-
აღაშენე სხვები შენი საუბრით„დარჩით ღვთის სიყვარულში“
-
-
საუბარი, რომელიც აღაშენებს
15. როგორი საუბარი აღაშენებს?
15 როგორ შეგვიძლია მეტყველების უნარის გამოყენება ღვთის ნებისამებრ? გაიხსენე, რომ ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, ვილაპარაკოთ „მხოლოდ კარგი . . . აღსაშენებლად“ (ეფესოელები 4:29). იეჰოვას სიამოვნებს, როცა აღვაშენებთ, ვამხნევებთ და ვახალისებთ სხვებს ჩვენი საუბრით. ამისთვის დაფიქრება გვჭირდება. ბიბლიაში არც საუბრის ნიმუშია მოცემული და არც „ჯანსაღი სიტყვების“ სიაა ჩამოწერილი (ტიტე 2:8). საუბარი აღმშენებლური რომ იყოს, სამი უბრალო, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინება გვმართებს; ის ჯანსაღი, სწორი და კეთილისმყოფელი უნდა იყოს. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მოდი, განვიხილოთ გამამხნევებელი საუბრის რამდენიმე მაგალითი (იხილეთ ჩარჩო „გამამხნევებელია ჩემი საუბარი?“).
16, 17. ა) რატომ უნდა შევაქოთ სხვები? ბ) რა შესაძლებლობები გვეძლევა კრებასა და ოჯახში სხვების შესაქებად?
16 გულწრფელი შექება. იეჰოვას და იესოს კარგად ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია შექება და მოწონების გამოხატვა (მათე 3:17; 25:19—23; იოანე 1:47). ძალიან კარგია, თუ ჩვენც გულწრფელად ვაქებთ სხვებს. იგავების 15:23-ში ვკითხულობთ: „რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!“. ჰკითხე საკუთარ თავს: „როგორ მოქმედებს ჩემზე გულწრფელი შექება? მახალისებს და მამხნევებს?“. მართლაც, გულწრფელი შექება გაგრძნობინებს, რომ სხვები გამჩნევენ, ზრუნავენ შენზე და რწმუნდები, რომ ტყუილად არ გიშრომია. შედეგად, უფრო დაჯერებული ხდები და სურვილი გიჩნდება, მომავალში მეტი გულმოდგინება გამოიჩინო. თუ გსიამოვნებს და აფასებ, რომ გაქებენ, კარგი იქნებოდა, შენც შეგექო სხვები (წაიკითხეთ მათეს 7:12).
17 ეცადე, კარგი დაინახო სხვებში და შემდეგ შეაქო ისინი. მაგალითად, კრებაში ხედავ, რომ ძმა კარგად კითხულობს მოხსენებას, ახალგაზრდა სულიერი მიზნებისკენ ისწრაფვის, ხანდაზმული ქრისტიანი კი, მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობებისა, ყოველთვის ესწრება კრების შეხვედრებს. გულწრფელ შექებას შეუძლია ისინი გაამხნეოს და სულიერად გააძლიეროს. ოჯახში ცოლ-ქმარი გულწრფელად უნდა აქებდეს ერთმანეთს და მადლიერებას გამოხატავდეს (იგავები 31:10, 28). განსაკუთრებით ბავშვები ხარობენ, როცა მათ ძალისხმევას ამჩნევენ და აფასებენ. ბავშვებს ისევე სჭირდებათ შექება და სითბო, როგორც ყვავილს მზე და წყალი. მშობლებო, ხელიდან ნუ გაუშვებთ შესაძლებლობას, შეაქოთ შვილები კარგი თვისებებისა და საქციელისთვის! ასეთი შექება მათ გამბედაობას შემატებს და აღძრავს, მთელი მონდომებით აკეთონ ის, რაც სწორია.
18, 19. რატომ არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა, რომ თანამორწმუნეები ვანუგეშოთ და გავამხნეოთ და როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?
18 ნუგეში და გამხნევება. იეჰოვა სათუთად ზრუნავს საწყალ და დაჩაგრულ ადამიანებზე (ესაია 57:15). მისი სიტყვა მოგვიწოდებს: „ანუგეშეთ დამწუხრებული სულები“ (1 თესალონიკელები 5:11, 14). შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი ამჩნევს და აფასებს ძალისხმევას, რომელსაც არ ვიშურებთ დამწუხრებული თანამორწმუნეების სანუგეშებლად და გასამხნევებლად.
იეჰოვას მოსწონს, როცა ჩვენი საუბრით სხვებს ვამხნევებთ
19 როგორ გაამხნევებდი გულგატეხილ და დეპრესიაში მყოფ თანამორწმუნეს? ნუ იფიქრებ, რომ მისი პრობლემა უნდა გადაჭრა. ხშირად უბრალო სიტყვებს დიდი ძალა აქვს. უთხარი დამწუხრებულ ადამიანს, რომ გულწრფელად ხარ დაინტერესებული მისი მდგომარეობით. ილოცე მასთან ერთად; სთხოვე იეჰოვას, დაანახვოს მას, რომ ღმერთსა და თანამორწმუნეებს ძალიან უყვართ (იაკობი 5:14, 15). დაარწმუნე ის, რომ კრების საჭირო და ძვირფასი წევრია (1 კორინთელები 12:12—26). წაუკითხე გამამხნევებელი ბიბლიური მუხლი, რათა დაინახოს, რომ იეჰოვა პირადად მასზე ზრუნავს (ფსალმუნი 34:18; მათე 10:29—31). საკმარისი დრო გამოყავი, რომ დამწუხრებული ადამიანი „კეთილი სიტყვით“ ანუგეშო; გულითადი საუბრით მას დაანახვებ, რომ უყვართ და აფასებენ (წაიკითხეთ იგავების 12:25).
20, 21. რა დაგვეხმარება, რომ ჩვენმა რჩევამ საუკეთესო შედეგები გამოიღოს?
20 რჩევა. არასრულყოფილ ადამიანებს დროდადრო რჩევა გვჭირდება. ბიბლია მოგვიწოდებს: „მოუსმინე რჩევას და მიიღე დარიგება, რათა საბოლოოდ დაბრძენდე“ (იგავები 19:20). რჩევის მიცემა მხოლოდ უხუცესების მოვალეობა არ არის. მშობლები შვილებს აძლევენ რჩევებს (ეფესოელები 6:4). მოწიფულ დებს შეუძლიათ დაარიგონ ახალგაზრდა ქრისტიანი ქალები (ტიტე 2:3—5). სიყვარული აღგვძრავს, ისე მივცეთ რჩევა, რომ არ დავთრგუნოთ სხვა ადამიანი. როგორ გავაკეთოთ ეს? განვიხილოთ სამი მხარე, რომლებიც დაგვეხმარება, რომ ჩვენმა რჩევამ საუკეთესო შედეგები გამოიღოს: მრჩეველის დამოკიდებულება და მოტივი, რჩევის საფუძველი და ტაქტიანობა.
21 შენმა რჩევამ რომ სასურველი შედეგი გამოიღოს, ჯერ საკუთარ თავს ჰკითხე: „მე რა გამიადვილებდა რჩევის მიღებას?“. რჩევის მიღება უფრო ადვილია, როდესაც ხედავ, რომ მრჩეველი გულწრფელად ზრუნავს შენზე, ჯიბრში არ გიდგას და ფარული მოტივები არ ამოძრავებს. ასე რომ, სხვებისთვის რჩევის მიცემისას შენც მსგავსი დამოკიდებულება უნდა გქონდეს. რჩევა, რომელიც საუკეთესო შედეგს გამოიღებს, ღვთის სიტყვიდან მომდინარეობს (2 ტიმოთე 3:16). შეიძლება სულაც არ მოვახდინოთ ბიბლიიდან ციტირება, თუმცა რჩევის მისაცემად აუცილებლად უნდა გვქონდეს ბიბლიური საფუძველი. ამიტომ უხუცესები ფრთხილობენ, სხვებს საკუთარი აზრი არ მოახვიონ ან საკუთარ შეხედულებებს ბიბლიური მუხლები არ მოარგონ. აგრეთვე, თუ რჩევის მიცემისას ტაქტიანობას გამოვავლენთ, ის უფრო სასურველ შედეგს გამოიღებს. რჩევა, რომელიც სიკეთით არის „შეზავებული“, უფრო ადვილად მისაღებია და ადამიანს ღირსების გრძნობას არ ულახავს (კოლოსელები 4:6).
22. როგორ გამოიყენებ მეტყველების უნარს?
22 მეტყველების უნარი მართლაც ძვირფასი საჩუქარია ღვთისგან! იეჰოვას სიყვარულმა უნდა აღგვძრას, სწორად გამოვიყენოთ ეს საჩუქარი. ყოველთვის გვახსოვდეს, რომ სიტყვებს დიდი ძალა აქვს; ისინი ამხნევებენ ან თრგუნავენ. ამიტომ შევეცადოთ ეს საჩუქარი ღვთის ნებისამებრ, სხვების აღსაშენებლად გამოვიყენოთ. თუ ასე მოვიქცევით, ჩვენი საუბარი გაამხნევებს და გამოაცოცხლებს გარშემომყოფთ და დაგვეხმარება, დავრჩეთ ღვთის სიყვარულში.
-