საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ენა, რომელსაც ხედავ
    გამოიღვიძეთ! — 1998 | სექტემბერი 8
    • ენა, რომელსაც ხედავ

      როგორ ისწავლე მშობლიური ენა? ალბათ, პატარაობისას ოჯახის წევრებისა და ამხანაგების საუბრის მოსმენით. უმრავლესობა ენას ეუფლება მოსმენით, ენის ცოდნას კი ამჟღავნებს საუბრით. აზრებისა და შეხედულებების ჩამოყალიბებისას სმენის მქონე ხალხი სიტყვებისა და ფრაზების წარმოთქმამდე წინასწარ თავისდა უნებურად იმეორებს მათ გონებაში. მაგრამ, თუ ბავშვი ყრუ იბადება, შეუძლია მის გონებას აზრების სხვა გზით ჩამოყალიბება? არსებობს ენა, რომლითაც, ხმის ამოღების გარეშე შეიძლება გადაიცეს აზრები აბსტრაქტულისა თუ კონკრეტულის შესახებ?

      ხედავ, მაგრამ არ გესმის

      ენის შესწავლისა და მისი გამოყენების უნარი ადამიანის გონების ერთ-ერთი საოცრებაა. მაგრამ სმენის უნარის გარეშე ენის შესწავლა, ჩვეულებრივ, ყურის კი არა, თვალის ფუნქცია ხდება. საბედნიეროდ, ადამიანს ურთიერთობის დიდი სურვილი აქვს, რაც საშუალებას აძლევს გადალახოს ნებისმიერი დაბრკოლება. ამან უბიძგა ყრუ-მუნჯებს ჟესტების მრავალი ენა შეექმნათ. როდესაც ისინი ერთმანეთს ესაუბრებიან, იქნება ეს ოჯახში, სპეციალიზებულ სკოლებში ან საზოგადოებაში, თვალწინ გვეშლება დახვეწილი სპეციფიკური ენა, რომელიც თვალებით აღსაქმელად შეიქმნა — ჟესტების ენაa.

      კარლმა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ეს ენა ყრუ-მუნჯი მშობლებისგან მემკვიდრეობით მიიღოb. თუმცა ის დაბადებიდან ყრუ-მუნჯია, მას ადრეული ასაკიდანვე შეეძლო ყველაფრის აღწერა, ჟესტებისთვის თავის მოყრა და ამერიკულ ჟესტების ენაზე (აჟე) აზრების გამოხატვა. ყრუ-მუნჯი ბავშვების უმრავლესობა, რომლებსაც მშობლებიც ყრუ-მუნჯები ჰყავთ, თავის პირველ ჟესტიკულაციას 10 —12 თვის ასაკში იწყებს. ერთ წიგნში „მოგზაურობა ყრუ-მუნჯთა სამყაროში“ (A Journey Into the Deaf–World) ნათქვამია: „ენათმეცნიერები ახლა ხვდებიან, რომ უნარი, ადვილად შეისწავლო ენა და გადასცე შენს შვილს, ღრმადაა ფესვებგადგმული ადამიანის გონებაში. მნიშვნელობა არა აქვს ეს უნარი ჟესტების ენაში ვლინდება თუ სალაპარაკო ენაში.“

      სვეტა რუსეთში მცხოვრებ ყრუ-მუნჯების ოჯახში მესამე თაობაა. თავის ყრუ-მუნჯ ძმასთან ერთად ის რუსულ ჟესტების ენას დაეუფლა. სამი წლის ასაკში ყრუ-მუნჯთა საბავშვო ბაღში მიყვანისას მან კარგად იცოდა ჟესტების ენა. სვეტა აღნიშნავს: „იქ ბავშვებმა არ იცოდნენ ჟესტების ენა და ჩემგან სწავლობდნენ“. ბევრ ყრუ-მუნჯ ბავშვს ყურთასმენის მქონე მშობლები ჰყავდა, რომლებმაც არ იცოდნენ ჟესტები. ხშირად სკოლაში უფროსი ყრუ-მუნჯი ბავშვები მათზე პატარებს ასწავლიდნენ ჟესტების ენას და ურთიერთობის დამყარებას უადვილებდნენ.

      დღეს სულ უფრო მეტი ყურთასმენის მქონე მშობელი სწავლობს თავის ბავშვებთან ერთად ამ ენას. ამიტომ ამ ყრუ-მუნჯ ბავშვებს სკოლაში შესვლამდე თავისუფლად შეუძლიათ ურთიერთობის დამყარება. კანადაში მსგავსად ჰქონდა საქმე ენდრიუს, რომლის მშობლებიც არ იყვნენ ყრუ-მუნჯები. მათ შეისწავლეს ჟესტების ენა და შვილს პატარაობიდანვე ესაუბრებოდნენ ამ ენაზე, რითაც საფუძველი შეუქმნეს მომავალში ენის უფრო სრულად შესწავლისთვის. ახლა მთელ ოჯახს ნებისმიერი თემის შესახებ საუბარი შეუძლია ჟესტების ენაზე.

      ყრუ-მუნჯებს სალაპარაკო ენაზე ფიქრის გარეშე შეუძლიათ ჩამოაყალიბონ აზრები, აბსტრაქტულისა თუ კონკრეტულის შესახებ. ისევე როგორც ყოველი ჩვენგანი საკუთარ ენაზე ვაზროვნებთ, ბევრი მათგანი ჟესტების ენაზე ფიქრობს.

      ენების მრავალფეროვნება

      მთელ მსოფლიოში ყრუ-მუნჯები ან საკუთარ ჟესტების ენას ქმნიან ან კიდევ სხვა ჟესტების ენებიდან აღებულ ჟესტებს აერთიანებენ. დღევანდელ ამერიკულ ჟესტების ენაში ზოგი სიტყვა 180 წლის წინ ფრანგული ჟესტების ენის საფუძველზეა მიღებული. ის შეთავსებულ იქნა იმ დროს ამერიკაში უკვე არსებულ ენასთან და ჩამოყალიბდა დღევანდელი ამერიკული ჟესტების ენა. ჟესტების ენები მრავალი წლის განმავლობაში ვითარდება და ყოველ ახალ თაობაში იხვეწება.

      ჩვეულებრივ, ჟესტების ენები არ არის დამოკიდებული ამა თუ იმ ქვეყნის სალაპარაკო ენაზე. მაგალითად, პუერტო-რიკოში, მიუხედავად იმისა, რომ სალაპარაკო ენა ესპანურია, ყრუ-მუნჯები ამერიკულ ჟესტების ენაზე საუბრობენ. ინგლისსა და შეერთებულ შტატებში ინგლისურია სალაპარაკო, მაგრამ ყრუ-მუნჯი ხალხი ინგლისში იყენებს ბრიტანულ ჟესტების ენას, რომელიც ამერიკულისგან ძალიან განსხვავდება. მექსიკური ჟესტების ენაც განსხვავდება ლათინური ამერიკის ბევრი ჟესტების ენისგან.

      მისი შესწავლისას ადამიანს აოცებს დახვეწილი გამომხატველობა, სირთულე და სიმდიდრე. ამ ენაზე მრავალი საკითხი და იდეა შეგიძლია გადმოსცე. საბედნიეროდ, დღეს სულ უფრო მეტი ლიტერატურა გამოიცემა ყრუ-მუნჯთათვის ვიდეოკასეტებზე, რომლებშიც მარტივ ჟესტების ენაზეა გადმოცემული მოთხრობები, პოეზია, ისტორიული ცნობები და რომელთა მეშვეობითაც ასწავლიან ბიბლიურ ჭეშმარიტებას. მრავალ ქვეყანაში ჟესტების ენას უფრო და უფრო მეტი ყურადღება ექცევა.

      კითხულობ იმას, რაც არასოდეს მოგისმენია

      საერთოდ, კითხვისას ადამიანს სმენითი მეხსიერება ეხმარება, რადგან მას ახსოვს, თუ როგორ გამოითქმის ესა თუ ის სიტყვა. ამიტომ წაკითხულის უმეტესობა მას ესმის, რადგან გაგონილი აქვს. ენების უმრავლესობაში დაწერილი სიტყვები არ ასახავს ან არ ჰგავს იმას, რასაც ნიშნავს. ყურთასმენის მქონე ბევრი ადამიანი სწავლობს ამ თვითნებურ მეთოდს ანუ დამწერლობას და მას სალაპარაკო ენის ჟღერადობას უთავსებს, რომ ესმოდეს წაკითხული. მაგრამ შეეცადე, წარმოიდგინო, რომ არასდროს მოგისმენია რაიმე, არც ერთი სიტყვა ან ენა, რომელზედაც მთელი ცხოვრება ლაპარაკობ! შეიძლება რთული და იმედის გამაცრუებელი იყოს იმ ენის დამწერლობის სწავლა, რომელიც არ გესმის. გასაკვირი არაა, რომ ასეთ ენაზე კითხვა ძალიან რთულია ყრუ-მუნჯებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, რომელთაც სრულიად დაკარგეს ყურთასმენა ან რომლებიც დაბადებიდან ყრუ-მუნჯები არიან.

      მთელ მსოფლიოში ყრუ-მუნჯთა ბევრ საგანმანათლებლო ცენტრში დაინახეს, რომ ძალიან კარგია ჟესტების ენის გამოყენება ადრევე, როცა ბავშვი ეს-ესაა ენას ითვისებს (იხილეთ ჩარჩოები მე-12 და მე-14 გვერდებზე). მათ დაინახეს, რომ ყრუ-მუნჯი ბავშვისთვის მარტივი ჟესტების ენის სწავლება და ამ ენის საფუძვლის მიცემა ხელს შეუწყობს, რომ უკეთ ისწავლოს, ურთიერთობა ჰქონდეს საზოგადოებასთან და მოგვიანებით დამწერლობას დაეუფლოს.

      განათლებასთან, მეცნიერებასა და კულტურასთან დაკავშირებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომისია, რომელიც ყრუ-მუნჯების განათლების საკითხებზე მუშაობს, აღნიშნავს: „ამიერიდან დაუშვებელია ჟესტების ენის უგულებელყოფა ან ყრუ-მუნჯთა საგანმანათლებლო პროგრამაში მის გაძლიერებაში აქტიური მონაწილეობის მიღებისთვის თავის არიდება“. მაგრამ უნდა ითქვას, რომ მშობლებმა რა განათლებაც უნდა ამოირჩიონ თავიანთი ყრუ-მუნჯი შვილისთვის, ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებაში ორივე მშობელი მონაწილეობდეს (იხილეთ სტატია „შვილთან ურთიერთობის დასამყარებლად ახალი ენა შევისწავლე“ 1996 წლის 8 ნოემბრის ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“ [რუს.]).

      გავუგოთ ყრუ-მუნჯებს

      ახალგაზრდა ყრუ-მუნჯები ხშირად აღიარებენ, რომ ყველაზე მეტად მშობლებთან ურთიერთობა სწყუროდათ. ჯეკი, ყრუ-მუნჯი მამაკაცი, მოხუცი დედის სიკვდილის წინ ცდილობდა ესაუბრა მასთან. დედა მთელ ძალისხმევას ახმარდა, რომ რაღაც ეთქვა შვილისთვის, მაგრამ ჟესტების ენა არ იცოდა, წერის თავი კი აღარ ჰქონდა. დედა კომაში ჩავარდა და მოგვიანებით გარდაიცვალა. ჯეკს მოსვენებას არ აძლევდა ის გულსატკენი წუთები. ამ შემთხვევამ აღძრა ის ყრუ-მუნჯების მშობლებისთვის შემდეგი რამ ერჩია: „თუ გსურთ თავისუფლად ესაუბროთ და საინტერესო აზრები, გრძნობები და სიყვარული გაუზიაროთ თქვენს ყრუ-მუნჯ ბავშვს, ელაპარაკეთ ჟესტების ენაზე. . . ჩემს შემთხვევაში ეს ძალიან გვიანია. თქვენს შემთხვევაში?“

      წლების განმავლობაში ბევრს არასწორი წარმოდგენა აქვს ყრუ-მუნჯებზე. ზოგი ფიქრობს, რომ მათ თითქმის არაფერი იციან, რადგან არაფერი ესმით. მშობლები ზედმეტად იცავენ თავიანთ ყრუ-მუნჯ ბავშვებს ან ეშინიათ, ხალხში გაუშვან. ზოგ კულტურაში ყრუ-მუნჯებს მცდარად აღწერენ როგორც „უსიტყვოებს“ ან „უთქმელებს“, თუმცა მათ ხმა, ჩვეულებრივ, აქვთ. მათ უბრალოდ არ ესმით. სხვებს კი ჟესტების ენა პრიმიტიული ან განუვითარებელი ენა ჰგონიათ. ასეთი წარმოდგენის შემდეგ გასაკვირი არ არის, რომ ყრუ-მუნჯები დაჩაგრულად გრძნობენ თავს და ხვდებიან, რომ მათ ვერ უგებენ.

      ჯოზეფი, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, 30-იან წლებში ყრუ-მუნჯი ბავშვებისთვის განკუთვნილ სპეციალურ სკოლაში შეიყვანეს, რომელშიც აკრძალული იყო ჟესტების ენაზე ლაპარაკი. ის და მისი კლასელები ხშირად ისჯებოდნენ ამის გამო, მაშინაც კი, როდესაც არ ესმოდათ მასწავლებლების საუბარი. ისინი ნატრობდნენ, გაეგოთ სხვისთვის და მათთვისაც გაეგოთ სხვებს. ქვეყნებში, სადაც ყრუ-მუნჯთათვის განათლების მიღების შეზღუდული შესაძლებლობებია, ზოგი ძალიან მცირე განათლებით იზრდება. მაგალითად, „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტი დასავლეთ აფრიკიდან ამბობს: „აფრიკაში მცხოვრები ყრუ-მუნჯი ხალხის უმრავლესობისთვის ცხოვრება რთული და მძიმეა. შრომის უუნაროთაგან ყრუ-მუნჯები ალბათ ყველაზე მეტად არიან უგულებელყოფილები და ყველაზე ნაკლებად მათ უგებენ“.

      ყველას გვჭირდება, რომ გაგვიგონ. სამწუხაროდ, ყრუ-მუნჯის დანახვაზე ზოგი მასში მხოლოდ „უუნარობას“ ხედავს. მოჩვენებითმა უუნარობამ შეიძლება ყრუ-მუნჯი ადამიანის ნამდვილი შესაძლებლობები დაჩრდილოს. მრავალ ყრუ-მუნჯს არ მიაჩნია თავი უუნარო ადამიანად. მათ შეუძლიათ თავისუფლად ესაუბრონ ერთმანეთს, გამოავლინონ საკუთარი ღირსების გრძნობა, კარგად ისწავლონ, იყვნენ საზოგადოების ნაწილი და სულიერ წარმატებებს მიაღწიონ. სამწუხაროდ, მათდამი ცუდი მოპყრობა ყურთასმენის მქონე ხალხისადმი მათ უნდობლობას იწვევს. მაგრამ ყველასთვის კარგია, როდესაც ხალხი გულწრფელ ინტერესს ამჟღავნებს, ესმის ყრუ-მუნჯების კულტურა, მარტივი ჟესტების ენა და მათში უნარიან ხალხს ხედავს.

      თუ ჟესტების ენის შესწავლა გინდა, უნდა გახსოვდეს, რომ ენით გამოვხატავთ ჩვენს აზრებს და იდეებს. იმისათვის რომ კარგად ვისწავლოთ ეს ენა, უნდა ვაზროვნებდეთ ამ ენაზე. აი, რატომ ვერ დაგვეხმარება ჟესტების ენის ლექსიკონიდან, უბრალოდ, ჟესტების სწავლა იმაში, რომ ამ ენას ნამდვილად დავეუფლოთ. რატომ არ გესწავლა მათგან, ვინც მას ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებს — ყრუ-მუნჯებისგან? მეორე ენის შესწავლა იმათგან, ვისთვისაც ის მშობლიურია, დაგეხმარება იაზროვნო განსხვავებულად, მაგრამ ბუნებრივად.

      მთელ მსოფლიოში ყრუ-მუნჯი ადამიანები თვალთახედვას ჟესტების ენის მეშვეობით იფართოებენ. მოდით, განვიხილოთ მათი ენა.

      [სქოლიოები]

      a ამ სტატიებში სიტყვები „ყრუ-მუნჯი“ და „ყურთასმენის მქონე“ გამოიყენება არა მარტო ასეთი ადამიანების ერთმანეთისგან განსასხვავებლად, არამედ იმისთვისაც, რომ ხაზი გავუსვათ მათ კულტურასა და ცხოვრებას შორის სხვაობას.

      b ვარაუდობენ, რომ მხოლოდ შეერთებულ შტატებში მილიონი ყრუ-მუნჯია, რომელიც „უნიკალურ ენასა და კულტურას“ ფლობს. ჩვეულებრივ, ისინი ასეთებად არიან დაბადებულები. გარდა ამისა, ვარაუდობენ, რომ 20 მილიონი ადამიანია, რომელთაც სუსტი ყურთასმენა აქვთ, მაგრამ, ძირითადად თავიანთ მშობლიურ სალაპარაკო ენაზე შეუძლიათ საუბარი (ჰარლენ ლეინის, რობერტ ჰოფმაისტერის და ბენ ბეიჰანის წიგნი „მოგზაურობა ყრუ-მუნჯთა სამყაროში“).

      [ჩარჩო 12 გვერდზე]

      „ნიუ-იორკში ყრუ-მუნჯებს ჟესტების ენას, შემდეგ კი ინგლისურს ასწავლიან“

      ასეთი სათაური ჰქონდა ერთ-ერთ სტატიას „ნიუ-იორკ ტაიმზის“ 1998 წლის 5 მარტის ნომერში, რომელშიც ფელისია რ. ლი წერდა: „ყრუ-მუნჯი მოსწავლეების განათლებაში შეტანილი ცვლილება დიდ მოწონებას იმსახურებს; მათთვის განკუთვნილ ქალაქის ერთადერთ საშუალო სკოლაში ცვლილებები იქნება შეტანილი, ისე რომ მომავალში ყველა მასწავლებელი მათ ძირითადად ჟესტებსა და სიმბოლოებზე დაფუძნებულ ჟესტების ენას შეასწავლის“. მისი სიტყვების თანახმად, ბევრი მასწავლებელი „ფიქრობს, რომ, როგორც დაკვირვებიდან ჩანს, ყრუ-მუნჯების ძირითადი ენა მხედველობასთანაა დაკავშირებული და არა სიტყვებთან და სკოლები, რომლებიც ყრუ-მუნჯებისთვის საუკეთესო მეთოდს, ამერიკულ ჟესტების ენას, იყენებენ, უკეთეს განათლებას აძლევენ მოსწავლეებს, ვიდრე სხვები.

      მათი აზრით, ყრუ-მუნჯებს უნდა ეპყრობოდნენ როგორც ორი ენის მცოდნე სტუდენტებს და არა როგორც უნიჭოებს“.

      ბოსტონში არსებული ჩრდილო-აღმოსავლური უნივერსიტეტის პროფესორმა ჰარლენ ლანემ თქვა: „მე ვფიქრობ [ნიუ-იორკის ეს სკოლა] ცვლილებების ავანგარდია“. მან უთხრა „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტს, რომ მთავარი მიზანია მეორე ენად ასწავლონ ინგლისური, რომელზეც კითხვას შეძლებენ.

      [ჩარჩო⁄სურათები 13 გვერდზე]

      ეს არის ენა!

      ზოგმა არასწორად დაასკვნა, რომ ჟესტების ენა გართულებული პანტომიმაა. მას გამოსახულებების ენასაც კი უწოდებდნენ. თუმცა ჟესტების ენაში სახის მიმიკა და სხეულისა და ხელების მოძრაობა შედის, ჟესტების უმრავლესობა ოდნავ ჰგავს ან სულ არ ჰგავს იმას, რასაც ნიშნავს. მაგალითად, ამერიკულ ჟესტების ენაში (აჟე) სიტყვა „კეთების“ აღმნიშვნელი ჟესტის საჩვენებლად საჭიროა ორივე მუშტის ერთიმეორეზე დადება და გრეხვისმაგვარი მოძრაობის გაკეთება. თუმცა ეს ჟესტი ცნობილია, იმისთვის, ვინც ჟესტების ენა არ იცის, ის არ აღწერს მის ნამდვილ მნიშვნელობას. რუსულ ჟესტების ენაში (რჟე) ჟესტის, რომელიც ნიშნავს „საჭიროებას“, გამოსახატავად ორივე ხელის ცერა თითს მესამე თითს ადებენ და პარალელურ წრიულ მოძრაობას აკეთებენ. (იხილეთ ამავე გვერდზე მოცემული სურათები). ასე რომ, აბსტრაქტულის შესახებ ბევრი აზრის გამოსახულებითი აღწერა შეუძლებელია. გამონაკლისს წარმოადგენს რაიმე კონკრეტულის, მაგალითად, „სახლის“ ან „ბავშვის“, აღმნიშვნელი აღწერილობითი ჟესტები (იხილეთ ამავე გვერდზე მოცემული სურათები).

      ნებისმიერი ენის სხვა კრიტერიუმი შეიძლება იყოს სიტყვათა წყობა, რომელიც მიღებულია საზოგადოებაში. ჟესტების ენებს მსგავსი გრამატიკული სტრუქტურა აქვს. მაგალითად, ამერიკულ ჟესტების ენაში პირველ ადგილზე განხილვის საგანია და შემდეგ მოჰყვება კომენტარი მასზე. გარდა ამისა, ბევრი ჟესტების ენისთვის ქრონოლოგიური თხრობაა დამახასიათებელი.

      სახის მიმიკები გრამატიკის მაგივრობასაც სწევს, მაგალითად, ანსხვავებს კითხვას ბრძანებისგან, ვარაუდის გამომხატველ ფრაზას — ჩვეულებრივისგან. ჟესტების ენაში მიმიკები ამ და სხვა თავისებურებების გადმოცემას უწყობს ხელს.

      [სურათები]

      „კეთება“ (აჟე).

      „საჭიროება“ (რჟე).

      „სახლი“ (აჟე).

      „ბავშვი“ (აჟე).

      [ჩარჩო 14 გვერდზე]

      ნამდვილი ენები

      „გავრცელებული არასწორი აზრის საპირისპიროდ, ჟესტების ენები არ არის პანტომიმა, მასწავლებლების გამონაგონი ან სალაპარაკო ენის სიმბოლოები. ამ ენებს შეხვდებით ყველგან, სადაც კი ყრუ-მუნჯი ხალხია და ყოველი მათგანი განსხვავებული, სრული ენაა, რომელსაც ისეთივე მრავალფეროვანი გრამატიკული სტრუქტურა აქვს, როგორიც მსოფლიოში არსებულ სალაპარაკო ენებს“.

      ნიკარაგუის „სკოლებში ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზე, რომ [ყრუ-მუნჯი] ბავშვებისთვის ესწავლებინათ ტუჩებით საუბარი და ტუჩების მოძრაობაზე დაკვირვებით იმის გაგება, თუ რას ეუბნებოდნენ. რასაც, უმეტეს შემთხვევაში, შედეგი არ მოჰყოლია. მაგრამ ბავშვები სხვაგვარად ამყარებდნენ ურთიერთობას. სათამაშო მოედნებზე და სკოლის ავტობუსებში ბავშვები თავიანთი ჟესტების სისტემას იგონებდნენ. . . მალე ეს სისტემა იქცა იმად, რასაც დღეს Lenguaje de Signos Nicaragüense-ს უწოდებენ“. ახლა ყრუ-მუნჯი ბავშვების ახალი თაობა ეუფლება უფრო დახვეწილ ენას, რომელსაც dioma de Signos Nicaragüense-სი ჰქვია (სტივენ პინკერი, The Language Instinct).

      [სურათები 15 გვერდზე]

      ამერიკული ჟესტების ენაზე წინადადების წყობა ასეთია: „ის მაღაზიის შემდეგ სამსახურში წავიდა“.

      1 მაღაზია

      2 ის

      3 წასვლა

      4 დამთავრება

      5 წასვლა

      6 სამსახური

  • მოუსმინე თვალებით
    გამოიღვიძეთ! — 1998 | სექტემბერი 8
    • მოუსმინე თვალებით

      რა არის ყრუ-მუნჯთან თავისუფალი ურთიერთობის დამყარების გასაღები? ნათელი და სათანადო მხედველობითი კონტაქტი, რაც აუცილებელია ყრუ-მუნჯებთან ურთიერთობისას. სინამდვილეში, როდესაც ორნი ჟესტების ენაზე საუბრობენ, უზრდელობად ითვლება რომელიმე მათგანის მიერ მხედველობითი კონტაქტის შეწყვეტა და სხვაგან ყურება. მაგრამ როგორ უნდა მიიპყრო ყრუ-მუნჯი ადამიანის ყურადღება? უფრო სათანადო იქნება მხარზე ან მკლავზე ხელის ოდნავი შეხება, მისი მხედველობის არეში ხელის დაქნევა ან, თუ მოშორებითაა, სხვა ადამიანისთვის მინიშნება, რომ მოახედოს, ვიდრე სახელის დაძახება. სიტუაციიდან გამომდინარე, შეგეძლო იატაკზე დაგებაკუნებინა ან აგენთო და ჩაგექრო სინათლე. ყურადღების მიპყრობის ეს და სხვა ხერხები მათი ცხოვრებისა და კულტურის ნაწილია.

      ენის გამაერთიანებელი კავშირი

      ყრუ-მუნჯებთან შეხვედრისას ზოგი არასწორად ფიქრობს, რომ მათთვის ტუჩების მოძრაობაზე საუბრის გაგება ადვილია. მაგრამ ბევრი ყრუ-მუნჯი საუბრის ასეთ საშუალებას ურთიერთობის შემზღუდველად თვლის. რა თქმა უნდა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც ზოგი საკმაოდ დახელოვნებულია საუბრის ამ მეთოდში, მაგრამ საერთოდ, ჩვენი მხრივ, გულკეთილობა იქნებოდა, თავად არ დაგვესკვნა, რომ პიროვნებას ადვილად შეუძლია ჩვენი საუბრის ასეთნაირად გაგება. შეიძლება მთარგმნელის დახმარებითა და ფურცელზე სათქმელის დაწერით საინტერესო ურთიერთობის დამყარება შეძლო მასთან.

      და მაინც, თუ ხშირად ხვდები ყრუ-მუნჯ ხალხს, განა შენი მხრივ ყურადღებიანობა არ იქნებოდა, რომ ცოტათი მაინც გესწავლა ჟესტების ენა? ეს დიდებულ კავშირს წარმოშობდა, მითუმეტეს თანამორწმუნეებს შორის! იმავეს თქმა შეიძლება ორენოვან კულტურაში მეორე ენის საფუძვლების შესწავლაზე. იეჰოვას მოწმეები დიდი ხანია დაინტერესებულები არიან, რომ იეჰოვა ღმერთის შესახებ ყველამ მოისმინოს. რადგანაც გვესმის, რომ ყრუ-მუნჯებს არ შეუძლიათ განივითარონ სმენა, რამდენად უკეთესია, თუ ჟესტების ენის საშუალებით ვაწვდით ამ იმფორმაციას! (1 კორინთელთა 9:20–22).

      იტალიაში ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრების დაწყების პერიოდზე ანტონინო აღნიშნავს: ყურთასმენის მქონე ძმებთან საუბრისას ვერ ვღებულობდი ნამდვილ გამხნევებას. რადგანაც ჩვენ არ გვესმოდა ერთმანეთის, თავს სრულიად მარტოდ ვგრძნობდი“. კრების წევრებიდან ბევრმა იტალიური ჟესტების ენის შესწავლა დაიწყო. ყრუ-მუნჯმა დაინტერესებულებმა დაიწყეს ბიბლიის შესწავლა და შეხვედრები ამ ჟესტების ენაზე ტარდებოდა. ასეთი შეხვედრები გამამხნევებელია ანტონინოსთვის და დიდი სურვილი აქვს, „ესაუბროს თავის ყრუ-მუნჯ მეგობრებს კრების შეხვედრებისა და იეჰოვას ხალხს შორის არსებული სიყვარულის შესახებ“.

      მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები აყალიბებენ ჟესტებისენოვან კრებებს, სადაც ყრუ-მუნჯ ხალხს შეუძლია, ურთიერთშორის თბილი და სიყვარულით აღსავსე მეგობრული ურთიერთობით გაიხაროს. ესპანეთში 20 წელზე მეტია, რაც ჟესტების ენოვანი ჯგუფები არსებობს, ყრუ-მუნჯთათვის. შეერთებულ შტატებში დღეს ყრუ-მუნჯთა 19 კრება და 47 მცირე ჯგუფია.

      ყრუ-მუნჯებს შეუძლიათ იყვნენ სრული დროით მსახურები (პიონერები), სამსახურებრივი თანაშემწეები, უხუცესები, კონგრესებზე მოხსენებები წაიკითხონ, პიონერული მსახურების სკოლა ჩაატარონ და სხვადასხვა სახის მსახურებას წაუძღვნენ. ამ მხრივ მათ არ აქვთ შეზღუდვები, არამედ შეუძლიათ აქონ იეჰოვა თავიანთი შესაძლებლობებით.

      მეგობრული ურთიერთობისა და აზრთა გაცვლის ბუნებრივი მოთხოვნილება მთელ მსოფლიოში არსებულ მრავალ კულტურასა და ენაში გამოიხატება. იმის ნაცვლად, რომ ყრუ-მუნჯ ხალხში მხოლოდ ნაკლის მქონეები ან განუვითარებლები დავინახოთ, რამდენად უკეთესია შევნიშნოთ მათი მიღწევები, შესაძლებლობები და თვისებები, რაც ყველა ადამიანს სჩვევია. სხვების პატივისცემითა და მზადყოფნით, მოვერგოთ მათ, ჩვენი წვლილი შეგვაქვს კაცობრიობის მრავალფეროვან, მაგრამ გაერთიანებულ ოჯახში.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება