-
დაემორჩილეთ იეჰოვას მწყემსებსსაგუშაგო კოშკი — 2013 | 15 ნოემბერი
-
-
დაემორჩილეთ იეჰოვას მწყემსებს
„გაუგონეთ მათ, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია და დაემორჩილეთ, რადგან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე“ (ებრ. 13:17).
1, 2. რატომ არის აღსანიშნავი ის ფაქტი, რომ იეჰოვა მწყემსს ადარებს თავს?
იეჰოვა საკუთარ თავს ადარებს მწყემსს (ეზეკ. 34:11—14). ეს თავისთავად აღსანიშნავი ფაქტია, რადგან ბევრ რამეს გვეუბნება მისი პიროვნების შესახებ. მაგალითად, მწყემსი, რომელსაც უყვარს ფარა, სრულად იღებს მასზე ზრუნვის პასუხისმგებლობას; დაატარებს საძოვრებსა და წყაროს წყლებზე (ფსალმ. 23:1, 2), დარაჯობს და თვალყურს ადევნებს დღითა თუ ღამით (ლუკ. 2:8), იცავს მტაცებლებისგან (1 სამ. 17:34, 35), ზრუნავს ახალმოგებულებზე (ეს. 40:11), დაეძებს გზააბნეულებს და უვლის დაშავებულებს (ეზეკ. 34:16).
2 ძველ ხანებში ისრაელში ძირითადად მესაქონლეობას და სოფლის მეურნეობას მისდევდნენ; ამიტომ არ გაუჭირდებოდათ იმის გაგება, თუ რატომ შეადარა იეჰოვამ თავი მოსიყვარულე მწყემსს. მათ კარგად იცოდნენ ერთი რამ: ფარა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში იგრძნობდა თავს კარგად, თუ იზრუნებდნენ მასზე და ყურადღებას მიაქცევდნენ. ანალოგიურად დგას საკითხი სულიერ ფარასთან მიმართებაშიც (მარ. 6:34). კარგი სულიერი მზრუნველობისა და ხელმძღვანელობის გარეშე სამწყსო იტანჯება; ხდება ისეთივე მიუსაფარი და მორალურად დაუცველი, როგორც პირდაპირი გაგებით გზააბნეული და მიმოფანტული ფარა (1 მეფ. 22:17). იეჰოვა ნამდვილად კარგი მწყემსია. შეიძლება ითქვას, ის გადაგებულია თავის ცხვარზე და არაფერს აკლებს.
3. რაზე ვისაუბრებთ ამ სტატიაში?
3 ამგვარი მხატვრული შედარება დღესაც უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. იეჰოვა კვლავაც ზრუნავს თავის „ფარაზე“, თავის ხალხზე. მოდი, ამ სტატიაში ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ხელმძღვანელობს ის „ფარას“ და როგორ აძლევს მას ყველაფერს, რაც საჭიროა. ვისაუბროთ აგრეთვე იმაზეც, თუ როგორ უნდა მოიქცეს „ცხვარი“, რომ სრულად ისარგებლოს იეჰოვას სიყვარულითა და ყურადღებით.
კარგ მწყემსს ჰყავს დამხმარე მწყემსები
4. რა როლს ასრულებს იესო იეჰოვას „ცხვრის“ მწყემსვაში?
4 იეჰოვამ ქრისტიანული კრების თავად დანიშნა იესო (ეფეს. 1:22, 23). მას, როგორც კარგ მწყემსს, გააჩნია იგივე მიზნები, ინტერესები და თვისებები, რაც მამამისს. მან თავისი სულიც კი გასწირა „ცხვრისთვის“ (იოან. 10:11, 15). მართლაც-და, რა უდიდესი კურთხევაა ქრისტეს მსხვერპლი მთელი კაცობრიობისთვის! (მათ. 20:28). და ეს მსხვერპლი იმიტომ იქნა გაღებული, რომ იეჰოვას მიზანია, ყველას „ვისაც ის [იესო] სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოან. 3:16).
5, 6. ა) ვის მიანდო იესომ თავის „ცხვარზე“ ზრუნვა? ბ) რა მოითხოვება „ცხვრისგან“, რომ სარგებელი მიიღოს იესოს ამ ღონისძიებიდან? გ) რა არის იმის უმთავრესი მიზეზი, რის გამოც უნდა დავემორჩილოთ უხუცესებს?
5 როგორ აჩვენებს „ცხვარი“, რომ მისდევს „კარგ მწყემსს“, იესო ქრისტეს? „ჩემი ცხვარი ისმენს ჩემს ხმას, — თქვა თავად იესომ. — მე ვიცნობ მათ და ისინი მე მომყვებიან“ (იოან. 10:27). კარგი მწყემსის ხმის მოსმენა მის მორჩილებას ნიშნავს, ოღონდ მორჩილებას ყველა სფეროში. ამაში იგულისხმება ის, რომ „ცხვარმა“, ასე ვთქვათ, ითანამშრომლოს დამხმარე სულიერ მწყემსებთან, მათთან, ვინც იესომ დანიშნა. იესომ თქვა, რომ მისი მოციქულები და მოწაფეები გააგრძელებდნენ მის დაწყებულ საქმეს. ისინი ასწავლიდნენ და გამოკვებავდნენ უფლის ბატკნებს (მათ. 28:20; წაიკითხეთ იოანეს 21:15—17 ). მალევე სასიხარულო ცნობის ქადაგებამ ფართო მასშტაბებს მიაღწია და დღითი დღე იზრდებოდა ქრისტეს მოწაფეთა რიცხვი. ამიტომ იესომ იზრუნა იმაზე, რომ კრებებში ყოფილიყვნენ მოწიფული ქრისტიანები, რომლებიც დამწყემსავდნენ ქრისტეს „ფარას“ (ეფეს. 4:11, 12).
6 ერთხელ, როცა პავლე მოციქული ეფესოს კრების ზედამხედველებს მიმართავდა, მიუთითა, რომ ისინი „ზედამხედველებად წმინდა სულმა დანიშნა, „რათა დაემწყემსათ ღვთის კრება“ (საქ. 20:28). რა თქმა უნდა, დღევანდელი ქრისტიანი უხუცესებიც წმინდა სულით არიან დანიშნულები, რადგან ისინიც იმავე ბიბლიური მოთხოვნების საფუძველზე ინიშნებიან, რომელთა საფუძველზეც ადრინდელი უხუცესები. ამგვარად, ემორჩილება რა „ცხვარი“ ქრისტიან ზედამხედველს, აჩვენებს, რომ დიდ პატივს სცემს იეჰოვას და იესოს, ორ უდიდეს მწყემსს (ლუკ. 10:16). რეალურად ეს უნდა იყოს იმის ყველაზე მთავარი მიზეზი, თუ რატომ უნდა დავემორჩილოთ უხუცესებს. თუმცა ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, არსებობს კიდევ სხვებიც.
7. როგორ გეხმარებიან უხუცესები პირადად თქვენ ღმერთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაში?
7 მითითებების მიცემის დროს უხუცესები ამხნევებენ და ბიბლიურ რჩევა-დარიგებებს აძლევენ თანამორწმუნეებს. მათი მიზანი ის არ არის, რომ უკარნახონ ძმას ან დას, როგორ იცხოვროს (2 კორ. 1:24). ისინი უბრალოდ თანაქრისტიანებს ბიბლიურ რჩევებს სთავაზობენ და ეხმარებიან სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. ეს მამაკაცები აგრეთვე ეხმარებიან „ფარას“ კრებაში სიმშვიდისა და წესრიგის შენარჩუნებაში (1 კორ. 14:33, 40). ბიბლიური ენით თუ ვიტყვით, ისინი ფხიზლობენ ჩვენს სულებზე, ანუ უდიდესი სურვილი გააჩნიათ იმისა, რომ დაგვეხმარონ, შევინარჩუნოთ იეჰოვასთან კარგი, ახლო ურთიერთობა. ისინი მზად არიან, დაუყოვნებლივ დაეხმარონ, ძმა იქნება თუ და, რათა „მცდარი ნაბიჯი“ არ გადადგას; აგრეთვე ეხმარებიან იმ და-ძმებს, რომელთაც უკვე გადადგეს ასეთი ნაბიჯი (გალ. 6:1, 2; იუდ. 22). რას ფიქრობთ, არის ეს იმის მიზეზი, რომ გავუგონოთ და დავემორჩილოთ მათ, „ვისაც ხელმძღვანელობა აკისრია“? (წაიკითხეთ ებრაელების 13:17 ).
8. როგორ იცავენ უხუცესები ღვთის „ფარას“?
8 სულიერმა მწყემსმა, მოციქულმა პავლემ, კოლოსელ ძმებს მისწერა: „ფრთხილად იყავით: შეიძლება ვინმემ გაგიტაცოთ ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, რომლებიც ეთანხმება ადამიანთა ადათ-წესებსა და ქვეყნიერების პრინციპებს და არა ქრისტეს“ (კოლ. 2:8). მოციქულის ეს სიტყვები გვაფიქრებს კიდევ სხვა მიზეზზე, რის გამოც უნდა დავემორჩილოთ უხუცესების მოცემულ ბიბლიურ რჩევებს. უხუცესები იცავენ თავიანთ და-ძმებს მათგან, ვინც ცდილობენ მათი რწმენის შერყევას და ღვთის გზიდან მათ გადაყვანას. მოციქული პეტრე აფრთხილებდა თანაქრისტიანებს, რომ გამოჩნდებოდნენ ცრუწინასწარმეტყველები და ცრუმასწავლებლები, რომლებიც შეეცდებოდნენ „არამტკიცე სულების“ შეცდენას (2 პეტ. 2:1, 14). დღევანდელმა უხუცესებმაც უნდა გააფრთხილონ სამწყსო, როცა ამის საჭიროება გაჩნდება. მათ, როგორც მოწიფულ ადამიანებს, საკმარისი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ. ამასთანავე, უხუცესად დანიშვნამდე მათ გამოამჟღავნეს, რომ კარგად ესმოდათ ბიბლიური საკითხები და შეეძლოთ ჯანსაღი სწავლებით დარიგება (1 ტიმ. 3:2; ტიტ. 1:9). მათ სწორედ ამდაგვარი მოწიფულობა, გაწონასწორებულობა და ბიბლიური სიბრძნე ეხმარება, რომ კარგად უხელმძღვანელონ „ფარას“.
უხუცესები ისე იცავენ მათზე მინდობილ ცხვარს, როგორც მწყემსი თავის ფარას (იხილეთ მე-8 აბზაცი)
კარგი მწყემსი კვებავს და იცავს ცხვარს
9. როგორ ხელმძღვანელობს და როგორ კვებავს იესო კრებას?
9 იეჰოვა თავისი ორგანიზაციის მეშვეობით დიდძალ სულიერ საზრდოს აწვდის მთელი დედამიწის ზურგზე თავის ხალხს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში უამრავი ბიბლიური რჩევა-დარიგებაა ჩაწერილი. ამასთანავე, ორგანიზაცია ხელმძღვანელობას გვიწევს უხუცესების მეშვეობით, იქნება ეს წერილებით თუ მიმომსვლელი ზედამხედველების მიერ მოცემული მითითებებით. ასეთი სახით „ცხვარი“ იღებს ნათელ ხელმძღვანელობას.
10. რა პასუხისმგებლობა აკისრიათ სულიერ მწყემსებს მათთან მიმართებაში, ვინც ჩამორჩა „ფარას“?
10 ზედამხედველების პასუხისმგებლობაში შედის ის, რომ დაიცვან, მოუარონ და უპატრონონ კრების წევრებს; საუბარია განსაკუთრებით მათზე, ვინც „დაშავებულია“ ან ვინც სულიერად სუსტადაა (წაიკითხეთ იაკობის 5:14, 15 ). ზოგჯერ „ცხვარი“ შეიძლება ჩამორჩეს „ფარას“ და შეწყვიტოს ქრისტიანულ საქმეებში მონაწილეობა. რას აკეთებს ამ დროს უხუცესი? ის ყოველ ღონეს ხმარობს საიმისოდ, რომ მოძებნოს თითოეული ასეთი გზააბნეული და ფარას ჩამორჩენილი ცხვარი და დააბრუნოს ფარაში ანუ კრებაში. დიახ, და ისინი ასეც იქცევიან! ერთ დროს იესომ თქვა: „არ სურს ჩემს ზეციერ მამას ერთი ამ მცირეთაგანის დაღუპვა“ (მათ. 18:12—14).
როგორ უნდა ვუყურებდეთ დამხმარე მწყემსების შეცდომებს?
11. რატომ შეიძლება გაუჭირდეს ზოგიერთს უხუცესების ხელმძღვანელობის მიყოლა?
11 იეჰოვა და იესო სრულყოფილი მწყემსები არიან. რაც შეეხება მათ დამხმარე მწყემსებს, რომელთაც კრებაზე ზრუნვა მიენდოთ, ისინი ყველანი არასრულყოფილები არიან. ამის გამო შეიძლება ზოგიერთს გაუძნელდეს მათი ხელმძღვანელობის მიყოლა. შეიძლება ზოგიერთმა ასეც იმსჯელოს: ჩვენ შორის არანაირი განსხვავება არ არის, ისინიც არასრულყოფილები არიან და მეც; რა ვალდებული ვარ, მათ რჩევებს მოვუსმინო? ერთ რამეში მართლები არიან — უხუცესები ნამდვილად არასრულყოფილები არიან. თუმცა ჩვენ ყველას გვმართებს სწორი თვალსაზრისი გვქონდეს მათ შეცდომებსა და ნაკლოვანებებზე.
12, 13. ა) გაიხსენეთ ბიბლიურ დროში, რა შეცდომა დაუშვა ზოგიერთმა ღვთის მსახურმა, რომელთაც იეჰოვასგან გარკვეული პასუხისმგებლობა ჰქონდათ მინდობილი. ბ) რა მიზნით ჩაიწერა პასუხისმგებელი მამაკაცების შეცდომები ბიბლიაში?
12 ბიბლია არ მალავს მათ შეცდომებს, ვინც იეჰოვას ნებით ისრაელ ერს ხელმძღვანელობდა ძველ დროში. ამის მაგალითია დავითი. დავითი ისრაელის ცხებული მეფე და წინამძღოლი იყო. თუმცა ერთხელ ის ცდუნებას დანებდა და უზნეობასა და მკვლელობაში გაისვარა ხელი (2 სამ. 12:7—9). აქვე გავიხსენოთ მოციქული პეტრეც. იმის მიუხედავად, რომ მას უდიდესი პასუხისმგებლობები ებარა პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაში, მან სერიოზული შეცდომები დაუშვა ცხოვრებაში (მათ. 16:18, 19; იოან. 13:38; 18:27; გალ. 2:11—14). ასე რომ, ადამიდან დღემდე იესოს გარდა სრულყოფილ ადამიანს არ დაუდგამს ფეხი დედამიწაზე.
13 რატომ გადაწყვიტა ღმერთმა, რომ ბიბლიაში ჩაეწერა ამ და სხვა პასუხისმგებელი პირების შეცდომები? სხვა მიზეზებთან ერთად ისიც იყო, რომ კარგად დაენახვებინა ჩვენთვის ერთი რამ: მას შეუძლია არასრულყოფილი მამაკაცების მეშვეობით უხელმძღვანელოს თავის ხალხს; და რეალურად ასეც მოქმედებს ის დღემდე. ამიტომ, არ იქნებოდა სწორი, თუ მათ არასრულყოფილებას, ვისაც ჩვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია, ცუდად გამოვიყენებდით და ჩივილს დავიწყებდით მათ წინააღმდეგ ან უარვყოფდით მათ, როგორც ხელმძღვანელებს. გახსოვდეთ, იეჰოვა ელის ჩვენგან, რომ დავაფასებთ ამ ძმებს და დავემორჩილებით (წაიკითხეთ გამოსვლის 16:2, 8).
14, 15. რის სწავლა შეგვიძლია იქიდან, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა ღმერთს წარსულში თავის ხალხთან?
14 მათი მორჩილება, ვისაც ჩვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია, არც მეტი, არც ნაკლები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოდი, გავიხსენოთ, როგორ ურთიერთობდა იეჰოვა თავის ხალხთან ძველად რთულ პერიოდებში. იმ დროს, როცა ისრაელს ეგვიპტელთა ტყვეობიდან უნდა დაეღწია თავი, რჩევები და მითითებები მოსესა და აარონის მეშვეობით ეძლეოდა. იმისათვის, რომ მეათე სასჯელი ეგვიპტელებთან ერთად მათაც არ დასტეხოდათ თავს, უნდა დამორჩილებოდნენ მითითებებს; მათ უნდა მოემზადებინათ განსაკუთრებული ვახშამი და დაკლული ცხვრის სისხლი უნდა ეპკურებინათ წირთხლებსა და სახლის კარისთავებზე. ეს გაფრთხილება მათ ზეციდან არ მოუსმენიათ, ღმერთს არ დაუძახია მათთვის. მათ ეს გაფრთხილება ისრაელის უხუცესებისგან მოისმინეს, რომელთაც, თავის მხრივ, მოსესგან მიიღეს ეს მითითებები (გამ. 12:1—7, 21—23, 29). ამ და მსგავს სიტუაციებში მოსე და ისრაელის უხუცესები იყვნენ ღვთის მითითების გადამცემები ხალხისთვის. ჩვენი დროის უხუცესებიც ამგვარ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
15 რა თქმა უნდა, თქვენც არაერთი შემთხვევა შეგიძლიათ გაიხსენოთ ბიბლიიდან, სადაც ჩანს, როგორ გადასცემდა იეჰოვა სიცოცხლის გადამრჩენ სიტყვებს ხალხს ადამიანებისა თუ ანგელოზების მეშვეობით. ყველა ამ სიტუაციაში ღმერთი საჭიროდ თვლიდა პასუხისმგებლობების სხვებისთვის გადანაწილებას. ღვთის ეს წარმომადგენლები იეჰოვას სახელით ლაპარაკობდნენ და ეუბნებოდნენ ხალხს, რა უნდა ეღონათ, რომ გადარჩენილიყვნენ. ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს იმაში, რომ იეჰოვა იმავეს გააკეთებს თავისი ხალხისთვის არმაგედონშიც. ამიტომ ყველას, ვისაც უხუცესის პასუხისმგებლობა აქვს მინდობილი და მსახურობს მის და მისი ორგანიზაციის წარმომადგენლად, ძალიან, ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს, რომ ბოროტად არ გამოიყენოს მინდობილი პასუხისმგებლობა.
„ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი“
16. რომელ „სიტყვასთან“ მიმართებაში უნდა ვიყოთ ყურადღებით?
16 იეჰოვას ხალხი გაერთიანებულია „ერთ სამწყსოში“, რომელსაც „ერთი მწყემსი“, იესო ქრისტე მიუძღვის წინ (იოან. 10:16). იესომ ერთ დროს განაცხადა, რომ ის „ქვეყნიერების აღსასრულამდე“ თავის მოწაფეებთან იქნებოდა (მათ. 28:20). ის, როგორც ზეციერი ხელმწიფე, სრულად გააკონტროლებს ყველა იმ მოვლენას, რომელიც სატანის ქვეყნიერების განადგურების წინა პერიოდში მოხდება. გსურთ, დარჩეთ ღვთის სამწყსოში და უსაფრთხოდ იგრძნოთ თავი? მაშინ მოუსმინეთ „სიტყვას“, რომელიც „უკნიდან მოგესმებათ“ და გეტყვით, რომელ გზაზე უნდა იაროთ. ამ „სიტყვაში“ შედის ის, რასაც ღმერთი ბიბლიის მეშვეობით გვასწავლის და ის, რასაც იეჰოვა და იესო დამხმარე მწყემსების მეშვეობით გვასწავლიან (წაიკითხეთ ესაიას 30:21; გამოცხადების 3:22).
სულიერი მწყემსები მძიმედ შრომობენ თავიანთი ფარის დასაცავად (იხილეთ მე-17 და მე-18 აბზაცები)
17, 18. ა) რა საშიშროება ემუქრება სამწყსოს? ბ) რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები? გ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
17 სატანაზე ბიბლიაში წერია, რომ „დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს“ (1 პეტ. 5:8). ველური და დამშეული მტაცებლის მსგავსად, ეშმაკი შეუმჩნევლად ეპარება ფარას და ელოდება მომენტს, რომ ბრჭყალი ჩაავლოს წინდაუხედავ და გზააბნეულ მოხეტიალე ცხვარს. ამიტომ ყველანაირად გონივრული იქნება, თუ დავრჩებით „ფარაში“ და ვიქნებით ახლოს „ჩვენი სულების მწყემსთან და ზედამხედველთან“ (1 პეტ. 2:25). დიდგასაჭირგადატანილებზე გამოცხადების 7:17-ში ნათქვამია: „კრავი [იესო] დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროებისკენ წაუძღვება მათ. და მოსწმენდს მათ ღმერთი ყოველ ცრემლს თვალებიდან“. შეიძლება ამაზე უკეთესი დანაპირები მოისმინოს ადამიანის ყურმა დღეს?
18 სტატიაში ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამხელა პასუხისმგებლობა აკისრიათ უხუცესებს, როგორც დამხმარე მწყემსებს კრებებში. ამიტომ დროული იქნება, თუ დავსვამთ კითხვას: როგორ უნდა დარწმუნდნენ უხუცესები, რომ სათანადოდ ეპყრობიან იესოს „ცხვარს“? ამ კითხვაზე შემდეგი სტატია გაგვცემს პასუხს.
-
-
მწყემსებო, მიჰბაძეთ დიდებულ მწყემსებს!საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 ნოემბერი
-
-
მწყემსებო, მიჰბაძეთ დიდებულ მწყემსებს!
„ქრისტეც ხომ თქვენთვის ეტანჯა და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევს“ (1 პეტ. 2:21).
1, 2. ა) რა შედეგი მოაქვს ცხვარზე კარგად ზრუნვას? ბ) რატომ იყო იესოს დღეებში ბევრი უმწყემსო ცხვარივით?
ფარა, შეიძლება ითქვას, ყვავის, როცა მწყემსი ყურადღებიანია და ზრუნავს ცხვარზე. სახელმძღვანელოში, რომელიც ცხვრის ფარის მოვლა-პატრონობას ეთმობა, ნათქვამი იყო, რომ „თუ მწყემსი მხოლოდ ცხვრის გამოკვებაზე ზრუნავს და სხვა არანაირ ყურადღებას არ აქცევს, უბრალოდ დაატარებს საძოვრებზე, ცხვარი დიდხანს ვერ გაძლებს, შესაძლოა რამდენიმე წელიწადში დასუსტდეს და დაავადდეს“. მაგრამ, როცა ცხვარი კარგად არის მოვლილი, ამდაგვარი საშიშროება ნამდვილად არ ემუქრება.
2 ასევე დგას საკითხი ქრისტიანულ კრებაშიც. ის, თუ როგორ აქცევენ ყურადღებას ღვთის სამწყსოს მწყემსები თითოეულ ცხვარს, მთელ კრებაზე აისახება. ყველას გვახსოვს ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები იმის შესახებ, თუ როგორ ეწვოდა გული იესოს ხალხზე, რადგან „უმწყემსო ცხვარივით იყვნენ გასავათებული და დაფანტული“ (მათ. 9:36). რატომ ჩაცვივდნენ ისინი ასეთ სავალალო მდგომარეობაში? იმიტომ, რომ ისინი, ვისაც მათთვის ღვთის კანონის სწავლება ევალა, მკაცრები, მომთხოვნები და ორპირები იყვნენ. იმის მაგივრად, რომ დახმარებოდნენ და სულიერად დაენაყრებინათ თავიანთი ფარის ცხვრები, ებრაელი სულიერი წინამძღოლები „მძიმე ტვირთს“ ჰკიდებდნენ სამწყსოს კისერზე (მათ. 23:4).
3. რა უნდა ახსოვდეთ კრების უხუცესებს სულიერი მწყემსის მოვალეობის შესრულებისას?
3 ამგვარად, დღეისათვის ქრისტიან მწყემსებს — დანიშნულ უხუცესებს — უსერიოზულესი პასუხისმგებლობა აკისრიათ. ფარა, რომელზეც ისინი ზრუნავენ, იეჰოვასა და იესოს, „კარგი მწყემსის“, საკუთრებას წარმოადგენს (იოან. 10:11). ეს ფარა „ფასით არის ნაყიდი“; დიახ, იესომ ის თავისი „ძვირფასი სისხლით“ შეიძინა (1 კორ. 6:20; 1 პეტ. 1:18, 19). მას იმდენად დიდი სიყვარული აქვს თავისი სამწყსოს მიმართ, რომ საკუთარი სურვილით, ისე რომ არავის დაუძალებია, სიცოცხლე გაიღო მათთვის. უხუცესებო, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ დამხმარე მწყემსები და თქვენ მეთვალყურეობას გიწევთ ღვთის მოსიყვარულე ძე, „ცხვრის დიდებული მწყემსი“, იესო ქრისტე (ებრ. 13:20).
4. რა საკითხის განხილვას დაეთმობა ეს სტატია?
4 როგორ უნდა ექცეოდნენ ქრისტიანი უხუცესები სამწყსოს? წმინდა წერილები ქრისტიანული კრების წევრებს სთხოვს და მოუწოდებს, რომ „გაუგონონ მათ, ვისაც . . . [მათ შორის] ხელმძღვანელობა აკისრიათ“. უხუცესებს რაც შეეხება, მათ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იბატონონ „მათზე, ვინც ღვთის საკუთრებაა“ (ებრ. 13:17; წაიკითხეთ 1 პეტრეს 5:2, 3). მოდი დავსვათ ასეთი შეკითხვა: როგორ შეუძლიათ უხუცესებს, ისე უხელმძღვანელონ სამწყსოს, რომ, როგორც ზემოთ ვთქვით, არ იბატონონ მასზე ანუ არ გადაამეტონ ღვთისგან მიცემულ თავიანთ მოვალეობას?
„უბით ატარებს მათ“
5. რას ვიგებთ ესაიას 40:11-დან იეჰოვას შესახებ?
5 ერთხელ წინასწარმეტყველმა ესაიამ იეჰოვაზე თქვა: „მწყემსივით დამწყემსავს თავის ფარას. თავისი მკლავით შეაგროვებს ბატკნებს და უბით ატარებს მათ. მაწოვარ ცხვრებს მზრუნველობით გაუძღვება“ (ეს. 40:11). ეს მხატვრული შედარება ასახავს იმას, თუ როგორ ზრუნავს იეჰოვა კრების სუსტ და უსუსურ წევრებზე. როგორც მწყემსმა იცის კარგად, რა სჭირდება თითოეულ ცხვარს თავის ფარაში და მუდამ მზად არის, ყურადღება მიაქციოს და დაეხმაროს მას, ისე იეჰოვა აკვირდება, ვის რა დახმარება სჭირდება კრებაში და სიხარულით უწვდის მათ დახმარების ხელს. როგორც მწყემსი ატარებს აუცილებლობის შემთხვევაში ახალმოგებულ ბატკანს უბით, ისე იეჰოვა — „თანაგრძნობის მამა“ — ხელში გვიყვანს და უბით გვატარებს ძნელბედობის ჟამს. ის ნუგეშის წყაროდ გვექცევა ყოველთვის, როცა გამოცდებს ვხვდებით და მისი დახმარება გვჭირდება (2 კორ. 1:3, 4).
6. როგორ ჰბაძავენ უხუცესები იეჰოვას მაგალითს, როგორც სულიერი მწყემსები?
6 სულიერ მწყემსებს უნიკალური მაგალითი ჰყავთ ჩვენი ზეციერი მამის სახით. ისინიც ღვთის მსგავსად, გაფაციცებით აკვირდებიან, თუ რა სჭირდება ცხვარს. თუ ეცოდინებათ, რა უჭირს ცხვარს ან რა განსაკუთრებული და გადაუდებელი დახმარება სჭირდება, უფრო ადვილად და ხარისხიანად დაეხმარებიან და გაამხნევებენ (იგავ. 27:23). ეს იმას ნიშნავს, რომ უხუცესებს კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ თანამორწმუნეებთან. მართალია, ისინი არავის პირად ცხოვრებაში არ ერევიან, მაგრამ ყურადღებით არიან იმის მიმართ, რასაც ხედავენ და ისმენენ კრებაში, რათა ისევ და ისევ სიყვარულით „დაეხმარონ უძლურებს“ (საქ. 20:35; 1 თეს. 4:11).
7. ა) როგორ ექცეოდნენ ღვთის სამწყსოს ეზეკიელისა და იერემიას დღეებში? ბ) როგორი რეაქცია ჰქონდა იეჰოვას ორგული სულიერი მწყემსების საქციელზე და რის სწავლა შეგვიძლია აქედან?
7 ახლა ვნახოთ, როგორ იქცეოდნენ ის მწყემსები, რომელთაც იეჰოვა მსჯავრს სდებდა. ეზეკიელისა და იერემიას დროს ღმერთმა მკაცრად განსაჯა ისინი, ვისაც ღვთის ცხვარზე ზრუნვა ევალა, რადგან არ ასრულებდნენ დაკისრებულ საქმეს. ამიტომ რაკიღა არავინ ზრუნავდა ცხვარზე, სამწყსო გაიფანტა და ადვილად მოსანადირებელი გახდა. მწყემსები განა ცხვრის გამოკვებაზე ზრუნავდნენ, როგორც ეზეკიელი ამბობს, „საკუთარ თავს კვებავდნენ“ (ეზეკ. 34:7—10; იერ. 23:1). მსჯავრი, რომელიც ამ მწყემსებს გამოუტანა ღმერთმა, შეიძლება ითქვას, ზედგამოჭრილია ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლებისთვის დღეს. თუმცა ეს არანაკლები შეხსენებაა ქრისტიანი უხუცესებისთვისაც, რათა მათ სიყვარულით მიაქციონ „ფარას“ ყურადღება და ღირსეულად იზრუნონ მასზე.
„მაგალითი მოგეცით“
8. რა მაგალითი დაუტოვა იესომ უხუცესებს?
8 არასრულყოფილების გამო ზოგჯერ შეიძლება იეჰოვას ზოგიერთ ცხვარს ცოტათი გაუჭირდეს იმის გაგება, თუ რას ითხოვს ღმერთი მათგან; ზოგჯერ შეიძლება არ დაიცვან ბიბლიური პრინციპები ან შეიძლება გამოამჟღავნონ, რომ არ არიან სულიერად მოწიფული ღვთის მსახურები. როგორ ფიქრობთ, როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეთ ამაზე უხუცესებს? ისინი უნდა მიჰყვნენ იესოს მოთმინების მაგალითს. მან მოითმინა თავისი მოწაფეების შეცდომები, როცა ცხარე კამათი გამართეს იმაზე, თუ ვინ იქნებოდა მათ შორის უდიდესი სამეფოში. იესომ, იმის მაგივრად, რომ მოთმინება დაეკარგა და მდგომარეობიდან გამოსულიყო, კვლავაც ახსნა-განმარტება დაუწყო და სიყვარულით მისცა რჩევა მათ თავმდაბლობასთან დაკავშირებით (ლუკ. 9:46—48; 22:24—27). იმით კი, რომ ფეხები დაბანა, მან თავმდაბლობის გაკვეთილი მისცა მოწაფეებს. დიახ, თავმდაბლობა მართლაც ის თვისებაა, რომელიც აუცილებლად სჭირდებათ ქრისტიან ზედამხედველებს! (წაიკითხეთ იოანეს 13:12—15; 1 პეტ. 2:21).
9. რა ურჩია იესომ თავის მოწაფეებს?
9 იესოს აზრი სულიერი მწყემსების როლთან დაკავშირებით დიდად განსხვავდებოდა იაკობისა და იოანეს აზრისგან, რომელიც მათ ერთხელ პირდაპირ და აშკარად დააფიქსირეს. ეს ორი მოციქული სამეფოში, ასე ვთქვათ, საპატიო ადგილის დაკავებისკენ ისწრაფოდა. თუმცა იესომ მიუთითა მათ და უთხრა: „თქვენ იცით, რომ ხალხთა მმართველნი ბატონობენ მათზე და დიდებულთა ძალაუფლებაში არიან ისინი. თქვენ შორის კი ასე არ უნდა იყოს. პირიქით, ვისაც უნდა, რომ თქვენ შორის დიდი იყოს, თქვენი მსახური იყოს“ (მათ. 20:25, 26). მოციქულებს ესაჭიროებოდათ იმ არასწორი მიდრეკილების დაძლევა, რასაც ერქვა სხვებზე ბატონობა ანუ ხალხებზე ძალაუფლების მოპოვება.
10. ა) როგორ დამოკიდებულებას მოელის იესო უხუცესებისგან სამწყსოსადმი? ბ) რა მაგალითი დაგვიტოვა პავლემ?
10 იესო მოელის ქრისტიანი უხუცესებისგან, რომ ისინი ისევე მოექცევიან სამწყსოს, როგორც თავად ის ექცეოდა მას. უხუცესები თავიანთი თანამორწმუნეების მსახურები უნდა იყვნენ და არა მათი ბატონები. პავლე მოციქულსაც ასეთი თავმდაბლური დამოკიდებულება ჰქონდა სხვების მიმართ; მან ერთხელ ეფესოს კრების უხუცესებს ასეთი რამ უთხრა: „თქვენ კარგად იცით, რომ აზიაში მოსვლის პირველივე დღიდან სულ თქვენთან ვიყავი და ვემსახურებოდი უფალს, როგორც მონა, უდიდესი თავმდაბლობით“. პავლეს სურდა, რომ უხუცესები სხვების გამხნევებისა და დახმარების დროს ყოფილიყვნენ გულწრფელები და თავმდაბლები. მან თქვა: „ყველაფერში გიჩვენეთ, რომ ასეთი შრომით უნდა დაეხმაროთ უძლურებს“ (საქ. 20:18, 19, 35). მან კორინთელ და-ძმებს უთხრა, რომ ის არ ბატონობდა მათ რწმენაზე. ის იყო მათი თავმდაბალი თანამსახური, რომელიც ეხმარებოდა თანამორწმუნეებს, სიხარული ჰქონოდათ ღვთის მსახურებაში (2 კორ. 1:24). მოციქულმა თავმდაბლობისა და თავდაუზოგავი შრომის შესანიშნავი, ბრწყინვალე მაგალითი დაუტოვა ჩვენი დროის უხუცესებს.
ჩაეჭიდეთ სარწმუნო სიტყვას
11, 12. როგორ შეუძლიათ უხუცესებს, დაეხმარონ თანამორწმუნეებს გადაწყვეტილებების მიღებაში?
11 უხუცესები სხვების სწავლებისა და დარიგების დროს სარწმუნო სიტყვას უნდა იყვნენ ჩაჭიდებულნი (ტიტ. 1:9). თუმცა ისინი ამას რბილად უნდა აკეთებდნენ (გალ. 6:1). იმის ნაცვლად, რომ დააძალონ კრების წევრებს ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება, ისინი, როგორც კარგი სულიერი მწყემსები, ცდილობენ, ისეთი სიტყვებით დაელაპარაკონ და-ძმებს, რომ მათ გრძნობებს შეეხონ. უხუცესს შეუძლია დასა თუ ძმას მოუყვანოს ბიბლიური პრინციპები, რომლებიც მას სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე ყოფნისას დაეხმარება, არ შეცდეს; ასევე შეუძლია მასთან ერთად იმსჯელოს იმაზე, თუ რა არის ნათქვამი ამ კონკრეტულ საკითხზე ჩვენს პუბლიკაციებში. უხუცესს აგრეთვე შეუძლია დააფიქროს თანაქრისტიანი იმაზე, თუ როგორ აისახება ესა თუ ის გადაწყვეტილება მასა და იეჰოვას შორის ურთიერთობაზე. მან ამასთანავე უნდა დაანახვოს, ძმა იქნება თუ და, რომ ძალზე მნიშვნელოვანია, პირადად იეჰოვას სთხოვოს რჩევა და ხელმძღვანელობა, ოღონდ გადაწყვეტილების მიღებამდე (იგავ. 3:5, 6). ამ ყველაფრის შემდეგ სულიერი მწყემსი საშუალებას აძლევს თანაქრისტიანს, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება (რომ. 14:1—4).
12 ერთადერთი, რასაც ქრისტიანი ზედამხედველები ავტორიტეტად მიიჩნევენ და სრულად ენდობიან, ბიბლიაა. ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ისინი ოსტატურად იყენებდნენ ამ სახელმძღვანელოს და, ასე ვთქვათ, ერთგულობდნენ მას, რაც თავიდან აარიდებდა მათ მინიჭებული უფლებამოსილების არასწორად გამოყენებას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისინი უბრალოდ დამხმარე მწყემსები არიან; კრების ყველა წევრი თვითონ აგებს პასუხს მიღებულ გადაწყვეტილებებზე იეჰოვასა და იესოს წინაშე (გალ. 6:5, 7, 8).
„მაგალითი იყავით სამწყსოსთვის“
უხუცესები ეხმარებიან თავიანთ ოჯახებს, რომ მოემზადონ ქადაგებისთვის (იხილეთ მე-13 აბზაცი)
13, 14. რა მხრივ უნდა იყვნენ უხუცესები სამაგალითოები სამწყსოსთვის?
13 პეტრემ უხუცესებს ჯერ ის ურჩია, რომ არ გაბატონებულიყვნენ კრებაზე და შემდეგ უთხრა, რომ მაგალითი ყოფილიყვნენ სამწყსოსთვის (1 პეტ. 5:3). როგორ შეუძლია უხუცესს, მაგალითი გახდეს კრებისთვის? მოდი, შევეხოთ იმ ორ მოთხოვნას, რომელიც მოეთხოვება ძმას ზედამხედველად მსახურებისთვის. ბიბლიაში წერია, რომ ის უნდა იყოს საღად მოაზროვნე და ოჯახს კარგად უნდა განაგებდეს. თუ უხუცესს ჰყავს ოჯახი, მისაბაძი ოჯახისთავი უნდა იყოს, „რადგან, თუ კაცმა ის არ იცის, ოჯახი როგორ განაგოს, ღვთის კრებაზე როგორ იზრუნებს?“ (1 ტიმ. 3:1, 2, 4, 5). ზედამხედველად მსახურების პასუხისმგებლობა რომ მიენდოს, ძმა საღად უნდა აზროვნებდეს ანუ კარგად უნდა ერკვეოდეს ბიბლიურ პრინციპებში და უნდა იცოდეს მათი გამოყენება. ის უნდა იყოს გაწონასწორებული და აუჩქარებელი „მოსამართლე“. როცა ამ ყველა თვისებას ხედავენ კრების წევრები თავიანთი კრების უხუცესებში, თავისუფლად ენდობიან მათ.
14 კიდევ ერთი სფერო, რაშიც ზედამხედველები მისაბაძები და სამაგალითოები არიან, ქადაგების საქმეა, რომელსაც ისინი ხელმძღვანელობენ. თავის მხრივ, ზედამხედველებისთვის მაგალითი უფალი იესო ქრისტეა. სასიხარულო ცნობის ქადაგებას იესოს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა დედამიწაზე მსახურების დროს. მან აჩვენა თავის მოწაფეებს, როგორ კეთდებოდა ეს საქმე (მარ. 1:38; ლუკ. 8:1). მაუწყებელი ძალიან მხნევდება, როცა უხუცესი მის მხარდამხარ მსახურობს, რადგან ხედავს მწყემსის გულმოდგინებას ამ სიცოცხლის მომცემ საქმეში და ამ ყველაფერთან ერთად სწავლობს მისგან იმას, თუ როგორ იქადაგოს. მართლაც, იმის დანახვა, რომ გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ზედამხედველები მთელი გულით არიან ჩაბმულნი ქადაგების საქმეში, მთელ კრებას გადასდებს ამ გულმოდგინების სულს. უხუცესები მისაბაძები არიან აგრეთვე იმაშიც, რომ ყოველთვის მომზადებულები მოდიან კრებებზე და აქტიურად არიან ჩართულნი პროგრამაში; ამასთანავე, მონაწილეობენ სამეფო დარბაზის მოვლასა და დასუფთავებაში (ეფეს. 5:15, 16; წაიკითხეთ ებრაელების 13:7 ).
უხუცესები მაგალითს აძლევენ სხვებს ქადაგებაში (იხილეთ მე-14 აბზაცი)
„მხარი დაუჭირეთ სუსტებს“
15. რატომ აკეთებენ უხუცესები სამწყემსო მონახულებებს?
15 კარგი მწყემსი წამსაც კი არ კარგავს, როცა ცხვარს დახმარება სჭირდება — დაშავებულია ან დასუსტებული. უხუცესიც დაუყოვნებლივ მოქმედებს, როცა კრებაში ვინმეს ფიზიკური ან სულიერი დახმარება სჭირდება. ხნიერებს ან სუსტი ჯანმრთელობის მქონეთ შეიძლება თავიანთი მდგომარეობიდან გამომდინარე გარკვეული ყურადღება დასჭირდეთ, მაგრამ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: მათ ყველაზე მეტად სულიერი დახმარება და გამხნევება ესაჭიროებათ (1 თეს. 5:14). ახალგაზრდებს შეიძლება დახმარება დასჭირდეთ „ახალგაზრდულ სურვილებთან“ ბრძოლაში (2 ტიმ. 2:22). აქედან გამომდინარე, სამწყსოს მწყემსვაში ისიც შედის, რომ მწყემსებმა პერიოდულად მოინახულონ კრების წევრები, გაიგონ, რა უჭირთ და რა ულხინთ მათ და შესაბამისი ბიბლიური რჩევები მისცენ. დიახ, ბევრი პრობლემის თავიდან არიდება შეიძლება, თუ ამგვარი მონახულებები დროულად ხორციელდება.
16. როგორ შეუძლია დაეხმაროს უხუცესი მას, ვისაც სულიერი დახმარება სჭირდება?
16 რა ხდება მაშინ, როცა საქმე ეხება ქრისტიანს, რომელსაც სულიერი დახმარება ესაჭიროება? „ავად არის რომელიმე თქვენგანი, — იკითხა ერთხელ მოციქულმა იაკობმა, — მოუხმოს კრების უხუცესებს, მათ კი ილოცონ მასზე და ზეთი სცხონ მას იეჰოვას სახელით. რწმენით წარმოთქმული ლოცვა გამოაჯანმრთელებს დასუსტებულს. იეჰოვა წამოაყენებს მას და, თუ ცოდვები აქვს ჩადენილი, ეპატიება“ (იაკ. 5:14, 15). უხუცესები დაუყოვნებლივ უნდა გაეშურონ სულიერად მოსუსტებული ქრისტიანის დასახმარებლად, როგორც კი შეიტყობენ, რომ მას მხარში ამოდგომა სჭირდება, მიუხედავად იმისა, „უხმობს“ თუ არა ის მათ. ფაქტია, რომ, როცა უხუცესები ლოცულობენ თავიანთი და-ძმებისთვის, როგორც მათთან ერთად, ისე თავიანთთვის ცალ-ცალკე და სათანადო სახით ეხმარებიან მათ, სულიერად აძლიერებენ და ამხნევებენ თანამორწმუნეებს (წაიკითხეთ ესაიას 32:1, 2).
17. რა შედეგი მოყვება იმას, როცა უხუცესები ჰბაძავენ „დიდებულ მწყემსს“?
17 ქრისტიანი უხუცესები თავს არ ზოგავენ, რომ როგორმე მიჰბაძონ იესო ქრისტეს, „დიდებულ მწყემსს“. ამ მამაკაცების სულიერი დახმარების წყალობით სამწყსო უფრო კარგად, ლაღად და მშვენივრად გრძნობს თავს. ყველაფერ ამისთვის კი თითოეული ჩვენგანი მადლობას ვუხდით ჩვენს საყვარელ უხუცესებს და რა თქმა უნდა, იეჰოვას, ყველაზე აღმატებულ და დიდებულ მწყემსს!
-