საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იცნობთ შაფანსა და მის ოჯახს?
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 დეკემბერი
    • იცნობთ შაფანსა და მის ოჯახს?

      ბიბლიის კითხვისას ოდესმე თუ მიგიქცევიათ ყურადღება, რომ მასში მოხსენიებული არიან შაფანი და მისი გავლენიანი ოჯახის ზოგიერთი წევრი? ვინ იყვნენ ისინი? რა საქმიანობას ეწეოდნენ? რა შეიძლება ვისწავლოთ მათგან?

      იოშიას მიერ ძვ. წ. 642 წელს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენასთან დაკავშირებით ბიბლია ასე წარმოგვიდგენს მას: „შაფან მწერალი, მეშულამის ძის, აცალიას ძე“ (მეოთხე მეფეთა 22:3). მომდევნო 36 წლის განმავლობაში, ძვ. წ. 607 წელს, იერუსალიმის განადგურებამდე, ბიბლიაში მისი ოთხი ვაჟის — ახიკამის, ელყასას, გემარიას და იაზანიას, აგრეთვე მისი ორი შვილიშვილის, მიქაიასა და გედალიას — სახელებიც ჩნდება (იხ. ცხრილი). „შაფანის ოჯახი სამეფო კარზე [იუდას სამეფოში] დიდი გავლენით სარგებლობდა. ამ ოჯახის წევრები იოშიას დროიდან გადასახლებამდე მეფის მწერლის მოვალეობას ასრულებდნენ“, — გვიხსნის „იუდაური ენციკლოპედია“. თუ თვალს გადავავლებთ, რა არის ბიბლიაში ნათქვამი შაფანსა და მის ოჯახზე, უკეთ გავიგებთ, როგორ უჭერდნენ ისინი მხარს წინასწარმეტყველ იერემიასა და იეჰოვასადმი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას.

  • იცნობთ შაფანსა და მის ოჯახს?
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 დეკემბერი
    • შაფანის შთამომავლებს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ წინასწარმეტყველ იერემიასთან.

      ახიკამი და გედალია

      თუ ყურადღება მიაქციეთ, შაფანის ძე, ახიკამი, პირველია მოხსენიებული იმ წარგზავნილთა შორის, რომლებიც წინასწარმეტყველ ხულდასთან მივიდნენ. ერთ ცნობარში ნათქვამია: „მართალია ებრაულ ბიბლიაში მოხსენიებული არ არის ახიკამის ტიტული, მაგრამ აშკარაა, რომ მას მაღალი თანამდებობა ეკავა“.

      ამ შემთხვევიდან 15 წლის შემდეგ, იერემიას სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. როდესაც იერემიამ ხალხი გააფრთხილა, რომ იეჰოვა იერუსალიმის განადგურებას აპირებდა, „შეიპყრეს იგი მღვდლებმა და წინასწარმეტყველებმა, მთელმა ხალხმა ყვირილით: მოსაკლავი ხარ!“. რა მოხდა ამის შემდეგ? ბიბლიაში ვკითხულობთ: „იერემიას ახიკამ შაფანის ძის ხელი იფარავდა, რომ ხალხის ხელში არ ჩავარდნილიყო და არ მოეკლათ“ (იერემია 26:1—24). რის მაჩვენებელია ეს? ერთ–ერთ ნაშრომში ნათქვამია: „ეს შემთხვევა არა მარტო იმას ადასტურებს, რომ ახიკამი გავლენით სარგებლობდა, არამედ იმის მაჩვენებელიცაა, რომ შაფანის ოჯახის სხვა წევრების მსგავსად, ისიც კეთილგანწყობილი იყო იერემიას მიმართ“ (The Anchor Bible Dictionary).

      დაახლოებით 20 წლის შემდეგ, როდესაც ბაბილონელებმა ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმი გაანადგურეს და მის მცხოვრებთა უმეტესობა გადაასახლეს, შაფანის შვილიშვილი გედალია, ახიკამის ძე, დარჩენილ იუდეველთა მმართველად დაინიშნა. იზრუნა შაფანის ოჯახის სხვა წევრების მსგავსად მან იერემიაზე? ბიბლიაში ვკითხულობთ: „მოვიდა იერემია გედალია ახიკამის ძესთან, მიცფაში, და დაიწყო ცხოვრება“. რამდენიმე თვეში გედალია მოკლეს, დარჩენილმა იუდეველებმა კი იერემია თან წაიყვანეს ეგვიპტეში (იერემია 40:5—7; 41:1, 2; 43:4—7).

      გემარია და მიქაია

      შაფანის ძემ, გემარიამ, და შვილიშვილმა, მიქაიამ, იერემიას წიგნის 36–ე თავში ჩაწერილ მოვლენებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. ეს იყო დაახლოებით ძვ. წ. 624 წელი, ანუ მეფე იეჰოიაკიმის მეფობის მეხუთე წელი. იერემიას დამხმარემ, ბარუქმა, ხმამაღლა წაიკითხა იერემიას სიტყვები იეჰოვას სახლში „გემარიას, შაფან მწერლის ძის ოთახში“. აქედან გამომდინარე, „გაიგონა მიქაიამ, შეფანის ძემ, გემარიას ძემ, უფლის სიტყვები, წიგნიდან წაკითხული“ (იერემია 36:9—11).

      ამ გრაგნილის შესახებ მიქაიამ მამასა და ყველა სხვა მთავარს აცნობა. მათაც მოისურვეს გრაგნილში ჩაწერილი სიტყვების მოსმენა. როგორ გამოეხმაურნენ ისინი ამ სიტყვებს? «როდესაც მოისმინეს მათ ყველა ეს სიტყვა, შიშით გადახედეს ერთმანეთს და უთხრეს ბარუქს: „გადავცემთ მეფეს ყველა ამ სიტყვას“». მაგრამ მეფესთან მისვლამდე მათ ბარუქი გააფრთხილეს: „წადი, დაიმალეთ შენ და იერემია და ნურავის ეცოდინება, სად იმყოფებით“ (იერემია 36:12—19, „ბიბლიური საზოგადოების გამოცემა“).

      როგორც მოსალოდნელი იყო, მეფემ არად ჩააგდო გრაგნილში ჩაწერილი სიტყვები და ნაწილ–ნაწილ დაწვა ის. ზოგი მთავარი, მათ შორის შაფანის ძე, გემარია, „ევედრებოდნენ მეფეს... არ დაეწვა გრაგნილი, მაგრამ არ გაუგონა მათ [მეფემ]“ (იერემია 36:21—25). ერთ–ერთ წიგნში ასეთი დასკვნაა გაკეთებული: „იეჰოიაკიმის სამეფო კარზე გემარია დიდი მხარდამჭერი იყო იერემიასი“ (Jeremaiah —An a Archaeological Companion).

      ელყასა და იაზანია

      ძვ. წ. 617 წელს ბაბილონმა იუდას სამეფო თავის ქვეშევრდომად აქცია. ათასობით იუდეველი, „ყველა დიდებული, ყველა მამაცი მებრძოლი... ყველა ხელოსანი და მშენებელი“, გადაასახლეს, მათ შორის წინასწარმეტყველი ეზეკიელიც. მათანია, რომელსაც ბაბილონის მეფემ ციდკიაჰუ დაარქვა, ახალი ვასალი მეფე გახდა (მეოთხე მეფეთა 24:12—17). მოგვიანებით ციდკიამ თავისი წარმომადგენლები გაგზავნა ბაბილონში, რომელთა შორის ელყასა შაფანის ძეც ერია. სწორედ ელყასას გადასცა იერემიამ გადასახლებული იუდეველებისთვის წერილი, რომელიც იეჰოვასგან მიღებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავდა (იერემია 29:1—3).

      ამგვარად, როგორც ბიბლიიდან ჩანს, შაფანი, მისი სამი ძე და ორი შვილიშვილი თავიანთ მაღალ მდგომარეობას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისა და ერთგული წინასწარმეტყველის, იერემიას, მხარდასაჭერად იყენებდნენ. მაგრამ რა არის ცნობილი შაფანის ძეზე, იაზანიაზე? შაფანის ოჯახის სხვა წევრებისგან განსხვავებით, როგორც ჩანს, ის კერპთაყვანისმცემლობაში იღებდა მონაწილეობას. ბაბილონში გადასახლების მეექვსე ანუ დაახლოებით ძვ. წ. 612 წელს, ეზეკიელმა ხილვა ნახა: იერუსალიმის ტაძარში 70 კაცი საკმეველს კერპებს უკმევდა. მათ შორის იაზანიაც იყო. ამ შემთხვევაში მხოლოდ ის მოიხსენიება სახელით. ეს კი შეიძლება იმაზე მიუთითებს, რომ ამ ჯგუფში ის ყველაზე გავლენიანი იყო (ეზეკიელი 8:1, 9—12). იაზანიას მაგალითი ცხადყოფს, რომ თუნდაც ადამიანი ღვთისმოშიშ ოჯახში გაიზარდოს, ეს ვერ იქნება იმის გარანტია, რომ ის იეჰოვას ერთგული თაყვანისმცემელი გახდება. ყოველი ადამიანი თავად აგებს პასუხს თავის მოქმედებებზე (2 კორინთელთა 5:10).

      ისტორიული წყაროები შაფანისა და მისი ოჯახის შესახებ

      იმ დროს, როდესაც შაფანი და მისი ოჯახი იერუსალიმში მომხდარი მოვლენების განვითარებაში მონაწილეობდნენ, იუდაში ფართოდ იყო გავრცელებული ბეჭდების გამოყენება. ამ ბეჭდებს მოწმობის ნიშნად ან დოკუმენტებზე ხელმოწერის ნაცვლად იყენებდნენ. ისინი ძვირფასი ქვებისგან, რკინისგან, სპილოს ძვლისგან ან შუშისგან იყო დამზადებული. ბეჭდებზე ჩვეულებრივ ბეჭდის მფლობელის, მისი მამის სახელი და ხანდახან, მისი ტიტულიც კი იყო ამოტვიფრული.

      ებრაული ბეჭდებით თიხაზე გაკეთებული ათასობით ანაბეჭდია ნაპოვნი. პროფესორი ნამან ავიგადი, რომელიც ძველ ებრაულ წარწერებს სწავლობს, აღნიშნავს: „ბეჭდის ანაბეჭდები ერთადერთი ებრაული ეპიგრაფული წყაროა, რომლებიც ბიბლიიდან ცნობილი ადამიანების სახელებს მოიხსენიებს“. არის თუ არა ნაპოვნი ისეთი ბეჭდები, რომლებზეც შაფანისა და მისი ოჯახის წევრების სახელებია აღბეჭდილი? დიახ. შაფანისა და მისი ძის, გემარიას, სახელები მე–19 და 21–ე გვერდებზე ნაჩვენებ ბეჭედზეა ამოტვიფრული.

      მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ შესაძლოა ამ ოჯახის სხვა ოთხი წევრიც არის მოხსენიებული ანაბეჭდებზე. კერძოდ აცალია, შაფანის მამა, შაფანის ძეები ახიკამი და გემარია და გედალია, რომელიც, როგორც ჩანს, ანაბეჭდზე ოჯახის თავად მოიხსენიება. ფიქრობენ, რომ მეოთხე ბეჭედი შაფანის შვილიშვილს, გედალიას, ეკუთვნოდა მიუხედავად იმისა, რომ მამამისის, ახიკამის, სახელი არ არის მოხსენიებული. ანაბეჭდზე ამოტვიფრული წოდება იმაზე მიუთითებს, რომ ის ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი პირი იყო სახელმწიფოში.

      რას ვსწავლობთ ჩვენ?

      შაფანმა და მისმა ოჯახმა მართლაც რომ შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა იმით, რომ მაღალი მდგომარეობა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისა და ერთგული იერემიას მხარდასაჭერად გამოიყენა! ჩვენც შეგვიძლია ჩვენი სახსრებითა და გავლენის გამოყენებით იეჰოვას ორგანიზაციასა და თანამორწმუნეებს დავუჭიროთ მხარი.

      სულიერად გავმდიდრდებით და რწმენა შეგვემატება, თუ არა მარტო რეგულარულად წავიკითხავთ ბიბლიას, არამედ ღრმად გამოვიკვლევთ მას და გავეცნობით შაფანისა და მისი ოჯახის მსგავს იეჰოვას ძველ დროში მცხოვრებ მოწმეებს. ისინიც იმ „მოწმეთა ღრუბელს“ მიეკუთვნებიან, რომელთა მაგალითსაც უნდა მივბაძოთ (ებრაელთა 12:1).

  • იცნობთ შაფანსა და მის ოჯახს?
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 დეკემბერი
    • [დიაგრამა⁄სურათი 21 გვერდზე]

      (სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

      შაფანის საგვარეულო ხაზი

      მეშულამი

      ↓

      აცალია

      ↓

      შაფანი

      ↓ ↓ ↓ ↓

      ახიკამი ელყასა გემარია იაზანია

      ↓ ↓

      გედალია მიქაია

      [სურათი 20 გვერდზე]

      გემარია და სხვები ეხვეწებოდნენ იეჰოიაკიმს, არ დაეწვა იერემიას დაწერილი გრაგნილი.

      [სურათი 22 გვერდზე]

      მართალია იაზანია შაფანის ოჯახის წევრი იყო, მაგრამ ხილვაში ის კერპებს ეთაყვანებოდა.

      [საავტორო უფლება 19 გვერდზე]

      Courtesy Israel Antiquities Authority

      [საავტორო უფლება 21 გვერდზე]

      Courtesy Israel Antiquities Authority

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება