-
4 დაადგინეთ კონკრეტული საზღვრებიგამოიღვიძეთ! — 2012 | ნოემბერი
-
-
4 დაადგინეთ კონკრეტული საზღვრები
„მარტოხელა მშობლისთვის შვილების აღზრდა ნამდვილად არ არის იოლი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვები მოზარდები ხდებიან. ამ ასაკში, როგორც წესი, მოზარდები სხვების გავლენის ქვეშ ექცევიან და მშობლების წინააღმდეგ მიდიან“ (დალსი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).
პრობლემა.
ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, რომ „ბოლო დღეებში“ ბავშვები იქნებოდნენ „მშობლების ურჩები“ (2 ტიმოთე 3:1, 2).
რჩევები.
„ბავშვებმა უნდა იცოდნენ მშობლის მიერ დადგენილი წესები“, — ამბობს პედაგოგი მეით ვალეტი. ბავშვთა და ოჯახის ფსიქოლოგი ბარი გინსბერგი აღნიშნავს: „ურთიერთობა სასიამოვნო და ნაკლებად სტრესულია, როცა ბავშვს ესმის, რის გაკეთება შეიძლება და რის — არა. რაც უფრო კარგად ესმის ბავშვს მშობლის მიერ დადგენილი წესები, მით უფრო მეტი ჰარმონია სუფევს ოჯახში“. რა უნდა გააკეთოთ, რომ ბავშვებს კარგად ესმოდეთ ოჯახში დადგენილი წესები.
იყავით მტკიცე და სიტყვის შემსრულებელი (მათე 5:37). ავსტრალიაში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ როცა მშობლები ბავშვებს უარს არაფერზე ეუბნებიან და ყველაფრის ნებას რთავენ, ბავშვები თამამდებიან და ხშირ შემთხვევაში ცუდად იქცევიან. ბიბლიაში ვკითხულობთ: „თავის ნებაზე მიშვებული ყმაწვილი დედის შემარცხვენელია“ (იგავები 29:15).
შესაძლოა თავს დამნაშავედ გრძნობთ იმის გამო, რომ თქვენი შვილი მეორე მშობლის გარეშე იზრდება, მაგრამ ნუ დაუშვებთ, რომ ზედმეტად ლმობიერი გახდეთ. ზემოთ მოხსენიებული ჟასმინი ამბობს: „ზოგჯერ ძალიან მეცოდებოდნენ ჩემი ბიჭები იმის გამო, რომ მამის გარეშე იზრდებოდნენ“. სტატიაში მოგვიანებით დავინახავთ, რომ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის გაწონასწორებულობის შენარჩუნებაში.
ნუ იქნებით მერყევი. ერთ ჟურნალში ნათქვამია: „თუ ბავშვი გამოცდილების შედეგად ისწავლის, რომ ცუდად მოქცევის შემთხვევაში დაუსჯელი არ დარჩება, ის ყოველთვის ეცდება, კარგად მოიქცეს და ემოციურადაც სტაბილურ ადამიანად ჩამოყალიბდება“ (American Journal of Orthopsychiatry). ჟასმინი აღნიშნავს: „ჩემს ბიჭებს გვერდით მოვისვამდი და ვსაუბრობდით, როგორ დაისჯებოდნენ, თუ არ დამიჯერებდნენ. სიტყვას არასოდეს გადავდიოდი. თუმცა ჯერ ვუსმენდი მათ, შემდეგ მშვიდად ვუხსნიდი, როგორ იმოქმედა ოჯახის სხვა წევრებზე მათმა არასწორმა საქციელმა და ამის შემდეგ ვსჯიდი ზუსტად ისე, როგორც ნათქვამი მქონდა“.
იყავით გონიერი და ცხელ გულზე ნუ დასჯით ბავშვს. მართალია, პრინციპულობა აუცილებელია, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიტუაციის შესაბამისად უნდა ვიქცეოდეთ. „ზემოდან [ღვთისგან] მომავალ სიბრძნეს . . . ახასიათებს გონიერება“, — ნათქვამია იაკობის 3:17-ში. გონიერი ადამიანი ნაჩქარევად, ცხელ გულზე არ იღებს გადაწყვეტილებას და მკაცრ წესებსაც არ მიჰყვება ყოველთვის. ის პირველ რიგში ფიქრობს და ლოცულობს. შემდეგ კი მშვიდად და სიტუაციის შესაბამისად მოქმედებს.
თუ იქნებით სიტყვის შემსრულებლები, გონიერები და ამავე დროს კარგ მაგალითს მისცემთ შვილებს, ეს დაგეხმარებათ ზღვრის დადგენაში. ამ დროს თქვენი სახლი ნამდვილი თავშესაფარი იქნება.
-
-
5 ჩაუნერგეთ შვილებს ჯანსაღი ფასეულობებიგამოიღვიძეთ! — 2012 | ნოემბერი
-
-
5 ჩაუნერგეთ შვილებს ჯანსაღი ფასეულობები
„ადრე ბიბლიური პრინციპების თანახმად არ ვცხოვრობდი და ძალიან მიჭირდა შვილების აღზრდა. მაგრამ ახლა ეს გაცილებით ადვილია“ (ელისაბეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).
პრობლემა.
მსოფლიოში გავრცელებული უზნეობა და თანატოლების წნეხი დიდ გავლენას ახდენს ოჯახებზე. ასეთი უარყოფითი გავლენისგან რომ დავიცვათ ბავშვები, აუცილებელია, მათ ჯანსაღი ფასეულობები ჩავუნერგოთ. სხვაგვარად ისინი ვერასოდეს გახდებიან პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანები, პრინციპულები და თავაზიანები.
რჩევები.
მრავალი მარტოხელა მშობელი, მათ შორის ამ ჟურნალში მოხსენიებული მშობლები, ბიბლიას მიმართავენ ხელმძღვანელობისთვის, რადგან იციან, რომ ბიბლიაში ღვთის უბადლო სიბრძნეა მოცემული. მაგალითისთვის განვიხილოთ, რას ამბობს ბიბლია ჭეშმარიტ სიყვარულთან დაკავშირებით.
„სიყვარული სულგრძელი და კეთილია. სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ტრაბახობს, არ ყოყოჩობს, უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძებს, არ ღიზიანდება და განაწყენებას არ ითვლის, უმართლობით არ ხარობს, არამედ ჭეშმარიტება ახარებს, ყველაფერს იტანს . . . ყველაფრის იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება“ (1 კორინთელები 13:4—8).
როდესაც მშობლები ამგვარ სიყვარულს ავლენენ, ეს ბავშვებზე დადებითად მოქმედებს. საფრანგეთში მცხოვრები კოლეტი აღნიშნავს: «ჩემს შვილებს ხშირად ვეუბნებოდი, რომ ძალიან მიყვარდნენ. იმასაც ვეუბნებოდი, რომ მათი თავი ღმერთმა მაჩუქა და მინდოდა, კარგად გავფრთხილებოდი ამ „საჩუქარს“. იმაზეც ვსაუბრობდით, რომ საჭირო იყო თავაზიანობა, როგორც ჩემთან, ისე ცალკე მცხოვრებ მათ მამასთან. ოჯახის წევრები ერთმანეთს ყველაფერში ვენდობოდით და დიდ პატივს ვცემდით, ამაში კი, გარკვეულწილად, ის ბიბლიური აზრი გვეხმარებოდა, რომ შვილები მშობლებისთვის ძვირფასი საჩუქარია ღვთისგან» (ფსალმუნი 127:3).
პოლონეთში მცხოვრები ანა ამბობს: „როცა ჩემი შვილები ერთმანეთში ვერ თანხმდებიან, იესოს სიტყვებს ვახსენებ ხოლმე, რომ სხვებს ისე უნდა მოექცნენ, როგორც თვითონ უნდათ, რომ ექცეოდნენ სხვები“ (მათე 7:12). წინა სტატიებში მოხსენიებული რობერტოს პრობლემა ნაცნობია ბევრი მარტოხელა მშობლისთვის. ის აღნიშნავს: „ისე ხდება, რომ ჩვენს შვილებს ორგვარ ფასეულობებს ვუნერგავთ, ერთს ერთი მშობელი, მეორეს — მეორე. როცა მათ ბიბლიური პრინციპების დაცვას ვთხოვ, ვიცი, რომ იმ მომენტში არა ვარ მათთვის საყვარელი მშობელი. მეორე მშობელმა კი შეიძლება ამ დროს საჩუქრებით მოიგოს ბავშვების გული და აფიქრებინოს, რომ ის უკეთესი მშობელია. ასეთ პრობლემასთან ჭიდილი ადვილი არ არის, მაგრამ თუ ბავშვთან კარგი ურთიერთობა გაქვს, ყველაფერი იოლად გვარდება“.
ბიბლიის პრინციპების თანახმად ცხოვრება ყოველთვის ადვილი არ არის, მაგრამ შედეგი ღირს ძალისხმევად! სამხრეთ აფრიკელი სარა ამბობს: „ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილები იეჰოვას ხელმძღვანელობით იზრდებიან. პრობლემები ბევრი გვქონდა, მაგრამ იეჰოვას არასოდეს მივუტოვებივარ“.
-