-
რუსეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
-
-
„შენი იეჰოვა აქედან ვერ გიხსნის“
პიოტრ კრივოკულსკი 1945 წლის ზაფხულს იხსენებს: «გასამართლების შემდეგ ძმები სხვადასხვა კოლონიაში გადაგვიყვანეს. ჩემს კოლონიაში მრავალი პატიმარი გულწრფელად დაინტერესდა ჭეშმარიტებით. ერთი მათგანი სასულიერო პირი იყო; ის მალე მიხვდა, რომ, რაც მოისმინა, ჭეშმარიტება იყო და იეჰოვას თაყვანისმცემელი გახდა.
კოლონიაში გაუსაძლისი პირობები იყო. ერთხელ პატარა საკანში ჩამსვეს, სადაც მხოლოდ დგომა შემეძლო. საკანი სავსე იყო ბაღლინჯოებით, ამიტომ მას ბაღლინჯოების ბუდეს უწოდებდნენ. მათ შეეძლოთ ადამიანისთვის მთლიანად გამოეწოვათ სისხლი. საკანთან მდგომმა გამომძიებელმა მითხრა: „შენი იეჰოვა აქედან ვერ გიხსნის“. ჩემი დღიური რაციონი 300 გრამი პური და ერთი ჭიქა წყალი იყო. საკანში საშინელი უჰაერობა იყო, ამიტომ პირს ვადებდი კარის ჭრილს და ხარბად ვსუნთქავდი. ვგრძნობდი, როგორ მწოვდნენ ბაღლინჯოები სისხლს. ბაღლინჯოების ბუდეში ათი დღე გავატარე და გამუდმებით ვევედრებოდი იეჰოვას, მოთმინების ძალა მოეცა ჩემთვის (იერ. 15:15). საკნის კარი რომ გააღეს, გონება დავკარგე და როცა გონზე მოვედი, უკვე სხვა საკანში ვიყავი.
ამის შემდეგ კოლონიის სასამართლომ ათი წელი მომისაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში „ანტისაბჭოური აგიტაციისა და პროპაგანდისთვის“. კოლონიაში შეუძლებელი იყო ამანათის მიღება ან იქიდან რაიმეს გაგზავნა. იქ ძირითადად ძალმომრეობითი დანაშაულის, მაგალითად მკვლელობის გამო იხდიდნენ სასჯელს. მითხრეს, რომ რწმენას თუ არ უარვყოფდი, პატიმრები იმას გამიკეთებდნენ, რასაც დაავალებდნენ. სულ რაღაც 36 კილოგრამს ვიწონიდი და ძლივს დავლასლასებდი. თუმცა იქაც შევძელი გულწრფელი ადამიანების პოვნა, რომლებიც ჭეშმარიტების მიმართ კარგად განეწყვნენ.
ერთხელ ბუჩქნარში ვიყავი წამოწოლილი და ვლოცულობდი. ამ დროს ერთი მოხუცი კაცი მოვიდა და მკითხა: „როგორ მოხვდი ამ ჯოჯოხეთში?“ როცა გაიგო, რომ იეჰოვას მოწმე ვიყავი, გვერდით მომიჯდა, ჩამეხუტა და მაკოცა. „შვილო, რომ იცოდე, რამდენი ხანია ბიბლიის სწავლა მინდა! შეგიძლია მასწავლო?“ — მკითხა მან. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მაშინვე ამოვიღე დაფლეთილ ტანსაცმელში ჩაკერებული გაცრეცილი ფურცლები, რომლებზეც სახარების მონაკვეთები ეწერა. მოხუცს ცრემლი მოადგა. იმ საღამოს დიდხანს ვისაუბრეთ. მან მითხრა, რომ კოლონიის სასადილოში მუშაობდა და საჭმელს მომცემდა. ასე დავმეგობრდით. ის სულიერად ძლიერდებოდა, მე კი — ფიზიკურად. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამაზე იეჰოვამ იზრუნა. რამდენიმე თვის შემდეგ მოხუცი გაათავისუფლეს, მე კი გორკის ოლქში სხვა კოლონიაში გადამიყვანეს.
პირობები იქ გაცილებით უკეთესი იყო. მაგრამ ყველაზე მეტად ის მიხაროდა, რომ ოთხ პატიმართან ბიბლიის შესწავლას ვატარებდი. 1952 წელს კოლონიის თანამშრომლებმა ლიტერატურა გვიპოვეს. წინასწარი დაკითხვების დროს ჰერმეტულ ყუთში ჩამსვეს; როცა ჰაერი აღარ მყოფნიდა და ვიგუდებოდი, ყუთს ხსნიდნენ, რომ ცოტაოდენი ჰაერი ჩამესუნთქა, და ისევ ხურავდნენ. მათი მიზანი იყო, რწმენაზე უარი მეთქვა. ყველა გაგვასამართლეს. განაჩენის წაკითხვის დროს ბიბლიის არც ერთ შემსწავლელს წარბი არ შეუხრია, რამაც ძალიან გამახარა! ოთხივეს 25-25 წელი მიუსაჯეს სხვადასხვა კოლონიაში. მე უფრო მკაცრი განაჩენი გამომიტანეს, მაგრამ შემდეგ შემიცვალეს ის დამატებითი 25-წლიანი პატიმრობით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში და 10-წლიანი გადასახლებით. ოთახის დატოვების შემდეგ ცოტა ხნით შევჩერდით, რომ იეჰოვასთვის მადლობა გადაგვეხადა მხარდაჭერისთვის. მცველები გაკვირვებულები გვიყურებდნენ — ვერ გაეგოთ, რა გვიხაროდა. ჩვენ სხვადასხვა კოლონიაში წაგვიყვანეს. მე ვორკუტის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოვხვდი».
ქრისტიანულმა ნეიტრალიტეტმა მათ სიცოცხლე შეუნარჩუნა
კოლონიაში ცხოვრება მძიმე იყო. ბევრმა პატიმარმა, ვინც იეჰოვას მოწმე არ იყო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ივან კრილოვი იხსენებს: „მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან გათავისუფლების შემდეგ დავუკავშირდი და-ძმებს, რომლებიც ქვანახშირის მაღაროებში იძულებით მუშაობდნენ და დავეხმარე მათ, რომ ერთმანეთთან კავშირი ჰქონოდათ. ვისაც ჩვენი ჟურნალების ხელნაწერები ჰქონდა, სხვებსაც აძლევდა. მოწმეები ყველა კოლონიაში ქადაგებდნენ და ბევრი ავლენდა ინტერესს. გათავისუფლების შემდეგ ზოგი მდინარე ვორკუტაში მოინათლა.
იეჰოვასა და მისი სამეფოს გულისთვის ჩვენ ყოველთვის ვხვდებოდით რწმენის გამოცდებს. ერთხელ, 1948 წელს, ვორკუტის კოლონიაში ზოგიერთმა პატიმარმა აჯანყების გეგმა შეადგინა. მათ სხვა პატიმრებს უთხრეს, რომ აჯანყება წარმატებით დამთავრდებოდა, თუ ეროვნებისა და რელიგიის მიხედვით ჯგუფებად გაერთიანდებოდნენ. მაშინ კოლონიაში 15 მოწმე ვიხდიდით სასჯელს. ჩვენ ვუთხარით აჯანყებულებს, რომ ქრისტიანები ვიყავით და მათ არ შევუერთდებოდით. ავუხსენით, რომ ადრინდელი ქრისტიანებიც არ მონაწილეობდნენ რომაელების წინააღმდეგ აჯანყებაში. ჩვენმა განაცხადმა ბევრი გააოცა, მაგრამ ჩვენ მტკიცედ ვიდექით“.
აჯანყება ტრაგიკულად დასრულდა. ჯარისკაცებმა ჩაახშეს ამბოხება და აჯანყებულები სხვა ბარაკებში გადაიყვანეს. ბარაკებს ბენზინი მიასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. იქ თითქმის ყველა დაიღუპა. ჯარისკაცებს მოწმეებისთვის არაფერი დაუშავებიათ.
ივანი განაგრძობს: „1948 წლის დეკემბერში ერთ კოლონიაში შევხვდი რვა ძმას, რომელთაც 25-25 წელი ჰქონდათ მისჯილი. მკაცრი ზამთარი იდგა და მაღაროებში მუშაობა რთული იყო. მიუხედავად ამისა, ძმების თვალებში ძლიერი რწმენა და იმედი დავინახე. მათი დადებითი განწყობა იმ პატიმრებსაც ამხნევებდა, ვინც იეჰოვას მოწმეები არ იყვნენ“.
ციმბირში გადასახლება
მთავრობის მხრიდან სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, მოწმეები გულმოდგინედ ქადაგებდნენ სასიხარულო ცნობას იეჰოვას სამეფოს შესახებ. ამას მდგომარეობიდან გამოჰყავდა ცენტრალური ხელისუფლება მოსკოვში, განსაკუთრებით კა-გე-ბე. 1951 წლის 19 თებერვლით დათარიღებულ მემორანდუმში კა-გე-ბე სტალინს სწერდა: „იეღოველთა ანტისაბჭოური საქმიანობის ჩახშობის მიზნით სსრკ-ს ემ-გე-ბემ [სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, მოგვიანებით კა-გე-ბე] საჭიროდ ჩათვალა, რომ ირკუტსკისა და ტომსკის ოლქებში გადაასახლოს ის იეღოველები და მათი ოჯახები, ვისი ვინაობაც ცნობილია“. კა-გე-ბემ იცოდა მოწმეების ვინაობა და სტალინს სთხოვა ნებართვა, 8 576 ადამიანი საბჭოთა კავშირის ექვსი რესპუბლიკიდან ციმბირში გადაესახლებინათ. მათ მიიღეს ნებართვა.
მაგდალინა ბელოშიცკაია იხსენებს: «1951 წლის 8 აპრილს, კვირას, დილის ორ საათზე კარზე ბრახუნმა გაგვაღვიძა. დედაჩემი წამოხტა საწოლიდან და კართან მიირბინა. კართან მდგომმა ოფიცერმა გამოგვიცხადა: „ღვთისადმი რწმენის გამო თქვენ გადასახლებული ხართ ციმბირში. ბარგის ჩასალაგებლად ორი საათი გაქვთ. შეგიძლიათ ოთახიდან ნებისმიერი რამე წაიღოთ მარცვლეულის, ფქვილის, ბურღულეულის, ავეჯის, ხის ნაკეთობებისა და საკერავი მანქანის გარდა; ეზოდან არაფრის აღების უფლება არა გაქვთ. აიღეთ თქვენი ლოგინი, ტანსაცმელი, ტომრები და გამოდით“.
ჩვენს პუბლიკაციებში წაკითხული გვქონდა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ბევრი საქმე იყო გასაკეთებელი. ჩვენ მივხვდით, რომ დადგა დრო, ეს საქმე გაკეთებულიყო.
არც ერთი არ მოვთქვამდით და არ ვქვითინებდით. გაოცებულმა ოფიცერმა გვითხრა: „თვალიდან ცრემლიც კი არ გადმოგვარდნიათ“. ჩვენ ვუთხარით, რომ ამას 1948 წლიდან ველოდებოდით. ოფიცერს ვთხოვეთ, ერთი ცოცხალი ქათამი მაინც მოეცათ ჩვენთვის, მაგრამ უარი გვითხრა. ოფიცრებმა ჩვენ თვალწინ გაიყვეს ჩვენი საქონელი. ქათმებიც დაინაწილეს: ერთმა ხუთი წაიყვანა, მეორემ — ექვსი და მესამემ — სამი თუ ოთხი. როცა საქათმეში ორი ქათამიღა დარჩა, ოფიცერმა ბრძანა, დაეკლათ და ჩვენთვის მოეცათ.
ჩემი რვა თვის გოგონა აკვანში იწვა. ოფიცერს ვთხოვეთ, აკვანი დაეტოვებინა ჩვენთვის, მაგრამ მან ბრძანა, დაეშალათ და მხოლოდ ის ნაწილი დაეტოვებინათ, სადაც ბავშვი იწვა.
მალე მეზობლებმა გაიგეს, რომ გვასახლებდნენ. ერთმა პატარა ტომრით ორცხობილა მოგვიტანა და ურემში ჩაგვიგდო. ჯარისკაცმა შენიშნა ეს და ტომარა უკან გადაუგდო. ჩვენ ექვსნი ვიყავით: დედაჩემი, ჩემი ორი ძმა, მე, ჩემი ქმარი და ჩვენი რვა თვის გოგონა. სოფელს რომ გავცდით, მანქანაში გადაგვსხეს და რაიონულ ცენტრში წაგვიყვანეს, სადაც ჩვენი დოკუმენტები შეავსეს. იქიდან სატვირთო მანქანით რკინიგზის სადგურზე წაგვიყვანეს.
მზიანი კვირადღე იდგა. სადგური სავსე იყო ხალხით — ზოგს ასახლებდნენ, ზოგი კი მათ სანახავად იყო მოსული. მანქანა იმ ვაგონთან გაჩერდა, სადაც ჩვენი ძმები იყვნენ. მატარებელი გაივსო და ჯარისკაცებმა სია ამოიკითხეს. ვაგონში 52 ვიყავით. სანამ მატარებელი დაიძვრებოდა, ჩვენ სანახავად მოსულებმა ტირილი დაიწყეს. ეს ძალიან უცნაური იყო, რადგან ზოგს არც კი ვიცნობდით. მაგრამ მათ იცოდნენ, რომ ჩვენ იეჰოვას მოწმეები ვიყავით და ციმბირში გვასახლებდნენ. გაისმა მატარებლის საყვირის ხმა. ძმებმა უკრაინულად დაიწყეს სიმღერა: „დაე, თქვენთან იყოს ქრისტეს სიყვარული! განვადიდოთ იესო ქრისტე და მის სამეფოში შევხვდებით ერთმანეთს“. თითქმის ყველას გვწამდა, რომ იეჰოვა არ მიგვატოვებდა და მომავალს იმედით ვუყურებდით. ჩვენ რამდენიმე სტროფი ვიმღერეთ. ამან იმდენად იმოქმედა ზოგ ჯარისკაცზე, რომ ატირდნენ. შემდეგ მატარებელი დაიძრა».
„შედეგები სრულიად საპირისპირო იყო“
პეტერბურგში არსებული გერცენის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკოლაი გორდიენკომ თავის წიგნში აღწერა, რა მოჰყვა დევნას: «შედეგები სრულიად საპირისპირო იყო; მათ სურდათ, დაესუსტებინათ იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია სსრკ-ში, სინამდვილეში კი მხოლოდ გააძლიერეს ის. ახალ დასახლებებში, სადაც არავის ჰქონდა გაგონილი მათი მრწამსის შესახებ, იეჰოვას მოწმეებმა ადგილობრივ მოსახლეობას „გადასდეს“ თავიანთი რწმენა და ერთგულება».
მრავალი მოწმე მალევე შეეგუა ახალ პირობებს. მათ ჩამოაყალიბეს პატარა კრებები და დაანაწილეს სამქადაგებლო უბნები. ნიკოლაი კალიბაბა ამბობს: «ციმბირში ყოფნისას იყო დრო, როცა კარდაკარ ვაკითხავდით ხალხს, უფრო სწორად ორი ან სამი კარის გამოტოვებით ვქადაგებდით. ეს ძალიან სარისკო იყო. როგორ ვაკეთებდით ამას? პირველი მონახულებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ვცდილობდით ხელმეორედ მივსულიყავით. ხალხს ვეკითხებოდით: „ხომ არ ყიდით ქათმებს, თხებს ან ძროხებს?“ შემდეგ საუბარი ნელ-ნელა გადაგვქონდა სამეფოზე. ცოტა ხანში კა-გე-ბემ შეიტყო ამის შესახებ და გაზეთში დაიბეჭდა სტატია, რომელშიც აფრთხილებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, რომ იეჰოვას მოწმეებთან არ ელაპარაკათ. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ მოწმეები კარდაკარ დადიან და სურთ, ხალხისგან თხების, ძროხებისა და ქათმების ყიდვა, სინამდვილეში კი ჩვენ „ცხვრებს“ ვეძებდით!»
გავრიილ ლივი გვიამბობს: «კა-გე-ბეს თვალთვალის მიუხედავად, ძმები ცდილობდნენ ექადაგათ. ჩვეულებრივ, საბჭოთა კავშირში ხალხი მაშინვე მილიციას ატყობინებდა, თუ შენიშნავდნენ, რომ ვინმე რელიგიურ თემაზე საუბრის წამოწყებას ცდილობდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ შეგვიწყვეტია ქადაგება, თუმცა თავიდან ისე ჩანდა, რომ ჩვენი საქმიანობა უშედეგო იყო. დროთა განმავლობაში ჭეშმარიტებამ შეცვალა ზოგი ადგილობრივი მოსახლე. ერთ-ერთი იყო რუსი მამაკაცი, რომელიც უზომოდ სვამდა. ჭეშმარიტების შესწავლის შემდეგ მან ცხოვრება ბიბლიის პრინციპების თანახმად შეცვალა და მოწმე გახდა. მოგვიანებით ის კა-გე-ბეს ოფიცერმა გამოიძახა და უთხრა: „ვისთან ხარჯავ დროს?! ეს მოწმეები უკრაინელები არიან“.
ძმამ უპასუხა: „როცა ვლოთობდი და თხრილში ვეგდე, ყურადღების ღირსად არ მთვლიდით. ახლა რომ ნორმალური ადამიანი და მოქალაქე გავხდი, არ მოგწონთ. ბევრი უკრაინელი მიდის ციმბირიდან, მაგრამ ისინი აქ ისეთ ციმბირელებს ტოვებენ, რომლებიც ღმერთმა სწორ გზაზე დააყენა“».
რამდენიმე წლის შემდეგ ირკუტსკიდან ერთი თანამდებობის პირი მოსკოვს სწერდა: „რამდენიმე ადგილობრივმა მუშაკმა განაცხადა, რომ ყველა ესენი [იეჰოვას მოწმეები] უნდა გავგზავნოთ ერთ ადგილას, სადღაც ჩრდილოეთში, რათა არავითარი კონტაქტი არ ჰქონდეთ მოსახლეობასთან და თავიდან აღვზარდოთ ისინი“. არც ციმბირის ხელისუფლებამ და არც ოფიციალურმა მოსკოვმა იცოდა, როგორ გაეჩუმებინათ იეჰოვას მოწმეები.
„ყველას ერთიანად დაგხვრეტდით“
1957 წლის დასაწყისში მთავრობამ იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ახალი კამპანია წამოიწყო. ძმებს უთვალთვალებდნენ და მათ სახლებს ჩხრეკდნენ. ვიქტორ გუტშმიდტი იხსენებს: «ერთხელ მსახურებიდან სახლში დაბრუნებულს ყველაფერი აყრილი დამხვდა. კა-გე-ბე ლიტერატურას ეძებდა. მათ დამაპატიმრეს და ორი თვის მანძილზე დაკითხვებს მიწყობდნენ. ჩემი უმცროსი გოგონა 11 თვის იყო, უფროსი კი — ორი წლის.
დაკითხვის დროს ინსპექტორმა მკითხა: „გერმანელი არა ხარ?“ მაშინ სიტყვა „გერმანელს“ „ფაშისტის“ სინონიმად იყენებდნენ. ხალხს სძულდა გერმანელები.
„მე პატრიოტი არა ვარ, მაგრამ იმ გერმანელებზე თუ საუბრობთ, რომლებიც ნაცისტებმა საკონცენტრაციო ბანაკებში ჩაყარეს, მაშინ მე ვამაყობ იმ გერმანელებით! მათ იმ დროს ბიბელფორშერები ერქვათ, დღეს კი იეჰოვას მოწმეები ეწოდებათ. ვამაყობ, რომ არც ერთ მოწმეს არ აუღია ხელში ავტომატი და არც ქვემეხიდან უსვრია. ასეთი გერმანელებით ვამაყობ!“
ინსპექტორს ხმა არ ამოუღია, ამიტომ განვაგრძე: „დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ იეჰოვას მოწმეს არ მიუღია მონაწილეობა აჯანყებებსა და ამბოხებებში. იეჰოვას მოწმეები აკრძალვის დროსაც კი ღვთის თაყვანისმცემლები არიან. თუმცა, ამავე დროს, ჩვენ ვაღიარებთ და ვემორჩილებით კანონიერ ხელისუფლებასაც, თუ მათი დადგენილი კანონები არ ეწინააღმდეგება ჩვენი შემოქმედის კანონებს“.
მოულოდნელად ინსპექტორმა საუბარი შემაწყვეტინა და მითხრა: „ისე კარგად არც ერთი ჯგუფის საქმიანობა არ შეგვისწავლია, როგორც მოწმეების. რაიმე რომ გვეპოვა თქვენ წინააღმდეგ, თუნდაც ერთი წვეთი სისხლი ყოფილიყო დაღვრილი, ყველას ერთიანად დაგხვრეტდით“.
მაშინ გავიფიქრე: „ჩვენი ძმები გაბედულად ემსახურებოდნენ იეჰოვას მთელ მსოფლიოში და მათმა კარგმა მაგალითმა სიცოცხლე შეგვინარჩუნა საბჭოთა კავშირში. ამიტომ შეიძლებოდა ღვთისადმი ჩვენი მსახურებაც როგორმე დახმარებოდა ძმებს სხვა ტერიტორიებზე“. ეს აზრი მეხმარებოდა, რომ არასოდეს მიმეტოვებინა იეჰოვას გზა».
მოწმეები 50-ზე მეტ კოლონიაში
საბჭოთა კავშირში იეჰოვას მოწმეთა ნეიტრალური პოზიცია და გულმოდგინე მსახურება კვლავაც აღიზიანებდა მთავრობას (მარ. 13:10; იოან. 17:16). ხშირად სწორედ ასეთი მტკიცე პოზიციის გამო უსჯიდნენ ძმებს ხანგრძლივ და უსამართლო პატიმრობას.
1956 წლის ივნისიდან 1957 წლის თებერვლამდე მთელ მსოფლიოში ჩატარდა 199 კონგრესი, რომელთაც 462 936 დელეგატი დაესწრო; მათ ერთხმად მიიღეს პეტიცია, რომლის ასლებიც გაეგზავნა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს მოსკოვში. სხვა საკითხებთან ერთად პეტიციაში ნათქვამი იყო: «იეჰოვას მოწმეები დაპატიმრებულნი არიან 50-ზე მეტ კოლონიაში რუსეთის ევროპული ნაწილიდან ციმბირამდე და ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანემდე, არქტიკულ კუნძულ ახალ მიწაზეც კი . . . ამერიკასა და დასავლეთის სხვა ქვეყნებში იეჰოვას მოწმეებს კომუნისტებს უწოდებენ, კომუნისტურ ქვეყნებში კი — იმპერიალისტებს . . . კომუნისტურმა მთავრობებმა ბრალი დასდეს მათ „იმპერიალისტთა ჯაშუშობაში“ და ოცი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა მათ არასოდეს მიუღიათ მონაწილეობა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში». სამწუხაროდ, პეტიციამ ვერ შეცვალა იეჰოვას მოწმეთა მდგომარეობა საბჭოთა კავშირში.
რუსეთში იეჰოვას მოწმეთა ოჯახებისთვის განსაკუთრებით რთული იყო შვილების აღზრდა. მოსკოველი ვლადიმირ სოსნინი, რომელიც იმ დროს სამ ვაჟს ზრდიდა, ამბობს: „საბჭოთა სკოლაში სწავლა სავალდებულო იყო. მასწავლებლები და ბავშვები აიძულებდნენ ჩვენს შვილებს, რომ კომუნისტურ ორგანიზაციებში შესულიყვნენ. ჩვენ გვინდოდა, რომ შვილებს ელემენტარული განათლება მიეღოთ და ვეხმარებოდით სწავლაში. ადვილი არ იყო ბავშვისთვის იეჰოვას სიყვარულის ჩანერგვა. სკოლის პროგრამა სოციალისტური და კომუნისტური აზრებით იყო გაჟღენთილი. მშობლებს დიდი მოთმინება და შეუპოვრობა გვჭირდებოდა“.
შვილისთვის ყურის ახევაში ბრალდადებულნი
სემიონ და დარია კოსტილევები სამ შვილს ზრდიდნენ ციმბირში. სემიონი გვიამბობს: «მაშინ იეჰოვას მოწმეებს ფანატიკოსებად მიიჩნევდნენ. ჩვენი შუათანა ქალიშვილი ალა 1961 წელს შევიდა პირველ კლასში. ერთხელაც ბავშვებთან თამაშის დროს ერთ-ერთმა შემთხვევით ყური დაუზიანა. მეორე დღეს მასწავლებელი დაინტერესდა, რა მოხდა; ალას არ უნდოდა კლასელი დაესმინა, ამიტომ გაჩუმდა. მასწავლებელმა იცოდა, რომ ჩვენ მოწმეები ვიყავით და დაასკვნა, რომ ცემით ვაიძულებდით ბავშვს, ბიბლიის პრინციპების თანახმად ეცხოვრა. მომხდარის შესახებ სკოლამ პროკურორს შეატყობინა. ამ საქმეში ჩაერია ის საწარმოც, რომელშიც ვმუშაობდი. გამოძიება დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდა. ბოლოს, 1962 წლის ოქტომბერში სასამართლოს უწყება მივიღეთ.
სასამართლომდე ორი კვირით ადრე კულტურის სასახლის ფასადზე ჩამოკიდეს პლაკატი: „მალე იეღოველთა საშიშ სექტას გაასამართლებენ“. მე და ჩემს ცოლს ბრალი დაგვდეს, რომ შვილებს ბიბლიის პრინციპების თანახმად ვზრდიდით; ასევე სისასტიკეში დაგვადანაშაულეს. სასამართლოს მტკიცებით, თითქოს შვილს ვაიძულებდით, ელოცა, და ჩვენ ავახიეთ ყური. ჩვენი ერთადერთი მოწმე ალა იყო, მაგრამ იმ დროს ის უკვე ქალაქ კირენსკის ობოლთა თავშესაფარში იმყოფებოდა, რომელიც ირკუტსკიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 700 კილომეტრში იყო.
დარბაზი გაივსო ახალგაზრდა კომკავშირლებით. როცა მოსამართლეები განაჩენის გამოსატანად გავიდნენ, ხალხმა აურზაური ატეხა. ხელს გვკრავდნენ და გვწყევლიდნენ; ერთმა მოითხოვა, რომ „საბჭოთა“ ტანსაცმელი გაგვეხადა. ყველანი ხმამაღლა ითხოვდნენ, სიკვდილით დავესაჯეთ; ერთ მათგანს უნდოდა, იქვე მოვეკალით. ბრბო უფრო და უფრო მძვინვარდებოდა, მოსამართლეები კი არ ჩანდნენ. მათი თათბირი ერთ საათს გაგრძელდა. როცა ბრბო ჩვენკენ მოიწევდა, ერთი და და მისი ურწმუნო ქმარი ჩვენსა და ხალხს შორის ჩადგნენ და ეხვეწებოდნენ, არ შეგვხებოდნენ. ისინი ცდილობდნენ აეხსნათ, რომ ყველა ბრალდება უსაფუძვლო იყო; ბრბოს მათ პირდაპირი გაგებით ხელიდან გამოსტაცეს ჩვენი თავი.
ბოლოს მოსამართლე სახალხო მსაჯულებთან ერთად გამოვიდა და განაჩენი წაგვიკითხა: მშობლის უფლების ჩამორთმევა. მე დამაპატიმრეს და ორი წლით შრომა-გასწორების კოლონიაში წამიყვანეს. ჩვენს უფროს გოგონას უთხრეს, რომ მისი მშობლები საშიში სექტის წევრები იყვნენ და მასზე ცუდ გავლენას მოახდენდნენ, ამიტომ ის ობოლთა თავშესაფარში წაიყვანეს.
ჩვენი ვაჟი დარიას დაუტოვეს, რადგან ის მხოლოდ სამი წლის იყო. სასჯელის მოხდის შემდეგ სახლში დავბრუნდი. როგორც ადრე, ახლაც მხოლოდ არაფორმალურად ვქადაგებდით».
„ჩვენ ვამაყობდით შვილებით“
«ალა 13 წლის იყო, როცა ობოლთა თავშესაფრიდან სახლში დაბრუნდა. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ალამ თავი მიუძღვნა იეჰოვას და 1969 წელს მოინათლა! ამ პერიოდში ჩვენი ქალაქის კულტურის სასახლეში რელიგიურ თემაზე ლექციები იკითხებოდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვეგო, ამჯერად რას იტყოდნენ. როგორც ყოველთვის იეჰოვას მოწმეები საუბრის მთავარი თემა იყო. ერთმა მომხსენებელმა ამოიღო „საგუშაგო კოშკი“ და თქვა: „ეს არის საზიანო და საშიში ჟურნალი, რომელიც ძირს უთხრის ჩვენი სახელმწიფოს ერთიანობას“. შემდეგ მან მოიყვანა მაგალითი: „ამ სექტის წევრები აიძულებენ შვილებს, რომ წაიკითხონ ასეთი ჟურნალები და ილოცონ. ერთ ოჯახში პატარა გოგონას არ სურდა ჟურნალის წაკითხვა, ამიტომ მამამ მას ყური აახია“. ალა გაოცებული იყო, რადგან ორივე ყური მთელი ჰქონდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია, რადგან ეშინოდა, ისევ არ დაეკარგა მშობლები.
როცა ჩვენი ვაჟი, ბორისი, 13 წლის გახდა, მან თავი მიუძღვნა იეჰოვას და მოინათლა. ერთხელ ის თანატოლებთან ერთად ქადაგებდა ქუჩაში, თუმცა ჩვენი საქმიანობა ჯერ კიდევ აკრძალული იყო. მათ არც ბიბლია ჰქონდათ და არც ბიბლიური ლიტერატურა. მოულოდნელად მანქანა გაჩერდა და ბიჭები მილიციის განყოფილებაში წაიყვანეს. ისინი დაკითხეს და გაჩხრიკეს, მაგრამ ვერაფერი უპოვეს ქაღალდის გარდა, რომელზეც რამდენიმე ბიბლიური მუხლი ეწერა. ბიჭები სახლებში გამოუშვეს. როცა ბორისი სახლში დაბრუნდა, ამაყად გვითხრა, რომ ის და სხვა ძმები იეჰოვას სახელისთვის იყვნენ დევნილები. ჩვენ ვამაყობდით შვილებით და გვიხაროდა, რომ იეჰოვა მხარში ედგა მათ განსაცდელების დროს. ამ შემთხვევის შემდეგ მე და დარიას ხშირად გვიძახებდნენ კა-გე-ბეში. ერთმა ოფიცერმა გვითხრა: „ეს ბავშვები კოლონიაში არიან გასაგზავნები, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ 14 წლისანი არ არიან“. ჩვენ დაგვაჯარიმეს იმის გამო, რომ ჩვენი ბიჭი ქადაგებდა.
-
-
რუსეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
-
-
დედა გულმოდგინე მქადაგებელი იყო. ვინაიდან ძმების უმეტესობა კოლონიებში იყვნენ, ის ჯგუფის მსახურად დანიშნეს. მისი ენთუზიაზმი მეც გადმომედო.
1950 წელს რელიგიური საქმიანობის გამო დამაპატიმრეს და ათი წელი მომისაჯეს კოლონიაში. ხუთი და წაგვიყვანეს ციმბირის ქალაქ უსოლიე-სიბირსკოეში. 1951 წლის აპრილში დავიწყეთ რკინიგზის დაგება. მძიმე შპალებს ორ-ორნი ვეზიდებოდით მხრებით. ჩვენი ხელით ვეზიდებოდით და ვაგებდით 10-მეტრიან და 320-კილოიან ლიანდაგებს. ძალიან ვიღლებოდით. ერთხელ, როცა სახლში ქანცგაწყვეტილები ვბრუნდებოდით, პატიმრებით სავსე მატარებელი გაჩერდა ახლოს. ერთმა კაცმა ფანჯრიდან გადმოგვხედა და გვკითხა: „გოგოებო, თქვენ შორის რომელიმე იეჰოვას მოწმე ხომ არ არის?“ დაღლილობა სადღაც გაქრა. „ხუთივენი დები ვართ!“ — შევყვირეთ ჩვენ. ისინი ჩვენი ძვირფასი და-ძმები აღმოჩნდნენ, რომლებიც უკრაინიდან გადმოასახლეს. სანამ მატარებელი დაიძვრებოდა, ისინი აღელვებულები გვიყვებოდნენ, რა გადახდათ და როგორ აღმოჩნდნენ გადასახლებაში. შემდეგ ბავშვებმა ძმების დაწერილი ლექსები წაგვიკითხეს. არც ერთი ჯარისკაცი არ გვიშლიდა ხელს, ამიტომ ვტკბებოდით და-ძმებთან ურთიერთობით და ერთმანეთს ვამხნევებდით.
უსოლიე-სიბირსკოედან ქალაქ ანგარსკთან ახლოს მდებარე დიდ კოლონიაში გადაგვიყვანეს. იქ 22 და იხდიდა სასჯელს. მათ ყველაფერზე იზრუნეს, მათ შორის სამქადაგებლო უბნების დანაწილებაზე. ეს სულიერობის შენარჩუნებაში დაგვეხმარა.
-