-
გზა ოჯახის ბედნიერებისკენგამოიღვიძეთ! — 2008 | ივლისი
-
-
არასრულყოფილების გამო ცოლ-ქმარს შორის აზრთა სხვაობა და გაუგებრობა გარდაუვალია. ოჯახური ბედნიერება დამოკიდებულია არა მაინცდამაინც იმაზე, თუ რამდენად კარგად ეწყობიან მეუღლეები ერთმანეთს, არამედ იმაზე, თუ როგორ აგვარებენ წამოჭრილ პრობლემებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ცოლ-ქმარმა ისწავლოს უთანხმოებების მოგვარება სიყვარულით, რადგან სიყვარული „გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლოსელები 3:14).
▸ მეუღლეს პატივისცემით ელაპარაკე. „დაუფიქრებელი ლაპარაკი მახვილივით ჭრის, ბრძენის ენა კი კურნავს“ (იგავები 12:18). გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში, როგორც იწყებს ცოლ-ქმარი საუბარს, ისევე ამთავრებს. თუ მეუღლეები ერთმანეთს პატივისცემით დაელაპარაკებიან, ნაკლები ალბათობა იქნება იმისა, რომ მათი საუბარი ცუდად დამთავრდეს. ალბათ, იცი, რა გულსატკენია, როდესაც საყვარელი ადამიანი რაღაცას დაუფიქრებლად გეუბნება. ამიტომ ლოცვით სთხოვე ღმერთს დახმარება და შეეცადე, მეუღლეს ყოველთვის ღირსეულად, პატივისცემით და თბილად ელაპარაკო (ეფესოელები 4:31). ერთი იაპონელი ქალი, ჰარუკოb, რომელიც 44 წელია გათხოვილია, ამბობს: „ჩვენ ვხედავთ ერთმანეთის ნაკლოვანებებს, მაგრამ ვცდილობთ, პატივი ვცეთ ერთმანეთს. ეს ჩვენ შორის ჰარმონიულ ურთიერთობას უწყობს ხელს“.
▸ იყავი კეთილი და თანამგრძნობი. „კეთილად მოექეცით ერთმანეთს, დიდად თანაუგრძნეთ“ (ეფესოელები 4:32). სერიოზული უთანხმოების დროს ადვილია გამოხვიდე მდგომარეობიდან. ანეტი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, 34 წელია გათხოვილია და ბედნიერი ოჯახი აქვს; ის ამბობს: „დაძაბული ურთიერთობის დროს შეიძლება ისეთი რამ თქვა, რაც გაამწვავებს მდგომარეობას“. მაგრამ ამ დროს მეუღლისადმი კეთილად და თანაგრძნობით მოპყრობა ხელს შეუწყობს მშვიდობიან ურთიერთობას.
▸ იყავი თავმდაბალი. „ნურაფერს გააკეთებთ მეტოქეობითა და პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად“ (ფილიპელები 2:3). მეუღლეებს შორის კონფლიქტს ხშირად იწვევს ის, რომ ერთმანეთს ადანაშაულებენ, ნაცვლად იმისა, რომ თავმდაბლობა გამოიჩინონ და გამოსავალი ერთად ეძებონ. თავმდაბლობა დაეხმარება მათ, რომ არ დაიწყონ საკუთარი სიმართლის მტკიცება.
▸ ნუ განაწყენდები. „ნუ იჩქარის შენი სული განაწყენებას“ (ეკლესიასტე 7:9). თუ მეუღლე რაღაცაზე მიგითითებს, ნუ შეეწინააღმდეგები და თავდაცვაზე ნუ გადახვალ. პირიქით, მოუსმინე და ვიდრე რამეს ეტყოდე, კარგად დაფიქრდი. სამწუხაროდ, ბევრი ცოლ-ქმარი გვიან ხვდება, რომ მთავარი კამათში გამარჯვება კი არა, მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნებაა.
▸ იცოდე, როდის გაჩუმდე. „ყოველი კაცი სწრაფი იყოს მოსმენაში და ნელი — სიტყვასა და რისხვაში“ (იაკობი 1:19). ოჯახის ბედნიერებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია აზრთა გაცვლა-გამოცვლა. მაშ, რატომ ამბობს ბიბლია, რომ არის „დუმილის დრო“? (ეკლესიასტე 3:7). „დუმილის დროში“ იგულისხმება ის დრო, როცა გულისყურით უსმენ შენს მეუღლეს, რაც კარგ ურთიერთობას უწყობს ხელს. ეს საშუალებას აძლევს მეუღლეს, გაიგოს, რას გრძნობს მისი მეორე ნახევარი.
▸ გაიზიარე მეუღლის გრძნობები. „მოხარულებთან იხარეთ, მოტირალებთან იტირეთ“ (რომაელები 12:15). თუ გინდა, რომ გაიგო, რას გრძნობს მეუღლე, თავი მის ადგილას წარმოიდგინე. როდესაც მეუღლეები ერთმანეთის გრძნობებს იზიარებენ და ერთმანეთის შეხედულებებს პატივს სცემენ, ეს ოჯახში თბილ გარემოს ქმნის. ნელლა, რომელიც ბრაზილიაში ცხოვრობს და 32 წელია დაოჯახებულია, თავის გამოცდილებას გვიზიარებს: „როდესაც მე და მანუელი პრობლემებზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ვცდილობ, ყურადღებით მოვუსმინო, რომ გავიგო, რას ფიქრობს და რას გრძნობს“. როდესაც მეუღლე გელაპარაკება, მაშინ დგება შენთვის „დუმილის დრო“, რათა მოუსმინო და გაიზიარო მისი გრძნობები.
-
-
გზა ოჯახის ბედნიერებისკენგამოიღვიძეთ! — 2008 | ივლისი
-
-
[ჩარჩო⁄სურათი 7 გვერდზე]
როდესაც პრობლემაზე ლაპარაკს აპირებ . . .
◼ ისეთი დრო შეარჩიე, როდესაც არც ერთი არ იქნებით დაღლილი.
◼ ნუ გააკრიტიკებთ ერთმანეთს; დადებითად განეწყვეთ ერთიმეორის მიმართ.
◼ ნუ შეაწყვეტინებთ ერთმანეთს საუბარს; ყურადღებით მოუსმინეთ.
◼ აგრძნობინე მეუღლეს, რომ გესმის მისი.
◼ შეეცადე, გაუგო მეუღლეს მაშინაც კი, როცა განსხვავებული აზრი გაქვს.
◼ გამოიჩინე გონიერება და იყავი დამთმობი.
◼ თუ მეუღლეს გული ატკინე, ბოდიში მოუხადე.
◼ გამოხატე მადლიერება და თბილი გრძნობები.
-