საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • თანატოლების ზეგავლენა — შესაძლებელია, სასიკეთო იყოს?
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 აგვისტო
    • ვისარგებლოთ თანატოლების კეთილმოქმედი ზეგავლენით

      ექიმებმა და ჯანდაცვის მუშაკებმა იციან ავადმყოფებზე დადებითი პიროვნებების და კარგი ზეგავლენის მოქმედების სწორუპოვარი ფასი. ასეთი გარემო გამოჯანსაღების ერთ-ერთი ხელისშემწყობი ფაქტორია. მათ, რომლებსაც კიდური მოჰკვეთეს, დიდ დახმარებას უწევს, ფიზიკური და ემოციური გამოჯანსაღების ხანგრძლივი პროცესის დროს, მსგავსი წარსულის მქონეთა მაგალითი და მათი მხრიდან გამხნევება. ნათელია, თანატოლების კეთილმოქმედი ზეგავლენით სარგებლობა შეიძლება ჯანსაღ გარემოში, სადაც ოპტიმისტური განწყობილება სუფევს და კარგი მაგალითები ჭარბობს.

      ეს პრინციპი მოქმედებს ქრისტიანულ კრებაშიც, რადგან სწორედ გარშემო მყოფთა დადებითი გავლენის გამო უბრძანა იეჰოვამ თავის ხალხს რეგულარულად შეკრებილიყვნენ ერთად. ღმერთი გვირჩევს, რომ ერთმანეთი „წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის“ (ებრაელთა 10:24, 25). ასეთი წახალისება ფასდაუდებელია, რადგან დღევანდელ წუთისოფელში ხშირია იმედგაცრუება და ტკივილი, რის გამოც ქრისტიანებს დიდი ძალისხმევის ფასად უწევთ სულიერი სიმტკიცის შენარჩუნება (ლუკა 13:24). ამგვარად, ჩვენ გვჭირდება თანამორწმუნეთა სიყვარულით მხარდაჭერა, რასაც ვაფასებთ კიდეც. გარდა ამისა, მოსალოდნელია, ზოგს ‘სხეულში ეკალი’ ჰქონდეს, რაც შეიძლება ავადმყოფობასა ან უძლურებაში ვლინდებოდეს (2 კორინთელთა 12:7). ზოგი იქნებ ცუდი ჩვევების ან დეპრესიის დაძლევას ცდილობდეს, ზოგს კი ცხოვრების რიტმის აყოლა უჭირდეს. ამიტომ, გონივრული იქნებოდა, თუ ახლოს ვიქნებოდით მათთან, რომლებიც იეჰოვას ერთგულები არიან და სიხარულით ემსახურებიან მას. ასეთები სულიერად აგვამაღლებენ და დაგვეხმარებიან ‘ბოლომდე დათმენაში’ (მათე 24:13).

      ამიტომ, როდესაც კარგი მეგობრების წრეში ვიქნებით, შევძლებთ მათი ზეგავლენის კონტროლს. გარდა ამისა ქრისტიანულ კრებებზე მოწოდებული შესანიშნავი სულიერი საზრდო და პრაქტიკული ხელმძღვანელობა გააძლიერებს მეგობრებისგან მიღებულ ამაღლებულ განწყობილებას.

      რასაკვირველია, ქრისტიანულ კრებებზე დასწრება ყოველთვის იოლი არ არის. ზოგს კრებაზე წასვლაში მეუღლე ან საერთოდ არ უწყობს ხელს ან ცოტა შეღავათს თუ უწევს, ზოგს ბავშვები ჰყავს მოსაწესრიგებელი, ხოლო ზოგისთვის ტრანსპორტი წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას, მაგრამ დაფიქრდი: თუ არ დაუშვებ, რომ დაბრკოლებებმა ხელი შეგიშალოს, შენი მაგალითი დაეხმარება მათ, რომლებიც მსგავს მდგომარეობაში არიან. ესე იგი, შენ და შენს მდგომარეობაში მყოფნი არა მხოლოდ სამაგალითოები იქნებით, არამედ, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, კარგ გავლენასაც მოახდენთ სხვებზე.

      პავლე მოციქული, რომელსაც მრავალი ჭირ-ვარამი გადახდა თავს, ქრისტიანებს მოუწოდებდა მიებაძათ მისთვის და სხვა ერთგული ქრისტიანებისთვის. მან თქვა: „იყავით ჩემი მომბაძავნი და უყურეთ მათ, ვინც ისე იქცევა, რისი ნიმუშიც ჩვენში გაქვთ“ (ფილიპელთა 3:17; 4:9). თესალონიკეში პირველი საუკუნის ქრისტიანები პავლეს მაგალითს ბაძავდნენ. პავლე მათს შესახებ წერდა: „თქვენ გახდით ჩვენი და უფლის მომბაძავნი, რადგან დიდ გასაჭირში მიიღეთ სიტყვა, სულიწმიდის სიხარულით. ისე რომ, გახდით ნიმუში ყველა მორწმუნისათვის მაკედონიასა და აქაიაში“ (1 თესალონიკელთა 1:6, 7). ჩვენმა დადებითმა აზროვნებამ და კარგმა მაგალითმა შეიძლება ჩვენს გარშემო მყოფებზე ასევე იმოქმედოს.

  • თანატოლების ზეგავლენა — შესაძლებელია, სასიკეთო იყოს?
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 აგვისტო
    • რამდენად უფრო გონივრულია, დავუმეგობრდეთ მათ, რომლებსაც სურთ, ასიამოვნონ იეჰოვას და ენთუზიაზმით ეკიდებიან სულიერ საკითხებს! ასეთი მეგობრები დაგვეხმარებიან, რომ ჩვენც „მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნე“ გამოვავლინოთ, რომელიც „პირველყოვლისა, წმიდაა, მერე მშვიდობიანი, ლმობიერი, ნებიერი, წყალობითა და კეთილი ნაყოფით სავსე . . . უთვალთმაქცო“ (იაკობი 3:17). მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულიერად ძლიერი მხოლოდ სულიერზე ლაპარაკობს და სხვა საკითხებზე საუბარი არ შეუძლია. ცხადია ასე არ არის! გაიხსენეთ, რამდენი საინტერესო თემაა განხილული საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციებში, მაგალითად, ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“. კარგი სასაუბრო მასალა ნამდვილად გამოულეველია და მრავალი საკითხით დაინტერესებაში ჩანს, რომ ვავლენთ სიცოცხლისა და იეჰოვას ქმნილებებისადმი სიყვარულს.

      როგორც ტენისის კარგი მოთამაშე იუმჯობესებს თამაშის ტექნიკას კარგ მოთამაშეებთან ვარჯიშით, ისევე კარგ მეგობრებთან ურთიერთობა ცოდნას გვძენს და ემოციურ თუ სულიერ წინსვლაში გვეხმარება. ცუდი წრე კი გაორებული ცხოვრებისკენ გვიბიძგებს და თვალთმაქცობას გვასწავლის. რამდენად უკეთესია, გვქონდეს სუფთა სინდისი და საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა!

      კეთილმოქმედი ზეგავლენის მაგალითები

      ბევრმა დაინახა, რომ ბიბლიური სწავლებების დაუფლება და მათი მორალური თუ სულიერი მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლებელი არ არის. რთული მხოლოდ ყოველივე ამის ცხოვრების ნაწილად ქცევაა. როგორც შემდეგი მაგალითები გვიჩვენებს, თანატოლების კეთილმოქმედ ზეგავლენას დიდი დახმარების გაწევა შეუძლია იეჰოვასადმი მთელი სულითა და გულით მსახურებაში.

      ერთმა იეჰოვას მოწმემ, რომელიც მეუღლესთან ერთად სრული დროით მსახურობს, აღნიშნა, რომ თანატოლების მაგალითმა დიდი გავლენა მოახდინა მისი ცხოვრების მიზნებზე. მოზარდობის პერიოდში თანატოლების მავნე გავლენის ქვეშ მოექცა, მაგრამ მოგვიანებით დაუმეგობრდა მათ, რომლებიც კრებებზე რეგულარულად სიარულსა და აქტიურ მსახურებას ურჩევდნენ. სწორედ მათთან მეგობრობა დაეხმარა, რომ სულიერად მოწიფული გამხდარიყო.

      იეჰოვას ერთი მოწმე წერს: „დაქორწინების შემდეგ, მეუღლესთან ერთად სხვა კრებაში გადავედი; იქ ჩვენი ასაკის ცოლ-ქმარი სრული დროით მსახური პიონერები იყვნენ. მათი მაგალითი დაგვეხმარა, რომ ჩვენც სრული დროით მსახურები გავმხდარიყავით. შემდეგ მათსავით ვცდილობდით, კრებაში პიონერული სულისკვეთება გაგვეღვივებინა და შედეგად ბევრი შემოგვიერთდა პიონერულ მსახურებაში“.

      მათთან მეგობრობა, რომლებსაც თეოკრატიული მიზნები აქვთ, იეჰოვასადმი მორჩილებას გვიადვილებს. ეს თანატოლების კეთილმოქმედი გავლენის კიდევ ერთი სასარგებლო მხარეა. მოწმე, რომელმაც სრული დროით მსახურება ახალგაზრდობაში დაიწყო და შემდეგ მიმომსვლელი ზედამხედველი გახდა, დღეს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ერთ-ერთ ფილიალში მსახურობს. ის წერს: „ჩემთვის ბავშვობის საყვარელი მოგონება სრული დროით მსახურთა ჩვენს ოჯახში სტუმრობის გახსენებაა. ჩვენი სახლის კარი სტუმრისთვის ყოველთვის ღია იყო. როდესაც ათი წლის ვიყავი ერთმა სარაიონო ზედამხედველმა ჩანთა მაჩუქა, რომელიც ქადაგებისას გამომადგებოდა და ეს საჩუქარი დღემდე უდიდესი განძია ჩემთვის“.

      სიყმაწვილის გახსენებისას აგრძელებს: „ჩვენი კრების ბევრ ახალგაზრდას სურდა, კრების საქმიანობაში აქტიურად ჩაბმულიყო და ჩვენც გვქონდა სურვილი, მათი მაგალითისთვის მიგვებაძა“. თანატოლების კარგი ზეგავლენა დაეხმარა ამ ახალგაზრდას, რომ ჩამოყალიბებულიყო კარგ ქრისტიანად. მშობლებო, პატიჟებთ თქვენს ოჯახში მათ, რომლებიც დადებით გავლენას ახდენენ და ამხნევებენ თქვენს შვილებს? (მალაქია 3:16).

      რასაკვირველია, ყველას არ შეუძლია ზემოხსენებულთა მსგავსად სრული დროით მსახურება, მაგრამ ყველას შეგვიძლია, რომ მთელი ‘გულით, სულითა და გონებით’ შევიყვაროთ იეჰოვა (მათე 22:37). მეგობრების წრის შერჩევა დიდ როლს ასრულებს ასეთი სიყვარულის სწავლაში და მარადიული ცხოვრების იმედზე გავლენას ახდენს.

      ფსალმუნმომღერალმა ზუსტად და უბრალოდ განსაზღვრა, რა იქნებოდა ცხოვრებაში ნამდვილი წარმატების საწინდარი: „ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში. არამედ უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და არ დაჭკნება ფოთოლი მისი. და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ (ფსალმუნი 1:1–3).

      მართლაც შესანიშნავი დანაპირებია! მიუხედავად იმისა, რომ არასრულყოფილები ვართ და შეცდომებსაც ვუშვებთ, მხოლოდ მაშინ მივაღწევთ წარმატებას, თუ საშუალებას მივცემთ იეჰოვას, გვიხელმძღვანელოს. წარმატება გარდაუვალია, თუ ვისარგებლებთ ღვთისმოსაწონი თანატოლების, ანუ ‘საძმოს’ კეთილმოქმედი გავლენით (1 პეტრე 5:9).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება