საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რუსეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
    • წინ კიდევ ბევრი საქმეა

      მეორე მსოფლიო ომის დროს და მას შემდეგ რუსეთში ჩვენი საქმიანობა ურთულეს პირობებში მიმდინარეობდა. პოლონეთის ფილიალიდან მთავარ სამმართველოში გაგზავნილი წერილი, რომელიც 1947 წლის 10 აპრილით იყო დათარიღებული, იტყობინებოდა: «რელიგიური წინამძღოლები აშინებენ მრევლს, რომ მათ ათი წლით იძულებითი შრომა ან გადასახლება ელით, თუ იეჰოვას მოწმეებს გამოართმევენ „საგუშაგო კოშკს“ ან რაიმე ტრაქტატს. მოსახლეობა შიშმა და ძრწოლამ მოიცვა, მაგრამ ხალხს სულიერი სინათლე სწყურია».

      1947 წლის „წელიწდეულში“ ნათქვამი იყო: «მოწმეებს არც მიმზიდველი ფორმატით დაბეჭდილი „საგუშაგო კოშკი“ აქვთ და არც სხვა ლიტერატურა . . . უმეტეს შემთხვევაში ისინი ხელით ამზადებენ ასლებს და სხვებს აძლევენ . . . ზოგჯერ ჩვენს კურიერებს იჭერენ და „საგუშაგო კოშკს“ თუ უპოვიან, ციხეში სვამენ».

      რეგინა კრივოკულსკაია ამბობს: «ისეთი გრძნობა მეუფლებოდა, თითქოს მთელი ქვეყანა ეკლიანი მავთულით იყო შემოღობილი და ჩვენ პატიმრები ვიყავით. ჩვენი ქმრები, რომლებიც ერთგულად ემსახურებოდნენ ღმერთს, უმეტესწილად, ციხეებსა და კოლონიებში ისხდნენ. ქალებს მძიმე ხვედრი გვერგო: უძილო ღამეები, საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (კა-გე-ბე) გამუდმებული მეთვალყურეობა და ფსიქოლოგიური ზეწოლა, სამსახურის დაკარგვა და სხვა განსაცდელები. ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ხერხს მიმართავდნენ, რომ ჭეშმარიტების გზიდან გადავეყვანეთ (ეს. 30:21). ეჭვიც არ გვეპარებოდა, რომ სატანა იყენებდა ამ მდგომარეობას სამეფოს შესახებ ქადაგების შესაჩერებლად. მაგრამ იეჰოვას არ მიუტოვებია თავისი ხალხი; მისი დახმარება აშკარა იყო.

      ბიბლიური ლიტერატურა, რომლის შემოტანაც დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, გვაძლევდა „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ და სიბრძნეს ამ მდგომარეობის ასატანად (2 კორ. 4:7). იეჰოვა უძღვებოდა თავის ხალხს და სახელმწიფოს მხრიდან ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, ახლები ემატებოდნენ მის ორგანიზაციას. გასაოცარი იყო, რომ ისინი თავიდანვე მზად იყვნენ, იეჰოვას ხალხთან ერთად გადაეტანათ სირთულეები. ეს მხოლოდ იეჰოვას სულით იყო შესაძლებელი».

  • რუსეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
    • „საჭიროა ინფორმირება“

      ომის დროს და მისი დამთავრების შემდეგ საბჭოთა მთავრობა კვლავაც ძალიან ზღუდავდა იეჰოვას მოწმეების საქმიანობას. 1947 წლის მარტში ძმები პოლონეთიდან იტყობინებოდნენ, რომ ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, გაზაფხულის ბოლოს საბჭოთა კავშირის დასავლეთ ნაწილში არც ერთი იეჰოვას მოწმე აღარ იქნებოდა. წერილში ნათქვამი იყო: „ამ წერილის შედგენის დროს, შევიტყვეთ, რომ ერთ დღეში 100 და-ძმა დააპატიმრეს“. სხვა წერილში კოლონიებში მყოფ ძმებზე ეწერა: „ისინი საოცარ ერთგულებას ავლენენ იეჰოვასადმი. მრავალი მათგანი უკვე მოკლეს; იმ ძმების მსგავსად, რომლებიც საკონცენტრაციო ბანაკებში იყვნენ, საძმო იეჰოვასგან ელის ხსნას“.

      მოწმეებს ქადაგებისა და არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის გამოც აპატიმრებდნენ. პასუხისმგებელი ძმები 1947 წელს წერდნენ: „ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ რუსეთის ხელისუფლებამ თითქმის არაფერი იცის ჩვენი საძმოს მდგომარეობის შესახებ, თუმცა მათი მიზანი არ არის მათი განადგურება. საჭიროა [მთავრობის] ინფორმირება“.

  • რუსეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
    • [ჩარჩო 92, 93 გვერდებზე]

      იდეოლოგიური ბრძოლა

      საბჭოთა მთავრობის მიზანი არ იყო იეჰოვას მოწმეების განადგურება. მისი მიზანი იყო, მოწმეებს საბჭოთა იდეოლოგია მიეღოთ ან დაყოლიებით, ან ძალის გამოყენებით. ამისთვის მთავრობა იყენებდა კა-გე-ბეს — სახელმწიფო დაზვერვისა და უშიშროების ორგანიზაციას. ქვემოთ ჩამოთვლილია ზოგიერთი მეთოდი, რომელსაც კა-გე-ბე მიმართავდა:

      ჩხრეკა: მოწმეების სახლებს ჩხრეკდნენ, ზოგჯერ ღამითაც კი. ხშირი ჩხრეკის გამო ზოგიერთი ოჯახი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი შეეცვალა.

      თვალთვალი: ამაში შედიოდა სატელეფონო საუბრების მოსმენა, წერილების გახსნა და ძმების სახლებში სასმენი მოწყობილობების დამონტაჟება.

      ჯარიმები და შეხვედრების ჩაშლა: ქვეყნის სხვადასხვა მხარეში ადგილობრივი მთავრობა ცდილობდა მიეგნო იმ ადგილებისთვის, სადაც ძმები კრებებს ატარებდნენ. ყველა დამსწრეს ჯარიმას ახდევინებდნენ. ხშირად ჯარიმა შეადგენდა ხელფასის ნახევარს ან მეტს.

      ქრთამი და შანტაჟი: კა-გე-ბეს აგენტები ზოგ მოწმეს მათთან თანამშრომლობის სანაცვლოდ ჰპირდებოდნენ ბინებს მოსკოვის ცენტრში და მანქანებს. უარის თქმის შემთხვევაში ძმებს კოლონიებში მრავალწლიანი პატიმრობით ემუქრებოდნენ.

      პროპაგანდა: კინოფილმებში, სატელევიზიო გადაცემებსა და საგაზეთო სტატიებში მოწმეებს საზოგადოებისთვის საშიშ ადამიანებად წარმოაჩენდნენ. ციხეებსა და კოლონიებში იკითხებოდა ლექციები, რომლებშიც ძმებს ბრალს სდებდნენ, რომ ბიბლიას საფრად იყენებდნენ პოლიტიკური მიზნებისთვის. პროპაგანდას დისკრიმინაცია მოჰყვა — მასწავლებლები მოწაფეებს დაბალ ნიშნებს უწერდნენ, სამსახურში ძმებს არ უწევდნენ შეღავათებს და არ აძლევდნენ შვებულებას, რომლებიც მათ კანონიერად ეკუთვნოდათ.

      კრებებში შეპარვა: კა-გე-ბეს აგენტები მოჩვენებით ინტერესდებოდნენ ღვთის სამეფოს ცნობით, სწავლობდნენ ბიბლიას და ინათლებოდნენ. ზოგმა ორგანიზაციაში პასუხისმგებლობების მიღებაც კი მოახერხა. მათი მიზანი იყო მოწმეებს შორის ეჭვებისა და განხეთქილებების შეტანით სამქადაგებლო საქმიანობის შეჩერება.

      გადასახლება: მოწმეებს ქვეყნის დაშორებულ ტერიტორიებზე ასახლებდნენ. იქ ძმები დღეში 12 საათს მძიმედ შრომობდნენ ლუკმაპურისთვის. ზამთარში მათ საშინელი სიცივე აწუხებდათ, ზაფხულში კი — კოღოები და ბუზანკლები.

      ქონების კონფისკაცია და ოჯახის წევრების დაშორება: მოწმეებს ართმევდნენ სახლებს და სხვა ქონებას. ზოგჯერ შვილებს მშობლებს აშორებდნენ.

      დაცინვა და ფიზიკური შეურაცხყოფა: მრავალი მოწმე, მათ შორის ქალები, შეურაცხყოფისა და დაცინვის მსხვერპლი გახდა. ზოგი სასტიკად სცემეს.

      დაპატიმრება: დაპატიმრების მიზანი იყო, მოწმეებს უარი ეთქვათ რწმენაზე ან სხვა მოწმეებისგან იზოლირებულნი ყოფილიყვნენ.

      კოლონიები: ასეთ კოლონიებში მოწმეები ძალაგამოცლილნი და დაუძლურებულნი იყვნენ. ხშირად მათ უზარმაზარი ხეების ფესვებს ათხრევინებდნენ. ძმები მუშაობდნენ ქვანახშირის საბადოებში, გაჰყავდათ გზები და აგებდნენ ლიანდაგებს. ისინი ოჯახებიდან შორს იყვნენ და ბარაკებში ცხოვრობდნენ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება