საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • კარგი დიქცია
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • გაკვეთილი 2

      კარგი დიქცია

      რა უნდა გააკეთო?

      სიტყვები წარმოთქვი მკაფიოდ, რომ ადვილი გასაგები იყოს მსმენელისთვის. საჭიროა: 1) სათანადოდ გამოიყენო სამეტყველო ორგანოები და 2) გესმოდეს სიტყვების სტრუქტურა.

      რატომ არის მნიშვნელოვანი?

      კარგი დიქცია თუ გექნება, მსმენელი შენს ნათქვამს ადვილად გაიგებს. გარკვევით წარმოთქმული სიტყვები, ჩვეულებრივ, უფრო სერიოზულად აღიქმება.

      აზრის სწორად გადასაცემად საჭიროა გარკვევით ლაპარაკი. შეიძლება ნამდვილად რაღაც საინტერესოსა და მნიშვნელოვანს ამბობდე, მაგრამ მსმენელმა სრულად ვერ აღიქვას ინფორმაცია მხოლოდ იმის გამო, რომ სიტყვებს მკაფიოდ არ წარმოთქვამ.

      მსმენელს მოქმედებისკენ ვერ აღძრავს სიტყვები, რომლებიც კარგად არ ესმის. თუნდაც ორატორს ძლიერი ხმა ჰქონდეს და ხმამაღლა ლაპარაკობდეს, მისი ნათქვამი ვერაფერს შემატებს სხვებს, თუ სიტყვებს გაურკვევლად წარმოთქვამს. მისი ლაპარაკი მსმენელისთვის გაუგებარ, უცხო ენაზე ლაპარაკს დაემსგავსება (იერ. 5:15). ბიბლია შეგვახსენებს: „თუ საყვირი გაურკვეველ ხმას გამოსცემს, ვინ გაემზადება საბრძოლველად? ასევე, თუ ენით ადვილად გასაგებ სიტყვებს არ გამოთქვამთ, როგორ გაიგებენ, რას ამბობთ? ჰაერზე ილაპარაკებთ“ (1 კორ. 14:8, 9).

      რა არის გაურკვეველი მეტყველების მიზეზი? სიტყვები შეიძლება გაურკვეველი იყოს, თუ ლაპარაკის დროს პირი საკმარისად არ იღება. დაძაბული სახის კუნთები და თითქმის მოკუმული ტუჩებიც ახშობს ბგერებს.

      ნათქვამის გაგება შეიძლება მეტისმეტად სწრაფი ლაპარაკის გამოც გართულდეს. ამ დროს სიტყვების აღქმა რთულია, ისევე როგორც აჩქარებული ჩანაწერის მოსმენისას, როდესაც ხმა კი გესმის, მაგრამ თითქმის ვერაფერს იგებ.

      ზოგჯერ ცუდი დიქციის მიზეზი სამეტყველო ორგანოების დეფექტია. მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი არის შესაძლებელი მეტყველების გარკვეულწილად გაუმჯობესება ამ გაკვეთილში შემოთავაზებული რჩევების გამოყენებით.

      უფრო ხშირად კი ლაპარაკს ძნელად გასაგებს ხდის სიტყვების ერთმანეთის მიყოლებით, პაუზების გარეშე წარმოთქმა. ასეთი ლაპარაკის დროს იყლაპება მარცვლები, ცალკეული ბგერები ან სიტყვის დაბოლოებები. სიტყვებს თუ ერთმანეთს მიაყრი, მსმენელი ზოგ აზრს ან ფრაზას კი გაიგებს, მაგრამ დანარჩენის მიხვედრა, ალბათ, თავად მოუწევს. აშკარაა, რომ ცუდი დიქცია ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია სწავლებისას.

      რა დაგვეხმარება გარკვევით ლაპარაკში? სიტყვების გარკვევით წარმოთქმისთვის მნიშვნელოვანია გესმოდეს სიტყვების სტრუქტურა. ენათა უმრავლესობაში სიტყვები მარცვლებისგან შედგება. მარცვალში ერთი ან რამდენიმე ბგერაა და ის ერთი ამოსუნთქვით წარმოითქმება. ამ ენებზე ლაპარაკის დროს, ჩვეულებრივ, თითოეული მარცვალი უნდა წარმოითქვას, თუმცა, შეიძლება, ყველა ერთნაირად მკაფიოდ არ ისმოდეს. თუ გსურს დიქციის გაუმჯობესება, ნელა ილაპარაკე და ეცადე, ყველა მარცვალი გამოკვეთო. თავიდან შეიძლება სიტყვების დანაწევრება გამოგივიდეს, მაგრამ თანდათანობით უფრო ბუნებრივად შეძლებ ლაპარაკს. ჩვეულებრივ, ლაპარაკის დროს, ალბათ, რამდენიმე სიტყვას გადაბმულად — მოკლე პაუზებით ან პაუზების გარეშე — წარმოთქვამ, მაგრამ ფრთხილად უნდა იყო, რომ ამის გამო სიტყვები გაუგებარი არ გახდეს.

      გაფრთხილება: დიქციის გასაუმჯობესებლად ვარჯიშის დროს შეგიძლია თითოეული მარცვლის გამოკვეთით ილაპარაკო და იკითხო, მაგრამ ფრთხილად იყავი, რომ ეს ჩვევად არ გექცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არაბუნებრივი მეტყველება ჩამოგიყალიბდება.

      თუ შენი ლაპარაკი ყრუდ ისმის, შეეცადე, თავი გაასწორო. როდესაც კითხულობ, ბიბლია ისეთ სიმაღლეზე გეჭიროს, რომ მსმენელისთვის შესახედად და ბიბლიაში ჩასახედად მხოლოდ ოდნავ გჭირდებოდეს ახედვა და დახედვა. ამგვარად სიტყვების წარმოთქმაც გაგიადვილდება.

      მეტყველებას ისიც გაგიუმჯობესებს, თუ დაძაბულობის მოხსნას ისწავლი. ცნობილია, რომ სახის კუნთებისა და სუნთქვის ფუნქციაში მონაწილე კუნთების დაჭიმვა უარყოფით გავლენას ახდენს მეტყველებაზე. დაძაბულობა ხელს უშლის სამეტყველო ორგანოების, სასუნთქი ორგანოებისა და გონების ჰარმონიულ ურთიერთკავშირს, რაც თავისთავადი და ბუნებრივი უნდა იყოს.

      ყბის კუნთები მოდუნებული უნდა იყოს იმისათვის, რომ დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება ტვინიდან მიღებულ იმპულსებზე. არც ტუჩები უნდა გქონდეს დაძაბული. პირის ღრუსა და ხახაში წარმოქმნილი ბგერები სათანადოდ რომ წარმოთქვა, ტუჩებს თავისუფლად უნდა ამოძრავებდე. თუ ყბები და ტუჩები დაძაბული გექნება, პირს ნორმალურად ვერ გააღებ და სიტყვებს კბილებში გამოსცრი, რაც ხმას დაგიხშობს და ნათქვამს გაუგებარს გახდის. მაგრამ ყბებისა და ტუჩების მოდუნება იმას არ ნიშნავს, რომ უსიცოცხლოდ ილაპარაკო. საჭიროა ზომიერება — ისე უნდა წარმოთქვა ბგერები, რომ მსმენელისთვის გასაგები იყოს.

      ხმამაღლა კითხვა დაგეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ როგორი დიქცია გაქვს. დააკვირდი, როგორ იყენებ სამეტყველო ორგანოებს. საკმარისად აღებ პირს, რომ ბგერები თავისუფლად წარმოთქვა? მართალია, ენა ყველა ორგანოზე აქტიურად მონაწილეობს მეტყველების პროცესში, მაგრამ გახსოვდეს, რომ ის ერთადერთი სამეტყველო ორგანო არ არის. კისერი, ქვედა ყბა, ტუჩები, სახის კუნთები და ხორხი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამოძრავებ ლაპარაკის დროს სახის კუნთებს? სახის კუნთები თუ გაშეშებული გაქვს, შენი მეტყველება, ალბათ, რთული გასაგები იქნება.

      თუ შესაძლებლობა გაქვს, ჩაიწერე შენი ხმა. ილაპარაკე ბუნებრივად, ისე როგორც ქადაგების დროს დაელაპარაკებოდი ვინმეს. რამდენიმე წუთი ილაპარაკე. ჩანაწერის მოსმენით უკეთ შენიშნავ, რის გაუმჯობესება გჭირდება ზოგიერთი სიტყვის წარმოსათქმელად. მაგალითად, დააკვირდი, პაუზების გარეშე ხომ არ წარმოთქვამ სიტყვებს, ხომ არ ლუღლუღებ ან ხომ არ ყლაპავ ბგერებს. შეეცადე, განსაზღვრო მიზეზიც. ხშირ შემთხვევაში, გაუმჯობესება შესაძლებელია ამ გაკვეთილში მოცემული რჩევების გამოყენებით.

      რა უნდა გააკეთო, თუ მეტყველების დეფექტი გაქვს? მიეჩვიე პირის უფრო ფართოდ გაღებას და შეეცადე, უფრო მკაფიოდ წარმოთქვა სიტყვები. ღრმად ისუნთქე და ნელა ილაპარაკე. ეს რჩევები ბევრს დაეხმარა მეტყველების გაუმჯობესებაში. თუ „ს“ ბგერის წარმოთქმა გიჭირს, ენა წინა კბილებს მოაშორე და ისე შეეცადე წარმოთქმას. გულს ნუ გაიტეხ, თუ სრულად ვერ დაძლევ პრობლემას. მოსეს, როგორც ჩანს, მეტყველების ნაკლი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, იეჰოვამ სწორედ ის ამოირჩია, როგორც თავისი ხალხისთვის, ისე ეგვიპტის ფარაონისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადასაცემად (გამ. 4:10—12). თუ მზად იქნები, იეჰოვა შენც მოგცემს დავალებებს და დაგეხმარება წარმატების მიღწევაში.

      როგორ უნდა გაიუმჯობესო დიქცია

      • როგორც ლაპარაკისას, ისე კითხვისას თითოეული სიტყვა გასაგებად წარმოთქვი — სათანადო ხმის სიმაღლითა და ზომიერი ტემპით.

      • ბგერებს ნუ გამოტოვებ და სიტყვებს პაუზების გარეშე ნუ წარმოთქვამ, რომ მსმენელს არ გაუჭირდეს ნათქვამის გაგება.

      • ლაპარაკისას თავი ასწიე და პირი საკმარისად გააღე.

      • შეეცადე, მოადუნო კისერი, ყბები, ტუჩები და ხორხისა და სახის კუნთები.

      სავარჯიშო: ჩვეულებრივად ილაპარაკე. საკმარისად აღებ პირს? საჭირო ხომ არ არის, უფრო მეტად გააღო და სახის კუნთებიც უკეთ ამოძრაო? ხმამაღლა წაიკითხე მათეს 8:23—27 და ივარჯიშე. ყურადღება მიაქციე, რომ თავი სწორად გეჭიროს და ყბების კუნთები არ გეძაბებოდეს.

  • სწორი წარმოთქმა
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • გაკვეთილი 3

      სწორი წარმოთქმა

      რა უნდა გააკეთო?

      თითოეული სიტყვა სწორად წარმოთქვი. ამისათვის საჭიროა სიტყვაში თითოეული ბგერის სწორად წარმოთქმა.

      რატომ არის მნიშვნელოვანი?

      უშეცდომოდ ლაპარაკი უფრო ავტორიტეტულს ხდის ცნობას, რომელსაც ვქადაგებთ და მსმენელს შესაძლებლობას აძლევს, ყურადღება გაამახვილოს არა ჩვენს შეცდომებზე, არამედ ინფორმაციაზე.

      ყველა ქრისტიანს არ მიუღია კარგი განათლება. ბიბლიაში თვით პეტრე და იოანე მოციქულებზეა ნათქვამი, რომ „უსწავლელი და უბრალო ადამიანები იყვნენ“. მათ არ ჰქონდათ მიღებული რაბინული განათლება (საქ. 4:13). და მაინც, საჭიროა, მოვერიდოთ სიტყვების არასწორად წარმოთქმას, რაც მსმენელს ხელს შეუშლის ბიბლიური ჭეშმარიტების მოსმენაში.

      რა უნდა მიიღო მხედველობაში. რაც შეეხება სიტყვების სწორად წარმოთქმას, ყველა ენაში სხვადასხვა წესია. ბევრ ენას ანბანური ანუ ასოებრივი დამწერლობა აქვს. ქართული ანბანის გარდა არსებობს სხვებიც, მაგალითად არაბული, ებრაული, კირილიცა, ლათინური. ჩინურ დამწერლობაში ანბანის ნაცვლად იყენებენ იეროგლიფებს, რომლებიც ზოგჯერ რამდენიმე გრაფიკული ნიშნისგან შედგება და ცნებას, მარცვალს ან ბგერას გამოხატავს. იაპონურ და კორეულ ენებშიც ჩინური იეროგლიფები გამოიყენება, მაგრამ ბევრი იეროგლიფი სრულიად სხვაგვარად იკითხება და სულ სხვა მნიშვნელობა აქვს.

      იმ ენებში, რომლებშიც ანბანური დამწერლობის სისტემაა, სიტყვის სწორად წარმოსათქმელად საჭიროა, თითოეული ასო ან ასოთა შეთანხმება სათანადოდ წაიკითხო. ეს რთული არაა, როდესაც ენაში მყარი წესები არსებობს, მაგალითად, როგორც ქართულში, ბერძნულში, ესპანურში, ზულუში და სხვა ენებში. ზოგ ენაში კი სიტყვა სწორად რომ წარმოთქვა, ყურადღება უნდა მიაქციო ასოთა შეთანხმებებს, მახვილებსა და დიაკრიტიკულ ნიშნებს.

      წარმოთქმისას უნდა გაითვალისწინო, რომ არსებობს რამდენიმე საშიშროება. სიტყვების მეტისმეტად მკვეთრად წარმოთქმა ლაპარაკს არაბუნებრივს გახდის და შეიძლება ისეთი შთაბეჭდილებაც კი შეიქმნას, რომ მედიდურად ლაპარაკობ. იგივე შთაბეჭდილება შეიქმნება, თუ ისე ილაპარაკებ, როგორც დღეს აღარავინ ლაპარაკობს. ამ შემთხვევებში მხოლოდ საკუთარ თავზე მიიქცევ ყურადღებას. კარგი იქნება, მოერიდო მეორე უკიდურესობასაც — დაუდევრად არ წარმოთქვა სიტყვები. ამის თაობაზე რამდენიმე საკითხი განხილული იყო წინა თავში, რომლის სათაურია „კარგი დიქცია“.

      სხვადასხვა ქვეყანაში და ერთი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეშიც კი, ერთი და იმავე ენაზე მოლაპარაკე ადამიანები შეიძლება სხვადასხვაგვარად წარმოთქვამდნენ სიტყვებს; უცხოელები ხშირად აქცენტით ლაპარაკობენ. ზოგ ენაზე გამოცემულ ლექსიკონებში შეიძლება მოცემული იყოს სიტყვის სწორად წარმოთქმის ერთზე მეტი ვარიანტი. ვისაც კარგი განათლება არ მიუღია ან ამჟამად უცხო ენაზე უწევს ლაპარაკი, შეუძლია ყურადღებით მოუსმინოს მათ, ვინც კარგად ლაპარაკობს და შემდეგ შეეცადოს, მსგავსად წარმოთქვას სიტყვები. ჩვენ, იეჰოვას მოწმეებს, გვსურს ისე ვილაპარაკოთ, რომ ღირსეულად გადავცეთ ხალხს სასიხარულო ცნობა და ადვილი გასაგები იყოს ჩვენი ნათქვამი.

      ყოველდღიურ საუბრებში უმჯობესია ადვილად გასაგები სიტყვების გამოყენება. ასეთ საუბრებში სიტყვების წარმოთქმა განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს. მაგრამ ხმამაღლა კითხვისას შეიძლება შეხვდე სიტყვებს, რომელთაც ყოველდღიურად არ იყენებ. იეჰოვას მოწმეებს კი ხშირად გვიწევს ხმამაღლა კითხვა. ქადაგების დროს ბიბლიურ მუხლებს ვკითხულობთ. ძმები კითხულობენ „საგუშაგო კოშკის“ შესწავლასა და წიგნის შესწავლაზე. მნიშვნელოვანია გამართული კითხვა, რომ მსმენელს ყურადღება არ გაეფანტოს სიტყვების არასწორი წარმოთქმის გამო.

      ხომ არ გიჭირს ბიბლიაში მოხსენიებული ზოგიერთი საკუთარი სახელის წარმოთქმა? რთულად წარმოსათქმელი სახელები ჯერ მარცვლებად დაყავი და სწორად წაიკითხე თითოეული მარცვალი. შემდეგ კი მთელი სახელის სწრაფად და უშეცდომოდ წაკითხვას შეეცადე.

      როგორ უნდა გაუმჯობესდე. ბევრი ვერ ხვდება, რომ სწორად ვერ წარმოთქვამს სიტყვებს. თუ სკოლის ზედამხედველი ყურადღებას გაგიმახვილებს სიტყვების წარმოთქმის რომელიმე მხარეზე, დააფასე მისი რჩევა. ვერ გაუმჯობესდები, თუ არ გეცოდინება, რა გაქვს გამოსასწორებელი. მაგრამ როგორ უნდა გაუმჯობესდე?

      წარმოთქმისას ნაკლებ შეცდომებს დაუშვებ, თუ კარგად გეცოდინება სიტყვების მნიშვნელობა. ამიტომ ლექსიკონში მოძებნე უცნობი სიტყვები. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ კითხვისას ვინმე მოგისმენს — ვინც კარგად წარმოთქვამს სიტყვებს — და შეგისწორებს შეცდომებს.

      კიდევ ერთი საშუალება კარგი მომხსენებლის მოსმენაა. თუ შენს ენაზე ხელმისაწვდომია, გამოიყენე „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ან „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის აუდიოკასეტები. ყურადღება მიაქციე სიტყვებს, რომლებსაც განსხვავებულად წარმოთქვამ. ჩაიწერე ეს სიტყვები და შემდეგ რამდენიმეჯერ წარმოთქვი. დროთა განმავლობაში სწორად წარმოთქვამ სიტყვებს და მეტყველება საგრძნობლად გაგიუმჯობესდება.

      როგორ უნდა გაიუმჯობესო წარმოთქმა

      • მიეჩვიე ლექსიკონების გამოყენებას.

      • სთხოვე ვინმეს, ვინც კარგად კითხულობს, კითხვის დროს მოგისმინოს და რჩევა მოგცეს.

      • ყურადღება მიაქციე, როგორ წარმოთქვამენ სიტყვებს კარგი მომხსენებლები და შეადარე შენი წარმოთქმა მათსას.

      სავარჯიშო: გადაიკითხე 83-ე ფსალმუნი ან ბიბლიის სხვა რომელიმე მონაკვეთი, რომელშიც შენთვის ძნელად წარმოსათქმელი ბევრი სიტყვაა. გამოიყენე ლექსიკონები ან მიმართე მას, ვინც კარგად ფლობს ენას. მონიშნე სიტყვები, რომელთა წარმოთქმაც გიჭირს. ყურადღება მიაქციე საკუთარ სახელებს. ხმამაღლა და სწორად წარმოთქვი თითოეული მათგანი და ნებისმიერი ძნელად წარმოსათქმელი თუ უცნობი სიტყვა. შემდეგ ხმამაღლა წაიკითხე მთელი მონაკვეთი.

      უნდა ვივარჯიშო ამ სიტყვების სწორად წარმოთქმაში

      ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

      ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

      ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

      ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

      ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

      ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

      ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

      ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

      ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

      ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

      ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება