-
იცოდით თუ არა?საგუშაგო კოშკი — 2013 | 1 აპრილი
-
-
რატომ ეწოდებოდა ძველ ნინევეს „სისხლისმღვრელი ქალაქი“?
კედლის რელიეფი, რომელზეც ასახულია, თუ როგორ აგროვებენ ერთ ადგილას ჯარისკაცები დატყვევებულთა თავებს
ნინევე იყო ასურეთის იმპერიის დედაქალაქი. ეს იყო ძლევამოსილი ქალაქი დიდებული სასახლეებით, ტაძრებით, განიერი ქუჩებითა და მასიური კედლებით. ებრაელმა წინასწარმეტყველმა ნაუმმა მას „სისხლისმღვრელი ქალაქი“ უწოდა (ნაუმი 3:1).
ასურეთში სინახერიბის სასახლის კედლებზე ასახული რელიეფი აშკარად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ასურელები სისასტიკით გამოირჩეოდნენ. ერთ-ერთ კედელზე აღწერილია, როგორ გლეჯენ ენას მიწაზე დაჭედებულ ტყვეს. საოცარი ამბიციითაა აღწერილი ისიც, თუ როგორ მიათრევენ თოკებით ცხვირში და ტუჩებში კაუჭგამოდებულ ტყვეებს. დატყვევებული ქალაქების დიდებულებსა და მთავრებს აიძულებდნენ, თავიანთი მეფეების მოჭრილი თავები კისერზე ჩამოეკიდათ და სამკაულებივით ეტარებინათ.
ასირიოლოგი არჩებალდ ჰენრი სეისი აღწერს ერთ-ერთ დაპყრობილ ქალაქში ასურელების ბარბაროსულ საქციელს: „ადამიანის თავებისგან აგებული პირამიდები მიუთითებდა დამპყრობლების მიერ გავლილ გზაზე. ბიჭებსა და გოგონებს ცოცხლად წვავდნენ ან უფრო უარესი სასჯელისთვის ინახავდნენ. კაცებს ძელზე აკრავდნენ, ცოცხლად ატყავებდნენ, თვალებს თხრიდნენ, ან ხელებს, ფეხებს, ყურებსა და ცხვირებს აჭრიდნენ“.
-