საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გიყვარდეს ისინი, ვინც ღმერთს უყვარს!
    „დარჩით ღვთის სიყვარულში“
    • 3 ღვთის სიყვარულში რომ დავრჩეთ, მნიშვნელოვანია, ავირჩიოთ ისეთი მეგობრები, რომლებიც ჩვენზე კეთილისმყოფელ გავლენას მოახდენენ. როგორ გავაკეთოთ ეს? ჩვენ უნდა შევიყვაროთ ისინი, ვინც ღმერთს უყვარს, და ღვთის მეგობრებთან ვიმეგობროთ. დაფიქრდი: ვინ გაგიწევს საუკეთესო მეგობრობას, თუ არა ის, ვინც იეჰოვას მეგობარია და მის მოსაწონ თვისებებს ავლენს? მოდი, განვიხილოთ, როგორი ადამიანები უყვარს ღმერთს. თუ იეჰოვა ღმერთის თვალსაზრისს გავითვალისწინებთ, გაგვიადვილდება კარგი მეგობრების პოვნა.

      ისინი, ვინც ღმერთს უყვარს

      4. რატომ აქვს იეჰოვას უფლება, აირჩიოს მეგობრები და რატომ უწოდა იეჰოვამ აბრაამს თავისი მეგობარი?

      4 იეჰოვა ყველას არ ირჩევს მეგობრად. ცხადია, მას აქვს ამის უფლება, რადგან სამყაროს უზენაესი უფალია და მასთან მეგობრობა უდიდესი პატივია. ვის ირჩევს ის მეგობრებად? იეჰოვა უახლოვდება მათ, ვინც ბოლომდე ენდობა მას. დაფიქრდი პატრიარქ აბრაამზე, რომელსაც ძლიერი რწმენა ჰქონდა. რა უნდა ყოფილიყო მამისთვის იმაზე დიდი გამოცდა, ვიდრე ის, რომ საკუთარი შვილი მსხვერპლად გაეღო.b მიუხედავად ამისა, აბრაამი მზად იყო, შეესრულებინა ეს თხოვნა და შეეწირა ისაკი, რადგან მტკიცედ სწამდა, რომ „ღმერთს შეეძლო მკვდრეთითაც კი აღედგინა იგი“ (ებრაელები 11:17—19). აბრაამმა რწმენა და მორჩილება გამოავლინა, რისთვისაც იეჰოვამ მას თავისი მეგობარი უწოდა (ესაია 41:8; იაკობი 2:21—23).

      5. როგორ უყურებს იეჰოვა მათ, ვინც ერთგულებასა და მორჩილებას ავლენს?

      5 იეჰოვა ძალიან აფასებს ერთგულებასა და მორჩილებას. ღმერთს უყვარს ისინი, ვისთვისაც მისადმი ერთგულება ყველაზე მნიშვნელოვანია (წაიკითხეთ 2 სამუელის 22:26). როგორც ამ წიგნის პირველი თავიდან გავიგეთ, იეჰოვას მოწონებას იმსახურებენ ის ადამიანები, რომლებიც სიყვარულით ემორჩილებიან მას. იგავების 3:32-ში ნათქვამია, რომ ღმერთი „მართლებთან ახლოს არის“. იეჰოვა გულთბილად იწვევს თავის „კარავში“ მათ, ვინც ერთგულად ასრულებს მის მოთხოვნებს, რათა თაყვანი სცენ მას და თავისუფლად მიმართონ ლოცვით (ფსალმუნი 15:1—5).

      6. რით ცხადვყოფთ, რომ გვიყვარს იესო და რას გრძნობს იეჰოვა მათ მიმართ, ვისაც მისი ძე უყვარს?

      6 იეჰოვას უყვარს ისინი, ვისაც იესო, მისი მხოლოდშობილი ძე უყვარს. იესომ თქვა: „ვისაც ვუყვარვარ, ჩემს სიტყვას დაიცავს და მამაჩემიც შეიყვარებს მას. მივალთ და დავმკვიდრდებით მასთან“ (იოანე 14:23). რით ცხადვყოფთ, რომ გვიყვარს იესო? იმით, რომ ვიცავთ მის მცნებებს, ვქადაგებთ სასიხარულო ცნობას და ვამზადებთ მოწაფეებს (მათე 28:19, 20; იოანე 14:15, 21). იესოსადმი სიყვარულს ჩვენ იმითაც ვავლენთ, რომ ერთგულად მივყვებით მის ნაკვალევს და, მიუხედავად არასრულყოფილებისა, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სიტყვითა და საქმით მივბაძოთ მას (1 პეტრე 2:21). იეჰოვას გულს უხარებს იმის დანახვა, თუ როგორ ცდილობენ ისინი, ვისაც უყვარს მისი ძე, იესო ქრისტე, მიჰყვნენ მის უბადლო მაგალითს.

      7. რატომ არის გონივრული, ვიმეგობროთ იეჰოვას მეგობრებთან?

      7 რწმენა, ერთგულება, მორჩილება, იესოსადმი სიყვარულის გამოვლენა და მისი ნაკვალევით სიარული — ეს სწორედ ის არის, რის დანახვაც იეჰოვას სურს თავის მეგობრებში. თითოეული ჩვენგანი უნდა დაფიქრდეს: „ავლენენ ჩემი მეგობრები ასეთ თვისებებს? ვმეგობრობ იეჰოვას მეგობრებთან?“. ასეთი მეგობრების არჩევა გონივრულია. მათ, ვინც ღვთისმოსაწონ თვისებებს ავითარებს და გულმოდგინედ ქადაგებს სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ, შეუძლიათ დადებითი გავლენა იქონიონ ჩვენზე და დაგვეხმარონ, ღვთისთვის მიცემული აღთქმის თანახმად ვიცხოვროთ (იხილეთ ჩარჩო „ვინ არის კარგი მეგობარი?“).

      ვინ არის კარგი მეგობარი?

      ორი კარგი მეგობარი საუბრობს

      პრინციპი: „ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავები 17:17)

      ჰკითხე საკუთარ თავს:

      • არიან ჩემი მეგობრები იეჰოვას და იესოს მეგობრებიც? (იოანე 15:14, 16; იაკობი 2:23).

      • მეხმარებიან ჩემი მეგობრები კარგი ჩვევების განვითარებაში? (1 კორინთელები 15:33).

      • ვუყვარვარ ჩემს მეგობრებს იმდენად, რომ თუ საჭიროა, შეცდომაზეც მიმითითებენ? (ფსალმუნი 141:5; იგავები 27:6).

      • რა ჩანს ჩემი საუბრიდან და საქციელიდან, თუ როგორი მეგობარი ვარ? (იგავები 12:18; 18:24; 1 იოანე 3:16—18).

      ვისწავლოთ დავითისა და იონათანის მაგალითზე

      8. რით გხიბლავს ა) ნაომისა და რუთის, ბ) სამი ახალგაზრდა ებრაელის და გ) პავლესა და ტიმოთეს მეგობრობა?

      8 ბიბლია მოგვითხრობს მრავალი ადამიანის შესახებ, რომლებზეც დადებითი გავლენა მოახდინეს კარგმა მეგობრებმა. შეგიძლია წაიკითხო ნაომისა და მისი რძლის, რუთის, ასევე ბაბილონში გადასახლებული სამი ებრაელი ახალგაზრდის და პავლესა და ტიმოთეს მეგობრობის შესახებ (რუთი 1:16; დანიელი 3:17, 18; 1 კორინთელები 4:17; ფილიპელები 2:20—22). მოდი, განვიხილოთ კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი, რომელიც დავითისა და იონათანის მეგობრობას ეხება.

      9, 10. რა ედო საფუძვლად იონათანისა და დავითის მეგობრობას?

      9 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მას შემდეგ, რაც დავითმა დაამარცხა გოლიათი, „შეეკრა იონათანის სული დავითის სულს და საკუთარი სულივით შეიყვარა იონათანმა იგი“ (1 სამუელი 18:1). ასე ჩაეყარა საფუძველი ურყევ მეგობრობას, რომელიც ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მანამდე გაგრძელდა, სანამ იოანათანი ბრძოლის ველზე არ დაიღუპა (2 სამუელი 1:26).c რაზე იყო დაფუძნებული მათი მეგობრობა?

      10 დავითი და იონათანი ერთმანეთთან დააახლოვა ღვთის სიყვარულმა და მისადმი ერთგულების ძლიერმა სურვილმა. მათ სულიერი მიზნები აერთიანებდათ. ორივეს მიმზიდველი თვისებები ჰქონდა. უეჭველია, იონათანზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა ის, თუ როგორ გაბედულად და თავდადებით იცავდა ახალგაზრდა დავითი იეჰოვას სახელს; დავითს კი, თავის მხრივ, გულგრილს არ დატოვებდა ის ფაქტი, რომ იონათანი, რომელიც მასზე გაცილებით უფროსი იყო, მთელი გულით ერთგულობდა იეჰოვას, მის მიერ დადგენილ კანონებს და საკუთარ ინტერესებზე წინ სრულიად უანგაროდ დავითის ინტერესებს აყენებდა. ვნახოთ, რა მოხდა დავითის ცხოვრების ერთ-ერთ ურთულეს პერიოდში, როცა ის იონათანის მამას, ბოროტ მეფე საულს, უდაბნოში ემალებოდა. იონათანმა განსაკუთრებული ერთგულება გამოავლინა და „დავითთან წავიდა, . . . რათა განემტკიცებინა ის ღვთის სახელით“ (1 სამუელი 23:16). წარმოიდგინე, რას იგრძნობდა დავითი, როცა მისი ძვირფასი მეგობარი მასთან გასამხნევებლად მივიდა!d

      11. რას სწავლობ იონათანისა და დავითის მაგალითიდან?

      11 რას ვსწავლობთ იონათანისა და დავითის მაგალითიდან? უპირველესად იმას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, მეგობრებს ერთმანეთთან სულიერი ფასეულობები აკავშირებდეს. თუ დავუახლოვდებით მას, ვინც იზიარებს ჩვენს რწმენას, ისეთივე ზნეობრივი ფასეულობები აქვს, როგორიც ჩვენ და ისევე ძლიერ სურს, ღვთის ერთგული დარჩეს, როგორც ჩვენ, საშუალება გვექნება, ერთმანეთს საკუთარი აზრები, გრძნობები და საინტერესო შემთხვევები გავუზიაროთ და ამგვარად გავამხნეოთ ერთმანეთი (წაიკითხეთ რომაელების 1:11, 12). სულიერად მოაზროვნე მეგობრების პოვნა თანამორწმუნეებს შორის შეგვიძლია. მაგრამ ნიშნავს ეს, რომ ყველა, ვინც კრების შეხვედრებს ესწრება, კარგ მეგობრობას გაგვიწევს? ალბათ, არა.

      როგორ ავირჩიოთ მეგობრები?

      12, 13. ა) რატომ უნდა ავირჩიოთ გონივრულად მეგობრები ქრისტიანულ კრებაშიც კი? ბ) რა პრობლემა არსებობდა პირველ საუკუნეში და რის შესახებ აფრთხილებდა პავლე ქრისტიანებს?

      12 ჩვენ გონივრულად უნდა ავირჩიოთ მეგობრები კრებაშიც კი, თუ გვინდა, რომ მათ სულიერად გაგვაძლიერონ. ამან არ უნდა გაგვაკვირვოს. ხეზე ყველა ნაყოფი ერთდროულად არ მწიფდება; ქრისტიანულ კრებაში ზოგს მეტი დრო სჭირდება, რომ სულიერად მოწიფული გახდეს. ქრისტიანები სულიერი ზრდის სხვადასხვა ეტაპზე იმყოფებიან (ებრაელები 5:12—6:3). ჩვენ გვინდა, რომ ახლებსა და სუსტებს სულიერ ზრდაში დავეხმაროთ, ამიტომ მოთმინებასა და სიყვარულს ვავლენთ მათ მიმართ (რომაელები 14:1; 15:1).

      13 მაგრამ კრებაში ზოგჯერ შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, რის გამოც სხვებთან ურთიერთობისას მეტი სიფრთხილის გამოჩენა გახდეს საჭირო. კრების ზოგმა წევრმა შეიძლება არასწორი საქციელი ჩაიდინოს, კრიტიკული სული გამოავლინოს ან დრტვინვა დაიწყოს. მსგავსი პრობლემები პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაშიც არსებობდა. თუმცა ქრისტიანთა უმეტესობა ერთგული იყო, ზოგი არასწორად იქცეოდა. კორინთის კრებაში ზოგი ქრისტიანი უარყოფდა გარკვეულ სწავლებებს, ამიტომ მოციქულმა პავლემ გააფრთხილა კრება: „ნუ შეცდებით. ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორინთელები 15:12, 33). პავლემ უთხრა ტიმოთეს, რომ თანამორწმუნეთა შორის შეიძლება ისეთებიც ყოფილიყვნენ, ვინც პატიოსნად არ იქცეოდა. მან ურჩია ტიმოთეს, მორიდებოდა მათთან ურთიერთობასა და მეგობრობას (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 2:20—22).

      14. როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ პავლეს სიტყვებში ჩადებული პრინციპი მეგობრების არჩევასთან დაკავშირებით?

      14 როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ პავლეს სიტყვებში ჩადებული პრინციპი? ჩვენ უნდა მოვერიდოთ კრებაში თუ კრების გარეთ იმ ადამიანებთან ახლო ურთიერთობას, ვისაც გამხრწნელი გავლენის მოხდენა შეუძლია (2 თესალონიკელები 3:6, 7, 14). ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს სულიერ ჯანმრთელობას. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ღრუბელივით ვისრუტავთ მეგობრების აზროვნებასა და ჩვევებს. შეუძლებელია, ძმარში ჩადებულმა ღრუბელმა წყალი შეისრუტოს, ასევე შეუძლებელია, კარგი ავითვისოთ მათგან, ვინც უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენზე (1 კორინთელები 5:6).

      თანამორწმუნეებს შორის შეგიძლია კარგი მეგობრები იპოვო

      15. როგორ შეგიძლია კრებაში სულიერად მოაზროვნე მეგობრების პოვნა?

      15 საბედნიეროდ, თანამორწმუნეებს შორის კარგი მეგობრების პოვნა რთული არ არის (ფსალმუნი 133:1). როგორ შეგიძლია კრებაში სულიერად მოაზროვნე მეგობრები იპოვო? თუ ღვთისმოსაწონ თვისებებსა და ჩვევებს განივითარებ, ისეთი ადამიანები დაგიახლოვდებიან, ვინც შენ მსგავსად ცდილობს, ღვთის ნების თანახმად იცხოვროს. ამასთანავე, ახალი მეგობრების შეძენაში ინიციატივისა და სხვებისადმი ინტერესის გამოვლენა დაგეხმარება (იხილეთ ჩარჩო „როგორ შევიძინე კარგი მეგობრები“). დაუახლოვდი მათ, ვინც ისეთ თვისებებს ავლენს, რომლებიც გინდა, რომ თავად გქონდეს. ყურად იღე ბიბლიის რჩევა და გაფართოვდი; დაუმეგობრდი სხვადასხვა რასის, ეროვნებისა და კულტურის თანამორწმუნეებს (2 კორინთელები 6:13; წაიკითხეთ 1 პეტრეს 2:17). ნუ შემოიფარგლები მხოლოდ თანატოლებით. გახსოვდეს, რომ იონათანი დავითზე გაცილებით უფროსი იყო. უფროსი ასაკის და-ძმებთან მეგობრობის შედეგად, სიბრძნესა და გამოცდილებას შეიძენ.

      როგორ შევიძინე კარგი მეგობრები

      „თავიდან ჩემთვის რთული იყო კრებაში მეგობრების პოვნა. მაგრამ მივხვდი, რომ მსახურებაში აქტიური მონაწილეობა ისეთი თვისებების განვითარებაში მეხმარებოდა, როგორიცაა მოთმინება, სიმტკიცე და უანგარო სიყვარული. ამ თვისებებზე დღესაც ვმუშაობ და ვხედავ, რომ ასეთი თვისებების მქონე ადამიანებს მოსწონთ ჩემთან ურთიერთობა. დღეს მე უკვე მყავს კარგი მეგობრები“ (შივანი).

      „ვლოცულობდი, რომ კრებაში მეგობრები მეპოვა. დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ ჩემი ლოცვები უპასუხოდ რჩებოდა. ბოლოს მივხვდი, რომ არაფერს ვაკეთებდი მეგობრების შესაძენად; ინიციატივას არ ვავლენდი. მაგრამ, რაც ლოცვების თანახმად დავიწყე მოქმედება, ვხედავ, რომ იეჰოვა ჩემს ლოცვებს პასუხობს“ (რაიანი).

  • გიყვარდეს ისინი, ვინც ღმერთს უყვარს!
    „დარჩით ღვთის სიყვარულში“
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება