-
იქაც მკვიდრობენ, მაგრამ ვინ?საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 დეკემბერი
-
-
იქაც მკვიდრობენ, მაგრამ ვინ?
ევროპაში ერთი ხანდაზმული ქალი კრიალოსნით ხელში ეკლესიაში შედის და მოწიწებით იყრის მუხლს მარიამის ქანდაკების წინაშე. აფრიკაში ცოლ-ქმარი ჯინს ღვრის პატივდებული ნათესავის საფლავზე. ამერიკაში მცხოვრები ახალგაზრდა კაცი იმედოვნებს, რომ მარხვითა და მედიტაციით თავის მფარველ ანგელოზთან დაამყარებს კავშირს. აზიაში მღვდელი ფერადი ქაღალდებისგან დამზადებულ ნივთებს წვავს გარდაცვლილთა სულების საამებლად.
რა აქვთ საერთო ამ ადამიანებს? ყველას სწამს, რომ სულიერ სამყაროში გონიერი ქმნილებები მკვიდრობენ, მათთან შესაძლებელია კონტაქტის დამყარება და ისინი ადამიანთა ცხოვრებაზე სერიოზულ გავლენას ახდენენ. ცხადია, ეს არც სიახლეა და არც გასაკვირი. გასაკვირი ისაა, რომ უამრავი ურთიერთგამომრიცხავი აზრი არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მკვიდრობს სულიერ სამყაროში.
მუსლიმანები ერთ ღმერთს — ალაჰსa ეთაყვანებიან. ქრისტიანულ სამყაროს სწამს, რომ ღმერთი სამებაა — მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა. ინდუსებს ათასზე მეტი ღმერთისა და ღვთაების სჯერათ. სხვების აზრით, სულები ზოგიერთ ცხოველში, ხეებში, ქვებსა და ნაკადულებში მკვიდრობენ. ბევრი მოქცეულია წიგნების, ფილმებისა და სატელევიზიო გადაცემების გავლენაში, რომლებიც მოგვითხრობენ ანგელოზების, დემონების, მოჩვენებების, ჭინკების, ღმერთებისა და ღვთაებების შესახებ.
როგორც ღმერთებსა და ღვთაებებზე არსებობს უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი, ისე არაერთი ურთიერთგამომრიცხავი აზრი არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება მათთან კავშირის დამყარება. ლოგიკურია, რომ ყველა მათგანი სწორი ვერ იქნება. მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: სანამ ვინმეს ტელეფონით დავუკავშირდებით, ვიცით, ვის ვურეკავთ და ისიც ვიცით, რომ ის ადამიანი ნამდვილად არსებობს და ჩვენს ზარს უპასუხებს. ალოგიკურია იმ ადამიანთან დაკავშირება, ვინც მხოლოდ ჩვენს წარმოსახვაში არსებობს. უფრო უარესი და საშიში კი მასთან დაკავშირებაა, ვინც თავს სხვა პიროვნებად ასაღებს.
სინამდვილეში, ვინ მკვიდრობს სულიერ სამყაროში? ბიბლია მარტო ამ კითხვას კი არ პასუხობს, არამედ გვიხსნის, ვისთან უნდა დავამყაროთ კავშირი და რას უნდა ველოდოთ მისგან. წაიკითხეთ შემდეგი სტატიები და გაოცებული დარჩებით ბიბლიის პასუხებით.
[სქოლიო]
a „ალაჰი“ ღვთის სახელი არ არის. ის უბრალოდ „ღმერთს“ ნიშნავს.
-
-
ხილვები სულიერ სამყოფელზესაგუშაგო კოშკი — 2010 | 1 დეკემბერი
-
-
ხილვები სულიერ სამყოფელზე
რამდენი ხანიც არ უნდა უცქიროთ ცას, მაინც ვერავის დაინახავთ. სმენადაც რომ იქცეთ, ვერავის ხმას ვერ გაიგებთ. და მაინც, დარწმუნებული იყავით, რომ სულიერი ქმნილებები არსებობენ. ისინი უაღრესად გონიერნი და ძლიერნი არიან, აქვთ თავიანთი სახელები და პიროვნული თვისებები. ზოგს ჩვენთვის კარგი სურს, ზოგს კი — ცუდი. თითოეული მათგანი ჩვენით არის დაინტერესებული.
თავად ჭეშმარიტი ღმერთი სულია (იოანე 4:24). ღმერთს აქვს გამორჩეული სახელი, იეჰოვა, რაც მას ცრუ ღმერთებისგან განასხვავებს (ფსალმუნი 83:18). ფსალმუნმომღერალი წერდა: „დიდებულია იეჰოვა და დიდად საქები; ყველა ღმერთზე მეტად შიშის მომგვრელია იგი. ხალხთა ღმერთები არაფრის მაქნისი ღმერთებია, იეჰოვამ კი ზეცა შექმნა. ღირსება და ბრწყინვალებაა მის წინაშე, ძალა და მშვენიერებაა მის საწმინდარში“ (ფსალმუნი 96:4—6).
ხილვები ჭეშმარიტ ღმერთზე
ბიბლიაში წერია: „ღმერთი არავის არასოდეს უხილავს“ (იოანე 1:18). როგორც დაბადებიდან ბრმა ვერ აღიქვამს ფერებს, ისე ღვთის გარეგნობა და სიდიადე რჩება ჩვენი აღქმის მიღმა. ამიტომ ღმერთი თავისი სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით ჩვენთვის უხილავ საგნებსა და მოვლენებს ჩვენთვის ხილული საგნებითა და მოვლენებით გვიხსნის, მაგალითად ისე, როგორც კარგი მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს რთულ საკითხებს ადვილი და გასაგები ენით. ძველ დროში იეჰოვა თავის ერთგულ მსახურებს ხილვებს აძლევდა. ეს ხილვები გვეხმარება, წარმოვიდგინოთ ზეციური სამყოფელი და გავიგოთ, რა კავშირი შეიძლება გვქონდეს მათთან, ვინც ზეცაში მკვიდრობს.
მაგალითად, წინასწარმეტყველ ეზეკიელის ერთ-ერთ ხილვაში იეჰოვას დიდება აღწერილია ისეთი შედარებებით, როგორიცაა ცეცხლი, სინათლე, საფირონის ქვა და ცისარტყელა. თავის ხილვაში მოციქულმა იოანემ ტახტზე მჯდომი იეჰოვა იხილა და თქვა, რომ ის „შესახედაობით იასპსა და ძვირფას წითელ ქვას ჰგავდა“ და დასძინა, რომ „ტახტის ირგვლივ ცისარტყელა იყო, რომელიც ზურმუხტს ჰგავდა“. ასეთი აღწერილობა წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, რომ იეჰოვას სამყოფელი იშვიათი, თვალისმომჭრელი სილამაზით გამოირჩევა, სადაც ნეტარება და სიმშვიდე სუფევს (გამოცხადება 4:2, 3; ეზეკიელი 1:26—28).
წინასწარმეტყველმა დანიელმაც ნახა ხილვა იეჰოვაზე, რომელშიც „ათი ათასობით ათი ათასი [ანგელოზი] იდგა მის [იეჰოვას] წინაშე“ (დანიელი 7:10). რა დიდებული სანახავი იქნებოდა ეს ყოველივე! ხილვაში ერთი ანგელოზის დანახვაც კი როგორი შთამბეჭდავი იქნებოდა და ახლა წარმოიდგინეთ, უთვალავი სრულყოფილი ანგელოზი!
ბიბლიაში ანგელოზები დაახლოებით 400-ჯერ არიან მოხსენიებულნი. მათ შორის არიან სხვადასხვა რანგის ანგელოზები — სერაფიმები და ქერუბიმები. ბერძნული და ებრაული ენებიდან ნათარგმნი სიტყვა „ანგელოზი“ ნიშნავს „მაცნეს“. აქედან გამომდინარე, ანგელოზებს შეუძლიათ ერთმანეთთან კომუნიკაცია. ძველ დროში ისინი ადამიანებსაც გადასცემდნენ ინფორმაციას. ანგელოზები არ არიან ერთ დროს დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები. იეჰოვამ ეს სულიერი ქმნილებები ადამიანზე ბევრად ადრე შექმნა (იობი 38:4—7).
დანიელის ხილვაში უთვალავი ანგელოზი უჩვეულო მოვლენის სანახავად იყო შეკრებილი. დანიელმა დაინახა „ვიღაც, კაცის ძის მსგავსი“, რომელიც მიუახლოვდა იეჰოვას ტახტს, რომ მიეღო „მმართველობა, დიდება და სამეფო, რათა ყველა — ხალხები, ერები და ენები — მას ემსახუროს“ (დანიელი 7:13, 14). „კაცის ძე“, რომელიც სულიერ სამყაროში მთავარი ფიგურაა, მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტეა. მას მთელ დედამიწაზე მმართველობის უფლება მიეცა. მალე მისი მმართველობა შეცვლის ყველა ადამიანთა მმართველობებს და ბოლოს მოუღებს ავადმყოფობას, მწუხარებას, ჩაგვრას, სიღარიბესა და თვით სიკვდილსაც კი (დანიელი 2:44).
უდავოა, რომ იესოს გამეფებამ უდიდესი სიხარული მოუტანა იმ უამრავ ერთგულ ანგელოზს, რომელთაც ჩვენთვის კარგი სურთ. სამწუხაროდ, ეს ამბავი ყველა სულიერ ქმნილებას არ გახარებია.
ღვთისა და ადამიანების მტრები
კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში განდიდების მანიით შეპყრობილმა ერთმა ანგელოზმა, იეჰოვას ზურგი აქცია და გახდა სატანა, რაც ნიშნავს „მოწინააღმდეგეს“. სატანა, ბოროტების უდიდესი განსახიერება, ოპოზიციაში უდგას იეჰოვას, რომელიც სიყვარულის განსახიერებაა. სატანას სხვა ანგელოზებიც შეუერთდნენ. ბიბლია მათ დემონებს უწოდებს. სატანის მსგავსად, დემონებიც ადამიანების სასტიკი მტრები გახდნენ. დედამიწაზე არსებული მრავალი უბედურება — უსამართლობა, დაავადებები, სიღარიბე და ომები — მათი გავლენის შედეგია.
ბევრ ქრისტიანულ ეკლესიაში დღეს ნაკლებად ლაპარაკობენ სატანაზე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიის წიგნ „იობში“ კარგად არის დანახვებული ამ მოჯანყე ანგელოზის ხასიათი და მოტივები. მასში ნათქვამია: „ერთ დღეს, როდესაც ჭეშმარიტი ღვთის შვილები იეჰოვას წინაშე წარდგნენ, სატანაც მივიდა და დადგა მათ შორის“. ღმერთთან საუბრისას სატანამ უტიფრად დასდო ბრალი იობს იმაში, რომ ის ღმერთს ანგარებით ემსახურებოდა. თავისი ბრალდების დასამტკიცებლად სატანამ იობს დიდი უბედურება დაატეხა — დაუხოცა საქონელი და ათივე შვილი მოუკლა. ამის შემდეგ იობს მთელ ტანზე წყლული შეჰყარა. სატანის ვერც ერთმა თავდასხმამ მიზანს ვერ მიაღწია (იობი 1:6—19; 2:7).
იეჰოვას აქვს საფუძვლიანი მიზეზები, რის გამოც სატანას ამდენ ხანს უთმენს, თუმცა ეს უსასრულოდ არ გაგრძელდება. ეშმაკი მალე განადგურდება. საამისოდ ღმერთმა უკვე გადადგა ნაბიჯები, რაც კარგად არის აღწერილი „გამოცხადების“ წიგნში. იქ ფარდა ეხდება სულიერ სფეროში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან მოვლენასაც, რასაც ვერასოდეს გავიგებდით, რომ არა იოანეს გამოცხადება. იქ ვკითხულობთ: „ატყდა ზეცაში ომი. მიქაელი [მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე] და მისი ანგელოზები ებრძოდნენ დრაკონს [სატანას]. იბრძოდნენ დრაკონი და მისი ანგელოზები, მაგრამ ვერ სძლია დრაკონმა და აღარც ადგილი აღმოჩნდა მათთვის ზეცაში. გადმოგდებულ იქნა დიდი დრაკონი, ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია და რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო, გადმოგდებულ იქნა დედამიწაზე და მისი ანგელოზებიც მასთან ერთად იქნენ გადმოყრილნი“ (გამოცხადება 12:7—9).
დაუკვირდით, სატანაზე ნათქვამია, რომ მას „შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო“. ის რელიგიურ სიცრუეს ავრცელებს, რათა ადამიანები იეჰოვასა და მის სიტყვას დააშოროს. ერთ-ერთი მისი ტყუილი ის არის, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი სიცოცხლეს სულიერ სამყაროში განაგრძობს. ამ შეხედულების უამრავი ვერსია არსებობს. მაგალითად, აფრიკასა და აზიაში ბევრს სწამს, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი განაგრძობს სულიერ სამყაროში ცხოვრებას, სადაც მათი წინაპრები მკვიდრობენ. სწავლება განსაწმენდელისა და ჯოჯოხეთის შესახებ ასევე ეფუძნება იმ იდეას, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე გრძელდება.
განაგრძობს ადამიანი სიცოცხლეს ზეცაში?
მაგრამ რას ვიტყვით მილიონობით ადამიანზე, რომლებსაც სწამთ, რომ ყველა კარგი ადამიანი ზეცაში მიდის? ზოგი კარგი ადამიანი მართლა მიდის ზეცაში, მაგრამ მილიარდობით გარდაცვლილთან შედარებით მათი რიცხვი გაცილებით მცირეა. ბიბლია გვიმჟღავნებს, რომ „დედამიწიდან ნაყიდი“ 144 000 ადამიანი „მღვდლებად“ და „დედამიწის მმართველებად“ იმსახურებს (გამოცხადება 5:9, 10; 14:1, 3). კაცის ძესთან, იესო ქრისტესთან ერთად ისინი შეადგენენ ღვთის ზეციერი სამეფოს ხელისუფლებას. ეს ხელისუფლება ბოლოს მოუღებს სატანასა და მის დემონებს, დედამიწას კი სამოთხედ გადააქცევს. გარდაცვლილთა უმეტესობა აღდგება და მარადიულად იცხოვრებს სამოთხეში დედამიწაზე (ლუკა 23:43).
მოკლედ რომ ვთქვათ, სულიერი სამყარო უამრავი ქმნილების სამკვიდროა. ყველაზე აღმატებული სულიერ სამყაროში ყოველივეს შემოქმედი იეჰოვა ღმერთია. მას იქ ერთგულად ემსახურება ურიცხვი ანგელოზი. არიან სხვა ანგელოზებიც, რომლებმაც იეჰოვას ზურგი აქციეს და სატანას გაჰყვნენ. მათ შეცდომაში შეჰყავთ ადამიანები. გარდა ამისა, დედამიწიდან „ნაყიდ“ ანუ არჩეულ განსაზღვრული რაოდენობის ადამიანებს ზეცაში განსაკუთრებული დავალება აქვთ მიცემული. ახლა განვიხილოთ, თუ ვისთან და როგორ შეგვიძლია სულიერ სამყაროში კავშირის დამყარება.
-
-
ვისთან უნდა დავამყაროთ კავშირი სულიერ სამყაროში?საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 დეკემბერი
-
-
ვისთან უნდა დავამყაროთ კავშირი სულიერ სამყაროში?
ყოვლისშემძლე ღმერთმა სულიერ ქმნილებებს გარკვეული პასუხისმგებლობები მიანდო. მაგალითად, მან იესო ქრისტე დედამიწაზე მმართველობის უფლებით აღჭურვა და ერთგულ ანგელოზებს სასიხარულო ცნობის გაცხადების ხელმძღვანელობა დააკისრა (გამოცხადება 14:6). მაგრამ ლოცვების მოსმენა არავისთვის დაუვალებია. ლოცვებს მხოლოდ ღმერთი ისმენს.
იეჰოვა „ლოცვების მომსმენი“ ღმერთია (ფსალმუნი 65:2). ის ისმენს და პასუხობს ჩვენს ლოცვებს. ლოცვასთან დაკავშირებით მოციქულმა იოანემ თავის თანამსახურებს მისწერა: „რაც უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის [ღმერთი] გვისმენს. უფრო მეტიც, თუ ვიცით, რომ რასაც უნდა ვთხოვდეთ, ის გვისმენს, ისიც ვიცით, რომ რაც ვითხოვეთ, გვექნება, რადგან ვთხოვეთ მას“ (1 იოანე 5:14, 15).
ღვთის ერთგულ ანგელოზებს არ სურთ, რომ მათთან დავამყაროთ კავშირი ან ლოცვით მივმართოთ. მათ ესმით, რომ ლოცვებს მხოლოდ იეჰოვა ისმენს და ისიც კარგად იციან, რომ იეჰოვა ლოცვებს ზოგჯერ მათი მეშვეობით პასუხობს. როგორ? მაგალითად, როცა ისრაელის განადგურებით შეწუხებული წინასწარმეტყველი დანიელი იეჰოვას ლოცვით მიმართავდა, ღმერთმა მის ლოცვას იმით უპასუხა, რომ ანგელოზი გაბრიელი გაუგზავნა საიმედო ცნობით (დანიელი 9:3, 20—22).
გვიკავშირდებიან მიცვალებულები?
უნდა დავამყაროთ მიცვალებულებთან კავშირი? ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანებს ვითომდა გარდაცვლილის სულთან დაუმყარებია კავშირი. მაგალითად, ირლანდიაში მცხოვრებ ერთ ქალს დაუკავშირდა მედიუმი, რომელმაც უთხრა, რომ წინა ღამით მის ქმარს, ფრედს, ელაპარაკა. ფრედი რამდენიმე კვირის მკვდარი იყო. მედიუმმა ირლანდიელ ქალს ის მოუყვა, რაც მხოლოდ მან და ფრედმა იცოდნენ. რა ადვილი იქნებოდა ქალისთვის იმის დაჯერება, რომ ფრედი ცოცხალი იყო სულთა სამყაროში და მედიუმის მეშვეობით ცდილობდა მასთან დაკავშირებას. მაგრამ ასეთი შეხედულება აშკარად ეწინააღმდეგება იმას, რასაც ბიბლია გარკვევით ამბობს მკვდრების მდგომარეობაზე (იხილეთ ქვემოთ მოცემული ჩარჩო).
მაშ, რით აიხსნება მსგავსი შემთხვევები? ერთ-ერთი იარაღი, რასაც დემონები ადამიანების მოსატყუებლად იყენებენ ის არის, რომ თავს მიცვალებულთა სულებად ასაღებენ. ასე იყო ფრედის შემთხვევაშიც. რა მიზნით აკეთებენ ამას დემონები? ადამიანებს ბიბლიური სწავლებებიდან რომ გადაახვევინონ და იეჰოვასადმი რწმენა და ნდობა შეუსუსტონ. უდავოდ, სატანასა და დემონებს შეცდომაში შეჰყავთ ადამიანები „ყოველგვარი სასწაულით, ცრუ ნიშნით, საკვირველებითა და ყოველგვარი უმართლო ცდუნებით მათთვის, ვინც დაღუპვას იღებს“ (2 თესალონიკელები 2:9, 10).
მართლაც, არსებობენ მედიუმები და ის ადამიანები, რომლებსაც სწამთ, რომ მედიუმებს ნამდვილად შეუძლიათ გარდაცვლილის სულთან დაკავშირება. სინამდვილეში, ისინი კავშირს მიცვალებულების სულებთან კი არ ამყარებენ, არამედ იმ სულებთან, რომლებიც იეჰოვას მტრობენ. მსგავსად ამისა, ბევრს ჰგონია, რომ ღმერთს სცემს თაყვანს, მაგრამ ასეთები ცდებიან. ღვთის შთაგონებით პავლე მოციქულმა სერიოზული გაფრთხილება დაწერა: „ყველაფერს, რასაც უცხოტომელები სწირავენ, დემონებს სწირავენ და არა ღმერთს“ (1 კორინთელები 10:20, 21).
როცა ვიცით, რომ შეგვიძლია ლოცვით მოსიყვარულე და მზრუნველ უზენაეს ღმერთს მივმართოთ, რატომღა უნდა აღვუვლინოთ ლოცვები სხვებს? ბიბლია გვარწმუნებს: „იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას, რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით არის მასთან“ (2 მატიანე 16:9).
[ჩანართი 9 გვერდზე]
როცა ვიცით, რომ შეგვიძლია ლოცვით მოსიყვარულე და მზრუნველ უზენაეს ღმერთს მივმართოთ, რატომღა უნდა აღვუვლინოთ ლოცვები სხვებს?
[ჩარჩო⁄სურათი 8, 9 გვერდებზე]
სიმართლე და სიცრუე
სიმართლე: სატანა რეალური პიროვნებაა
„თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს“ (2 კორინთელები 11:14).
„იფხიზლეთ და გეღვიძოთ! თქვენი მოწინააღმდეგე, ეშმაკი, დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს“ (1 პეტრე 5:8).
„შემცოდველი ეშმაკისგან არის, რადგან ეშმაკი დასაბამიდან სცოდავს“ (1 იოანე 3:8).
„დაემორჩილეთ ღმერთს, წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან“ (იაკობი 4:7).
„ის [ეშმაკი] თავიდანვე კაცისმკვლელი იყო და ჭეშმარიტებაში არ დადგა, რადგან არ არის მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისი ხასიათიდან გამომდინარე ამბობს, რადგან ცრუა და სიცრუის მამაა“ (იოანე 8:44).
სიცრუე: სიკვდილის შემდეგ ყველა ადამიანი ზეცაში აგრძელებს ცხოვრებას
„პიროფლიანი შეჭამ პურს, სანამ მიწას დაუბრუნდები, რადგან მისგან ხარ აღებული; მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი“ (დაბადება 3:19).
„ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5).
„ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებ, აკეთე მთელი შენი ძალით, რადგან არც საქმე, არც ჩანაფიქრი, არც ცოდნა და არც სიბრძნე არ არის სამარეში, სადაც მიდიხარ“ (ეკლესიასტე 9:10).
„ამოსდის სული, თვითონ კი უბრუნდება მიწას, იმ დღეს ქრება მისი ფიქრები“ (ფსალმუნი 146:4).
სიმართლე: ღვთის ერთგული ანგელოზები ზრუნავენ ჩვენზე
„იეჰოვას ანგელოზი დაბანაკებულია მის მოშიშთა გარშემო და იხსნის მათ“ (ფსალმუნები 34:7; 91:11).
„განა ყველანი [ანგელოზები] მომსახურე სულები არ არიან, იმათ მოსამსახურებლად გაგზავნილნი, ვინც ხსნა უნდა დაიმკვიდროს?“ (ებრაელები 1:14).
«ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ცაში დაფრინავდა და მარადიული სასიხარულო ცნობა ჰქონდა, რომ ეხარებინა დედამიწის მკვიდრთათვის, ყოველი ერისთვის, ტომისთვის, ენისა და ხალხისთვის. ის ხმამაღლა ამბობდა: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას“» (გამოცხადება 14:6, 7).
სიცრუე: იესო ღვთის თანასწორია
„მინდა იცოდეთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი კაცია, ქრისტეს თავი კი ღმერთია“ (1 კორინთელები 11:3).
„როცა ყოველივე მას დაემორჩილება, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება მას, რომელმაც ყველაფერი დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველასთვის“ (1 კორინთელები 15:28).
„ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ძე თავისით არაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რასაც ხედავს, რომ მამა აკეთებს“ (იოანე 5:19).
-