ბიბლიის თვალსაზრისი
განმარტოების ფასი
ბიბლიაში მოყვანილია შემთხვევა, როდესაც იესო „მთაზე ავიდა, რათა განმარტოებით ელოცა. მოსაღამოვდა და იგი მარტო იყო იქ“ (მათე 14:23). სხვა შემთხვევისას კი „როცა დღე დადგა, გამოვიდა იქიდან და წავიდა უდაბურ ადგილას“ (ლუკა 4:42). ეს ბიბლიური მონაკვეთები გვიჩვენებს, რომ იესო ქრისტე ცდილობდა დროდადრო განმარტოებას და აფასებდა მარტოობის წუთებს.
ბიბლიაში მოთხრობილია სხვებზეც, რომლებიც იესოს მსგავსად აფასებდნენ განმარტოებას. ფსალმუნმომღერალი საღამო ხანს განმარტოებისას ფიქრობდა დიდებული შემოქმედის სიდიადეზე. იესო კი „უდაბურ ადგილას განმარტოვდა“, როდესაც იოანე ნათლისმცემლის სიკვდილი შეიტყო (მათე 14:13; ფსალმუნი 62:7).
დღევანდელი ცხოვრების აურზაურში განმარტოება, პირადი ინიციატივითა თუ მდგომარეობით გამოწვეულ განმარტოებას დიდი ყურადღება არ ექცევა. მაგალითად, შეგიძლიათ გაიხსენოთ, ბოლოს როდის იყავით მარტო? ერთმა ქალმა თქვა: „რაც თავი მახსოვს, მარტო არ ვყოფილვარ“.
მაგრამ საჭიროა განმარტოება? თუ დიახ, როგორ შეგიძლიათ სასარგებლოდ და საუკეთესოდ გამოიყენოთ მშვიდი წუთები? და რა როლს ასრულებს ზომიერება განმარტოებისკენ სწრაფვაში?
განმარტოება — რატომ არის მნიშვნელოვანი?
ბიბლიაში ნათქვამია, რომ წარსულში ღვთის კაცი ისაკი განმარტოვდა ‘მინდორში საღამოხანს’. რატომ? „საფიქრელად“, — გვეუბნება ბიბლია (დაბადება 24:63, აქ). ერთ-ერთი ლექსიკონის თანახმად, „ფიქრი გონებაში საფუძვლიანად, დინჯად მსჯელობას ნიშნავს“. ის აგრეთვე „ნიშნავს გულმოდგინედ, ხანგრძლივად გულისყურის მოკრებას“. ეს ისაკს დაეხმარებოდა საღად აზროვნებაში, აზრების ჩამოყალიბებასა და გონებაში ყველაფრისთვის თავ-თავისი ადგილის მიჩენაში, რადგან მალე საკუთარ თავზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა უნდა აეღო.
ერთი ფსიქიატრის აზრით, „ზომიერების ფარგლებში მარტოობა იძლევა აზრების ჩამოყალიბებისა და გულისყურის უკეთესად მოკრების საშუალებას“. ბევრი დაგვეთანხმება, რომ ეს გამომაცოცხლებელი, გამაძლიერებელი და სასარგებლოა.
განმარტოებით ფიქრის სასურველი ნაყოფებია ღრმა ხედვა და თავშეკავებულობა. სწორედ ეს თვისებები უწყობს ხელს კეთილგონივრულ საუბარსა და მოქმედებებს, რაც, თავის მხრივ, ადამიანთა შეხმატკბილებული ურთიერთობის საწინდარია. მაგალითად, ვინც დაფიქრებას სწავლობს, საჭირო დროს გაჩუმებასაც ისწავლის. დაუფიქრებლად ლაპარაკის ნაცვლად, ის წინასწარ აწონ-დაწონის საკუთარი სიტყვების მოსალოდნელ შედეგს. „გინახავს საკუთარ სიტყვებში მოსწრაფე კაცი?“ — გვეკითხება ბიბლიის მწერალი. შემდეგ დასძენს: „ბრიყვს მასზე მეტი იმედი აქვს“ (იგავნი 29:20). რა დაეხმარება ასეთ დაუფიქრებელ მოსაუბრეს? ბიბლია ამბობს: „მართლის გული პასუხს წონის“ (იგავნი 15:28; შეადარეთ ფსალმუნი 48:4).
ქრისტიანებისთვის განმარტოებით მშვიდად ფიქრი სულიერი ზრდისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. სწორედ ამას ეხება პავლე მოციქულის სიტყვები: «ამაზე იზრუნე [„იფიქრე“, აქ] და ამაზე იდექი, რათა ყველასათვის ცხადი იყოს შენი წარმატება» (1 ტიმოთე 4:15).
მარტოობის წუთები ღმერთთან დასაახლოებლად გამოიყენე
ერთმა ინგლისელმა მწერალმა თქვა: „განმარტოება ღმერთთან მისვლაა“. ზოგჯერ იესო გრძნობდა იმის აუცილებლობას, რომ გარიდებოდა ადამიანებს და განმარტოებით ღმერთს მიახლოებოდა. ამის ერთ-ერთი მაგალითი ბიბლიაშია მოცემული: „განთიადამდე, ჯერ კიდევ ღამიანად ადგა, გავიდა და წავიდა უდაბნო ადგილას. და იქ ლოცულობდა“ (მარკოზი 1:35).
ფსალმუნებში არაერთხელაა მოხსენიებული ღვთის შესახებ ფიქრი. იეჰოვასადმი ლოცვაში მეფე დავითმა თქვა: „ვიფიქრებ შენზე“. იგივე აზრი ჩანს ასაფის სიტყვებშიც: „ჩავუკვირდები ყველა შენს ნამოქმედარს და შენს საქმეებზე ვისაუბრებ“ (ფსალმუნი 62:7; 76:13). ღვთის თვისებებსა და საქმეებზე ფიქრი სასარგებლოა ჩვენთვის; გვიძლიერებს ღვთის მიმართ მადლიერების გრძნობას და გვაახლოებს მასთან (იაკობი 4:8).
აუცილებელია ზომიერება
ცხადია, განმარტოება ზომიერი უნდა იყოს. ის შეიძლება შევადაროთ ადგილს, რომელიც სანახავად სასიამოვნოა, დასარჩენად კი — საშიში. ხშირი განმარტოება არ უთავსდება ურთიერთობის, აზრთა გაცვლა-გამოცვლისა და სიყვარულის გამოხატვის ბუნებრივ სურვილს. გარდა ამისა, ასეთი განმარტოება შეიძლება კარგი ნიადაგი აღმოჩნდეს სარეველასთვის — უგუნურებისა და ეგოიზმისთვის. ბიბლიური იგავი გვაფრთხილებს: «თავკერძა კაცი [„განმარტოების მოყვარული“, აქ] თავის გულისთქმას არის აყოლილი და ყოველგვარი სიბრძნის წინააღმდეგ ჯანყდება» (იგავნი 18:1). ზომიერება რომ შევინარჩუნოთ, უნდა გვესმოდეს განმარტოების საფრთხეც.
იესოსა და ბიბლიური დროის ღვთის მსახურების მსგავსად, დღევანდელი ქრისტიანებიც აფასებენ მარტოობის წუთებს. ცხადია, ამდენი მოვალეობებისა და საზრუნავის გამო დროის გამონახვა განმარტოებით საფიქრელად ნამდვილად რთულია. მაგრამ როგორც ნამდვილი ძვირფასეულობა ისე უნდა ‘მოვივაჭროთ ჟამი’ (ეფესელთა 5:15, 16). და შევძლებთ ფსალმუნმომღერალივით თქმას: „დაე, იყოს შენთვის სასურველი სიტყვანი ჩემი პირისა და ზრახვანი ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და დამხსნელო ჩემო“ (ფსალმუნი 18:15).