-
როგორ გავიუმჯობესოთ ძილიგამოიღვიძეთ! — 2003 | აპრილი 8
-
-
ძილთან დაკავშირებული პრობლემები სიახლეს არ წარმოადგენს. ჯერ კიდევ ძვ. წ. მეხუთე საუკუნეში სპარსეთის მეფის, ახაშვეროშის, სამეფო კარის ერთმა მოხელემ დაწერა, რომ ერთ ღამეს „ძილი გაუკრთა მეფეს“ (ესთერი 6:1).
დღესაც მილიონობით ადამიანი უჩივის უძილობას. როგორც ბრაზილიელი სომნოლოგი, რუბენს რეიმანი, ამბობს, ვარაუდობენ, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 35 პროცენტს აწუხებს უძილობა. ნიუ–იორკის უნივერსიტეტთან არსებული ძილის დარღვევათა ცენტრის თანამშრომელმა, დ–რმა დეივიდ რაპოპორტმა, ძილის დარღვევებს „ახალი საუკუნის ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული ეპიდემია“ უწოდა.
მდგომარეობას ისიც აუარესებს, რომ ბევრმა, ვინც უძილობას უჩივის, არ იცის, რაშია პრობლემის ნამდვილი არსი. როგორც სან–პაულუს (ბრაზილია) სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარები იტყობინებიან, უძილობით გატანჯულთა მხოლოდ 3 პროცენტს უსვამენ სწორ დიაგნოზს. ბევრი კი, უბრალოდ, თვლის, რომ არაჯანსაღი ძილი მათი ცხოვრების ნაწილია. ისინი ურიგდებიან იმ ფაქტს, რომ ღვიძილის დროს გაღიზიანებული და რულმორეული იქნებიან.
როდესაც ჭირს ჩაძინება
არცთუ ისე სასიამოვნოა ლოგინში ფართოდ გახელილი თვალებით ბორგვა და წრიალი, როდესაც გარშემო ყველას მშვიდად და ტკბილად სძინავს. უნდა აღვნიშნოთ, რომ უძილობა, რომელიც ადამიანს შიგადაშიგ აწუხებს და რამდენიმე დღე გრძელდება, უჩვეულო მოვლენა არ არის და, ძირითადად, სტრესსა და ცხოვრებისეულ განცდებს უკავშირდება; ხოლო როდესაც უძილობა ქრონიკულ ხასიათს იძენს, ამის მიზეზი შეიძლება ემოციური მოშლილობა ან ფიზიკური ჯანმრთელობის გაუარესება იყოს. ამ შემთხვევაში აუცილებელია სამედიცინო დახმარება (იხილეთ მე-16 გვერდზე მოცემული ჩარჩო).
თქვენც ხომ არ უჩივით უძილობას? თუკი მე–17 გვერდზე მოცემული ტესტის შევსების შემდეგ დაასკვნით, რომ ძილის პრობლემა გაქვთ, სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემით. იმის გაცნობიერება, რომ დახმარებას საჭიროებთ, ძალიან ბევრს ნიშნავს — ჩათვალეთ, რომ გამოჯანსაღების გზის ნახევარი უკვე განვლეთ. როგორც ბრაზილიელი ნევროპათოლოგი, ჟერალდუ რიზუ ამბობს, უძილობით გატანჯულთა 90 პროცენტის სრული განკურნება შესაძლებელია.
იმისათვის, რომ მკურნალობა სწორად წარიმართოს, მნიშვნელოვანია უძილობის გამომწვევი მიზეზების ზუსტი ცოდნა. სამედიცინო გამოკვლევა, რომელსაც პოლისომნოგრამა ეწოდება, აადვილებს ზუსტი დიაგნოზის დასმასა და ძილის სხვადასხვაგვარი დარღვევების სწორ მკურნალობას (იხილეთ ქვემოთ მოცემული ჩარჩო).
ზრდასრულ ადამიანთა შორის ქრონიკული უძილობა ყველაზე ხშირად დაკავშირებულია ხვრინვასთან. თუ ოდესმე გძინებიათ იმ ადამიანის გვერდით, რომელიც ხვრინავს, ცხადია, ძალიან შეწუხდებოდით. ხვრინვა შეიძლება გამოწვეული იყოს ძილში აპნოეს (სუნთქვის დროებითი შეჩერება) შეტევით, რომლის დროსაც მძინარე ადამიანს დროებით ეკეტება ხორხი, რის გამოც ჰაერი ვეღარ აღწევს ფილტვებამდე. ამ სინდრომის მკურნალობის მიზნით თავდაპირველად ავადმყოფს ურჩევენ წონაში დაკლებას, აგრეთვე ალკოჰოლური სასმელებისგან თავის შეკავებასა და იმ მედიკამენტების მორიდებას, რომლებიც კუნთების მოდუნებას იწვევს. ამასთანავე, მას შეიძლება დაუნიშნონ სპეციალური მედიკამენტები ან ურჩიონ პირის ღრუში მოსათავსებელი სტომატოლოგიური მოწყობილობების გამოყენება, რომლებიც ხელს უწყობს თავისუფალ სუნთქვას; შესაძლებელია, შესთავაზონ ჰაერგამტარი გზების ფუნქციონირების ხელშემწყობი სპეციალური აპარატის გამოყენებაa.
უფრო სერიოზულ შემთხვევებში შესაძლოა აუცილებელი გახდეს ქირურგიული ჩარევა და ოპერაციების გაკეთება ხორხზე, ყბაზე, ენაზე ან ცხვირზე, რათა ადამიანს უფრო გაუადვილდეს სუნთქვა.
უძილობას შეიძლება ბავშვებიც უჩიოდნენ. ძილის ნაკლებობა შესაძლოა გამოვლინდეს სკოლაში — დაბალ აკადემიურ მოსწრებაში, გაღიზიანებულობასა თუ ყურადღების გაფანტვაში. გამორიცხული არაა, რომ ყოველივე ამის გამო ბავშვს ჰიპერაქტიურობის არასწორი დიაგნოზი დაუსვან.
ზოგ ბავშვს არაფრის დიდებით არ უნდა დაძინება: ურჩევნია იმღეროს, ილაპარაკოს ან უფროსებს რამე მოაყოლოს — მოკლედ, ყველაფერს გააკეთებს, ოღონდ დასაძინებლად არ წავიდეს. ასეთი ქცევა, შესაძლოა, აიხსნებოდეს იმით, რომ ბავშვი მშობლების ყურადღების მიპყრობას ცდილობს; ხოლო ზოგ შემთხვევაში მას შეიძლება ეშინია ჩაძინებისა, რადგან საშინელებათა ფილმებისა თუ შემზარავი ახალი ამბების ყურების გამო ძილში ხშირად კოშმარები აწუხებს. კოშმარული სიზმრების კიდევ ერთი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ჩხუბი ოჯახში. თუკი მშობლები შეეცდებიან, რომ სახლში მშვიდი და სიყვარულით აღსავსე ატმოსფერო სუფევდეს, შეძლებენ ასეთი პრობლემების თავიდან არიდებას. ხოლო, თუ ბავშვის მდგომარეობა არ გამოსწორდება, საჭირო იქნება, ექიმს მიმართონ. უეჭველია, კარგი ძილი ბავშვებისთვისაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მოზრდილებისთვის.
-
-
როგორ გავიუმჯობესოთ ძილიგამოიღვიძეთ! — 2003 | აპრილი 8
-
-
a ავადმყოფს სძინავს პატარა ნიღბით, რომელიც კომპრესორიდან იღებს ჰაერს მასთან შეერთებული ელასტიკური მილის მეშვეობით. ჰაერის უწყვეტი ნაკადი ხელს უწყობს იმას, რომ სასუნთქი გზები ღია იყოს და ადამიანსაც თავისუფლად შეეძლოს სუნთქვა
-
-
როგორ გავიუმჯობესოთ ძილიგამოიღვიძეთ! — 2003 | აპრილი 8
-
-
ჩარჩო/სურათი 16 გვერდზე]
უძილობის ძირითადი მიზეზები
◼ დაავადებები: ალცჰეიმერის დაავადება; აპნოე (ძილის დროს ზედა სასუნთქი გზების გადაკეტვა); „მოუსვენარი ფეხების“ სინდრომი; პარკინსონის დაავადება; კიდურების პერიოდული სპაზმები ძილში, რაც იწვევს გაღვიძებას; ასთმა; გულისა და საჭმლის მომნელებელ ორგანოთა დაავადებები.
◼ ფსიქო-ემოციური დარღვევები: დეპრესია, მღელვარება, ძლიერი შიში, აკვიატებული მდგომარეობის ნევროზი, პოსტტრავმული სტრესული მოშლილობა.
◼ გარე ფაქტორები: შუქი, ხმაური, სიცხე, სიცივე, მოუხერხებელი ლეიბი; მეუღლე, რომელსაც მოუსვენრად სძინავს.
◼ სხვა მიზეზები: ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება, ზოგი წამლის გვერდითი მოვლენები.
[ჩარჩო 16 გვერდზე]
ძილის დარღვევების დიაგნოსტიკა
გამოკვლევათა მთელ რიგს, რომლებიც სრულდება ძილის დროს მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესების გრაფიკული გამოსახულების შესაქმნელად, ეწოდება პოლისომნოგრამა. გამოკვლევა უტარდება ჩაძინებულ პაციენტს, რომელსაც ძილისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები აქვს შექმნილი. ქვემოთ მოხსენიებულია ამ გამოკვლევის ძირითადი მეთოდები, რომლებიც აუცილებელია ძილის დროს მიმდინარე პროცესების შესაფასებლად.
◼ ელექტროენცეფალოგრამა — თავის ტვინის ელექტრული აქტივობის რეგისტრაცია. გამოიყენება ძილის სხვადასხვა ფაზის განსაზღვრისა და მათი ხანგრძლივობის დასადგენად.
◼ ელექტროოკულოგრამა — თვალების მოძრაობის ფიქსაცია სწრაფი ძილის დროს.
◼ ელექტრომიოგრამა — ნიკაპისა და ფეხის კუნთების ტონუსის განსაზღვრა სწრაფი ძილის დროს.
◼ ელექტროკარდიოგრამა — გულისცემის გრაფიკული გამოსახულება (რეგისტრაცია ხდება მთელი ღამის განმავლობაში).
◼ სუნთქვისა და სუნთქვითი მოძრაობების შესწავლა — დაკვირვება ხდება ცხვირ-ხახის მეშვეობით შესუნთქულ ჰაერის ნაკადზე, აგრეთვე მუცლისა და გულმკერდის მოძრაობაზე.
◼ ოქსიჰემოგლობინით ნაჯერობის დონე — პაციენტის თითთან მიმაგრებული სპეციალური მოწყობილობის, ოქსიჰემომეტრის, მეშვეობით მოწმდება სისხლის ჟანგბადით ნაჯერობა.
-