნდა შემონახულიყო კოსმოსში. სადღაც მაინც უნდა შემორჩენილიყო სუსტი გამოსხივება. რა შედეგით დასრულდა ასეთი რელიქტური გამოსხივების ძიება?

      „ნიუ-იორკ ტაიმზის“ 1998 წლის 8 მარტის ნომერი იუწყებოდა, რომ 1965 წლისთვის „ასტრონომებმა არნო პენზიასმა და რობერტ უილსონმა ყველგან არსებული რელიქტური გამოსხივება აღმოაჩინეს — ნაშთი თავდაპირველი აფეთქების თანმხლები ძლიერი სითბური გამოსხივებისა“. სტატია დასძენდა: «[„დიდი აფეთქების“] თეორია შეურყეველი აღმოჩნდა».

      მაგრამ ამ აღმოჩენიდან მომდევნო წლებში ზოგმა ეჭვი გამოთქვა, რომ, თუ „დიდი აფეთქების“ თეორია უტყუარი იყო, მაშინ რატომ არ შეინიშნებოდა უმნიშვნელო გადახრები გამოსხივების რადიოდიაპაზონში. ასეთი არაერთგვაროვნება გამოწვეული უნდა ყოფილიყო სამყაროში შედარებით გრილი და შემკვრივებული უბნების არსებობით, სადაც მატერიის შეკავშირება იქნებოდა შესაძლებელი, და რის გარეშეც გალაქტიკების ფორმირება შეუძლებელი იქნებოდა. პენზიასმა და უილსონმა დედამიწის ზედაპირიდან წარმოებული ექსპერიმენტების მეშვეობით მსგავსი არაერთგვაროვნების გამოვლენა ვერ მოახერხეს.

      ამიტომ 1989 წლის ნოემბერში შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნულმა ადმინისტრაციამ რელიქტური გამოსხივების საკვლევი სპეციალური თანამგზავრი (COBE) გაიყვანა ორბიტაზე. როგორც ამბობენ, მის მიერ გაკეთებული აღმოჩენები განსაცვიფრებელი იყო. პროფესორი ბლოკი განმარტავს: „[თანამგზავრის] ბორტზე არსებული დიფერენციალური სანტიმეტრული დიაპაზონის რადიომეტრის მიერ დაფიქსირებული გამოსხივების სუსტი ნაკადი კოსმოსურ სივრცეში ღრმად ჩაბეჭდილი სწორედ ის არაერთგვაროვანი რადიოსიგნალებია, რომლებიც მილიარდობით წლის წინათ გალაქტიკათა ფორმირების შედეგია“.

      რა უნდა დავასკვნათ?

      რა შეიძლება დავასკვნათ იმ ფაქტიდან, რომ სამყაროს დასაწყისი ჰქონდა? რობერტ იასტროვი ამბობს: «შეგვეძლო თუნდაც „დიდი აფეთქება“ დაგვერქმია ამ პროცესისთვის, მაგრამ არ შევცდებოდით, თუ მას შემოქმედების მომენტს ვუწოდებდით». პენზიასი, რომელიც სამყაროში რელიქტური გამოსხივების აღმოჩენაში მონაწილეობდა, შენიშნავს: „ასტრონომია უნიკალური მოვლენის წინაშე გვაყენებს — სამყარო არაფრისგან იყო შექმნილი“. ხოლო ჯორჯ სმუტი, იმ მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც ზემოხსენებული თანამგზავრის მუშაობას აკონტროლებდა, ამბობს: „რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, სამყაროს წარმოშობას ადასტურებს“.

      გონივრულია დავასკვნათ, თუ სამყაროს დასაწყისი ჰქონდა ან შექმნილი იყო, მაშინ მას უნდა ჰყოლოდა საწყისის მიმცემი, ანუ შემოქმედი? ბევრი ფიქრობს, რომ ეს ასეა. თანამგზავრის მიერ გაკეთებულ აღმოჩენებთან დაკავშირებით სმუტმა განაცხადა: „ეს ისეა, თითქოსდა ღმერთს გავუსწორეთ თვალი“.

      რაღა თქმა უნდა, ბოლო ათწლეულებში მეცნიერების მიერ ზემოთ განხილულ საკითხებზე სინათლის მოფენის გარეშეც, მილიონობით ადამიანს ისედაც ღრმად სწამს ბიბლიის პირველი სიტყვების: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა“ (დაბადება 1:1).

      მაგრამ ყველას როდი სურს ბიბლიის ამ უბრალო სიტყვების ჭეშმარიტება აღიაროს. „ბევრი მეცნიერი ვერ იტანდა იმ აზრს, რომ სამყაროს დასაწყისი ჰქონდა, ესე იგი ვიღაცამ შექმნა“, — შენიშნავს ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი. ისინი „ვერ იტანდნენ არამეცნიერულ საფუძველზე აგებულ თეორიებს, — გვიამბობს მაიკლ ბიჰი, — და სხვა ვარიანტების მოსაძებნად ყოველ ღონეს ხმარობდნენ“.

      ამრიგად, გვაინტერესებს: მართლა თავისით შეიქმნა სამყარო? შემთხვევით გაჩნდა თუ გონიერმა შემოქმედმა შექმნა? ამ საკითხებს მომდევნო სტატიაში გავაშუქებთ.

  • შემთხვევით გაჩნდა თუ ვინმემ შექმნა?
    გამოიღვიძეთ! — 1999 | ივლისი 8
    • შემთხვევით გაჩნდა თუ ვინმემ შექმნა?

      მრავალი მეცნიერი ვერ ეგუება იმ აზრს, რომ სამყარო გონიერმა შემოქმედმა შექმნა და ვარაუდობს, რომ ის როგორღაც თავისთავად წარმოიქმნა. მაგრამ ჯერ არავის აუხსნია, როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო.

      ზუსტად ამის თაობაზე წერდა ჟურნალი „საიენტიფიკ ამერიკენ“ 1999 წლის იანვრის გამოშვებაში: « „დიდი აფეთქების“ თეორია ბოლომდე ვერ ხსნის სამყაროს წარმოშობის საკითხს». შემდეგ კი დასძენდა: „სამყაროს თავდაპირველი წარმოშობის თავსატეხი რომ ამოვხსნათ, მოგვიწევს დამატებით სხვა რაიმე თეორია შევიმუშავოთ, რომელიც კიდევ უფრო ადრინდელ მოვლენებს აღწერს“ (Scientific American).

      ნუთუ გონივრულად მიგაჩნიათ, რომ სამყარო როგორღაც თავისთავად შეიქმნა? ფიზიკოსი ჩარლზ ტაუნზი შენიშნავს: «ფიზიკოსები მართლაც ცდილობენ „დიდი აფეთქების“ მიღმა არსებული მოვლენების განჭვრეტას და ვარაუდობენ, რომ სამყაროს წარმოშობა შესაძლებელია რომელიღაც სახის რყევით იყოს გამოწვეული. მაშინ გვაინტერესებს, საერთოდ რის რყევაზეა ლაპარაკი და თვითონ ეს რყევა როგორღა უნდა აღმოცენებულიყო? ჩემი აზრით, დასაწყისის პრობლემა ყოველთვის გადაუჭრელი რჩება, თუ მხოლოდ მეცნიერული კუთხით ვუდგებით».

      დღეს უკვე საყოველთაოდ მიღებულია, რომ სამყარო ოდესღაც არ არსებობდა და მას როგორღაც მიეცა დასაბამი. შესაძლებელია თუ არა, რომ ის, რაც სამყაროში მოქმედი კანონების შესახებ შეისწავლეს, ამ ყველაფრის გაგებაში დაგვეხმაროს?

      მასისა და ენერგიის ურთიერთკავშირი

      „მატერია ენერგიის ერთ-ერთი ფორმაა“, — ვკითხულობთ „საიენტიფიკ ამერიკენში“. მატერიასა და ენერგიას შორის არსებული კავშირი აინშტაინის ცნობილ ფორმულაში იქნა ნაჩვენები E=mc2 (ენერგია უდრის მასა გამრავლებული სინათლის სიჩქარის კვადრატზე). ეს განტოლება გვიჩვენებს, რომ მცირეოდენი მასა ან მატერია წარმოუდგენლად დიდძალი ენერგიის წყაროა. „ამიტომ არის, რომ ფორთოხლის ზომის ბომბს მთლიანი ქალაქის გაცამტვერება შეუძლია“, — შენიშნავს უნივერსიტეტის პროფესორი ტიმოთი ფერისი.

      მაგრამ, თუ მეორე კუთხით მივუდგებით, აინშტაინის თეორიის თანახმად ენერგიის მატერიად გადაქცევაც შესაძლებელია. დასაშვებია, რომ მატერიალური სამყაროს ფორმირებაც სწორედ იმ პროცესმა გამოიწვია, რასაც ერთმა კოსმოლოგმა უწოდა „მატერიისა და ენერგიის ყველაზე შთამბეჭდავი ურთიერთგარდაქმნა, რომელიც კი ოდესმე წარმოგვიდგენია“.

      საიდან წარმოიქმნა ასეთი „ურთიერთგარდაქმნისთვის“ აუცილებელი მატერია და ენერგია? მეცნიერებას დამაკმაყოფილებელი პასუხი არ გააჩნია ამ კითხვაზე. მაგრამ საინტერესოა, რას ამბობს ბიბლია ღვთის შესახებ: „[ციურ სხეულთაგან] არავინ დააკლდება ძალამოსილს და ყოვლადძლიერს“ (ესაია 40:26). როგორც უნდა შეექმნა ღმერთს სამყარო, მას ნამდვილად ექნებოდა საამისო ენერგია და ძალა.

      გვაძლევს მეცნიერება საფუძველს იმაში დასარწმუნებლად, რომ სამყარო უმაღლესმა ინტელექტმა შექმნა? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად გამოვიკვლიოთ სამყაროს წარმოქმნის თავისებურებები.

      მოწესრიგებული დასაწყისი

      შეგვიძლია ერთ რამეს დავუფიქრდეთ: ატომური ბომბის აფეთქებისას მატერიის უკონტროლო გარდაქმნა ენერგიად ქაოსს წარმოშობს, რაც იაპონიაში 1945 წელს მსგავსი ბომბების აფეთქებით გამოწვეულმა ნაგასაკის უმეტესი ნაწილისა და ჰიროსიმას მასიურმა განადგურებამ დაგვანახვა. მაგრამ ქაოსისგან სრულიად საპირისპიროდ, სამყარო ჰარმონიული და თვალწარმტაცია! ჩვენი საკვირველი დედამიწაც სავსეა სიცოცხლის საოცარი მრავალფეროვნებით. ცხადია, გონივრული ხელმძღვანელობისა და დარეგულირების გარეშე ისინი ვერ გაჩნდებოდნენ!

      „ნიუსუიკის“ 1998 წლის 9 ნოემბრის ნომერმა სამყაროს შექმნასთან დაკავშირებით გაკეთებული აღმოჩენები გააშუქა. როგორც ჟურნალი იუწყებოდა, ფაქტები «მიგვანიშნებს, რომ მატერიისა და მოძრაობის წარმოშობა უფრო მოსალოდნელია, როგორც დაბადებაში [ბიბლიის წიგნი] ვკითხულობთ, „ექს ნიჰილოდან“ ანუ არაფრისგან მოხდა, სინათლისა და ენერგიის გასაოცარი, მეყსეული „აფეთქების“ შედეგად». ვნახოთ, რა მიზეზით მოიშველია „ნიუსუიკმა“ ბიბლიური ცნობა სამყაროს წარმოშობის თაობაზე:

      «ამოქმედებული ძალები იყვნენ და ახლაც არიან საოცრად (იქნებ სასწაულებრივადაც?) გაწონასწორებული: „დიდი აფეთქება“ ოდნავ ნაკლები ძალითაც რომ მომხდარიყო, მაშინ სამყაროს გაფართოების ტემპი შედარებით ნელი იქნებოდა და კოლაფსირება მალევე (რამდენიმე მილიონი წლის შემდეგ ან რამდენიმე წუთშიც კი, — ნებისმიერ შემთხვევაში მალე) დაემართებოდა. ხოლო, თუ აფეთქება ოდნავ უფრო ძლიერი იქნებოდა, სამყარო იმდენად გაიფანტებოდა, რომ ვარსკვლავების დაჯგუფება შეუძლებელი გახდებოდა. იმის ალბათობა, რომ თითქოსდა ეს ყველაფერი შემთხვევით წარმოიქმნა, უსაშველოდ მცირეა. „დიდი აფეთქების“ დროს მატერია-ენერგიასა და სივრცის მოცულობას შორის არსებული თანაფარდობა პროცენტის დაახლოებით მეკვადრილიონედი ნაწილის ზღვარს რომ გადაცდენოდა, იდეალური თანაფარდობა დაირღვეოდა».

      ბოლოს „ნიუსუიკი“ აზრს გამოთქვამდა, რომ როგორც მუსიკალურ ინსტრუმენტს ესაჭიროება აწყობა, სამყაროსაც უნდა ჰყოლოდა თავისი „ამწყობი“ და შენიშნავდა: «სცადეთ „ტონალობის“ სულ უმნიშვნელოდ შეცვლა [სამყაროში] (როგორც ზემოთ მოვიხსენიეთ, ცდომილების დასაშვები ზღვარი პროცენტის მეკვადრილიონედ ნაწილს უდრიდა), . . . და ნახავთ, რომ ამას არა მარტო დისჰარმონია მოჰყვება, არამედ მარადიული ენტროპია (უწესრიგობა) და გამყინვარება. ამრიგად, საინტერესოა რა ან ვინ იყო დიდებული „ამწყობი“?».

      ასტროფიზიკოსმა ალან ლაიტმენმა აღიარა, რომ მეცნიერებისთვის „საიდუმლოებას წარმოადგენს ის, რომ სამყარო ასე უმაღლესად მოწესრიგებულ მდგომარეობაში შეიქმნა“. შემდეგ დასძინა: „ნებისმიერმა წარმატებულმა კოსმოლოგიურმა თეორიამ საბოლოოდ უნდა ამოხსნას ეს ენტროპიული ამოცანა“ — რატომ არ გადავიდა სამყარო ქაოსურ მდგომარეობაში.

      რატომ გაურბიან ღმერთს?

      დაეთანხმებოდით იმ აზრს, რომ „უმაღლესად მოწესრიგებული მდგომარეობა“ ამ ყველაფრის ორგანიზატორზე მოწმობს? ბევრი იზიარებს მსგავს შეხედულებას. მაგრამ ათეისტებს არ სურთ ამის დაჯერება. რატომ? რატომ და რწმენის გამო! პროფესორი ფერისი შენიშნავს: „მოდი შევეგუოთ იმას, რომ ათეიზმი ისეთივე რწმენაა, როგორც ყველა სხვა“. და როგორც ის ამტკიცებდა, უმჯობესი იქნებოდა, „თუ ღმერთს კოსმოლოგიიდან საერთოდ გამოვრიცხავდით“.

      თუმცა წინააღმდეგობებს აწყდებიან, ამგვარად მაინც ბევრი აზროვნებს. ასტრონომიის პროფესორმა ჯორჯ გრინსტაინმა მას შემდეგ, რაც უამრავი ფაქტი შენიშნა, რომლებიც სამყაროს შექმნის დამადასტურებლად შეიძლებოდა მიჩნეულიყო, დაწერა: «დავრწმუნდი, რომ ასეთი „დამთხვევები“ ძალზედ საეჭვოა, შემთხვევით მომხდარიყო». მიუხედავად ამისა, გრინსტაინი ამტკიცებს: „ამას ღვთის არსებობით მაინც ვერ ავხსნიდით“. ასე რომ, ზოგი მეცნიერი ყოველ ღონეს ხმარობს, ოღონდაც კი ტრადიციული მეცნიერული მრწამსი შეინარჩუნოს.

      მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წლებში სახელოვან ფიზიკოსს ფრედ ჰოილს ასეთი „რწმენა“ შეერყა. 80-იან წლებში ის გამოტყდა: „ფაქტების გონივრულად გაანალიზება გვაფიქრებინებს, რომ უმაღლესი ინტელექტი ჩარეულა როგორც ფიზიკაში, ისე ქიმიასა და ბიოლოგიაში, და ბუნებაში რაღაც შემთხვევით, ბრმა ძალებზე ლაპარაკი საერთოდ არ ღირს. ციფრები, რომლებსაც ფაქტები გვთავაზობს, იმდენად ზუსტი და შთამბეჭდავია, რომ მზად ვარ ეს დასკვნა თითქმის ყოველგვარი ეჭვის გარეშე გამოვიტანო“.

      საინტერესოა, რომ თანამედროვე მეცნიერული კვლევა-ძიების ეპოქის ჯერ კიდევ გარიჟრაჟზე სერ ისააკ ნიუტონმაც მსგავსი დასკვნები გამოიტანა. თავის მიერ გაკეთებული აღმოჩენების შემდეგ მან დაწერა: „მზის, პლანეტებისა და კომეტების ეს უმშვენიერესი სისტემა, მხოლოდ გონიერი და ძლევამოსილი არსების განზრახვითა და ძალაუფლებით უნდა წარმოქმნილიყო“.

      ვნახოთ, რას მიაღწიეს ადამიანებმა ნიუტონისა და იოჰანეს კეპლერის მიერ მოძრაობის კანონების აღმოჩენის წყალობით.

      როგორ დაიპყრო ადამიანმა კოსმოსი

      პლანეტათა მოძრაობის კანონები კეპლერმა XVII საუკუნის დასაწყისში ჩამოაყალიბა და როგორც „მსოფლიო ენციკლოპედია“ შენიშნავს, ზუსტად ეს კანონები „გამოიყენება ხელოვნური თანამგზავრების ორბიტებისა და კოსმოსური ხომალდების ფრენის ტრაექტორიის განსასაზღვრავად“. 1687 წელს ნიუტონმაც გამოაქვეყნა თავისი კარგად ცნობილი მოძრაობის კანონები, რომლებიც „კეპლერის კანონებთან ერთად კოსმოსური ფრენის პროექტირების ქვაკუთხედს წარმოადგენს“, — ნათქვამია ამავე ენციკლოპედიაში. რატომ არის ეს კანონები ძალზედ მნიშვნელოვანი?

      ზუსტად ამ კანონების წყალობით, მეცნიერებს შეუძლიათ მათემატიკური გამოთვლები აწარმოონ და დროის მოცემული მომენტისთვის ამა თუ იმ სხეულის მდებარეობა განსაზღვრონ სივრცეში. მსგავსი გამოთვლების წარმოებას კი ციური სხეულების, მათ შორის მთვარისა და დედამიწის, გეგმაზომიერი, ზუსტად პროგნოზირებადი მოძრაობა განაპირობებს. მაგალითად, დედამიწის გარშემო ორბიტაზე მოძრაობისას მთვარე საათში საშუალოდ 3 700 კილომეტრს ფარავს და გარშემოვლას საოცარი სიზუსტით ასრულებს თვეზე ოდნავ ნაკლებ პერიოდში. მსგავსი სიზუსტითვე ხასიათდება დედამიწის წლიური გარემოქცევა მზის გარშემო, რომლის დროსაც ჩვენი პლანეტა 107 200 კილომეტრს გადის საათში.

      ასე რომ, როდესაც მთვარეზე სურთ ფრენის მოწყობა, დედამიწაზე მყოფი ადამიანები კოსმოსურ ხომალდს სივრცის იმ წერტილში „უმიზნებენ“, სადამდე მისაღწევად თავის ორბიტაზე მოძრავ მთვარეს ჯერ კიდევ ათასობით კილომეტრი აქვს გასავლელი. მრავალრიცხოვანი გამოთვლების წყალობით მათ დანამდვილებით იციან, ზუსტად რომელ წერტილში იქნება მთვარე მათთვის სასურველ დროს. თუ ხომალდსაც საჭირო მიმართულებასა და ძალას მიანიჭებენ, ისიც იმავე ადგილას აღმოჩნდება და მთვარეზე დაჯდომაც წარმატებით დაგვირგვინდება.

      რატომ არის ციური სხეულების მოძრაობის ზუსტი პროგნოზირება შესაძლებელი? დედამიწის გარშემო ორბიტაზე გასულმა პირველმა ამერიკელმა კოსმონავტმა, ჯონ გლენმა, სამყაროში არსებული წესრიგით მოხიბლულმა, წამოიძახა: „განა ეს შემთხვევით მოხდებოდა? . . . ვერ დავიჯერებ!“. შემდეგ დასძინა: „რაღაც ძალამ მოათავსა ყველა თავის ორბიტაზე და დღემდე იქ უკავია“.

      მეცნიერი კოსმოსის დარგში დ-რი ვერნერ ფონ ბრაუნი იმ მოწიწების მომგვრელი კანონებით აღტაცებული, რომლებიც სამყაროს განაგებს, შენიშნავს: „ადამიანის გასვლამ კოსმოსში ჯერჯერობით მოღვაწეობის მხოლოდ ვიწრო ჭიშკარი გაგვიხსნა კოსმოსის უკიდეგანო სივრცეების გამოსაკვლევად. ამ პაწაწინა საჭვრეტელიდან სამყაროს დაუსრულებელ საიდუმლოებებზე დაკვირვება კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს რწმენას მისი შემოქმედის მიმართ“.

      ცნობილი ფიზიკოსი, კემბრიჯის უნივერსიტეტის მათემატიკის ყოფილი პროფესორი პოლ დირაკიც ეთანხმება ამ აზრს: „შეიძლება ყველაფერი აგვეხსნა, თუ ვიტყვით, რომ ღმერთი უმაღლესი რანგის მათემატიკოსია და მან სამყაროს შექმნისას გამოიყენა მათემატიკის ყველაზე პროგრესული ცოდნა“.

      ვინ არის ეს პროფესიონალი მათემატიკოსი, უმაღლესი ინტელექტი, რომელსაც შემოქმედების სასწაულები მიეწერება?

      ვინ არის შემოქმედი?

      უცხო მხარეში მოგზაურობისას მოვლილი გაზონებით გარშემორტყმულ და საუცხოო ბაღებში ჩაფლულ ლამაზ აგარაკს რომ წავწყდომოდით, არასოდეს მოგვივიდოდა აზრად, რომ ის როგორღაც თავისით გაჩნდა. ეს ხომ სრული უგუნურება იქნებოდა. ცხადია, ყველაფერი გამოცდილი მშენებლისა და ხელმარჯვე მებაღის დამსახურება იქნებოდა.

      ასე რომ, ჩვენს გაცილებით უფრო რთულ და გრანდიოზულ სამყაროსაც უთუოდ შემოქმედი ჰყავდა. ის ბიბლიაში გვამცნობს თავის სახელს: «მე ვარ უფალი [„იეჰოვა“, აქ], ეს არის ჩემი სახელი» (ესაია 42:8). ბიბლიიდან ვგებულობთ, რომ ისინი, ვინც მადლიერნი არიან ღვთის საქმეებით, ხოტბას ასხამენ მას: „შენ ღირსი ხარ, უფალო და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე და შენი ნებით იყვნენ და შეიქმნენ“ (გამოცხადება 4:11).

      გარდა იმისა, რომ იეჰოვამ პირადი სახელი უშუალოდ გაუმხილა ადამიანებს, მან თავის სიტყვაში ისიც გაგვიმჟღავნა, თუ რა განზრახვით მოამზადა დედამიწა ადამიანთა საცხოვრებლად. ღვთის საკუთარმა ძემ, იესო ქრისტემ, დაგვარწმუნა, რომ ღვთის სიტყვა სანდოა, როდესაც თქვა: „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოანე 17:17).

      არც თუ ისე დიდი ხნის წინათ ერთი სამეცნიერო ჟურნალი შენიშნავდა: „წინა თაობებისგან განსხვავებით, ჩვენ ვიცით როგორ გავჩნდით. მაგრამ ყველა წინა თაობის მსგავსად ჩვენ დღემდე არ ვიცით — რატომ“. მაგრამ პასუხი ამ კითხვაზე ღვთის სიტყვაში მოიპოვება. ამის თაობაზე მომდევნო სტატია მოგვითხრობს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება