-
წიგნი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ — ნაწილი 2გამოიღვიძეთ! — 2010 | დეკემბერი
-
-
ახლო და შუა აღმოსავლეთში ხალხს ასურეთის ხსენებაზეც კი ძარღვებში სისხლი ეყინებოდა. ბიბლიის ერთ-ერთი წიგნის „იონას“ მიხედვით, წინასწარმეტყველი იონა ასურეთის დედაქალაქ ნინევეს საპირისპირო მიმართულებით გაიქცა მას შემდეგ, რაც ღმერთმა მას ამ ქალაქისთვის განაჩენის გაცხადება დაავალა (იონა 1:1—3). როგორც ჩანს, ამის მიზეზი ის იყო, რომ ასურელები ირგვლივ ყველას შიშის ზარს სცემდნენ.
სანდო ისტორია
წინასწარმეტყველმა ნაუმმა ნინევეს „ლომების ბუნაგი“ და „სისხლისმღვრელი ქალაქი“ უწოდა. შემდეგ დასძინა: „არ წყვეტს მტაცებლობას! ისმის მათრახის ხმა და ბორბლის გრიალი, დაქრის ცხენი და გრიალებს ეტლი. მხედარი, მახვილის ბზინვარება, შუბის ელვა, უამრავი დახოცილი და გვამების დიდი გროვა; ბოლო არ უჩანს გვამებს. გვამებზე ბორძიკობენ ისინი“ (ნაუმი 2:11; 3:1—3). ადასტურებს ისტორიული ცნობები ძველი ასურეთის შესახებ ბიბლიაში ჩაწერილ ინფორმაციას?
ერთ-ერთი წიგნი ასურეთს უწოდებს „სასტიკ საბრძოლო მანქანას, რომლის შემზარავი სახე შიშის ზარს სცემდა მტრებს“ (Light From the Ancient Past). ამას ადასტურებს ასურეთის მეფის ასურნასირფალ II-ის ტრაბახით წარმოთქმული სიტყვები, თუ როგორ გაუსწორდა თავის მოწინააღმდეგეებს:
„მისი ქალაქის კარიბჭესთან სვეტი აღვმართე, აჯანყებული მთავრები გავატყავე და სვეტი მათი ტყავით დავფარე. ზოგი სვეტში ჩავაყოლე, ზოგი კი ზედ გავაკარი . . . ხელ-ფეხი დავაჭერი სამეფო კარის ყველა აჯანყებულ მოხელეს . . . ტყვეთა შორის ბევრი ცეცხლში დავწვი და ბევრიც ცოცხლად წამოვიყვანე“. ასურელთა სამეფო სასახლეების გათხრებისას არქეოლოგებმა კედლებზე აღმოაჩინეს რელიეფური გამოსახულებები, რომლებიც აღგვიწერს, რა სისასტიკით ეპყრობოდნენ ასურელები ტყვეებს.
-