გაქვს „სუფთა თვალი“?
1. რას ნიშნავს „სუფთა თვალის“ ქონა?
1 ჩვენს საქციელზე გავლენას ახდენს ის, რაზეც ჩვენი თვალია ფოკუსირებული. იესომ მართლაც მართებულად თქვა: „თუ თვალი სუფთა გაქვს, მთელი სხეული ნათელი გექნება“! (მათ. 6:22). როცა ჩვენი თვალი სულიერად „სუფთაა“, ის მხოლოდ ერთ მიზანზე — ღვთის ნების შესრულებაზეა ფოკუსირებული. ჩვენ პირველ ადგილზე ღვთის სამეფოს ვაყენებთ და საშუალებას არ ვაძლევთ არასაჭირო მატერიალურ ნივთებსა თუ საქმიანობას, რომ ხელი შეგვიშალოს მსახურებაში.
2. რამ შეიძლება დაგვიმახინჯოს თვალსაზრისი, მაგრამ რა დაგვეხმარება?
2 საჭიროა თვითშემოწმება: იმას, რასაც რეკლამა უკეთდება ან სხვებს აქვთ, შეუძლია აღქმის უნარი დაგვიმახინჯოს. სანამ ისეთი რამის გაკეთებას ან ყიდვას გადაწყვეტ, რასაც საკმაოდ დიდი დრო, ფული და ენერგია სჭირდება, კარგი იქნება, თუ „გამოითვლი ხარჯებს“ და საკუთარ თავს ჰკითხავ: „დამეხმარება ეს იეჰოვას მსახურების გაუმჯობესებაში თუ ხელს შემიშლის?“ (ლუკ. 14:28; ფილ. 1:9—11). აგრეთვე გონივრული იქნება, თუ დროდადრო დავფიქრდებით, კიდევ როგორ შეგვიძლია ცხოვრების გამარტივება, რომ მსახურებაში უფრო მეტი გავაკეთოთ (2 კორ. 13:5; ეფეს. 5:10).
3. რას ვსწავლობთ ერთი დისგან, რომელმაც ცხოვრება გაიმარტივა?
3 ერთმა დამ, რომელმაც პიონერული მსახურება დაიწყო, არჩია, კვლავაც სრულგანაკვეთიან სამუშაოზე დარჩენილიყო, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარგანაკვეთიანი სამუშაოც დააკმაყოფილებდა მის აუცილებელ მოთხოვნილებებს. თუმცა ბოლოს მან დაასკვნა: „ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა. საჭიროებების დასაკმაყოფილებლად სურვილებზე უარი უნდა მეთქვა. მივხვდი, რომ მატერიალური ნივთები ძველდება და გვბეზრდება; ასე რომ, თუ გამუდმებით მათ შეძენაზე ვიფიქრებდი, ეს ზიანს მომიტანდა“. ამ დამ ცხოვრება გაიმარტივა და სამუშაო შეიცვალა, რაც პიონერული მსახურების გაგრძელებაში დაეხმარა.
4. რატომ არის ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თვალის სუფთად დაცვა?
4 დრო არ ითმენს, ამიტომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თვალი სუფთად დავიცვათ. ყოველი განვლილი დღე უფრო მეტად გვაახლოებს ამ ქვეყნიერების აღსასრულთან და ღვთის ახალი ქვეყნიერების დადგომასთან (1 კორ. 7:29, 31). სამქადაგებლო საქმიანობაზე ფოკუსირებით საკუთარ თავსაც ვიხსნით და მსმენელებსაც (1 ტიმ. 4:16).