საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რატომ არის საზიანო სიტყვიერ „ომში“ ჩაბმა?
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 მარტი
    • რატომ არის საზიანო სიტყვიერ „ომში“ ჩაბმა?

      „რა იწვევს თქვენ შორის ომსა და დავას?“ (იაკობი 4:1).

      მოწაფე იაკობი ამ კითხვით არ მიმართავდა რომის ლეგიონის ჯარებს, რომლებიც დაპყრობით ომებს აწარმოებდნენ; არც ახ. წ. პირველ საუკუნეში ამბოხებულ სიკარიელთა („ხმალამოწვდილთა“) ჯგუფის მებრძოლებს სწერდა. იაკობი ორ ადამიანს შორის გამართულ დავაზე წერდა. რატომ? იმიტომ რომ სიტყვიერი ომებიც გამანადგურებელია. განვიხილოთ რამდენიმე ბიბლიური მაგალითი.

      პატრიარქი იაკობის ძეებს ისე სძულდათ თავიანთი ძმა იოსები, რომ ის მონად გაყიდეს (დაბადება 37:4—28). მოგვიანებით ისრაელის მეფე საული დავითის მოკვლას ცდილობდა. რატომ? მას შურდა დავითის (1 მეფეთა 18:7—11; 23:14, 15). პირველ საუკუნეში ორმა ქრისტიანმა ქალმა, ევოდიამ და სინტიქემ, ერთმანეთში დავით მთელი კრების სიმშვიდე დაარღვიეს (ფილიპელები 4:2).

      ახლო წარსულში მამაკაცები უთანხმოებას დუელში ხმლებით ან პისტოლეტებით აგვარებდნენ. ხშირად დუელში მონაწილეთაგან ერთ-ერთი კვდებოდა ან სამუდამოდ სახიჩრდებოდა. დღეს მოშუღლეები იარაღად ჩვეულებრივ მწარე, სარკასტულ სიტყვებს იყენებენ. მართალია სისხლი არ იღვრება, მაგრამ სიტყვიერი თავდასხმები ადამიანს ემოციურ ჭრილობას აყენებს და რეპუტაციას ულახავს. ასეთ „ომებში“ ხშირად უდანაშაულოები ზარალდებიან.

      აი, რა მოხდა რამდენიმე წლის წინ. ანგლიკანური ეკლესიის ერთმა მღვდელმა მეორე მღვდელი ეკლესიის ფინანსების არასწორად მოხმარებაში დაადანაშაულა. მათი დავა საყოველთაოდ ცნობილი გახდა და ეკლესიაში ორი დაპირისპირებული ჯგუფი შეიქმნა. ზოგიერთი არ ესწრებოდა საეკლესიო მსახურებას, თუ მას მოწინააღმდეგე ბანაკის მღვდელი ატარებდა. მათი დაპირისპირება იმდენად გამძაფრდა, რომ ეკლესიაში მსახურების დროს ერთმანეთს თავს არიდებდნენ. განხეთქილება უფრო გამწვავდა, როდესაც ბრალის დამდები მღვდელი თავად დაადანაშაულეს სექსუალურ უზნეობაში.

      კენტერბერის არქიეპისკოპოსმა ამ ორი მღვდლისთვის მიმართვაში მათ დაპირისპირებას „განგრენა“ უწოდა; აგრეთვე აღნიშნა, რომ ასეთი საქციელით ისინი „საყოველთაოდ შეურაცხყოფდნენ უფლის სახელს“. 1997 წელს ერთმა მღვდელმა პენსიაში გასვლაზე თანხმობა განაცხადა. მეორე კი იმ პერიოდამდე დარჩა, ვიდრე ასაკის გამო იძულებული არ გახდა, მიეტოვებინა მსახურება. მაგრამ ის ბოლო დასაშვებ მომენტამდე დარჩა ეკლესიაში, რათა 2001 წლის 7 აგვისტოს 70 წლის შესრულების აღსანიშნავად დაბადების დღე გადაეხადა. „ანგლიკანური ეკლესიის გაზეთმა“ მოიხსენია, რომ ის პენსიაზე გავიდა „წმინდა“ ვიკტრიციუსის დღესასწაულის აღნიშვნის დღეს. ვინ იყო „წმინდა“ ვიკტრიციუსი? IV საუკუნის ეპისკოპოსი, რომელიც, როგორც ამბობენ, ომში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო გაროზგეს. გაზეთი ხაზს უსვამდა ამ ორ პიროვნებას შორის არსებულ მკვეთრ სხვაობას და აღნიშნავდა: «[პენსიაში გამსვლელი მღვდელი კი] სულაც არ აპირებდა ეკლესიის შიგნით „ომში“ მონაწილეობაზე უარის თქმას».

      ამ დაპირისპირებულ მღვდლებს შეეძლოთ საკუთარი თავისა და სხვებისთვის ზიანის მიყენების არიდება, თუ გამოიყენებდნენ რომაელების 12:17, 18-ში მოცემულ რჩევას: „ნურავის გადაუხდით ბოროტებას ბოროტებით. ის აკეთეთ, რაც ყველას თვალში კარგი იქნება. რამდენადაც თქვენის მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან“.

      რის თქმა შეიძლება თქვენ შესახებ? ებმებით სიტყვიერ „ომში“, როცა ვინმე გაწყენინებთ? თუ ერიდებით უხეში სიტყვების გამოყენებას და მზად ხართ, მშვიდობა შეინარჩუნოთ? ან, როცა ვინმეს აწყენინებთ, არიდებთ თავს მას იმ იმედით, რომ გავა დრო და მომხდარი დაავიწყდება? თუ მაშინვე მოიბოდიშებთ? თავად ითხოვთ მიტევებას, თუ თქვენ მიუტევებთ ვინმეს, მშვიდობის შენარჩუნების მცდელობა თქვენსავე კეთილდღეობას ემსახურება. როგორც მომდევნო სტატიაში დავინახავთ, ბიბლიური რჩევა დაგვეხმარება, წარმატებით გავართვათ თავი ისეთ კონფლიქტებსაც კი, რომლებიც დიდი ხანია გრძელდება.

  • სარგებლობა, რომელიც მშვიდობის ძიებას მოაქვს
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 მარტი
    • სარგებლობა, რომელიც მშვიდობის ძიებას მოაქვს

      ედი სიკვდილის პირას იყო, ბილს კი სძულდა ის. 20 წლის წინ ედის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბილს სამუშაოს დაკარგვის ფასად დაუჯდა, რამაც ერთ დროს ეს ახლო მეგობრები ერთმანეთს დააშორა. ახლა ედი მობოდიშებას ცდილობდა, რათა მშვიდად მომკვდარიყო. მაგრამ ბილმა არ ისურვა მისი მოსმენა.

      თითქმის 30 წლის შემდეგ მომაკვდავმა ბილმა თქვა, თუ რატომ არ მიუტევა ყოფილ მეგობარს. „ედი საუკეთესო მეგობარს ასე არ უნდა მოქცეოდა. მე, უბრალოდ, აღარ მინდოდა ოცი წლის შემდეგ შერიგება . . . შეიძლება არასწორად მოვიქეცი, მაგრამ სხვაგვარად არ შემეძლო“a.

      პირადი უთანხმოებები, ჩვეულებრივ, ასე ტრაგიკულად არ სრულდება, მაგრამ მათ შედეგად ადამიანი განაწყენებული და გაბოროტებული რჩება. ვთქვათ, ვიღაცას ისეთივე გრძნობები აქვს, როგორიც ედის ჰქონდა. ასეთ ადამიანს ესმის, რომ მისმა გადაწყვეტილებამ სხვას ზიანი მიაყენა და სინდისი ქენჯნის; აგრეთვე საშინელი დანაკლისის გრძნობას განიცდის. მაგრამ ის მაინც განაწყენებულია, რადგან ფიქრობს, რომ მისმა მეგობარმა მათი ახლო ურთიერთობა უსარგებლო ნივთივით სანაგვეზე მოისროლა.

      ვიღაცა კი, ვინც ბილივით გრძნობს თავს, საკუთარ თავს უდანაშაულო მსხვერპლად მიიჩნევს და შეიძლება ძალიან გამწარებული და განაწყენებულია. მისი აზრით, ყოფილმა მეგობარმა დაუფიქრებლად კი არ გააკეთა ეს, არამედ შეგნებულად მიაყენა ტკივილი. ხშირად, როდესაც ადამიანებს შორის პრობლემა ჩნდება, თითოეული დარწმუნებულია, რომ თავად არის მართალი და ყველაფერში სხვა არის დამნაშავე. ამიტომ ყოფილი მეგობრები, ფიგურალურად რომ ვთქვათ, ომს იწყებენ.

      ისინი ბრძოლაში უხმო იარაღს იყენებენ — ერთი გზიდან გადაუხვევს, თუ ხედავს, რომ მეორე მოდის ან, თუ შემთხვევით ერთ კომპანიაში აღმოჩნდებიან, ერთმანეთს იგნორირებას უკეთებენ. დაპირისპირებულები მალულად უთვალთვალებენ ან ცივ მზერას შეავლებენ ხოლმე ერთმანეთს. ისინი სიტყვებს კბილებს შორის სცრიან ან ერთმანეთზე უკმეხად ლაპარაკობენ, რაც მეორე ადამიანს ჭრილობას აყენებს.

      ერთი შეხედვით შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, რომ ისინი ყველაფერში ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, მაგრამ ცხადია, რომ რაღაცაში მაინც აქვთ საერთო აზრი. დაპირისპირებულებს შეიძლება ესმით, რომ მათ შორის სერიოზული პრობლემაა და, რომ ძალიან სამწუხაროა ახლო მეგობართან ურთიერთობის გაწყვეტა. თითოეული, ალბათ, გართულებული ჭრილობით მიყენებულ ტკივილს გრძნობს და ორივეს ესმის, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად რაღაცის გაკეთებაა საჭირო. მაგრამ ვინ გადადგამს პირველ ნაბიჯს, რათა გაფუჭებულ ურთიერთობას უშველოს და მშვიდობის აღდგენას შეუწყოს ხელი? ამის გაკეთება არც ერთს არ სურს.

      ორი ათასი წლის წინათ იესო ქრისტეს მოციქულები ზოგჯერ გაცხარებით კამათობდნენ ერთმანეთში (მარკოზი 10:35—41; ლუკა 9:46; 22:24). ერთ-ერთი ასეთი დავის შემდეგ იესომ ჰკითხა მათ: „რაზე კამათობდით გზაში?“ ყველას შერცხვა და პასუხი არავინ გასცა (მარკოზი 9:33, 34). იესოს სწავლებები დაეხმარა მათ უთანხმოებების მოგვარებაში. იესოსა და ზოგი მისი მოწაფის რჩევები კვლავაც ეხმარება ადამიანებს კონფლიქტების მოგვარებასა და გაბზარული მეგობრობის აღდგენაში. მოდი ვნახოთ, თუ როგორ.

      ეცადეთ, ეძიოთ მშვიდობა

      „არანაირი სურვილი არა მაქვს, მას დაველაპარაკო. მისი დანახვაც კი არ მინდა“. თუ მსგავსი სიტყვები გითქვამთ, საჭიროა გარკვეულ ზომებს მიმართოთ, როგორც ამას შემდეგი ბიბლიური მონაკვეთი ცხადყოფს.

      იესო ასწავლიდა: „თუ ძღვენი მიიტანე სამსხვერპლოსთან და იქ გაგახსენდა, რომ შენს ძმას რაღაც აქვს შენ წინააღმდეგ, დატოვე შენი ძღვენი იქვე, სამსხვერპლოს წინ, წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი“ (მათე 5:23, 24). მან აგრეთვე თქვა: „თუ შენი ძმა შესცოდავს, წადი და ამხილე თავის დანაშაულში, როცა მარტონი იქნებით“ (მათე 18:15). თქვენ გაწყენინათ ვინმემ, თუ თქვენ აწყენინეთ ვინმეს, იესოს მიერ ხაზგასმით ნათქვამი სიტყვებიდან ჩანს, რომ საჭიროა თქვენ დაელაპარაკოთ მაშინვე მეორე ადამიანს. ამ დროს კი ‘რბილად უნდა მიუდგეთ’ მას (გალატელები 6:1). საუბრის მიზანი თავდაცვა კი არ უნდა იყოს ან ის, რომ მეორე ადამიანი იძულებული გახადოთ, მოგიბოდიშოთ, არამედ — მშვიდობის აღდგენა. მოქმედია ბიბლიური რჩევა?

      ერნესტი ერთი დიდი ოფისის ზედამხედველიაb. მრავალი წლის განმავლობაში სამუშაოს გამო მას ყველანაირ ადამიანთან უწევდა სხვადასხვაგვარი დელიკატური საკითხის მოგვარება და ამასთანავე საჭირო იყო კარგი საქმიანი ურთიერთობის შენარჩუნებაც. ის ხედავდა, თუ რა ადვილად შეიძლებოდა ადამიანებს შორის უთანხმოება ჩამოვარდნილიყო. ერნესტი ამბობს: „ზოგჯერ ვინმესთან უთანხმოება მქონია. მაგრამ, ასეთ შემთხვევებში, ვჯდებოდი იმ ადამიანთან და პრობლემაზე ვსაუბრობდით. პრობლემას პირდაპირ უნდა შეხედო და მიზნად გქონდეს დასახული, რომ მშვიდობა აღადგინო. ეს მეთოდი ყოველთვის ამართლებს“.

      ალისია, რომელიც სხვადასხვა ერის ადამიანებთან მეგობრობს, ამბობს: „ზოგჯერ რაღაცას ვიტყვი და შემდეგ ვატყობ, რომ ვიღაცას ვაწყენინე. მაშინვე ბოდიშს ვუხდი ამ ადამიანს. შეიძლება იმაზე ხშირადაც კი ვაკეთებ ამას, ვიდრე საჭიროა, რადგან ზოგჯერ ეს ადამიანი ნაწყენი სულაც არ არის, მაგრამ ამის შემდეგ თავს უკეთესად ვგრძნობ. მობოდიშების შემდეგ უკვე დანამდვილებით ვიცი, რომ არავითარ გაუგებრობას ადგილი არ ჰქონია“.

      დაბრკოლებების გადალახვა

      პირადი უთანხმოების მოგვარებას ხშირად დაბრკოლებები უშლის ხელს. გითქვამთ ოდესმე: „რატომ უნდა გადავდგა პირველი ნაბიჯი მე? ამ უთანხმოების მიზეზი ხომ ის იყო?“ ან მისულხართ თუ არა ოდესმე ვინმესთან და მისგან ასეთი სიტყვები მოგისმენიათ: „მე შენთვის სათქმელი არაფერი მაქვს“? ზოგიერთი მსგავს სიტყვებს იმიტომ ამბობს, რომ განაწყენებულია. იგავების 18:19–ში (სსგ) ნათქვამია: „განდგომილი ძმა ციხე–სიმაგრეზე უფრო მეტად მიუდგომელია და უთანხმოებანი კოშკის ურდულს ჰგავს“. ასე რომ, გაითვალისწინეთ მეორე ადამიანის გრძნობები. თუ ადამიანს თავიდან თქვენთან ლაპარაკი არ სურს, მოიცადეთ ცოტა ხანს და კვლავ სცადეთ მასთან დალაპარაკება. მაშინ „ციხე–სიმაგრე“ შეიძლება გაიხსნას, „ურდული“ გადაწეულ იქნას და მშვიდობა აღდგეს.

      სხვა დაბრკოლება, რომელსაც შეიძლება ადამიანი შეხვდეს, არის საკუთარი თავისადმი პატივისცემის გრძნობის დაკარგვის შიში. ზოგი ადამიანი მობოდიშებას და დაპირისპირებულ ადამიანთან ლაპარაკსაც კი დამამცირებლად მიიჩნევს. საკუთარი თავისადმი პატივისცემის შენარჩუნებაზე ზრუნვა მართებულია; მაგრამ აძლიერებს ამ გრძნობას მშვიდობის ძიებაზე უარის თქმა, თუ პირიქით? ასეთი ვითომდა საკუთარი თავისადმი პატივისცემის უკან სიამაყე ხომ არ დგას?

      ბიბლიის დამწერი იაკობი ცხადყოფს, რომ კამათის სიყვარულსა და სიამაყეს შორის პირდაპირი კავშირია. მას შემდეგ, რაც მოიხსენიებს ზოგ ქრისტიანს შორის არსებულ „ომსა“ და „დავას“, ის განაგრძობს: „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლების მიმართ კი წყალობას ავლენს“ (იაკობი 4:1—3, 6). როგორ უშლის ხელს მშვიდობის ძიებას ამპარტავნობა, ანუ სიამაყე?

      სიამაყეს შეცდომაში შეჰყავს ადამიანი და ისეთ გრძნობას უჩენს, რომ თავად სხვებზე უკეთესია. ამპარტავანი ადამიანი ფიქრობს, უფლება აქვს, განსაჯოს, ესა თუ ის ადამიანი კარგი პიროვნებაა, თუ ცუდი. როგორ? უთანხმოების წამოჭრისას ისინი ხშირად ფიქრობენ, რომ მოწინააღმდეგენი არასოდეს შეიცვლებიან და მათი გამოსწორება შეუძლებელია. სიამაყე ადამიანს აფიქრებინებს, რომ, თუ ვინმე მისგან განსხვავებულია, ის ყურადღებისა და გულწრფელი მობოდიშების ღირსი არ არის. ამიტომ ამაყი ადამიანები ხშირად პრობლემის გადასაჭრელად არაფერს აკეთებენ.

      როგორც ბარიკადა აბრკოლებს გზატკეცილზე მოძრაობას, ისე სიამაყე უშლის ხელს ხშირად ადამიანს შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმაში. ამიტომ თუ შეატყობთ, რომ გიჭირთ სხვებთან მშვიდობის აღდგენა, შეიძლება სიამაყის პრობლემა გაქვთ. როგორ შეიძლება სიამაყის დაძლევა? მისი საპირისპირო თვისების — თავმდაბლობის — განვითარებით.

      გააკეთეთ საპირისპირო

      ბიბლია ძალიან აფასებს თავმდაბლობას. „თავმდაბლობასა და იეჰოვას შიშს სიმდიდრე, დიდება და სიცოცხლე მოაქვს“ (იგავები 22:4, აქ). ფსალმუნების 138:6–ში (აქ) ვკითხულობთ ღვთის თვალსაზრისს თავმდაბალი და ამაყი ადამიანების შესახებ: „მაღალია იეჰოვა, მაგრამ ხედავს თავმდაბლებს. მედიდურებს კი მხოლოდ შორიდან იცნობს“.

      მრავალი ადამიანი თავმდაბლობას დამცირებასთან აიგივებს. სახელმწიფოს მეთაურები, როგორც ჩანს, ასე ფიქრობენ. მიუხედავად იმისა, რომ მთელმა ერმა უნდა შეასრულოს მათი ნება, ამ ადამიანებს უჭირთ, თავმდაბლურად აღიარონ თავიანთი შეცდომები. თუ რომელიმე მმართველს წამოსცდა სიტყვები: „ბოდიშს ვიხდი“, ამას მაშინვე პრესაში აქვეყნებენ. გაზეთების პირველ გვერდებზე დაბეჭდილი იყო მთავრობის ერთი ყოფილი ოფიციალური პირის სიტყვები, როდესაც მან მოიბოდიშა იმისათვის, რომ ვერ შეძლო საშინელი უბედურების თავიდან აცილება.

      თავმდაბლობა არის თავმდაბლის თვისება ანუ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის არქონა; ამპარტავნობის საპირისპირო თვისება. ამგვარად, თავმდაბლობით აღიწერება ის, თუ რას ფიქრობს თავად ადამიანი საკუთარ თავზე და არა ის, რას ფიქრობენ სხვები მასზე. შეცდომების თავმდაბლად აღიარება და პატიების გულწრფელად თხოვნა კი არ ამცირებს ადამიანს, არამედ პირიქით — უკეთეს რეპუტაციას უქმნის. ბიბლიაში ნათქვამია: „კაცის გულის გამედიდურებას დაცემა მოსდევს, თავმდაბლობას კი — დიდება“ (იგავები 18:12, აქ).

      იმ პოლიტიკოსთა შესახებ, რომლებიც თავიანთი შეცდომების გამო არ იბოდიშებენ, ერთმა დამკვირვებელმა აღნიშნა: «სამწუხაროდ, ისინი ფიქრობენ, რომ მსგავსი მობოდიშება სისუსტის ნიშანია. სუსტი და საკუთარ თავში დაურწმუნებელი ადამიანი ძნელად თუ იტყვის „ბოდიში“. მხოლოდ დიდსულოვან და გამბედავ ადამიანებს შეუძლიათ თქვან: „შევცდი“». იმავეს თქმა შეიძლება მათზეც, ვისაც პოლიტიკური ძალაუფლება არა აქვს. თუ ძალისხმევას ახმართ იმას, რომ მიატოვოთ სიამაყე და თავმდაბალი გახდეთ, პირადი უთანხმოების შემთხვევაში, ბევრად ადვილად შეძლებთ მშვიდობის აღდგენას. მოდი ვნახოთ ამ სიტყვების ჭეშმარიტება ერთი ოჯახის მაგალითზე.

      გაუგებრობის გამო ჯულიასა და მის ძმას, ვილიამს, შორის დაძაბული ურთიერთობა იყო. ვილიამი ისე იყო გაბრაზებული ჯულიასა და მის მეუღლეზე, ჯოზეფზე, რომ მათთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა. მან ის საჩუქრებიც კი დაუბრუნა დასა და სიძეს, რომლებიც წლების განმავლობაში ჰქონდათ მისთვის ნაჩუქარი. თვეების შემდეგ ამ და–ძმას შორის ახლო ურთიერთობა ცივმა დამოკიდებულებამ შეცვალა.

      მაგრამ ჯოზეფმა გადაწყვიტა, გამოეყენებინა მათეს 5:23, 24–ში მოცემული პრინციპი. ის თავმდაბლობის სულში შეეცადა, დალაპარაკებოდა ცოლისძმას; ამ მიზნით ჯოზეფი ვილიამს უგზავნიდა წერილებს, რომლებშიც წყენინებისთვის ბოდიშს იხდიდა. მან ცოლსაც ურჩია, რომ ეპატიებინა ძმისთვის. დროთა განმავლობაში ვილიამმა დაინახა, რომ ჯულიასა და ჯოზეფს გულრწფელად სურდათ მასთან კარგი ურთიერთობის აღდგენა, რამაც გული მოულბო. ვილიამი და მისი მეუღლე შეხვდნენ ჯულიასა და ჯოზეფს. მათ ყველამ მოიბოდიშეს, ერთმანეთს გადაეხვივნენ და ყოფილი მეგობრობაც აღადგინეს.

      თუ ვინმესთან პირადი უთანხმოების მოგვარებას აპირებთ, მოთმინებით განაგრძეთ ბიბლიური რჩევების გამოყენება და ეცადეთ, მშვიდობის აღდგენას. იეჰოვა დაგეხმარებათ. თქვენს შემთხვევაშიც გამართლდება ძველი ისრაელისთვის ღვთის მიერ ნათქვამი სიტყვები: „ყურად რომ გეღო ჩემი მცნებები, მდინარესავით იქნებოდა შენი მშვიდობა, და შენი სიმართლე — ზღვის ტალღებივით“ (ესაია 48:18).

      [სქოლიოები]

      a დაფუძნებულია The Murrow Boys—Pioneers on the Front Lines of Broadcast Journalism, by Stanley Cloud and Lynne Olson.

      b ზოგი სახელი შეცვლილია.

      [სურათები 7 გვერდზე]

      მობოდიშება ხშირად ხელს უწყობს დარღვეული მშვიდობის აღდგენას.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება