-
საბჭოთა კავშირი რელიგიას უტევსგამოიღვიძეთ! — 2001 | მაისი 8
-
-
საბჭოთა კავშირი რელიგიას უტევს
საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი დაარსდა 1922 წელს. მის შემადგენლობაში შემავალი თავდაპირველი ოთხი რესპუბლიკიდან ყველაზე დიდი და გამორჩეული იყო რუსეთი. დროთა განმავლობაში კავშირი გაიზარდა; მასში 15 რესპუბლიკა გაერთიანდა და მან დედამიწის ხმელეთის თითქმის მეექვსედი მოიცვა. მაგრამ 1991 წელს საბჭოთა კავშირი მოულოდნელად დაიშალაa. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი სახელმწიფო, რომელიც თავისი ხალხის გონებიდან ღვთისადმი რწმენის ძირფესვიანად აღმოფხვრას ცდილობდა.
საბჭოთა კავშირის პირველი მეთაური, ვლადიმერ ლენინი, კარლ მარქსის მიმდევარი გახლდათ — მარქსისა, რომელიც ქრისტიანობას ჩაგვრის იარაღად აღწერდა. რელიგიას მარქსი „ხალხის ოპიუმს“ უწოდებდა, ლენინმა კი მოგვიანებით განაცხადა: „ყოველი რელიგიური იდეა, ყოველი იდეა ყოველგვარ ღმერთუკას შესახებ, . . . ყოვლად წარმოუდგენელი სიბილწეა“.
1925 წელს, როდესაც რუსეთის მართლმადიდებელი პატრიარქი ტიხონი გარდაიცვალა, ეკლესიას არ მისცეს სხვა პატრიარქის არჩევის უფლება. ამას მოჰყვა თავდასხმა რელიგიაზე, რასაც შედეგად ეკლესიების შენობათა უმეტესობის დანგრევა თუ საერო საქმეებისთვის მათი გადაკეთება მოჰყვა. მღვდლებს შრომა-გასწორების კოლონიებისკენ უკრეს თავი, სადაც ბევრი მათგანი დაიღუპა. „იოსებ სტალინის მმართველობის დროს 20-იანი წლების დასასრულსა და 30-იან წლებში, — ნათქვამია ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“, — ეკლესია სისხლიანი რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ამ დევნისას ათასობით ადამიანი დახოცეს. 1939 წლისთვის მხოლოდ სამ თუ ოთხ მართლმადიდებელ ეპისკოპოსს შეეძლო ოფიციალურად მსახურება, 100 ეკლესიას კი — ფუნქციონირება“.
მაგრამ მოულოდნელად ღირსშესანიშნავი ცვლილება მოხდა.
მეორე მსოფლიო ომი და რელიგია
1939 წელს საბჭოთა კავშირის მაშინდელი მოკავშირე, ნაცისტური გერმანია, პოლონეთში შეიჭრა. ამ მოვლენამ მეორე მსოფლიო ომის დაწყება განაპირობა. ერთი წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირმა თავისი 15 რესპუბლიკიდან ბოლო 4 მიიერთა — ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და მოლდავეთი. მაგრამ 1941 წლის ივნისში გერმანიამ მძლავრი იერიში მიიტანა საბჭოთა კავშირზე, რითაც სტალინი საგონებელში ჩააგდო. წლის ბოლოსთვის გერმანიის ჯარმა მოსკოვის გარეუბნებამდე მიაღწია და, ერთი შეხედვით, საბჭოთა კავშირის დაცემა გარდაუვალი იყო.
სასოწარკვეთილებაში მყოფი სტალინი ერის მობილიზაციას ცდილობდა ამ ომისთვის, რომელსაც რუსებმა დიდი სამამულო ომი უწოდეს. სტალინი ხვდებოდა, რომ საომარ მოქმედებებში ხალხის მხარდაჭერის მისაღებად ეკლესიის მიმართ დათმობაზე უნდა წასულიყო, რადგან მილიონობით ადამიანი კვლავაც მორწმუნე იყო. რა მოჰყვა რელიგიის მხრივ სტალინის პოლიტიკის საოცარ შეცვლას?
ხალხთან ეკლესიის თანამშრომლობის შედეგად რუსი ხალხი მობილიზებულ იქნა ქვეყნის დასაცავად და 1945 წელს საბჭოთა კავშირმა გერმანელებზე სრული გამარჯვება მოიპოვა. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის მხრიდან რელიგიაზე შეტევა დროებით შეწყდა, მართლმადიდებლური ეკლესიების რიცხვი 25 000-მდე გაიზარდა, ხოლო მღვდლების რიცხვმა 33 000-ს მიაღწია.
შეტევა განახლდა
მაგრამ, სინამდვილეში, საბჭოთა ლიდერების ის მიზანი, რომ ხალხის გონებიდან ღვთის შესახებ ყოველგვარი წარმოდგენა აღმოეფხვრათ, უცვლელი დარჩა. ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ ხსნის: „1959—1964 წლებში ახალ ანტირელიგიურ მოძრაობას სათავეში სკკპ ცკ-ის მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი ჩაუდგა. ამ პერიოდში მოქმედი ეკლესიების რიცხვი შემცირდა — 10 000-ზე ნაკლები იყო. 1971 წელს პატრიარქ ალექსის სიკვდილის შემდეგ არჩეულ იქნა პატრიარქი პიმენი და, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიას ჯერ კიდევ მილიონობით ადამიანისგან შემდგარი ერთგული მრევლი ჰყავდა, მისი მომავალი გაურკვეველი იყოb“.
მოგვიანებით ვიმსჯელებთ იმის შესახებ, თუ როგორ გადაურჩა რუსული მართლმადიდებლური ეკლესია საბჭოთა კავშირის განახლებულ შემოტევას. მაგრამ როგორ იდგა სხვა რელიგიების საკითხი საბჭოთა კავშირში? რომელი მათგანი გახდა შეტევის მთავარი სამიზნე და რატომ? ეს საკითხი მომდევნო სტატიაში განიხილება.
[სქოლიოები]
a ქვემოთ ჩამოთვლილია ის 15 დამოუკიდებელი ქვეყანა, რომლებიც წინათ საბჭოთა რესპუბლიკები იყვნენ: აზერბაიჯანი, ბელარუსი, ესტონეთი, თურქმენეთი, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, რუსეთი, საქართველო, სომხეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა, ყაზახეთი და ყირგიზეთი.
b ალექსი I იყო რუსეთის მართლმადიდებელი პატრიარქი 1945—1970 წლებში, ხოლო ალექსი II — 1990 წლიდან დღემდე.
[სურათი 3 გვერდზე]
ლენინმა ‘ღვთის შესახებ ყოველ იდეას ყოვლად წარმოუდგენელი სიბილწე’ უწოდა.
[საავტორო უფლება]
Musée d’Histoire Contemporaine—BDIC
-
-
საბჭოთა კავშირის თავდასხმის მთავარი სამიზნეგამოიღვიძეთ! — 2001 | მაისი 8
-
-
საბჭოთა კავშირის თავდასხმის მთავარი სამიზნე
მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მოსაპოვებლად საბჭოთა კავშირი რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან გარკვეულ დათმობებზე წავიდა, მის საქმიანობაზე კონტროლს ინარჩუნებდა. ამიტომ, როგორც 1999 წელს სუკ-ის (საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის) ისტორიის შესახებ დაწერილ წიგნ „მახვილსა და ფარში“ („The Sword and the Shield“) შეინიშნებოდა, «სუკ-ს იმ ქრისტიანების „დანაშაულებრივი“ საქმიანობა უფრო აფიქრებდა, რომლებიც მის უშუალო კონტროლს არ ექვემდებარებოდნენ». რომელი რელიგიური ჯგუფებით ინტერესდებოდნენ ისინი?
ყველაზე დიდი იყო უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია (ამჟამად უკრაინის კათოლიკური ეკლესია). მას დაახლოებით 4 000 000 მიმდევარი ჰყავდა. „მახვილისა და ფარის“ თანახმად, „მისი ათი ეპისკოპოსიდან ორის გამოკლებით ყველა, ათასობით მღვდელსა და მორწმუნესთან ერთად, თავისი რწმენის გამო ციმბირის შრომა-გასწორების ბანაკებში დაიღუპა“. სუკ-ის სამიზნეს წარმოადგენდნენ არარეგისტრირებული პროტესტანტული ეკლესიებიც, რომლებსაც აგრეთვე უშუალოდ სახელმწიფო არ აკონტროლებდა. XX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოსთვის სუკ-ი ვარაუდობდა, რომ ამ პროტესტანტულ ჯგუფებს მთლიანობაში 100 000-მდე წევრი უნდა ჰყოლოდა.
იეჰოვას მოწმეებს სუკ-ი პროტესტანტულ დაჯგუფებად თვლიდა. 1968 წელს სუკ-ში ვარაუდობდნენ, რომ მოწმეთა რიცხვი საბჭოთა კავშირში დაახლოებით 20 000 იყო. 1939 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყების დროისთვის მოწმეები რიცხობრივად ცოტანი იყვნენ. ამიტომაც, მათ განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევდნენ. მაგრამ მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა, როდესაც საბჭოთა კავშირში მოულოდნელად ათასობით მოწმე აღმოჩნდა. როგორ მოხდა ეს?
იწყება საოცარი ზრდა
უოლტერ კოლარზმა თავის წიგნში „რელიგია საბჭოთა კავშირში“, რომელიც 1961 წელს გამოქვეყნდა, ამ გასაოცარი ზრდის ხელშემწყობ ორ ფაქტორს გაუსვა ხაზი. ერთი, როგორც მან აღნიშნა, იყო ის, რომ „1939—40 წლებში საბჭოთა კავშირის მიერ ანექსირებულ ტერიტორიებზე“ — ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთსა და მოლდავეთში — მრავლად იყო „იეჰოვას მოწმეთა აქტიური ჯგუფები“. გარდა ამისა, აღმოსავლეთ პოლონეთისა და ჩეხოსლოვაკიის გარკვეული ტერიტორიებიც, რომლებზეც ათასზე მეტი მოწმე ცხოვრობდა, საბჭოთა კავშირმა ძალით მიიერთა და უკრაინის ნაწილად აქცია. ამგვარად, ყველა ეს მოწმე მოულოდნელად საბჭოთა კავშირში აღმოჩნდა.
შემდგომი ზრდა, „რა დაუჯერებლადაც უნდა ჟღერდეს ეს, — წერს კოლარზი, — გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკების არსებობამ განაპირობა“. ნაცისტებმა ათასობით მოწმე დააპატიმრეს იმის გამო, რომ უარი თქვეს ჰიტლერისა და მისი დაპყრობითი ომისთვის მხარდაჭერაზე. კოლარზმა ახსნა, რომ ამ ბანაკებში მოხვედრილი რუსი ტყვეები „მოწმეების სიმამაცემ და სიმტკიცემ აღაფრთოვანა და, შესაძლოა, ამის გამო მათი თეოლოგია მათთვის მიმზიდველი გახდა“. შედეგად, ბევრი ახალგაზრდა რუსი ამ ბანაკებიდან იეჰოვა ღმერთისა და დედამიწისადმი მისი შესანიშნავი განზრახვების შესახებ ახალშეძენილი რწმენით დაბრუნდა საბჭოთა კავშირში (ფსალმუნი 36:29; გამოცხადება 21:3, 4).
ამ ფაქტორების გამო საბჭოთა კავშირში მალე მოწმეთა რიცხვმა ათასებს მიაღწია. 1946 წლის დასაწყისისთვის იქ, სულ მცირე, 1 600 მოწმე იყო, ხოლო ამ ათწლეულის დასასრულს კი — 8 000-ზე მეტი. ამ ზრდას დიდი შეშფოთებით ადევნებდა თვალყურს სუკ-ი, რომელსაც, როგორც ადრე იყო აღნიშნული, განსაკუთრებით აფიქრებდა „იმ ქრისტიანების საქმიანობა, რომელნიც მის უშუალო კონტროლს არ ექვემდებარებოდნენ“.
იწყება იერიში
მიუხედავად იმისა, რომ მოწმეთა რიცხვი საბჭოთა კავშირში შედარებით მცირე იყო, მათ თავგამოდებულ სამქადაგებლო საქმიანობაზე მალე საბჭოთა ხელისუფლებამ იერიში მიიტანა. ესტონეთში შემოტევა დაიწყო 1948 წლის აგვისტოში, როდესაც ხუთი ადამიანი, რომლებიც ხელმძღვანელობას უწევდნენ საქმიანობას, დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. „მალე გამოაშკარავდა, რომ სუკ-ს ყველას დაპატიმრება სურდა,“ — შენიშნა ესტონელმა მოწმემ ლემბით ტოუმმა. სადაც უნდა ეცხოვრათ მოწმეებს საბჭოთა კავშირში, ეს ყოველ მათგანს ეხებოდა.
საბჭოთა კავშირში მოწმეებს ყველაზე საშიშ ბოროტმოქმედებად და ათეისტური საბჭოთა სახელმწიფოსთვის უდიდეს საშიშროებად წარმოადგენდნენ. ამიტომაც მათ ყველგან დევნიდნენ, აპატიმრებდნენ და ციხეში სვამდნენ. „მახვილსა და ფარში“ ნათქვამია: „სუკ-ის აკვიატებული აზრები იეღოველებზე შეიძლება იმის აშკარა მაჩვენებელი იყო, რომ სუკ-ს ზომიერების არანაირი გრძნობა არ გააჩნდა, როდესაც სხვაგვარი აზროვნების თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო ფორმას აწყდებოდა“.
ამ აკვიატებული აზრის არსებობა ნათლად გამოაშკარავდა 1951 წლის აპრილში მოწმეების წინააღმდეგ მიმართული კარგად დაგეგმილი იერიშით. ორიოდე წლის წინათ, 1999 წელს, პატივცემულმა რუსმა რელიგიათმცოდნემ, პროფესორმა სერგეი ივანენკომ, თავის წიგნში „ხალხი, რომელიც არასდროს შორდება ბიბლიას“ აღნიშნა, რომ 1951 წლის აპრილის დასაწყისში „იეჰოვას მოწმეთა 5 000-ზე მეტი ოჯახი უკრაინიდან, ბელორუსიიდან, მოლდავეთიდან და ბალტიისპირეთის საბჭოთა რესპუბლიკებიდან მუდმივად გადაასახლეს ციმბირში, შორეულ აღმოსავლეთსა და ყაზახეთში“.
ამის დავიწყება შეუძლებელია
შეგიძლიათ ამ იერიშის დროს გამოვლენილი ძალისხმევის წარმოდგენა — ასეთი დიდი ტერიტორიიდან მოწმეთა ათასობით ოჯახის თავშეყრა ერთ დღეში? წარმოიდგინეთ ასობით ან ათასობით ადამიანის ორგანიზება და შეთანხმებული მოქმედება იმისათვის, რომ, უპირველეს ყოვლისა, დაედგინათ მოწმეების ვინაობა და შემდეგ, ღამის წყვდიადში, ერთსა და იმავე დროს მათ სახლებს მოულოდნელად თავს დასხმოდნენ, ურმებით, საზიდრებითა და სხვა გადამზიდი საშუალებებით რკინიგზის სადგურებამდე მიეყვანათ და სატვირთო ვაგონებით გაემგზავრებინათ.
მსხვერპლთა ტანჯვაზეც დავფიქრდეთ. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორი უნდა ყოფილიყო იძულებით მგზავრობა ათასობით კილომეტრზე — სამი ან მეტი კვირის განმავლობაში — გადაჭედილი, ბინძური სატვირთო ვაგონით, სადაც საპირფარეშოს მაგივრად მხოლოდ ვედრო იყო? და შეეცადეთ წარმოიდგინოთ, რას ნიშნავს, როდესაც ციმბირის უდაბურ ადგილას ჩამოგსვამენ და იცი, რომ ამ მკაცრ პირობებში სიცოცხლის შესანარჩუნებლად უკანასკნელი ძალ-ღონის დაძაბვა მოგიწევს.
წინა თვეში 1951 წლის აპრილში იეჰოვას მოწმეთა გადასახლებიდან 50-ე წლისთავი შესრულდა. ათწლეულების განმავლობაში დევნა-შევიწროების მიუხედავად, მოწმეების მიერ გამოვლენილი ერთგულების შესახებ ისტორიის გადმოსაცემად, ვიდეოფირზე აღიბეჭდა იმ ადამიანების მონათხრობი, რომლებმაც ის პერიოდი გამოიარეს. ამით გამოაშკარავდა ის, რომ — ისევე როგორც პირველი საუკუნის ქრისტიანების შემთხვევაში — ღვთისგან ადამიანთა ჩამოშორების მცდელობები, საბოლოო ჯამში, წარუმატებელია.
რა მოიტანა გადასახლებამ
საბჭოთა ხელისუფლება მალე მიხვდა, რომ მოწმეების მოწყვეტა იეჰოვას თაყვანისმცემლობისგან გაცილებით რთული უნდა ყოფილიყო, ვიდრე ეგონათ. თავიანთი დამტყვევებლების წინააღმდეგობის მიუხედავად, მოწმეები გზად იეჰოვას სადიდებელ სიმღერებს მღეროდნენ და მატარებლის ვაგონებზე აბრებს ჰკიდებდნენ: „მატარებელში იეჰოვას მოწმეები არიან“. ერთმა მოწმემ გაიხსენა: „რკინიგზის სადგურებზე, რომლებსაც გზად გავდიოდით, ვხვდებოდით სხვა მატარებლებს, რომლებსაც გადასახლებულები გადაჰყავდა, და ვაგონებზე ჩამოკიდებულ აბრებს ვხედავდით“. ეს დიდად ამხნევებდა მოწმეებს!
მაშასადამე, გულგატეხილობის ნაცვლად, გადასახლებულები ავლენდნენ იმ სულს, რომელიც იესოს მოციქულებს ჰქონდათ. ბიბლია მოგვითხრობს, რომ მას შემდეგ, რაც გაამათრახეს და ქადაგების შეწყვეტა უბრძანეს, ისინი „დაუცხრომლად ასწავლიდნენ და ახარებდნენ . . . ქრისტე იესოს“ (საქმეები 5:40—42). მართლაც, როგორც კოლარზმა თქვა გადასახლების შესახებ, „ეს არ იყო მოწმეების აღსასრული რუსეთში. ეს მათი პროზელიტური საქმიანობის ახალი ეტაპის დასაწყისი იყო. ციმბირისკენ მიმავალ გზაზე, როდესაც მატარებლები ჩერდებოდა, ისინი სადგურებშიც კი ცდილობდნენ თავიანთი რწმენის ქადაგებას“.
სხვადასხვა დანიშნულების ადგილზე ჩასვლის შემდეგ მორჩილებისა და მუყაითად შრომის გამო მოწმეებს კარგი რეპუტაცია შეექმნათ. მაგრამ, ამავე დროს, ისინი, ქრისტეს მოციქულების მსგავსად, ფაქტობრივად, ეუბნებოდნენ თავიანთ მჩაგვრელებს: ‘ჩვენ არ შეგვიძლია, არ ვილაპარაკოთ ჩვენი ღვთის შესახებ’ (საქმეები 4:20). ბევრი ისმენდა იმას, რასაც მოწმეები ასწავლიდნენ, და შეუერთდნენ მათ ღვთისათვის მსახურებაში.
შედეგი იყო ზუსტად ის, რასაც კოლარზი ამბობდა: „მოწმეების გადასახლებით საბჭოთა მთავრობამ საუკეთესოდ შეუწყო ხელი მათი რწმენის გავრცელებას. სოფლის იზოლაციიდან [დასავლეთში მდებარე საბჭოთა რესპუბლიკებიდან] მოწმეები უფრო ფართო სამყაროში იქნენ გადაყვანილი, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკონცენტრაციო და შრომა-გასწორების ბანაკების საშინელი სამყარო იყო“.
ზრდის საწინააღმდეგო მცდელობები
დროთა განმავლობაში, იეჰოვას მოწმეების მოღვაწეობის შესაჩერებლად საბჭოთა მთავრობამ სხვა მეთოდებს მიმართა. ვინაიდან და რადგანაც სასტიკმა დევნა-შევიწროებამ სასურველი შედეგები არ გამოიღო, ცრუ პროპაგანდის კარგად შემუშავებული პროგრამა აამოქმედეს. გამოუშვეს წიგნები, ფილმები, რადიოპროგრამები, სუკ-ის გაწვრთნილი აგენტებიც შეაპარეს კრებებში — ყველა ხერხს მიმართეს.
მოწმეების შესახებ ფართოდ გავრცელებული არასწორი წარმოდგენის გამო ბევრი შიშითა და უნდობლობით უყურებდა მათ, როგორც 1982 წლის აგვისტოს „რიდერზ დაიჯესტში“ (კანადური გამოცემა) გამოქვეყნებული ერთი სტატიიდანაც ჩანს. სტატიის ავტორი, რუსი მამაკაცი, ვლადიმერ ბუკოვსკი, რომელსაც 1976 წელს ინგლისში იმიგრირების უფლება მისცეს, წერდა: „ერთ საღამოს ლონდონში ერთ-ერთ შენობაზე შევამჩნიე აბრა წარწერით: იეჰოვას მოწმეები . . . მეტი ვეღარაფერი წავიკითხე, გავშტერდი, თითქმის პანიკაში ჩავვარდი“.
ვლადიმერმა ახსნა, თუ რატომ იყო ის ასე შეშინებული: „ისინი სექტანტები არიან, რომლებითაც ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში ბავშვებს აშინებს . . . ნამდვილ მოწმეებს სსრკ-ში მხოლოდ ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში შეხვდებით. და აი ახლა მე ამ აბრის პირისპირ ვიდექი. შევიდოდა კი ვინმე შიგნით და მიესალმებოდა მათ მეგობრულად?“ — იკითხა მან. თავისი შეშფოთების მიზეზის ხაზგასასმელად ვლადიმერმა დასძინა: „ჩვენს ქვეყანაში მოწმეებს ისეთივე გააფთრებით დასდევენ, როგორც მაფიას, და ისინი საიდუმლოების იმავე ბურუსით არიან მოცული, როგორითაც — მაფიოზები“.
სასტიკი დევნისა და ცრუ პროპაგანდის მიუხედავად, მოწმეები გულმოდგინედ განაგრძობდნენ საქმიანობას და რიცხობრივად იზრდებოდნენ. საბჭოთა პერიოდში გამოცემულ ისეთ წიგნებში, როგორიცაა, მაგალითად, 1978 წელს გამოქვეყნებული წიგნი «იეჰოვას მოწმეთა „ჭეშმარიტებანი“», რომლის ტირაჟიც რუსულ ენაზე 100 000 ეგზემპლარს ითვლიდა, მოწმეების წინააღმდეგ მიმართული გაძლიერებული პროპაგანდის წამოწყება იყო შემოთავაზებული. ავტორი ვ. კონიკი, რომელმაც აღწერა, თუ როგორ ქადაგებდნენ მოწმეები მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად, რჩევას იძლეოდა: „საბჭოთა რელიგიათმცოდნეებმა იეჰოვას მოწმეთა სწავლებების უარსაყოფად უფრო ეფექტური მეთოდები უნდა გამოძებნონ“.
რატომ არიან მიზანში ამოღებული?
მარტივად რომ ვთქვათ, იეჰოვას მოწმეები საბჭოთა ხელისუფლების მთავარი სამიზნე იყვნენ იმის გამო, რომ იესოს ადრინდელ მიმდევრებს ჰბაძავდნენ. პირველ საუკუნეში მოციქულებს უბრძანეს, ‘არ ესწავლებინათ [იესოს] სახელით’. მაგრამ მოგვიანებით მათმა მდევნელებმა უსაყვედურეს მოციქულებს: „აჰა, თქვენი მოძღვრებით აავსეთ იერუსალიმი“. მოციქულებს არ უარუყვიათ, რომ, აკრძალვის მიუხედავად, ქადაგებდნენ, მაგრამ პატივისცემით უპასუხეს: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს“ (საქმეები 5:27—29).
დღესაც, იეჰოვას მოწმეებს გულთან ახლოს მიაქვთ ის ბრძანება, რომლითაც იესომ თავის მიმდევრებს მიმართა, რომ ‘ექადაგათ ხალხისთვის და დაემოწმებინათ’ (საქმეები 10:42). თავის წიგნში „The Kremlin’s Human Dilemma“ მორის ჰინდესი ამბობდა, რომ მოწმეები „თავგამოდებული ქადაგების გამო მოსკოვისთვის განსაკუთრებით მძიმე ტვირთად“ იქცნენ და „საბჭოთა მილიციასთან მუდმივი კონფლიქტი შეექმნათ“. მან დასძინა: „მათ ვერაფერი შეაჩერებს. ერთ ადგილას თუ აფერხებდნენ მათ, მოულოდნელად სხვაგან ჩნდებოდნენ“.
„რამდენადაც ვიცი, — წერდა რუსი ისტორიკოსი სერგეი ივანენკო, — იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია იყო ერთადერთი რელიგიური ორგანიზაცია სსრკ-ში, რომელიც, აკრძალვისა და დევნის მიუხედავად, რიცხობრივად გაიზარდა“. რასაკვირველია, არსებობას სხვა რელიგიებიც განაგრძობდნენ, რომელთა შორისაც ყველაზე მეტად რუსული მართლმადიდებლური ეკლესია გამოირჩევა. თქვენთვის საინტერესო იქნება იმის გაგება, თუ როგორ გადაურჩნენ საბჭოთა კავშირის შემოტევას ეკლესია და მოწმეები.
[ჩარჩო 6 გვერდზე]
„უსასტიკესად დევნილნი“
1964 წელს გამოცემულ წიგნში „მოკლე ენციკლოპედია რუსეთზე“ ნათქვამი იყო, რომ იეჰოვას მოწმეები „პროზელიტურ საქმიანობას ძალიან აქტიურად ეწეოდნენ“ და რომ „საბჭოთა კავშირში უსასტიკესად დევნილ რელიგიურ საზოგადოებას“ წარმოადგენდნენ.
[ჩარჩო⁄სურათი 7 გვერდზე]
ათასებიდან ერთ-ერთი ფიოდორ კალინი აღწერს თავისი ოჯახის გადასახლებას
ჩვენი ოჯახი ცხოვრობდა დასავლეთ უკრაინაში მდებარე სოფელ ვილშანიცაში. 1951 წლის 8 აპრილს დილით, გათენებულიც რომ არ იყო, თავს დაგვადგნენ მილიციელები ძაღლებით, გაგვაღვიძეს და გვითხრეს, რომ, მოსკოვის მთავრობის დადგენილებით, ციმბირში უნდა გავეგზავნეთ. მაგრამ, თუ ხელს მოვაწერდით დოკუმენტს, რომლითაც იეჰოვას მოწმეობაზე უარს განვაცხადებდით, შეგვეძლო დავრჩენილიყავით. ჩვენმა შვიდკაციანმა ოჯახმა, მათ შორის ჩემმა მშობლებმა და და-ძმებმა, ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. მაშინ 19 წლის ვიყავი.
ერთმა მილიციელმა გვითხრა: „თან წაიღეთ ლობიო, სიმინდი, ფქვილი, მწნილი, კომბოსტო — ბავშვებს აბა რა უნდა აჭამოთ?“. ღორისა და რამდენიმე ქათმის დაკვლისა და ხორცის თან წაღების უფლებაც მოგვცეს. ყველაფერი ორ ცხენშებმულ ურემზე დავტიეთ და ქალაქ ხრიპლინში ჩავიტანეთ. იქ ჩვენი ხალხიდან 40 თუ 50 კაცი სატვირთო ვაგონში შეგვყარეს და კარი ჩაგვიკეტეს.
საწოლის ნაცვლად, ვაგონში სულ რამდენიმე ფიცარი იყო, ეს კი ყველასთვის არ იყო საკმარისი; იყო აგრეთვე ღუმელი ცოტაოდენი ნახშირითა და შეშით. საჭმელს ღუმელზე ვაკეთებდით და ამისათვის თან წამოღებულ ჭურჭელს ვიყენებდით. მაგრამ იქ არ იყო საპირფარეშო — ჩვენ, უბრალოდ, ვედროს უნდა დავჯერებოდით. შემდგომ, იატაკზე მრგვალი ამონაჭერი გავაკეთეთ, ვედრო შიგ ჩავამაგრეთ და იმისათვის, რომ ეს ადგილი თვალს მოფარებოდა, მის გარშემო საბნები დავკიდეთ.
ძალიან ვიწროდ ვიყავით ამ სატვირთო ვაგონში და ასეთ მდგომარეობაში ნელ-ნელა მივუყვებოდით გზას, რომელიც ათასობით კილომეტრზე იყო გადაჭიმული და რომელსაც უცნობი დანიშნულების ადგილისკენ მივყავდით. თავიდან ცოტა გულგატეხილები ვიყავით, მაგრამ როგორც კი სამეფო სიმღერების ერთად მღერა დავიწყეთ — თანაც ისეთი შემართებითა და ძალით, რომ მოგვიანებით ძლივსღა ვლაპარაკობდით — სიხარული ვიგრძენით. მეთაური შემოაღებდა ხოლმე კარს და გვეუბნებოდა, რომ სიმღერა შეგვეწყვიტა, მაგრამ სანამ ბოლომდე არ ვიმღერებდით, არ ვჩერდებოდით. გზად, სადგურებზე გაჩერებისას, ბევრმა გაიგო, რომ იეჰოვას მოწმეებს ასახლებდნენ. ბოლოს, სატვირთო ვაგონით 17 თუ 18 დღის მგზავრობის შემდეგ გადმოგვსხეს ციმბირში, ბაიკალის ტბის მახლობლად.
[სურათი]
ვდგავარ უკან, მარჯვნივ.
[ჩარჩო⁄სურათი 8 გვერდზე]
„არმაგედონი“ საბჭოთა პროპაგანდისტული ფილმი
იეჰოვას მოწმეებისადმი უნდობლობის გაჩენის მიზნით საბჭოთა კავშირში გამოუშვეს ფილმი, სახელწოდებით „არმაგედონი“. მასში საბჭოთა ჯარში მომსახურე ბიჭისა და მოწმეებში შეტყუებული გოგონას მოგონილი სასიყვარულო ისტორია იყო აღწერილი. ფილმის დასასრულს გოგონას უმცროსი და იღუპება უბედური შემთხვევით, რომელშიც მოწმე უხუცესს მიუძღვის ბრალი. უხუცესი ფილმში ამერიკის ჯაშუშად არის წარმოდგენილი.
მაყურებლებში აღელვებისა და აღშფოთების გამომწვევი ფილმის კომენტირებისას უკრაინული გაზეთის, „წითელი ალმის“, 1963 წლის 14 მაისის გამოცემაში ნათქვამი იყო: „ამგვარად წარმოდგენილი ათეისტური პროპაგანდა ეფექტური და დამაჯერებელია, და ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქვეყნის სხვადასხვა სოფელში, სადაც მსგავს ფილმებს უჩვენებენ“.
[სურათი 6 გვერდზე]
ათასობით მოწმე სატვირთო მატარებლებით გადაასახლეს ციმბირში.
-
-
როგორ გადარჩა რელიგიაგამოიღვიძეთ! — 2001 | მაისი 8
-
-
როგორ გადარჩა რელიგია
იმ დროისთვის, როდესაც 1941 წელს ნაცისტური გერმანია რუსეთში შეიჭრა, რუსული მართლმადიდებლური ეკლესია საბჭოთა კავშირში, ფაქტობრივად, განადგურებული იყო. მაგრამ, ნაცისტების შემოსევის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ რელიგიის მიმართ თავისი დამოკიდებულება შეცვალა. რა იყო ამის მიზეზი?
ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორი თანამედროვე ისტორიის დარგში, რიჩარდ ოვერი, თავის წიგნში „რუსეთის ომი — სისხლით შეღებილი თოვლი“ ხსნიდა: „ეკლესიის მეთაურმა, მიტროპოლიტმა სერგიმ, გერმანელების შემოსევის დღესვე მიმართა მორწმუნეებს, გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერი ეღონათ. მომდევნო ორი წლის მანძილზე მან გამოაქვეყნა არანაკლებ ოცდასამი ეპისტოლესი, სადაც მრევლს მოუწოდებდა, ებრძოლათ იმ უღვთო სახელმწიფოსთვის, რომელშიც ცხოვრობდნენ“. ამგვარად, როგორც ოვერიმ განაგრძო, „სტალინმა რელიგიას კვლავ აღორძინების ნება დართო“.
1943 წელს სტალინმა საბოლოოდ განაცხადა თანხმობა მართლმადიდებლური ეკლესიის აღიარებაზე იმით, რომ სერგი ეკლესიის ახალ პატრიარქად დანიშნა. „პასუხად, ეკლესიის მმართველი ფენის წარმომადგენლები მორწმუნეებისგან კრებდნენ ფულს, რომ საბჭოთა სატანკო ბრიგადები დაეფინანსებინათ, — შენიშნავს ოვერი, — მღვდლები და ეპისკოპოსები თავიანთ საკრებულოს ღვთისა და სტალინისადმი რწმენის დაცვისკენ მოუწოდებდნენ“.
რუსეთის ისტორიის ამ პერიოდის აღწერისას რუსმა რელიგიათმცოდნემ სერგეი ივანენკომ დაწერა: ‘რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური გამოცემა „მოსკოვის საპატრიარქოს ჟურნალი“ განადიდებდა სტალინს, როგორც ყველა დროისა და ხალხების უდიდეს ბელადსა და მოძღვარს, რომელიც ღმერთმა გამოგზავნა მემამულეებისა და კაპიტალისტების მიერ ჩაგრული ხალხის სახსნელად. ის მოუხმობდა მორწმუნეებს, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოლათ მტრებისგან სსრკ-ს დასაცავად და ყველაფერი გაეღოთ კომუნიზმის ასაშენებლად’.
„დიდად აფასებდა სუკ-ი“
1945 წელს მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგაც კი მართლმადიდებლური ეკლესია კვლავაც კომუნისტების ინტერესებს ემსახურებოდა. ჰარისონ სოლზბერის მიერ გამოცემულ წიგნში „საბჭოთა კავშირი — ორმოცდაათი წელი“, ახსნილია ეს ფაქტი: „ომის დამთავრების შემდეგ ეკლესიის მეთაურებმა მხარი დაუჭირეს სტალინს ცივ ომთან დაკავშირებული საგარეო პოლიტიკის მოთხოვნების საკითხში“.
ადრე მოხსენიებულ წიგნში „მახვილი და ფარი“ აღწერილია, თუ როგორ ემსახურებოდნენ საბჭოთა კავშირის ინტერესებს ეკლესიის მეთაურები. წიგნში მოთხრობილია, რომ პატრიარქი ალექსი I, რომელმაც 1945 წელს სერგის შემდეგ პატრიარქის ტახტი დაიმკვიდრა, «შეუერთდა 1949 წელს დაარსებულ პროსაბჭოურ ორგანიზაციას „მშვიდობის მსოფლიო საბჭო“». წიგნში აგრეთვე აღინიშნება, რომ მას და მიტროპოლიტ ნიკოლოზს „დიდად აფასებდა სუკ-ი [საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი], როგორც მათ, რომელთა მეშვეობითაც სახელმწიფოს თავისი გავლენის მოხდენა შეეძლო ხალხზე“.
აღსანიშნავია ის, რომ 1955 წელს პატრიარქმა ალექსი I-მა განაცხადა: „რუსული მართლმადიდებლური ეკლესია ჩვენი მთავრობის აბსოლუტურად მშვიდობიან საგარეო პოლიტიკას მხარს უჭერს არა იმიტომ, რომ ეკლესიას, თითქოსდა, თავისუფლება აკლდეს, არამედ იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირი სამართლიან პოლიტიკას ატარებს და ეს პოლიტიკა შეესატყვისება იმ ქრისტიანულ იდეალებს, რომელთაც ეკლესია ქადაგებს“.
ლონდონში (ინგლისი) გამომავალი გაზეთის, „გარდიანის“, 2000 წლის 22 იანვრის გამოცემაში მოყვანილი იყო განდგომილი მართლმადიდებელი მღვდლის, გიორგი ედელშტაინის, სიტყვები: „ყველა ეპისკოპოსი საგულდაგულოდ იყო არჩეული იმისათვის, რომ საბჭოთა მთავრობასთან ეთანამშრომლათ. ყველა სუკ-ის აგენტი იყო. ცნობილია, რომ პატრიარქი ალექსი სუკ-ს მოსყიდული ჰყავდა და მისი კოდური სახელი დროზდოვი იყო. ეპისკოპოსები დღესაც იგივე პოლიტიკას ეწევიან, რასაც 20 თუ 30 წლის წინათ“.
საბჭოთა სახელმწიფოს მოსამსახურე
მართლმადიდებლურ ეკლესიასა და საბჭოთა მთავრობას შორის არსებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ჟურნალ „ლაიფის“ 1959 წლის 14 სექტემბრის გამოცემაში ნათქვამი იყო: „სტალინი გარკვეულ დათმობაზე წავიდა რელიგიის მიმართ, და ეკლესია მას, როგორც მეფეს, ისე ეპყრობოდა. მთავრობის საგანგებო სამინისტროს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან თანამშრომლობა დაევალა და მას შემდეგ კომუნისტები ეკლესიას საბჭოთა სახელმწიფოს იარაღად იყენებდნენ“.
რუსული ეკლესიის საქმიანობაში გარკვეული სპეციალისტი, მეთიუ სპინკა, თავის წიგნში „ეკლესია საბჭოთა რუსეთში“, რომელიც 1956 წელს გამოიცა, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის მჭიდრო ურთიერთობის არსებობას ადასტურებდა. „ახლანდელმა პატრიარქმა ალექსიმ, — წერდა ის, — ეკლესია შეგნებულად აქცია მთავრობის იარაღად“. მართლაცდა, მართლმადიდებლური ეკლესია, სინამდვილეში, იმან გადაარჩინა, რომ სახელმწიფოს მოსამსახურე გახდა. „მაგრამ განა ეს საძრახისია?“ — შეიძლება იკითხოთ. მაშ, დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ უყურებენ ამ საკითხს ღმერთი და ქრისტე.
იესო ქრისტემ უთხრა თავის ჭეშმარიტ მოწაფეებს: „არ ხართ წუთისოფლისანი, არამედ მე გამოგარჩიეთ წუთისოფლიდან“. ღვთის სიტყვაში დასმულია კითხვა: „მრუშნო, განა არ იცით, რომ წუთისოფლის მეგობრობა, ღვთის მტრობაა?“ (იოანე 15:19; იაკობი 4:4). ასე რომ, ბიბლიის თანახმად, ეკლესიამ თავი იქცია რელიგიურ მეძავად, რომელთანაც „მეძაობდნენ დედამიწის მეფეები“. მან დაგვანახვა, რომ წარმოადგენს იმის ნაწილს, რასაც ბიბლია ‘დიდ ბაბილონს, მეძავთა და დედამიწის სიბილწეთა დედას’ უწოდებს (გამოცხადება 17:1—6).
როგორ გადარჩნენ მოწმეები
ამის საპირისპიროდ, იესო ქრისტემ ნათელყო, თუ რის მიხედვით უნდა ამოეცნოთ მისი ჭეშმარიტი მიმდევრები; მან თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:35). ზუსტად ეს სიყვარული იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში იეჰოვას მოწმეთა გადარჩენის ძირითადი ფაქტორი, როგორც წიგნ „მახვილსა და ფარში“ მოცემული ცნობიდან ჩანს: „იეღოველები ყველანაირად მხარში უდგანან თავიანთ თანამორწმუნეებს, რომლებიც [შრომა-გასწორებით] ბანაკებში თუ მუდმივ გადასახლებაში იმყოფებიან. ისინი მათ ფულით, საკვებითა და ტანსაცმლით ამარაგებენ“.
დაპატიმრებულთათვის მიწოდებულ „საკვებში“ სულიერი „პროდუქტებიც“ შედიოდა — ბიბლიები და ბიბლიური ლიტერატურა. ბიბლიაში ჩაწერილია ‘ღვთის სიტყვები’, რომლებიც, იესოს თქმით, ჩვენი სულიერი სიცოცხლისათვის არის აუცილებელი (მათე 4:4). ლიტერატურა ბანაკებში საიდუმლოდ შეჰქონდათ; ეს დიდ საფრთხესთან იყო დაკავშირებული, რადგან აღმოჩენის შემთხვევაში ლიტერატურის შემომტან ნებისმიერ ადამიანს სასტიკად სჯიდნენ.
1962-1966 წლებში ლატვიელი ქალი, ჰელენა ცელმინია, დაპატიმრებული იყო და რუსეთში, პოტმის ბანაკში, იხდიდა სასჯელს. მან დაწერა წიგნი „ქალები საბჭოთა ციხეებში“, რომელშიც ამბობდა: «ბევრ იეჰოვას მოწმეს ათი წლით საკატორღო სამუშაოები მიუსაჯეს მხოლოდ იმის გამო, რომ თავიანთ ბინებში ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ რამდენიმე ეგზემპლარი ჰქონდათ. თუკი ადამიანებს იმიტომ აპატიმრებენ, რომ ეს ჟურნალები აქვთ, მაშინ გასაგებია ადმინისტრაციის შეშფოთება და გაღიზიანება ბანაკებში ამ ლიტერატურის არსებობის გამო».
მართლაც, სულიერი დახმარების გაწევის მიზნით საკუთარი თავისუფლებისა და უსაფრთხოების საფრთხეში ჩაგდება ქრისტიანული სიყვარულის გამოვლენის მტკიცება იყო! მართალია, მოწმეთა გადარჩენაში ყოველივე ამან დიდი როლი შეასრულა, მაგრამ იყო სხვა ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორიც. „ვერავინ ხვდებოდა, — შენიშნა ჰელენა ცელმინიამ, — თუ როგორ უნდა შემოეღწია აკრძალულ ლიტერატურას ეკლიანი მავთულებით შემოღობილ ტერიტორიაზე, სადაც ადამიანებს ერთმანეთთან თავისუფლად კონტაქტის დამყარებაც კი არ შეეძლოთ“. ეს შეუძლებელი ჩანდა, ვინაიდან ყველას, ვინც ციხეში შედიოდა, საგულდაგულოდ ჩხრეკდნენ. „თითქოსდა ღამით ანგელოზებმა გადაიფრინეს და ლიტერატურა გადმოყარეს“, — წერდა ავტორი.
მართლაც, ღმერთმა პირობა დადო, რომ არ მიატოვებდა თავის ხალხს. ამიტომაც, ბიბლიური ფსალმუნმომღერლის მსგავსად, ყოფილ საბჭოთა კავშირში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები ხალისით აღიარებენ: „აგერ, ღმერთია ჩემი შემწე“ (ფსალმუნი 53:6; იესო ნავეს ძე 1:5). მისი დახმარება ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში მცხოვრებ მოწმეთა გადარჩენაში!
როგორ შეიცვალა გარემოებები
1991 წლის 27 მარტს იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია კანონით იქნა აღიარებული საბჭოთა კავშირში. მოწმეებმა მიიღეს ხელმოწერილი იურიდიული წესდება, რომელშიც შემდეგი განაცხადი იყო ჩართული: „რელიგიური ორგანიზაციის მიზანია, შეასრულოს რელიგიური საქმიანობა, რომლითაც ცნობილს გახდის იეჰოვა ღმერთის სახელსა და მის მიერ კაცობრიობისთვის სიყვარულით მომზადებულ ღონისძიებებს, რომელთაც იესო ქრისტეს მმართველობის ქვეშ მყოფი ზეციერი სამეფოს მეშვეობით განახორციელებს“.
რელიგიური საქმიანობის განსახორციელებლად გამიზნულ საშუალებათა შორის, რომლებიც წესდებაშია ჩამოთვლილი, არის საჯაროდ ქადაგება და ხალხის მონახულება სახლებში, ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლება მათთვის, ვისაც მოსმენა სურს, ბიბლიის შესასწავლად გამიზნული პუბლიკაციებით უფასო ბიბლიური შესწავლების ჩატარება და ბიბლიების გავრცელება.
მას შემდეგ, რაც ამ დოკუმენტზე ათ წელზე მეტი ხნის წინათ ხელი მოაწერეს, საბჭოთა კავშირი დაიშალა და ყოფილ 15 საბჭოთა რესპუბლიკაში რელიგიური მდგომარეობა არსებითად შეიცვალა. რის თქმა შეიძლება იმაზე, თუ რა მომავალი ელის რელიგიას როგორც ამ ტერიტორიაზე, ისე მთელ მსოფლიოში?
[ჩარჩო 11 გვერდზე]
ეკლესიის თანამშრომლობა საბჭოთა მთავრობასთან
თავის წიგნში „რუსეთი არ არის გამოცანა“, რომელიც 1945 წელს გამოქვეყნდა, ედმუნდ სტივენზმა დაწერა: „ეკლესია დიდად ფრთხილობდა, რათა არ გაელაშქრა მათ წინააღმდეგ, ვინც იმ დროისთვის კეთილგანწყობით ექცეოდა. მას სრულიად შეგნებული ჰქონდა, რომ მის მიმართ გამოვლენილი კეთილგანწყობის სანაცვლოდ სახელმწიფო მისგან კომუნისტური რეჟიმის მტკიცედ მხარდაჭერასა და გარკვეული შეზღუდვებით მოქმედებას ელოდა“.
სტივენზმა განაგრძო: „საუკუნეთა მანძილზე დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, მართლმადიდებლური ეკლესია სახელმწიფო რელიგიას წარმოადგენდა, და ამიტომაც ეკლესიას არ გასჭირვებია საბჭოთა მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით გამოხატული ახალი როლის გათავისება“.
კესტონის ინსტიტუტმა საგულდაგულოდ გამოიკვლია საბჭოთა მთავრობასა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ახლანდელი პატრიარქის, ალექსი II-ს შორის არსებული ადრინდელი თანამშრომლობის საკითხი. ამ გამოკვლევის შედეგად შემდეგი დასკვნა გაკეთდა: „ალექსის სუკ-თან თანამშრომლობაში უჩვეულო არაფერი ყოფილა — ყველა ოფიციალურად აღიარებული რელიგიური მიმდინარეობის — მათ შორის კათოლიკეების, ბაპტისტების, ადვენტისტების, მაჰმადიანებისა და ბუდისტების — თითქმის ყველა წინამძღოლი სუკ-ის მიერ მოსყიდული აგენტი იყო. მართლაც, ყოველწლიურ ანგარიშში, რომელშიც ალექსის გადმობირებაა აღწერილი, ინფორმაცია სხვა უამრავი აგენტის შესახებაც მოიპოვება, რომელთაგან ზოგი ესტონეთის ლუთერანულ ეკლესიაში მოღვაწეობს“.
[ჩარჩო⁄სურათი 12 გვერდზე]
ბანაკებში მყოფებთან დაკავშირება
ლატვიელ ჟურნალისტ ვიქტორ კალნინშს ათწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი (1962—1972); ამ დროის უმეტესი ნაწილი მან გაატარა მორდვეთის შრომა-გასწორებითი ბანაკების კომპლექსში, რომელიც მოსკოვიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 400 კილომეტრში მდებარეობს. 1979 წლის მარტში კალნინშისგან ინტერვიუს აღებისას ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტმა ჰკითხა მას: „იცოდნენ თუ არა დაპატიმრებულმა მოწმეებმა, რა ხდებოდა მათ ორგანიზაციაში აქ, შეერთებულ შტატებში, ან სხვა ქვეყნებში?“.
„იცოდნენ, — უპასუხა კალნინშმა, — და ამას მიღებული ლიტერატურით იგებდნენ. . . . ისინი თავიანთ ჟურნალებსაც კი მიჩვენებდნენ. აზრზე არ ვიყავი, სად იყო ლიტერატურა დამალული; სამალავს დროდადრო ცვლიდნენ. მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ლიტერატურა ბანაკში იყო. . . . მცველები და იეჰოვას მოწმეები ტომისა და ჯერის მოგაგონებდნენ — ერთნი ლიტერატურის დამალვას ცდილობდნენ, მეორენი კი პოვნას!“.
კითხვას: „უცდიათ იეჰოვას მოწმეებს თავიანთი რწმენის შესახებ თქვენთან დალაპარაკება?“, კალნინშმა უპასუხა: „დიახ, რა თქმა უნდა! მათი მრწამსი საკმაოდ კარგად არის ცნობილი. ჩვენ ყველაფერი ვიცით არმაგედონის შესახებ . . . ისინი ბევრს ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ ავადმყოფობას ბოლო მოეღებოდა“.
[სურათი]
მორდვეთის ბანაკებში მოწმეები გაბედულად უზიარებდნენ სხვებს ბიბლიურ ჭეშმარიტებას.
[სურათი 8, 9 გვერდებზე]
1951 წელს ვოვჩუკები გადაასახლეს ირკუტსკში (ციმბირი); ისინი დღესაც ერთგული ქრისტიანები არიან.
[სურათი 10 გვერდზე]
მეორე მსოფლიო ომის დროს ეკლესიის მიერ საბჭოთა მთავრობის მხარდაჭერის გამო რელიგიას სტალინმა დროებითი აღორძინების ნება დართო.
[საავტორო უფლება]
U.S. Army photo
[სურათი 10 გვერდზე]
პატრიარქმა ალექსი I-მა (1945—1970) თქვა: ‘საბჭოთა კავშირის პოლიტიკა შეესატყვისება იმ ქრისტიანულ იდეალებს, რომელთაც ეკლესია ქადაგებს’.
[საავტორო უფლება]
Central State Archive regarding the film/photo/phono documents of Saint-Petersburg
-