-
„უძლეველი არმადის“ ტრაგიკული აღსასრულიგამოიღვიძეთ! — 2007 | აგვისტო
-
-
„უძლეველი არმადის“ ტრაგიკული აღსასრული
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ესპანეთიდან
ოთხასი წლის წინ ლა-მანშის სრუტეში ორი ფლოტი ებრძოდა ერთმანეთს. ეს იყო პროტესტანტებსა და კათოლიკებს შორის XVI საუკუნეში გამართული ბრძოლებიდან ერთ-ერთი, რომელშიც ჩაბმული იყვნენ ესპანეთის მეფე ფილიპე II და ინგლისის დედოფალი ელისაბედ I. „ხალხის აზრით, ლა-მანშის სრუტეში ინგლისისა და ესპანეთის ფლოტების დაპირისპირება ბნელ და ნათელ ძალებს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იყო“, — ნათქვამია წიგნში „უძლეველი არმადის დამარცხება“.
იმ დროს მცხოვრები ინგლისელები ესპანეთის არმადას ანუ უზარმაზარ ფლოტს აღწერდნენ, როგორც „ღია ზღვაში ოდესმე ნახულთაგან უდიდეს სამხედრო-საზღვაო ძალას“.
-
-
„უძლეველი არმადის“ ტრაგიკული აღსასრულიგამოიღვიძეთ! — 2007 | აგვისტო
-
-
უზარმაზარი და მოუქნელი ფლოტი
ფილიპემ არმადას სათავეში ჰერცოგი მედინა-სიდონია დაუყენა. ჰერცოგს სამხედრო-საზღვაო ფლოტში დიდი გამოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ ნიჭიერი ორგანიზატორი იყო და მოკლე დროში შეძლო გამოცდილ კაპიტნებთან კარგი ურთიერთობის დამყარება. ერთად მათ შექმნეს ჯარი და, რამდენადაც შესაძლებელი იყო, უზარმაზარი ფლოტი საკვებითა და წყლით მოამარაგეს. მათ საგულდაგულოდ შეადგინეს გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა გემებს შორის სიგნალებს, ფლოტის გადაადგილებას და ჯარის განლაგებას, რომელშიც ერთობლივი ძალები შედიოდა.
1588 წლის 29 მაისს არმადამ 130 გემით, 20 000 ჯარისკაცითა და 8 000 მეზღვაურით, როგორც იქნა, დატოვა ლისაბონის ნავსადგური. მაგრამ ძლიერი ქარისა და შტორმის გამო ისინი იძულებულნი გახდნენ, ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთით ლა-კორუნიასთან შეჩერებულიყვნენ, რომ გემები შეეკეთებინათ და საკვებისა და წყლის მარაგი აეღოთ. არასაკმარისი საკვებისა და ჯარისკაცებში გაჩენილი დაავადების გამო ჰერცოგმა მედინა-სიდონიამ მეფეს წერილი გაუგზავნა; წერილში მან პირდაპირ განუცხადა მეფეს, რომ, მისი აზრით, გეგმის განხორციელება შეუძლებელი იყო. მაგრამ მეფემ დაჟინებით მოსთხოვა ჰერცოგს გეგმის ზედმიწევნით შესრულება. ასე რომ, ამ მოუქნელმა ფლოტმა განაგრძო სვლა და ლისაბონის ნავსადგურის დატოვებიდან ორ თვეში მიაღწია ლა-მანშის სრუტეს.
ბრძოლები ლა-მანშის სრუტეში
ესპანეთის ფლოტს ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე პლიმუთის სანაპიროსთან ინგლისელთა ფლოტი ელოდა. ესპანეთსაც და ინგლისსაც ერთი და იმავე რაოდენობის, ოღონდ განსხვავებული დიზაინის გემები ჰყავდათ. ესპანური ხომალდები მაღალი იყო და მცირე რადიუსის ქვემეხები ჰქონდა. გემის ცხვირსა და კიჩოზე კოშკურები იდგა, რის გამოც ისინი მოტივტივე ციხე-სიმაგრეებს ჰგავდნენ. თავიანთი სამხედრო-საზღვაო სტრატეგიის მიხედვით, ესპანელები უნდა მიახლოებოდნენ მოწინააღმდეგის გემებს, რათა მათზე გადამსხდარიყვნენ და მტერი გაენადგურებინათ. ინგლისელთა გემები დაბალი და სწრაფი იყო დიდი რადიუსის ქვემეხებით. მათ კაპიტნებს მიზნად ჰქონდათ დასახული, ახლოს არ მოეშვათ მტერი და ესპანეთის ხომალდები შორი მანძილიდან გაენადგურებინათ.
ინგლისის მოქნილი ფლოტის თავდასხმისა და ინტენსიური ცეცხლისგან თავის დასაცავად, ესპანელმა ჰერცოგმა გემები რკალისებრად განალაგა — ძლიერ გემებს დიდი რადიუსის ქვემეხებით უნდა დაეცვათ რკალის თავი და ბოლო. არმადა იქით ტრიალდებოდა, საიდანაც მტერი შეუტევდა და ისე იგერიებდა მას, როგორც ხარი იგერიებს ლომს რქებით.
ლა-მანშის სრუტეში ესპანელებსა და ინგლისელებს შორის ორი მცირე ბრძოლა გაიმართა. ესპანელების თავდაცვის სტრატეგიამ გაამართლა. ინგლისელებმა დიდი რადიუსის ქვემეხებით ვერ მოახერხეს ესპანეთის ვერც ერთი ხომალდის ჩაძირვა. ინგლისელმა კაპიტნებმა გადაწყვიტეს, როგორმე გაერღვიათ მტრის გემების განლაგება და მიახლოებოდნენ ესპანეთის ფლოტს. ეს მათ 7 აგვისტოს მოახერხეს.
მეფის ბრძანებით ჰერცოგი მედინა-სიდონია არმადასთან ერთად პარმის ჰერცოგის ჯართან შესახვედრად გაემართა. ვიდრე პარმის ჰერცოგისგან შეტყობინებას მიიღებდა, მედინა-სიდონიამ კალესთან (საფრანგეთი) ღუზების ჩაშვების ბრძანება გასცა. ესპანეთის ღუზაჩაშვებული და დაუცველი გემებისკენ ინგლისელებმა დენთით დატვირთული და ცეცხლმოკიდებული რვა გემი გაუშვეს. შეშინებული ესპანელი კაპიტნების უმეტესობამ საფრთხის თავიდან არიდების მიზნით გემები ზღვაში გაიყვანა. ძლიერმა ქარმა და დინებამ ესპანელთა გემები ჩრდილოეთისკენ გარეკა.
მეორე დღეს გამთენიისას შედგა უკანასკნელი ბრძოლა. ინგლისის ფლოტმა ახლო მანძილიდან გაუხსნა ცეცხლი ესპანეთის გემებს. ამ დროს სულ ცოტა სამი გემი განადგურდა და უამრავი დაზიანდა. ესპანელები უიმედო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან ტყვია-წამალი თითქმის აღარ ჰქონდათ.
ძლიერი შტორმის გამო ინგლისელებმა ბრძოლა მომდევნო დღისთვის გადადეს. მეორე დილას არმადა კვლავ მტრის პირისპირ განლაგდა რკალისებრად და დარჩენილი ტყვია-წამლით საბრძოლველად გაემზადა. მაგრამ ინგლისელებს ჯერ ცეცხლი არ ჰქონდათ გახსნილი, რომ ქარმა და დინებამ ესპანეთის გემები ჰოლანდიის ქვიშიანი სანაპიროსკენ, ზელანდიისკენ წაიღო, რაც მათ დაღუპვას მოასწავებდა.
მდგომარეობა უიმედო ჩანდა, მაგრამ ქარმა მიმართულება შეცვალა და არმადა ჩრდილოეთით შუა ზღვაში, უსაფრთხო ადგილას წაიღო. კალესკენ დასაბრუნებელი გზა ინგლისელებს ეკავათ, ქარი კი ესპანეთის დაზიანებულ გემებს ჩრდილოეთისკენ მიაქანებდა. ჰერცოგ მედინა-სიდონიას ისღა დარჩენოდა, რომ გეგმაზე ხელი აეღო და რაც შეიძლება მეტი ადამიანი და გემი გადაერჩინა. მან გადაწყვიტა, შოტლანდიისა და ირლანდიის შემოვლით ესპანეთში დაბრუნებულიყო.
შტორმები და გემების მსხვრევა
არმადის დაზიანებულ გემებს უკან დასაბრუნებლად დამქანცველი გზა ელოდათ, საკვები თითქმის აღარ ჰქონდათ და კასრებიდან წყალი ჟონავდა. ინგლისელთა თავდასხმებმა გემების უმეტესობა მწყობრიდან გამოიყვანა და რამდენიმეღა თუ ვარგოდა ზღვაოსნობისთვის. ამასთანავე, ირლანდიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან არმადა ორკვირიან ძლიერ შტორმში მოჰყვა. ზოგი გემი უკვალოდ გაქრა, ზოგი კი ირლანდიის სანაპიროსთან დაიმსხვრა.
ბოლოს, არმადის გადარჩენილ გემთაგან პირველებმა 23 სექტემბერს ძლივს ჩააღწიეს ჩრდილოეთ ესპანეთის საპორტო ქალაქ სანტანდერში. დაახლოებით 60-მა გემმა და ეკიპაჟის ნახევარმა შეძლო ლისაბონში დაბრუნება. ათასობით ადამიანი ზღვაში დაიხრჩო. ბევრი დაჭრილი მოკვდა და ბევრიც დაავადებებმა იმსხვერპლა. გადარჩენილებისთვის განსაცდელი ესპანეთის სანაპიროსთანაც არ დამთავრებულა.
წიგნში „უძლეველი არმადის დამარცხება“ აღნიშნულია, რომ ზოგიერთი გემის ეკიპაჟს „საერთოდ არ ჰქონდა საკვები და შიმშილით დაიხოცნენ“, მიუხედავად იმისა, რომ ღუზა ესპანეთის პორტში ჰქონდათ ჩაშვებული. ესპანეთის პორტ ლარედოში ერთი გემი მხოლოდ იმიტომ დაიმსხვრა, რომ „საკმარისი ხალხი არ ჰყავდათ იალქნების დასაშვებად და ღუზის ჩასაშვებად“.
-