საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • დაურთეთ ცოდნას თავშეკავება
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 ოქტომბერი
    • დაურთეთ ცოდნას თავშეკავება

      ‘დაურთეთ ცოდნას თავშეკავება’ (2 პეტრე 1:5—8, აქ).

      1. რა არის კაცობრიობის მრავალი პრობლემის მიზეზი?

      ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ მიმართული კამპანიისას ამერიკის შეერთებული შტატების ახალგაზრდობას მოუწოდებდნენ: „უბრალოდ, თქვით არა“. რამდენად უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა მსოფლიოში, ყველას რომ უარი ეთქვა არა მხოლოდ ნარკოტიკების, არამედ ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებაზე, უზნეო ცხოვრებაზე, საქმიან გარიგებებში უკანონობასა თუ „ხორცის სურვილებზე“ (რომაელთა 13:14, აქ). მაგრამ ვინ იტყვის, რომ უარის თქმა ყოველთვის ადვილია?

      2. ა) რომელი ბიბლიური მაგალითები გვიჩვენებს, რომ საკუთარი თავისთვის უარის თქმა მხოლოდ ჩვენი თანამედროვეობის პრობლემა არ არის? ბ) რისკენ უნდა აღგვძრას ამ მაგალითებმა?

      2 ფაქტია, რომ თავშეკავების გამოვლენა ყველა არასრულყოფილ ადამიანს უჭირს. ამიტომაც, სურვილი უნდა გვქონდეს ვისწავლოთ, როგორ გავიმარჯვოთ საკუთარ თავთან ბრძოლაში. ბიბლია მოგვითხრობს ადამიანებზე, რომლებიც სულითა და გულით ცდილობდნენ ღვთისადმი მსახურებას, მაგრამ ზოგჯერ საკუთარი თავისთვის „არა“-ს თქმა ძალიან უჭირდათ. გავიხსენოთ დავითი, რომელმაც ბათშებაყთან მრუშობით ცოდვა ჩაიდინა. ეს ცოდვა ორი უდანაშაულო ადამიანის — მრუშობით ჩასახული ბავშვისა და ბათშებაყის ქმრის — სიკვდილის მიზეზი გახდა (2 მეფეთა 11:1—27; 12:15—18). აგრეთვე გავიხსენოთ პავლე მოციქული, რომელმაც აღიარა: „არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს“ (რომაელთა 7:19). გიგრძნიათ ოდესმე ასეთი რამ? პავლემ განაგრძო: „შინაგანი ადამიანის მიხედვით მეამება ღვთის რჯული. მაგრამ ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ. უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან?“ (რომაელთა 7:22—24). ბიბლიურმა მაგალითებმა უფრო მეტად უნდა განგვიმტკიცოს გადაწყვეტილება, რომ სისუსტეების წინააღმდეგ ბრძოლა არ მივატოვოთ და მეტი თავშეკავების გამოვლენას შევეცადოთ.

      ვისწავლოთ თავშეკავების გამოვლენა

      3. ახსენით, თუ რატომ არ უნდა მოველოდეთ, რომ თავშეკავების გამოვლენა გაგვიადვილდება.

      3 თავშეკავება, რომელიც „არა“-ს თქმის უნარსაც მოიცავს, მე-2 პეტრეს 1:5—7-ში (აქ) მოხსენიებულია რწმენასთან, ზნეობასთან, ცოდნასთან, მოთმინებასთან, ღვთისადმი ერთგულებასთან, ძმათმოყვარეობასა და სიყვარულთან ერთად. ამ სასურველი თვისებებიდან არც ერთი არ არის სავსებით თანდაყოლილი. აუცილებელია თითოეული მათგანის განვითარება. ამ დადებითი თვისებების სათანადოდ გამოსავლენად საჭიროა ძლიერი სურვილი და ძალისხმევა. მაშ, განა უნდა მოველოდეთ, რომ თავშეკავების გამოვლენა უფრო ადვილი იქნება?

      4. რატომ ჰგონია ბევრს, რომ თავშეკავებასთან დაკავშირებით პრობლემა არა აქვთ და რაზე მეტყველებს ეს?

      4 მილიონობით ადამიანს ჰგონია, რომ თავშეკავებასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არა აქვთ. ისინი ცხოვრებაში რასაც მოისურვებენ, იმას აკეთებენ და, ნებით თუ უნებლიეთ, საკუთარი არასრულყოფილი ხორცის კარნახით მოქმედებენ. ამ დროს არც კი უფიქრდებიან, რას მოუტანს ეს როგორც თავად მათ, ისე სხვებს (იუდა 10). დღეს ადამიანებს უფრო უჭირთ და უფრო ნაკლები სურვილი აქვთ, თავშეკავება გამოავლინონ, ვიდრე ოდესმე. ეს სწორედ იმაზე მოწმობს, რომ ნამდვილად „უკანასკნელ დღეებში“ ვცხოვრობთ, რომელთა შესახებაც პავლე მოციქულმა იწინასწარმეტყველა: „ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში საზარელი ჟამი დადგება, ვინაიდან ადამიანები იქნებიან თავმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი . . . შეუკავებელნი“ (2 ტიმოთე 3:1—3).

      5. რატომ აქცევენ იეჰოვას მოწმეები ყურადღებას თავშეკავებას და რომელი რჩევაა დროული?

      5 იეჰოვას მოწმეებს კარგად ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია თავშეკავება და რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ამ თვისების გამოვლენა. პავლე მოციქულის მსგავსად, მათთვის ცნობილია, რომ ჩვენში შინაგანი ბრძოლა მიმდინარეობს — ერთი მხრივ, ღვთისმოსაწონად ცხოვრების სურვილი გვაქვს, მეორე მხრივ კი, არასრულყოფილი სხეული სრულიად სხვაგვარი ცხოვრებისკენ გვიბიძგებს. ამიტომაც, იეჰოვას მოწმეებს დიდი ხანია აფიქრებთ ის, თუ როგორ გაიმარჯვონ ამ ბრძოლაში. ჟურნალ „საგუშაგო კოშკში“, ჯერ კიდევ 1916 წელს იყო ლაპარაკი იმაზე, თუ „რა არის საჭირო საკუთარი ფიქრების, ენისა და საქციელის გასაკონტროლებლად“. ჟურნალში აღნიშნული იყო, რომ ამაში ფილიპელთა 4:8-ში ჩაწერილი რჩევის გათვალისწინება დაგვეხმარება. ბიბლიაში ეს რჩევა ღვთის შთაგონებით დაახლოებით 2000 წლის წინათ ჩაიწერა, მაგრამ ის დღესაც დროულია და მისი გამოყენება ჩვენს დროში უფრო რთულია, ვიდრე მაშინ ან თუნდაც 1916 წელს იყო. მიუხედავად ამისა, ქრისტიანები ყოველმხრივ ცდილობენ, უარყონ წუთისოფლისეული სურვილები, რათა არ უგულებელყონ თავიანთი შემოქმედი.

      6. რატომ არ უნდა გავიტეხოთ გული, თუ თავშეკავების გამომუშავება გვიჭირს?

      6 გალატელთა 5:22, 23-ის (აქ) მიხედვით, თავშეკავება „სულის ნაყოფის“ შემადგენელი ნაწილია. ამ თვისების ‘სიყვარულთან, სიხარულთან, მშვიდობასთან, სულგრძელობასთან, სიკეთესთან, სიკარგესთან, რწმენასთან და რბილ ხასიათთან’ ერთად გამოვლენა ჩვენთვის დიდი სარგებლობის მომტანი იქნება. ასეთ შემთხვევაში, როგორც პეტრე მოციქულმა დაწერა, არ დავრჩებით „უქმად და უნაყოფოდ“ ღვთისადმი მსახურებაში (2 პეტრე 1:8). მაგრამ გული არ უნდა გავიტეხოთ და საკუთარი თავი არ უნდა განვსაჯოთ, თუ ამ თვისებებს იმდენად სწრაფად ვერ ვანვითარებთ, როგორც ვისურვებდით. ყველამ ვიცით, რომ სკოლაში ზოგი მოსწავლე სხვებზე სწრაფად ითვისებს ახალ მასალას. სამსახურშიც ვინმე შეიძლება თანამშრომლებზე მალე სწავლობს ახალი სამუშაოს შესრულებას. მსგავსად ამისა, ქრისტიანული თვისებების გამოვლენასაც ზოგი სწრაფად სწავლობს, ზოგი კი — შედარებით ნელა. მნიშვნელოვანი ის არის, რომ შეძლებისდაგვარად განვაგრძოთ ღვთისთვის მოსაწონი თვისებების დახვეწა. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ არ უგულებელვყოფთ დახმარებას, რომელსაც იეჰოვა თავისი სიტყვისა და კრების მეშვეობით გვიწევს. უნდა გვახსოვდეს, რომ დასახული მიზნის მიღწევის ტემპზე მნიშვნელოვანი მიზანმიმართული მცდელობაა.

      7. რა ცხადყოფს, რომ თავშეკავება მნიშვნელოვანი თვისებაა?

      7 მიუხედავად იმისა, რომ თავშეკავება სულიწმიდის დახმარებით გამოსამუშავებელ თვისებებს შორის ბოლო ადგილზეა მოხსენიებული, სულაც არ უნდა ჩავთვალოთ ნაკლებად მნიშვნელოვნად. პირიქით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხორცის ნებისმიერ საქმეს მოვერიდებოდით, თავშეკავების სრულყოფილად გამოვლენა რომ შეგვძლებოდა. არასრულყოფილ ადამიანს ზოგჯერ სძლევს „ხორცის საქმეები . . . სიძვა, უწმიდურება, და თავაშვებულობა, კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, შური, რისხვა, შუღლი, უთანხმოებანი, მწვალებლობა“ (გალატელთა 5:19, 20). ამიტომაც, განუწყვეტლივ გვიწევს ბრძოლა, რათა შევძლოთ საკუთარი გულიდან და გონებიდან უარყოფითი მიდრეკილებების აღმოფხვრა.

      ზოგს განსაკუთრებით მძიმე ბრძოლა უწევს

      8. რატომ არის თავშეკავების გამოვლენა ზოგისთვის განსაკუთრებით ძნელი?

      8 ზოგიერთ ქრისტიანს უფრო მეტად უჭირს თავშეკავების გამოვლენა, ვიდრე სხვებს. რატომ? მიზეზი, შესაძლოა, მათი აღზრდა ან წარსული იყოს. სასიხარულოა, თუ თავშეკავების გამომუშავება და გამოვლენა არ გვეძნელება. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა თანავუგრძნოთ და გავუგოთ მათ, ვისაც თავშეკავების გამოვლენა უფრო უჭირს, თუნდაც მათი თავშეუკავებლობა გარკვეულ უხერხულობას გვიქმნიდეს. თუ მხედველობაში მივიღებთ საკუთარ არასრულყოფილებას, განა რომელიმე ჩვენგანს გვაქვს იმის საფუძველი, რომ თავი სხვაზე უკეთესად მივიჩნიოთ? (რომაელთა 3:23; ეფესელთა 4:2).

      9. რა სისუსტეებთან უწევს ზოგიერთს ბრძოლა და როდის გახდება შესაძლებელი მათი სრულად დაძლევა?

      9 მოვიყვანოთ ასეთი მაგალითები: შესაძლოა გვსმენია, რომ ზოგიერთ ქრისტიანს, რომელმაც სიგარეტის წევა ან ნარკოტიკების გამოყენება მიატოვა, დროდადრო კვლავაც უჩნდება მოწევის ან ნარკოტიკების მიღების ძლიერი სურვილი. ზოგი უზომოდ ჭამს ან თავს ვერ აკონტროლებს, რომ ალკოჰოლური სასმელები მხოლოდ ზომიერად მიიღოს. სხვებს ენის ალაგმვა უჭირთ, რის გამოც სიტყვიერად ხშირად სცოდავენ. ასეთ პრობლემასთან გასამკლავებლად და თავშეკავების გამოსამუშავებლად დიდი მონდომებაა საჭირო. რატომ? იაკობის 3:2-ში მართებულადაა აღნიშნული: „ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია. მას შეუძლია ალაგმოს მთელი სხეულიც“. ზოგს აზარტული თამაშები იზიდავს. ზოგი საკმაოდ იმპულსურია. ამ და სხვა მსგავსი სისუსტეების დასაძლევად დროა საჭირო. ბევრი რამის გამოსწორება დღესვე შეგვიძლია, მაგრამ არასწორ სურვილებს სამუდამოდ მხოლოდ მაშინ მოვიშორებთ, როცა სრულყოფილებას მივაღწევთ. მანამდე კი თავშეკავების გამოვლენა დაგვეხმარება, რომ კვლავ არ დავუბრუნდეთ ცოდვილ ცხოვრებას. მაშ, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს, რათა არ მოვდუნდეთ, ვიდრე ბრძოლაში ვართ ჩაბმულები (საქმეები 14:21, 22).

      10. ა) რატომ არის ზოგისთვის განსაკუთრებით ძნელი სქესობრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით თავშეკავების გამოვლენა? ბ) რა მნიშვნელოვანი ცვლილება მოახდინა ერთმა ძმამ? (იხილეთ გვერდი 16).

      10 კიდევ ერთი სფერო, რომელშიც ზოგს თავშეკავების გამოვლენა უჭირს, სქესობრივ ურთიერთობებთან არის დაკავშირებული. იეჰოვამ ადამიანი ისე შექმნა, რომ სქესობრივი ლტოლვა მისთვის სრულიად ბუნებრივია. პრობლემა ისაა, რომ ზოგს უჭირს სქესობრივი ურთიერთობები ღვთის ნორმებს დაუქვემდებაროს. მდგომარეობას შეიძლება უფრო მეტად ართულებდეს პიროვნების ტემპერამენტიანობა. ჩვენ ვცხოვრობთ სექსზე გაგიჟებულ წუთისოფელში, რომელიც ადამიანებს მრავალმხრივ აღუძრავს ვნებებს. ამან შესაძლოა პრობლემები შეუქმნას ქრისტიანებს, რომლებიც თავს იკავებენ დაქორწინებისგან — შესაძლოა, გარკვეული პერიოდით, რათა ღმერთს დაუბრკოლებლად ემსახურონ (1 კორინთელთა 7:32, 33, 37, 38). ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვების თანახმად, რომ „უმჯობესია იქორწინონ, ვიდრე აღეგზნონ“, მათ შეიძლება დაქორწინება გადაწყვიტონ, რაც სრულიად ნორმალურია. ბიბლიური რჩევის მიხედვით, ისინი მხოლოდ „უფალში“ ქორწინდებიან (1 კორინთელთა 7:9, 39). შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვა ხარობს, როდესაც ისინი ცხოვრებაში ბიბლიურ პრინციპებს იყენებენ. თანამორწმუნეთათვისაც სასიხარულოა, რომ გაერთიანებულნი არიან ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებთან, რომლებიც მაღალზნეობრივ ნორმებს იცავენ და ერთგულებას ინარჩუნებენ.

      11. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ძმას ან დას, რომელსაც დაქორწინება სურს, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ეძლევა?

      11 ზოგჯერ ქრისტიანი ცხოვრების შესაფერის თანამგზავრს ვერ პოულობს. წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება გაუტყდეს გული ადამიანს, რომელსაც სურს დაქორწინება, მაგრამ ვერ ახერხებს! მისი მეგობრები შესაძლოა ქორწინდებიან და ბედნიერები არიან, მას კი შესაფერისი მეგზური ვერ უპოვია. ასეთ დროს ზოგიერთისთვის არაწმინდა ჩვევა, მასტურბაცია, ხდება დაუძლეველი პრობლემა. ნებისმიერ შემთხვევაში, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ შემთხვევით გული არ გავუტეხოთ თანაქრისტიანებს, რომლებიც სიწმინდის შენარჩუნებას ცდილობენ. შეიძლება უნებლიეთ თანამორწმუნის გულგატეხილობის მიზეზი გავხდეთ, თუ დაუფიქრებელ შეკითხვებს დავუსვამთ, მაგალითად ვკითხავთ: „ცოლი რატომ არ მოგყავს?“ ან „რატომ არ თხოვდები?“ ამას, ალბათ, ცუდი განზრახვით არ ვკითხავდით, მაგრამ რამდენად უკეთესი იქნებოდა, თავშეკავება გამოგვევლინა და ზედმეტი არაფერი გვეთქვა (ფსალმუნები 38:2). გულწრფელ შექებას იმსახურებენ ის დაუქორწინებელი ქრისტიანები, რომლებიც სიწმინდეს ინარჩუნებენ. მათ გული კი არ უნდა გავუტეხოთ, არამედ უნდა გავამხნევოთ. მაგალითად, დაქორწინებულ მოწიფულ ქრისტიანებს შეუძლიათ დაუქორწინებელი ქრისტიანებიც დაპატიჟონ, როდესაც სავახშმოდ თუ გამამხნევებელი ურთიერთობისთვის იკრიბებიან.

      თავშეკავება ქორწინებაში

      12. რატომ არის დაქორწინებულთათვისაც კი საჭირო გარკვეული თავშეკავების გამოვლენა?

      12 ქორწინება თავისთავად არ გამორიცხავს სქესობრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით თავშეკავების გამოვლენის აუცილებლობას. მაგალითად, შესაძლოა ცოლ-ქმრის სქესობრივი მოთხოვნილებები ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდებოდეს; ან ერთ-ერთი მეუღლის ფიზიკური მდგომარეობა დროდადრო სირთულეებს იწვევდეს ინტიმურ ურთიერთობებში და შეუძლებელსაც კი ხდიდეს სქესობრივ ურთიერთობას. აგრეთვე შესაძლოა ერთ-ერთ მეუღლეს საკუთარი წარსულის გამო უჭირდეს ბიბლიური მითითების შესრულება: „ქმარმა ჯეროვანი პატივი უნდა სცეს ცოლს, აგრეთვე ცოლმაც ქმარს“. ასეთ შემთხვევებში საჭირო იქნება, მეორე მეუღლემ მეტი თავშეკავება გამოავლინოს, მაგრამ ორივე მეუღლეს უნდა ახსოვდეს პავლე მოციქულის მიერ სიყვარულით მოცემული რჩევა: „ნუ განშორდებით ერთმანეთს, გარდა შეთანხმებისა, დროებით, რომ მოიცალოთ ლოცვისათვის, და კვლავ ერთად იყოთ, რათა არ გამოგცადოთ სატანამ თქვენი თავშეუკავებლობით“ (1 კორინთელთა 7:3, 5).

      13. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, ვისაც ბრძოლა უწევს თავშეკავების გამოსავლენად?

      13 რა ძალიან უნდა აფასებდეს ერთმანეთს ცოლ-ქმარი, თუ ორივემ ისწავლა თავშეკავების გამოვლენა ამ ყველაზე ინტიმურ ურთიერთობაში. ამავე დროს, ისინი გაგებით უნდა მოეკიდონ თანამორწმუნეებს, რომელთაც, ამ მხრივ, ჯერ კიდევ უჭირთ თავშეკავების გამოვლენა. არ უნდა დაგვავიწყდეს და-ძმებისთვის ლოცვა, რომ იეჰოვამ მისცეს მათ გამჭრიახობა, გამბედაობა და სიმტკიცე, რათა განაგრძონ ბრძოლა თავშეკავების გამოსავლენად და არასწორი სურვილების დასაძლევად (ფილიპელთა 4:6, 7).

      განაგრძეთ ერთმანეთის დახმარება

      14. რატომ უნდა მოვეპყროთ თანაქრისტიანებს თანაგრძნობითა და გაგებით?

      14 ზოგჯერ გვიჭირს, გავუგოთ თანაქრისტიანს, თუ ის თავშეკავებას ვერ ავლენს იმ სფეროში, რომელშიც ჩვენ არ გვექმნება სირთულეები. კარგია გვახსოვდეს, რომ ადამიანები ერთმანეთისგან განვსხვავდებით. ზოგიერთი ადვილად ჰყვება ემოციებს. ზოგი კი ნაკლებად ემოციურია. ზოგისთვის სხვებთან შედარებით ადვილია საკუთარი თავის მართვა და თავშეკავების გამოვლენა პრობლემას არ წარმოადგენს. სხვებისთვის კი ეს უფრო რთულია. გვახსოვდეს, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ებრძვის, არ არის ცუდი პიროვნება. თანაქრისტიანებს გაგება და თანაგრძნობა სჭირდებათ. ჩვენი ბედნიერებაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად გულმოწყალენი ვართ მათ მიმართ, ვისთვისაც მცდელობის მიუხედავად, ჯერ კიდევ ძნელია თავშეკავების გამოვლენა. ეს კარგად ჩანს იესოს სიტყვებიდან, რომლებსაც მათეს 5:7-ში ვკითხულობთ.

      15. რატომ არის ფსალმუნების 129:3-ში ჩაწერილი სიტყვები მანუგეშებელი იმათთვის, ვისაც თავშეკავების გამოვლენა უჭირს?

      15 არასდროს უნდა განვსაჯოთ თანაქრისტიანი, რომელიც ზოგჯერ სათანადოდ ვერ ავლენს ქრისტიანულ თვისებებს. რა გამამხნევებელია, რომ იეჰოვა მარტო იმ ერთ შემთხვევას კი არ ხედავს, როდესაც ამა თუ იმ სფეროში თავშეუკავებლობა გამოვავლინეთ, არამედ იმ მრავალ შემთხვევასაც, როდესაც იმავე სფეროში შევძელით თავშეკავების გამოვლენა. შეიძლება თანაქრისტიანებმაც ვერ შენიშნონ ეს, მაგრამ ვიცით, რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს. ნამდვილად მანუგეშებელია ფსალმუნების 129:3-ში ჩაწერილი სიტყვები: „თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება?“

      16, 17. ა) როგორ შეგვიძლია გალატელთა 6:2, 5-ში ჩაწერილი რჩევის გამოყენება თავშეკავებასთან დაკავშირებით? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

      16 იეჰოვას მოსაწონად რომ მოვიქცეთ, თითოეულმა ჩვენგანმა თავშეკავება უნდა გამოვავლინოთ. ამაში თანაქრისტიანებიც დაგვეხმარებიან. მიუხედავად იმისა, რომ ყველას ჩვენ-ჩვენი პასუხისმგებლობა გვაკისრია, ბიბლია მოგვიწოდებს, ერთმანეთსაც დავეხმაროთ სისუსტეების დაძლევაში (გალატელთა 6:2, 5). უნდა დავაფასოთ მშობელი, მეუღლე თუ მეგობარი, რომელიც გვირჩევს, არ წავიდეთ იქ, სადაც არ უნდა ვიაროთ, არ ვუყუროთ იმას, რასაც არ უნდა ვუყუროთ და არ გავაკეთოთ ის, რაც არ უნდა ვაკეთოთ. ისინი გვეხმარებიან, გამოვიმუშაოთ თავშეკავება, ანუ ვისწავლოთ, ვთქვათ „არა“ და შესაბამისად მოვიქცეთ.

      17 ბევრი ქრისტიანისთვის, შესაძლოა, განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს იმ სფეროებში თავშეკავების გამოვლენა, რომლებიც ზემოთ განვიხილეთ, მაგრამ ყოველთვის შესაძლებელია გაუმჯობესება. ასეთ ქრისტიანებს, ალბათ, სურვილი ექნებათ, მაქსიმალურად გამოავლინონ თავშეკავება, რამდენადაც მათი აზრით, შესაძლებელია არასრულყოფილი ადამიანისთვის. თქვენც ისახავთ ამ მიზანს? რა უნდა გააკეთოთ ღვთის სულიწმიდის ნაყოფის შემადგენელი ამ თვისების გამოსამუშავებლად? როგორ დაგეხმარებათ ეს, როგორც ქრისტიანს, რომ სამომავლო მიზნებს მიაღწიოთ? ამ საკითხებს მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.

  • გამოავლინეთ თავშეკავება, რათა ჯილდო მოიპოვოთ!
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 ოქტომბერი
    • გამოავლინეთ თავშეკავება, რათა ჯილდო მოიპოვოთ!

      „შეჯიბრების ყველა მონაწილე ყველაფერში თავშეკავებას ავლენს“ (1 კორინთელთა 9:25, აქ).

      1. ეფესელთა 4:22—24 მუხლების გათვალისწინებით, როგორ განაცხადა თანხმობა იეჰოვას ნების შესრულებაზე მილიონობით ადამიანმა?

      როცა მოინათლეთ და იეჰოვას მოწმე გახდით, საჯაროდ განაცხადეთ, რომ სურვილი გქონდათ ჩაბმულიყავით შეჯიბრებაში, რომელიც ჯილდოდ მარადიული სიცოცხლის მოპოვების შესაძლებლობას იძლევა. თქვენ იეჰოვას ნების შესრულების სურვილი გამოთქვით. იეჰოვასადმი მიძღვნამდე ბევრმა ჩვენგანმა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინა ცხოვრებაში, რათა ჩვენი მიძღვნა ჭეშმარიტი, ღვთისთვის მისაღები ყოფილიყო. ღვთის მსახურებმა გავითვალისწინეთ პავლე მოციქულის სიტყვები: „მიტოვებული გაქვთ წინანდელი ცხოვრება ძველი კაცისა, მაცდური გულისთქმებით გახრწნილი . . . და შეგიმოსიათ ახალი კაცი, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, სიმართლითა და ჭეშმარიტების სიწმიდით“ (ეფესელთა 4:22—24). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვიდრე თანხმობას განვაცხადებდით ღვთისადმი მიძღვნაზე, უარი ვთქვით ცხოვრების წინანდელ, ღვთისთვის მიუღებელ წესზე.

      2, 3. როგორ დაგვანახვა 1 კორინთელთა 6:9—12-მა, რომ ღვთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად საჭიროა ორი სახის ცვლილების მოხდენა?

      2 ღვთის სიტყვა აშკარად განსჯის ძველი პიროვნებისთვის დამახასიათებელ ზოგ თავისებურებას, რომლებიც ადამიანმა მანამდე უნდა მოიშოროს, ვიდრე იეჰოვას მოწმე გახდება. პავლე მოციქულმა ზოგი მათგანი კორინთელებისთვის მიწერილ წერილში მოიხსენია: „ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთნი, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს“. შემდეგ იმის აღსანიშნავად, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანებმა საჭირო ცვლილებები მოახდინეს, მან დასძინა: „ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი“. ყურადღება მიაქციეთ, რომ პავლე იყენებს სიტყვას „იყო“ და არა — „არის“ (1 კორინთელთა 6:9—11).

      3 როგორც პავლეს შემდეგი სიტყვებიდან ჩანს, შესაძლოა საჭირო იყოს დამატებითი ცვლილებების მოხდენაც. მან განაგრძო: „ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია“ (1 კორინთელთა 6:12). ამიტომაც, დღეს ბევრი, ვისაც სურს იეჰოვას მოწმე გახდეს, საჭიროდ თვლის, უარი თქვას იმაზეც, რაც შესაძლოა ნებადართულია, მაგრამ არავითარი სარგებლობა არ მოაქვს და სამომავლოდ ნაკლებად მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეიძლება საკმარისი დრო ვეღარ დაეთმოთ და სათანადო ყურადღება ვერ მიექციათ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხებისთვის.

      4. პავლე მოციქულის რომელ თვალსაზრისს ვიზიარებთ მიძღვნილი ქრისტიანები?

      4 ღმერთს საკუთარი ნება-სურვილით მივუძღვენით თავი სიხარულით და არა უხალისოდ, თითქოს ამის შემდეგ ჩვენგან წარმოუდგენლად დიდი მსხვერპლის გაღება გახდებოდა საჭირო. მიძღვნილი ქრისტიანები ვეთანხმებით პავლეს, რომელმაც მას შემდეგ, რაც ქრისტეს მიმდევარი გახდა, შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „უარი ვთქვი ყოველივეზე და ყველაფერს ნაგვად მივიჩნევ, რათა ქრისტე შევიძინო“ (ფილიპელთა 3:8). პავლემ ხალისით თქვა უარი ყოველივეზე, რაც ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, რათა ღვთის ნება შეესრულებინა.

      5. რომელ ასპარეზზე გაიმარჯვა პავლე მოციქულმა და ჩვენ როგორ შევძლებთ ამას?

      5 პავლე მოციქული თავშეკავებას ავლენდა სულიერ სარბიელზე. ბოლოს მას თამამად შეეძლო ეთქვა: „კეთილი ბრძოლით ვიბრძოდი, განვლე ასპარეზი, რწმენა შევინარჩუნე. ახლა კი მომელის მე სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს იმ დღეს უფალი, მართალი მსაჯული, და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვინც სიყვარულით ელის მის გამოჩენას“ (2 ტიმოთე 4:7, 8). შევძლებთ ჩვენც ოდესმე მსგავსი რამის თქმას? დიახ, თუ რწმენით გამოვავლენთ თავშეკავებას ქრისტიანულ სარბიელზე და არ მოვდუნდებით, ვიდრე საბოლოოდ არ გავიმარჯვებთ.

      თავშეკავება და კეთილი საქმეები

      6. რა არის თავშეკავება და რომელ ორ შემთხვევაში გვჭირდება მისი გამოვლენა?

      6 ებრაული და ბერძნული სიტყვები, რომლებიც ბიბლიაში „თავშეკავებად“ არის ნათარგმნი, გამოხატავს აზრს, რომ პიროვნებას საკუთარი თავის მართვა ანუ კონტროლი შეუძლია. ამ სიტყვებში ხშირად ცუდის გაკეთებისგან თავის შეკავება იგულისხმება. თუმცა ისიც უდავოა, რომ საკუთარი თავის მართვა, გარკვეულწილად, იმისთვისაც გვჭირდება, რომ კეთილი საქმეების გასაკეთებლად აღვიძრათ. არასრულყოფილ ადამიანს ცუდის კეთებისკენ აქვს მიდრეკილება. ამის გამო ერთდროულად ორ ფრონტზე გვიწევს ბრძოლა (ეკლესიასტე 7:29; 8:11, სსგ). ერთი მხრივ, თავი უნდა შევიკავოთ ბოროტი საქმეების კეთებისგან, მეორე მხრივ კი, საკუთარ თავს კეთილი საქმეების კეთებისკენ უნდა ვუბიძგოთ. აღსანიშნავია, რომ კეთილი საქმეების საკეთებლად საკუთარი თავის გაკონტროლება ბოროტი საქმეებისგან თავშეკავების საუკეთესო საშუალებაა.

      7. ა) რაზე უნდა ვილოცოთ დავითის მსგავსად? ბ) რომელ საკითხებზე დაფიქრება დაგვეხმარება, რომ თავშეკავება უფრო მეტად გამოვავლინოთ?

      7 ნათელია, თავშეკავება აუცილებელია, თუ გვსურს ბოლომდე ვიცხოვროთ ღვთისადმი ჩვენი მიძღვნის თანახმად. დავითის მსგავსად, ჩვენც უნდა ვილოცოთ: „სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში“ (ფსალმუნები 50:12). დავფიქრდეთ, თუ რა დიდი სარგებლობა მოაქვს იმას, რომ ვერიდებით ყველაფერს, რაც უარყოფით გავლენას იქონიებს ჩვენს ზნეობრივ თუ ფიზიკურ მდგომარეობაზე. თავშეუკავებლობას ხომ შესაძლოა სავალალო შედეგები მოჰყვეს, მაგალითად, ჯანმრთელობის პრობლემები, ოჯახის წევრებთან თუ მეგობრებთან ურთიერთობების გაფუჭება და თვით ნაადრევი სიკვდილი. მეორე მხრივ, ვიფიქროთ იმ მრავალ კურთხევაზე, რომლებიც იეჰოვას მიერ შემოთავაზებულ სიცოცხლის გზით სიარულს მოაქვს. ამავე დროს, რეალურად შევაფასოთ მდგომარეობა და არ დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის გული ცბიერია (იერემია 17:9). არ უნდა დავუშვათ, რომ საკუთარმა გულმა გვძლიოს და იეჰოვას ნორმებით ცხოვრებას სათანადო სერიოზულობით აღარ მოვეკიდოთ.

      8. რას გვასწავლის პირადი გამოცდილება? მოიყვანეთ მაგალითი.

      8 ბევრმა პირადი გამოცდილებიდან ვიცით, რომ ჯიუტი სხეული ხშირად ცდილობს ჩვენში ხალისისა და ენთუზიაზმის ჩაკვლას. შეგვიძლია სამქადაგებლო მსახურება მოვიყვანოთ მაგალითად. იეჰოვა ხარობს, როდესაც ხედავს, რომ ადამიანები ხალისით მონაწილეობენ ამ საქმეში, რომელსაც ბევრისთვის სიცოცხლის შენარჩუნება შეუძლია (ფსალმუნები 109:3; მათე 24:14). მრავალი ჩვენგანისთვის ადვილი არ ყოფილა პირველი ნაბიჯების გადადგმა და ქადაგების დაწყება. ამისათვის გვჭირდებოდა — და შესაძლოა დღემდე გვჭირდება — დაგვემორჩილებინა, ‘დაგვეთრგუნა და დაგვემონებინა’ სხეული, ნაცვლად იმისა, რომ მისი კარნახით გვეცხოვრა და ნებისმიერ სირთულეს მოვრიდებოდით (1 კორინთელთა 9:16, 27; 1 თესალონიკელთა 2:2).

      თავშეკავება „ყველაფერში“?

      9, 10. რას მოიცავს ‘ყველაფერში თავშეკავების გამოვლენა’?

      9 ბიბლიის რჩევა, ‘ყველაფერში თავშეკავება გამოვავლინოთ’, იმაზე მეტყველებს, რომ თავშეკავებაში საკუთარი თავის ხელში აყვანასა და უზნეო საქციელისგან თავის შეკავებაზე მეტი იგულისხმება. შესაძლოა ვფიქრობთ, რომ ამ ორ სფეროში უკვე საკმაო თავშეკავებას ვავლენთ. თუ ასეა, სიხარულის მიზეზი ნამდვილად გვქონია. მაგრამ რა შეიძლება ითქვას ცხოვრების იმ სფეროებთან დაკავშირებით, რომლებშიც თავშეკავების გამოვლენის აუცილებლობას ასე აშკარად ვერ ვხედავთ? მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: დავუშვათ, ვცხოვრობთ მდიდარ ქვეყანაში, სადაც ცხოვრების დონე საკმაოდ მაღალია. განა გონივრული არ იქნებოდა, გვესწავლა საკუთარი თავისთვის უარის თქმა იმაზე, რაც აუცილებლობას არ წარმოადგენს? კარგი იქნება მშობლებმა ბავშვობიდანვე ასწავლონ შვილებს, რომ საჭირო არაა იყიდო ყველაფერი, რასაც კი ხედავ, მხოლოდ იმის გამო, რომ იყიდება, გინდა გქონდეს ან შესაძლებლობა გაქვს შეიძინო. ცხადია, სასურველი შედეგის მისაღწევად მშობლებმა თვითონ უნდა მისცენ შვილებს კარგი მაგალითი (ლუკა 10:38—42).

      10 ნებისყოფას გამოვიმუშავებთ, თუ რაღაცის შეძენაზე უარის თქმას ვისწავლით. აგრეთვე, უფრო მეტად დავაფასებთ იმას, რაც გვაქვს და უფრო თანამგრძნობი გავხდებით მათ მიმართ, ვისაც ნაკლები აქვს, არა იმ მიზეზით, რომ მეტი არ სურს, არამედ იმის გამო, რომ შესაძლებლობა არა აქვს. ცხადია, მოკრძალებული ცხოვრება ეწინააღმდეგება საყოველთაოდ გავრცელებულ დამოკიდებულებას: „ასიამოვნე საკუთარ თავს“ ან „შენ იმსახურებ საუკეთესოს“. რეკლამები ხალხში კმაყოფილების დაუყოვნებლივ მიღების სურვილს აღვივებს, მაგრამ მათი მიზანი მხოლოდ კომერციული მოგებაა. ასეთ პირობებში უფრო მეტად გვიჭირს თავშეკავების გამოვლენა. ევროპის ერთ-ერთ განვითარებულ ქვეყანაში გამომავალ ჟურნალში არც ისე დიდი ხნის წინათ აღნიშნული იყო: „არასასურველი იმპულსების გაკონტროლება თუ მათშიც კი შინაგან ბრძოლას იწვევს, ვინც აუტანელ პირობებში, უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს, მაშ, როგორი ბრძოლა უნდა უწევდეთ საკუთარ თავთან თანამედროვე განვითარებულ საზოგადოებაში ისეთი მდიდარი ქვეყნის მცხოვრებლებს, სადაც რძე და თაფლი ღვარად მოედინება“.

      11. რატომ არის სასარგებლო მომჭირნეობის სწავლა და რატომ გვიჭირს ეს?

      11 შესაძლოა გვიჭირს იმის განსაზღვრა, თუ რა გვინდა და რა გვჭირდება სინამდვილეში. ასეთ შემთხვევაში დამხმარე იქნება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ გონივრულ მოქმედებას მივეჩვიოთ. მაგალითად, თუ გვსურს ფულის დაუდევრად ხარჯვას მოვერიდოთ, შეგვიძლია გადაწყვეტილება მივიღოთ, რომ არაფერი ვიყიდოთ კრედიტით ან საყიდლებზე წასვლისას განსაზღვრული თანხა წავიღოთ. გავიხსენოთ პავლე მოციქულის სიტყვები, რომ „დიადი შენაძენია ღვთისმოსაობა, კმაყოფილებასთან ერთად“. პავლემ დაწერა: „არც არაფერი მოგვიტანია წუთისოფლად და, ცხადია, ვერც ვერაფერს წავიღებთ მისგან. ამიტომ, თუ გვაქვს საზრდო და ტანსაცმელი, დავჯერდეთ ამას“ (1 ტიმოთე 6:6—8). ვჯერდებით იმას, რაც გვაქვს? უბრალოდ ცხოვრება რომ ვისწავლოთ და საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად ამა თუ იმ ფორმით ყოველთვის ზედმეტი ტვირთის ტარება არ გვიწევდეს, ნებისყოფა და თავშეკავებაა საჭირო. ამის სწავლა კი ნამდვილად ღირს.

      12, 13. ა) რა მხრივ არის დაკავშირებული ქრისტიანული შეხვედრები თავშეკავების გამოვლენასთან? ბ) რომელ სხვა სფეროებში გვჭირდება თავშეკავების გამოვლენა?

      12 კრების შეხვედრებსა და კონგრესებზე დასწრებაც თავშეკავების გამოვლენასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, თავშეკავება აუცილებელია, რათა პროგრამის მოსმენისას გონება არ გაგვეფანტოს (იგავები 1:5). თავშეკავება იმისათვისაც არის საჭირო, რომ ჩვენ გვერდით მჯდომთან ჩურჩულით სხვებს ხელი არ შევუშალოთ და ყურადღებით ვუსმინოთ მომხსენებელს. საკუთარი თავის კონტროლი იმ შემთხვევაშიც გვჭირდება, თუ დღის განრიგში რაღაცა გვაქვს შესაცვლელი, რათა შეხვედრებზე არ დავაგვიანოთ. აგრეთვე, თავშეკავების გამოვლენა და საკუთარი თავის მართვა საჭიროა, რომ კრების შეხვედრებისთვის მოსამზადებლად დრო გამოვყოთ და მონაწილეობა მივიღოთ კომენტარებში.

      13 ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებში თავშეკავების გამოვლენა დაგვეხმარება, რომ ეს თვისება უფრო მნიშვნელოვან საკითხებშიც გამოვავლინოთ (ლუკა 16:10). ამიტომაც, გონივრული იქნებოდა, გამოგვემუშავებინა ღვთის სიტყვისა და ბიბლიური პუბლიკაციების რეგულარულად კითხვისა და წაკითხულზე დაფიქრების ჩვევა. რამდენად გონივრულია, ვისწავლოთ, უარი ვთქვათ ისეთ სამსახურზე, მეგობრულ ურთიერთობებზე, თვალსაზრისსა თუ ჩვევებზე, რომლებიც ქრისტიანს არ შეეფერება და მოვერიდოთ ისეთ საქმეებს, რომლებიც ღვთის მსახურებისთვის განკუთვნილ ძვირფას დროს წაგვართმევს! ქრისტიანული მსახურება საუკეთესოდ დაგვიცავს, რათა ვერაფერმა ჩამოგვაშოროს იეჰოვას მსოფლიო ორგანიზაციას, სულიერ სამოთხეს.

      გამოავლინეთ თავშეკავება და იყავით სრულწლოვანნი

      14. ა) როგორ უნდა ისწავლონ ბავშვებმა თავშეკავების გამოვლენა? ბ) რა სარგებლობას მოუტანს ბავშვს, თუ პატარაობიდანვე ისწავლის თავშეკავების გამოვლენას?

      14 ახალშობილს თავშეკავება არ ახასიათებს. ბავშვის ქცევის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტების მიერ გამოცემულ ბროშურაში ნათქვამია: „თავშეკავების გამომუშავება ავტომატურად და უეცრად არ ხდება. თავშეკავების გამომუშავების პროცესის დასაწყებად ბავშვებს მშობლების ხელმძღვანელობა და დახმარება სჭირდებათ . . . მშობლების დახმარებით, სკოლის პერიოდში ბავშვები თანდათანობით უკეთესად სწავლობენ თავშეკავების გამოვლენას“. ერთმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ბავშვები, რომლებსაც ოთხი წლის ასაკში გამომუშავებული აქვთ გარკვეული თავშეკავება, „ჩვეულებრივ, უფრო შემგუებელ, პოპულარულ, გამბედავ, საკუთარ თავში დარწმუნებულ და სანდო პიროვნებებად ყალიბდებიან“. იმ ბავშვებს კი, რომლებსაც ამ ასაკში თავშეკავების გამოვლენა ნასწავლი არა აქვთ, მოგვიანებით „ხშირად საკუთარ თავში ჩაკეტვის მიდრეკილება უვითარდებათ, ადვილად უტყდებათ გული და სიჯიუტე ახასიათებთ. გარდა ამისა, ვერ უძლებენ სტრესს და სირთულეებს გაურბიან“. როგორც ვხედავთ, ბავშვი სწორად რომ განვითარდეს და ჩამოყალიბდეს, მან თავშეკავების გამოვლენა უნდა ისწავლოს.

      15. რისი ნიშანია, თუ ქრისტიანი თავშეკავებას ვერ ავლენს და ამის საპირისპიროდ, რა მიზანს გვისახავს ბიბლია?

      15 მსგავსად ამისა, თუ გვსურს მოწიფული ქრისტიანები გავხდეთ, თავშეკავების გამოვლენა უნდა ვისწავლოთ. თავშეკავებას თუ ვერ ვავლენთ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ სულიერად ჯერაც ბავშვები ვართ. ბიბლია მოგვიწოდებს „გონებისთვის . . . სრულწლოვანნი“ ვიყოთ (1 კორინთელთა 14:20). ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ „ერთიანობას რწმენასა და ღვთის ძის შესახებ შეძენილ საფუძვლიან ცოდნაში, სანამ არ გავხდებით ზრდადასრულებულნი და არ მივაღწევთ ქრისტეს სისავსისთვის დამახასიათებელ მოწიფულობას“. რატომ? „რათა აღარ ვიყოთ ჩვილები, რომლებსაც თითქოს ტალღები არყევს და აქანავებს სწავლების ყოველი ქარი, ადამიანთა მზაკვრობითა და ცბიერებით, გამიზნული სიცრუით“ (ეფესელთა 4:13, 14). ნათელია, თავშეკავების გამომუშავება მნიშვნელოვანია ჩვენი სულიერობისთვის.

      თავშეკავების გამომუშავება

      16. როგორ გვეხმარება იეჰოვა?

      16 თავშეკავების გამოსამუშავებლად ღვთის დახმარება გვჭირდება; მისგან დახმარების მიღება კი შესაძლებელია. ღვთის სიტყვა, როგორც სრულყოფილი სარკე, გვიჩვენებს, რა მხრივ გვჭირდება ცვლილებების მოხდენა და რჩევებს გვაძლევს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება (იაკობი 1:22—25). მოსიყვარულე ქრისტიანული საძმოც მზადაა დასახმარებლად. უხუცესები ჩვენდამი გულისხმიერებას ავლენენ და საჭიროების შემთხვევაში, პირადად გვეხმარებიან. თვითონ იეჰოვა კი უსასყიდლოდ გვაძლევს სულიწმიდას, თუ ლოცვაში ვთხოვთ მისი სულის დახმარებას (ლუკა 11:13; რომაელთა 8:26). გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები. 21-ე გვერდზე მოცემული რჩევებიც დაგვეხმარება, რომ თავშეკავება გამოვიმუშავოთ.

      17. როგორ გვამხნევებს იგავების 24:16–ში ჩაწერილი სიტყვები?

      17 გამამხნევებელია, რომ იეჰოვა აფასებს ჩვენს ძალისხმევას, როდესაც მის მოსაწონად მოქცევას ვცდილობთ! ამან უნდა აღგვძრას, კვლავაც განვაგრძოთ თავშეკავების უფრო მეტად გამომუშავება. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ხშირად განვიცდით მარცხს, საკუთარ თავთან ბრძოლა არ უნდა შევწყვიტოთ. „შვიდჯერ დაეცემა მართალი, მაგრამ ადგება“ (იგავები 24:16). თითოეული წარმატების დროს ნამდვილად გვაქვს სიხარულისა და საკუთარი თავით კმაყოფილების მიზეზი. შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ამ დროს ჩვენთან ერთად იეჰოვაც ხარობს. ერთი ქრისტიანი იხსენებს, როგორ ცდილობდა სიგარეტისთვის თავის დანებებას, ვიდრე თავს მიუძღვნიდა იეჰოვას. მთელი კვირა თუ სიგარეტის მოწევისგან თავის შეკავებას შეძლებდა, კვირის ბოლოს საკუთარ თავს საჩუქარს უკეთებდა თავშეკავებით დანაზოგი ფულით.

      18. ა) რასთან არის დაკავშირებული თავშეკავების გამოსამუშავებლად ბრძოლა? ბ) რაში გვარწმუნებს იეჰოვა?

      18 რაც ყველაზე მთავარია, უნდა გვახსოვდეს, რომ თავშეკავება, როგორც გონებასთან, ისე გრძნობებთან არის დაკავშირებული. ეს კარგად ჩანს იესოს სიტყვებიდან: „ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“ (მათე 5:28; იაკობი 1:14, 15). ვისაც საკუთარი გონებისა და გრძნობების კონტროლი შეუძლია, მთელ სხეულსაც ადვილად დაიმორჩილებს. ამიტომაც, ქრისტიანისთვის შეუფერებელი საქმეების მხოლოდ კეთებას კი არა, მათზე ფიქრსაც უნდა მოვერიდოთ. ცუდი აზრები მაშინვე უნდა მოვიშოროთ, როგორც კი გონებაში მოგვივა. ცდუნებებს იმ შემთხვევაში გავექცევით, თუ განუწყვეტლივ ვილოცებთ და იესოსკენ მივაპყრობთ მზერას (1 ტიმოთე 6:11; 2 ტიმოთე 2:22; ებრაელთა 4:15, 16). შეძლებისდაგვარად ყველაფერი გავაკეთოთ და, ამავე დროს, გავითვალისწინოთ ფსალმუნების 54:23–ში ჩაწერილი რჩევა: „მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდის წაბორძიკებას“.

  • გამოავლინეთ თავშეკავება, რათა ჯილდო მოიპოვოთ!
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 ოქტომბერი
    • [ჩარჩო⁄სურათები 21 გვერდზე]

      როგორ შეგვიძლია გამოვიმუშავოთ მეტი თავშეკავება

      • ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებშიც კი გამოავლინეთ თავშეკავება.

      • იფიქრეთ, რა სარგებლობა მოაქვს თავშეკავების გამოვლენას ამჟამად და რას მოგიტანთ ის მომავალში.

      • დაკავდით იმით, რაც ღვთისთვის მოსაწონია, ნაცვლად იმისა, რომ რასაც ღმერთი გმობს, ის აკეთოთ.

      • დაუყოვნებლივ მოიშორეთ შეუფერებელი აზრები.

      • იფიქრეთ იმაზე, რაც გამამხნევებელია და სულიერად განგამტკიცებთ.

      • მიიღეთ დახმარება მოწიფული ქრისტიანებისგან.

      • მოერიდეთ სახიფათო სიტუაციებს.

      • ილოცეთ, როდესაც ცდუნების წინაშე ხართ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება