წერილი რუსეთიდან
მოგზაურობა „ქვეყნის დასალიერში“
ჩვენმა ვერტმფრენმა იაკუტსკის აეროპორტიდან აიღო გეზი და მალე ტუიმაადას ველი ხელისგულივით გამოჩნდა. უკან მოვიტოვეთ სხვადასხვა ფორმისა და ზომის გაყინული ტბები, გადავუფრინეთ ქალაქ ვერხოიანსკს და მზეზე მბრწყინავ დათოვლილ მწვერვალებს. 900 კილომეტრი ვიფრინეთ და ბოლოს დაბა დეპუტატსკში დავეშვით.
ასე დაიწყო ჩემი მოგზაურობა სახას (იაკუტია) რესპუბლიკაში. ფართობით სახა მთელ დასავლეთ ევროპას აღემატება. მისი ბუნება ლამაზია, თუმცა კლიმატი მკაცრია. აქ ტემპერატურა ზაფხულში 40 გრადუსამდე ადის, ზამთარში კი -70 გრადუსამდე ეცემა. სახაში დიდი ხნის წინათ გადაშენებული ცხოველების ნამარხებია აღმოჩენილი. გუშინდელ დღესავით მახსოვს რძისფერ ნისლში გახვეული ეს პატარა ქალაქი, ჩრდილოეთის მქრქალი ციალი და მხიარული და ყინვაგამძლე იაკუტები.
ჩვენი მოგზაურობა დეპუტატსკში ჩამოსვლით არ დამთავრებულა. მე და ჩემს თანამგზავრს ჩრდილოეთ ციმბირში სხვა სოფლებიც უნდა მოგვენახულებინა. ერთ-ერთი სოფელი იყო ხაიირი, რომელიც ლაპტევების ზღვასთან ახლოს, დეპუტატსკიდან ჩრდილოეთით 300 კილომეტრში მდებარეობდა. ალბათ გაინტერესებთ, რატომ დავადექით ამხელა გზას. ერთმა იეჰოვას მოწმემ ადრე ეს სოფლები შემოიარა და ბიბლიით დაინტერესებული ბევრი ადამიანი ნახა. მათთან ყველაზე ახლოს იაკუტსკელი მოწმეები ვიყავით, თუმცა ხაიირამდე დაახლოებით 1 000 კილომეტრია. ვგრძნობდით, რომ ამ ადამიანებს გამხნევება და დახმარება სჭირდებოდათ.
დეპუტატსკში შევხვდით ერთ კაცს, რომელიც ხაიირში ავტომანქანით მიდიოდა. მან გვითხრა, რომ იაფად წაგვიყვანდა. როცა დავინახეთ მისი ძველი, საბჭოთა კავშირის დროს გამოშვებული ავტომანქანა, რომელშიც ბენზინის სუნი იდგა, ცოტა არ იყოს შევყოყმანდით. მაგრამ მეტი გზა არ გვქონდა და იმ საღამოს მასთან ერთად გავემგზავრეთ. წარმოდგენაც კი არ გვქონდა, წინ რა გველოდა.
ავტომანქანაში ისევე ყინავდა, როგორც გარეთ. მალევე მივხვდით, რომ ვერ გავთბებოდით. ამიტომ მძღოლს ვთხოვეთ, გავჩერებულიყავით, რომ საბარგულიდან ტანსაცმელი ამოგვეღო. თუკი რამ თბილი გვქონდა, ჩავიცვით, თუმცა მაინც ვერ გავთბით.
ჩვენი მძღოლი მხიარული, გაკაჟებული ჩრდილოელი კაცი იყო. „გინახავთ ჩრდილოეთის ციალი?“ — უეცრად გვკითხა მან. როცა ვუთხარი, რომ არასოდეს მენახა, ავტომანქანა გააჩერა და ნელ-ნელა ფეხით გზას გავუყევით. ჩვენ თვალწინ ისეთი სანახაობა გადაიშალა, რომ ცოტა ხნით სიცივე დაგვავიწყდა. გაოგნებულები შევყურებდით ცაში ათასფერად მოელვარე სხივებს, რომლებიც ფარდასავით ირხეოდა. ამ საოცარი სანახაობის შემყურეთ, ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს ეს ყველაფერი ხელის გაწვდენაზე იყო.
გარიჟრაჟზე გაყინულ ტუნდრაში ჩვენი ავტომანქანა ნამქერში ჩაეფლო. მძღოლს მის ამოყვანაში დავეხმარეთ. ეს ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა, რადგან ხაიირისკენ მიმავალი გზა თოვლით იყო დაფარული. მხოლოდ გამთენიისას მივხვდი, რომ „გზაზე“ კი არა, გაყინულ მდინარეებზე გვივლია. ბოლოს, დეპუტატსკიდან 16-საათიანი მგზავრობის შემდეგ, როგორც იქნა შუადღისთვის ხაიირში ჩავაღწიეთ. გვეგონა, რომ ასეთ ცივ ამინდში დამქანცველი მგზავრობის შემდეგ ავად გავხდებოდით, მაგრამ დილით თავს შესანიშნავად ვგრძნობდით, ოღონდ სიცივისგან ფეხის თითები მქონდა დაბუჟებული. ადგილობრივებმა თითებზე წასასმელად დათვის ქონი მომცეს.
ხაიირში იმიტომ ჩავედით, რომ ხალხთან სახლებში მივსულიყავით და სასიხარულო ცნობა გვექადაგა. მაგრამ, როცა აქაურებმა ჩვენი ჩასვლის შესახებ შეიტყვეს, თვითონ მოგვაკითხეს სახლში. ორკვირა-ნახევრის განმავლობაში მათ ყოველდღე ვასწავლიდით ბიბლიას, ზოგჯერ დილიდან შუაღამემდე. ძალიან სასიამოვნო იყო ბიბლიით დაინტერესებულ ამდენ თბილ და სტუმართმოყვარე ადამიანთან შეხვედრა. მოხუცმა ქალებმა გვითხრეს: „ჩვენ ყოველთვის გვწამდა ღმერთი, მაგრამ თქვენ რომ აქ, ქვეყნის დასალიერში ჩამოხვედით, უფრო დავრწმუნდით ღვთის არსებობაში!“
ადგილობრივი მოსახლეობის მოხერხებულობამ ძალიან გაგვაოცა. ისინი ყინულის ნატეხებს სახლის წინ შეშის მსგავსად აწყობენ. როცა წყალი სჭირდებათ, ერთ-ერთ ასეთ ნატეხს დიდ ჭურჭელში დებენ და ცეცხლზე დგამენ გასადნობად. იქაურები გაგვიმასპინძლდნენ შესანიშნავი არქტიკული თევზის კერძით, რომელსაც სტროგანინა ეწოდება. იქ ეს კერძი დელიკატესად ითვლება. თევზს დაჭერისთანავე ყინავენ, თხელ ნაჭრებად ჭრიან, მარილითა და წიწაკით აზავებენ და ერთ ჯერზე მიირთმევენ. სოფლის მკვიდრებმა აგრეთვე გვითხრეს, რომ ხშირად პოულობენ ფოსილურ ნამარხებს, მაგალითად მამონტის ეშვებს ან ხეებს.
ხაიირიდან ასობით კილომეტრი გავიარეთ, ძირითადად ვერტმფრენით, რომ იაკუტიის სხვა სოფლებშიც მოგვენახულებინა ბიბლიით დაინტერესებული ადამიანები. იქაური ხალხი ძალიან თბილი და ყურადღებიანია. ერთმა პატარა ბიჭმა, რომელიც მიხვდა, რომ ფრენის მეშინოდა, გასამხნევებლად ბარათი მაჩუქა. ბიჭს ბარათზე ორი ბეღურა და ვერტმფრენი დაეხატა, ქვემოთ კი მიეწერა: „საშა, ფრენის დროს ჩამოვარდნის არ შეგეშინდეს! მათე 10:29“. ძალიან გავმხნევდი, როცა წავიკითხე იესოს მიერ ბეღურების შესახებ ნათქვამი სიტყვები: „არც ერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე ისე, რომ მამათქვენმა არ იცოდეს“.
იაკუტიაში ბევრმა რამემ მოახდინა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება, მაგრამ ყველაფრის მოყოლა შეუძლებელია. იაკუტიის ცივი, მკაცრი კლიმატი ყოველთვის გამახსენებს იმ თბილ და შესანიშნავ ადამიანებს, რომლებიც „ქვეყნის დასალიერში“ ცხოვრობენ.
[სურათები 25 გვერდზე]
იაკუტები თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია