საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იესო განსჯის თავის მოწინააღმდეგეებს
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • იესოს მსმენელთა შორის არიან როგორც მისი მოწაფეები, ისე მრავალი სხვაც. ახლა იესო მათ მიმართავს და გაფრთხილებას აძლევს. ის ეუბნება, რომ ვინაიდან „მოსეს ადგილზე მწიგნობრები და ფარისევლები დასხდნენ“, მათ მართებთ, ყველაფერი გააკეთონ და დაიცვან, რასაც ისინი ეტყვიან, მაგრამ ის საქმეები არ უნდა გააკეთონ, „რასაც ისინი აკეთებენ, რადგან ისინი ამბობენ და არ აკეთებენ“ (მათე 23:2, 3).

      იესო ახლა ისეთ რამეზე ამახვილებს ყურადღებას, რაც კარგად აჩვენებს, თუ როგორი თვალთმაქცები არიან ეს კაცები: „იფართოებენ ფილაქტერიონებს“. ძველად ზოგ იუდეველს შუბლზე ან მკლავზე პატარა კოლოფი ჰქონდა გაკეთებული, სადაც კანონიდან პატარ-პატარა ამონარიდები ეწყო. ფარისევლები იფართოებენ ამ ფილაქტერიონებს, რადგან სურთ, რომ სხვებზე ისეთი შთაბეჭდილება დატოვონ, თითქოს კანონის დიდი ქომაგები არიან. ისინი ტანსაცმლის ფოჩებსაც იგრძელებენ. მართალია, ისრაელებს ტანსაცმელზე ფოჩები უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ ფარისევლებმა ზედმეტად დაიგრძელეს ეს ფოჩები (რიცხვები 15:38—40). ისინი ყოველივე ამას „სხვების დასანახავად აკეთებენ“ (მათე 23:5).

      თვით მოწაფეებსაც კი შეიძლება გაუჩნდეთ საკუთარი თავის განდიდების სურვილი, ამიტომ იესო ურჩევს მათ: „თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის, რადგან ერთია თქვენი მოძღვარი, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ; არც მამა უწოდოთ ვინმეს დედამიწაზე, რადგან ერთი მამა გყავთ — ზეციერი; ნურც წინამძღოლს გიწოდებენ, რადგან ერთი გყავთ წინამძღოლი — ქრისტე“. მაშ, ისმის კითხვა: როგორი თვალსაზრისი უნდა ჰქონდეთ მოწაფეებს საკუთარ თავზე და როგორ უნდა იქცეოდნენ? იესო ეუბნება: „თქვენ შორის უდიდესი თქვენი მსახური იყოს; ვინც თავს იმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს იმდაბლებს, ამაღლდება“ (მათე 23:8—12).

      ამის შემდეგ იესო განსჯის მწიგნობრებსა და ფარისევლებს: „ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო! უკეტავთ ზეციერ სამეფოს ადამიანებს, არც თქვენ შედიხართ და არც შემსვლელებს უშვებთ“ (მათე 23:13).

      იესო ფარისევლებს იმის გამო კიცხავს, რომ თვითნებურად აწესებენ შეზღუდვებს და არაფრად აგდებენ იმას, რაც იეჰოვასთვისაა მნიშვნელოვანი. მაგალითად, ისინი ამბობენ: „თუ ვინმე ტაძარს დაიფიცებს, ეს არაფერია, მაგრამ თუ ვინმე ტაძრის ოქროს დაიფიცებს, ვალდებულია შეასრულოს ფიცი“. როგორი დაბრმავებულია ეს ხალხი! ისინი ტაძრის ოქროს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე იმას, რომ ტაძარი იეჰოვას თაყვანსაცემად განკუთვნილი ადგილია, სადაც შესაძლებლობა აქვთ, მეტად დაუახლოვდნენ ღმერთს. მათ დაივიწყეს „უფრო მნიშვნელოვანი კანონში: სამართალი, გულმოწყალება და ერთგულება“ (მათე 23:16, 23; ლუკა 11:42).

      იესო ფარისევლებს შემდეგი სიტყვებით მიმართავს: „ბრმა მეგზურებო, ქინქლის მწურავებო და აქლემის მყლაპავებო!“ (მათე 23:24). ეს თვალთმაქცი კაცები ღვინოს გადაწურავენ ხოლმე, რათა ქინქლა არ დარჩეს მასში, რადგან ეს მწერი რიტუალური თვალსაზრისით უწმინდურად ითვლება. მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანს უგულებელყოფენ კანონიდან, რაც შეიძლება ითქვას, აქლემის გადაყლაპვის ტოლფასია, რომელიც ქინქლის მსგავსად, რიტუალური თვალსაზრისით უწმინდურია და თანაც გაცილებით დიდია, ვიდრე ეს მწერი (ლევიანები 11:4, 21—24).

  • ბოლო დღე ტაძარში
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • თერთმეტი ნისანია. იესო უკანასკნელადაა ტაძარში. იგი კვლავ ამხელს მწიგნობრებსა და ფარისევლებს და დაუფარავად ეუბნება, რომ თვალთმაქცები არიან. ის ხატოვანი ენით ამბობს სათქმელს: „სასმისსა და ჯამს გარედან წმენდთ, შიგნით კი ნაძარცვითა და ზედმეტობით არის სავსე. ბრმა ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაწმინდე სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც გასუფთავდეს“ (მათე 23:25, 26). მართალია, ფარისევლები ზედმიწევნითი სიზუსტით იცავენ ნებისმიერ წვრილმანს, რაც რიტუალური თვალსაზრისით სიწმინდესთანაა დაკავშირებული და ყურადღებას მხოლოდ იმას აქცევენ, რაც გარეგნულად ჩანს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ აინტერესებთ, როგორია მათი შინაგანი პიროვნება და არ ისუფთავებენ გულს.

      მათი თვალთმაქცობა იქიდანაც კარგად ჩანს, თუ როგორი მონდომებით აშენებენ და ალამაზებენ წინასწარმეტყველთა სამარხებს, არადა იესო ეუბნება მათ, რომ „წინასწარმეტყველთა მკვლელების ძეები“ არიან (მათე 23:31). და ამას ამტკიცებენ კიდეც, რადგან იესოს მოკვლას ცდილობენ (იოანე 5:18; 7:1, 25).

      შემდეგ იესო ხაზს უსვამს, თუ რა ელით მათ მოუნანიებლობის შემთხვევაში: „გველებო, გველგესლას ნაშიერნო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?“ (მათე 23:33). „გეენა“ ნიშნავს „ჰინომის ველს“. ეს ველი იერუსალიმთან ახლოს მდებარეობდა და იქ ნაგავს წვავდნენ. „გეენის სასჯელი“ იმას ასიმბოლოებს, რომ მწიგნობრებსა და ფარისევლებს, რომელთაც ბოროტი გული აქვთ, მარადიული განადგურება ელით.

      იესო თავისი მოწაფეების შესახებ, რომლებსაც თავის წარმომადგენლებად გზავნის, ამბობს: „გიგზავნით წინასწარმეტყველებს, ბრძენებსა და მოძღვრებს“. საინტერესოა, როგორ მოექცევიან მათ. იესო მწიგნობრებსა და ფარისევლებს მიმართავს: „ზოგ მათგანს მოკლავთ და ბოძზე გააკრავთ, ზოგს გაშოლტავთ სინაგოგებში და ერთი ქალაქიდან მეორეში განდევნით, რათა მოგეწიოთ ყველა მართლის სისხლი, მიწაზე დაღვრილი, მართალი აბელის სისხლიდან ზაქარიას, ბარაქიას ძის სისხლამდე, რომელიც . . . მოკალით“. ის აფრთხილებს მათ: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ყოველივე ეს მოეწევა ამ თაობას“ (მათე 23:34—36). ეს სიტყვები ახ. წ. 70 წელს შესრულდა, როდესაც რომაელთა ჯარებმა იერუსალიმი მიწასთან გაასწორეს და ათასობით იუდეველი დახოცეს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება