-
იეჰოვას უზენაესი მმართველობა და მისი სამეფოსაგუშაგო კოშკი — 2007 | 1 დეკემბერი
-
-
იეჰოვას უზენაესი მმართველობა და მისი სამეფო
„შენია, იეჰოვა, სიდიადე, ძლევამოსილება, მშვენება, აღმატებულობა და ღირსება . . . შენია სამეფო, იეჰოვა“ (1 მატიანე 29:11)
1. რატომ არის სამართლიანი, რომ იეჰოვა ღმერთია სამყაროს უზენაესი მმართველი?
„იეჰოვამ განამტკიცა თავისი ტახტი ზეცაში და მისი მეფობა ყველგან ვრცელდება“ (ფსალმუნი 103:19). ამ სიტყვებით ფსალმუნმომღერალმა მიუთითა, თუ ვინ უნდა იყოს უზენაესი მმართველი. სამართლიანია, რომ მთელი სამყაროს უზენაესი მმართველი ჩვენი შემოქმედი იეჰოვა ღმერთია.
2. როგორ აღწერა დანიელმა იეჰოვას ზეციერი მმართველობა?
2 იმისათვის რომ მმართველობა განახორციელოს, მმართველს უნდა ჰყავდეს ქვეშევრდომები. თავდაპირველად იეჰოვა სულიერ ქმნილებებზე — თავის მხოლოდშობილ ძეზე და შემდეგ უამრავ ანგელოზზე — მმართველობდა (კოლოსელები 1:15—17). საუკუნეების შემდეგ ზეციერი მმართველობა წინასწარმეტყველმა დანიელმა იხილა: „ვიყურებოდი, სანამ ტახტები არ დაიდგა და ძველი დღეთა არ დაჯდა . . . ათასობით ათასი ემსახურებოდა მას და ათი ათასობით ათი ათასი იდგა მის წინაშე“ (დანიელი 7:9, 10). უხსოვარი დროიდან „ძველი დღეთა“ სულიერი ძეების დიდ და ორგანიზებულ ოჯახს მართავს, რომლებიც მისი მსახურები არიან და მის ნებას ასრულებენ (ფსალმუნი 103:20, 21).
3. როგორ განავრცო იეჰოვამ თავისი მმართველობა ფიზიკურ სამყაროზე?
3 შემდეგ იეჰოვამ შექმნა ურთულესი აგებულების სამყარო, მათ შორის დედამიწა, და მასზეც განავრცო მმართველობა (იობი 38:4, 7). ციური სხეულები ისე ზუსტად და შეთანხმებულად მოძრაობენ, რომ თითქოს არავისგან საჭიროებენ მართვას. მაგრამ აი, რა დაწერა ფსალმუნმომღერალმა: „იეჰოვას . . . ბრძანებით შეიქმნენ! მისით დგანან ისინი მარადიულად, სამარადისოდ. მისცა მათ წესი, რომელიც არ გაუქმდება“ (ფსალმუნი 148:5, 6). როგორც ვხედავთ, იეჰოვა ყოველთვის მართავდა როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ სამყაროს (ნეემია 9:6).
4. როგორ განავრცო იეჰოვამ თავისი მმართველობა ადამიანებზე?
4 როდესაც ღმერთმა პირველი წყვილი შექმნა, თავისი მმართველობა მათზეც განავრცო. გარდა იმისა, რომ ბედნიერი და აზრიანი ცხოვრებისთვის ყოველივე აუცილებლით უზრუნველყო, დედამიწის დანარჩენი ქმნილებებიც მათ დაუმორჩილა (დაბადება 1:26—28; 2:8, 9). აქედან ვხედავთ, რომ ღმერთი, როგორც მმართველი, არა მარტო ზრუნავს თავის ქვეშევრდომებზე, არამედ აფასებს კიდეც მათ. სანამ ადამი და ევა იეჰოვას მორჩილები იქნებოდნენ, დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად იცხოვრებდნენ (დაბადება 2:15—17).
5. რას იტყოდით იეჰოვას მმართველობაზე?
5 რა დასკვნის გაკეთება შეიძლება ზემოთ განხილულის საფუძველზე? როგორც გავიგეთ, იეჰოვა ყოველთვის ახორციელებდა მმართველობას თავის ყველა ქმნილებაზე. გარდა ამისა, იეჰოვა მზრუნველი მმართველია და აფასებს თავის ქმნილებებს. ამასთანავე, ღვთის მმართველობისადმი მორჩილება სამარადისო ბედნიერების საწინდარია. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გასაგებია, თუ რატომ წარმოთქვა ძველი ისრაელის მეფემ, დავითმა, შემდეგი სიტყვები: „შენია, იეჰოვა, სიდიადე, ძლევამოსილება, მშვენება, აღმატებულობა და ღირსება, რადგან ყველაფერი შენია ცაში თუ დედამიწაზე! შენია სამეფო, იეჰოვა, შენ ყველაზე ამაღლებული ხარ, როგორც მთავარი!“ (1 მატიანე 29:11).
რატომ შექმნა ღმერთმა სამეფო?
6. რა კავშირია ღვთის მმართველობასა და ღვთის სამეფოს შორის?
6 თუკი უზენაესი მმართველი იეჰოვა, ყოველთვის ახორციელებდა თავის მმართველობას, რატომღა შექმნა სამეფო? როგორც წესი, ესა თუ ის მმართველი თავის ქვეშევრდომებზე მმართველობას ამა თუ იმ სტრუქტურის საშუალებით ახორციელებს. შესაბამისად, ღვთის სამეფოც მის ქმნილებებზე მისივე მმართველობის განსახორციელებლად შექმნილი სტრუქტურაა.
7. რატომ გადაწყვიტა იეჰოვამ, თავისი მმართველობა სხვა სახით განეხორციელებინა?
7 იეჰოვა სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად ახორციელებდა მმართველობას. მას შემდეგ, რაც ედემის ბაღში მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა, იეჰოვამ გადაწყვიტა თავისი მმართველობა სხვა სახით განეხორციელებინა. ღვთის ერთ-ერთმა ურჩმა სულიერმა ძემ, სატანამ ადამი და ევა იეჰოვას, უზენაესი მმართველის მოწინააღმდეგეებად აქცია. დაუმორჩილებლობით მათ ღვთის მმართველობის წინააღმდეგ გაილაშქრეს. რა გაგებით? სატანამ ევა დაარწმუნა, რომ თუ აკრძალულ ნაყოფს შეჭამდა, ‘არ მოკვდებოდა’. ასეთი სახით მან იეჰოვა უსამართლო მმართველად გამოიყვანა, რომელიც ნდობას არ იმსახურებდა. სატანამ ევას უთხრა: „იცის ღმერთმა, რომ რა დღესაც შეჭამთ მის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების მცოდნენი გახდებით“. ფაქტობრივად, სატანა ადამს და ევას იმას ეუბნებოდა, რომ ღვთისგან დამოუკიდებლად უკეთესად იცხოვრებდნენ (დაბადება 3:1—6). ეს იყო პირდაპირი იერიში ღვთის მმართველობის წინააღმდეგ. რას მოიმოქმედებდა იეჰოვა?
8, 9. ა) როგორ მოიქცევა მეფე, თუ ქვეშევრდომები აუჯანყდებიან? ბ) რა მოიმოქმედა იეჰოვამ ედემის ბაღში მომხდარი ურჩობის საპასუხოდ?
8 მაგალითად, როგორ მოიქცევა მეფე, თუ ქვეშევრდომები აუჯანყდებიან? ვინც კარგად იცნობს ისტორიას, მათ ასეთი შემთხვევები ემახსოვრებათ. მეფე, განსაკუთრებით კი თავის ხალხზე მზრუნველი მეფე, მოღალატეებად გამოაცხადებს მათ და განაჩენს გამოუტანს. შემდეგ ძალაუფლებით აღჭურავს თავის რომელიმე მსახურს, რომელიც აჯანყებულებს გაუსწორდება და მშვიდობას აღადგენს. იეჰოვამაც ზუსტად ასე იმოქმედა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ღმერთი სრულად აკონტროლებდა ვითარებას, რადგან დაუყოვნებლივ მიიღო აუცილებელი ზომები, როდესაც განაჩენი გამოუტანა თავის მოწინააღმდეგეებს. იეჰოვამ ჩამოართვა ადამსა და ევას მარადიულად ცხოვრების უფლება და ედემის ბაღიდან გააძევა (დაბადება 3:16—19, 22—24).
9 როდესაც სატანის წინააღმდეგ გამოჰქონდა განაჩენი, იეჰოვამ სწორედ მაშინ გახადა ცხადი, რომ თავის მმართველობას სხვა სახით, ანუ ახალი სტრუქტურის საშუალებით განახორციელებდა და აღადგენდა მშვიდობასა და წესრიგს. ღმერთმა სატანას უთხრა: „მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და ქალს შორის, შენს შთამომავლობასა და მის შთამომავლობას შორის. ის თავს გაგიჭეჭყავს, შენ კი ქუსლს დაუგესლავ“ (დაბადება 3:15). როგორც ვხედავთ, იეჰოვამ ძალაუფლებით ეს „შთამომავლობა“ აღჭურვა, რომელიც სატანას თავის დამქაშებთან ერთად გაანადგურებდა და დაამტკიცებდა, რომ იეჰოვაა უზენაესი მმართველი (ფსალმუნი 2:7—9; 110:1, 2).
10. ა) როგორც აღმოჩნდა, ვინ შედის აღთქმულ „შთამომავლობაში“? ბ) რა აღნიშნა მოციქულმა პავლემ პირველ წინასწარმეტყველებასთან დაკავშირებით?
10 როგორც აღმოჩნდა, აღთქმულ შთამომავლობაში შედის იესო ქრისტე თავის თანამმართველებთან ერთად. სწორედ ისინი ქმნიან ღვთის სამეფოს (დანიელი 7:13, 14, 27; მათე 19:28; ლუკა 12:32; 22:28—30). თუმცა ეს მაშინვე არ გამჟღავნებულა. თუ როგორ შესრულდებოდა ეს პირველი წინასწარმეტყველება, ‘წმინდა საიდუმლოდ რჩებოდა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე იყო დაფარული’ (რომაელები 16:25). ღვთის ერთგული მსახურები საუკუნეები ელოდნენ იმ დროს, როცა ნათელი მოეფინებოდა წმინდა საიდუმლოს და დამტკიცდებოდა, რომ იეჰოვაა უზენაესი მმართველი (რომაელები 8:19—21).
„წმინდა საიდუმლო“ თანდათანობით მჟღავნდება
11. რა გაუმჟღავნა იეჰოვამ აბრაამს?
11 დროის დინებასთან ერთად იეჰოვა თანდათანობით ამჟღავნებდა „ღვთის სამეფოს წმინდა საიდუმლოს“ (მარკოზი 4:11). თავდაპირველად ეს ღმერთმა აბრაამს გაუმჟღავნა, რომელსაც ბიბლია „იეჰოვას მეგობარს“ უწოდებს (იაკობი 2:23). იეჰოვა აბრაამს დაჰპირდა, რომ მისგან „დიდ ხალხს წარმოშობდა“. მოგვიანებით ღმერთმა აბრაამს კვლავ უთხრა: „მეფეები გამოვლენ შენგან“ და „შენი შთამომავლის მეშვეობით იკურთხება დედამიწის ყველა ერი“ (დაბადება 12:2, 3; 17:6; 22:17, 18).
12. როგორ გამოჩნდა სატანის შთამომავლობა წარღვნის შემდეგ?
12 აბრაამის დრომდე ადამიანებს უკვე ჰქონდათ მმართველობის სადავეების ხელში ჩაგდებისა და ბატონობის მცდელობა. მაგალითად, ნოეს შვილთაშვილის, ნიმროდის შესახებ ბიბლიაში წერია: „ის იყო პირველი ძლევამოსილი ადამიანი დედამიწაზე, ძლიერი მონადირე, იეჰოვას მოწინააღმდეგე“ (დაბადება 10:8, 9). ნიმროდიც და სხვა თვითმარქვია მმართველებიც სატანის მარიონეტები იყვნენ. სწორედ ისინი გახდნენ თავიანთ მომხრეებთან ერთად სატანის შთამომავლობის წევრები (1 იოანე 5:19).
13. რა უთხრა იეჰოვამ იაკობს?
13 სატანის მცდელობამ ხელი ვერ შეუშალა იეჰოვას განზრახვის შესრულებას. აბრაამის შვილიშვილს, იაკობს, იეჰოვამ უთხრა: „არ მოსცილდება სამეფო კვერთხი იუდას და არც მთავრის კვერთხი მოსცილდება ფეხთა შუიდან, სანამ არ მოვა შილო; მას დაემორჩილებიან ხალხები“ (დაბადება 49:10). სიტყვა „შილო“ ნიშნავს „მის მფლობელს“ ანუ „მას, ვისიც არის“. ეს წინასწარმეტყველური მნიშვნელობის სიტყვები იმაზე მიუთითებს, რომ მოვიდოდა ის, ვისაც „სამეფო კვერთხისა“ და „მთავრის კვერთხის“ მიღების, ანუ „ხალხებზე“ მმართველობის კანონიერი უფლება ექნებოდა. ვისზეა საუბარი?
„სანამ არ მოვა შილო“
14. რა შეთანხმება დადო იეჰოვამ დავითთან?
14 იუდას შთამომავლებიდან პირველი, ვინც იეჰოვამ თავის ხალხზე გაამეფაa, იყო იესეს ვაჟი, მწყემსი დავითი (1 სამუელი 16:1—13). მიუხედავად ჩადენილი ცოდვებისა, დავითს არ დაუკარგავს იეჰოვას კეთილგანწყობა, რადგან მის მმართველობას უჭერდა მხარს. როდესაც იეჰოვამ დავითთან შეთანხმება დადო, ედემში წარმოთქმულ წინასწარმეტყველებას კიდევ უფრო მეტი ნათელი მოეფინა: „გამოვაჩენ შენი საზარდულიდან გამოსულ შთამომავალს და განვამტკიცებ მის სამეფოს“. ეს შეთანხმება ეხებოდა დავითის ვაჟს, მეფე სოლომონსაც, რადგან შეთანხმების სიტყვები ასე გრძელდება: „მარადიულად განვამტკიცებ მის სამეფო ტახტს“. დავითთან დადებულმა შეთანხმებამ ცხადყო, რომ აღთქმული სამეფო „შთამომავლობა“ დავითის საგვარეულო ხაზით მოვიდოდა (2 სამუელი 7:12, 13).
15. რა გაგებით შეიძლება ვუწოდოთ იუდას სამეფოს ღვთის სამეფოს წინასახეობა?
15 იმ მეფეთა დინასტია, რომლებსაც ზეთით სცხებდა მღვდელმთავარი, დავითის მეფობით დაიწყო. ზეთის ცხების შემდეგ მეფე ხდებოდა ცხებული ანუ მესია (1 სამუელი 16:13; 2 სამუელი 2:4; 5:3; 1 მეფეები 1:39). როგორც ბიბლიაში წერია, ისინი იეჰოვას ტახტზე ადიოდნენ და მეფობდნენ იეჰოვას წინაშე იერუსალიმში (2 მატიანე 9:8). ამგვარად, იუდას სამეფო წარმოადგენდა ღვთის სამეფოს წინასახეობას, იეჰოვას მმართველობის განხორციელების საშუალებას.
16. რა მოჰყვა შედეგად იუდას მეფეების ორგულობას?
16 როდესაც მეფეც და ხალხიც ემორჩილებოდნენ იეჰოვას მმართველობას, ის მფარველობდა მათ და კურთხევებსაც არ აკლებდა. მაგალითად, იუდას მშვიდობისა და აყვავების განსაკუთრებული ხანა სოლომონის მეფობის დროს დაუდგა. ეს კი, თავის მხრივ, ღვთის სამეფოს მმართველობის წინასახეობა იყო, როდესაც სატანის გავლენა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრება, და დამტკიცდება, რომ იეჰოვაა უზენაესი მმართველი (1 მეფეები 4:20, 25). სამწუხაროდ, დავითის დინასტიიდან მეფეთა უმეტესობა არ ასრულებდა იეჰოვას მოთხოვნებს, ხალხი კი კერპთაყვანისმცემლობას მისდევდა და უზნეობას სჩადიოდა. ბოლოს, ძვ.წ. 607 წელს იეჰოვამ ბაბილონელებს გაანადგურებინა იუდას სამეფო. სატანამ თითქოს თავისას მიაღწია და იეჰოვას მმართველობას ბოლო მოუღო.
17. საიდან ჩანს, რომ დავითის სამეფოს დამხობის მიუხედავად იეჰოვას მმართველობა არ შეუწყვეტია?
17 დავითის სამეფოსა და მანამდე ისრაელის ჩრდილოეთი სამეფოს დამხობა სულაც არ მიუთითებს იმაზე, რომ იეჰოვას მმართველობამ კრახი განიცადა. ეს სატანის გავლენამ და ღვთისგან დამოუკიდებლად ცხოვრებამ გამოიწვია (იგავები 16:25; იერემია 10:23). იმის საჩვენებლად, რომ მმართველობა არ შეუწყვეტია, იეჰოვამ წინასწარმეტყველ ეზეკიელს ასეთი სიტყვები ათქმევინა: „მოიძვრე თავსაბურავი, მოიცილე გვირგვინი! . . ნანგრევებად, ნანგრევებად, ნანგრევებად ვაქცევ მას! არავისი არ იქნება ის, სანამ არ მოვა კანონით უფლებამოსილი, — მას გადავცემ“ (ეზეკიელი 21:26, 27). აქედან გამოჩნდა, რომ ნაწინასწარმეტყველები „შთამომავლობის“ მთავარი წევრი, ანუ „კანონით უფლებამოსილი“, ჯერ არ იყო მოსული.
18. რა გამოუცხადა ანგელოზმა გაბრიელმა მარიამს?
18 ახლა გადავინაცვლოთ ძვ. წ. II საუკუნეში. ანგელოზი გაბრიელი ქალწულ მარიამს გამოეცხადა ჩრდილოეთ პალესტინაში მდებარე გალილეის ქალაქ ნაზარეთში, და უთხრა: „აი, ჩაგესახება საშვილოსნოში და გაგიჩნდება ვაჟი, რომელსაც იესო უნდა დაარქვა. ის დიდი იქნება და უზენაესის ძე დაერქმევა. იეჰოვა ღმერთი მას დავითის, მამამისის ტახტს მისცემს და ის მარადიულად იმეფებს იაკობის სახლზე. მის სამეფოს ბოლო არ ექნება“ (ლუკა 1:31—33).
19. რა განსაკუთრებული დრო ახლოვდებოდა?
19 ახლოვდებოდა „წმინდა საიდუმლოს“ გაცხადების დრო. „შთამომავლობის“ მთავარი წევრი მალე უნდა გამოჩენილიყო (გალატელები 4:4; 1 ტიმოთე 3:16). სატანა მას ქუსლს დაუგესლავდა, ის კი სატანას თავს გაუჭეჭყავდა და მის მომხრეებთან ერთად გაანადგურებდა. ის იმასაც გახდიდა ცხადს, რომ ღვთის სამეფო გამოასწორებდა ყველაფერს, რაც სატანის მიზეზით მოხდა, და დაამტკიცებდა, რომ იეჰოვაა უზენაესი მმართველი (ებრაელები 2:14; 1 იოანე 3:8). როგორ გააკეთებდა ამას იესო და ჩვენ როგორ მივბაძოთ მას? ეს საკითხები მომდევნო სტატიაში განვიხილოთ.
[სქოლიო]
a ისრაელის პირველი მეფე, რომელიც ღმერთმა აირჩია, ბენიამინის ტომიდან იყო (1 სამუელი 9:15, 16; 10:1).
-
-
თქვენც უჭერთ მხარს იეჰოვას უზენაეს მმართველობას?საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 დეკემბერი
-
-
თქვენც უჭერთ მხარს იეჰოვას უზენაეს მმართველობას?
«უთხარით ერებს: „გამეფდა იეჰოვა“» (ფსალმუნი 96:10).
1, 2. ა) რომელი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა ახ. წ. 29 წლის ოქტომბერში? ბ) რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს მოვლენა იესოსთვის?
უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომლის მსგავსიც ისტორიას არ ახსოვს, დაახლოებით ახ. წ. 29 წლის ოქტომბერში მოხდა. მათემ დაწერა: «როგორც კი მოინათლა, იესო წყლიდან ამოვიდა, და, აი, გაიხსნა ცა და იოანემ დაინახა, რომ იესოზე მტრედის სახით ეშვებოდა ღვთის სული. ციდან ხმაც გაისმა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“». ეს შემთხვევა ოთხივე სახარების დამწერმა აღწერა (მათე 3:16, 17; მარკოზი 1:9—11; ლუკა 3:21, 22; იოანე 1:32—34).
2 მას შემდეგ, რაც წმინდა სული ხილულად გადავიდა იესოზე, ის გახდა ცხებული ანუ მესია, ქრისტე (იოანე 1:33). როგორც იქნა, გამოჩნდა ნაწინასწარმეტყველები „შთამომავლობის“ მთავარი წევრი. იოანე ნათლისმცემლის წინაშე იდგა ის, ვისაც სატანა ქუსლს დაუგესლავდა და ვინც იეჰოვას, უზენაესი მმართველის დაუძინებელ მტერს თავს გაუჭეჭყავდა (დაბადება 3:15). იმ დროიდან მოყოლებული იესომ იცოდა, რომ უნდა შეესრულებინა იეჰოვას განზრახვა, რომელიც ღვთის უზენაეს მმართველობასა და სამეფოს ეხებოდა.
3. როგორ მოემზადა იესო, რომ მხარი დაეჭირა იეჰოვას უზენაესი მმართველობისთვის?
3 ახალი დავალების შესასრულებლად „წმინდა სულით აღვსილი იესო გამობრუნდა იორდანიდან. მას სული დაატარებდა უდაბნოში“ (ლუკა 4:1; მარკოზი 1:12). უდაბნოში იესო 40 დღის განმავლობაში ფიქრობდა უზენაესობის საკითხზე, რომელიც სატანამ წამოჭრა, და იმაზე, თუ როგორ დაეჭირა მხარი იეჰოვას უზენაესი მმართველობისთვის. ეს საკითხი ყველა ადამიანსა და ანგელოზს ეხება. ამიტომ ქვემოთ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეინარჩუნა იესომ ერთგულება, და ჩვენ როგორ მივბაძოთ მას, რომ მხარი დავუჭიროთ იეჰოვას უზენაეს მმართველობას (იობი 1:6—12; 2:2—6).
კიდევ ერთი გალაშქრება იეჰოვას უზენაესობის წინააღმდეგ
4. როგორ გაილაშქრა სატანამ იეჰოვას უზენაესობის წინააღმდეგ?
4 ფაქტია, რომ სატანას მომხდარი მოვლენები არ გამოეპარებოდა. მას დრო არ დაუკარგავს და დაუყოვნებლივ მიიტანა იერიში ქალის „შთამომავლობის“ მთავარ წევრზე (დაბადება 3:15). სატანამ იესო სამგზის გამოსცადა იმ მიზნით, რომ მას მხოლოდ საკუთარ თავზე ეფიქრა და მამის ნება არ შეესრულებინა. მესამედ რომ სცდიდა, სატანამ იეჰოვას უზენაესობის წინააღმდეგ გაილაშქრა. აჩვენა იესოს „მსოფლიოს ყველა სამეფო და მათი დიდება“, და უსირცხვილოდ უთხრა: „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დაემხობი და თაყვანს მცემ“. იესოს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ სატანა მართლაც ფლობდა „მსოფლიოს ყველა სამეფოს“, მაგრამ თავისი პასუხით იეჰოვას უზენაესობის მხარე დაიჭირა: «გამშორდი, სატანა! რადგან დაწერილია: „იეჰოვას, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“» (მათე 4:8—10).
5. რა მისია უნდა შეესრულებინა იესოს?
5 იესომ თავისი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ მისი უმთავრესი მიზანი იეჰოვას უზენაესობის მხარდაჭერა იყო. იესომ იცოდა, რომ სიკვდილამდე ერთგულების შენარჩუნებით უნდა დაემტკიცებინა იეჰოვას უზენაესობა, თუმცა როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, სატანა ქალის „შთამომავლობის“ მთავარ წევრს ქუსლში დაგესლავდა, რაც იესოს სიკვდილზე მიანიშნებდა (მათე 16:21; 17:12). მას აგრეთვე უნდა ექადაგა, რომ იეჰოვა თავისი სამეფოს მეშვეობით ბოლოს მოუღებდა მეამბოხე სატანას და აღადგენდა მშვიდობასა და წესრიგს (მათე 6:9, 10). რა გააკეთა იესომ იმისთვის, რომ ეს რთული მისია შეესრულებინა?
„მოახლოვდა ღვთის სამეფო“
6. როგორ აჩვენა იესომ, რომ სამეფოს მეშვეობით ღმერთი ‘დაამსხვრევს ეშმაკის საქმეებს’?
6 თავდაპირველად «იესო გალილეაში წავიდა და ღვთის სასიხარულო ცნობას ქადაგებდა. ასე ამბობდა: „დანიშნული დრო ამოიწურა და მოახლოვდა ღვთის სამეფო“» (მარკოზი 1:14, 15). იესო აგრეთვე ამბობდა: „უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ამისთვის ვარ გამოგზავნილი“ (ლუკა 4:18—21, 43). იესო ყველგან „ქადაგებდა და სასიხარულო ცნობას ამცნობდა ღვთის სამეფოს შესახებ“ (ლუკა 8:1). მას არაერთი სასწაული მოუხდენია — აპურებდა ხალხს, მართავდა ბუნების ძალებს, კურნავდა ავადმყოფებს და მკვდრებსაც კი აღადგენდა. ამ სასწაულებით იესომ დაამტკიცა, რომ ღმერთს შეუძლია ბოლო მოუღოს ედემის ბაღში ურჩობით გამოწვეულ ტანჯვა-წამებას და ‘დაამსხვრიოს ეშმაკის საქმეები’ (1 იოანე 3:8).
7. როგორ მოამზადა იესომ თავისი მიმდევრები, და რა შედეგი გამოიღო ამან?
7 სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ ყველგან რომ გაცხადებულიყო, იესომ შეკრიბა თავისი ერთგული მიმდევრები და ქადაგებისთვის მოამზადა. პირველად მან 12 მოციქული გაგზავნა, რომ „ექადაგათ ღვთის სამეფოს შესახებ“ (ლუკა 9:1, 2). შემდეგ 70 მოწაფე გაგზავნა, რომ ხალხისთვის ეთქვათ, „ღვთის სამეფო მოგიახლოვდათო“ (ლუკა 10:1, 8, 9). როდესაც მოციქულებმა იესოს აცნობეს, რომ სამეფოს შესახებ ქადაგება წარმატებით მიმდინარეობდა, იესომ მიუგო: „დავინახე, სატანა ელვასავით ჩამოვარდა ციდან“ (ლუკა 10:17, 18).
8. რა აჩვენა იესომ თავისი ცხოვრებით?
8 იესო თავს არ ზოგავდა, რომ სამეფოს შესახებ ექადაგა. ის უარს ამბობდა მყუდრო ცხოვრებაზე და დღედაღამ მსახურობდა. იესომ თქვა: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს — ბუდეები, კაცის ძეს კი თავის დასადები ადგილი არ გააჩნია“ (ლუკა 9:58; მარკოზი 6:31; იოანე 4:31—34). სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესომ გაბედულად განუცხადა პონტიუს პილატეს: „იმიტომ მოვედი ქვეყნიერებაზე, რომ ჭეშმარიტების შესახებ დამემოწმებინა“ (იოანე 18:37). იესო იმისთვის არ მოსულა, რომ დიდებული მასწავლებლის, სასწაულთმოქმედის ან თავგანწირული მხსნელის სახელი მოეპოვებინა. ის იმიტომ მოვიდა, რომ უზენაესი ღვთის, იეჰოვას ნება შეესრულებინა და დაემტკიცებინა, რომ ღმერთს შესწევს ძალა, სამეფოს მეშვეობით თავისი განზრახვა შეასრულოს. ეს ყოველივე კარგად გამოჩნდა იესოს ცხოვრებიდან (იოანე 14:6).
„შესრულდა!“
9. როგორ დაგესლა სატანამ ქუსლში ქალის „შთამომავლობის“ მთავარი წევრი?
9 სატანას, ღვთის დაუძინებელ მტერს, ხელს არ აძლევდა ის, რასაც იესო სამეფოსთვის აკეთებდა. სატანის „შთამომავლობის“ მიწიერი ნაწილის — პოლიტიკისა და რელიგიის — საშუალებით სატანა შეეცადა ქალის „შთამომავლობის“ მთავარი წევრის მოშორებას. დაბადებიდან სიკვდილამდე იესო სატანისა და მისი დამქაშების მთავარი სამიზნე არაერთხელ გამხდარა. ბოლოს, ახ. წ. 33 წლის გაზაფხულზე, დადგა დრო, როდესაც სატანა ქუსლში დაგესლავდა კაცის ძეს (მათე 20:18, 19; ლუკა 18:31—33). სახარებებში მოთხრობილია, თუ როგორ მართავდა სატანა ხალხს, მათ შორის იუდა ისკარიოტელს, უფროს მღვდლებს, მწიგნობრებს, ფარისევლებსა და რომაელებს, რათა ბრალი დაედოთ იესოსთვის და წამების ძელზე სიკვდილით დაესაჯათ (საქმეები 2:22, 23).
10. ძირითადად რა შესრულდა წამების ბოძზე იესოს სიკვდილით?
10 რა გახსენდებათ, როდესაც ფიქრობთ, როგორ აუტანელ ტკივილს იგრძნობდა ძელზე დაკიდებული იესო და ნელ-ნელა როგორ დალევდა სულს? შესაძლოა ცოდვილი კაცობრიობისთვის უანგაროდ გაღებული გამოსასყიდი (მათე 20:28; იოანე 15:13). შეიძლება იეჰოვას მიერ გამოვლენილი სიყვარული (იოანე 3:16). შესაძლოა გახსენდებათ რომაელი ასისთავის სიტყვები: „ეს ნამდვილად ღვთის ძე იყო“ (მათე 27:54). თუ ასეა, ამაში გასაკვირი არაფერია. მაგრამ გავიხსენოთ, რა სიტყვები წარმოთქვა ძელზე გაკრულმა იესომ სიკვდილის წინ: „შესრულდა!“ (იოანე 19:30). რა შესრულდა? იესოს არაერთი კარგი საქმე გაუკეთებია, მაგრამ ძირითადად იმიტომ მოვიდა დედამიწაზე, რომ იეჰოვას უზენაესობისთვის დაეჭირა მხარი. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, „შთამომავლობის“ მთავარი წევრი, იესო, უკიდურესად გამოიცდებოდა სატანის მიერ და ყოველმხრივ განწმენდდა იეჰოვას სახელს (ესაია 53:3—7). როგორც ვხედავთ, იესოს მეტად სერიოზული ვალდებულება ეკისრა, რაც წარმატებით შეასრულა.
11. რას გააკეთებს იესო იმისათვის, რომ თავიდან ბოლომდე შესრულდეს ედემის ბაღში წარმოთქმული წინასწარმეტყველება?
11 იესო, როგორც ერთგული მსახური, ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა, ოღონდ არა როგორც ადამიანი, არამედ როგორც „მაცოცხლებელი სული“ (1 კორინთელები 15:45; 1 პეტრე 3:18). თავის ძეს იეჰოვამ ასეთი დაპირება მისცა: „იჯექი ჩემ მარჯვნივ, სანამ შენს მტრებს შენ ფეხქვეშ არ მოვაქცევ“ (ფსალმუნი 110:1). „მტერში“ იგულისხმება მთავარი მოწინააღმდეგე სატანა და ყველა, ვინც მის „შთამომავლობაში“ შედის. იეჰოვას სამეფოს მეფე იესო, მესია, ბოლოს მოუღებს ყველა მოწინააღმდეგეს ზეცაშიც და დედამიწაზეც (გამოცხადება 12:7—9; 19:11—16; 20:1—3, 10). თავიდან ბოლომდე მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდება დაბადების 3:15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება. შესრულდება აგრეთვე იესოს ლოცვა, რომელიც თავის მიმდევრებს ასწავლა: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:10; ფილიპელები 2:8—11).
მისაბაძი მაგალითი
12, 13. ა) ეხმაურებიან თუ არა დღეს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას? ბ) რაზე უნდა დავფიქრდეთ, რომ ქრისტეს ნაკვალევს მივყვეთ?
12 სამეფოს შესახებ ქადაგება დღეს მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს, როგორც ეს იესომ იწინასწარმეტყველა (მათე 24:14). ღმერთს მილიონობით ადამიანი უძღვნის თავს. მათ ახარებთ ის, რომ ღვთის სამეფო კურთხევებს მოუტანთ. მოუთმენლად ელიან იმ დროს, როდესაც დედამიწაზე მშვიდობა დამყარდება, და ამის შესახებ სხვებსაც ესაუბრებიან (ფსალმუნი 37:11; 2 პეტრე 3:13). თუ ღვთის სამეფოს შესახებ თქვენც ქადაგებთ, შექებას იმსახურებთ. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც გვმართებს დაფიქრება.
13 მოციქულმა პეტრემ დაწერა: „ქრისტეც ხომ თქვენთვის ეტანჯა და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევს“ (1 პეტრე 2:21). საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში პეტრემ იმაზე კი არ გაამახვილა ყურადღება, რომ იესო ენთუზიაზმით ქადაგებდა და დახელოვნებული მასწავლებელი იყო, არამედ იმაზე, რომ იესო ეტანჯა. პეტრე თვითმხილველი იყო იმისა, რომ იესო საკუთარი სურვილით ეტანჯა, რათა იეჰოვას უზენაესობისთვის დაეჭირა მხარი და სატანა სიცრუეში ემხილებინა. ჩვენ როგორ მივყვეთ იესოს ნაკვალევს? ვკითხოთ საკუთარ თავს: „რამდენად მზად ვარ იმისათვის, რომ თუ საჭიროა, ვიტანჯო კიდეც იეჰოვას უზენაესობის მხარდასაჭერად? რამდენად აჩვენებს ჩემი ცხოვრება და მსახურება, რომ იეჰოვას უზენაესობის მხარდაჭერა ჩემი უმთავრესი მიზანია?“ (კოლოსელები 3:17).
14, 15. ა) როგორ მოიქცა იესო, როდესაც პეტრე უბიძგებდა, თავი შეეწყალებინა, და როდესაც გამეფება დაუპირეს, და რატომ? ბ) რომელი საკითხი უნდა გვახსოვდეს ყოველთვის? (იხილეთ ჩარჩო „დაიკავეთ იეჰოვას მხარე“).
14 ჩვენ ყოველდღე ვხვდებით სხვადასხვა განსაცდელს და გადაწყვეტილებების მიღებაც ყოველდღე გვიწევს. რა დაგვეხმარება, განვსაზღვროთ, როგორც მოვიქცევით ამა თუ იმ შემთხვევაში? მაგალითად, რა გავაკეთოთ, თუ ისეთი ცდუნების წინაშე აღმოვჩნდით, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს სულიერობას? როდესაც პეტრე იესოს ეუბნებოდა, თავი შეიწყალეო, როგორ მოიქცა იესო? მან უთხრა: „მომცილდი, სატანა!.. ღვთიურზე კი არა, ადამიანურზე ფიქრობ“ (მათე 16:21—23). თუ სულიერობის ხარჯზე გამდიდრების ან კარიერის შექმნის შესაძლებლობა მოგვეცა, მივბაძავთ იესოს? როდესაც გაიგო იესომ, რომ მისი სასწაულების თვითმხილველნი „მისვლას აპირებდნენ მის შესაპყრობად და გასამეფებლად“, დაუყოვნებლივ გაერიდა (იოანე 6:15).
15 ასე მტკიცედ რატომ იქცეოდა იესო? ხედავდა, რომ საქმე მხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას არ ეხებოდა. მას უნდოდა, რომ, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, თავისი მამის ნება შეესრულებინა და იეჰოვას უზენაესი მმართველობისთვის დაეჭირა მხარი (მათე 26:50—54). თუ იესოს მსგავსად მუდამ არ გვემახსოვრება ეს საკითხი, ყოველთვის იქნება კომპრომისზე წასვლის საშიშროება. რატომ? შეიძლება ადვილად გავხდეთ სატანის მსხვერპლი, რომელსაც შეუძლია არასწორი სწორად მოგვაჩვენოს, როგორც ევას მოაჩვენა (2 კორინთელები 11:14; 1 ტიმოთე 2:14).
16. რა უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი?
16 როდესაც ვქადაგებთ, ხალხს მათთვის საინტერესო საკითხებზე ვესაუბრებით და წამოჭრილ კითხვებზე პასუხებს ბიბლიიდან ვაჩვენებთ. ეს საკმაოდ ეფექტური საშუალებაა იმისათვის, რომ მათ ბიბლიის შესწავლის ინტერესი გავუღვივოთ. თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი მხოლოდ ის არ არის, რომ ხალხს დავანახოთ ბიბლიის თვალსაზრისი და ის, თუ რა კურთხევებს მოიტანს ღვთის სამეფო. მათ კარგად უნდა ესმოდეთ ღვთის უზენაესობის საკითხი. გახდებიან ისინი ჭეშმარიტი ქრისტიანები, აიღებენ „წამების ბოძს“ და მზად იქნებიან, რომ ღვთის სამეფოს გულისთვის ეტანჯონ კიდეც? (მარკოზი 8:34). მზად იქნებიან იმისათვის, რომ შეუერთდნენ იეჰოვას უზენაესობის მხარდამჭერთა რიგებს და დაამტკიცონ, რომ სატანა მატყუარაა და ცილისმწამებელი? (იგავები 27:11). დიდი ბედნიერებაა ის, რომ ჩვენც გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ იეჰოვას უზენაესობას და სხვებსაც დავეხმაროთ იმავეს გაკეთებაში (1 ტიმოთე 4:16).
როდესაც ღმერთი გახდება „ყველაფერი ყველასათვის“
17, 18. რა დიდებული დროის მომსწრენი გავხდებით, თუ იეჰოვას უზენაეს მმართველობას დავუჭერთ მხარს?
17 ჩვენ ჩვენი ცხოვრებითა და მსახურებით ვაჩვენებთ, რომ მხარს ვუჭერთ იეჰოვას უზენაეს მმართველობას. ამიტომ მოუთმენლად დაველოდებით იმ დროს, როდესაც იესო ქრისტე „თავის ღმერთსა და მამას გადასცემს სამეფოს“. რა მოხდება შემდეგ? მოციქული პავლე ამბობს: „როცა ის ბოლოს მოუღებს ყველა მმართველობას, ძალაუფლებასა და ძალას, და თავის ღმერთსა და მამას გადასცემს სამეფოს, რადგან მან უნდა იმეფოს, სანამ ღმერთი მის ფეხქვეშ არ მოაქცევს ყველა მტერს . . . მაშინ თვით ძეც დაემორჩილება მას, რომელმაც ყველაფერი დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველასთვის“ (1 კორინთელები 15:24, 25, 28).
18 დიდებული დრო დადგება მაშინ, როდესაც ღმერთი გახდება „ყველაფერი ყველასთვის“. იმ დროისათვის სამეფოს მიზანი მიღწეული იქნება. უზენაესი ღმერთის, იეჰოვას ყველა მოწინააღმდეგე განადგურდება. მთელ სამყაროში მშვიდობა და წესრიგი აღდგება. ყოველი ქმნილება ფსალმუნმომღერლის მსგავსად იმღერებს: «მიაგეთ იეჰოვას მისი სახელის დიდება . . . უთხარით ერებს: „გამეფდა იეჰოვა“» (ფსალმუნი 96:8, 10).
-