-
რამდენად უნიკალურია ადამიანი!არსებობს მზრუნველი შემოქმედი?
-
-
ურთიერთობის სწორუპოვარი უნარი
ჩვენს უნიკალურობაში თავისი წვლილი ტვინის სხვა ნაწილებსაც შეაქვთ. ჩვენი შუბლისწინა წილის ქერქის უკან სიგანეზე გადაჭიმულია ზოლი — ქერქის მამოძრავებელი ზონა. ის შეიცავს მილიარდობით ნეირონს, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს კუნთებთან. მასაც აქვს ისეთი თავისებურებები, რომლებიც ძალიან განგვასხვავებს ადამიანის მსგავსი მაიმუნებისა და სხვა ცხოველებისგან. ძირითადი ქერქის მამოძრავებელი ზონა გვაძლევს არაჩვეულებრივ უნარს, „1) ხელისა და თითების გამოყენებით შევასრულოთ უმაღლესად ოსტატური სამუშაოები, და 2) პირის, ტუჩების, ენისა და სახის კუნთების გამოყენებით ვილაპარაკოთ“ („სამედიცინო ფსიქოლოგიის სახელმძღვანელო“, ავტორი გაიტონი [Textbook of Medical Physiology]).
მოკლედ განვიხილოთ, როგორ მოქმედებს ქერქის მამოძრავებელი ზონა მეტყველებაზე. ნახევარზე მეტი ნაწილი მართავს სამეტყველო ორგანოებს. ეს გვეხმარება, ავხსნათ ადამიანების ურთიერთობის სწორუპოვარი უნარი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელები გარკვეულ როლს ასრულებს ურთიერთობაში — ჩვენ შეგვიძლია წერა, ჟესტიკულაცია ან ჟესტების ენაზე საუბარი — ჩვეულებრივ, ამაში მთავარ როლს პირი ასრულებს. ადამიანის მეტყველება — იქნება ეს ჩვილის პირველი სიტყვა თუ ხანდაზმულის ნათქვამი — უეჭველად, სასწაულია. ასამდე კუნთი ენაში, ტუჩებში, ყბაში, ხორხსა და გულმკერდში წარმოქმნის უთვალავ ბგერას. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ სხვაობას: ტვინის ერთ უჯრედს შეუძლია აკონტროლოს ათლეტის კანჭის კუნთის 2000 ბოჭკო, მაგრამ ტვინის უჯრედებს, რომლებიც ხორხის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ, მხოლოდ კუნთის ორი-სამი ბოჭკოს მუშაობის რეგულირება შეუძლიათ. ნუთუ ეს იმაზე არ მეტყველებს, რომ ჩვენი ტვინი სპეციალურადაა აღჭურვილი ურთიერთობისთვის?
ყოველი მოკლე ფრაზა, რომელსაც წარმოთქვამთ, მოითხოვს კუნთების განსაკუთრებულ მოძრაობას. ერთი და იგივე გამოთქმის მნიშვნელობა შეიძლება შეიცვალოს, რაც დამოკიდებულია წამის მონაკვეთში სხვადასხვა კუნთის მოძრაობის ინტენსიურობაზე. „საშუალო ტემპის დროს, — განმარტავს სპეციალისტი მეტყველების საკითხში დ-რი უილიამ ჰ. პერკინზი, — წამში 14 ბგერას წარმოვთქვამთ. ეს ორჯერ სწრაფად ხდება, ვიდრე ჩვენ კონტროლს ვუწევთ ენას, ტუჩებს, ყბასა თუ სამეტყველო აპარატის სხვა ნაწილებს, როცა მათ ცალ-ცალკე ვამოძრავებთ. მაგრამ მეტყველების დროს ისინი მუშაობენ დახელოვნებული მბეჭდავის ან პიანისტის თითების მსგავსად. მათი მოძრაობა ერთდროულად ხდება და წარმოქმნის დახვეწილ, შეთანხმებულ მოქმედებას“.
ინფორმაცია, რომელიც საჭიროა, რომ დავსვათ მარტივი კითხვა — „როგორა ხარ?“ — ინახება შუბლის წილის იმ ნაწილში, რომელსაც ბროკას ზონა ეწოდება, რაც, ზოგის აზრით, ადამიანის მეტყველების ცენტრია. ნობელის პრემიის ლაურეატი ნევროლოგი სერ ჯონ ეკლზი წერდა: „ადამიანის მსგავს მაიმუნებში არ იქნა ნაპოვნი ბროკას მეტყველების ზონის შესაბამისი ზონა“. თუნდაც რომ იპოვონ ცხოველებში მსგავსი ზონები, ფაქტია, რომ მეცნიერები ადამიანის მსგავს მაიმუნებს რამდენიმე მარტივი სამეტყველო ბგერის გარდა ვერაფერს ათქმევინებენ. თქვენ კი რთულ ენაზე მეტყველება შეგიძლიათ. ამისთვის თქვენ სიტყვებს აერთიანებთ თქვენი ენის გრამატიკის მიხედვით. ბროკას ცენტრი გეხმარებათ ლაპარაკსა და წერაში.
რასაკვირველია, ვერ გამოიყენებდით მეტყველების ამ სასწაულს, თუ არ გეცოდინებოდათ, სულ ცოტა, ერთი ენა და მისი სიტყვების მნიშვნელობა. ამისთვის კი საჭიროა ტვინის სხვა განსაკუთრებული ნაწილი, რომელიც ცნობილია როგორც ვერნიკეს ზონა. აქ მილიარდობით ნეირონი არჩევს ნათქვამი და დაწერილი სიტყვების მნიშვნელობას. ვერნიკეს ზონა გეხმარებათ ნათქვამიდან აზრის გამოტანასა და მოსმენილისა თუ წაკითხულის გაგებაში; მაშასადამე, თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ ინფორმაცია და შეგნებულად გამოეხმაუროთ მას.
მაგრამ გამართული მეტყველებისთვის უფრო მეტია საჭირო. მაგალითად, სიტყვა „გამარჯობა“ შეიძლება გადასცემდეს სხვადასხვა მნიშვნელობას. ხმის ტონი აჩვენებს, გიხარიათ თუ აღელვებული ხართ, მოწყენილი ხართ თუ გეჩქარებათ, გაღიზიანებული ხართ თუ დამწუხრებული ან შეშინებული — და მას შეუძლია ამ ემოციების სხვადასხვა ძალით გადაცემა. მეტყველების ემოციურ მხარეზე პასუხისმგებელია თქვენი ტვინის სხვა ზონა. ასე რომ, ურთიერთობის დროს ტვინის სხვადასხვა ნაწილი ერთვება მუშაობაში.
შიმპანზეებს ასწავლეს რამდენიმე ჟესტი, რომლებსაც ისინი მხოლოდ საკვებისა და სხვა ძირითადი საჭიროებების სათხოვნელად იყენებენ. დ-რმა დეივიდ პრემაკმა, რომელიც იმაზე მუშაობდა, რომ შიმპანზეებისთვის მარტივი ჟესტები ესწავლებინა, დაასკვნა: „ადამიანის ენა ევოლუციის თეორიას სიძნელეებს უქმნის, რადგანაც მისი შესაძლებლობების ახსნა შეუძლებელია“.
შეიძლება ვფიქრობთ: რატომ აქვთ ადამიანებს აზრებისა და გრძნობების გადაცემის, კითხვების დასმისა და პასუხების გაცემის საოცარი უნარი? „ენისა და ენათმეცნიერების ენციკლოპედია“ (The Encyclopedia of Language and Linguistics) ამბობს, რომ „[ადამიანის] მეტყველება განსაკუთრებულია“, და აღიარებს, რომ „წინამორბედის ძებნა ცხოველთა ურთიერთობაში არცთუ ისე დიდ დახმარებას იძლევა, რომ შევავსოთ უზარმაზარი უფსკრული, რომელიც ადამიანის ენასა და მეტყველებას ყოფს ცხოველური ქცევებისგან“. პროფესორმა ლუდვიგ კელერმა შემდეგნაირად შეაჯამა ეს სხვაობა: „ადამიანის მეტყველება საიდუმლოებაა: ღვთიური ნიჭი, სასწაული“.
რა დიდი სხვაობაა მაიმუნის მიერ ჟესტების გამოყენებასა და ბავშვების უნარს შორის, დაეუფლონ რთულ ენას! სერ ჯონ ეკლზმა იმაზე მიუთითა, რაც მრავალ ჩვენგანსაც შეუმჩნევია, — უნარზე, რომელსაც „თვით სამი წლის ბავშვიც კი ავლენს, როცა უამრავ კითხვას სვამს გარე სამყაროს შეცნობის სურვილით“. მან დასძინა: „მაიმუნები კი კითხვებს არ სვამენ“. დიახ, მხოლოდ ადამიანები სვამენ კითხვებს, მათ შორის კითხვებს სიცოცხლის აზრთან დაკავშირებით.
-
-
რამდენად უნიკალურია ადამიანი!არსებობს მზრუნველი შემოქმედი?
-
-
[ჩარჩო 59 გვერდზე]
ენა და ინტელექტი
რატომ აღემატება ადამიანი ცხოველებს ინტელექტით, მაგალითად ადამიანის მსგავს მაიმუნებს? ეს იმით აიხსნება, რომ ჩვენ ვიყენებთ სინტაქსს — ბგერების გაერთიანებით ვქმნით სიტყვებს, სიტყვების გაერთიანებით კი — წინადადებებს. ნეიროფიზიოლოგ-თეორეტიკოსი დ-რი უილიამ ჰ. კალვინი ხსნის:
«გარეული შიმპანზეები იყენებენ ოცდათექვსმეტამდე ბგერას, რომლებსაც ამავე რაოდენობის სხვადასხვა მნიშნველობა აქვს. ისინი იმეორებენ ბგერებს მათი მნიშვნელობის გაძლიერების მიზნით, მაგრამ არ აერთიანებენ სამ ბგერას, რომ თავიანთ „ლექსიკურ მარაგს“ ახალი სიტყვა შემატონ.
ჩვენც, ადამიანები, ვიყენებთ ოცდათექვსმეტამდე ბგერას, რომლებსაც ფონემები ეწოდება. მაგრამ მხოლოდ მათ კომბინაციას აქვს მნიშვნელობა: ჩვენ ვაერთიანებთ ერთმანეთთან აზრს მოკლებულ ბგერებს, რომ მივიღოთ აზრიანი სიტყვები». დ-რმა კალვინმა აღნიშნა, რომ „ჯერჯერობით ვერავინ ახსნა“ ის ნახტომი, რომელიც გაკეთდა ცხოველების მიერ გამოცემული „ერთი ბგერა — ერთი მნიშვნელობიდან“ ჩვენს უნიკალურ უნარამდე — გამოვიყენოთ სინტაქსი.
-