საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იესოს დემონებზე დიდი ძალაუფლება აქვს
    ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან
    • თავი 10

      იესოს დემონებზე დიდი ძალაუფლება აქვს

      გახსოვს, როგორ იქცა ღვთის ერთი ანგელოზი სატანა ეშმაკად? ~ ეს მოხდა მისი ეგოისტური სურვილის გამო, რომ მისთვის ეცათ თაყვანი. ამან ის ღვთის მოწინააღმდეგე გახადა. გაჰყვნენ სხვა ანგელოზებიც სატანას? ~ დიახ. ბიბლია მათ სატანის ანგელოზებს ანუ დემონებს უწოდებს (გამოცხადება 12:9).

      სწამთ ამ ცუდ ანგელოზებს ანუ დემონებს ღმერთი? ~ ‘დემონებს სწამთ, რომ ღმერთი არსებობს’, — ამბობს ბიბლია (იაკობი 2:19). დღეს მათ ეშინიათ ღმერთის, რადგან იციან, რომ თავიანთი ცუდი საქმეების გამო დაისჯებიან. მაინც, რა ჩაიდინეს ასეთი? ~

      ბიბლია ამბობს, რომ ამ ანგელოზებმა დატოვეს თავიანთი საცხოვრებელი ზეცაში და დედამიწაზე ჩამოვიდნენ, რათა ადამიანებივით ეცხოვრათ. ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ დედამიწაზე ლამაზი ქალები მოეწონათ და უნდოდათ, მათთან სქესობრივი კავშირი ჰქონოდათ (დაბადება 6:1, 2; იუდა 6). იცი, რა არის სქესობრივი კავშირი? ~

      სქესობრივი კავშირი კაცსა და ქალს შორის განსაკუთრებული სიახლოვეა, რის შემდეგაც ქალს შეიძლება ბავშვი გაუჩნდეს. მაგრამ ანგელოზებისთვის არ შეიძლება სქესობრივი კავშირი. ღმერთს უნდა, რომ ასეთი კავშირი მხოლოდ ცოლ-ქმარს შორის იყოს, რადგან ბავშვი თუ დაიბადება, მასზე ორივე მშობელმა იზრუნოს.

      ცუდი ანგელოზები ლამაზ ქალებს უყურებენ ზეციდან

      რა ჩაიდინეს ცუდი ამ ანგელოზებმა?

      როცა ანგელოზებმა ხორცი შეისხეს, დედამიწაზე ჩამოვიდნენ და ქალებთან სქესობრივი კავშირი დაამყარეს. მათ ეყოლათ შვილები, რომლებიც გოლიათები იზრდებოდნენ. ისინი ძალიან ბოროტები იყვნენ და ადამიანებს ცუდად ექცეოდნენ. ამიტომ, ღმერთმა წარღვნა მოავლინა, რომ გოლიათები და ბოროტი ადამიანები მოესპო. მან ნოეს დაავალა კიდობნის ანუ დიდი გემის აშენება, რათა ისინი გადაერჩინა, რომლებიც სწორად იქცეოდნენ. დიდებულმა მასწავლებელმა თქვა, რომ ის, რაც წარღვნის დროს მოხდა, ჩვენთვისაც საყურადღებოა (დაბადება 6:3, 4, 13, 14; ლუკა 17:26, 27).

      იცი, რა გააკეთეს ბოროტმა ანგელოზებმა წარღვნის დროს? ~ მათ დატოვეს ადამიანური სხეულები და ზეცაში დაბრუნდნენ. თუმცა ისინი ვეღარ იქნებოდნენ ღვთის ანგელოზები, რადგან სატანის ანგელოზები ანუ დემონები გახდნენ. მათ გოლიათ შვილებს რაღა დაემართათ? ~ ისინი წარღვნის დროს დაიღუპნენ. ასევე განადგურდა ყველა ის ადამიანი, ვინც ღმერთს არ დაემორჩილა.

      ეშმაკი და მისი დემონები დედამიწაზე გადმოყარეს

      რატომ არის დედამიწაზე დღეს უფრო მეტი ბოროტება?

      ღმერთმა წარღვნის შემდეგ ნება აღარ დართო დემონებს, ადამიანებად ქცეულიყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათ ვერ ვხედავთ, დემონები კვლავაც ცდილობენ, ცუდი საქმეები ჩაგვადენინონ. ისინი ადამიანებს დღეს უფრო მეტად ურთულებენ ცხოვრებას, ვიდრე ოდესმე. ეს კი იმიტომ ხდება, რომ დემონები ზეციდან დედამიწაზე იქნენ გადმოყრილნი.

      იცი, ჩვენ რატომ ვერ ვხედავთ დემონებს? ~ იმიტომ, რომ სულიერი ქმნილებები არიან. ისინი ნამდვილად არსებობენ. ბიბლია ამბობს, რომ სატანა ‘მთელ მსოფლიოს აცდუნებს’ და ამაში დემონები ეხმარებიან (გამოცხადება 12:9, 12).

      შეუძლიათ ეშმაკსა და მის დემონებს ჩვენც გვაცდუნონ ანუ მოგვატყუონ? ~ დიახ, შეუძლიათ, ფრთხილად თუ არ ვიქნებით. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი უნდა გვეშინოდეს. დიდებულმა მასწავლებელმა თქვა: ეშმაკს „არანაირი ძალაუფლება არა აქვს ჩემზე“. თუ ახლოს ვიქნებით ღმერთთან, ის დაგვიცავს ეშმაკისა და დემონებისგან (იოანე 14:30).

      აუცილებელია, ვიცოდეთ, რომელი ცუდი საქმეები შეიძლება ჩაგვადენინონ დემონებმა. აბა დაფიქრდი, რა ჩაიდინეს ცუდი დემონებმა, როდესაც დედამიწაზე ჩამოვიდნენ? ~ წარღვნამდე მათ სქესობრივი კავშირი ჰქონდათ ქალებთან, რის გაკეთებაც ანგელოზებისთვის არ შეიძლება. დღეს დემონებს მოსწონთ, რომ ადამიანები ამ საკითხში ღმერთს არ ემორჩილებიან. აბა, თუ გახსოვს, ვის შორისაა დაშვებული სქესობრივი კავშირი? ~ დიახ, სწორია, მხოლოდ ცოლ-ქმარს შორის.

      დღეს ზოგიერთ ბიჭსა და გოგოს სქესობრივი კავშირი აქვთ ერთმანეთთან, რაც არ შეიძლება. ბიბლია მოიხსენიებს სასქესო ორგანოებს (მეორე რჯული 23:1) იეჰოვამ სხეულის ეს ნაწილები განსაკუთრებული მიზნით შექმნა — მხოლოდ ცოლ-ქმრისთვის. დემონებს ძალიან უხარიათ, როდესაც ადამიანები იმას აკეთებენ, რასაც იეჰოვა კრძალავს. მაგალითად, დემონებს უხარიათ, როდესაც ბიჭი და გოგო ერთმანეთის სასქესო ორგანოებს ეხებიან. ჩვენ ხომ არ გვინდა, რომ დემონები გავახაროთ? ~

      არის კიდევ რაღაცა, რაც დემონებს მოსწონთ, მაგრამ იეჰოვას სძულს. იცი, რა არის ეს? ~ ძალადობა (ფსალმუნები 10:5). ძალადობა ის არის, როცა ადამიანები ბოროტები არიან და სხვებისთვის ზიანი მოაქვთ. ხომ გახსოვს, ასე გოლიათები, დემონების შვილები, იქცეოდნენ.

      დემონებსაც სიამოვნებთ ადამიანების შეშინება. ხანდახან იმ ადამიანებად მოგვაჩვენებენ თავს, რომლებიც მკვდრები არიან. მათ მიცვალებულების ხმების მიმსგავსებაც შეუძლიათ. ასეთნაირად, ისინი ხალხს ატყუებენ, რომ თითქოს მკვდრები ცოცხლები არიან და მათ ცოცხლებთან საუბარი შეუძლიათ. დიახ, დემონები ბევრ ადამიანს არწმუნებენ, რომ მოჩვენებები არსებობენ.

      ამიტომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ სატანამ და მისმა დემონებმა ჩვენც არ მოგვატყუონ. ბიბლია გვაფრთხილებს, რომ ‘სატანა და მისი მსახურები კარგ ანგელოზებად გვაჩვენებენ თავს’ (2 კორინთელები 11:14, 15). სინამდვილეში, დემონები ცუდები არიან. მოდი ვნახოთ, როგორ ცდილობენ ისინი, თავიანთნაირები გაგვხადონ.

      საიდან იგებს ხალხი ძალადობისა და უზნეობის, სულებისა და მოჩვენებების არსებობის შესახებ? ~ განა ზოგი სატელევიზიო გადაცემიდან და ფილმიდან, კომპიუტერული და ვიდეო-თამაშებიდან, ინტერნეტიდან და კომიქსებიდან არ იგებს? როგორ ფიქრობ, ეს ყველაფერი ღმერთთან გვაახლოებს თუ ეშმაკთან და მის დემონებთან? ~

      ორი ბიჭი ტელევიზორში უყურებს ძალადობას. მოგვიანებით ისინი ჰბაძავენ მოძალადეებს

      რა შეიძლება მოხდეს, თუ ძალადობას ვუყურებთ?

      შენი აზრით, ვის უნდა, რომ ჩვენ ცუდ რამეებს ვუყუროთ და ვუსმინოთ? ~ დიახ, სატანასა და მის დემონებს. მაშ, რა უნდა გავაკეთოთ მე და შენ? ~ ის უნდა ვიკითხოთ, იმას უნდა ვუსმინოთ და ვუყუროთ, რაც კარგია და რაც დაგვეხმარება, რომ იეჰოვას ვემსახუროთ. შეგიძლია მითხრა, რომელი კარგი საქმეების გაკეთება შეგვიძლია? ~

      გოგონები წიგნს კითხულობენ

      რისი გაკეთებაა ჩვენთვის სასარგებლო?

      თუ იმას ვაკეთებთ, რაც კარგია, დემონები ვერაფერს გვავნებენ. იესო მათზე ძლიერია და დემონებს ეშინიათ მისი. ერთხელ დემონებმა იესოს დანახვისას წამოიძახეს: „ჩვენს მოსასპობად მოხვედი?“ (მარკოზი 1:24). განა არ გაგვიხარდება, როდესაც იესო გაანადგურებს სატანასა და მის დემონებს? ~ მანამდე კი, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იესო დაგვიცავს დემონებისგან, თუ მასთან და მის ზეციერ მამასთან ახლო ურთიერთობა გვექნება.

      მოდი წავიკითხოთ 1 პეტრეს 5:8, 9 და იაკობის 4:7, 8, საიდანაც გავიგებთ, რისი გაკეთება გვმართებს.

  • ღვთის ანგელოზები გვეხმარებიან
    ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან
    • თავი 11

      ღვთის ანგელოზები გვეხმარებიან

      ზოგიერთი ამბობს, რომ მხოლოდ ის სწამს, რასაც ხედავს. მაგრამ ეს არ არის სწორი. ბევრი რამ არსებობს, რაც საკუთარი თვალით არასდროს გვინახავს. შეგიძლია, გაიხსენო რომელიმე მათგანი? ~

      მაგალითად, ჰაერი. ვგრძნობთ მას? ~ აბა, ხელს შეუბერე. იგრძენი რამე? ~ დიახ, მაგრამ ჰაერი ვერ დაინახე, ხომ ასეა? ~

      ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმ სულიერი პიროვნებების შესახებ, რომლებსაც ვერ ვხედავთ. გავიგეთ, რომ ზოგიერთი მათგანი კარგია, ზოგი კი — ცუდი. აბა მითხარი, ვინ არიან ის კარგი სულიერი პიროვნებები, რომლებსაც ვერ ვხედავთ? ~ დიახ, იეჰოვა ღმერთი, იესო ქრისტე და კარგი ანგელოზები. ცუდი ანგელოზებიც არსებობენ? ~ ბიბლია ამბობს, რომ არსებობენ. აბა მომიყევი, რა იცი მათ შესახებ. ~

      ვიცით, რომ ანგელოზები — კარგებიც და ცუდებიც — ჩვენზე ძლიერები არიან. დიდებულმა მასწავლებელმა ბევრი იცოდა მათ შესახებ, რადგან თვითონაც ანგელოზი იყო, სანამ დედამიწაზე დაიბადებოდა. ის ზეცაში სხვა ანგელოზებთან ერთად ცხოვრობდა და მილიონობით ანგელოზს იცნობდა. როგორ ფიქრობ, აქვთ ანგელოზებს სახელები? ~

      ჩვენ გავიგეთ, რომ ღმერთმა ვარსკვლავებს სახელები დაარქვა. შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ყველა ანგელოზს თავისი სახელი აქვს. ისინი ლაპარაკობენ კიდეც ერთმანეთში, რადგან ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ანგელოზთა ენაც“ არსებობს (1 კორინთელები 13:1). შენი აზრით, რის შესახებ ლაპარაკობენ ანგელოზები? ლაპარაკობენ ისინი ჩვენ შესახებ? ~

      როგორც ვიცით, სატანის ანგელოზები ანუ დემონები ყველანაირად ცდილობენ, რომ იეჰოვასადმი მორჩილებაში ხელი შეგვიშალონ. ამიტომ, დემონები, ალბათ, იმის შესახებ ლაპარაკობენ, თუ როგორ მიაღწიონ ამ მიზანს. მათ უნდათ, ჩვენც მათნაირები გავხდეთ, რომ იეჰოვას აღარ მოვეწონოთ. ღვთის ერთგული ანგელოზები რაღაზე ლაპარაკობენ? ისინიც ჩვენზე ხომ არ საუბრობენ? ~ დიახ, მაგრამ დემონებისგან განსხვავებით, მათ უნდათ, რომ დაგვეხმარონ. მოდი გავიგოთ, როგორ დაეხმარა ღვთის ზოგი ანგელოზი იმ ადამიანებს, რომლებსაც უყვარდათ იეჰოვა და მას ემსახურებოდნენ.

      მაგალითად, ბაბილონში ცხოვრობდა ერთი კაცი, რომელსაც დანიელი ერქვა. იმ ქვეყანაში ბევრს არ უყვარდა იეჰოვა. კანონიც კი შემოიღეს, რომ დაესაჯათ ყველა, ვინც იეჰოვა ღმერთს ლოცვით მიმართავდა. მაგრამ დანიელს არ შეუწყვეტია იეჰოვასადმი ლოცვა. იცი, რა შეემთხვა მას? ~

      ცუდმა ადამიანებმა დანიელი ლომების ხაროში ჩააგდეს. დანიელი იქ სრულიად მარტო იყო მშიერ ლომებთან. მაგრამ იცი, რა მოხდა? ~ „ღმერთმა თავისი ანგელოზი მოავლინა და ლომებს პირები აუკრა“, — თქვა დანიელმა. ლომებმა მას არაფერი დაუშავეს! ანგელოზებს საკვირველი რამეების გაკეთება შეუძლიათ მათთვის, ვინც იეჰოვას ემსახურება (დანიელი 6:18—22).

      ანგელოზი დანიელს ლომებისგან იცავს

      რა გააკეთა ღმერთმა დანიელის გადასარჩენად?

      გახსოვს პეტრე? ის დიდებული მასწავლებლის, იესო ქრისტეს, მეგობარი იყო. ერთხელ პეტრე ციხეში იჯდა. ზოგს არ მოსწონდა, როცა ის ამბობდა, რომ იესო ღვთის ძე იყო. ამიტომ, ის ციხეში ჩასვეს. პეტრეს ჯარისკაცები დარაჯობდნენ, რომ ციხიდან არ გაქცეულიყო. შეეძლო ვინმეს პეტრეს გათავისუფლება? ~

      პეტრეს ორ გუშაგთან ერთად ეძინა და ხელებზე ბორკილები ედო. ბიბლიაში ვკითხულობთ: ‘უეცრად იეჰოვას ანგელოზი მოვიდა და საკანი განათდა. პეტრეს გვერდში წაჰკრა, გამოაღვიძა და უთხრა: ადექი ჩქარა!’

      პეტრე ორ ჯარისკაცს შორის. ის ანგელოზმა გააღვიძა; პეტრეს ბორკილები დასცვივდა ხელებიდან

      როგორ დაეხმარა ანგელოზი პეტრეს ციხიდან გათავისუფლებაში?

      პეტრეს ხელებიდან ბორკილები დასცვივდა. ანგელოზმა უთხრა: ‘ჩაიცვი, სანდლები შეიკარი და გამომყევი’. გუშაგებმა ვერ შეძლეს პეტრეს დაკავება, რადგან მას ანგელოზი ეხმარებოდა. შემდეგ ისინი რკინის ჭიშკარს მიადგნენ. აქაც საოცრება მოხდა. კარი თავისით გაიღო. ანგელოზმა პეტრე ციხიდან გაათავისუფლა, რათა ქადაგება გაეგრძელებინა (საქმეები 12:3—11).

      შეუძლიათ ღვთის ანგელოზებს, ჩვენც დაგვეხმარონ? ~ დიახ, შეუძლიათ. ნიშნავს ეს იმას, რომ არასდროს არაფერი დაგვიშავდება? ~ არა. თუ დაუფიქრებლად ვიქცევით, ანგელოზები არ დაგვეხმარებიან. თუმცა შეიძლება რამე მაშინაც შეგვემთხვას, როცა კარგად ვიქცევით. ანგელოზებს არ ევალებათ, რომ უბედური შემთხვევებისგან დაგვიცვან. სამაგიეროდ, ღმერთმა მათ განსაკუთრებული დავალება მისცა.

      ბიბლია მოგვითხრობს ანგელოზზე, რომელიც ყველა ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ადამიანს ეუბნება, რომ ღმერთს სცენ თაყვანი (გამოცხადება 14:6, 7). როგორ აკეთებს ანგელოზი ამას? ნუთუ ზეციდან ყვირის ყველას გასაგონად? ~ არა, ადამიანებს ღვთის შესახებ იესოს მიმდევრები ესაუბრებიან და ამაში მათ ანგელოზები ეხმარებიან. ანგელოზები ყურადღებას აქცევენ იმას, რომ ყველამ გაიგოს ღვთის შესახებ, ვისაც ეს ნამდვილად სურს. ჩვენც შეგვიძლია ვიქადაგოთ და ანგელოზები ჩვენც დაგვეხმარებიან.

      რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ისინი, ვისაც იეჰოვა არ უყვარს, ცუდად მოგვექცევიან ან ციხეში ჩაგვსვამენ? გვიხსნიან ამ დროს ანგელოზები? ~ ცხადია, მათ შეუძლიათ ჩვენი ხსნა, მაგრამ ამას ყოველთვის არ აკეთებენ.

      შტორმის დროს პავლე გემზე იმყოფება; მას ანგელოზი ეცხადება

      რას ეუბნება ანგელოზი პავლეს?

      პავლე, იესოს მიმდევარი, ერთხელ პატიმრობაში იმყოფებოდა. როცა ის გემით გადაჰყავდათ, ქარიშხალი ამოვარდა, მაგრამ მას ანგელოზები არ დახმარებიან. რატომ? იმიტომ, რომ ღვთის შესახებ სხვა ადამიანებსაც უნდა მოესმინათ. ანგელოზმა პავლეს უთხრა: „ნუ გეშინია, პავლე. შენ კეისრის წინაშე უნდა წარდგე“. დიახ, პავლე კეისართან — მსოფლიო მმართველთან — უნდა წასულიყო, რათა მისთვის ექადაგა. ანგელოზებმა ყოველთვის იცოდნენ, სად იყო პავლე და ეხმარებოდნენ. ისინი ჩვენც დაგვეხმარებიან, თუ ღმერთს მთელი გულით ვემსახურებით (საქმეები 27:23—25).

      ანგელოზებს აკისრიათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დავალება, რომელსაც მალე შეასრულებენ. ახლო მომავალში ღმერთი გაანადგურებს ბოროტ ადამიანებს. ყველა, ვინც თაყვანს არ სცემს ჭეშმარიტ ღმერთს, განადგურდება. ისინი, რომლებიც ამბობენ, არ გვჯერა ანგელოზების არსებობის, რადგან ვერ ვხედავთო მათ, მიხვდებიან, რომ ცდებოდნენ (2 თესალონიკელები 1:6—8).

      აქვს ამას ჩვენთვის რამე მნიშვნელობა? ~ თუ ღვთის ანგელოზების მხარეს ვიქნებით, ისინი დაგვეხმარებიან. როგორ გავიგოთ, ვართ თუ არა მათ მხარეს? ~ თუ იეჰოვას ვემსახურებით, ღვთის ანგელოზების მხარეს ვყოფილვართ. იეჰოვასადმი მსახურებაში კი ისიც შედის, რომ სხვებსაც ვუთხრათ, მას ემსახურონ.

      უფრო მეტი რომ გაიგო, როგორ მოქმედებენ ანგელოზები ადამიანების ცხოვრებაზე, წაიკითხე ფსალმუნების 33:8; მათეს 4:11; 18:10; ლუკას 22:43 და საქმეების 8:26—31.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება