საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „ვერაგი მეგობარი“
    გამოიღვიძეთ! — 2010 | მაისი
    • „ვერაგი მეგობარი“

      დავუშვათ, გყავს ბავშვობის მეგობარი. მის გვერდით თავს კომფორტულად გრძნობ. ის თანატოლებთან საერთო ენის გამონახვაშიც გეხმარება. ყოველთვის, როცა სტრესი გაქვს, შეგიძლია მასთან იგრძნო შვება. შეიძლება ითქვას, რომ ბევრ სიტუაციაში სწორედ მას ეყრდნობი.

      მაგრამ, დროთა განმავლობაში, მის უარყოფითსაც ხედავ. იგი გაიძულებს, ყოველთვის მის გვერდით იყო მაშინაც კი, თუ ზოგჯერ ამის სურვილი არ გაქვს. როგორც უკვე ითქვა, მის გვერდით კომფორტულად გრძნობ თავს, მაგრამ ეს შენი ჯანმრთელობის ხარჯზე ხდება. ამას ისიც ემატება, რომ ის ხელფასის ნახევარს გაფლანგვინებს.

      ბოლო დროს მასთან ურთიერთობის გაწყვეტას შეეცადე, მაგრამ თავს არ განებებს. შეიძლება ითქვას, რომ შენ მისი მონა გახდი. ძალიან ნანობ, რომ გაიცანი.

      ასე შეგვიძლია აღვწეროთ სიგარეტისადმი ბევრი მწეველის დამოკიდებულება. ერთი მანდილოსანი, სახელად ერლინი, რომელიც 50 წელი ეწეოდა, იხსენებს: „ჩემ გარშემო არავის გაუწევია ისეთი დახმარება, როგორიც სიგარეტს. ის ბევრ ძველ მეგობარს მერჩივნა, ზოგჯერ ის იყო ჩემი ერთადერთი მეგობარი“. მაგრამ ერლინი მიხვდა, რომ მისთვის სიგარეტი „ვერაგი მეგობარი“ იყო. თავისუფლად შეძლება ითქვას, რომ ამ სტატიის შესავალი სწორედ ერლინის „მეგობრობას“ აღწერს, ოღონდ ერთი განსხვავებით: მან მიატოვა ეს მავნე ჩვევა, როდესაც გაიგო, რომ სიგარეტი წამლავს ღვთის მიერ შექმნილი ადამიანის ორგანიზმს და, შესაბამისად, მიუღებელია ღვთისთვის (2 კორინთელები 7:1).

      ფრენკმაც, ღვთისთვის რომ ესიამოვნებინა, გადაწყვიტა სიგარეტის გადაგდება. ერთ დღეს, როცა უკანასკნელი ღერი მოსწია, თავი ვერ შეიკავა, მუხლებზე დადგა და იატაკის ფიცრებს შორის სიგარეტის ნამწვების ძებნა დაიწყო. იგი ყვება: „სწორედ ამ მომენტში ამეხილა თვალი. საშინელი შესახედავი ვიყავი. ნამწვების ძებნაში ხელები და მუხლები იმდენად ამომეგანგლა მტვერში, რომ საკუთარი თავი შემზიზღდა. ეს იყო და ეს, მას მერე აღარასდროს მომიწევია“.

      რატომ არის რთული მოწევის მიტოვება? სპეციალისტებმა ამის რამდენიმე მიზეზი აღმოაჩინეს: 1) თამბაქოს ნაწარმმა ისეთივე მიჩვევა იცის, როგორც კანონით აკრძალულმა ნარკოტიკებმა; 2) შესუნთქული ნიკოტინი ტვინამდე, სულ რაღაც, შვიდ წამში აღწევს; 3) ძირითადად სიგარეტს ისეთივე სიხშირით ეწევიან, როგორი სიხშირითაც ჭამენ, სვამენ, საუბრობენ, ისვენებენ და ასე შემდეგ.

      მაგრამ, როგორც ერლინისა და ფრენკის შემთხვევიდან გამოჩნდა, ამ მავნე ჩვევის მოშორება შესაძლებელია. თუ მწეველი ხართ და გინდათ, დასძლიოთ ეს ჩვევა, წაიკითხეთ მომდევნო სტატიები. ვინ იცის, იქნებ შეძლოთ ჯანსაღი ცხოვრების დაწყება.

  • მავნე ჩვევის დაძლევის ძლიერი სურვილი
    გამოიღვიძეთ! — 2010 | მაისი
    • მავნე ჩვევის დაძლევის ძლიერი სურვილი

      „ამ ჩვევის დასაძლევად მწეველთა მთავარი კოზირი ძლიერი მოტივაციაა“, — ნათქვამია ერთ-ერთ წიგნში (Stop Smoking Now!).

      მარტივად რომ ითქვას, თუ გსურთ, თავი დაანებოთ მოწევას, სულ მცირე, ამის ძლიერი სურვილი უნდა გქონდეთ. რა გაგიძლიერებთ ამ მავნე ჩვევის დაძლევის სურვილს? პირველ რიგში, იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენი რამ შეიცვლება თქვენს ცხოვრებაში.

      დაგეზოგებათ ფული. ყოველდღიურად ერთი კოლოფი სიგარეტის მოწევის შედეგად წელიწადში ათასობით დოლარი იხარჯება. „ვერასდროს წარმოვიდგენდი, ამხელა თანხა თუ მეხარჯებოდა სიგარეტში“ (გიანუ, ნეპალი).

      მეტად ისიამოვნებთ ცხოვრებით. „რაც სიგარეტს დავანებე თავი, თითქოს ახლიდან დავიწყე ცხოვრება. სულ უფრო უკეთ ვგრძნობ თავს“ (რეჯინა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა). როდესაც მწეველი თავს ანებებს სიგარეტის მოწევას, მას საგრძნობლად უუმჯობესდება გემოსა და ყნოსვის შეგრძნება; გარდა ამისა, იგი უფრო ენერგიული ხდება და უკეთესადაც გამოიყურება.

      ჯანმრთელობა გაგიუმჯობესდებათ. „სიგარეტის გადაგდების შემდეგ ნებისმიერი ასაკის მამაკაცი თუ ქალი გრძნობს, რომ ძალიან მალე გაუუმჯობესდათ ჯანმრთელობა“ (დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრები, აშშ.).

      საკუთარი თავისადმი რწმენა შეგემატებათ. „სიგარეტი იმიტომ გადავაგდე, რომ მინდოდა არაფერს დავმონებოდი და თავად ვყოფილიყავი ჩემი თავის ბატონ-პატრონი“ (ჰენინგი, დანია).

      ოჯახის წევრები და მეგობრები მადლიერი დაგრჩებიან. „მოწევის დროს . . . თქვენ გარშემო მყოფთა ჯანმრთელობასაც საფრთხე ემუქრება . . . გამოკვლევები აჩვენებს, რომ ყოველწლიურად ათასობით პასიური მწეველი კვდება ფილტვის კიბოსა თუ გულის დაავადებების გამო“ (კიბოსთან ბრძოლის ამერიკული საზოგადოება).

      თქვენ გულს გაუხარებთ შემოქმედს. „საყვარელნო . . . განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცს“ (2 კორინთელები 7:1). „წარადგინეთ თქვენი სხეულები . . . წმინდა, ღვთისთვის მოსაწონ მსხვერპლად“ (რომაელები 12:1).

      „ერთხელაც მივხვდი, რომ ღვთისთვის მიუღებელია ისეთი რამ, რაც სხეულს ბილწავს. ამიტომ, თავი დავანებე სიგარეტის მოწევას“ (სილვია, ესპანეთი).

      მაგრამ ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მავნე ჩვევის დაძლევის სურვილი არ არის საკმარისი. ჩვენ შეიძლება სხვების, მათ შორის ოჯახის წევრებისა და ნათესავების, დახმარებაც დაგვჭირდეს. რისი გაკეთება შეუძლიათ მათ?

  • ეძებეთ დახმარება
    გამოიღვიძეთ! — 2010 | მაისი
    • ეძებეთ დახმარება

      „ერთს თუ მოერევა ვინმე, ორი ერთად ხომ გაუმკლავდება მას“ (ეკლესიასტე 4:12).

      სხვების მხარდაჭერის წყალობით მტრის დამარცხების მეტი შანსი გვაქვს იმის მიუხედავად, თუ ვინ არის ეს მტერი. ასე რომ, თუ გსურთ მიატოვოთ სიგარეტის მოწევა და დასძლიოთ ეს მავნე ჩვევა, დახმარებისთვის მიმართეთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს ან სხვა ნებისმიერს, ვისაც ნამდვილად შეუძლია თქვენი დახმარება.

      შეგიძლიათ მათაც სთხოვოთ დახმარება, ვინც თავად დაძლია ეს მავნე ჩვევა. ისინი მხოლოდ კი არ გითანაგრძნობენ, არამედ პრაქტიკულ დახმარებასაც აღმოგიჩენენ. „სხვების მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის“, — ამბობს დანიაში მცხოვრები ერთი ქრისტიანი, სახელად ტორბენი. აბრაამი, რომელიც ინდოეთში ცხოვრობს, წერს: „სიგარეტის გადაგდებაში ოჯახის წევრებისა და თანაქრისტიანების გულწრფელი სიყვარული დამეხმარა“. მაგრამ ზოგჯერ საკმარისი არ არის ახლობლებისა და მეგობრების მხარდაჭერა.

      „27 წელი ვეწეოდი, — გვიყვება ერთი მამაკაცი, სახელად ბეგუანდასი. — მაგრამ მას მერე, რაც გავიგე, რას ამბობდა ბიბლია ამ მავნე ჩვევაზე, მივატოვე სიგარეტის მოწევა. თავიდან უფრო ნაკლებს ვეწეოდი; გავწყვიტე ურთიერთობა ძველ მეგობრებთან; პრაქტიკულ რჩევებსაც ვეძებდი, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ერთხელ, ღამით გული გადავუშალე იეჰოვას და შველა ვთხოვე. ბოლოს და ბოლოს, გადავაგდე სიგარეტი!“

      კიდევ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი: ამ ჩვევის დაძლევის დროს ყოველთვის თავს ვერ დააღწევთ ცდუნებას. რა შეიძლება იყოს ცდუნება? ამის შესახებ მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.

      [ჩარჩო 5 გვერდზე]

      უნდა გამოიყენოთ მედიკამენტები?

      არსებობს სიგარეტის გადაგდებაში დამხმარე საშუალებები; სპეციალური ნიკოტინშემცვლელი მედიკამენტები, მაგალითად, პლასტირები, რომლის წყალობითაც მის მეწარმეებს ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის მოგება აქვთ. მედიკამენტების მიღებამდე დაფიქრდით შემდეგ კითხვებზე:

      გააუმჯობესებს ეს ჩემს მდგომარეობას? ამბობენ, რომ მკურნალობის ბევრი მეთოდი ამცირებს აბსტინენციის სინდრომებს და, შესაბამისად, მწეველს სიგარეტის მოწევის მიტოვების უფრო დიდი შანსი აქვს. თუმცა ზოგი ეჭვქვეშ აყენებს ამ მეთოდების ეფექტურობას.

      რა რისკ-ფაქტორები არსებობს? ზოგი წამალი გვერდით მოვლენებს იწვევს; მაგალითად, შეიძლება ადამიანს გულისრევა დაეწყოს, დეპრესიაში ჩავარდეს და თვითმკვლელობაზეც კი დაიწყოს ფიქრი. გახსოვდეთ, რომ ნიკოტინის შემცვლელი წამლებით მკურნალობა სხვა სახით ნიკოტინის მიღების ტოლფასია, რასაც რისკ-ფაქტორები ახლავს. სინამდვილეში, ვინც ასეთ წამლებს იღებს, მათზე ხდება დამოკიდებული.

      არსებობს რაიმე ალტერნატივა? ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, ყოფილ მწეველთა 88 პროცენტმა ყოველგვარი მედიკამენტის დახმარების გარეშე ძალიან მალე მიატოვა სიგარეტის მოწევა.

  • არ შეუშინდე ცდუნებას!
    გამოიღვიძეთ! — 2010 | მაისი
    • არ შეუშინდე ცდუნებას!

      „მოწევას თავი მაშინ დავანებე, როცა პატარა შეგვეძინა. კედელზე გავაკარი მოწევის ამკრძალავი ნიშანი. მაგრამ სულ რაღაც ერთ საათში მოწევის სურვილი ცუნამივით დამატყდა თავს და სიგარეტს მოვუკიდე“ (იოშიმიტსუ, იაპონია).

      როგორც ამ შემთხვევიდან ჩანს, მოწევის ცდუნებას ყოველთვის თავს ვერ დააღწევ. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დაახლოებით 90 პროცენტი პირველსავე ცდუნებას ნებდება და კვლავ აგრძელებს მოწევას. თუ გინდა მოწევას თავი დაანებო, საკუთარ სურვილთან არაერთხელ მოგიწევს ბრძოლა. რამ შეიძლება გამოიწვიოს მოწევის მძლავრი სურვილი?

      ნიკოტინზე დამოკიდებულება. ბოლო ღერის მოწევის შემდეგ, სამი დღიდან ორი კვირის მანძილზე, მოწევის სურვილი ძლიერდება. „მძლავრი სურვილი დროდადრო მეძალება და არა გამუდმებით“, — ამბობს ერთი ყოფილი მწეველი. შეიძლება მოწევის სურვილი წლების გასვლის შემდეგაც გაგიჩნდეთ. მაშინვე ნუ მოსწევთ სიგარეტს, დაიცადეთ რამდენიმე წუთი და სურვილი შესაძლოა თავისით გაგიქრეთ.

      აბსტინენციის სხვა სიმპტომები. ვინც მოწევას თავს ანებებს, თავიდან უჭირთ ფხიზლად ყოფნა და კონცენტრირება; გარდა ამისა, სწრაფად იმატებენ წონაში. აბსტინენციის სიმპტომებია: ტკივილები, ქავილი, ოფლიანობა, ხველა და ხასიათის სწრაფი ცვალებადობა. ასეთ დროს ადამიანი ადვილად რისხდება და მიდრეკილია დეპრესიისკენ. სიმპტომების უმეტესობა ოთხიდან ექვსი კვირის მანძილზე ნელ-ნელა ქრება.

      ამ კრიტიკული პერიოდის გადატანაში დაგეხმარებათ ქვემოთ მოყვანილი ზოგი პრაქტიკული რჩევა:

      ● კარგად გამოიძინეთ.

      ● მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი და ნატურალური წვენები. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.

      ● ზომიერად ივარჯიშეთ.

      ● თქვენი ფილტვები რომ სუფთა ჰაერით აივსოს, ღრმად ისუნთქეთ.

      მოერიდეთ ყველაფერს, რაც მოწევას მოგანდომებთ. შესაძლოა ადრე ჩვევაში გქონდათ სასმლის დალევის დროს სიგარეტის მოწევა. ამიტომ, როცა მოწევისთვის თავის დანებებას ცდილობთ, უმჯობესია, სასმლის სვენებ-სვენებით სმას მოერიდოთ. დროთა განმავლობაში კვლავ შეძლებთ სასმელი აუჩქარებლად დალიოთ და ისიამოვნოთ.

      სიგარეტზე დამოკიდებულება შეიძლება გქონდეთ მაშინაც, როცა თქვენი სხეული სრულად გათავისუფლდება ნიკოტინისგან. „მოწევას ცხრამეტი წლის წინ დავანებე თავი, — ამბობს ზემოხსენებული ტორბენი, — მაგრამ დღესაც კი, როცა შესვენებაზე ყავას ვსვამ, მოწევის სურვილი მიჩნდება“. დროთა განმავლობაში ყველაფერი, რაც დღეს თქვენთვის მოწევასთან ასოცირდება, აღარ გაგიჩენთ მოწევის სურვილს.

      ალკოჰოლი კიდევ უფრო ამძაფრებს მოწევის სურვილს. როცა მოწევისთვის თავის დანებებას ცდილობთ, მოერიდეთ ბარ-რესტორნებს, სადაც ალკოჰოლს სვამენ. ყველაზე ხშირად სწორედ ასეთ ადგილებში ცდუნდებიან ისინი, ვისაც მოწევისთვის თავის დანებება სურს. რა არის ამის მიზეზი?

      ● მცირე დოზით მიღებული ალკოჰოლიც კი ზრდის ნიკოტინით მიღებულ სიამოვნებას.

      ● საზოგადოებრივ ადგილებში დალევისას ხშირად ეწევიან.

      ● ალკოჰოლი საღ აზრს აკარგვინებს ადამიანს და თავშეუკავებელს ხდის. ბიბლია მართებულად ამბობს: „ღვინო . . . კაცში კეთილ ზრახვებს ახშობს“ (ოსია 4:11).

      შეარჩიეთ საურთიერთო წრე. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მწეველებთან ან მათთან ურთიერთობას, რომლებიც მოწევისკენ გიბიძგებენ ან მასხრად გიგდებენ იმის გამო, რომ მოწევისთვის თავის დანებებას აპირებთ.

      ემოციური ფონი. ერთი გამოკვლევის თანახმად, თითქმის ყოველი 3-დან 2 ყოფილი მწეველი სტრესის ან განრისხების დროს დაუბრუნდა ამ მავნე ჩვევას. თუ ასეთ ემოციურ ფონზე მოწევა მოგინდათ, სხვა რამეზე გადაიტანეთ ყურადღება, მაგალითად, დალიეთ წყალი, დაღეჭეთ საღეჭი რეზინი ან გაისეირნეთ. შეეცადეთ იფიქროთ დადებითზე, მიმართეთ ღმერთს ლოცვით ან რამდენიმე თავი წაიკითხეთ ბიბლიიდან (ფსალმუნი 19:14).

      ნუ მოუძებნით გამართლებას ამ მავნე ჩვევას

      ● „მხოლოდ ერთ ნაფაზს დავარტყამ“.

      თვალი გაუსწორეთ რეალობას. ერთი ნაფაზის დარტყმის შემდეგაც კი ნიკოტინის ზოგიერთი კომპონენტი ტვინში სამი საათის განმავლობაში რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.

      ● „მოწევა სტრესს მიხსნის“.

      თვალი გაუსწორეთ რეალობას. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სინამდვილეში ნიკოტინი ორგანიზმში წარმოქმნის ჰორმონებს, რომლებიც, როგორც წესი, სტრესის დროს გამოიყოფა. შესაძლოა გეჩვენებათ, რომ მოწევის დროს სტრესი გეხსნებათ, მაგრამ რეალურად ეს მხოლოდ დროებით გათავისუფლებთ აბსტინენციის სიმპტომებისგან.

      ● „მე უკვე დიდი ხანია ვეწევი და თავს ვეღარ დავანებებ“.

      თვალი გაუსწორეთ რეალობას. პესიმისტური განწყობა ბრძოლის სურვილს დაგაკარგვინებთ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „თუ გაჭირვების დროს გული გაგიტყდა, ძალა გამოგეცლება“ (იგავები 24:10). ნუ იფიქრებთ, რომ არაფერი გამოგივათ. ნებისმიერი, ვისაც სურს, თავი დაანებოს მოწევას, და იყენებს ამ ჟურნალში მოცემულ პრაქტიკულ რჩევებს, შეძლებს ამ ჩვევის დაძლევას.

      ● «„ლომკას“ ვერ გადავიტან».

      თვალი გაუსწორეთ რეალობას. უნდა აღინიშნოს, რომ აბსტინენციის სიმპტომები აუტანელია, მაგრამ, სულ რაღაც, რამდენიმე კვირაში თითქმის ქრება. ასე რომ, თავი ხელში აიყვანეთ! თუ მოწევის ძლიერი სურვილი თვეების ან წლების შემდეგაც იჩენს თავს, ესეც რამდენიმე წუთში გაივლის, თუ არ მოუკიდებთ სიგარეტს.

      ● „ფსიქიკური მოშლილობა მაქვს“.

      თვალი გაუსწორეთ რეალობას. თუ ისეთი ფსიქიკური დაავადებების გამო, როგორიცაა ღრმა დეპრესია ან შიზოფრენია, მკურნალობდით, დახმარებისთვის ექიმს მიმართეთ. ექიმი აუცილებლად დაგეხმარებათ, რომ მოწევას თავი დაანებოთ; ის, ალბათ, სათანადო მკურნალობას დაგინიშნავთ, სწორ გადაწყვეტილებას მიგაღებინებთ და აგიხსნით, რა წამლების მიღება დაგეხმარებათ ამ რთული პერიოდის გადალახვაში.

      ● „თუ ისევ დავუბრუნდები ამ ჩვევას, ესე იგი, აღარაფერი გამომივა“.

      თვალი გაუსწორეთ რეალობას. თუ ცდუნებას აჰყვებით და მოსწევთ, როგორც ეს ბევრის შემთხვევაში ხდება, არ იფიქროთ, რომ აზრი არა აქვს ბრძოლას. გულს ნუ გაიტეხთ. თუ ერთხელ რაღაც არ გამოგივიდათ, იმას არ ნიშნავს, რომ არასდროს გამოგივათ. ასე რომ, არ შეეგუოთ მარცხს, განაგრძეთ ბრძოლა! საბოლოოდ, თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ!

      დავფიქრდეთ რომუალდოს მაგალითზე, რომელიც 26 წელი ეწეოდა და 30 წლის წინ გადააგდო სიგარეტი. იგი ყვება: „იმდენჯერ დავუბრუნდი ამ მავნე ჩვევას, რომ სათვალავიც კი ამერია. ყოველი რეციდივის მერე თავს საშინლად ვგრძნობდი. მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ გადავწყვიტე, რომ იეჰოვა ღმერთთან კარგი ურთიერთობა შემენარჩუნებინა; გამუდმებით ვთხოვდი ღმერთს ლოცვაში დახმარებას და საბოლოოდ ეს მავნე ჩვევა დავძლიე“.

      ამ სტატიათა სერიის ბოლო ნაწილში განვიხილავთ კიდევ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ სიგარეტის გადაგდებაში.

      [ჩარჩო⁄სურათი 7 გვერდზე]

      მოწევა კლავს!

      თამბაქო ბევრი სახით გამოიყენება. არის ქვეყნები, სადაც თამბაქოს ზოგი ნაწარმი მწვანე აფთიაქებსა და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების მაღაზიებში იყიდება. მიუხედავად ამისა, „თამბაქოს ნებისმიერი სახით გამოყენება მომაკვდინებელია“, — ნათქვამია ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში. თამბაქო იწვევს არაერთ დაავადებას, მათ შორის, კიბოს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. გარდა ამისა, მწეველი დედები დიდ ზიანს აყენებენ ჯერ კიდევ არდაბადებულ ბავშვებს. რა სახით იღებენ თამბაქოს ნაწარმს?

      ბიდი: ეს არის მოკლე ზომის, ხელით გადახვეული სიგარეტი, რომელიც, ძირითადად, აზიურ ქვეყნებშია გავრცელებული. ბიდი შეიცავს გაცილებით მეტი რაოდენობის კუპრს, ნიკოტინსა და ნახშირჟანგს, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტი.

      სიგარა: ის გადახვეულია თამბაქოს ფოთოლში ან სიგარეტის ქაღალდში. სიგარა, როგორც მჟავის შემცველი ყველა სიგარეტი, მცირე რაოდენობით ტუტესაც შეიცავს. ამიტომ, ნიკოტინი მაშინაც კი მოხვდება თქვენს ორგანიზში, თუ სიგარას არ მოუკიდებთ და მხოლოდ პირში გედებათ.

      კრეტეკი, ანუ სიგარეტი მიხაკის შემცველობით: კრეტეკი შეიცავს დაახლოებით 60 პროცენტ თამბაქოს ფოთლებს და 40 პროცენტ მიხაკის ფურცლებს. ის შეიცავს უფრო მეტ კუპრს, ნიკოტინსა და ნახშირჟანგს, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტი.

      ჩიბუხი: სიგარეტის ჩიბუხით მოწევა ჯანმრთელობისთვის უვნებელი არ არის, რადგან ამ შემთხვევაშიც ავადდებიან კიბოთი თუ სხვა დაავადებებით.

      უკვამლო თამბაქო: ამაში შედის საღეჭი თამბაქო, ბურნუთი და სურნელოვანი თამბაქო, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გამოიყენება. ნიკოტინი სისხლში პირიდან ხვდება. უკვამლო თამბაქო ისევე მავნეა, როგორც ჩვეულებრივი სიგარეტი.

      თამბაქოს მოსაწევი მოწყობილობები (ბონგი, ჰოოკაჰი, ნარგილე, შიშა): ამ მოსაწევი მოწყობილობების საშუალებით თამბაქოს კვამლი შესუნთქვამდე წყლის ჭავლით იფილტრება. თუმცა, გაფილტვრის პროცესი არ ამცირებს ტოქსინების რაოდენობას, რომლებიც შეიცავს კანცეროგენულ ნივთიერებებს და საბოლოოდ ფილტვებში ხვდება.

      [ჩარჩო⁄სურათი 8 გვერდზე]

      დაეხმარეთ სხვებს

      ● ნუ იქნებით კრიტიკული. შექება უფრო ჭრის, ვიდრე გაუთავებლად ჭკუის სწავლება. იმის მაგივრად, რომ უთხრათ, „კიდევ მოსწიე?!“, ამის თქმა აჯობებს: „ჩემი აზრით, შენ გადააგდებ სიგარეტს, თუ კიდევ ერთხელ შეეცდები!“

      ● იყავით მომთმენი. რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, არ გამოხატოთ ბრაზი ან უნდობლობა მის მიმართ, ვინც ცდილობს სიგარეტის გადაგდებას. გულისხმიერება გამოიჩინეთ და ასეთი სიტყვები უთხარით: „ვიცი, რომ ადვილი არ არის, მაგრამ ყოჩაღ, რომ ძალას არ იშურებ!“. არასდროს უთხრათ: „რაც თავი დაანებე მოწევას, ნერვები სულ გაგიფუჭდა“.

      ● გაუწიეთ ნამდვილი მეგობრობა. „ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“, — ვკითხულობთ ბიბლიაში (იგავები 17:17). რა დროც არ უნდა იყოს და რა ხასიათზეც არ უნდა იყოს ის, ვინც მოწევისთვის თავის დანებებას ცდილობს, ყოველთვის თანაგრძნობით და სიყვარულით მოექეცით.

  • თქვენ შეძლებთ სიგარეტის მონობისგან გათავისუფლებას!
    გამოიღვიძეთ! — 2010 | მაისი
    • თქვენ შეძლებთ სიგარეტის მონობისგან გათავისუფლებას!

      „გამბედაობა მოიკრიბე და იმოქმედე!“ (1 მატიანე 28:10). კიდევ რა უნდა გააკეთოთ, რომ საბოლოოდ დაძლიოთ ეს მავნე ჩვევა?

      დანიშნეთ დღე. ჯანმრთელობის დაცვისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამინისტრო (აშშ) მათ, ვისაც გადაწყვეტილი აქვს სიგარეტის გადაგდება, ურჩევს, რომ უახლოესი ორი კვირის მანძილზე დანიშნონ დღე და მას შემდეგ ერთი ღერიც არ მოსწიონ. თქვენ უფრო გაგიძლიერდებათ სიგარეტის გადაგდების სურვილი. კალენდარზე მონიშნეთ ეს დღე, უთხარით ამის შესახებ მეგობრებს, და რაც არ უნდა მოხდეს, არ შეცვალოთ გადაწყვეტილება.

      გააკეთეთ ჩანაწერები. შეგიძლიათ დაწეროთ ქვემოთ მითითებული პუნქტები ან დაამატეთ ისეთი რამ, რაც გაგიძლიერებთ მოტივაციას:

      ● რატომ ანებებთ თავს სიგარეტის მოწევას?

      ● მათი ტელეფონის ნომრები, ვისაც მოწევის ცდუნების დროს დაურეკავთ

      ● ბიბლიური აზრები ან ისეთი ბიბლიური მუხლები, როგორიცაა გალატელების 5:22, 23, რაც დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში

      ყოველთვის ხელთ გქონდეთ ეს ჩანაწერები და დღეში რამდენჯერმე გადაიკითხეთ. მაშინაც კი, თუ გადააგდებთ სიგარეტს, მაგრამ მაინც მოგინდებათ მოწევა, გადახედეთ ამ ჩანაწერებს.

      მოერიდეთ ყველაფერს, რაც მოწევას მოგანდომებთ. სანამ დღეს დანიშნავთ იმისთვის, რომ აღარ მოსწიოთ, შეეცადეთ ნელ-ნელა მოიშოროთ ძველი ჩვევები. მაგალითად, თუ დილით გაღვიძებისთანავე ეწეოდით, ერთი ან რამდენიმე საათი გადადეთ მოწევა. თუ სადილის დროს ან მის მერე ეწეოდით, შეეცადეთ აღარ მოსწიოთ. მოერიდეთ ისეთ ადგილებს, სადაც მწეველები არიან. საკუთარ თავს შთააგონეთ: „აღარასდროს მოვწევ!“ ეს შეგამზადებთ იმისთვის, რომ დანიშნული დღიდან აღარ მოსწიოთ. თუ ასე გააგრძელებთ, მალე ყოფილი მწეველი დაგერქმევათ.

      მოემზადეთ. დანიშნული დღისთვის მოიმარაგეთ სტაფილო, საღეჭი რეზინი, თხილეული და ასე შემდეგ. შეახსენეთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, რომ დანიშნული დღე ახლოვდება და მათი დახმარება დაგჭირდებათ. თვალს მოარიდეთ სანთებელა, საფერფლე და სიგარეტი, რომელიც შესაძლოა გედოთ ტანსაცმლის ჯიბეში, მანქანაში, სახლსა თუ სამსახურში. შეიძლება გეუხერხულოთ, მეგობარს სთხოვოთ სიგარეტი, მაგრამ თუ სახლში სადმე სიგარეტი გეგულებათ, გაცილებით ადვილად ცდუნდებით. ღმერთს მიმართეთ დახმარებისთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბოლო ღერს მოსწევთ (ლუკა 11:13).

      მრავალმა „გაწყვიტა ურთიერთობა“ თავის „ვერაგ მეგობართან“, სიგარეტთან. თქვენც შეძლებთ ამას. სანაცვლოდ, უკეთესი ჯანმრთელობაც გექნებათ და სიგარეტსაც აღარ დაემონებით.

      [სურათი 9 გვერდზე]

      ყოველთვის ხელთ გქონდეთ ეს ჩანაწერები და დღეში რამდენჯერმე გადაიკითხეთ

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება